მთავარი,სიახლეები

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან

31.07.2022 • 1236
უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ გემებს სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან

სტამბოლში 3 აგვისტოს ელიან უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთულ გემებს – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

tgrthaber-ი წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, იბრაჰიმ კალინის განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული პირველი გემები ოდესის პორტს, დიდი ალბათობით, ხვალ, პირველ აგვისტოს, დატოვებენ. სტამბოლში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ეს გემები 3 აგვისტოს უნდა იყოს.

გემების გადაადგილებას თვალყურს მიადევნებენ დრონებისა და თანამგზავრების საშუალებით. თუ გემები გათიშავენ სიგნალს და არ მიაწვდიან გამჭვირვალე ინფორმაციას გადაადგილების შესახებ, მათ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვებენ.

ერდოღანის პრესსპიკერის თქმით, უკრაინული მარცვლელულით დატვირთული პირველი გემები სტამბოლიდან გაემგზავრებიან აფრიკის იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილის საფრთხე ემუქრებათ, კერძოდ, სომალიში.

წინასწარი შეფასებით, პორტების გახსნა უკრაინას თვეში დაახლოებით მილიარდ დოლარს მოუტანს.

ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც შეიქმნა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის გასაკონტროლებლად, სტამბულში 27 ივნისს გაიხსნა.

ცენტრის მეშვეობით იგეგმება შავი ზღვის უკრაინის სამი პორტიდან (ოდესა, ჩორნომორსკი, იუჟნი) მარცვლეულის ექსპორტში ჩართული გემების შემოწმება. ცენტრის მიზანია უზრუნველყოს უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის ტრანსპორტირება და განაწილება. გემების მოძრაობას მონიტორინგს და მთელ პროცესს კოორდინაციას გაუწევს გაერო და შეთანხმების მონაწილე მხარეები- უკრაინა, რუსეთი და თურქეთი.

___________________________

ფოტოზე: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: