მთავარი,სიახლეები

„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

29.07.2022 • 23251
„რუსები ფაქტობრივად მოექცნენ ოპერატიულ ალყაში“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ალბათ სისასტიკის სპირალი გაიზრდება“ – ცუდი მოლოდინი აქვს გადამდგარ გენერალ-მაიორს, როცა ომიდან იგებს ამბებს, როგორ უსწორდებიან რუსები უკრაინელ ტყვეებს. ვახტანგ კაპანაძის დაკვირვებით, რუსები სისასტიკით და სარაკეტო თავდასხმებით ცდილობენ უკრაინის და ევროპის „გამოფიტვას“, უკრაინელები კი, დასავლეთიდან აღჭურვილობას ელიან, რითაც კონტრშეტევა წარმატებით უნდა შეძლონ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრზე ისვრის და აშშ მიაწვდის უკრაინას, ამაზე უკვე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ისეთი რაკეტებიც არის, რომელიც 500 კილომეტრზე მიდის, მაგრამ არა მგონია, ის მისცენო,“ – შენიშნავს გადამდგარი გენერალ-მაიორი და მერე გვიხსნის, რატომ არიან ფაქტობრივად ალყაში რუსები ხერსონში, სადაც უკრაინელებმა ხიდი ააფეთქეს, პონტონური ხიდი კი, რომელსაც ჯარისკაცები სახელდახელოდ აგებენ მდინარეზე, იოლად შესაძლოა მოიშალოს საცეცხლე ზემოქმედებით.

„თანაც, იმ ადგილას დნეპრი დაახლოებით კილომეტრი სიგანისაა, მდინარის ქვედა წელია, ფართოვდება, გადადის დელტაში და შემდეგ უერთდება შავ ზღვას,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, ხერსონით დავიწყოთ, სადაც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „უკრაინელთა კონტრშეტევა ძალას იკრებს“. თქვენი დაკვირვებით, ომის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ რამდენად გაიზარდა უკრაინის რესურსი ისე, რომ ომი კონტრშეტევის ფაზაზე გადავიდეს? 

უკრაინა კონტრშეტევისთვის რესურსს აგროვებს და ამაზე უკვე ალაპარაკდნენ რუსებიც, თუმცა ამ ეტაპზე რაც ჩანს, ეს იქნება უფრო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის კონტრშეტევა და არა სრულმასშტაბიანი.

ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვეს უკრაინელებმა: კონტრშეტევა როცა მზადდება, მას სჭირდება გარკვეული ოპერატიულ-ტაქტიკური მოულოდნელობის ეფექტი. მესმის, რომ პოლიტიკური განცხადებები არის მიმართული საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებისკენ, განსაკუთრებით კი, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დაკარგვის შემდეგ, მაგრამ წარმოიდგინეთ: თვითონ უკრაინელი სამხედროები აღმოჩნდნენ ახლა ამ პოლიტიკური განცხადებების მძევლები.

ისინი იძულებული არიან შეიარაღებულ ძალებს თავი მოუყარონ ხერსონის მიმართულებით, დააჩქარონ და განახორციელონ კონტრშეტევა, ამ დროს კი, ვერ ეხმარებიან დონბასის მიმართულებას, ვინაიდან ხერსონზე კონტრშეტევა უკვე გაცხადებული პოლიტიკური ამოცანაა, ამაზე ერთგვარი პოლიტიკური ფსონია დადებული. ამ მიდგომით მოქნილობის, მანევრულობის სივრცე უკრაინელ სამხედროებს შეზღუდული აქვთ. ასევე, მათზე მოქმედებს მოსახლეობაში შექმნილი ზედმეტად გადაჭარბებული მოლოდინის ფაქტორი.

მეორე მხრივ, აქცენტი ხერსონზე იწვევს რუსების მხრიდან მზადყოფნასაც, ისინი ემზადებიან თავდაცვის ორგანიზებისთვის და კონტრშეტევის მოგერიებისთვის. თუ ეს არ იქნება წარმატებული კონტრშეტევა უკრაინელების მხრიდან, რუსებს ეძლევათ გზა უკვე ნიკოლაევსა და ოდესაზე პირდაპირ სახმელეთო მიმართულებით.

  • ანუ ახალ მიმართულებებზე იერიშის რესურსი გაუჩნდება რუსეთს? 

თუ უკრაინელების კონტრშეტევა არ იქნება წარმატებული, სამხედრო ზარალი უკრაინისთვის იქნება ძალიან მაღალი – ვგულისხმობ, როგორც მატერიალურ დანაკარგს, ისე საბრძოლო სულისკვეთებას. ამ შემთხვევაში უკვე რუსები უკანდახეული უკრაინელების მხრებზე ეცდებიან განაგრძონ შეტევა ნიკოლაევის მიმართულებით.

  • ერთ-ერთი უკრაინელი გენერალი, სერგეი კრივონოსი ამბობდა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უკრაინაში ქალაქების აღების იმედი და ელის ზაპოროჟიეს, ასევე ხარკოვი-სლავიანსკის აღებას ეცდებაო. თქვენ რას ფიქრობთ, რაზე აქვთ ამჯერად გათვლა რუსეთის გენშტაბს?

არა მგონია, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე წამოიწყოს შეტევა რუსებმა, მათ აღარ აქვთ ამ მასშტაბის შეტევაზე გადასვლის რესურსი. ჩემი აზრით, რუსების ამოცანა არ შეცვლილა, ეს არის სლავიანსკი-კრამატორსკის მიმართულება. მიმაჩნია, რომ ეს რუსების ბოლო გაჩერებაა ომის ამ ეტაპზე. რუსებმა თუ აიღეს კრამატორსკი-სლავიანსკი, მაშინ რუსეთი იტყვის, რომ შეასრულა ამოცანა, დონბასის საზღვარზე გავიდა და მიიერთებს დონბასს. ამ ეტაპზე ჩანს, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება რუსეთს, სევერსკიც კი ვერ აიღეს, რომელიც ყველაზე მოწყვლადი დასახლებაა ამ მიმართულებით.

რუსები ასევე ცდილობენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურის საბოლოოდ აღებას, მაგრამ იქ მძიმე ბრძოლებია. თუ ეს მოახერხეს რუსებმა, მაშინ ისინი უკვე ბახმუტს ჩრდილოეთიდან შემოუვლიან და აღარ დასჭირდებათ ბახმუტის აღება, კრამატორსკისკენ წინსვლა რომ განაგრძონ.

  • თუ ვერ აიღეს ბახმუტი, რა გათვლა აქვთ რუსებს, თქვენი აზრით? 

გაჩერდებიან, რადგან მეტი შეტევის რესურსი მათ არ გააჩნიათ, ისინი ბოლო ძალებს იკრებენ. ამ შემთხვევაში რუსები შესაძლოა გაჩერდნენ სევერსკი-სოლედარი-ბახმუტის ზღუდეზე.

  • ამასობაში, რამდენად შეცვალა ხერსონის სამხედრო მოცემულობა ანტონოვსკის ხიდის აფეთქებამ? 

მნიშვნელოვნად შეცვალა, რადგან ფაქტობრივად რუსები იმყოფებიან ოპერატიულ ალყაში. საცეცხლე საშუალებები „ჰაიმარსი“ იქნება ეს თუ M-270 ამ ხიდებს სწვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხიდი საცეცხლე ზემოქმედების ქვეშაა და სამ მხარეს უკრაინული დანაყოფია, ეს არაა სრული ალყა, ოპერატიული ნახევარალყა შესაძლოა ეწოდოს.

იქ ორი ხიდია სამანქანე და ასევე სარკინიგზო, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდებოდა და ექსპლუატაციაში არ იყო შესული. დაზიანებული სამანქანე ხიდის სანაცვლოდ, რუსებმა ააწყვეს საპონტონე ხიდი, რომელსაც თავის მხრივ გამტარუნარიანობის გარკვეული რესურსი აქვს. საპონტონე ხიდი შესაძლოა მთლიანად მოიშალოს საცეცხლე ზემოქმედების შედეგად და თავიდან იქნება ასაწყობი.

გასათვალისწინებელია ასევე, რომ ხერსონისთვის მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის სიახლოვე მოწყვლადი ადგილია – აქ დნეპრი დაახლოებით კილომეტრი სიგანისაა, ეს მდინარის ქვედა წელია, სადაც ფართოვდება, გადადის დელტაში და შემდეგ უერთდება შავ ზღვას.

ასე რომ, რუსებს ძალიან რთული ამოცანა აქვთ ახლა ხერსონის დაცვისთვის, მაგრამ უკრაინელებმაც არ უნდა შეუწყონ ხელი ზედმეტი ლაპარაკით და პოლიტიკით.

  • გეცოდინებათ: ხერსონის რეგიონში რუსებმა თავის საჰაერო ძალებს დაარტყეს და K52 ჩამოაგდეს კიდეც – როგორ მოხდა ეს ამბავი? 

არაა გარკვეული, ეს იყო ე.წ. „მეგობრული ცეცხლი“, თუმცა ლოკატორმა ვერ იმუშავეს, ან საკუთარი საფრენი აპარატის ამომცნობმა ვერ იმუშავა, შესაძლოა, არ იყვნენ გაფრთხილებული ოპერატორები საკუთარი საფრენი აპარატის ფრენის დერეფნის, ან მიმართულების და სიმაღლის შესახებ…. მოკლედ, სახეზეა ტიპური რუსული „ბარდაკია“ და ეს არაა პირველი შემთხვევა – მანამდე თავიანთი ორი თვითმფრინავი ჩამოგდეს, საქართველოშიც ჰქონდათ რუსებს მსგავსი შემთხვევა.

  • ხომ არ დაეტყო ხელმძღვანელის გამოცვლა რუსულ არმიას? რატომ დასჭირდათ დვორნიკოვის ჩანაცვლება გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი კუზოვლევით?

გაუგებარია, ძნელია გაიგო, რა ხდება, იქ სრული არეულობა და აჯაფსანდალია, მანამდე დვორნიკოვი და მერე სუროვიკინი იყო, ისიც გაქრა რადარებიდან. ეს ხდება ორი თვის განმავლობაში. ფაქტი ისაა, რომ ყველაფერი მიმართულია მოკლევადიან გადაწყვეტილებასა და შედეგზე, რომ სწრაფად გავიდნენ დონბასის საზღვარზე, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ პოლიტიკური ვაჭრობა. რუსები ხვდებიან, რომ დრო მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. უკრაინა სერიოზულად ძლიერდება დახმარებით, რომელსაც ის დასავლეთიდან იღებს.

მაგალითად, პოლონეთი უგზავნის უკრაინას 100 ერთეულ 155-მილიმეტრიან თვითმავალ „ჰაუბიცა-KRAB-ს“, ბრიტანეთი – 20 ერთეულ M-109 და 155 მილიმეტრიან თვითმავალ „ჰაუბიცას“, ასევე 36 ერთეულ მსუბუქ 105- მილიმეტრიან საველე „ჰაუბიცას“ L-119, გერმანია უგზავნის უკრაინას 100 ერთეულ თვითმავალ „ჰაუბიცას“ PzH-2000, ასევე 3 ერთეულ MRLS-MARS-II ზალპური ცეცხლის სისტემას. გარდა ამისა, სლოვაკეთი ემზადება, რომ გადასცეს 16 MIG-29 -ის გამანადგურებელი…

ეს არაა სრული ჩამონათვალი, მაგრამ მნიშვნელოვანი დახმარებაა. ეს უკვე ნიშნავს, რომ უკრაინა არამხოლოდ ხარისხობრივად, არამედ რაოდენობრივ-ხარისხობრივად გაუტოლდება რუსეთ. არ ვამბობ, რომ გადააჭარბებს, მაგრამ შესაძლოა გაუტოლდეს უკეთესი ხარისხის ხარჯზე.

  • ანუ უკვე ჩანს, რომ უკრაინა შეძლებს ფართომასშტაბიან კონტრშეტევას? 

როგორც წინა ინტერვიუში გითხარით, ამის ნამდვილი ნიშნები აგვისტოს ბოლოს გამოჩნდება. არ ვიცი, როდის მივა ზუსტად უკრაინამდე ეს აღჭურვილობა, რამდენად მოხდება კონცენტრაცია და რამდენად მომზადებული იქნებიან უკრაინელები კონტრშეტევისთვის. მინიმუმ ერთი თვე დასჭირდებათ უკრაინელებს კონტრშეტევის წარმატებით დაწყებისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ჰაიმარსის“ ATACMS-ის რაკეტები, რომელიც 300 კილომეტრს აღწევს და აშშ მიაწვდის უკრაინას, ამაზე უკვე მიღებულია დადებითი გადაწყვეტილება. ისეთი რაკეტებიც არის PrSM, რომელიც 500 კილომეტრზე მიდის, მაგრამ არა მგონია, ის მისცენ.

უკრაინას სჭირდება კონკრეტული გამარჯვება და არა რაღაც ფუჭი შეტევა, რომელიც დამატებით ზარალი იქნება, განსაკუთრებით კი, მორალური ზარალი.

  • ამ თვეში 90-ზე მეტი სარაკეტო და ავიათავდასხმა განახორციელეს რუსებმა უკრაინაში. რამდენად დიდია ეს მაჩვენებელია? 

ეს არ არის დიდი რიცხვი იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს სასტიკი ომი, თუმცა სამოქალაქოთა შორის მსხვერპლის ზრდა, რასაც ემატება ინფორმაცია უკრაინელი ტყვეების გაურკვეველ პირობებში დაღუპვის შესახებ, უკრაინელი ტყვის სასტიკი წამების შესახებ, მხოლოდ ზრდის სისასტიკის სპირალს. ომი არ არის „კეთილშობილ ქალიშვილთა გიმნაზიის წვეულება“, „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“ -ესაა ომის კანონი.

მე არ ვისურვებდი, რომ უკრაინელებმაც გადააბიჯონ ომის წითელ ხაზებს,რომელიც განსაზღვრავს ომის დანაშაულს, მაგრამ არსებობს ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ნამდვილად არ ემსახურება რუსი ტყვეების მიმართ უკრაინელთა კეთილგანწყობის ამაღლებას.

  • კიდევ მეტ სისასტიკეს უნდა ველოდოთ? 

დიახ, ალბათ სისასტიკის დონე გაიზრდება.

  • თქვენი აზრით, რატომ გააქტიურდა ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი? დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რადიოაქტიური, ბიოლოგიური და ქიმიური ნივთიერებებისგან თავდაცვის ტრანსპორტსა და აღჭურვილობას გადასცემს, კვლევითი ცენტრის, Rand Corporation-ის ანალიტიკოსების აზრით კი, „რუსეთმა შეიძლება მიიღოს ბირთვული იარაღის გამოყენების გადაწყვეტილება, თუკი იგრძნობს, რომ NATO-ს ჩარევა და მასთან პირდაპირი კონფლიქტი გარდაუვალია“. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

მე ვერ ვხედავ ამ ეტაპზე იმის საშიშროებას, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ჩემი აზრით, ამ აღჭურვილობის უკრაინისთვის გადაცემა უფრო კეთილი ნების გამოხატვაა, ვიდრე რეალური საჭიროება.

ნატოს ამ ომში ჩარევის საშიშროებასაც ვერ ვხედავ.

  • რამდენად იცვლება დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგალითად, ჩეჩნეთში ანტიკადიროვული ბატალიონი „შეიხ მანსური“აჯანყებას აპირებს კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ და იჩქერიის დეოკუპაციას, ყაზახეთში კი, რომელსაც საზღვარი აქვს რუსეთთან, თავდაცვის ბიუჯეტი გაზარდეს.

მოსალოდნელიც იყო, რომ რუსეთის დასუსტება გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას. ყაზახეთი ცდილობს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა. ცნობილია, რომ რუსეთს ჰქონდა იქ თავისი ნარატივი, რომ „აი, ჩრდილოეთ ყაზახეთ ირუსეთისგან ნაჩუქარი ტერიტორია, რუსულენოვანი ხალხი ცხოვრობს და რუსული პასპორტები აქვთ ადამიანებს“. რუსები ცდილობენ სეპარატისტული განწყობების გაძლიერებას. ახლა ყაზახეთმა იცის, რომ რუსეთს ამ ეტაპზე არ აქვს იმის თავი, ყაზახეთსაც დაუწყოს რამე სამხედრო თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია ჩინეთის ინტერესიც, რომელიც ღრმადაა შესული ყაზახეთის ეკონომიკაში და არ დაუშვებს რუსულ ოკუპაციას.  მიუხედავად ამისა, ყაზახეთმა დაიწყო სამხედრო ძალის გაზრდა და თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ კადიროვის ხუნტაა ფაქტობრივად, მოსახლეობის ტოტალური კონტროლი და აბსოლიტური კლანური მმართველობაა, ქვეყანა ჩიხშია შესული. არვიცი, რამდენად შეძლებს ეს მოძრაობა „შეიხმანსური“ რეალური წინააღმდეგობის გაწევას, ან წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებას, რასაც თავისი წინაპირობები სჭირდება. როგორც წესი, ასეთ მოძრაობას სჭირდება მძლავრი საგარეო მხარდაჭერა, მეზობელი მოკავშირე  სახელმწიფო. ვინ იქნება ეს მხარდამჭერი, არვიცი, საქართველო რომ არ იქნება, ეს ფაქტია.

  • ომის რუტინა რა ეტაპზე გადადის, თქვენი აზრით? 

ომმა მიიღო პოზიციური, გაჭიანურებული, ფაქტობრივად გამოფიტვაზე ორიენტირებული დაპირისპირების ხასიათი, ცალკეულ მიმართულებებზე არის აქტიურობის მცდელობები, მაგრამ რუსები ვერ ახერხებენ უპირატესობის მოპოვებას. ჯერჯერობით ვერც უკრაინელები ახერხებენ მნიშვნელოვან წარმატებას.

  • „გამოფიტვა“ ახსენეთ – რუსებს გათვლა აქვთ, რომ უკრაინელებს გამოფიტავენ და ასე მიაღწევენ წარმატებას? 

დიახ, რუსები ფიქრობენ, რომ გამოიფიტება უკრაინის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ-მორალური მდგრადობა, ასევე ევროპაც გადაიღლება ე.წ. ომის სინდრომით და მოლაპარაკებების ეტაპზე გადავა ომი. უკრაინელები კი იმედოვნებენ, რომ მიიღებენ თანამედროვე აღჭურვილობას და შეიტანენ გარდატეხას ამ დაპირისპირებაში.

  • ეს გარდატეხა მხოლოდ აღჭურვილობაზეა დამოკიდებული, თუ სამხედრო ხელოვნებაზეც? 

ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელია: მხოლოდ ტექნიკის მიღება ვერაფერს შეცვლის, თუ მას არასწორად გამოიყენებ, ასევე დიდოსტატურ, სამხედრო გადაწყვეტილებებს სჭირდება შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა. ამის გარეშეც ვერ მიაღწევ წარმატებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: