სიახლეები

რუსეთი დონბასში გეგმას ცვლის, რადგან აპრილის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

01.08.2022 • 8032
რუსეთი დონბასში გეგმას ცვლის, რადგან აპრილის შემდეგ შედეგს ვერ მიაღწია – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერის უახლესი ცნობებით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, რუსეთი ტაქტიკურ შეტევებს განაგრძობდა დონეცკის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბახმუტის მიმართულებაზე, თუმცა შედეგად მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია.

პირველი აგვისტოს რელიზში, უწყება უკრაინის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთს თავისი ძალების ნაწილი ჩრდილოეთ დონბასის სექტორიდან სამხრეთ უკრაინაში გადაჰყავს.

„სავარაუდოდ, რუსეთი ცვლის დონბასზე შეტევის თავის თავდაპირველ ოპერაციულ გეგმას, რადგან აპრილის შემდეგ ამ გეგმით გადამწყვეტი გარდატეხის მოხდენა ვერ შეძლო,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ დიდი ალბათობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ფრონტი დაუცველად მიიჩნია და მისი გაძლიერება გადაწყვიტა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში უწყების ყურადღება მიპყრობილი იყო ბელარუსზე, საიდანაც 28 ივლისს რუსეთმა ჩრდილოეთ უკრაინის მიმართულებით სულ მცირე 20 რაკეტა გაისროლა.

„ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო კვლავაც რუსეთის ხაზს მიჰყვება. მან ბოლოს 21 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინა ომის შესაჩერებლად რუსეთის პირობებს უნდა დათანხმდეს,“ – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმი მეტად ავტორიტარული ხდება და ის თითქმის სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: