მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები

30.07.2022 • 7132
როგორ მოვიქცეთ კუდუსუნის ტრავმის დროს – ექიმის რჩევები

კუდუსუნი ხერხემლის ყველაზე ქვედა ზონაა, რომელიც 5 გაერთიანებული, უმოძრაო მალისგან შედგება. მისი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია ხერხემლის ქვედა ბოლოში, როგორც წესი, ტრავმის შედეგია. ბათუმის სამედიცინო ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგი დავით მიქელაიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც ტკივილს შეგიმსუბუქებთ, თუმცა იმის დასადგენად რა სახის დაზიანებაა ეს – დაჟეჟილობა თუ მოტეხილობა, რენტგენოგრაფიული გამოკვლევაა საჭირო. „ორივე შემთხვევა ხასიათდება ძლიერი ტკივილით” – ამბობს ექიმი.

  • ბატონო დავით, რა სახის ტრავმამ შეიძლება გამოიწვიოს კუდუსუნის დაზიანება?

ამ ძვლის დაზიანება მხოლოდ ტრავმულად ხდება. უმეტესად იმ შემთხვევებში ვითარდება, როცა ხდება სიმაღლიდან  ვარდნა და საჯდომის არეში დაცემა. იშვიათად, რომ მოტეხილობა იყოს, უფრო დაჟეჟილობასთან გვაქვს საქმე.

  • როგორი ტკივილი ახასიათებს კუდუსუნის დაზიანებას და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

ტრავმის დროს რაც უფრო მალე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესი. დიაგნოსტიკის თვალსაზრისით საკმარისია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც ყველა კლინიკაშია ტარდება, რის შემდეგ ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.

კუდუსუნის ტრავმას ძლიერი ტკივილი ახასიათებს და ეს ტკივილი ახლავს როგორც დაჟეჟილობას, ისე – მოტეხილობას, ასე რომ ტკივილით დიფერენცირება შეუძლებელია. მხოლოდ რენტგენოლოგიური სურათი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, დაჟეჟილობაა თუ მოტეხილობა.

თვე-თვენახევარი არის საჭირო იმისთვის, რომ დაჟეჟილობის ან მსუბუქი მოტეხილობის ტკივილებმა გადაიაროს.

  • როგორია მკურნალობა დაჟეჟილობისა და მოტეხილობის დროს?

უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა დაჟეჟილობისა და მოტეხილობის დროსაც კონსერვატიულია და ერთი და იგივე მეთოდებით ხდება. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო სწრაფი მოქმედების რექტალური სანთლები და მალამოები გარედან.

ასევე, ტკივილის შესამცირებლად, ტრავმის მიღებიდან პირველი ორი საათის განმავლობაში შესაძლებელია ცივი კომპრესის გამოყენება.

თუ სერიოზული მოტეხილობაა საჯდომის ძვლის, მაშინ ხდება მისი ე.წ. რეპოზიცია, ადგილზე დაყენება. საქმე ის არის, რომ ფიქსაციით ვერ დააფიქსირებ კუდუსუნის ძვალს, ერთადერთი, რაც რეკომენდებულია ამ შემთხვევაში, მაგალითად ტუალეტში გასვლისას გამოიყენოს პაციენტმა რბილი დასაჯდომი, რათა არ მოხდეს კომპრესია კუდუსუნის ძვალზე, რაც იწვევს გაუსაძლის ტკივილს.

კუდუსუნის ტრავმების შემთხვევაში მთავარი მკურნალობა არის ტკივილის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

  • შესაძლოა ტკივილმა გადაიაროს და წლების შემდეგ კვლავ იჩინოს თავი?

თუ რაიმე გართულებამ უნდა იჩინოს თავი კუდუსუნის მოტეხილობის დროს, ის იჩენს თავს იმ მომენტშივე, როდესაც ეს ხდება. რაიმე განსაკუთრებული გართულებები, რომლებიც შეიძლება შემდეგში გამოიწვიოს, არ არის დამახასიათებელი მისთვის, ყველაფერი ხდება მწვავედ.

_____________________________

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის რეკომენდაციებით, ტრავმირებული კუდუსუნის ტკივილის შესამსუბუქებლად:

  • დასხედით სწორად – შეინარჩუნეთ ზურგის ქვედა ნაწილით გამართულად;
  • გამოიყენეთ კუდუსუნისთვის შექმნილი სპეციალური ბალიში ჯდომისას – ასევე დაგეხმარებათ სავარჯიშო ბურთზე ჯდომაც;
  • დაწექით გვერდზე, რათა შეამციროთ ზეწოლა კუდუსუნზე;
  • დაიდეთ პირსახოცში გახვეული ყინულის პაკეტი დაზიანებულ ადგილზე 20-დან 30 წუთის განმავლობაში;
  • ტკივილის შესამცირებლად გამოიყენეთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • გამოიყენეთ ლაქსატივები [მედიკამენტების ჯგუფი, რომელიც გამოიყენება ყაბზობის დროს] კუჭის მოქმედების დროს დაჭიმულობის მოსახსნელად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: