მთავარი,სიახლეები

კიევის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა 15 წლით შეუცვალა

30.07.2022 • 2103
კიევის სასამართლომ რუს სამხედროს სამუდამო პატიმრობა 15 წლით შეუცვალა

კიევის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს, სამუდამო პატიმრობა 15 წლიანი პატიმრობით შეუცვალა. ის სასამართლომ სუმის ოლქის მცხოვრების, ალექსანდრ შელიპოვის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ომის დანაშაულისთვის გაასამართლეს. გამოძიების ინფორმაციით, 2022 წლის 28 თებერვალს, რუსეთის არმიის სერჟანტმა თავში ესროლა 62 წლის კაცს, რომელიც სოფელ ჩუპახოვკაში ველოსიპედით მიდიოდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა.

შიშმარინმა სასამართლოს ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ მას კაცის მოკვლა არ უნდოდა, თუმცა უფროსებმა აიძულეს. „იქ იყო კაცი, ტელეფონზე ლაპარაკობდა. პრაპორშჩიკმა მაკეევმა მიბრძანა, მესროლა. უარი ვუთხარი. მერე კიდევ ერთმა სამხედრომ მუქარის ტონით გამიმეორა ბრძანება, იმ არგუმენტით, რომ ეს კაცი გაგვცემდა. მეც ვისროლე,“ – თქვა სასამართლოს სხდომაზე შიშიმარინმა.

სასამართლო პროცესი ღია იყო. 19 მაისს სხდომაზე მოკლულის ქვრივი კატერინა შელიპოვა გამოვიდა. მისი თქმით, ქმრის მკვლელობის დღეს, შინ იმყოფებოდა. როდესაც სროლის ხმა გაიგონა, ჭიშკართან გავიდა და იქვე ავტომატით ხელში მანქანაში მყოფი შიშიმარინი დაინახა.

„ჭიშკარი დავკეტე და იქვე ვიდექი. როდესაც სროლა დამთავრდა, ქუჩაში გავედი და ჩემი ქმარი დავინახე. უკვე მკვდარი იყო“, – უთხრა მოკლულის ცოლმა სასამართლოს და დასძინა, რომ დამნაშავისთვის სამუდამო პატიმრობა სურდა, თუმცა თუ მას „აზოვსტალის“ დამცველებში გაცვლიდნენ, წინააღმდეგი არ იქნებოდა.

ვადიმ შიშიმარინს სამუდამო პატიმრობა კიევის რაიონულმა სასამართლომ 23 მაისს მიუსაჯა, თუმცა მსჯავრდებულმა განაჩენი ივნისში გაასაჩივრა. მისი ადვოკატები შემამსუბუქებელ გარემოებებად მიუთითებდნენ, რომ შიშიმარინი ნებაყოფლობით ჩაბარდა ტყვედ, ბრალი აღიარა და ჩვენებაც მისცა.

მთავარი ფოტო: ვადიმ შიშიმარინი/ფოტო: Unian.net

გადაბეჭდვის წესი


ასევე: