განათლება,მთავარი,სიახლეები

ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

30.07.2022 • 12246
ქართველი ჩინოვნიკების ამერიკული დიპლომები მგლის თავზე სახარების წაკითხვას ჰგავს – ინტერვიუ

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ“, – ამბობს პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. ის „ბათუმელებთან“ პრესტიჟული დიპლომებისა და ადამიანური ღირებულებების განსხვავებაზე საუბრობს და იმაზე, თუ რატომ ვერ გადავაბარებთ მაგალითად გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტებს მოქალაქეების აღზრდას საქართველოში და „ვერ ვუსაყვედურებთ მათ იმის გამო, რატომ გაგვიზარდეთ მაგალითად, ირაკლი კობახიძე ასეთად?“

  • ბატონო ზაალ, დასავლეთი ძალიან დიდ რესურს ხარჯავს იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან განათლებაზე, არაერთი სტიპენდია და პროგრამა არსებობს ამისთვის და ჩვენც გვქონდა განცდა, რომ ევროპაში განათლებამიღებული თაობა, უკეთესობისკენ შეცვლიდა ამ ქვეყნის მომავალს. თუმცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ამის საპირისპიროს, ხელისუფლებაში მყოფი მაღალჩინოსნების დიდ ნაწილს პრესტიჟული ევროპული უნივერსიტეტების დიპლომები აქვთ და სწორედ ეს ნაწილი მოგვევლინა დღეს ანტიდასავლური პოლიტიკის გამტარებლად. რატომ მოხდა ასე?

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა საქართველოს ისტორიის საკმაოდ დიდი მონაკვეთი, რომელიც სწორედ იმ ადამიანებმა შეცვალეს, ვინც მიიღო დასავლური განათლება. ამიტომ კარგი იქნება მაგალითად თუ დავაკონკრეტებთ, ვის ვგულისხმობთ იმ პირებში, ვისი განათლება და ღირებულებებიც შესაძლოა არ იყოს თანხვედრაში ერთმანეთთან.

  • ავიღოთ მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, ირაკლი კობახიძე, – ეს ის მაღალჩინოსნები არიან, ვინც ისწავლეს საფრანგეთში სამართალი, ერთ-ერთ ლიბერალურ ქვეყანაში, გერმანიაში, თუმცა თავისი ღირებულებებით, იმას, რასაც საჯაროდ დეკლარირებენ, აცდენილია საერთო ევროპულ ფასეულობებთან. დიპლომის აღება, რაღაც ტიპის განათლების დაუფლება ვერ ცვლის ადამიანის მენტალობას?

განათლება არ არის მარტო დიპლომი და ეს ჩვენ ვიცით, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან. მგონი ბიძინა ივანიშვილსაც აქვს დისერტაცია დაცული ფორმალურად და ვლადიმერ პუტინსაც, მაგრამ ეს ნიშნავს რამეს?

განათლება გულისხმობს არა მარტო პროფესიულ ცოდნას რაიმე სფეროში, არამედ გულისხმობს გარკვეული ფასეულობების ერთგულებასაც და იმასაც, რომ ვთქვათ განათებული ადამიანი, როგორც პიროვნება, არის შემდგარი.

მაგრამ ფაქტია, რომ ის ადამიანები, მაგალითად ვისზეც ვსაუბრობთ, არ არიან რაღაც ფასეულობების მატარებელი და არის კორუმპირებული კასტა. კორუმპირებული მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ კონვერტით ქრთამი აქვს ჩადებული ჯიბეში, კორუმპირებული ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მზადაა, ვთქვათ ქვეყნის ინტერესები გაცვალოს პირად კარიერაში.

აი, ამ ტიპის კორუმპირებულობას ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ. სამწუხაროდ, დღევანდელ მთავრობაშიც. ჩემი აზრით, ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური ელიტა, არამედ შემთხვევით არიან მთავრობაში მოხვედრილები და იმის ყალბ სურათსაც კი ვერ შექმნიან, რომ საერთოდ რაიმეს წარმართავენ ქვეყანაში.

მერაბ მამარდაშვილი წერდა, რომ არ არსებობს მყარი გარანტიები განათლებაში, რომ შესაძლოა ერთხელ მიიღო რაღაც განათლება, ჩაიდო დიპლომი ჯიბეში და თქვა, რომ რაღაც იცი. ადამიანობაზე, მოქალაქეობაზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის მუდმივი ძალისხმევა და ეს ძალისხმევა თუ მუდმივად არ გასწია ადამიანმა, ძალიან მალე შეიძლება ჩავარდეს იმ მდგომარეობაში, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

ეს ადამიანები (ღარიბაშვილი, კობახიძე, წულუკიანი) გადაქცეული არიან რუსი ოლიგარქის მომსახურე პერსონალად და ასრულებენ მის ნება-სურვილს. ესენი არ არიან დამოუკიდებელი ადამიანები, მათზე არც შეიძლება ვთქვათ, რომ ესენი პოლიტიკოსები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იკავებენ გარკვეულ პოლიტიკურ თანამდებობებს: მათ არ გააჩნიათ არც პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შეხედულებები, მარიონეტები არიან, რადგან მხოლოდ ივანიშვილის ფულის გარშემო ტრიალებენ.

ამ შემთხვევაში, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, – დასავლური განათლება და დიპლომი, არ აღმოჩნდა უფრო ძლიერი, ვიდრე ვთქვათ სხვა მექანიზმები, რომლებიც წესით თან უნდა ერთოდეს აი ამ განათლებას იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ ღირებულებებზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი განათლებულია.

  • თქვენ ამბობთ, რომ ეს მაღალჩინოსნები და არა მარტო ესენი, მხოლოდ ოლიგარქის ინტერესებს იცავენ და არა ქვეყნისას. როცა სასწორზე ფული და ძალაუფლება დგას, ამ დროს განათლება უძლურია? და თუ ასეა, მაშინ რაშია განათლების ძალა?

ვერ ვიტყვით, რომ განათლება უძლურია, მაგრამ განათლება თავისთავად იმისი გარანტი არ არის, რომ იმუნიტეტი გამოიმუშაო ვთქვათ კორუფციის წინააღმდეგ და გახდე ფასეულობების ერთგული ადამიანი. ამას გარანტიას ვერანაირი უნივერსიტეტი ვერ მოგცემთ, თუ თქვენ თვითონ არ გასწიეთ ძალისხმევა იმაზე, რომ შედგეთ ადამიანად და მოქალაქედ. და თუ ეს ორი რამ ერთმანეთს თან არ ერთვის, ვიღებთ იმას, რასაც ახლა (ჩვენს მთავრობაში) ვუყურებთ.

  • თუ მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, როგორი ვიქნები ან რა ფასეულობათა სისტემა მექნება, მაშინ სად ყალიბდება ეს, ვინ მეხმარება ამ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, თუ არა განათლება?

ეს ღირებულებათა სისტემა ყალიბდება სადღაც ჩემსა და საზოგადოებას შორის. მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმას, ვიქნები თუ არა ერთგული მე ამ ფასეულობების, ამ გადაწყვეტილებას ჩემს გარდა ვერავინ მიიღებს.

საბოლოო ჯამში, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, იქნება თუ არა ვთქვათ ფული და ძალაუფლება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები.

როცა მე ვაკეთებ არჩევანს ივანიშვილის 500 მილიონსა და საქართველოს ევროპულ არჩევანს შორის პირველის სასარგებლოდ, ეს ნიშნავს, რომ რა დიპლომიც არ უნდა მედოს ჯიბეში, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს. ეს დიპლომი ვერ იქნება იმუნიტეტის მომცემი, ამ ტიპის კორუმპირებულობის წინააღმდეგ.

  • მაგალითად თორნიკე რიჟვაძე ავიღოთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეა, რომელიც სკოლის პერიოდში „ფლექსის“ პროგრამის მონაწილე იყო, ასევე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სტიპენდიანტი და მაგისტრატურა ბრიტანულ უნივერსიტეტში გაიარა. ლიბერალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში სწავლის მიუხედავად, ეს ადამიანი საუბრობს ტერმინებით, – „ლიბერასტები“, „არავის გადაუღუნოთ“ და ასე შემდეგ? – ეს ამ ადამიანის არჩევანია? 

„შეიძლება ადამიანი გაუშვა ევროპაში, ამერიკაში განათლების მისაღებად, წააკითხო წიგნი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა მაინც ჰგავდეს მგლის თავზე სახარების წაკითხვას, რადგან მგელი მაინც გაიხედავს ტყისკენ. ისევე როგორც ცერცვი არ შერჩება კედელს, რაც არ უნდა ბევრი აყარო.

რაღაც ტიპის ინფორმაციის მიწოდება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა გაითავისოს ღირებულებები. ისევ მამარდაშვილი შემიძლია მოვიშველიო, რომელიც ცოდნასა და გაგებას შორის განსხვავებაზე საუბრობს.

მე შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ ორჯერ-ორი ოთხია, მაგრამ თუ ეს არ გავიგე, მაინც უცხო ინფორმაცია იქნება ჩემთვის. იგივეა რიჟვაძის მაგალითიც, რომლისთვისაც, ვთქვათ, ეს „ქუჩის აკადემია“ უფრო ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე, ვთქვათ, რაღაც ამერიკული პროგრამა ან უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობდა.

ადამიანი, რომელიც კარგად ხსნის კროსვორდებს, ის არ არის განათლებული ადამიანი ხომ? მას აქვს რაღაც ტიპის ინფორმაცია, მაგრამ განათლება ისევ და ისევ გულისხმობს არა მარტო ინფორმირებულობას, არამედ ამ ინფორმაციის გააზრებას, გაგებას და პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამ პიროვნებად კი შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანი და შეიძლება ვერა.

პიროვნებად ჩამოყალიბებაში ადამიანის ძალისხმევის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახიც, საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტიც, სადაც სწავლობს ადამიანი. მაგრამ გადაწყვეტილებას საბოლოოდ მაინც თვითონ იღებს. სამწუხაროა ის, რომ ძალიან ბევრს არ ეძლევა შესაძლებლობა წავიდეს დასავლეთში და მიიღოს კარგი განათლება, ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ ის, ვისაც ხელი მიუწვდება ამაზე, საბოლოოდ პიროვნების ნაცვლად, მარიონეტად ყალიბდება.

  • თქვენც გერმანიაში სწავლობდით ხომ და მუშაობდით კიდეც? მაგალითად, გერმანული განათლების სისტემა არ უყურებს ამ საკითხს ისე, რომ ცოდნასთან ერთად ის ფასეულობებსაც აწვდის სტუდენტებს?

დიახ, ძალიან ხშირად ასეა აქაც, რომ გერმანიაში განათლებამიღებულ ადამიანს ავტომატურად უყურებენ, როგორც მათ თანამოაზრეს, როგორც მათი მსგავსი ფასეულობების მატარებელს, მაგრამ ფაქტია, რომ კობახიძეში ან ვთქვათ პაპუაშვილში, ამ ფასეულობებმა ფესვი ვერ გაიდგა. ამიტომ ასეთი მექანიკური პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.

ის, რომ ადამიანმა დაამთავრა გერმანული უნივერსიტეტი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ის ევროპული ფასეულობების მატარებლად მივიჩნიოთ. იგივე დამოკიდებულება აქვთ ამერიკულ უნივერსიტეტებსაც. ვფიქრობ, ამ პოლიტიკას უნდა გადახედონ ქვეყნებმა.

ევროპულ უნივერსიტეტებს წელიწადში ათიათასობით ადამიანი ამთავრებს და ისინი ვერ მოგვცემენ იმის გარანტიას, რომ გაზრდიან ჩამოყალიბებულ პიროვნებებს. მართალია, ჰუმბოლდტისეული უნივერსიტეტის იდეაში ეს აზრი დევს კიდეც, მაგრამ რეალურად ასე მაინც არ არის. ფასეულობების არჩევანი რეალურად ადამიანის არჩევანია.

  • თქვენი შეფასებით, ადამიანმა მუდმივად უნდა გაიღოს ძალისხმევა, რომ არ დაკარგოს სახე. აი მაგალითად,ოსამართლე ბიძინა სტურუას ე.წ სვ-ს რომ გადავხედოთ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ მთელი ცხოვრებაა სწავლობს, ძალიან პრესტიჟულ დასავლურ უნივერსიტეტებში აქვს განათლება მიღებული, თუმცა ადამიანები მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ ოლიგარქის სახლთან კარავი გაშალეს. რა ახსნა აქვს ამას?  

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი, რაც მას ბიოგრაფიაში უწერია, მართლაც ასეა, მაგრამ აქ ისევ და ისევ ცოდნის მიღებასა და გააზრებასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, იურისტები მიდრეკილი არიან სახელმწიფო მანქანის მორჩილებისკენ. არა მარტო დღევანდელ, არამედ საბჭოთა კავშირშიც სწორედ განათლებული იურისტები იყვნენ ისინი, ვინც ტოტალიტარულ რეჟიმს ემსახურებოდნენ ისევე, როგორც ეს ნახსენები მოსამართლე.

ასე, რომ კულტურა და განათლება არ გვაძლევს არაფრის გარანტიებს, თუ ისევ და ისევ ჩვენ არ ჩავდეთ პიროვნული ინვესტიცია ამაში და ჩვენ არ შევდექით მოქალაქეებად, არ შევდექით ადამიანებად, არ გვიშველის არც ინფორმაცია, არც დიპლომი და არანაირი კულტურა.

იმას, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ ტიპური მაგალითია კორუფციის, იმის თუ როგორ იხრწნება, იშლება ადამიანი და მაშინ, როცა ის უნდა ყოფილიყო შემდგარი პიროვნება, სახეზე გვაქვს დაშლილი, ამორფული, ადვილად მანიპულირებადი არსება, რომელსაც შესაძლოა კედელზე პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომიც ეკიდოს, მაგრამ ამას ასეთ დროს არანაირი ფასი აღარ აქვს.

  • მონური ფსიქოლოგიაა ეს, თუ მხოლოდ პირადი კეთილდღეობის სურვილი?

ეს არ არის მარტო მორჩილებისადმი მიდრეკილება, თუ ამას გულისხმობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობები, რომელსაც ადამიანი იღებს ცხოვრებაში. პრივილეგიები ხომ? თუ ვინმე შემოგთავაზებთ, რომ გახდეთ პარლამენტის წევრი, თავმჯდომარე ან კომიტეტის ხელმძღვანელი, გემსახურებოდეთ მანქანა, იღებდეთ შეღავათიან კრედიტებს, იშენებდეთ სახლს იოლად და დაგეყაროთ თავზე ამ პრივილეგიების კასკადი, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, ეს არ არის ისეთი ცდუნება, რომელსაც ადამიანმა შეიძლება მარტივად გაუძლოს.

ეს არ არის მხოლოდ სურვილი, არამედ შეგნებული გადაწყვეტილებაა. მატერიალური კეთილდღეობა და კარიერაა უფრო მნიშვნელოვანი მისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ. მაგალითად პატიოსნება, მაგალითად საზოგადოებრივი რეპუტაცია, ქვეყნის ინტერესი, სამშობლოს სიყვარული და ასე შემდეგ. სადღაც ტელევიზორში გამოჩენა უფრო მნიშვნელოვანია ვთქვათ, ვიდრე ის, თუ როგორი იქნება საქართველო ასი წლის შემდეგ.

zaali

ზაალ ანდრონიკაშვილი

ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც პიროვნულად შეუმდგარი ადამიანები იღებენ. ეს მათი პირადი ტრაგედიაა, მაგრამ, როცა ეს პირადი ტრაგედია იქცევა საზოგადოებრივ პრობლემად, მაშინ გვიწევს ჩვენ ამაზე საუბარი. მაგალითად მაშინ, როცა ეს ადამიანები ხელს გვიშლიან დღეს ავისრულოთ ჩვენი და მრავალი თაობის ოცნება და სურვილი – ვგულისხმობ ევროინტეგრაციას.

თუმცა ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას ეს ბრძოლა, ეს ომი არ გვაქვს ბოლომდე დამთავრებული, შუაგულში ვართ და ვერ ვიტყვით, რომ ხელი ჩავიქნიეთ. ვერც იმას ვიტყვი, რომ მეორე მხარე ვართ უმცირესობაში. შეიძლება არ გვაქვს ივანიშვილის ფინანსური რესურსი, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ღირებულებები, მაგალითად სიმართლე, რომელიც ჩვენს მხარესაა. აი, ამ ბრძოლას მოვიგებთ საქართველოსთვის, რამდენი მილიარდიც არ უნდა ჰქონდეს ივანიშვილს და რამდენი ადამიანის კორუმპირებაც არ უნდა შეძლოს.

  • ჩვენ ძალიან ხშირად ვსაყვედურობთ ხოლმე სკოლას და უნივერსიტეტსაც, რომ ვერ აძლევენ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებას და ვერც ღირებულებებს უყალიბებენ. გამოდის, მთლად ვერც სკოლას დავადანაშაულებთ თუკი ღირებულებები პიროვნული არჩევანი გამოდის.

მე მაინც ვიტყვი, რომ კარგი და ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კარგ განათლებას ასევე სჭირდება პიროვნული ღერძი, ფასეულობების სისტემა, რომელსაც ჩვენი წინაპრებიც გვასწავლიდნენ, რადგან საზოგადოების მსახურება ყოველთვის ითვლებოდა ჩვენს კულტურაში მნიშვნელოვან საქმედ და ამას გვასწავლის ჩვენი ლიტერატურა, მწერლობა და ისტორიაც.

თუ გადავხედავთ მე-19 და თუნდაც მე-20 საუკუნის ლიტერატურას, მკაფიოდ არის გამიჯნული ფულის კეთება, კაპიტალის აკუმულაცია და საზოგადოების მსახურება. ამ ორიენტირს უნდა მივყვეთ.

ფული, თანამდებობა, მატერიალური სიკეთეები, რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ეს არ არის ყველზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენს ცხოვრებაში. ეს უნდა გავიხსენოთ ხშირად და გავახსენოთ სხვებსაც. ეს არის განათლების აზრი, ასეთი რამ რომ გავიგოთ და თუ ვერ გავიგეთ, რაღაც მომენტში შესაძლოა ივანიშვილის ზოოპარკის რომელიმე ცხოველადაც იმუშაო.

ამიტომ, საქართველოში მოქალაქეების აღზრდას გერმანულ ან ამერიკულ უნივერსიტეტს ვერ გადავაბარებთ. ეს არ არის ამ უნივერსიტეტების ამოცანა და ვერ ვეტყვით მათ, რატომ გაგვიზარდეთ ასეთი კობახიძე. სასაცილო იქნებოდა. უნივერსიტეტის დანიშნულებაა ადამიანს მისცეს ხარისხიანი განათლება, მიანიჭოს აკადემიური ხარისხიც და ამაში ბუნებრივია სხვა ბევრი რამეც შედის, მაგალითად იგივე ფასეულობები, მაგრამ გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტი ვერ იქნება მომავლის სამჭედლო, მით უმეტეს ქართული მომავლის.

პარლამენტის წევრი რომ თავის კოლეგა ქალზე არ იძალადებს, ამის გარანტიას ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოგცემს, რადგან განათლება არ არის პანაცეა თუნდაც ძალადობის წინააღმდეგ. კარგი იქნებოდა ასე რომ ყოფილიყო, მაგრამ არ არის, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორი პიროვნება იყოს ის, მაინც კონკრეტული ადამიანი იღებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: