მთავარი,სიახლეები

გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია

01.08.2022 • 1407
გონიოს პლაჟები აუქციონზე ივლისის ბოლოს გაიტანეს – რას აკეთებს ბათუმის მერია

მაშინ, როცა საზღვაო სეზონისთვის მზადებას, შემდეგ კი სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ასახელებს, ბათუმის მერიას სანაპიროს ყველაზე მომხიბვლელი ზონა – გონიოსა და კვარიათის პლაჟები, ელექტრონულ აუქციონზე ივლისის ბოლოს გააქვს.

მცირე და მოზრდილი ზომის 99 ნაკვეთი გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე ბათუმის მერიამ ელექტრონულ აუქციონზე 20 ივლისს გაიტანა, აუქციონების ნაწილი 28 ივლისს, ნაწილი კი 29 ივლისს დასრულდა. შედგა მხოლოდ ორი აუქციონი, სხვა შემთხვევაში კი ჩაიშალა.

რატომ გაიტანა მერიამ აუქციონზე პლაჟები საიჯარო წესით გასასხვისებლად შუა საკურორტო სეზონზე, ივლისის მეორე ნახევარში? – მერიაში განგვიმარტეს, რომ სამი კვირის წინაც ჰქონდათ აუქციონები გამოცხადებული, თუმცა არ შედგა.

გონიო-კვარიათის პლაჟებზე 86 ნაკვეთის სარგებლობაზე ბათუმის მერიამ აუქციონები გამოაცხადა

პირველ შემთხვევაში მხოლოდ 15 აუქციონი შედგა. შესაბამისად, მერიამ 15 საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

გონიო-კვარიათის სანაპიროზე ნაკვეთების საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად აუქციონებში ინტერესი არ დაფიქსირდა, თუმცა ასეთი ინფრასტრუქტურა: კაფეები, ბუნგალოები, შეზლონგები გონიოს სანაპიროზე უკვე განთავსებულია და აქტიურადაც მუშაობს. ზოგიერთ მათგანში კი, განსაკუთრებით საღამოს საათებში, შეიძლება ადგილიც ვერ იპოვოთ.

gonios plaji

გონიოს პლაჟი დღეს

გონიოს პლაჟი დღეს

საპლაჟო ინფრასტრუქტურა განთავსებულია მათ შორის იმ მონაკვეთებშიც, რომელთა გასხვისებასაც მერია შუა საკურორტო სეზონში გეგმავს. რას ნიშნავს ეს? – ამ კითხვაზე პასუხის რამდენიმე ვერსია შეიძლება არსებობდეს:

თეორიულად, კონკურენტულ პირობებში შესაძლოა დაინტერესებულმა პირმა გაიმარჯვოს და საიჯარო წესით მიიღოს ნაკვეთი, რომელიც უკვე ათვისებული აქვს სხვას.

პრაქტიკულად კი, დიდი ალბათობაა, რომ აუქციონში გაიმარჯვებს ის, ვისაც ნაკვეთი უკვე ათვისებული აქვს. ეს ვერსია გაცილებით უფრო ლოგიკურია, რადგან ივლისის ბოლოს, შუა სეზონზე, საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოკლე ვადით ათვისებას არავინ დაგეგმავს.

gonios plaji

გონიოს პლაჟი დღეს

სავარაუდოდ [ამაზე თავად არ საუბრობენ], მერიაში იმედოვნებდნენ, რომ აუქციონებში ის მეწარმეები მიიღებდნენ მონაწილეობას, რომლებსაც გონიო-კვარიათის პლაჟები უკვე ათვისებული აქვთ.

აუქციონების დასრულების შემდეგ მათთან ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ და ეს ყველაფერი სამართლებრივად მოგვარდებოდა, თუმცა აუქციონები კვლავ არ შედგა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულებს მერია ხელშეკრულებებს 2022 წლის პირველი აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ჰპირდებოდა.

ბოლო აუქციონების ჩაშლის შემდეგ, მერიას მხოლოდ 17 მოქმედი ხელშეკრულება ექნება მას შემდეგ, რაც კიდევ ორ გამარჯვებულთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

გასულ წელს როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს, გონიო-კვარიათის პლაჟები პირდაპირი განკარგვის წესით გადასცეს. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მიიჩნიეს, რომ პანდემიაში პლაჟებზე ნაკვეთების აუქციონების გარეშე გასხვისება მიზანშეწონილი იყო.

დღეს გონიოში დასაქმებულებმა გვთხოვეს, მერიაში გაგვერკვია რატომ არ არის ღამით პრომენადი განათებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: