მთავარი,სიახლეები

„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ურმის გზაა“ – მძღოლი ხულოდან

01.08.2022 • 3850
„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი ურმის გზაა“ – მძღოლი ხულოდან

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის ბევრი მონაკვეთი წლებია დაზიანებულია და წლიდან წლამდე მდგომარეობა  უარესდება.

ამ თემასთან დაკავშირებით ბათუმის ავტოსადგურში „ბათუმელები“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების ათამდე მძღოლს ესაუბრა. ყველა მათგანი ამბობს, რომ აღნიშნული გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც გზაზე გადასაადგილებლად საჭიროზე გაცილებით მეტი საწვავი და დროა საჭირო. ხშირად ზიანდება ავტომანქანებიც.

თემურ ბოლქვაძე 37 წელია მძღოლია. ეს პროფესია მისი შემოსავლის წყაროა. იგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხიდანაა. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ ეს „ურმის გზაა“.

  • ბატონო თემურ, თქვენი შეფასებით, რა მდგომარეობაშია დღეს ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი?

ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 21-ე საუკუნეში რომ ურმის გზა იქნება… ამას ყველა ხედავს, ყველამ იცის, მაგრამ არავინ ყურადღების მიმქცევი არ არის. გაჭირვებით ვმოძრაობთ. წარმოიდგინეთ, 30 კილომეტრის გავლისთვის რომ 3 საათი გჭირდება, იქ რა გზა და კვალი იქნება.

  • ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ყველაზე მეტად გზის რომელი მონაკვეთია დაზიანებული?

ხულოს სოფელ დიოკნისიდან გოდერძის უღელტეხილამდე. გუშინ თბილისში ვიყავი ბათუმი-ახალციხის გზით და 30 კილომეტრის მანძილზე არ მექნება 150 მეტრი მეორე სიჩქარით გავლილი. პირველი სიჩქარით გადავიარე მთელი 30 კილომეტრი.

ნორმალური გზა, 30 კილომეტრი 10-15 წუთის გასავლელია. სად სამი საათი და სად, ვთქვათ, ნახევარი საათი 30 კილომეტრის გასავლელად.

  • წლების წინ ბათუმი-ახალციხის გზა სრულად იყო მოასფალტებული, ახლა დიდ მონაკვეთზე ასფალტი საერთოდ არ არის ან ღრმა ორმოებია. მაღალი გამავლობის მანქანები ამ გზაზე ხშირად ეზიდებიან ტვირთს. თქვენი აზრით, ხომ არ არის ეს ტვირთი ნორმაზე მეტი და ხომ არ აზიანებენ ეს ავტომანქანები გზებს?

თუ დიდი წონის ავტომანქანებმა არ მიიტანეს [სამშენებლო მასალა], გზები ისე არ გაკეთდება. უნდა გაიაროს და შეიქმნას ამის საფუძველი. არის ქვეყნები, სადაც გზაც უვარგათ და კვალიც, როცა ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერს. ხალხს ეუბნებიან: 2 წელში იქნება, 4 წელში იქნება… წელს უნდა ყოფილიყო ხულოს ცენტრიდან სადღაც 12-15 კილომეტრის რადიუსში მოასფალტებული გზა, ახლა გადაიდო და არ არის.

ეს კომპანიები იწყებენ [გზის რეაბილიტაციას] –  გაკოტრდებიან და პასუხის მომთხოვნი არავინ არის, რატომ გაკოტრდა, სად წავიდა ეს თანხა, რა მოხდა. წავიდა ერთი კომპანია, მერე სანამ ტენდერი ჩატარდა, 5-6 თვე გავიდა… ამ დღეშია მთელი ქვეყანა, კორუფციის ზღვაა.

  • როგორ ფიქრობთ, როდის მოხერხდება ბათუმი-ახალციხის გზის სრული რეაბილიტაცია?

ვერ წარმომიდგენია. არც მგონია, რომ მოხერხდეს.

37 წელია, რაც ამ სისტემაში ვმუშაობ. ამბობენ, 2 წელში იქნება, 5 წელში იქნება… 37 წელი გავიდა ასე და დღეს კიდევ ამ მდგომარეობაშია გზა.

  • მგზავრობის ფასი გაიზარდა. ეს მხოლოდ საწვავს უკავშირდება, თუ დაზიანებული გზაც აძვირებს თქვენს ხარჯებს?

რა თქმა უნდა, უკავშირდება საწვავსაც და გზასაც.

ფასების გაზრდა აისახა კლიენტებზეც. ხალხში არ არის შემოსავალი. კაცი ხულოდან რომ ჩამოვიდეს ბათუმში და ავიდეს უკან, ხულოში, 30 ლარი სჭირდება, ეს მხოლოდ მგზავრობისთვის. იქ კიდევ რაღაც ხომ სჭირდება?! საიდან არის ეს შემოსავლის წყარო, არის სადმე? არ არის.

  • რამეს ხომ არ ეტყოდით მთავრობის წევრებს?

რა ვუთხრა. მათ ჩემზე კარგად ეუბნებიან, მაგრამ თუ არ შეისმინეს, თქმას აზრი არა აქვს, იმიტომ, რომ ხალხმა დაკარგა ყველანაირი იმედი. ნებისმიერს ჰკითხეთ, ყველას დაკარგული აქვს ქვეყნის წინსვლის იმედი, იმიტომაა ამ დღეში ქვეყანა.

  • რამდენად უსაფრთხოა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა გადაადგილებისთვის, ხომ არ არის ავარიის საშიშროება გზაზე?

რა თქმა უნდა, არის ადგილ-ადგილ ისეთი გზები, რომ მისახედია.

  • გზის არსებული საფარი რამდენად აზიანებს ავტომობილს?

როცა გზა წესიერად გაკეთდება, ასე იოლად არ დაზიანდება ავტომანქანები. როცა სოფლის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, იქ თუ ჩაყარე, ვთქვათ, ჭაობის მიწა და იმაზე ზემოდან გადააგე ასფალტი, ეს გაძლებს?! უნდა გამყარდეს ფუძე თავიდან, რომ შემდეგ შენარჩუნდეს და იყოს ნორმალურ მდგომარეობაში.

  • დაახლოებით, რამდენს ხარჯავთ თვის განმავლობაში ავტომანქანის რემონტისთვის?

საშინელებაა. იმისთანა ფასები აქვს ავტომანქანის ნაწილებს… როცა, ვთქვათ, გინდოდა 100 ლარი, ერთი რემონტისთვის, ახლა მიდის 300 ლარი. 5 და 10-ლარიანი ნაწილები აღარ არსებობს.

3 რეისი გავაკეთე, 200 კილომეტრია იქეთ-აქეთ ერთი რეისი. 2 რეისით საწვავის ხარჯი ვერ ამოვედი და ერთადერთი რეისი იყო, რომელზეც, ვთქვათ, 50 ლარი გაკეთდა.

ამ ქვეყნად იმედით ვცოცხლობთ, რომ ეგება იყოს, ეგება იყოს… მოვდივართ და მივდივართ.

ყველა მძღოლო ამ დღეშია.

  • ხომ არ გიწევთ საჭიროზე მეტი საწვავის ყიდვა გზის ამ მდგომარეობის გამო?

რა თქმა უნდა. აი, ამ წუთას, აგერ მაქვს ქვითარი და ნახავთ, 150 ლარით 32 ლიტრი საწვავიც არ მოვიდა, რომელიც მე მჭირდება ამ გზაზე და როცა ნორმალური გზა იქნება, ალბათ 30-40 ლარით ნაკლები ხარჯი გვექნება ყოველთვის.

  • როგორ აფასებენ გზის მდგომარეობას თქვენი ნაცნობი მძღოლები?

აი, ყველას ისეთი აზრი ექნება, როგორც ვილაპარაკე, 90 პროცენტს.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზა, გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: