მთავარი,სიახლეები

დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

30.07.2022
დაზიანებები ოლენოვკაში „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამება – ამერიკული ISW

ვიზუალური მტკიცებულება უფრო მეტად უკრაინელთა ვერსიას ამყარებს, ვიდრე რუსებისას. კოლონიიდან გავრცელებულ ვიდეოებში ასახული ზიანი არ შეესაბამება იმ შესაძლო ზიანს, რომელიც „ჰაიმარსის“ დარტყმას შეიძლებოდა გამოეწვია – ასეთ შეფასებას აქვეყნებს აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი ოლენოვკაზე საარტილერიო თავდასხმის შემდეგ.

თუმცა ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ამ ეტაპზე მათ მომხდარის დამოუკიდებლად შესწავლისა და შეფასების შესაძლებლობა არ აქვთ.

„კრემლის მიერ დაფინანსებულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ვიდეო საგამოძიებო იზოლატორიდან. მასში ხანძრის შემდგომი დაზიანებები ჩანს, თუმცა არა ისეთი, როგორიც შეიძლებოდა, „ჰაიმარსის“ დარტყმას გამოეწვია“, – წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები და აღნიშნავენ, რომ რუსულმა მედიამ ასევე აჩვენა „ჰაიმარსის“ რაკეტის ფრაგმენტების კადრები, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ფრაგმენტები კოლონიაში აღმოაჩინეს.

საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისის ღამით მოხდა. რუსული მედიის ცნობით დაიღუპა 53 და დაიჭრა 75 სამხედრო, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით კი, დაღუპულია სულ მცირე 40 და დაჭრილია 130-მდე უკრაინელი ტყვე.

პირველი განცხადება რუსულმა მხარემ გაავრცელა და თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა. მოსკოვის მტკიცებით, კოლონიას უკრაინელებმა „ჰაიმარსით“ დაარტყეს და ამგვარად იმ ტყვეების გაჩუმება სცადეს, რომლებმაც „ჩვენებების მიცემა დაიწყეს“.

რუსეთი ცდილობს დაფაროს უკრაინელი ტყვეების წამებისა და მკვლელობის კვალი, უკრაინა ომის კანონების დარღვევაში დაადანაშაულოს და ამით ხელი შეუშალოს დასავლური შეიარაღების მიწოდებას – განაცხადა უკრაინის გენშტაბმა, უკრაინის დაზვერვამ კი დანაშაულზე პასუხისმგებლად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და მისი მფლობელი ევგენი პრიგოჟინი დაასახელა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა, ეს ფაქტი კი მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას ამყარებს.

„ჩვენი ინფორმაციით ტერაქტი განახორციელა კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან შეუთანხმებლად, მისი ნომინალური მფლობელის, ევგენი პრიგოჟინის პირადი ბრძანებით“, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაში.

გუშინვე, სპეციალური განცხადება გაავრცელა პოლკ „აზოვის“ დამაარსებელმა ანდრეი ბილეცკიმ და ნადირობა გამოაცხადა ყველა იმ პირზე, ვინც კოლონიაზე თავდასხმასთანაა დაკავშირებული. „ყველას გიპოვით და გაგანადგურებთ“, – დაწერა ბილეცკიმ ტელეგრამ არხზე.

პოლკის პატრონაჟის სამსახური დაღუპულთა და დაჭრილთა ვინაობის დადგენაზე მუშაობს.

უკრაინის უშიშრობის სამსახურმა, შეიარაღებული ძალებმა, სამხედრო დაზვერვამ და უკრაინის რადამ ერთობლივი განცხადებით მიმართეს გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას და ტერაქტზე რეაგირება და კოლონიაში ინსპექციის გაგზავნა სთხოვეს.

მთავარი ფოტო: ხანძრის შედეგი კოლონიაში/ფოტო: სქრინი ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: