დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო ხომალდებს აძლევს – უკრაინის ელჩი

გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს ინფორმაციით, ლონდონმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის ორი სამხედრო ხომალდის გადაცემის შესახებ.

ელჩის თქმით, ერთ-ერთ მათგანზე უკვე გადიან მომზადებას უკრაინელი სამხედროები.

„ისინი მართავენ ხომალდს, იარაღს. ასეთი ხომალდი რამდენიმე იქნება“, – ამბობს ვადიმ პრისტაიკო.

ელჩი დასძენს, რომ უკრაინას ახლა ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება.

„ორი – ეს საწყისი ციფრია, რომლითაც მუშაობას ვიწყებთ. ეს არის სამხედრო გემები, რომლებიც ახლა მისი უდიდებულესობის საზღვაო სამხედრო ფლოტის შეიარაღებაში შედის“.

ელჩის თქმით, ხომალდებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ: გადააკეთებენ, გაახლებენ და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო აღჭურვილობას დაამატებენ.

უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აგვისტოს დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, 18 რუსული სამხედრო ხომალდი და კატერია. 5 გემი და 1 წყალქვეშა ხომალდი საბრძოლო მზადყოფნაშია, ჯამში, მათზე „კალიბრის“ ტიპის 44 რაკეტაა. კიდევ 5 სადესანტო ხომალდი კი აკვატორიაში მორიგეობს.

დღესვე, 24 თებერვლის შემდეგ პირველად, ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული სავაჭრო გემი გავიდა.

მთავარი ფოტო: უკრაინის საზღვაო ძალები

ოლენოვკაში სამარხები წინასწარ მოამზადეს – სატელიტური ფოტოების ანალიზი

რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა და კოლონიის ტერიტორიაზე სამარხებიც გაამზადა – ასეთი ვარაუდი ოლენოვკის სატელიტური ფოტოების შესწავლის შემდეგ გაჩნდა.

OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც 27 ივლისის მდგომარეობას ასახავს, ჩანს ღია სამარხები კოლონიის ტერიტორიაზე. ალექსანდერი მიუთითებს, რომ 30 ივლისის ფოტოებში ეს სამარხები უკვე ამოვსებულია.

„ვფიქრობ, შესაძლებელია, ტყვეები აფეთქებამდე დახოცეს და აფეთქება მოგვიანებით ამის დასაფარად და უკრაინის დასადანაშაულებლად გამოიყენეს.

ეს სამარხები, შესაძლოა, იყოს კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სამხედრო დანაშაული, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მომზადდა“, – წერს ანალიტიკოსი.

ალექსანდერი აღნიშნავს, რომ ცხადია, კოლონიის ტერიტორიაზე სამარხები იარსებებს და არაა აუცილებელი, ეს დანაშაული იყოს, თუმცა ახალი სამარხების გაჩენის დრო და მომხდარის მასშტაბი მას ეჭვს უჩენს, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა არ არის.

ტვიტერზე სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა საგამოძიებო პროექტის Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმაც, რომლის მონაცემებითაც ნიადაგის ერთგვაროვნება იმ ადგილას, რომელზეც ოლივერ ალექსანდერიც მიუთითებს, 18-21 ივლისის პერიოდში დაირღვა.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

მთავარი ფოტო: ოლენოვკა, სატელიტის ფოტო. მონიშნულია შენობა, რომელზეც თავდასხმა მოხდა/ფოტო: twitter

3 დღე დასავლეთ საქართველოში მატარებელი არ იმოძრავებს

9, 10 და 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში არ იმოძრავებენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურში დაუდასტურეს. აქვე გვითხრეს, რომ ეს დაგეგმილი იყო, ამიტომაც ამ დღეებში სამგზავრო მატარებლებზე ბილეთები გაყიდული არ არის.

მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდება 12 აგვისტოდან.

„საქართველოში რკინიგზაში მიმდინარეობს მოდერნიზაციის პროექტი. ეს არის 249 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც გამტარუნარიანობის გაზრდას და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ამ პროექტის ფარგლებში კომპანია აშენებს ახალ გვირაბებს, კეთდება სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9,10 და 11 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში არ იმოძრავებენ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები,“ – გვითხრეს რკინიგზის პრესსამსახურში.

შავ ზღვაში რუსეთს 18 სამხედრო ხომალდი და 44 რაკეტა აქვს გამზადებული – სარდლობა

პირველი აგვისტოს დილის მდგომარეობით, შავ ზღვაში, ოკუპირებულ ყირიმთან ახლოს, 18 რუსული სამხედრო ხომალდი და კატერია. 5 გემი და 1 წყალქვეშა ხომალდი საბრძოლო მზადყოფნაშია, ჯამში, მათზე „კალიბრის“ ტიპის 44 რაკეტაა. კიდევ 5 სადესანტო ხომალდი კი აკვატორიაში მორიგეობს – ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს.

„სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმების საფრთხე კვლავაც მაღალია. ყურადღება მიაქციეთ საჰაერო განგაშის სიგნალებს. იმის გათვალისწინებით, როგორ ჭურვებსაც მტერი იყენებს, წესად აქციეთ და ბავშვებს ასწავლეთ, რომ არ შეეხონ და არ მოკიდონ ხელი უცხო, საეჭვო საგნებს, დარჩით შორს მათგან და გამოიძახეთ შესაბამისი სამსახური“, – აფრთხილებს სარდლობა მოსახლეობას.

უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ზღვაზე სიტუაციის გასაკონტროლებლად რუსეთი ავიაციასაც აქტუალურად იყენებს.

საზღვაო თავდაცვის საკითხი უკრაინისთვის და მთელი მსოფლიოსთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალურია – ოდესის პორტიდან, 24 თებერვლის შემდეგ, დღეს პირველად გავიდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი.

„რაზონი“, რომელიც სიერა-ლეონეს დროშით ცურავს, ოდესიდან ტრიპოლისკენ მიემართება.

შეთანხმება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ სტამბოლში 22 ივლისს შედგა. მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის გარდა ჩართული იყვნენ თურქეთი და გაერო. შეთანხმების თანახმად, უკრაინული პორტებიდან – „ოდესა“, „იუჟნი“ და „ჩერნომორსკი“ უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი განახლდება.

ოდესის პორტიდან სიმინდით დატვირთული გემი გავიდა – პირველად, ომის დაწყების შემდეგ

დღეს, პირველ აგვისტოს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის, 24 თებერვლის შემდეგ პირველად, ოდესის პორტი დატოვა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემმა.

RAZONI, სიერა ლეონეს დროშით მცურავი გემი ლიბანში, ტრიპოლის პორტისკენ მიცურავს. ბორტზე 26 000 ტონა უკრაინული სიმინდია.

ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.

გემი იმოძრავებს ე.წ. დერეფნით, რომლის უსაფრთხოების გარანტი გაერო და თურქეთი არიან.

ოდესის პორტში მარცვლეულით დატვირთული კიდევ 16 გემი ელოდება ქვეყნიდან გასვლას.

ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად, სტამბოლში 27 ივნისს გაიხსნა.

ცენტრის მეშვეობით იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები- უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება

უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ქობულეთსა და გონიოში, სასტუმროებში იყვნენ გაჩერებულნი, ღია ცის ქვეშ რჩებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ სასტუმროები დღეს, პირველ აგვისტოს, უნდა დატოვონ. სახელმწიფფო ლტოლვილებს 300 ლარს გადაუხდის.

ლტოლვილების თქმით, ამ თანხით საცხოვრებელი ბინების მოძიება ბათუმსა და ქობულეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ კი სხვა შემოსავალი არ აქვთ.

უკრაინელ ლტოლვილებთან იმყოფება პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გენო თებიძე. „ბათუმელებთან“ გენო თებიძე ამბობს, რომ „ლელო“ და პარტია „დროას“ წარმომადგენლები ცდილობენ მოელაპარაკონ სასტუმროს მეპატრონეებს, რომ იქნებ შესაძლებელი გახდეს ლტოლვილებისთვის გარკვეული დროის მიცემა, ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიება რომ შეძლონ.

„ჩვენ ვინც ბათუმში ვცხოვრობთ, კარგად ვიცით, რომ 300 ლარად ბინას ვერ იქირავებ ამ ქალაქში, შეიძლება 300 დოლარიც კი არ იყოს საკმარისი ბინის საქირავებლად დღეს.

სასტუმროს მეპატრონეებთან გვქონდა საუბარი, ისინი მზად არიან დატოვონ ლტოლვილები გარკვეული ხნით, თუ მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ახლაც დუმს.

ჩვენ ვთხოვთ ორივე მხარეს – სასტუმროებს და ხელისუფლებას, მოგვცენ გონივრული ვადა, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს საცხოვრებელი ადგილების მოძიებაში და უმტკივნეულოდ გადავიყვანოთ სხვაგან ეს ოჯახები.

ისედაც აღარ არის ბევრი ოჯახი დარჩენილი, 80 ოჯახზე იყო ადრე საუბარი და ახლა აქედან 30-მდე ოჯახია მხოლოდ. ზოგი გავიდა ქალაქიდან, ზოგმა თვითონ იპოვა ბინა და ამ მცირე ნაწილზეც არ ზრუნავს ხელისუფლება.

ჩვენ არ გვინდა, კერძო ბიზნესი დაზარალდეს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ იზრუნოს ლტოლვილებზე და საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც შევინარჩუნოთ სახე“, – ამბობს გენო თებიძე.

მისი თქმით, უკრაინელ ლტოლვილებზე დღემდე ძირითადად სამოქალაქო სექტორი ზრუნავდა, ასევე „ლელო“, „ენმ“ და „დროა“ ცდილობენ მათ მხარდაჭერას. თუმცა, როგორც თებიძე ამბობს, მათ არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ ამ ოჯახებისთვის ბინის დაქირავება შეძლონ.

„ჩვენ ვცდილობთ ლტოლვილების მხარდაჭერას, ახლაც გვაქვს რაღაც ფართობები გამოძებნილი სამტრედიაში, ზესტაფონში და შეგვიძლია დროებით ეს ოჯახები გადავიყვანოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ მაინც დასჭირდებათ ბინით უზრუნველყოფა.

უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან/„ბათუმელები“.

ეს ოჯახები ბათუმში აპირებენ ცხოვრებას, აქ მუშაობს ზოგიერთი ადამიანი კიდეც, ბავშვები აქ ჰყავთ სკოლებში შეყვანილი, ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათზე ხელისუფლებამაც“, – ამბობს გენო თებიძე.

ბათუმში უკრაინელი ლტოლვილები „თანამგზავრსა“ და „ინტურისტშიც“ იყვნენ განთავსებული, მათ სასტუმროების დატოვება ჯერ კიდევ მაისში მოუწიათ.

მთავრობის გადაწყვეტილების გამო უკრაინელმა ლტოლვილებმა აქციაც გამართეს აჭარის მთავრობასთან და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი შეხვდა.

სახელმწიფო მხარდაჭერას ძირითადად ის ოჯახები ითხოვენ, ვისაც ერთი ან რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და, შესაბამისად, ვერ მუშაობენ.

___

მთავარი ფოტო: გენო თებიძე

უკრაინელ ლტოლვილებს გონიოსა და ქობულეთის სასტუმროებიდან დღეს ასახლებენ

შურს ვიძიებთ ყველა დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის – ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობას ტელეგრამ არხზე განცხადებით გამოეხმაურა.

ვალერი ზალუჟნის თქმით, ოლენოვკაში მომხდარი თავდასხმა, სხვა ბევრ დანაშაულთან ერთად, ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა.

„რუსეთი – ტერორისტი სახელმწიფოა. რუსების სასტიკი დანაშაულები, რომლებსაც ისინი ჩვენი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ სჩადიან, მრისხანებას იწვევს. ჩვენ შურს ვიძიებთ თითოეული დაღუპული და დასახიჩრებული მებრძოლისთვის,“ – წერს ზალუჟნი.

გენერალი დასძენს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს იცავს, თუმცა მისი ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, „შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც“, რათა უკრაინის დამცველებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ.

„მტრებო, იცოდეთ, თქვენთვის მიწაზე ადგილი არ იქნება,“ – წერს ზალუჟნი.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

პირველი განცხადება რუსულმა მხარემ გაავრცელა და თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, კოლონიას უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ დაარტყეს და ამგვარად იმ ტყვეების გაჩუმება სცადეს, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსეთი ცდილობს დაფაროს უკრაინელი ტყვეების წამებისა და მკვლელობის კვალი, უკრაინა ომის კანონების დარღვევაში დაადანაშაულოს და ამით ხელი შეუშალოს დასავლური შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის დაზვერვამ კი დანაშაულზე პასუხისმგებლად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი მფლობელი ევგენი პრიგოჟინი დაასახელა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა, ეს ფაქტი კი მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას ამყარებს.

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა, შეიარაღებული ძალებმა, სამხედრო დაზვერვამ და უკრაინის რადამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და ტერაქტზე რეაგირება და კოლონიაში ინსპექციის გაგზავნა სთხოვეს.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, ვიზუალური მტკიცებულებები, რომლებიც კოლონიაში გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, „ჰაიმარსით“ მიყენებულ ზიანს არ შეესაბამება, რაც თავდასხმის შესახებ უკრაინული მხარის ვერსიას ამყარებს.

ISW-ის უახლესი რელიზის თანახმად კი, რუსეთი, შესაძლოა, ხელს უშლიდეს კოლონიაში მომხდარის საერთაშორისო გამოძიებას. როგორც ინსტიტუტის მკვლევრები აღნიშნავენ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალურად მიიწვია წითელი ჯვრისა და გაეროს წარმომადგენლები, თუმცა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, მათ კოლონიაში შესვლის ნებართვა ჯერაც არ მიუღიათ.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ არც კიევის მოთხოვნას უპასუხა, დაუბრუნოს უკრაინას დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრები.

ქართულისა და ოსური ენის გამოცდის შედეგები დღეს გამოქვეყნდება – გამოცდების ცენტრი

დღეს, პირველ აგვისტოს, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას იწყებს. აბიტურიენტებმა დღეს დილიდან უკვე მიიღეს შეტყობინებები თავიანთი შედეგების შესახებ.

დღეს ცნობილი იქნება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, ოსური ენის გამოცდების პირველადი შედეგები. საბოლოო შედეგები კი გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.

ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე, ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი.

„მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა“, – ამბობს ცენტრი.

„შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან [ჯეოსელი] საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).

„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ურმის გზაა“ – მძღოლი ხულოდან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის ბევრი მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და წლიდან წლამდე მდგომარეობა  უარესდება.

ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის ავტოსადგურში „ბათუმელები“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ათამდე მძღოლს ესაუბრა. ყველა მათგანი ამბობს, რომ აღნიშნული გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც გზაზე გადასაადგილებლად საჭიროზე გაცილებით მეტი საწვავი და დროა საჭირო. ხშირად ზიანდება ავტომანქანებიც.

თემურ ბოლქვაძე 37 წელია მძღოლია. ეს პროფესია მისი შემოსავლის წყაროა. იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხიდანაა. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ ეს „ურმის გზაა“.

  • ბატონო თემურ, თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია დღეს ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი?

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 21-ე საუკუნეში რომ ურმის გზა იქნება… ამას ყველა ხედავს, ყველამ იცის, მაგრამ არავინ ყურადღების მიმქცევი არ არის. გაჭირვებით ვმოძრაობთ. წარმოიდგინეთ, 30 კილომეტრის გავლისთვის რომ 3 საათი გჭირდება, იქ რა გზა და კვალი იქნება.

  • ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ყველაზე მეტად გზის რომელი მონაკვეთია დაზიანებული?

ხულოს სოფელ დიოკნისიდან გოდერძის უღელტეხილამდე. გუშინ თბილისში ვიყავი ბათუმი-ახალციხის გზით და 30 კილომეტრის მანძილზე არ მექნება 150 მეტრი მეორე სიჩქარით გავლილი. პირველი სიჩქარით გადავიარე მთელი 30 კილომეტრი.

ნორმალური გზა, 30 კილომეტრი 10-15 წუთის გასავლელია. სად სამი საათი და სად, ვთქვათ, ნახევარი საათი 30 კილომეტრის გასავლელად.

  • წლების წინ ბათუმი-ახალციხის გზა სრულად იყო მოასფალტებული, ახლა დიდ მონაკვეთზე ასფალტი საერთოდ არ არის ან ღრმა ორმოებია. მაღალი გამავლობის მანქანები ამ გზაზე ხშირად ეზიდებიან ტვირთს. თქვენი აზრით, ხომ არ არის ეს ტვირთი ნორმაზე მეტი და ხომ არ აზიანებენ ეს ავტომანქანები გზებს?

თუ დიდი წონის ავტომანქანებმა არ მიიტანეს [სამშენებლო მასალა], გზები ისე არ გაკეთდება. უნდა გაიაროს და შეიქმნას ამის საფუძველი. არის ქვეყნები, სადაც გზაც უვარგათ და კვალიც, როცა ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერს. ხალხს ეუბნებიან: 2 წელში იქნება, 4 წელში იქნება… წელს უნდა ყოფილიყო ხულოს ცენტრიდან სადღაც 12-15 კილომეტრის რადიუსში მოასფალტებული გზა, ახლა გადაიდო და არ არის.

ეს კომპანიები იწყებენ [გზის რეაბილიტაციას] –  გაკოტრდებიან და პასუხის მომთხოვნი არავინ არის, რატომ გაკოტრდა, სად წავიდა ეს თანხა, რა მოხდა. წავიდა ერთი კომპანია, მერე სანამ ტენდერი ჩატარდა, 5-6 თვე გავიდა… ამ დღეშია მთელი ქვეყანა, კორუფციის ზღვაა.

  • როგორ ფიქრობთ, როდის მოხერხდება ბათუმი-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია?

ვერ წარმომიდგენია. არც მგონია, რომ მოხერხდეს.

37 წელია, რაც ამ სისტემაში ვმუშაობ. ამბობენ, 2 წელში იქნება, 5 წელში იქნება… 37 წელი გავიდა ასე და დღეს კიდევ ამ მდგომარეობაშია გზა.

  • მგზავრობის ფასი გაიზარდა. ეს მხოლოდ საწვავს უკავშირდება, თუ დაზიანებული გზაც აძვირებს თქვენს ხარჯებს?

რა თქმა უნდა, უკავშირდება საწვავსაც და გზასაც.

ფასების გაზრდა აისახა კლიენტებზეც. ხალხში არ არის შემოსავალი. კაცი ხულოდან რომ ჩამოვიდეს ბათუმში და ავიდეს უკან, ხულოში, 30 ლარი სჭირდება, ეს მხოლოდ მგზავრობისთვის. იქ კიდევ რაღაც ხომ სჭირდება?! საიდან არის ეს შემოსავლის წყარო, არის სადმე? არ არის.

  • რამეს ხომ არ ეტყოდით მთავრობის წევრებს?

რა ვუთხრა. მათ ჩემზე კარგად ეუბნებიან, მაგრამ თუ არ შეისმინეს, თქმას აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ხალხმა დაკარგა ყველანაირი იმედი. ნებისმიერს ჰკითხეთ, ყველას დაკარგული აქვს ქვეყნის წინსვლის იმედი, იმიტომაა ამ დღეში ქვეყანა.

  • რამდენად უსაფრთხოა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა გადაადგილებისთვის, ხომ არ არის ავარიის საშიშროება გზაზე?

რა თქმა უნდა, არის ადგილ-ადგილ ისეთი გზები, რომ მისახედია.

  • გზის არსებული საფარი რამდენად აზიანებს ავტომობილს?

როცა გზა წესიერად გაკეთდება, ასე იოლად არ დაზიანდება ავტომანქანები. როცა სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იქ თუ ჩაყარე, ვთქვათ, ჭაობის მიწა და იმაზე ზემოდან გადააგე ასფალტი, ეს გაძლებს?! უნდა გამყარდეს ფუძე თავიდან, რომ შემდეგ შენარჩუნდეს და იყოს ნორმალურ მდგომარეობაში.

  • დაახლოებით, რამდენს ხარჯავთ თვის განმავლობაში ავტომანქანის რემონტისთვის?

საშინელებაა. იმისთანა ფასები აქვს ავტომანქანის ნაწილებს… როცა, ვთქვათ, გინდოდა 100 ლარი, ერთი რემონტისთვის, ახლა მიდის 300 ლარი. 5 და 10-ლარიანი ნაწილები აღარ არსებობს.

3 რეისი გავაკეთე, 200 კილომეტრია იქეთ-აქეთ ერთი რეისი. 2 რეისით საწვავის ხარჯი ვერ ამოვედი და ერთადერთი რეისი იყო, რომელზეც, ვთქვათ, 50 ლარი გაკეთდა.

ამ ქვეყნად იმედით ვცოცხლობთ, რომ ეგება იყოს, ეგება იყოს… მოვდივართ და მივდივართ.

ყველა მძღოლო ამ დღეშია.

  • ხომ არ გიწევთ საჭიროზე მეტი საწვავის ყიდვა გზის ამ მდგომარეობის გამო?

რა თქმა უნდა. აი, ამ წუთას, აგერ მაქვს ქვითარი და ნახავთ, 150 ლარით 32 ლიტრი საწვავიც არ მოვიდა, რომელიც მე მჭირდება ამ გზაზე და როცა ნორმალური გზა იქნება, ალბათ 30-40 ლარით ნაკლები ხარჯი გვექნება ყოველთვის.

  • როგორ აფასებენ გზის მდგომარეობას თქვენი ნაცნობი მძღოლები?

აი, ყველას ისეთი აზრი ექნება, როგორც ვილაპარაკე, 90 პროცენტს.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი.
ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი.

გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია

მაშინ, როცა საზღვაო სეზონისთვის მზადებას, შემდეგ კი სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, ბათუმის მერიას სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელი ზონა – გონიოსა და კვარიათის პლაჟები, ელექტრონულ აუქციონზე ივლისის ბოლოს გააქვს.

მცირე და მოზრდილი ზომის 99 ნაკვეთი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე 20 ივლისს გაიტანა, აუქციონების ნაწილი 28 ივლისს, ნაწილი კი 29 ივლისს დასრულდა. შედგა მხოლოდ ორი აუქციონი, სხვა შემთხვევაში კი ჩაიშალა.

რატომ გაიტანა მერიამ აუქციონზე პლაჟები საიჯარო წესით გასასხვისებლად შუა საკურორტო სეზონზე, ივლისის მეორე ნახევარში? – მერიაში განგვიმარტეს, რომ სამი კვირის წინაც ჰქონდათ აუქციონები გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.

გონიო-კვარიათის პლაჟებზე 86 ნაკვეთის სარგებლობაზე ბათუმის მერიამ აუქციონები გამოაცხადა

პირველ შემთხვევაში მხოლოდ 15 აუქციონი შედგა. შესაბამისად, მერიამ 15 საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

გონიო-კვარიათის სანაპიროზე ნაკვეთების საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად აუქციონებში ინტერესი არ დაფიქსირდა, თუმცა ასეთი ინფრასტრუქტურა: კაფეები, ბუნგალოები, შეზლონგები გონიოს სანაპიროზე უკვე განთავსებულია და აქტიურადაც მუშაობს. ზოგიერთ მათგანში კი, განსაკუთრებით საღამოს საათებში, შეიძლება ადგილიც ვერ იპოვოთ.

gonios plaji
გონიოს პლაჟი დღეს
გონიოს პლაჟი დღეს

საპლაჟო ინფრასტრუქტურა განთავსებულია მათ შორის იმ მონაკვეთებშიც, რომელთა გასხვისებასაც მერია შუა საკურორტო სეზონში გეგმავს. რას ნიშნავს ეს? – ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს:

თეორიულად, კონკურენტულ პირობებში შესაძლოა დაინტერესებულმა პირმა გაიმარჯვოს და საიჯარო წესით მიიღოს ნაკვეთი, რომელიც უკვე ათვისებული აქვს სხვას.

პრაქტიკულად კი, დიდი ალბათობაა, რომ აუქციონში გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკვეთი უკვე ათვისებული აქვს. ეს ვერსია გაცილებით უფრო ლოგიკურია, რადგან ივლისის ბოლოს, შუა სეზონზე, საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოკლე ვადით ათვისებას არავინ დაგეგმავს.

gonios plaji
გონიოს პლაჟი დღეს

სავარაუდოდ [ამაზე თავად არ საუბრობენ], მერიაში იმედოვნებდნენ, რომ აუქციონებში ის მეწარმეები მიიღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც გონიო-კვარიათის პლაჟები უკვე ათვისებული აქვთ.

აუქციონების დასრულების შემდეგ მათთან ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ და ეს ყველაფერი სამართლებრივად მოგვარდებოდა, თუმცა აუქციონები კვლავ არ შედგა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულებს მერია ხელშეკრულებებს 2022 წლის პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჰპირდებოდა.

ბოლო აუქციონების ჩაშლის შემდეგ, მერიას მხოლოდ 17 მოქმედი ხელშეკრულება ექნება მას შემდეგ, რაც კიდევ ორ გამარჯვებულთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

გასულ წელს როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს, გონიო-კვარიათის პლაჟები პირდაპირი განკარგვის წესით გადასცეს. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მიიჩნიეს, რომ პანდემიაში პლაჟებზე ნაკვეთების აუქციონების გარეშე გასხვისება მიზანშეწონილი იყო.

დღეს გონიოში დასაქმებულებმა გვთხოვეს, მერიაში გაგვერკვია რატომ არ არის ღამით პრომენადი განათებული.

რუსეთი დონბასში გეგმას ცვლის, რადგან აპრილის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერის უახლესი ცნობებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთი ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდა დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებაზე, თუმცა შედეგად მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია.

პირველი აგვისტოს რელიზში, უწყება უკრაინის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს თავისი ძალების ნაწილი ჩრდილოეთ დონბასის სექტორიდან სამხრეთ უკრაინაში გადაჰყავს.

„სავარაუდოდ, რუსეთი ცვლის დონბასზე შეტევის თავის თავდაპირველ ოპერაციულ გეგმას, რადგან აპრილის შემდეგ ამ გეგმით გადამწყვეტი გარდატეხის მოხდენა ვერ შეძლო,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ფრონტი დაუცველად მიიჩნია და მისი გაძლიერება გადაწყვიტა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყების ყურადღება მიპყრობილი იყო ბელარუსზე, საიდანაც 28 ივლისს რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 20 რაკეტა გაისროლა.

„ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავაც რუსეთის ხაზს მიჰყვება. მან ბოლოს 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ომის შესაჩერებლად რუსეთის პირობებს უნდა დათანხმდეს,“ – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმი მეტად ავტორიტარული ხდება და ის თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – პირველი აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 768 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 4 011 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 932 ერთეული [+16]
  • MLRS – 259 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 736 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 912 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 82 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 659 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 215 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 778 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 234 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 621 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინელი მილიონერი ცოლთან ერთად დაიღუპა მიკოლაივის დაბომბვის შედეგად

ეს იყო განზრახ მკვლელობა, ზუსტი დარტყმა მის სახლზე – პოდოლიაკი ვადატურსკის დაღუპვაზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტელეგრამზე წერს, რომ ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის, ალექსეი ვადატურსკის დაღუპვა მიკოლაევში დაბომბვისას იყო არა შემთხვევითი, არამედ გამიზნული მკვლელობა.

უკრაინელი ბიზნესმენი, კომპანია „ნიბულონის“ მფლობელი, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე, რაისა დღეს, 31 ივლისს, მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

„ჩემი აზრით, ვადატურსკის სიკვდილი იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ კარგად გააზრებული და ორგანიზებული განზრახ მკვლელობა.

ვადატურსკი იყო ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ქვეყანაში, საკვანძო პირი რეგიონში და მსხვილი დამსაქმებელი. რაკეტის ზუსტი დარტყმა არა მხოლოდ მის სახლზე, არამედ კონკრეტულ ფრთაზე – საძინებელში – ეჭვს არ ტოვებს – ვადატურსკი იყო კონკრეტული სამიზნე.

რუსი ბარბაროსები აგრძელებენ ტერორის კამპანიას, ცდილობენ დააშინონ და გატეხონ უკრაინული საზოგადოება.

კრემლის მანიაკების აზრით, მაღალი ინტენსივობის ტერორისტული თავდასხმების გახმაურებულმა კამპანიამ (ვიდეოზე ჩაწერილმა ჩვენი ტყვეების დაცინვამ და დასახიჩრებამ; სარაკეტო თავდასხმამ ვინიცის ოფიცერთა სახლზე; ყაზარმის შიდა აფეთქებამ ჩვენს ბიჭებთან ოლენივკაში და ცნობილ ადამიანზე დარტყმამ, რომელსაც მარცვლეულთან პირდაპირი კავშირი აქვს), უნდა აიძულოს უკრაინელები დაიჩოქონ, გააღონ კარი და ჩააბარონ სახელმწიფო.

ყოველი დანაშაული ტკივილს გვაყენებს, მაგრამ ჩვენ გადავიტანთ და ვხდებით უფრო ძლიერი.

ვუსამძიმრებ ვადატურსკის ოჯახს და ახლობლებს. ის იყო უკრაინის გმირი, სახელმწიფოს თავდადებული, თავისი საქმის ფანატიკოსი და უკრაინული ბიზნესის ლეგენდა“ – წერს პოდოლიაკი.

ამავე თემაზე: 

უკრაინელი მილიონერი ცოლთან ერთად დაიღუპა მიკოლაივის დაბომბვის შედეგად

 

ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოწყობაში ნახევარი მილიონი დაიხარჯება

ხელვაჩაურის მერიამ ახალშენისა და ორთაბათუმის ცენტრების კეთილმოსაწყობად ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო და ტენდერებიც გამოაცხადა.

ახალშენის ცენტრის კეთილმოწყობაზე ტენდერი 195 147 ლარითაა გამოცხადებული [წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება], ხოლო ორთაბათუმის ცენტრის კეთილმოსაწყობად სატენდერო თანხა 324 927 ლარია [ამ შემთხვევაში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება].

სატენდერო დოკუმენტაციას თან ახლავს  გეგმა/პროექტი და შესაბამისი ესკიზები, რომელთა მიხედვითაც უნდა შეასრულოს სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა.

ორივე შემთხვევაში, პირობის მიხედვით: „სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ეტაპების გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 10 დღის ვადაში და დაასრულოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ჩათვლით.“

ახალშენის ცენტრი – არსებული მდგომარეობა და ესკიზი [ფოტოები ტენდერიდან]

ორთაბათუმის ცენტრი – არსებული მდგომარეობა და ესკიზი [ფოტოები ტენდერიდან]

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან

სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთულ გემებს – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

tgrthaber-ი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული პირველი გემები ოდესის პორტს, დიდი ალბათობით, ხვალ, პირველ აგვისტოს, დატოვებენ. სტამბოლში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ეს გემები 3 აგვისტოს უნდა იყოს.

გემების გადაადგილებას თვალყურს მიადევნებენ დრონებისა და თანამგზავრების საშუალებით. თუ გემები გათიშავენ სიგნალს და არ მიაწვდიან გამჭვირვალე ინფორმაციას გადაადგილების შესახებ, მათ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.

ერდოღანის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული მარცვლელულით დატვირთული პირველი გემები სტამბოლიდან გაემგზავრებიან აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილის საფრთხე ემუქრებათ, კერძოდ, სომალიში.

წინასწარი შეფასებით, პორტების გახსნა უკრაინას თვეში დაახლოებით მილიარდ დოლარს მოუტანს.

ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად, სტამბულში 27 ივნისს გაიხსნა.

ცენტრის მეშვეობით იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები- უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

___________________________

ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტში.

კიევთან ახლოს კიდევ ერთი ნაწამები ადამიანის ცხედარი იპოვეს

უკრაინაში, კიევთან ახლოს, დეოკუპაციიდან ოთხი თვის შემდეგ, სოფელ ნოვოიე ზალესიეს მახლობლად, კიდევ ერთი ნაწამები, მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

გარდაცვლილი ტყესთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფილ პოზიციებთან იპოვეს. ექსპერტიზის თანახმად მამაკაცის ცხედარს სხეულზე აღენიშნება წამების ნიშნები.

„დაღუპულს ხელები შეკრული ჰქონდა. ასევე, ჰქონდა ჭრილობა ყელის არეში. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კაცს სიკვდილამდე ახრჩობდნენ,“ – ამბობს პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი.

ამავე ადგილას უკრაინელმა სამართალდამცავებმა რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთი ნაწამები კაცის ცხედარი იპოვეს.

 

როგორ ვიპოვოთ იკიგაი, გზა ბედნიერებისკენ – ღონისძიება ბათუმში

„იკი­გაი – გზა ბედ­ნი­ე­რე­ბის­კენ“ – ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც ბათუმში 9 აგვისტოს გაიმართება.

იკიგაი იაპონური ცნებაა და არსებობის, ცხოვრების მიზეზს, საკუთარი დანიშნულების შეგრძნებას ნიშნავს. ამავე სახელწოდების წიგნი – „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო“, ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი­სა და ჰექ­ტორ გარ­სიას ავტორობით, მსოფლიო ბესტსელერია და წელს თარგმნა ქართულად გამომცემლობა „პალიტრმა L-მა“, პროექტის – „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს ია­პო­ნურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ზე, თუ რო­გორ „შე­ვა­ჩე­როთ“ და­ბე­რე­ბა, რას ნიშ­ნავს იკი­გა­ის დი­ე­ტა და სხვა.

9 აგ­ვის­ტოს ბა­თუმ­ში გამართულ ღონისძიებაზე მიწ­ვე­უ­ლი სპი­კე­რე­ბი ისა­უბ­რე­ბენ იკი­გა­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და მისი მიღ­წე­ვის გზებ­ზე.

სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან: ფრან­სესკ მი­რა­ლე­სი – „იკი­გა­ის“ ავ­ტო­რი [ვი­დეო ჩარ­თვა], კახი ლობ­ჟა­ნი­ძე – ბიზ­ნესქო­უ­ჩი და „იკი­გა­ის“ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კურ­სის ავ­ტო­რი, ანა ალ­ბუ­თაშ­ვი­ლი – „იკი­გა­ის“ მთარ­გმნე­ლი და ფსი­ქო­ლო­გი. 

ღონისძიება 19:00 სა­ათ­ზე დაიწყება სასტუმრო „რედისონში“.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ზე იყიდება. ბილეთის ფასი 25 ლარია. ფას­ში შე­დის ყა­ვა შესვენებაზე. ასევე, ორგანიზატორების თქმით, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მო­სულ სტუმ­რებს დახ­ვდე­ბათ სა­ჩუქ­რე­ბი „პროექტ ლურჯი ოკეანისგან“.

 

რა მისამართებზე გაითიშება ხვალ გაზი ბათუმში

„სოკარის“ ცნობით, ხვალ, პირველ აგვისტოს, ბათუმში 10:00-დან 12:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება დიდგორის ქუჩის აბონენტებს.

ასევე, პირველი აგვისტოს 11:00 საათიდან 13:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ ცოტნე დადიანის #9ა ქუჩის აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

„აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ“ – აცხადებს „სოკარ ჯორჯია გაზი” და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

უკრაინელი მილიონერი ცოლთან ერთად დაიღუპა მიკოლაივის დაბომბვის შედეგად

31 ივლისს, უკრაინაში, მიკოლაივის დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ბიზნესმენი, კომპანია „ნიბულონის“ მფლობელი ალექსეი ვადატურსკი და მისი მეუღლე, რაისა.

ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი წერს ტელეგრამზე.

ვადატურსკი 74 წლის იყო. უკრაინული მედიის ცნობით, ომამდე მის კომპანიას ჰქონდა 27 გადაზიდვის ტერმინალი და 81 გემი. მის კომპანიას უკრაინიდან პროდუქცია, მათ შორის ხორბალი, მსოფლიოს 70 ქვეყანაში გაჰქონდა.

2021 წელს ვადატურსკი Forbes-ის მიხედვით უმდიდრეს უკრაინელებს შორის 24-ე ადგილზე იყო. მისი ქონება 430 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

2007 წელს ბიზნესმენმა მიიღო უკრაინის გმირის წოდება აგროინდუსტრიის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

„მან ბევრი რამ გააკეთა მიკოლაევის ოლქისთვის, უკრაინისთვის. ფასდაუდებელია მისი წვლილი სოფლის მეურნეობისა და გემთმშენებლობის მრეწველობის განვითარებაში“ – წერს ვიტალი კიმი ტელეგრამზე.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან 1-ელი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი 
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი 

მაღალ მთაში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 2-3 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

______________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 31 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 830 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +160]
  • ტანკი – 1 763 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 4 004 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 916 ერთეული [+10]
  • MLRS – 259 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 223 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 735 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 902 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 80 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 31 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 649 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 195 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 773 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 220 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 619 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

გადამდგარი გენერალ-მაიორის, ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსები სისასტიკით და სარაკეტო თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის და ევროპის „გამოფიტვას“, უკრაინელები კი, დასავლეთიდან აღჭურვილობას ელიან, რითაც კონტრშეტევა წარმატებით უნდა შეძლონ:

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ამავე თემაზე:

დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

ხულოში ავარიის შედეგად 26 წლის კაცი დაიღუპა

ხულოში, სოფელ დიოკნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც მერის წარმომადგენელი გვეუბნება, დაღუპული ახალგაზრდა დაახლოებით 26 წლისაა. „მიქსერის ტიპის მძიმე მანქანა იყო, რომელიც გზის მშენებლობაზე მუშაობდა“, – გვეუბნება მერის წარმომადგენელი დიოკნისის თემში.

მისი თქმით, მანქანის გადავარდნა სავარაუდოდ ტექნიკურმა პრობლემამ გამოიწვია.

მანქანაში ორი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდა სოფელ რიყეთის მცხოვრებია.

ადგილზე იმყოფება პოლიცია. შსს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

_______________

მთავარი ფოტო: გზიდან გადავარდნილი მძიმე ტექნიკა სოფელ დიოკნისში.

„აზოველები დამამცირებელ სიკვდილით დასჯას იმსახურებენ“ – ბრიტანეთში რუსეთის საელჩო

დღეს, 30 ივლისს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩომ საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც განხილულია უკრაინელი ტყვეები, კონკრეტულად კი „აზოვის პოლკის“ წევრები რა ფორმით სიკვდილით დასჯას იმსახურებენ.

„აზოვის ბოევიკები იმსახურებენ სიკვდილით დასჯას, მაგრამ არა დახვრეტას, არამედ ჩამოხრჩობას, რადგან ისინი არ არიან ნამდვილი ჯარისკაცები. ისინი იმსახურებენ დამამცირებელ სიკვდილს.

დაქორწინებული წყვილი #მარიუპოლიდან ჰყვება, როგორ დაბომბეს ძალები #აზოვსტალიდან.

#შეაჩერე ნაცისტური უკრაინა“, – წერია საელჩოს ოფიციალურ გვერდზე.

სოციალურმა ქსელმა ეს ტექსტი მიიჩნია სენსიტიურად, თუმცა მიუთითა, რომ ტექსტს არ შლის მაღალი საზოგადოებრივ ინტერესიდან გამომდინარე.

საელჩოს ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა შეაფასა, როგორც „ველურების“ ქცევა.

„რუსეთი – ეს ტერორისტი სახელმწიფოა. 21-ე საუკუნეში დიპლომატიურ დონეზე თქვა, რომ ადამიანები ასე, უბრალოდ, იმსახურებენ ჩამოხრჩობას – შეუძლიათ მხოლოდ ველურებს და ტერორისტებს“, – განაცხადა ერმაკმა.

სქრინი რუსეთის საელჩოს ტვიტერის გვერდიდან

გუშინ საარტილერიო თავდასხმა განხორციელდა ოლენოვკაში არსებული კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ. რუსული მედიის ცნობით, დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

პირველი განცხადება რუსულმა მხარემ გაავრცელა და თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, კოლონიას უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ დაარტყეს და ამგვარად იმ ტყვეების გაჩუმება სცადეს, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსეთი ცდილობს დაფაროს უკრაინელი ტყვეების წამებისა და მკვლელობის კვალი, უკრაინა ომის კანონების დარღვევაში დაადანაშაულოს და ამით ხელი შეუშალოს დასავლური შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის დაზვერვამ კი დანაშაულზე პასუხისმგებლად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი მფლობელი ევგენი პრიგოჟინი დაასახელა.

ზღვაში დაგეგმილ ხელოვნურ კუნძულს ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

შავ ზღვაში, ბათუმის სანაპიროსთან დაანონსებულ ხელოვნურ კუნძულს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა.

„შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოები,“ – ჩაწერა დადგენილებაში ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც განსაღვრავს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს“.

26 ივლსს ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა. არჩევნებამდე 1 ლარად გადასცეს 89 ჰექტარი ზღვა კომპანიას, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმში კუნძულს ააშენებს.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ გაავრცელა ვიდეოესკიზი იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორი იქნება კუნძული ბათუმში.

ამ თემაზე:

რიჟვაძე: ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული

კიევის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა 15 წლით შეუცვალა

კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, სამუდამო პატიმრობა 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლომ სუმის ოლქის მცხოვრების, ალექსანდრ შელიპოვის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის არმიის სერჟანტმა თავში ესროლა 62 წლის კაცს, რომელიც სოფელ ჩუპახოვკაში ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.

შიშმარინმა სასამართლოს ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მას კაცის მოკვლა არ უნდოდა, თუმცა უფროსებმა აიძულეს. „იქ იყო კაცი, ტელეფონზე ლაპარაკობდა. პრაპორშჩიკმა მაკეევმა მიბრძანა, მესროლა. უარი ვუთხარი. მერე კიდევ ერთმა სამხედრომ მუქარის ტონით გამიმეორა ბრძანება, იმ არგუმენტით, რომ ეს კაცი გაგვცემდა. მეც ვისროლე,“ – თქვა სასამართლოს სხდომაზე შიშიმარინმა.

სასამართლო პროცესი ღია იყო. 19 მაისს სხდომაზე მოკლულის ქვრივი კატერინა შელიპოვა გამოვიდა. მისი თქმით, ქმრის მკვლელობის დღეს, შინ იმყოფებოდა. როდესაც სროლის ხმა გაიგონა, ჭიშკართან გავიდა და იქვე ავტომატით ხელში მანქანაში მყოფი შიშიმარინი დაინახა.

„ჭიშკარი დავკეტე და იქვე ვიდექი. როდესაც სროლა დამთავრდა, ქუჩაში გავედი და ჩემი ქმარი დავინახე. უკვე მკვდარი იყო“, – უთხრა მოკლულის ცოლმა სასამართლოს და დასძინა, რომ დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობა სურდა, თუმცა თუ მას „აზოვსტალის“ დამცველებში გაცვლიდნენ, წინააღმდეგი არ იქნებოდა.

ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა კიევის რაიონულმა სასამართლომ 23 მაისს მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებულმა განაჩენი ივნისში გაასაჩივრა. მისი ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებებად მიუთითებდნენ, რომ შიშიმარინი ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, ბრალი აღიარა და ჩვენებაც მისცა.

მთავარი ფოტო: ვადიმ შიშიმარინი/ფოტო: Unian.net

მოქალაქე: ავტომანქანის საბარგულში ათობით რუსული სანომრე ნიშნები აღმოვაჩინე

მოქალაქე გიორგი ჭიბოშვილი ამბობს, რომ საკუთარი ავტომობილის საბარგულში, ავტომანქანის ათობით რუსული ნომერი აღმოაჩინა. მან შემთხვევის ადგილიდან ლაივი ჩართო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა. როგორც ჭიბოშვილი ამბობს, კრიმინალურ პოლიციასაც ელოდება.

გიორგი ჭიბოშვილმა საპატრულო პოლიციელს განუმარტა, რომ ის ავტომანქანას ძირითადად დაკეტილ მდგომარეობაში ტოვებს, თუმცა ზოგჯერ ჩამოწეული აქვს მინები.

„დღეს შევამჩნიე, რომ მანქანის ერთი საბურავი დაშვებული იყო და როცა საბარგული გავხსენი, რომ  დანგრატი ამომეღო, დამცავის ქვეშ დამხვდა დიდი ოდენობით რუსული სახელმწიფო ნომრები. ეს მანქანა ჩემს საკუთრებაში არ არის, ნაქირავები მყავს და ვიხდი ქირას. ორი წელია ნაქირავები მყავს, მაგრამ აქამდე მსგავსი რამ არ შემინიშნავს. ეს ნომრები რუსულ გაზეთში იყო გახვეული“, – უთხრა ჭიბოშვილმა პოლიციას.

მისი თქმით, მას ამ ხნის განმავლობაში ავტომანქანა სხვა პირისთვის არ უთხოვებია.

მოქალაქე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რა მიზნით აღმოჩნდა მის მფლობელობაში მყოფ ავტომანქანაში რუსული სანომრე ნიშნები.

მოქალაქე ამბობს, რომ საკუთარ ავტომანქანაში რუსული სახელმწიფო ნომრები აღმოაჩინა

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა. მეპატრონის თქმით, ავტომანქანა გუშინ სამსახურის დასრულების შემდეგ გააჩერა, დღეს კი საბურავი დახვდა დაშვებული.

გიორგი ჭიბოშვილის შეფასებით, რუსული სანომრე ნიშნები თითქმის ყველა ახალია.

პოლიციას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია.

დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

ვიზუალური მტკიცებულება უფრო მეტად უკრაინელთა ვერსიას ამყარებს, ვიდრე რუსებისას. კოლონიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ასახული ზიანი არ შეესაბამება იმ შესაძლო ზიანს, რომელიც „ჰაიმარსის“ დარტყმას შეიძლებოდა გამოეწვია – ასეთ შეფასებას აქვეყნებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ოლენოვკაზე საარტილერიო თავდასხმის შემდეგ.

თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მომხდარის დამოუკიდებლად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ.

„კრემლის მიერ დაფინანსებულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ვიდეო საგამოძიებო იზოლატორიდან. მასში ხანძრის შემდგომი დაზიანებები ჩანს, თუმცა არა ისეთი, როგორიც შეიძლებოდა, „ჰაიმარსის“ დარტყმას გამოეწვია“, – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ რუსულმა მედიამ ასევე აჩვენა „ჰაიმარსის“ რაკეტის ფრაგმენტების კადრები, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ფრაგმენტები კოლონიაში აღმოაჩინეს.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

პირველი განცხადება რუსულმა მხარემ გაავრცელა და თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, კოლონიას უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ დაარტყეს და ამგვარად იმ ტყვეების გაჩუმება სცადეს, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსეთი ცდილობს დაფაროს უკრაინელი ტყვეების წამებისა და მკვლელობის კვალი, უკრაინა ომის კანონების დარღვევაში დაადანაშაულოს და ამით ხელი შეუშალოს დასავლური შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის დაზვერვამ კი დანაშაულზე პასუხისმგებლად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი მფლობელი ევგენი პრიგოჟინი დაასახელა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა, ეს ფაქტი კი მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას ამყარებს.

„ჩვენი ინფორმაციით ტერაქტი განახორციელა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან შეუთანხმებლად, მისი ნომინალური მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

გუშინვე, სპეციალური განცხადება გაავრცელა პოლკ „აზოვის“ დამაარსებელმა ანდრეი ბილეცკიმ და ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც კოლონიაზე თავდასხმასთანაა დაკავშირებული. „ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ“, – დაწერა ბილეცკიმ ტელეგრამ არხზე.

პოლკის პატრონაჟის სამსახური დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობის დადგენაზე მუშაობს.

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა, შეიარაღებული ძალებმა, სამხედრო დაზვერვამ და უკრაინის რადამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას და ტერაქტზე რეაგირება და კოლონიაში ინსპექციის გაგზავნა სთხოვეს.

მთავარი ფოტო: ხანძრის შედეგი კოლონიაში/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

რატომ არ იღებება ზებრა გადასასვლელები ბათუმში

ბათუმში, შედარებით პერიფერიულ ქუჩებზე ზებრა გადასასვლელები თითქმის ყველა ქუჩაზე წაშლილია.

მაგალითად ბესიკის, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალეს, ლუკა ასათიანის ქუჩებზე, საღებავის აქა-იქ შემორჩენილი ფრაგმენტებით თუ მიხვდებით, რომ ქუჩის ამ მონაკვეთში ზებრაა და ქუჩაზე გადასვლისას გზა ავტომობილმა უნდა დაგითმოთ.

ეს გადასასვლელი ლუკა ასათიანისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაშია.
ქუჩის კუთხეში შემორჩენილი მკრთალი ყვითელი საღებავი მიგვანიშნებს, რომ ამ გადასასვლელზე უპირატესობა ქვეითებს ეკუთვნით.

საგზაო უსაფრთოების ნიშნულების გაკეთება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ვალდებულებაა. აღნიშნულ სამსახურს ვკითხეთ, თუ რატომ არ არის დახაზული ქვეითთა გადასასვლელები და იგეგმება თუ არა ნიშნულების განახლება ამ ზაფხულს?  „ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ამბობენ, რომ „გადასასვლელები ეტაპობრივად იღებება“, თუმცა როდის დადგება ამ ქუჩებისთვის „ეს ეტაპი“, უცნობია.

ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაშიც ასევე გაუფერულებული და ნახევრად წაშლილია საღებავები ზებრაზე.

„ბათუმის ავტოტრანსპორტში“ ასევე დასძენენ, რომ ქალაქის ქუჩებში გადაადგილების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, დახაზვები სრულდება ღამის საათებში.  „ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ, მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს უნალექო ამინდი“-გვეუბნებიან კომპანიაში.

ბესიკის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელები, თითქმის წაშლილია.

ქალაქის ამ უბანში საგზაო ნიშნულები ფაქტობრივად პანდემიის შემდეგ არ განახლებულა.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან სუბსიდირდება.

 

___________________

მსგავს თემაზე:

წაშლილი ზებრა გადასასვლელები ქალაქში

8 ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად – საქართველოში გლოვის დღეა

მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, გუშინ, 29 ივლისს, შს სამინისტროს ინფორმაციით, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა, რის შედეგადეგაც ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

დაღუპულებს შორის 4 ეკიპაჟის წევრი იყო, 2 მაშველი და 2 მედიკოსი.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები ამოსვენებულია.

____________

ფოტოზე: ვერტმფრენის აფეთქება. კადრი ვიდეომასალიდან,

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ მათ იმის გამო, რატომ გაგვიზარდეთ მაგალითად, ირაკლი კობახიძე ასეთად?“

  • ბატონო ზაალ, დასავლეთი ძალიან დიდ რესურს ხარჯავს იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან განათლებაზე, არაერთი სტიპენდია და პროგრამა არსებობს ამისთვის და ჩვენც გვქონდა განცდა, რომ ევროპაში განათლებამიღებული თაობა, უკეთესობისკენ შეცვლიდა ამ ქვეყნის მომავალს. თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ამის საპირისპიროს, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს პრესტიჟული ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები აქვთ და სწორედ ეს ნაწილი მოგვევლინა დღეს ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებლად. რატომ მოხდა ასე?

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა საქართველოს ისტორიის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, რომელიც სწორედ იმ ადამიანებმა შეცვალეს, ვინც მიიღო დასავლური განათლება. ამიტომ კარგი იქნება მაგალითად თუ დავაკონკრეტებთ, ვის ვგულისხმობთ იმ პირებში, ვისი განათლება და ღირებულებებიც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან.

  • ავიღოთ მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე, – ეს ის მაღალჩინოსნები არიან, ვინც ისწავლეს საფრანგეთში სამართალი, ერთ-ერთ ლიბერალურ ქვეყანაში, გერმანიაში, თუმცა თავისი ღირებულებებით, იმას, რასაც საჯაროდ დეკლარირებენ, აცდენილია საერთო ევროპულ ფასეულობებთან. დიპლომის აღება, რაღაც ტიპის განათლების დაუფლება ვერ ცვლის ადამიანის მენტალობას?

განათლება არ არის მარტო დიპლომი და ეს ჩვენ ვიცით, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. მგონი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს დისერტაცია დაცული ფორმალურად და ვლადიმერ პუტინსაც, მაგრამ ეს ნიშნავს რამეს?

განათლება გულისხმობს არა მარტო პროფესიულ ცოდნას რაიმე სფეროში, არამედ გულისხმობს გარკვეული ფასეულობების ერთგულებასაც და იმასაც, რომ ვთქვათ განათებული ადამიანი, როგორც პიროვნება, არის შემდგარი.

მაგრამ ფაქტია, რომ ის ადამიანები, მაგალითად ვისზეც ვსაუბრობთ, არ არიან რაღაც ფასეულობების მატარებელი და არის კორუმპირებული კასტა. კორუმპირებული მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ კონვერტით ქრთამი აქვს ჩადებული ჯიბეში, კორუმპირებული ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მზადაა, ვთქვათ ქვეყნის ინტერესები გაცვალოს პირად კარიერაში.

აი, ამ ტიპის კორუმპირებულობას ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობაშიც. ჩემი აზრით, ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური ელიტა, არამედ შემთხვევით არიან მთავრობაში მოხვედრილები და იმის ყალბ სურათსაც კი ვერ შექმნიან, რომ საერთოდ რაიმეს წარმართავენ ქვეყანაში.

მერაბ მამარდაშვილი წერდა, რომ არ არსებობს მყარი გარანტიები განათლებაში, რომ შესაძლოა ერთხელ მიიღო რაღაც განათლება, ჩაიდო დიპლომი ჯიბეში და თქვა, რომ რაღაც იცი. ადამიანობაზე, მოქალაქეობაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის მუდმივი ძალისხმევა და ეს ძალისხმევა თუ მუდმივად არ გასწია ადამიანმა, ძალიან მალე შეიძლება ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ეს ადამიანები (ღარიბაშვილი, კობახიძე, წულუკიანი) გადაქცეული არიან რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალად და ასრულებენ მის ნება-სურვილს. ესენი არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები, მათზე არც შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი პოლიტიკოსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იკავებენ გარკვეულ პოლიტიკურ თანამდებობებს: მათ არ გააჩნიათ არც პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შეხედულებები, მარიონეტები არიან, რადგან მხოლოდ ივანიშვილის ფულის გარშემო ტრიალებენ.

ამ შემთხვევაში, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, – დასავლური განათლება და დიპლომი, არ აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ვთქვათ სხვა მექანიზმები, რომლებიც წესით თან უნდა ერთოდეს აი ამ განათლებას იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ღირებულებებზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი განათლებულია.

  • თქვენ ამბობთ, რომ ეს მაღალჩინოსნები და არა მარტო ესენი, მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებს იცავენ და არა ქვეყნისას. როცა სასწორზე ფული და ძალაუფლება დგას, ამ დროს განათლება უძლურია? და თუ ასეა, მაშინ რაშია განათლების ძალა?

ვერ ვიტყვით, რომ განათლება უძლურია, მაგრამ განათლება თავისთავად იმისი გარანტი არ არის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაო ვთქვათ კორუფციის წინააღმდეგ და გახდე ფასეულობების ერთგული ადამიანი. ამას გარანტიას ვერანაირი უნივერსიტეტი ვერ მოგცემთ, თუ თქვენ თვითონ არ გასწიეთ ძალისხმევა იმაზე, რომ შედგეთ ადამიანად და მოქალაქედ. და თუ ეს ორი რამ ერთმანეთს თან არ ერთვის, ვიღებთ იმას, რასაც ახლა (ჩვენს მთავრობაში) ვუყურებთ.

  • თუ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, როგორი ვიქნები ან რა ფასეულობათა სისტემა მექნება, მაშინ სად ყალიბდება ეს, ვინ მეხმარება ამ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, თუ არა განათლება?

ეს ღირებულებათა სისტემა ყალიბდება სადღაც ჩემსა და საზოგადოებას შორის. მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმას, ვიქნები თუ არა ერთგული მე ამ ფასეულობების, ამ გადაწყვეტილებას ჩემს გარდა ვერავინ მიიღებს.

საბოლოო ჯამში, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, იქნება თუ არა ვთქვათ ფული და ძალაუფლება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები.

როცა მე ვაკეთებ არჩევანს ივანიშვილის 500 მილიონსა და საქართველოს ევროპულ არჩევანს შორის პირველის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ რა დიპლომიც არ უნდა მედოს ჯიბეში, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. ეს დიპლომი ვერ იქნება იმუნიტეტის მომცემი, ამ ტიპის კორუმპირებულობის წინააღმდეგ.

  • მაგალითად თორნიკე რიჟვაძე ავიღოთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, რომელიც სკოლის პერიოდში „ფლექსის“ პროგრამის მონაწილე იყო, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი და მაგისტრატურა ბრიტანულ უნივერსიტეტში გაიარა. ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში სწავლის მიუხედავად, ეს ადამიანი საუბრობს ტერმინებით, – „ლიბერასტები“, „არავის გადაუღუნოთ“ და ასე შემდეგ? – ეს ამ ადამიანის არჩევანია? 

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ. ისევე როგორც ცერცვი არ შერჩება კედელს, რაც არ უნდა ბევრი აყარო.

რაღაც ტიპის ინფორმაციის მიწოდება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა გაითავისოს ღირებულებები. ისევ მამარდაშვილი შემიძლია მოვიშველიო, რომელიც ცოდნასა და გაგებას შორის განსხვავებაზე საუბრობს.

მე შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ ორჯერ-ორი ოთხია, მაგრამ თუ ეს არ გავიგე, მაინც უცხო ინფორმაცია იქნება ჩემთვის. იგივეა რიჟვაძის მაგალითიც, რომლისთვისაც, ვთქვათ, ეს „ქუჩის აკადემია“ უფრო ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე, ვთქვათ, რაღაც ამერიკული პროგრამა ან უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა.

ადამიანი, რომელიც კარგად ხსნის კროსვორდებს, ის არ არის განათლებული ადამიანი ხომ? მას აქვს რაღაც ტიპის ინფორმაცია, მაგრამ განათლება ისევ და ისევ გულისხმობს არა მარტო ინფორმირებულობას, არამედ ამ ინფორმაციის გააზრებას, გაგებას და პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამ პიროვნებად კი შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანი და შეიძლება ვერა.

პიროვნებად ჩამოყალიბებაში ადამიანის ძალისხმევის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახიც, საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტიც, სადაც სწავლობს ადამიანი. მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მაინც თვითონ იღებს. სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრს არ ეძლევა შესაძლებლობა წავიდეს დასავლეთში და მიიღოს კარგი განათლება, ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ ის, ვისაც ხელი მიუწვდება ამაზე, საბოლოოდ პიროვნების ნაცვლად, მარიონეტად ყალიბდება.

  • თქვენც გერმანიაში სწავლობდით ხომ და მუშაობდით კიდეც? მაგალითად, გერმანული განათლების სისტემა არ უყურებს ამ საკითხს ისე, რომ ცოდნასთან ერთად ის ფასეულობებსაც აწვდის სტუდენტებს?

დიახ, ძალიან ხშირად ასეა აქაც, რომ გერმანიაში განათლებამიღებულ ადამიანს ავტომატურად უყურებენ, როგორც მათ თანამოაზრეს, როგორც მათი მსგავსი ფასეულობების მატარებელს, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძეში ან ვთქვათ პაპუაშვილში, ამ ფასეულობებმა ფესვი ვერ გაიდგა. ამიტომ ასეთი მექანიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ის, რომ ადამიანმა დაამთავრა გერმანული უნივერსიტეტი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის ევროპული ფასეულობების მატარებლად მივიჩნიოთ. იგივე დამოკიდებულება აქვთ ამერიკულ უნივერსიტეტებსაც. ვფიქრობ, ამ პოლიტიკას უნდა გადახედონ ქვეყნებმა.

ევროპულ უნივერსიტეტებს წელიწადში ათიათასობით ადამიანი ამთავრებს და ისინი ვერ მოგვცემენ იმის გარანტიას, რომ გაზრდიან ჩამოყალიბებულ პიროვნებებს. მართალია, ჰუმბოლდტისეული უნივერსიტეტის იდეაში ეს აზრი დევს კიდეც, მაგრამ რეალურად ასე მაინც არ არის. ფასეულობების არჩევანი რეალურად ადამიანის არჩევანია.

  • თქვენი შეფასებით, ადამიანმა მუდმივად უნდა გაიღოს ძალისხმევა, რომ არ დაკარგოს სახე. აი მაგალითად,ოსამართლე ბიძინა სტურუას ე.წ სვ-ს რომ გადავხედოთ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ცხოვრებაა სწავლობს, ძალიან პრესტიჟულ დასავლურ უნივერსიტეტებში აქვს განათლება მიღებული, თუმცა ადამიანები მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ ოლიგარქის სახლთან კარავი გაშალეს. რა ახსნა აქვს ამას?  

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი, რაც მას ბიოგრაფიაში უწერია, მართლაც ასეა, მაგრამ აქ ისევ და ისევ ცოდნის მიღებასა და გააზრებასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, იურისტები მიდრეკილი არიან სახელმწიფო მანქანის მორჩილებისკენ. არა მარტო დღევანდელ, არამედ საბჭოთა კავშირშიც სწორედ განათლებული იურისტები იყვნენ ისინი, ვინც ტოტალიტარულ რეჟიმს ემსახურებოდნენ ისევე, როგორც ეს ნახსენები მოსამართლე.

ასე, რომ კულტურა და განათლება არ გვაძლევს არაფრის გარანტიებს, თუ ისევ და ისევ ჩვენ არ ჩავდეთ პიროვნული ინვესტიცია ამაში და ჩვენ არ შევდექით მოქალაქეებად, არ შევდექით ადამიანებად, არ გვიშველის არც ინფორმაცია, არც დიპლომი და არანაირი კულტურა.

იმას, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ ტიპური მაგალითია კორუფციის, იმის თუ როგორ იხრწნება, იშლება ადამიანი და მაშინ, როცა ის უნდა ყოფილიყო შემდგარი პიროვნება, სახეზე გვაქვს დაშლილი, ამორფული, ადვილად მანიპულირებადი არსება, რომელსაც შესაძლოა კედელზე პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომიც ეკიდოს, მაგრამ ამას ასეთ დროს არანაირი ფასი აღარ აქვს.

  • მონური ფსიქოლოგიაა ეს, თუ მხოლოდ პირადი კეთილდღეობის სურვილი?

ეს არ არის მარტო მორჩილებისადმი მიდრეკილება, თუ ამას გულისხმობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები, რომელსაც ადამიანი იღებს ცხოვრებაში. პრივილეგიები ხომ? თუ ვინმე შემოგთავაზებთ, რომ გახდეთ პარლამენტის წევრი, თავმჯდომარე ან კომიტეტის ხელმძღვანელი, გემსახურებოდეთ მანქანა, იღებდეთ შეღავათიან კრედიტებს, იშენებდეთ სახლს იოლად და დაგეყაროთ თავზე ამ პრივილეგიების კასკადი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ეს არ არის ისეთი ცდუნება, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მარტივად გაუძლოს.

ეს არ არის მხოლოდ სურვილი, არამედ შეგნებული გადაწყვეტილებაა. მატერიალური კეთილდღეობა და კარიერაა უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. მაგალითად პატიოსნება, მაგალითად საზოგადოებრივი რეპუტაცია, ქვეყნის ინტერესი, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ. სადღაც ტელევიზორში გამოჩენა უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ, ვიდრე ის, თუ როგორი იქნება საქართველო ასი წლის შემდეგ.

zaali
ზაალ ანდრონიკაშვილი

ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც პიროვნულად შეუმდგარი ადამიანები იღებენ. ეს მათი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ, როცა ეს პირადი ტრაგედია იქცევა საზოგადოებრივ პრობლემად, მაშინ გვიწევს ჩვენ ამაზე საუბარი. მაგალითად მაშინ, როცა ეს ადამიანები ხელს გვიშლიან დღეს ავისრულოთ ჩვენი და მრავალი თაობის ოცნება და სურვილი – ვგულისხმობ ევროინტეგრაციას.

თუმცა ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას ეს ბრძოლა, ეს ომი არ გვაქვს ბოლომდე დამთავრებული, შუაგულში ვართ და ვერ ვიტყვით, რომ ხელი ჩავიქნიეთ. ვერც იმას ვიტყვი, რომ მეორე მხარე ვართ უმცირესობაში. შეიძლება არ გვაქვს ივანიშვილის ფინანსური რესურსი, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ღირებულებები, მაგალითად სიმართლე, რომელიც ჩვენს მხარესაა. აი, ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს და რამდენი ადამიანის კორუმპირებაც არ უნდა შეძლოს.

  • ჩვენ ძალიან ხშირად ვსაყვედურობთ ხოლმე სკოლას და უნივერსიტეტსაც, რომ ვერ აძლევენ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებას და ვერც ღირებულებებს უყალიბებენ. გამოდის, მთლად ვერც სკოლას დავადანაშაულებთ თუკი ღირებულებები პიროვნული არჩევანი გამოდის.

მე მაინც ვიტყვი, რომ კარგი და ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კარგ განათლებას ასევე სჭირდება პიროვნული ღერძი, ფასეულობების სისტემა, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც გვასწავლიდნენ, რადგან საზოგადოების მსახურება ყოველთვის ითვლებოდა ჩვენს კულტურაში მნიშვნელოვან საქმედ და ამას გვასწავლის ჩვენი ლიტერატურა, მწერლობა და ისტორიაც.

თუ გადავხედავთ მე-19 და თუნდაც მე-20 საუკუნის ლიტერატურას, მკაფიოდ არის გამიჯნული ფულის კეთება, კაპიტალის აკუმულაცია და საზოგადოების მსახურება. ამ ორიენტირს უნდა მივყვეთ.

ფული, თანამდებობა, მატერიალური სიკეთეები, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს არ არის ყველზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ეს უნდა გავიხსენოთ ხშირად და გავახსენოთ სხვებსაც. ეს არის განათლების აზრი, ასეთი რამ რომ გავიგოთ და თუ ვერ გავიგეთ, რაღაც მომენტში შესაძლოა ივანიშვილის ზოოპარკის რომელიმე ცხოველადაც იმუშაო.

ამიტომ, საქართველოში მოქალაქეების აღზრდას გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტს ვერ გადავაბარებთ. ეს არ არის ამ უნივერსიტეტების ამოცანა და ვერ ვეტყვით მათ, რატომ გაგვიზარდეთ ასეთი კობახიძე. სასაცილო იქნებოდა. უნივერსიტეტის დანიშნულებაა ადამიანს მისცეს ხარისხიანი განათლება, მიანიჭოს აკადემიური ხარისხიც და ამაში ბუნებრივია სხვა ბევრი რამეც შედის, მაგალითად იგივე ფასეულობები, მაგრამ გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტი ვერ იქნება მომავლის სამჭედლო, მით უმეტეს ქართული მომავლის.

პარლამენტის წევრი რომ თავის კოლეგა ქალზე არ იძალადებს, ამის გარანტიას ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოგცემს, რადგან განათლება არ არის პანაცეა თუნდაც ძალადობის წინააღმდეგ. კარგი იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ არ არის, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორი პიროვნება იყოს ის, მაინც კონკრეტული ადამიანი იღებს.

როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები

კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 5 გაერთიანებული, უმოძრაო მალისგან შედგება. მისი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის ქვედა ბოლოში, როგორც წესი, ტრავმის შედეგია. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც ტკივილს შეგიმსუბუქებთ, თუმცა იმის დასადგენად რა სახის დაზიანებაა ეს – დაჟეჟილობა თუ მოტეხილობა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო. „ორივე შემთხვევა ხასიათდება ძლიერი ტკივილით” – ამბობს ექიმი.

  • ბატონო დავით, რა სახის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს კუდუსუნის დაზიანება?

ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმულად ხდება. უმეტესად იმ შემთხვევებში ვითარდება, როცა ხდება სიმაღლიდან  ვარდნა და საჯდომის არეში დაცემა. იშვიათად, რომ მოტეხილობა იყოს, უფრო დაჟეჟილობასთან გვაქვს საქმე.

  • როგორი ტკივილი ახასიათებს კუდუსუნის დაზიანებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ტრავმის დროს რაც უფრო მალე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესი. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით საკმარისია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ყველა კლინიკაშია ტარდება, რის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

კუდუსუნის ტრავმას ძლიერი ტკივილი ახასიათებს და ეს ტკივილი ახლავს როგორც დაჟეჟილობას, ისე – მოტეხილობას, ასე რომ ტკივილით დიფერენცირება შეუძლებელია. მხოლოდ რენტგენოლოგიური სურათი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, დაჟეჟილობაა თუ მოტეხილობა.

თვე-თვენახევარი არის საჭირო იმისთვის, რომ დაჟეჟილობის ან მსუბუქი მოტეხილობის ტკივილებმა გადაიაროს.

  • როგორია მკურნალობა დაჟეჟილობისა და მოტეხილობის დროს?

უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა დაჟეჟილობისა და მოტეხილობის დროსაც კონსერვატიულია და ერთი და იგივე მეთოდებით ხდება. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო სწრაფი მოქმედების რექტალური სანთლები და მალამოები გარედან.

ასევე, ტკივილის შესამცირებლად, ტრავმის მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში შესაძლებელია ცივი კომპრესის გამოყენება.

თუ სერიოზული მოტეხილობაა საჯდომის ძვლის, მაშინ ხდება მისი ე.წ. რეპოზიცია, ადგილზე დაყენება. საქმე ის არის, რომ ფიქსაციით ვერ დააფიქსირებ კუდუსუნის ძვალს, ერთადერთი, რაც რეკომენდებულია ამ შემთხვევაში, მაგალითად ტუალეტში გასვლისას გამოიყენოს პაციენტმა რბილი დასაჯდომი, რათა არ მოხდეს კომპრესია კუდუსუნის ძვალზე, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს.

კუდუსუნის ტრავმების შემთხვევაში მთავარი მკურნალობა არის ტკივილის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

  • შესაძლოა ტკივილმა გადაიაროს და წლების შემდეგ კვლავ იჩინოს თავი?

თუ რაიმე გართულებამ უნდა იჩინოს თავი კუდუსუნის მოტეხილობის დროს, ის იჩენს თავს იმ მომენტშივე, როდესაც ეს ხდება. რაიმე განსაკუთრებული გართულებები, რომლებიც შეიძლება შემდეგში გამოიწვიოს, არ არის დამახასიათებელი მისთვის, ყველაფერი ხდება მწვავედ.

_____________________________

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციებით, ტრავმირებული კუდუსუნის ტკივილის შესამსუბუქებლად:

  • დასხედით სწორად – შეინარჩუნეთ ზურგის ქვედა ნაწილით გამართულად;
  • გამოიყენეთ კუდუსუნისთვის შექმნილი სპეციალური ბალიში ჯდომისას – ასევე დაგეხმარებათ სავარჯიშო ბურთზე ჯდომაც;
  • დაწექით გვერდზე, რათა შეამციროთ ზეწოლა კუდუსუნზე;
  • დაიდეთ პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი დაზიანებულ ადგილზე 20-დან 30 წუთის განმავლობაში;
  • ტკივილის შესამცირებლად გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • გამოიყენეთ ლაქსატივები [მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ყაბზობის დროს] კუჭის მოქმედების დროს დაჭიმულობის მოსახსნელად.

აირჩიე სილქფესტის შეთავაზებები და ჩაირთე სასურველი პირობა მთელი თვით

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30-31 ივლისს სილქფესტის ახალი შეთავაზებებით ისარგებლებენ. 

კოდით *202#,  აპლიკაციით My Silknet ან სილქნეტის ვებ გვერდიდან, მსურველს შეეძლება  30 დღით ჩაირთოს:

  •  1 000 ადგილობრივი წუთი – 12₾
  • 25 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 16₾
  • ულიმიტო ინტერნეტი + ულიმიტო სასაუბრო დრო  – 33₾ 

მომხმარებელი  (ფიზიკური/იურიდიული) არ არის შეზღუდული ერთი ან რამდენიმე პაკეტით ერთდროულად ისარგებლოს. ასევე  სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროს საკუთარი ბალანსიდან. 

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 30 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 40 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +170]
  • ტანკი – 1 759 ერთეული [+10]
  • ჯავშანტექნიკა – 3 995 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 906 ერთეული [+6]
  • MLRS – 258 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 222 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 190 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 733 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 889 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 78 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 261 თვითმფრინავი
  • 145 ვერტმფრენი
  • 1 644 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 190 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 772 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 217 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 4 573 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსებმა დნეპრზე პონტონის ხიდები მოაწყვეს – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

[yellow_box]რუსმა ჯარისკაცებმა ტყვეს გენიტალიები მოაჭრეს, წამება ვიდეოზე გადაიღეს და გაავრცელეს[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რუსებმა დნეპრზე პონტონის ხიდები მოაწყვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, უკრაინელებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული დანაყოფების შეტევები ფრონტის ხაზზე, დონეცკთან.

უწყების ინფორმაციით, ანტონოვსკის ხიდის დაზიანების შემდეგ, იზოლირებაში აღმოჩენილი ხერსონის მოსამარაგებლად, რუსებმა დნეპრზე პონტონის ორი ხიდი და ბორანი მოაწყვეს.

„სამხრეთ უკრაინაში, ახლახან დაკავებული ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლებები მოსკოვის მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, რათა რეგიონებში რუსეთის კონტროლი განიმტკიცონ და შემოდგომაზე დაგეგმილი რეფერენდუმისთვის მოემზადონ,“ – წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 30 ივლისის რელიზში.

უწყება აღნიშნავს, რომ რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს დროებით „სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების“ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებად მოიხსენიებს, სავარაუდოდ, ადგილობრივ ხელისუფლებებს აიძულებს, ამომრჩეველთა სიის შესადგენად ადგილობრივთა პირადი მონაცემები შეაგროვონ.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში, უწყება ყურადღებას უკრაინის ომში კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მონაწილეობაზე ამახვილებდა და წერდა, რომ დაჯგუფების მიმართ რუსეთის სარდლობამ მიდგომა შეცვალა და ახლა მას თავისი რეგულარული არმიის მსგავსად იყენებს.

მთავარი ფოტო: ანტონოვსკის ხიდი ხერსონში/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ალბათ სისასტიკის სპირალი გაიზრდება“ – ცუდი მოლოდინი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ომიდან იგებს ამბებს, როგორ უსწორდებიან რუსები უკრაინელ ტყვეებს. ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსები სისასტიკით და სარაკეტო თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის და ევროპის „გამოფიტვას“, უკრაინელები კი, დასავლეთიდან აღჭურვილობას ელიან, რითაც კონტრშეტევა წარმატებით უნდა შეძლონ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე ისვრის და აშშ მიაწვდის უკრაინას, ამაზე უკვე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ისეთი რაკეტებიც არის, რომელიც 500 კილომეტრზე მიდის, მაგრამ არა მგონია, ის მისცენო,“ – შენიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი და მერე გვიხსნის, რატომ არიან ფაქტობრივად ალყაში რუსები ხერსონში, სადაც უკრაინელებმა ხიდი ააფეთქეს, პონტონური ხიდი კი, რომელსაც ჯარისკაცები სახელდახელოდ აგებენ მდინარეზე, იოლად შესაძლოა მოიშალოს საცეცხლე ზემოქმედებით.

„თანაც, იმ ადგილას დნეპრი დაახლოებით კილომეტრი სიგანისაა, მდინარის ქვედა წელია, ფართოვდება, გადადის დელტაში და შემდეგ უერთდება შავ ზღვას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ხერსონით დავიწყოთ, სადაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინელთა კონტრშეტევა ძალას იკრებს“. თქვენი დაკვირვებით, ომის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ რამდენად გაიზარდა უკრაინის რესურსი ისე, რომ ომი კონტრშეტევის ფაზაზე გადავიდეს? 

უკრაინა კონტრშეტევისთვის რესურსს აგროვებს და ამაზე უკვე ალაპარაკდნენ რუსებიც, თუმცა ამ ეტაპზე რაც ჩანს, ეს იქნება უფრო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კონტრშეტევა და არა სრულმასშტაბიანი.

ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვეს უკრაინელებმა: კონტრშეტევა როცა მზადდება, მას სჭირდება გარკვეული ოპერატიულ-ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი. მესმის, რომ პოლიტიკური განცხადებები არის მიმართული საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისკენ, განსაკუთრებით კი, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დაკარგვის შემდეგ, მაგრამ წარმოიდგინეთ: თვითონ უკრაინელი სამხედროები აღმოჩნდნენ ახლა ამ პოლიტიკური განცხადებების მძევლები.

ისინი იძულებული არიან შეიარაღებულ ძალებს თავი მოუყარონ ხერსონის მიმართულებით, დააჩქარონ და განახორციელონ კონტრშეტევა, ამ დროს კი, ვერ ეხმარებიან დონბასის მიმართულებას, ვინაიდან ხერსონზე კონტრშეტევა უკვე გაცხადებული პოლიტიკური ამოცანაა, ამაზე ერთგვარი პოლიტიკური ფსონია დადებული. ამ მიდგომით მოქნილობის, მანევრულობის სივრცე უკრაინელ სამხედროებს შეზღუდული აქვთ. ასევე, მათზე მოქმედებს მოსახლეობაში შექმნილი ზედმეტად გადაჭარბებული მოლოდინის ფაქტორი.

მეორე მხრივ, აქცენტი ხერსონზე იწვევს რუსების მხრიდან მზადყოფნასაც, ისინი ემზადებიან თავდაცვის ორგანიზებისთვის და კონტრშეტევის მოგერიებისთვის. თუ ეს არ იქნება წარმატებული კონტრშეტევა უკრაინელების მხრიდან, რუსებს ეძლევათ გზა უკვე ნიკოლაევსა და ოდესაზე პირდაპირ სახმელეთო მიმართულებით.

  • ანუ ახალ მიმართულებებზე იერიშის რესურსი გაუჩნდება რუსეთს? 

თუ უკრაინელების კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, სამხედრო ზარალი უკრაინისთვის იქნება ძალიან მაღალი – ვგულისხმობ, როგორც მატერიალურ დანაკარგს, ისე საბრძოლო სულისკვეთებას. ამ შემთხვევაში უკვე რუსები უკანდახეული უკრაინელების მხრებზე ეცდებიან განაგრძონ შეტევა ნიკოლაევის მიმართულებით.

  • ერთ-ერთი უკრაინელი გენერალი, სერგეი კრივონოსი ამბობდა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უკრაინაში ქალაქების აღების იმედი და ელის ზაპოროჟიეს, ასევე ხარკოვი-სლავიანსკის აღებას ეცდებაო. თქვენ რას ფიქრობთ, რაზე აქვთ ამჯერად გათვლა რუსეთის გენშტაბს?

არა მგონია, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე წამოიწყოს შეტევა რუსებმა, მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბის შეტევაზე გადასვლის რესურსი. ჩემი აზრით, რუსების ამოცანა არ შეცვლილა, ეს არის სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება. მიმაჩნია, რომ ეს რუსების ბოლო გაჩერებაა ომის ამ ეტაპზე. რუსებმა თუ აიღეს კრამატორსკი-სლავიანსკი, მაშინ რუსეთი იტყვის, რომ შეასრულა ამოცანა, დონბასის საზღვარზე გავიდა და მიიერთებს დონბასს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება რუსეთს, სევერსკიც კი ვერ აიღეს, რომელიც ყველაზე მოწყვლადი დასახლებაა ამ მიმართულებით.

რუსები ასევე ცდილობენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის საბოლოოდ აღებას, მაგრამ იქ მძიმე ბრძოლებია. თუ ეს მოახერხეს რუსებმა, მაშინ ისინი უკვე ბახმუტს ჩრდილოეთიდან შემოუვლიან და აღარ დასჭირდებათ ბახმუტის აღება, კრამატორსკისკენ წინსვლა რომ განაგრძონ.

  • თუ ვერ აიღეს ბახმუტი, რა გათვლა აქვთ რუსებს, თქვენი აზრით? 

გაჩერდებიან, რადგან მეტი შეტევის რესურსი მათ არ გააჩნიათ, ისინი ბოლო ძალებს იკრებენ. ამ შემთხვევაში რუსები შესაძლოა გაჩერდნენ სევერსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეზე.

  • ამასობაში, რამდენად შეცვალა ხერსონის სამხედრო მოცემულობა ანტონოვსკის ხიდის აფეთქებამ? 

მნიშვნელოვნად შეცვალა, რადგან ფაქტობრივად რუსები იმყოფებიან ოპერატიულ ალყაში. საცეცხლე საშუალებები „ჰაიმარსი“ იქნება ეს თუ M-270 ამ ხიდებს სწვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხიდი საცეცხლე ზემოქმედების ქვეშაა და სამ მხარეს უკრაინული დანაყოფია, ეს არაა სრული ალყა, ოპერატიული ნახევარალყა შესაძლოა ეწოდოს.

იქ ორი ხიდია სამანქანე და ასევე სარკინიგზო, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდებოდა და ექსპლუატაციაში არ იყო შესული. დაზიანებული სამანქანე ხიდის სანაცვლოდ, რუსებმა ააწყვეს საპონტონე ხიდი, რომელსაც თავის მხრივ გამტარუნარიანობის გარკვეული რესურსი აქვს. საპონტონე ხიდი შესაძლოა მთლიანად მოიშალოს საცეცხლე ზემოქმედების შედეგად და თავიდან იქნება ასაწყობი.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ხერსონისთვის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის სიახლოვე მოწყვლადი ადგილია – აქ დნეპრი დაახლოებით კილომეტრი სიგანისაა, ეს მდინარის ქვედა წელია, სადაც ფართოვდება, გადადის დელტაში და შემდეგ უერთდება შავ ზღვას.

ასე რომ, რუსებს ძალიან რთული ამოცანა აქვთ ახლა ხერსონის დაცვისთვის, მაგრამ უკრაინელებმაც არ უნდა შეუწყონ ხელი ზედმეტი ლაპარაკით და პოლიტიკით.

  • გეცოდინებათ: ხერსონის რეგიონში რუსებმა თავის საჰაერო ძალებს დაარტყეს და K52 ჩამოაგდეს კიდეც – როგორ მოხდა ეს ამბავი? 

არაა გარკვეული, ეს იყო ე.წ. „მეგობრული ცეცხლი“, თუმცა ლოკატორმა ვერ იმუშავეს, ან საკუთარი საფრენი აპარატის ამომცნობმა ვერ იმუშავა, შესაძლოა, არ იყვნენ გაფრთხილებული ოპერატორები საკუთარი საფრენი აპარატის ფრენის დერეფნის, ან მიმართულების და სიმაღლის შესახებ…. მოკლედ, სახეზეა ტიპური რუსული „ბარდაკია“ და ეს არაა პირველი შემთხვევა – მანამდე თავიანთი ორი თვითმფრინავი ჩამოგდეს, საქართველოშიც ჰქონდათ რუსებს მსგავსი შემთხვევა.

  • ხომ არ დაეტყო ხელმძღვანელის გამოცვლა რუსულ არმიას? რატომ დასჭირდათ დვორნიკოვის ჩანაცვლება გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევით?

გაუგებარია, ძნელია გაიგო, რა ხდება, იქ სრული არეულობა და აჯაფსანდალია, მანამდე დვორნიკოვი და მერე სუროვიკინი იყო, ისიც გაქრა რადარებიდან. ეს ხდება ორი თვის განმავლობაში. ფაქტი ისაა, რომ ყველაფერი მიმართულია მოკლევადიან გადაწყვეტილებასა და შედეგზე, რომ სწრაფად გავიდნენ დონბასის საზღვარზე, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ პოლიტიკური ვაჭრობა. რუსები ხვდებიან, რომ დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა სერიოზულად ძლიერდება დახმარებით, რომელსაც ის დასავლეთიდან იღებს.

მაგალითად, პოლონეთი უგზავნის უკრაინას 100 ერთეულ 155-მილიმეტრიან თვითმავალ „ჰაუბიცა-KRAB-ს“, ბრიტანეთი – 20 ერთეულ M-109 და 155 მილიმეტრიან თვითმავალ „ჰაუბიცას“, ასევე 36 ერთეულ მსუბუქ 105- მილიმეტრიან საველე „ჰაუბიცას“ L-119, გერმანია უგზავნის უკრაინას 100 ერთეულ თვითმავალ „ჰაუბიცას“ PzH-2000, ასევე 3 ერთეულ MRLS-MARS-II ზალპური ცეცხლის სისტემას. გარდა ამისა, სლოვაკეთი ემზადება, რომ გადასცეს 16 MIG-29 -ის გამანადგურებელი…

ეს არაა სრული ჩამონათვალი, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარებაა. ეს უკვე ნიშნავს, რომ უკრაინა არამხოლოდ ხარისხობრივად, არამედ რაოდენობრივ-ხარისხობრივად გაუტოლდება რუსეთ. არ ვამბობ, რომ გადააჭარბებს, მაგრამ შესაძლოა გაუტოლდეს უკეთესი ხარისხის ხარჯზე.

  • ანუ უკვე ჩანს, რომ უკრაინა შეძლებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ამის ნამდვილი ნიშნები აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება. არ ვიცი, როდის მივა ზუსტად უკრაინამდე ეს აღჭურვილობა, რამდენად მოხდება კონცენტრაცია და რამდენად მომზადებული იქნებიან უკრაინელები კონტრშეტევისთვის. მინიმუმ ერთი თვე დასჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის წარმატებით დაწყებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ATACMS-ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრს აღწევს და აშშ მიაწვდის უკრაინას, ამაზე უკვე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ისეთი რაკეტებიც არის PrSM, რომელიც 500 კილომეტრზე მიდის, მაგრამ არა მგონია, ის მისცენ.

უკრაინას სჭირდება კონკრეტული გამარჯვება და არა რაღაც ფუჭი შეტევა, რომელიც დამატებით ზარალი იქნება, განსაკუთრებით კი, მორალური ზარალი.

  • ამ თვეში 90-ზე მეტი სარაკეტო და ავიათავდასხმა განახორციელეს რუსებმა უკრაინაში. რამდენად დიდია ეს მაჩვენებელია? 

ეს არ არის დიდი რიცხვი იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს სასტიკი ომი, თუმცა სამოქალაქოთა შორის მსხვერპლის ზრდა, რასაც ემატება ინფორმაცია უკრაინელი ტყვეების გაურკვეველ პირობებში დაღუპვის შესახებ, უკრაინელი ტყვის სასტიკი წამების შესახებ, მხოლოდ ზრდის სისასტიკის სპირალს. ომი არ არის „კეთილშობილ ქალიშვილთა გიმნაზიის წვეულება“, „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“ -ესაა ომის კანონი.

მე არ ვისურვებდი, რომ უკრაინელებმაც გადააბიჯონ ომის წითელ ხაზებს,რომელიც განსაზღვრავს ომის დანაშაულს, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად არ ემსახურება რუსი ტყვეების მიმართ უკრაინელთა კეთილგანწყობის ამაღლებას.

  • კიდევ მეტ სისასტიკეს უნდა ველოდოთ? 

დიახ, ალბათ სისასტიკის დონე გაიზრდება.

  • თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი? დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებებისგან თავდაცვის ტრანსპორტსა და აღჭურვილობას გადასცემს, კვლევითი ცენტრის, Rand Corporation-ის ანალიტიკოსების აზრით კი, „რუსეთმა შეიძლება მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, თუკი იგრძნობს, რომ NATO-ს ჩარევა და მასთან პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია“. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე იმის საშიშროებას, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ჩემი აზრით, ამ აღჭურვილობის უკრაინისთვის გადაცემა უფრო კეთილი ნების გამოხატვაა, ვიდრე რეალური საჭიროება.

ნატოს ამ ომში ჩარევის საშიშროებასაც ვერ ვხედავ.

  • რამდენად იცვლება დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგალითად, ჩეჩნეთში ანტიკადიროვული ბატალიონი „შეიხ მანსური“აჯანყებას აპირებს კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ და იჩქერიის დეოკუპაციას, ყაზახეთში კი, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდეს.

მოსალოდნელიც იყო, რომ რუსეთის დასუსტება გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას. ყაზახეთი ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა. ცნობილია, რომ რუსეთს ჰქონდა იქ თავისი ნარატივი, რომ „აი, ჩრდილოეთ ყაზახეთ ირუსეთისგან ნაჩუქარი ტერიტორია, რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობს და რუსული პასპორტები აქვთ ადამიანებს“. რუსები ცდილობენ სეპარატისტული განწყობების გაძლიერებას. ახლა ყაზახეთმა იცის, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს იმის თავი, ყაზახეთსაც დაუწყოს რამე სამხედრო თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია ჩინეთის ინტერესიც, რომელიც ღრმადაა შესული ყაზახეთის ეკონომიკაში და არ დაუშვებს რუსულ ოკუპაციას.  მიუხედავად ამისა, ყაზახეთმა დაიწყო სამხედრო ძალის გაზრდა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ კადიროვის ხუნტაა ფაქტობრივად, მოსახლეობის ტოტალური კონტროლი და აბსოლიტური კლანური მმართველობაა, ქვეყანა ჩიხშია შესული. არვიცი, რამდენად შეძლებს ეს მოძრაობა „შეიხმანსური“ რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ან წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებას, რასაც თავისი წინაპირობები სჭირდება. როგორც წესი, ასეთ მოძრაობას სჭირდება მძლავრი საგარეო მხარდაჭერა, მეზობელი მოკავშირე  სახელმწიფო. ვინ იქნება ეს მხარდამჭერი, არვიცი, საქართველო რომ არ იქნება, ეს ფაქტია.

  • ომის რუტინა რა ეტაპზე გადადის, თქვენი აზრით? 

ომმა მიიღო პოზიციური, გაჭიანურებული, ფაქტობრივად გამოფიტვაზე ორიენტირებული დაპირისპირების ხასიათი, ცალკეულ მიმართულებებზე არის აქტიურობის მცდელობები, მაგრამ რუსები ვერ ახერხებენ უპირატესობის მოპოვებას. ჯერჯერობით ვერც უკრაინელები ახერხებენ მნიშვნელოვან წარმატებას.

  • „გამოფიტვა“ ახსენეთ – რუსებს გათვლა აქვთ, რომ უკრაინელებს გამოფიტავენ და ასე მიაღწევენ წარმატებას? 

დიახ, რუსები ფიქრობენ, რომ გამოიფიტება უკრაინის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ-მორალური მდგრადობა, ასევე ევროპაც გადაიღლება ე.წ. ომის სინდრომით და მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა ომი. უკრაინელები კი იმედოვნებენ, რომ მიიღებენ თანამედროვე აღჭურვილობას და შეიტანენ გარდატეხას ამ დაპირისპირებაში.

  • ეს გარდატეხა მხოლოდ აღჭურვილობაზეა დამოკიდებული, თუ სამხედრო ხელოვნებაზეც? 

ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია: მხოლოდ ტექნიკის მიღება ვერაფერს შეცვლის, თუ მას არასწორად გამოიყენებ, ასევე დიდოსტატურ, სამხედრო გადაწყვეტილებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა. ამის გარეშეც ვერ მიაღწევ წარმატებას.

მემთეურების ცხოვრება ღომის მთაზე | ფოტოამბავი

შუახევში, ღომის მთაზე მზიანი ამინდია, თუმცა მაინც ცივა. ამ მთაზე ახლა მემთეურები ცხოვრობენ, ისინი, ვინც საქონელი გარეკა მთებში და მთელ ზაფხულს აქ ატარებენ, ხის პატარა სახლებში.

მზიან ამინდში, ჩვეულებრივ, ნისლით ცნობილ მთაზე მემთეურებმა დრო იხელთეს – სარეცხი გაფინეს, ლეიბები გაამზეურეს, ბავშვები კი მინდვრებში გამოიფინნენ სათამაშოდ, სარბენად თუ ველოსიპედით სასეირნოდ.

ფოტოები, რომელიც ღომის მთაზე ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, რენა თავდგირიძემ გადაიღო.

ბავშვები ნისლში. ფოტო/რენა თავდგირიძე
ბავშვები გზაზე. ფოტო/რენა თავდგირიძე
ქალი მინდორში. ფოტო/რენა თავდგირიძე
მთა ღომა. ფოტო/რენა თავდგირიძე
მთა ღომა. ფოტო/რენა თავდგირიძე
ქალები გზაზე. ფოტო/რენა თავდგირიძე
ქალი ძროხას წველის. ფოტო/რენა თავდგირიძე
ძროხები საძოვრებისკენ მიდიან. ფოტო/რენა თავდგირიძე
აჭარული დაწნული ყველი. ფოტო/რენა თავდგირიძე
Exit mobile version