მთავარი,სიახლეები

ხერსონთან გაუჩინარდა 20-წლიანი გამოცდილების ამერიკელი საზღვაო ქვეითი

18.06.2022
ხერსონთან გაუჩინარდა 20-წლიანი გამოცდილების ამერიკელი საზღვაო ქვეითი

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა, რომ უკრაინაში 3 ამერიკელი ჯარისკაცი გაუჩინარდა. მესამეა საზღვაო ქვეითების ვეტერანი, კაპიტანი გრეიდი კურპასი. კურპასი, სავარაუდოდ, ხერსონის მხარეში ასრულებდა სამხედრო დავალებას. ინფორმაციას გამოცდილი ამერიკელი ჯარისკაცის გაუჩინარებაზე „24-ე კანალი“ ავრცელებს.

კურპასის გაუჩინარება მედიას მისმა მეუღლემ დაუდასტურა. თავად სახელმწიფო დეპარტამენტი გაუჩინარებულების ვინაობას არ ასახელებს.

ნათესავებმა და მეგობრებმა კურპასისგან ახალი ამბები უკანასკნელად 23-24 აპრილს შეიტყვეს.

სამხედროს მეგობარი ჯორჯ ჰიტი აცხადებს, რომ კურპასი 20 წლის განმავლობაში მსახურობდა საზღვაო ქვეითებში. ის 2021 წლის ნოემბერში პენსიაზე გავიდა.

ვეტერანმა ჯარისკაცმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე გადაწყვიტა უკრაინელებს დახმარება – აღნიშნა, რომ მისი უნარები შეიძლება გამოსადეგი ყოფილიყო.

ამერიკელი უკრაინაში 7 მარტს ჩავიდა, 2 კვირის შემდეგ კი კიევში იმყოფებოდა. ჰიტის ცნობით, კურპასის და უცხოური ლეგიონის სხვა მებრძოლებს, ხერსონის რეგიონში სადამკვირვებლო პუნქტის აღჭურვა დაავალეს.

საზღვაო ქვეითის მეგობრის თქმით, კურპასიმ და კიდევ ერთმა ჯარისკაცმა სადამკვირვებლო პუნქტი იმის სანახავად დატოვეს, თუ საიდან ისროდნენ. ამერიკელის თქმით, ამ დროს მას ცეცხლი გაუხსნეს და კავშირი გაწყდა.

ჰიტს კი სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მისი მეგობარი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს, რადგან სამხედროს ცხედარი ნაპოვნი არ არის.

რა არის ცნობილი გრეიდ კურპასის შესახებ:

საზღვაო ქვეითებს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ შეუერთდა.

ოთხჯერ იყო უცხოეთის სამხედრო მისიებში, სამჯერ – ერაყში.

მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მამაცობისა და მიღწევებისთვის, მათ შორის Purple Heart

საზღვაო ქვეითებში ხელმძღვანელობდა ოცეულს.

პენსიაზე გასვლის შემდეგ განაცხადი შეიტანა სტენფორდში დოქტორანტურაზე, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა.

რა არის ცნობილი კიდევ ორ დაკარგული ამერიკელზე

კურპასის გაუჩინარებამდე მედია ავრცელებდა ინფორმაციას ალაბამელების – 39 წლის ალექსანდრ დრუკეს და 27 წლის ენდი ჰუინჰის გაუჩინარებაზე. ისინი ხარკოვის ჩრდილოეთით უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იბრძოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ტყვედ ჩავარდნენ. ფოტოც კი იყო, სადაც ორივე ამერიკელი რუსულ სამხედრო მანქანაში ისხდა, მაგრამ არ არსებობს ინფორმაცია, როდის არის ეს ფოტო გადაღებული.

__

ფოტო: 24 კანალი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: