ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 57 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 2 290 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 4 857 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 1 369 ერთეული [+1]
  • MLRS – 330 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 172 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 260 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 224 ერთეული [+4]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 970 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 241 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 711 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 131 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 26 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 302 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 087 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 114ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 845 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 417 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 904 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსების მობილიზაცია შესაძლოა პირიქით უკრაინას დაეხმაროს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ჯარისკაცების მოსამზადებლად რუსეთს ინსტრუქტორები არ ჰყოფნის – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ბაზებზე უკვე გამოჩნდა იმ ადამიანებისგან შემდგარი პირველი ჯგუფები, რომლებიც რუსეთის „ნაწილობრივი მობილიზაციის“ ფარგლებში გამოიძახეს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, უკვე ათობით ათასი გაწვევაა დაგზავნილი.

„ახლა რუსეთი წააწყდება სამხედროების მომზადებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და ლოგისტიკურ პრობლემებს,“ – წერს უწყება 26 სექტემბრის რელიზში და მიუთითებს, რომ ბევრი დასავლური არმიისგან განსხვავებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები საკუთარ ჯარისკაცებს ძალიან დაბალ დონეზე ამზადებენ.

დაზვერვის აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ყოველი რუსული ბრიგადის შემადგენლობაში მყოფი ერთი ბატალიონი გარნიზონში რჩება, როდესაც სხვა ორი ბრძოლის ველზე მიდის. შესაბამისად, სწორედ დარჩენილი ბატალიონის წევრები ხდებიან ინსტრუქტორები ახალწვეულებისა და კონტრაქტით მიღებული ახალი სამხედროებისთვის. თუმცა უწყების ინფორმაციით, რუსეთმა უკვე ბევრი ასეთი მესამე ბატალიონიც უკრაინაში გადაისროლა.

„სამხედრო ინსტრუქტორების ნაკლებობა და სიჩქარე, რომლითაც რუსეთმა მობილიზაცია დაიწყო, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ გაწვეული სამხედროების დიდი ნაწილი ფრონტის წინა ხაზზე მინიმალური მომზადებით გაემგზავრება და, სავარაუდოდ, ძალიან სწრაფად გამოიფიტება,“ – ასკვნის დაზვერვა.

რუსეთში დაწყებული „ნაწილობრივი მობილიზაციაა“ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) მთავარი თემაც. ინსტიტუტის ანალიტიკოსებიც ხაზს უსვამენ, რომ რეზერვისტთა დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, არასაკმარისად მომზადებული იქნება. ISW მიიჩნევს, რომ მობილიზაცია ვერ მოახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე 2022 წელს და სავარაუდოდ, ვერ მოახდენს დრამატულ გავლენას ვერც რუსეთის შესაძლებლობაზე, 2023 წელსაც შეინარჩუნოს თავისი საბრძოლო ოპერაციების ახლანდელი დონე.

რუს რეზერვისტებს მომზადების დაბალი დონე და კიდევ უფრო დაბალი საბრძოლო განწყობა ექნებათ – ISW

რუსეთის პრეზიდენტს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია, რათა რუსეთის მოსახლეობა ომისა და სამხედრო მობილიზაციისთვის მოემზადებინა – მიიჩნევენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

როგორც ინსტიტუტის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი, რუსეთის მაღალჩინოსნები და კრემლის პროპაგანდისტები თავიდანვე დასცინოდნენ აზრს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა და ამას სამხედრო აგრესიის დაწყებამდე განაგრძობდნენ. პუტინი ჯიუტად ცდილობდა სამხედრო აგრესიისთვის არა ომი, არამედ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ეწოდებინა და არ უცდია, შეექმნა საინფორმაციო პირობები, რათა საკუთარი ხალხი მობილიზაციისთვის მოემზადებინა.

„პუტინის საინფორმაციო „ჩავარდნები“ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთის მიწაზე არ არიან არც უკრაინის და არც NATO-ს ჯარები და რუსეთის სიღრმეში შეჭრის საფრთხე არ არსებობს. ახლა არც 1812 წელია, არც 1914 და არც 1941 და ფაქტორები, რომლებიც ამართლებდა მობილიზაციას ადრეულ რუსულ ომებში, უბრალოდ არ არსებობს ამ აგრესიულ ომში, მიუხედავად იმისა, თუ როგორც ცდილობდეს პუტინი ამის წარმოჩენას,“ – წერს ISW.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ შეუქმნიათ წინაპირობები ეფექტიანი ფართომასშტაბიანი მობილიზაციისთვის სულ მცირე 2008 წლის შემდეგ და არ ქმნიდნენ სარეზერვო ძალებს, რომლებიც დაუყოვნებლივი მობილიზაციისთვის აუცილებელი იქნებოდა.

„ამ პრობლემების სწრაფი გადაწყვეტის გზა არ არსებობს. მობილიზაციის პროცესი იქნება ძალიან მახინჯი, რეზერვისტების ხარისხი – დაბალი და მათი საბრძოლო მოტივაცია, სავარაუდოდ – კიდევ უარესი, თუმცა სისტემა ალბათ, შეძლებს, სამხედრო კომისარიატებმა და რუსმა ჩინოვნიკებმა მოახერხონ ადამიანების მოძებნა და მათი ჯერ სასწავლო ბაზებზე, შემდეგ კი ომში გაგზავნა,“ – აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

ISW-ის შეფასებით, პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის პუტინის გადაწყვეტილების აღსრულებას, იმდენად ღრმა და ფუნდამენტურია, რომ მათ გადაწყვეტას რუსეთი უახლოეს თვეებში და შესაძლოა, უახლოეს წლებშიც კი ვერ შეძლებს – „ეს მობილიზაცია ვერ მოახდენს გავლენას ომის მიმდინარეობაზე 2022 წელს და სავარაუდოდ, ვერ მოახდენს დრამატულ გავლენას ვერც რუსეთის შესაძლებლობაზე, 2023 წელსაც შეინარჩუნოს თავისი საბრძოლო ოპერაციების ახლანდელი დონე.

ჩამოვაგდეთ რუსული ბომბდამშენი და მის დასახმარებლად მიმავალი ვერტმფრენი – უკრაინა

დღეს, 25 სექტემბერს, უკრაინის დროით დაახლოებით 17:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს ერთი რუსული გამანადგურებელი სუ-25 და ერთიც ვერტმფრენი. თვითმფრინავი ოდესის საჰაერო სარდლობა „სამხრეთის“ საზენიტო-სარაკეტო დანაყოფმა ჩამოაგდო.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული მხარის თანახმად, სუ-25 თავს დაესხა უკრაინელ სამხედროებს ხერსონის ოლქში.

შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ბომბდამშენის პილოტის გადასარჩენად ვერტმფრენი მი-8 გააგზავნეს. თუმცა, ოდესის ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა რუსული ვერტმფრენიც გაანადგურეს.

უკრაინის საჰაერო ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს საჰაერო თავდაცვამ ასევე ჩამოაგდო ორი ირანული დრონი ნიკოლაევისა და ოდესის რეგიონებში.

უკრაინული მხარის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთმა უკვე დაკარგა 259 თვითმფრინავი. ოკუპანტმა ქვეყანამ ასევე დაკარგა 220 ვერტმფრენი და 966 დრონი.

რუსული მხარის 24 სექტემბრის მონაცემებით კი, უკვე გაანადგურეს უკრაინის 299 თვითმფრინავი და 155 ვერტმფრენი.

___

ამავე თემაზე

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

ბიაფზე გამარჯვებული ფილმები – კინოფესტივალი დასრულდა

დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმის საავტორო კინოს მე-17 საერთაშორისო ფესტივალი  BIAFF-ი დასრულდა. უკვე ცნობილია ის ფილმები, რომლებმაც წელს ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

  • ფესტივალის მთავარი პრიზი, გრანპრი –  „კლონდაიკი“, მარინა ერ გორბაჩი – თურქეთი/უკრაინა, 2022
  • საუკეთესო რეჟისურა –  მარინა ერ გორბაჩი ფილმისთვის „კლონდაიკი“ – თურქეთი/უკრაინა, 2022
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ამირ აგაე ფილმისთვი „ოთხი კედელი“, ბაჰმან გობადი – თურქეთი/დიდი ბრიტანეთი, 2021
  • საუკეთესო მსახიობი ქალი –  მარიამ ხუნდაძე ფილმისთვის „ჩემი ოთახი“. რეჟისორი: სოსო ბლიაძე – საქართველო, გერმანია, 2022

წელს მხატვრული ფილმების საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე ლეხ მაიევსკი (პოლონეთი) იყო. ჟიურის წევრები იყვნენ ასევე: კარმენ გრეი (გერმანია), ლაშა ხალვაში, ნინო ბასილია და გელა ბაბლუანი (საქართველო).

ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ორ ფილმს:

  • „ჩემი ოთახი“, სოსო ბლიაძე – საქართველო, გერმანია, 2022
  • „ჯოგის იმუნიტეტი“, ადილხან იერჟანოვი – ყაზახეთი/საფრანგეთი, 2021

დოკუმენტური ფილმების სექციაში ჟიურიმ ორი გამარჯვებული ფილმი დაასახელა:

  • “ჰეი, გუნეშ!“, ანა ჯეგნარაძე და მარიტა თევზაძე, საქართველო, 2021, 22 წთ
  • „რესპუბლიკა, ხვიჩა და თინათინ ემირიძეები, საქართველო, 2022, 70 წთ

დოკუმენტური ფილმები BIAFF-ზე CINE-DOC TBLISI კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში აჩვენეს.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში სამი გამარჯვებული ფილმი დასახელდა:

  • გრანპრი – „აქ სიმშვიდეა“, ნოვრუზ ჰიკმეტი/ოლენა პოდოლიანკო – უკრაინა, 2022 წ.; 12 წთ.
  • „აქ სანახავი არაფერია“, ნიკოლას ბუჩესი – პორტუგალია, 2022; 16 წთ.
  • „აქსელი“, ლევან უჩანეიშვილი -საქართველო, 2022 წ. 30 წთ.

წელს BIAFF-ზე მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამკაციანი ჟიური აფასებდა: ზურაბ ცინცქილაძე (საქართველო), ილეანა სტანკულესკუ (რუმინეთი), თორნიკე გოგრიჭიანი (საქართველო).

ფესტივალზე დასახელდა მაყურებლის რჩეული ფილმებიც. ორივე პრიზი ბათუმელ რეჟისორებს ერგოთ. მაყურებლის რჩეული გახდა ფილმები:

  • „რონინის აღსარება“, გიორგი ხუხუნაიშვილი, საქართველო, 2022 წ. 10 წთ.
  • „აღდგომა“, ნიკოლოზ ვერძაძე, საქართველო, 2022 წ.; 25 წთ.

დღესვე კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა ცნობილ პოლონელ რეჟისორს ლეხ მაიევსკის.

ასევე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის გახსნისას ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ მსახიობები ზურაბ ცინცქილაძე და თენგიზ არჩვაძე.

2022 წელს ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ: შვეიცარიის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ლიეტუვას საელჩო, ბათუმის თოჯინების თეატრი.

კინოფესტივალის სპონსორები: კინოთეატრი APOLLO, ART ITALY GROUP, Mareteli Friends Winery და კომპანია „შინდი“.

რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს – ISW

„რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.

ომის შემსწავლელ ინსტიტუტს ამის თქმის საფუძველს აძლევს, გუშინ, 24 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ყოფილ ოლენოვკას კოლონიაში იმყოფებოდნენ, სიტყვიერად „სთხოვენ“ ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ის ხელისუფლებას, რომ იბრძოლებენ „ბოგდან ხმელნიცკის“ სახელობის კაზაკ მოხალისეთა ბატალიონში.

უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ აგრესორ ქვეყანას ამის გაკეთება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უხეში დარღვევაა ჟენევის კონვენციისა, რომლის თანახმად, დაუშვებელია სამხედრო ტყვე გააგზავნო ან დააყოვნო საომარი მოქმედებების ზონაში.

უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთი სისხლიან პროვოკაციას ამზადებს.

უკრაინელი სამხედრო-ანალიტიკოსის, ალექსანდრე კოვალენკოს თქმით, რუსული ჯარები ამზადებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციას, რასაც მოჰყვება სისხლიანი პროვოკაცია.

„რუსეთის ფედერაცია აპირებს გამოაცხადოს, რომ ოლენოვკაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეები, სავარაუდოდ, მზად არიან იბრძოლონ რუსების მხარეს. ამის შემდეგ კი მოხდება ტყვეების ლიკვიდაცია.

პირველ შემთხვევაში, უბრალოდ, იყო მცდელობა, ტყვეების დახოცვა დაებრალებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ახლა ემზადებიან რამდენიმე ეტაპიანი გააზრებული პროვოკაციისთვის“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი გამოცემა „უნიანთან“.

29 ივლისის ღამეს, ოლენოვკას ყოფილ გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.

___

თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.

თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა რუსეთი საგამოძიებო მისიებს კოლონიაში შესვლის ნებართვას.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა. დაზვერვამ თავდასხმის ავტორად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაასახელა.

საერთაშორისო ორგანიზაციები, უწყებები და მედიასაშუალებები, რომლებმაც ოლენოვკიდან ვიდეომასალები შეისწავლეს, აცხადებდნენ რომ რუსეთის თავდაცვის მტკიცების მიუხედავად, რომ კოლონიას უკრაინამ შორსმოქმედი ამერიკული შეიარაღებით დაარტყა, კადრებში ასახული ზიანი „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამებოდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.

„რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ჩვენ ბრმები არ ვართ“ – დაღესტნელი ქალები მობილიზაციის წინააღმდეგ

დღეს დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას ცენტრალურ ქუჩაზე აქცია გაიმართა მობილიზაციის წინააღმდეგ.  „რუსეთი დაესხა თავს უკრაინას, ჩვენ ბრმები არ ვართ. რუსეთი იმყოფება სხვის ტერიტორიაზე. არა ომს“, – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ დაღესტნელი ქალები დღეს, 24 სექტემბერს, აქციაზე. აქციაზე მობილიზებული იყვნენ ძალოვანი სამსახურების წარმომადგენლები, მათ შორის ავტომატებით შეიარაღებული პირები. პერიოდულად ისმოდა სროლის ხმაც.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალების მიხედვით, დღეს აქციები მობილიზაციის წინააღმდეგ გაიმართა დაღესტნის სხვადასხვა სოფელშიც. დაღესტნის ხასავიურტის რაიონის სოფელ ენდირეის მცხოვრებლებმა კი ხასავიურტი-მაჰაჩყალას ფედერალური საავტომობილო გზა გადაკეტა. ქალები და კაცებიც ზოგ შემთხვევაში ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდნენ მილიციას. მილიცია კი მაინც ახერხებდა ადამიანების – სავარაუდოდ იმ პირების გატაცებას, ვისაც მობილიზაცია ეხება.

„თქვენ თვითონ წადით ომში“, – მიმართავენ ქალები მილიციელებს. ისინი სკანდირებენ, რომ წინააღმდეგი არიან გაუშვან თავიანთი ქმრები უკრაინაში საომრად.

აქციაზე ზოგან გაისმა ეს სიტყვებიც – „ჩვენ თავს დაგვესხა არა უკრაინა, არამედ რუსეთი“.

აქციებზე იყო სროლის ხმაც. სავარაუდოდ სამხედროები ავტომატიდან ჰაერში ისროდნენ.

მედია სამხედრო სტრუქტურების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხვალიდან, 25 სექტემბრიდან, კაცებს, რომელთაც ეხებათ მობილიზაცია, ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ.

შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა – მედია

შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ჯარში კონტრაქტით მსახურობდა, კამაზის ტიპის სატვირთო მანქანა გაიტაცა და სამხედრო ნაწილიდან ისე გაიქცა. შემთხვევა ბელგოროდის რაიონში მოხდა.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება, რომელიც ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეზერტირი უკვე დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ჯარიდან გაქცეული კაცი 43 წლისაა. კაცმა თან გაიტაცა მასზე რიცხული ავტომატი, სამხედრო ნაწილიდან გასაღწევად კი სამსახურებრივი კამაზი გამოიყენა, შემდეგ კი ეს მანქანაც მიატოვა და ისე მიიმალა.

მედიის თანახმად, ვიქტორის ცოლი და ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ცხოვრობენ. კაცის ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა გაქცეული. მათ განგაში სწორედ იმის გამო ატეხეს, რომ დაახლოებით სამი დღის განმავლობაში მასთან კავშირზე გასვლას ვერ ახერხებდნენ.

კაცზე გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ჩართული იყო როსგვარდიის სამძებრო სამსახური. კაცი დააკავეს. ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი სისხლის სამართლის კოდექსში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტს. დეზერტირობა რუსეთში 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება – კანონი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამკაცრდა.

___

მთავარი ფოტო: 24 არხი, კოლაჟი

ხანდახან ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისთვის მოკვდეს – ბათუმში მცხოვრები ირანელი

ორი დღეა ბათუმში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება. 24 სექტემბერს, ევროპის მოედანზე აქციას ფარზინ ვალიპური მეგობრებთან ერთად მართავდა. ფარზინი 11 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახი ირანშია.

მშობლიურ ქვეყანაზე საუბრისას ფარზინი ამბობს, რომ ირანს დიდი ისტორია აქვს, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, მაგრამ ახლა „სამწუხაროდ, თავისუფალი ქვეყანა არაა“ – პირველ რიგში ქალებისთვის.

ფარზინ ვალიპური:

ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ირანელებისთვის, რთულია ჩუმად ვისხდეთ და არაფერი გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ ახლა შორს ვართ, არ შეგვიძლია წავიდეთ და ამ ბრძოლაში გვერდით მათ დავუდგეთ. მაგრამ შეგვიძლია მსგავსი პატარა აქცია გავაკეთოთ და აქედან გავაგონოთ ჩვენი ხმა. მათ უნდა იცოდნენ – არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ. ჩვენი გული მათთანაა.

სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე
  • კონტაქტი თუ გაქვთ თქვენს ახლობლებთან რომლებიც ახლა ირანში ცხოვრობენ?

დედაჩემი იქაა. ჩემი რძალი. სამწუხაროდ, ინტერნეტი გათიშულია ირანში. Whatsapp, მესენჯერი – არაფერი არ მუშაობს. ინტერნეტის გათიშვის გამო ძალიან ვნერვიულობ, რადგან ზუსტად არ ვიცი რა ხდება. ღმერთს მადლობა საქართველოში თავისუფლებაა და ინსტაგრამზე ვნახულობ ფრაგმენტებს რა ხდება ირანში. რას აკეთებენ, როგორ მიდის პროტესტი. ძალიან ვდარდობ ამ ყველაფერზე.

  • ირანში ახლა მიმდინარე მოვლენები ერთგვარად ქალების რევოლუციაა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს?

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალები არიან ირანში. იციან რა უნდათ. დიდი ხანია ეს ბრძოლა მიდის. თითქმის 43 წელია ცუდ სიტუაციაში არიან ქალები ირანში.

ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო.

მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი რევოლუციას. ჩემთვის ზუსტი სიტყვა იქნება „პრეტენზია“. პრეტენზია იმის გამო, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის კანონები, რომელიც არის ქვეყანაში. ქალები და კაცები არ არიან თანასწორები ირანში. ეს ძალიან ცუდ სიტუაციაში აგდებს ქალებს.

კარგია, რომ გარეთ გამოვიდნენ და ხმამაღლა ამბობენ, რა უნდათ.

აქედან დაიწყება და იმედია მალე შეიცვლება რაღაც ირანში არსებულ კანონებში. ქალები იქნებიან თავისუფლები. როგორც კაცები არიან ახლა, ქალებიც ეგრე იქნებიან.

ჩვენს ენაში სიტყვა ქალი არის „ზან“ და მოდის სიტყვა ცხოვრებიდან „ზენდეგი“. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ქალები თავისუფლები იქნებიან, ჩვენი ქვეყანა უფრო უკეთესი იქნება. ჩვენი კაცები უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები იქნებიან. ირანში, ყველა ძლიერი კაცის გვერდით, რომლებიც რამე მნიშვნელოვანს აკეთებენ, დგანან კარგი და ძლიერი ქალები. ეს არის ფაქტი. ქალი უნდა იყოს თავისუფალი. არავის აქვს უფლება გითხრას რამეზე – აი, ეს არ შეიძლება. მინდა ვუთხრა ქალებს – ჩემი ქვეყნის ძლიერო და ძვირფასო ქალებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვარ. შორს ვარ, მაგრამ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენი ფიქრები თქვენთანაა.

  • რას ფიქრობენ აქ მცხოვრები ირანელები ირანში მიმდინარე მოვლენებზე?

არავინ არაა ბედნიერი. ჩვენ ამ დღეებში ძალიან ცუდად ვართ. მოწყენილები ვართ. ირანიდან ძალიან ცუდი ამბები მოდის. ბევრი ხალხი მოკვდა ამ დღეებში. პროტესტის მონაწილეებს კლავენ და ეს ცუდია.

მეორეს მხრივ ეს მნიშვნელოვანი პროცესებია ჩვენს ისტორიაში. ვფიქრობ, რაღაც შეიცვლება ჩვენს ისტორიაში და ეს ცვლილებები ქალებიდან დაიწყება.

  • მახსოვს ირანში სხვადასხვა დროს იყო მცირე პროტესტები. რა განასხვავებს ამ პროტესტს სხვა პროტესტებისგან?

ეს სხვაა. კი, ერთი პერიოდი იყო პროტესტები, მაგრამ ხალხი არასდროს ყოფილა ასე ერთად. ადრე დიდი ქალაქები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ. იყო გამოსვლები თეირანში, იყო – შირაზში, ისპაანში, მაგრამ ერთად არა. ახლა პატარ-პატარა სოფლებშიც კი, ხალხი გარეთ გამოვიდა და თავისუფლებას ითხოვს ქალებისთვის. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ჩემი აზრით, ეს არის შეჯახების წერტილი.

  • ფიქრობთ, რომ იმ სისხლის ფასად, რაც ახლა ირანში იღვრება, თავისუფლებას მოიპოვებთ?

რა თქმა უნდა. უაზროდ და უსამართლოდ მოკვდა მაჰსა ამინი. ძალიან ცუდი რამ მოხდა. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ვუყურებთ, როგორ კვდებიან ირანელები. მაგრამ ამხელა მსხვერპლის მიუხედავად, მაინც ძლიერები არიან და კიდევ წინ მიდიან.

როცა გინდა შენი უფლებები მოიპოვო, არასდროს არ არის ეს ადვილი. თავისუფლების მოპოვების გზა, არასდროსაა უფასო. ხანდახან არის მომენტი, რომ ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისათვის მოკვდეს, ოღონდ მისი შვილები და შვილიშვილები მაინც იყვნენ თავისუფლები. ახლა ასე ფიქრობენ ირანელები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავისუფლები.

თავისუფლება და მშვიდობა არის ყველაზე ძვირფასი რამ. ვიცი საქართველოში პირველ სადღეგრძელოს სვამენ მშვიდობას. მშვიდობა მოდის თავისუფლებისგან. როცა თავისუფალი ხარ, მშვიდი ხარ. სახლში რომ მიდიხარ და ფიქრობ – ჩემს სახლში ვარ, თავისუფალი და მშვიდი. არასდროს არ შეიძლება არ გქონდეს მშვიდობა, თავისუფლება და ამ დროს ბედნიერი იყო. ბედნიერება თავისუფლებისა და მშვიდობისგან მოდის.

ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღნიშნეს

ბათუმში ჟესტური ენის საერთაშორისო დღე მსვლელობით აღნიშნეს. მსვლელობა ბათუმში მცხოვრებმა სმენის არ მქონე ადამიანებმა მოაწყვეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას მათი საჭიროებები.

„გაზარდეთ თარჯიმნების რაოდენობა“, „აუცილებელია ჟესტური ენა შედიოდეს სასწავლო პროგრამაში,“ – ეწერა ტრანსპარანტებზე, რომელიც მსვლელობის მონაწილეებს ეჭირათ.

მსვლელობა ჟესტური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„დედაჩემმა ჟესტური ენა არ იცის და ამის გამო მშობლებთან კომუნიკაცია პრობლემაა.   ვისურვებდი მასთან კომუნიკაცია თარჯიმნის გარეშე შემეძლოს, ვისურვებდი, რომ ჟესტური ენის სწავლებაში იყოს დახმარება. სახელმწიფოს მხარდაჭერას ვგრძნობ ნამდვილად, მაგრამ შეიძლება მეტის გაკეთება. მაგალითად, გვყავს ერთადერთი თარჯიმანი რომლის საშუალებითაც ვგებულობთ ყველაფერს. გვინდა უფრო მეტი თარჯიმანი იყოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მსვლელობის მონაწილე ნათია ჩხაიძემ. ნათია სმენადაქვეითებულია. „ბათუმელები“ მას თარჯიმნის საშუალებით ესაუბრა.

„ხელვაჩაურში ვცხოვრობ, მაგრამ ქუთაისის სმენადაქვეითებლთა სკოლაში ვწავლობ.    როგორც მე მჭირდება ჟესტური ენა და ჩემი საკომუნიკაციო ენა არის, ასევე მინდა ყველას ესმოდეს და სწავლობდეს. ძალიან მინდა ჩემთვის ტრანსპორტი იყოს ადაპტირებული და არ მინდა საზოგადოება მიყურებდეს თანაგრძნობით,“ – გვითხრა ნათიამ.

მსვლელობა ჟესტური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჟესტური ენის პედაგოგი დალი ფირცხალავაც ენის სწავლების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს.

„სპეცმასწავლებელი ვარ. ჩემი ოცნება იყო ჟესტური ენა მესწავლა, მაგრამ ბათუმში არ ისწავლებოდა. თბილისში იყო მხოლოდ. მხოლოდ რამდენიმე წელია რაც აქ დაიწყო სწავლება. ძალიან ბევრ ბარიერს ვაწყდებით, როდესაც გვყავს მაგალითად ყრუ მოსწავლე.  ტრანსპორტში შემხვედრია ყრუ ადამიანები, რომლებიც საჭიროებდნენ ინფორმაციას.  ბედნიერი ვარ, რომ ტრანსპორტში თუ მაღაზიაში დავხმარებივარ მათ. მაქვს პატარა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება. სიამოვნებით სწავლობენ ჟესტურ ენას.

დღემდე არაერთხელ მივმართთ მერიას, ცალკე სამინისტროს, რომ დაეფინანსებინათ ჟესტური ენის სწავლება, მაგრამ მივიღეთ ყოველთვის მხოლოდ დაპირება. ვიმედოვნებ, სამომავლოთ რაღაც დოზით მაინც გამოსწორდება სიტუაცია,“ – უთხრა „ბათუმელებს“  დალი ფირცხალავამ.

დღეს გამართული მსვლელობა საქართველო ყრუთა კავშირის აჭარის ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 25 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 56 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +400]
  • ტანკი – 2 275 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 4 832 ერთეული [+25]
  • საარტილერიო სისტემა – 1 368 ერთეული [+8]
  • MLRS – 328 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 171 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 259 ერთეული [+4]
  • ვერტმფრენი – 220 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 966 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 241 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 701 ერთეული [+20]
  • სპეცტექნიკა – 130 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 სექტემბერს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 301 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 074 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 377 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 111ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 845 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 413 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 874 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ბატალიონის 28 წლის მეთაური, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

ბოგდან დრონოვი 21 წლის ასაკში გახდა ასეულის მეთაური, 28 წლის დაბადების დღეს კი ცალკე ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ფრონტის ხაზზე მაიორის სამხედრო წოდება მიიღო სასტიკი საბრძოლო შეტაკებების შემდეგ.

ბოგდან დრონოვმა 2011 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო ლიცეუმი გაძლიერებული სამხედრო-ფიზიკური მომზადებით.

დრონოვის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform” აქვეყნებს.

სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში ქვეითთა ოფიცრის საქმე ისწავლა. მერე კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში მიიღო საბრძოლო პრაქტიკა. მეთაურობდა მე-17 სატანკო ბრიგადის მექანიზებულ ოცეულს, 2016 წელს სამთო თავდამსხმელ ბრიგადაში იყო.

არაერთი საბრძოლო მისია შეასრულა ანტიტერორისტული ოპერაციებისას პოპასნაიაში, სვეტლოდარში, ავდეევკაში, ნოვოტოშკოვკაში, შიროკინოში, ზაიცევოსა და სვეტლოჩნოში.

კაპიტანი დრონოვი 57-ე მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის ხელმძღვანელია. რუსების უკრაინაში შეჭრის დღიდან მისი ბატალიონი თავდაცვის ხაზს ამაგრებდა ლუგანსკის რეგიონში.

25 თებერვალს, ბატალიონის მეთაურის ოსტატური მოქმედებების წყალობით, ასეულის ჯარისკაცებმა მტრის შემოტევის შეჩერება შეძლეს – გაანადგურეს მტრის ორი ტანკი და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა. იმავე დღეს დრონოვის ბატალიონმა ახალი პოზიციების დაკავება და კონტრშეტევა შეძლო.

ოფიცერს განსაკუთრებულად 8 მარტი დაამახსოვრდა, როცა მტრის ტანკი აღმოჩნდა შენობასთან, სადაც სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტი იყო მოწყობილი. ოფიცერი სწორედ ამ დროს გავიდა შენობიდან ჩაფხუტის გარეში, ჯარისკაცმა შენიშნა, რომ დრონოვს ჩაფხუტის გაკეთება დაავიწყდა და გარეთ გაუტანა. დაიხურა ოფიცერმა ჩაფხუტი და რამდენიმე წამში სწორედ ამ ჩაფხუტზე მოხვდა მყისიერი აფეთქებისას ნამსხვრევები. ოფიცერი არ დაზიანებულა, გადარჩა.

იმავე დღეს, ბატალიონის მეთაურმა მცირე ჯგუფთან ერთად მტრის ქვეითი ჯარის შემოტევის უეცარი მცდელობა აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარეს ზურგს უმაგრებდა ჯავშანტექნიკა და საარტილერიო ცეცხლი. თითქმის 12-საათიანი ბრძოლის შედეგად მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, დაკარგა ცოცხალი ძალა და ტექნიკა, შეჩერდა და იძულებული გახდა უკან დაეხია.

ამ შეტაკებიდან რამდენიმე დღეში თავდასხმა ისევ განმეორდა. 18 მარტს ოკუპანტებმა ისევ დააპირეს შტურმი არტილერიით, თუმცა დრონოვის ბატალიონმა გაანადგურა ოკუპანტების 40 ჯარისკაცი,  20 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 ქვეითი სარაკეტო გამშვები, 5 PK ტყვიამფრქვევი, 30 ავტომატი AKM, ღამის ხედვის 8 მოწყობილობა და საბრძოლო მასალები.

ხუთი დღის შემდეგ მტერი ერთდროულად სამი მიმართულებით გადავიდა შეტევაზე ტაქტიკური ბატალიონებით. დაახლოებით 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ ოკუპანტები შეაჩერეს, თუმცა მათმა ორმა მოტომსროლელმა ოცეულმა ტანკებით შეაღწია დრონოვის ბატალიონის სიღრმეში თითქმის კილომეტრ-ნახევრამდე.

ბოგდან მცირე დროში კონტრშეტევის გეგმა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც თავდაცვის ხაზი უნდა აღედგინათ. შეიმუშავა მოქმედების 5 სხვადასხვა გეგმა მინიმალური რისკებისა და დანაკარგების გათვალისწინებით.

თავიდან დაზვერა ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებითა და მცირე ზომის დრონებით. ოპერაცია დაახლოებით დილის ხუთ საათზე დაიწყო.

პირველად მტრის არტილერიას დაესხნენ თავს, შემდეგ ნაღმმტყორცნი ტექნიკას, ბატალიონის მეთაურის მიერ შექმნილმა კონსოლიდირებულმა ქვედანაყოფმა კონტრშეტევა სამი მიმართულებით წამოიწყო. შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგის ქვეითთა ​​ორი საბრძოლო მანქანა და უამრავი ცოცხალი ძალა.

უკრაინელების კონტრშეტევისას რუსებმა სცადეს რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მათი მებრძოლებისთვის რეზერვი მიეშველებინათ, თუმცა უკრაინელებმა ეს მანევრი დროულად შენიშნეს დრონების წყალობით და რეზერვის წინსვლა საარტილერიო ცეცხლით შეაჩერეს.

უკრაინელების ბატალიონში შეჭრილი მტერი ალყაში აღმოჩნდა, უკანდახევა სცადეს და ჭყლეტაში აღმოჩნდნენ, რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ.

აპრილის განმავლობაში, მტერმა არაერთხელ სცადა მე-17 ბატალიონის პოზიციებზე შტურმით თავდასხმა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია – მუდმივი დაზვერვა, მტრის შესაძლო მოქმედებების ფრთხილად განჭვრეტა, ხელსაყრელი პოზიციების წინასწარ მომზადება, პერსონალის გონივრული განაწილება – ეს არის ამ ბატალიონის სიცოცხლისუნარიანობის გასაღები.

 ჩამოვაგდეთ რუსული თვითმფრინავი სუ-25 და სუ-30 – უკრაინის თავდაცვა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს, 24 სექტემბერს, უკრაინის 25-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო დანაყოფმა რუსეთის რეაქტიული თვითმფრინავი სუ-25 და გამანადგურებელი სუ-30 ჩამოაგდო.

გამოცემა „უნიანი“ ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ჯარების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„დღეს, იმ ზონაში, სადაც დავალებებს ასრულებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სიჩესლავის საჰაერო-სადესანტო ჯარების 25-ე ცალკეული საჰაერო თავდაცვის დანაყოფი, ჩამოაგდეს ორი რუსული თვითმფრინავი – რეაქტიული სუ-25 და მეოთხე თაობის მრავალფუნქციური გამანადგურებელი სუ-30“, – ნათქვამია უწყების მოხსენებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო ძალების სარდლობის ოფიცრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პასუხისმგებლობის ზონებში საჰაერო სივრცეს უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად აკონტროლებენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დღემდე მათ ოკუპანტების 255 ერთეული თვითმფრინავი და 220 ერთეული ვერტმფრენი გაანადგურეს.

რუსული მხარის ინფორმაციით კი, უკვე გაანადგურეს უკრაინის 299 თვითმფრინავი და 155 ვერტმფრენი.

___

24 სექტემბრის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია სრულად:

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

იქნება თუ არა გარეგანათება ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე – გზების დეპარტამენტის პასუხი

„ბათუმიდან ხულომდე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ გზა ბევრ ადგილზე ავარიულია, განათებაც არ არის. აქ ღამით ხილვადობა ძალიან ცუდია და გარეგანათებაა საჭირო“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ მძღოლები, რომლებიც ამ გზით ხშირად სარგებლობენ. საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გარეგანათება „სავალდებულო არ არის“.

ბათუმიდან ხულომდე გზის მონაკვეთი, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ მონაკვეთზე გარეგანათების სისტემა, დაბებს თუ არ ჩავთვლით, არ არსებობს.

„ბათუმელები“ გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, იგეგმება თუ არა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გარეგანათების სისტემის მოწყობა.

„საავტომობილო ტრანსპორტის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტრანს-ევროპული ავტომაგისტრალის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის (TEM) 4.10.3.3. პუნქტის შესაბამისად, განათება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო კვანძებზე სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც ასევე შესაძლებელია ეფექტური იყოს ხშირი ნისლის ზონებში.

შესაბამისად, მოქმედი ნორმის დანაწესების გათვალისწინებით, თქვენს წერილში მითითებული მონაკვეთის განათების სავალდებულო მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული [ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე არ არის განთავსებული სატრანსპორტო კვანძი]“, – გვიპასუხეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი არ ითვლება ტრანს-ევროპულ ავტომაგისტრალად.

რაც შეეხება „სატრანსპორტო კვანძებს“, დეპარტამენტში განმარტავენ, რომ „სატრანსპორტო კვანძი“ გზების კვეთა, შეერთება ან განშტოებაა კვეთით, შეერთებით, ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. სატრანსპორტო კვანძად კი არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე გარეგანათების გაკეთება აუცილებელია.

„მით უფრო, რომ ეს გზა რთულრელიეფურია და მისი არაერთი მონაკვეთი „შავი წერტილის“ დეფინიციაში ხვდება. მართლა ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობენ, ან რატომ არ უნდა გაანათონ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი“, – ამბობს დავით მესხიშვილი.

გარეგანათების მოწყობას არ ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის კიდევ ერთი შემადგენელი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტიც, სადაც სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. დეპარტამენტის განმარტებით: „მოქმედი ნორმების გათვალისწინებით აღნიშნული მონაკვეთის განათების ვალდებულება არ არსებობს“.

დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე განთავსებულია გარეგანათების ქსელი, რომელიც დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება.

დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა უსაფრთხო ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გზის გაუნათებელი მონაკვეთები, თუმცა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

ამავე თემაზე:

ბათუმი-ხულოს გზა – რატომ არ აკეთებენ სახიფათო ადგილებს 2 წელია [ფოტო]

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი / „ბათუმელების“ არქივიდან

შეგხვდებით გაშლილი ხელებით – მონღოლეთის ექსპრეზიდენტის მიმართვა ბურიატებსა და ტუველებს

„ბურიატები, ტუველები და ყალმუხები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული. ჩვენ მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით,“ – ეს მიმართვა მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წახიაგიინ ელბეგდორჯმა იუთუბზე გაავრცელა.

მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიმართავს და მოუწოდებს არ ესროლონ უკრაინელებს.

„მე მწყემსის რვა ვაჟიდან ერთ-ერთი ვარ. მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ვისაც უყვარს თავისუფლება და მშვიდობა. მე ვარ ამაყი მოქალაქე თავისუფალი და დამოუკიდებელი მონღოლეთის.

მარტივი გზავნილი მაქვს პუტინისადმი: ბატონო პრეზიდენტო, შეწყვიტეთ ომი. ჩვენ შევხვედრივართ ბევრჯერ. თქვენ გაქვთ ძალა, შეაჩეროთ ეს ომი ახლა. ახლა დროა მშვიდობის.

გული მწყდება, როცა ასეთ დღეში ვხედავ რუსეთს. ამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ჩაიძირა შიშში და სავსეა ცრემლებით. თქვენს მობილიზაციას მოაქვს ტანჯვის ოკეანეები. ბატონო პრეზიდენტო, შეწყვიტეთ უაზრო მკვლელობები და დესტრუქცია.

მე მაქვს შეტყობინება მათთვის, ვინც ცდილობს გაქცევას რუსეთიდან. მსოფლიო შეგხვდებათ გაშლილი ხელებით და გულით. დღეს თქვენ გარბიხართ სასტიკი, დაუნდობელი და მოსალოდნელი სიკვდილისგან. ხვალ თქვენ დაიწყებთ თქვენი ქვეყნის გათავისუფლებას დიქტატურისგან.

ვიცი, რომ ამ სისხლიანი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტად ის ეთნიკური უმცირესობები დაზარალდნენ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. ბურიატი მონღოლები, ტუვა მონღოლები და ყალმუხი მონღოლები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული. ჩვენ მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით.

მე ასევე მაქვს შეტყობინება მათთვის, ვინც იძულებულია იბრძოლოს პუტინის ომში უკრაინაში. არ ესროლოთ უკრაინელებს. არ ესროლოთ თქვენს დებსა და ძმებს, ბავშვებსა და მოხუცებს. არ მოკლათ ქვეყანა. არ მოკლათ მათი თავისუფლება. უკრაინას აქვს არსებობის სრული უფლება.

და ბოლოს, მე მაქვს შეტყობინება მამაცი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკისადმი. მადლობა თქვენი სიმამაცისა და ლიდერობისთვის. მსოფლიოს საუკეთესო ნაწილი თქვენს მხარესაა. თქვენ ხართ შთამაგონებლები. როდესაც თქვენ გაიმარჯვებთ, ყველა გავიმარჯვებთ.

დიქტატურა სამუდამო არ არის. ხალხის გაერთიანება თავისუფლებისთვის, ყოველთვის იმარჯვებს. დიდება გმირებს“, – მიმართა მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს.

მოსკოვის მიერ იძულებითი მობილიზაცია ბურიატიაში, იაკუტიაში ეთნიკური წმენდაა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის კიდევ ერთ ტვიტით გამოეხმაურა – პოდოლიაკმა პოსტი რუსულ ენაზე დაწერა [პოდოლიაკი ტვიტერში რუსულად თითქმის არასდროს პოსტავს] და მისი მიმართვის ადრესატები ამჯერად რუსეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები არიან.

პოდოლიაკმა ნაწილობრივი მობილიზაცია შეაფასა, როგორც „ეთნიკური წმენდა“.

„არაპროპორციული მასობრივი იძულებითი მობილიზაცია რუსეთის რესპუბლიკებში – ბურიატია, იაკუტია – მოსკოვის მხრიდან ეს ადგილობრივი მოსახლეობის ნამდვილი ეთნიკური წმენდაა. დროა რუსეთის ფედერაციის ხალხებმა გაიხსენონ თავიანთი ეროვნული ღირსება და შვილები სხვის ომში სასიკვდილოდ არ გაგზავნონ“.

რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა“ მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთის 1.2 მლნ მოქალაქის გაწვევა იგეგმება.

ამასთან, გაწვეულთა მხოლოდ 1.3%-ია დედაქალაქ მოსკოვიდან – მხოლოდ 16 ათასი ადამიანი; სანქტ-პეტერბურგზე გაწვეულთა 0.26% მოდის – 3 200 ადამიანი.

მიხაილო პოდოლიაკი დღეს ასევე ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდებას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ „ირანი გადაწყვიტა უკრაინელების მკვლელობას მხარი დაუჭიროს“.

გუშინ რუსეთი უკრაინის ქალაქ ოდესას ირანული დრონებით დაესხა თავს.

რა უთხრეს ერდოღანს – რა შემთხვევაში გაცვლიდნენ „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურებს

უკრაინული მედია CNN Türk-ზე დაყრდნობით წერს, რა მოლაპარაკებები იმართებოდა „აზოვსტალის“ დამცველების მეთაურების გათავისუფლებისთვის. თურქეთის ოფიციალური პირების თქმით, განსაკუთრებით რთული იყო შეთანხმება საბრძოლო მეთაურების გაცვლაზე.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა CNN Türk-ზე განაცხადა, რომ მისი ქვეყნის წარმომადგენლები ამ საკითხს რუსეთთან 3 თვეზე მეტ ხანს განიხილავდნენ.

იბრაჰიმ ქალინის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს „ძალიან გულისხმიერად“ მიუდგა. თავდაპირველად სიაში, რომლის საფუძველზეც 5 გმირი მეთაური უკვე გაცვალეს, 15 გვარი იყო. თუმცა რუსული მხარე ამ სიას არ დასთანხმდა.

იგივე წყაროს თქმით, ტყვეების გაცვლის საკითხი პრეზიდენტების ლვოვში ვიზიტამდე განიხილეს. ასევე ერდოღანმა ეს საკითხი პუტინთან სამარყანდში შეხვედრისას განიხილა. თუმცა, რუსებმა მაშინ მკვეთრად მიანიშნეს, რომ სიაში შეყვანილი 15-ვე ადამიანს არ დააბრუნებდნენ. შესაბამისად, როდესაც ერდოღანი ლვოვში ჩავიდა, ეს სია უკვე შემცირებული იყო.

ერდოღანი სამუშაო ვიზიტით უკრაინის ქალაქ ლვოვს 18 აგვისტოს ეწვევა.

„ჩვენი პრეზიდენტი ძალიან გულისხმიერად მოეკიდა ამ საკითხს, ჩვენს კოლეგებთან ამაზე დაახლოებით 3-3,5 თვე ვიმსჯელეთ. 15 სახელზე ვერ შევთანხმდით. ამ სიამ ლვოვამდე ვერ ჩააღწია, ბოლოს ის 5 სახელამდე შემცირდა. ეს 5 ადამიანი ჩვენთან ომის დასრულებამდე დარჩება“, – თქვა ქალინმა.

თურქეთის წარმომადგენელი გაცვლის პროცესში უკრაინულ მხარის ქცევაზეც ისაუბრა. მან თქვა, რომ უკრაინამ „აჩვენა კონსტრუქციული პოზიცია“.

მისივე თქმით, გაცვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თურქეთის ეროვნულმა დაზვერვამ.

უკრაინული მედია არაფერს წერს იმ 10 გვარის შესახებ, რომელთა გადაცემასაც რუსეთი არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს რუსული ტყვეობიდან 5 საბრძოლო მეთაური გაათავისუფლეს:

  • „აზოვის პოლიკის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო
  • „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი
  • „აზოვის პოლკის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო
  • საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი
  • მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა

ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ ერდოღანის პირადი მფარველობის ქვეშ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დააზუსტა, რომ ისინი იცხოვრებენ კერძო სახლში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის არა დაკავების ადგილი, არამედ საცხოვრებელი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბრუნებულმა მეთაურებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ტყვეობაში მათ შეურაცხყოფდნენ. ჩანს, რომ ისინი ძალიან შეიცვალნენ და წონაში დაიკლეს. მათ ასევე თქვეს, რომ არ იცოდნენ, სად მიჰყავდათ და ეს რომ თურქეთი იყო, მხოლოდ მას შემდეგ მიხვდნენ, როცა თურქეთში ჩავიდნენ.

„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლის საძიებო სისტემაში პოპულარული გახდა ისეთი ფრაზების ძიება, როგორიცაა „როგორ წავიდე რუსეთიდან“, „როგორ ავირიდო თავიდან გაწვევა“.

თუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით გუგლის ძიებებს, აღმოვაჩენთ, რომ 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, რუსეთიდან გუგლში ხელის მოტეხის გზებიც იძებნებოდა, რისი მიზანიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება იყო:

ამავე თემას რუსული მედიაც გამოეხმაურა, მაგალითად lenta.ru-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ორგანიზაცია “წვევამდელების სკოლის” ხელმძღვანელმა, გააფრთხილა მოსახლეობა, რომ გაწვევისგან თავის არიდების მიზნით მოტეხილობების და თვითდაზიანებების განზრახ მიყენება კანონით ისჯება.

21 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლში +100 000-მა ადამიანმა იკითხა „ვის ამობილიზებენ“, +50 000-მა მოძებნა მობილიზაციისთვის ვარგისიანობის კატეგორიები, +20 000-ჯერ მოიძებნა „როგორ ავირიდოთ თავიდან გაწვევა“, კიდევ +20 000 ძიება ჰქონდა „ვ კატეგორიას“ –  წვევამდელები, რომლებსაც სამხედრო ბარათზე აქვთ ასეთი კატეგორია, არ აჰყავთ სამხედრო სამსახურში, მათ აგზავნიან რეზერვში, თუმცა ასეთი ადამიანები მაინც შეიძლება გამოიძახონ ომში.

„ვ“ ენიჭება, მაგალითად მათ, ვისაც სმენადაქვეითებულის სტატუსი აქვს ან ბრონქული ასთმა აწუხებს.

თუ უშუალოდ სიტყვა „თავის არიდებას“ [Уклонение] მოვძებნით, დავინახავთ რომ 21 სექტემბრიდან დღემდე ამ სიტყვის ძიება ძალიან მატულობს და ის მხოლოდ მობილიზაციის კონტექსტში იძებნება. მასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული ძიებებია „დეზერტირობა“, „მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პატიმრობის ვადა“ +80%, „მობილიზაციისგან თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსი“ +60%, ასევე თუ სიტყვა სამხედრო სამსახურის „გადავადებას“ მოვძებნით, ყველაზე პოპულარულია შემდეგი ძიებები: ჯარის მობილიზაციიდან გათავისუფლება +450%; ჯარში გაწვევის გადავადება ჯანმრთელობის მიზეზების გამო +300%; ჯარიდან გათავისუფლება მობილიზაციის დროს +300%; თიაქარი ჯარში გაწვევის გადავადება +250%; ჯარში გაწვევის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო +150%.

მობილიზაციის გამოცხადებიდან დღემდე, რუსეთიდან პოპულარული საძიებო ფრაზაა “როგორ წავიდეთ რუსეთიდან“:
უფრო დეტალურად საძიებო ფრაზები მოიცავს: როგორ დავტოვოთ რუსეთი მობილიზაციის დროს; როგორ დავტოვოთ რუსეთი პასპორტის გარეშე; სად წავიდეთ პასპორტის გარეშე; როგორ დავტოვოთ რუსეთი ლტოლვილად; პოლიტიკური თავშესაფარი; სად გავიქცე რუსეთიდან და ა.შ.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რუსეთიდან წასასვლელად არჩევენ, ბოლო ოთხი დღეა ყველაზე პოპულარული ყაზახეთი. ასევე პოპულარულია გერმანია, საქართველო და ისრაელი.

დააწესეთ შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის – პეტიცია მთავრობას და პარლამენტს

„საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – ამ მოთხოვნით მოქალაქე გიორგი კალატოზიშვილმა პეტიცია შექმნა.

ორი დღის განმავლობაში პეტიციას ხელი 1262-მა ადამიანმა მოაწერა.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს საქართველოში უკონტროლოდ შემოსული რუსეთის მოქალაქეები და მათ მიერ ბიზნესის რეგისტრაცია, უძრავი ქონების შეძენა და მოქალაქეობის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას და კიდევ უფრო მეტად ზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში,“ – ნათქვამია პეტიციაში, რომელზე ხელმოწერასაც მოქალაქეებს მოუწოდებენ.

პეტიციის ხელმომწერები მიმართავენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შემოიღოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან. ხოლო ქვეყანაში შემოუშვას მხოლოდ პოლიტიკური მოტივით დევნილი პირები, შესაბამისი გადამოწმებისა და დევნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში.

„დააწესოს მორატორიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის და შეუზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ეკონომიკური საქმიანობა (და ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში, რომლის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს!).

მიგვაჩნია, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში შემცირდება როგორც საგარეო და შიდა რისკები, ისე პუტინის რეჟიმის მიერ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დაცვის მოტივით საქართველოში პროვოკაციების მოწყობის რისკი,“ – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პეტიციის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს

აზოვსტალის დამცველი, საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი 21 სექტემბერს დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან. მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის დამცველები დაბრუნდნენ, ხშირ შემთხვევაში შემზარავია. ასეა საზღვაო ქვეით მიხაილო დიანოვის შემთხვევაშიც, ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა.

მებრძოლის დის თქმით, დიანოვს ხელზე 4 სანტიმეტრი ძვალი აქვს მოტეხილი – ის უბრალოდ აღარ არსეობობს. წინასწარ ცნობით, ხელის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა საზოგადოებამ დიანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, დაიწყო თანხის შეგროვების კამპანია. უკრაინული მედიის ცნობით, საზღვაო ქვეითის სამკურნალოდ 5 მილიონი გრივნა 1 დღეში შეგროვდა [თითქმის 140 ათასი დოლარი].

მიხაილო დიანოვის შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე გაიგო მთელმა მსოფლიომ. აზოვსტალში მყოფმა ფოტოგრაფმა, დმიტრო კოზაცკიმ, მეტსახელად „ორესტი“, მიხაილო დიანოვის მოტეხილი ხელით გადაუღო ფოტოები, რომელიც მსოფლიო მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მებრძოლს ასევე ტყვიებისგან მიყენებული ჭრილობები ჰქონდა ორივე ფეხში.

მიხაილო დიანოვი ტყვეობიდან დაბრუნების დღეს

2022 წლის მაისში, აზოვსტალში მყოფი მიხაილო დიანოვი სხვა მებრძოლებთან ერთად რუსეთს ტყვედ ჩაჰბარდა.

საზღვაო ქვეითი და 200-ზე მეტი მისი თანამებრძოლი 21 სექტემბერს გვიან საღამოს გაათავისუფლეს რუსეთის ტყვეობიდან. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა დიანოვის ფოტოები, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელი და მკვეთრად არის წონაში დაკლებული.

უკრაინაში გრძელდება ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლების სამკურნალოდ თანხის შეგროვების კამპანია.

___

უკრაინის რადაში ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, აზოვსტალიდან გაყვანილ ტყვეებს ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. „მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. წყალი იყო შეზღუდულად. არ გასცემდნენ პირადად ჰიგიენის საშუალებებს“.

მან დასძინა, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები და ცნობილი მებრძოლები სამარტოო საკნებში ჰყავდათ მოთავსებული.

წაიკითხე ვრცლად სტატია:

რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 24 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 56 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +240]
  • ტანკი – 2 262 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 4 807 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 1 361 ერთეული [+6]
  • MLRS – 327 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 170 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 255 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 220 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 956 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 240 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 681 ერთეული [+22]
  • სპეცტექნიკა – 126 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 299 თვითმფრინავი
  • 155 ვერტმფრენი
  • 2 062 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 376 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 5 100 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 844 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 412 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 813 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„რუსების მობილიზაცია შესაძლოა პირიქით უკრაინას დაეხმაროს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„გრძელვადიან პერსპექტივაში მობილიზაციამ არა მგონია რუსეთს რამე წარმატება მოუტანოს,“ – დარწმუნებულია გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა. მას უფრო მოლოდინი აქვს, რომ რუსები მობილიზაციით შეგროვებულ ახალწვეულებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე ჩააყენებენ, რადგან მოკლე დროში ხანგრძლივი დროით მომზადება ვერ მოესწრება.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინა რუსეთის დამარცხებას შეძლებს.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, ომის შემდგომი ბედი ახლა რესურსების მობილიზებაზეა დამოკიდებული: შეძლებენ რუსები ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას, თუ ვიდრე ისინი სანგრებში გამაგრდებიან, უკრაინელები წარმატებული კონტრშეტევით მოახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას?

ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რას მიაღწევს რუსეთი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით?

დავიწყოთ იმით, თუ რატომ დასჭირდათ ნაწილობრივი მობილიზაცია. ფაქტია, რომ რუსებს გაუჭირდათ და სჭირდებათ ადამიანური რესურსი დანაკარგების გამო, რაც მიიღეს უკრაინაში.

რუსეთში „200-იანით“ აღნიშნავდნენ დაღუპულებს, „300-იანით“ – დაჭრილებს. ახლა მათ დაემატა ახალი კოდური ტერმინი „500-იანები“. ასე აღნიშნავენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უარს აცხადებენ ომში მონაწილეობაზე. როგორც ვიცი, პირადი შემადგენლობის დაახლოებით 10 – 15 პროცენტია „500-იანია“. მთლიანობაში, დიდი რაოდენობის გამო, ჯარებს დასჭირდა შევსება.

აქ კიდევ ერთი დეტალია: მობილიზაციამდე იყო კადიროვის ინიციატივა, რეგიონების ხელმძღვანელებმა გავაკეთოთ მობილიზაციაო, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, გაანალიზეს, რომ ეს იყო საფრთხის შემცველი თავად რუსეთისთვის. წარმოიდგინეთ, ყველა ტერიტორიულ ერთეულს ექნებოდა თავისი ჯარი. ახლა მხოლოდ კადიროვს აქვს ეს დანაყოფი და რუსები ამ უხერხულობას გრძნობენ. შესაძლოა, ამ ინიციატივის ჩასაშლელადაც არჩიეს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.

არის ვერსიაც, რომ მობილიზაციით სურდათ „აზოვსტალის“ დამცველთა გათავისუფლების საკითხი გადაეფარათ. მოგეხსენებათ, რუსეთში იძახდნენ, რომ ესენი არიან სისხლის მსმელები, არ გავცლით სხვა ტყვეებში და ასე შემდეგ.

  • თქვენი აზრით, რატომ გაათავისუფლეს „აზოვსტალის“ ტყვეები? 

ჩემი აზრით, „აზოვსტალელი“ ტყვეები გაათავისუფლეს უფრო მედვედჩუკის გამო [უკრაინელი სამხედროს ფორმაში ჩაცმული, ხელბორკილებიანი ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო 12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მედვედჩუკი 48 დღის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევას შეეცადა. ზელენსკი რუსეთს სთავაზობს მედვედჩუკის გაცვლას უკრაინელი ტყვეებში.]

მედვედჩუკი დაახლოებულია პუტინთან და შესაძლოა, იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც ძალიან სურდათ რუსებს მედვედჩუკის მიღება. „აზოვსტალელებს“ შორის იყო ხუთი მეთაური, მათ შორის, 36-ე საზღვაო ქვეითთა და 12-ე ოპერატიული ბრიგადის მეთაური… ესენი და პოლკ „აზოვის“ მეთაურები ახლა ერდოღანის სტუმრები არიან და ომის დამთავრებამდე დარჩებიან თურქეთში, ისინი ომში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას.

  • ადამიანები რუსეთიდან გარბიან, პოლიტიკური რისკები ექმნება პუტინს და პროტესტიც ჩასახშობი აქვს – თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით არჩია ამ ეტაპზე პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“? გამოუვა რუსეთს ძლიერი საომარი ძალის შექმნა?

აშკარაა, რომ რუსეთს აქვს პირადი შემადგენლობის დეფიციტი. დღეს დაიწყეს გამოკითხვები რეფერენდუმისთვის ოთხ ოლქში. გასაგებია, რომ შემდეგი ეტაპი იქნება მიერთება ამ ტერიტორიების და ეს კონფიგურაცია დაახლოებით 1400 კილომეტრამდე ზრდის საზღვარს, ახალი საზღვარი ჩნდება. ეს ახლად მობილიზებული ხალხი შესაძლოა გამოდგეს სწორედ ამ საზღვრის დაფიქსირებისთვის.

  • თუმცა ამას სჭირდება მომზადება, რა დრო დასჭირდება მინიმუმ საზღვრის დაცვისთვის მომზადებას? 

რამდენიმე ეტაპი იქნება. პირველ რიგში, მოხდება საბრძოლო დანაკარგების შევსება. მეორე რიგში, მოხდება ახალი ნაწილების შექმნა. ბრძოლაგამოვლილი დანაყოფების დაკომლექტება შედარებით მალე მოხდება, იქ გაიწვევენ დეფიციტური სამხედრო სპეციალობების და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანებს…

დანაკარგების შევსებას მინიმუმ ორი კვირიდან ერთ თვემდე დასჭირდება. ამ ხალხს მინიმუმ ჩაცმა უნდა, მინიმალური აღჭურვილობა. რუსებს აქვს იმის პრობლემაც, რომ შესაბამისი ფორმა ჩააცვან ჯარისკაცს და უზრუნველყონ ჯავშანჟილეტით, კავშირგაბმულობის საშუალებებით და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, ეს დონეცკი და ლუგანსკი თუ შეუერთეს რუსეთს, იქ ასე ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ვერ იქნება ადგილობრივი ე.წ. სახალხო მილიცია, ისინიც ერთიან სტრუქტურაზე უნდა გადავიდნენ, ამასაც შესაბამისი რესურსი დასჭირდება.

ბევრად მეტი დრო დასჭირდება ამ ახალი ნაწილების ადგილზე გაშლას. ჯერ ერთი, უნდა შეკრიბონ ეს ადამიანები, ავარჯიშონ,  მოამზადონ, ჩაატარონ შერწყმა. ამას ორი-სამი თვე შესაძლოა დასჭირდეს.

  • ანუ რაზე აქვს გათვლა პუტინს? 

ფაქტია, რომ საჭიროება გაჩნდა ადამიანური რესურსების შევსების, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინელების კონტრშეტევის შემდეგ, იქ საკმაოდ წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია უკრაინელებმა და დღესაც განაგრძობენ ბრძოლას ლიმანის მიმართულებაზე.

  • თუმცა შეჩერდა ეს პროცესი. როდისთვის ელით მორიგ კონტრშეტევას უკრაინისგან? 

ხერსონის მიმართულებაზე პრობლემა შექმნა წყალსაცავზე დამბის ნაწილის ჩამოშლამ – წყლის დონემ მოიმატა მდინარე ენგულეცზე, გადასასვლელები წაიღო და უკრაინელების იმ დანაყოფებს, რომლებსაც შეტევის განვითარებისათვის დაკავებული ჰქონდათ პლაცდარმი მდინარის მარცხენა ნაპირზე, ლოჯისტიკური
პრობლემები შეექმნათ. იქ მხოლოდ გარკვეული ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს.

ხარკოვის მიმართულებაზე გრძელდება უკრაინელთა კონტრშეტევითი ოპერაცია, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით. უკრაინელებს ახლა აქვთ ინიციატივა და გარკვეული შანსი კონტრშეტევისთვის მელიტოპოლის, ბერდიანსკის და მარიუპოლის მიმართულებით. თუ მათ მოახერხეს აზოვის ზღვაზე გასვლა, ყირიმის დაჯგუფება ფაქტიურად მოწყვეტილი იქნება ძირითადი ძალებისაგისაგან. გააჩნია, როგორ მოახერხებს უკრაინა რესურსების მობილიზებას.

  • რამდენად არის ამის შანსი, რომ ვიდრე რუსები მოახდენენ მობილიზაციას, მანამდე უკრაინელებს ჰქონდეთ კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებაზე, სადაც ერთგვარი პლაცდარმი უკვე არსებობს? 

არსებობს ეს მოლოდინი, მაგრამ მე ზუსტად ვერ გეტყვით: აქვთ კი ამის რესურსი უკრაინელებს? დნეპრამდეც რომ გავიდნენ, ესეც დიდი წარმატება იქნება.

ჩემი აზრით, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ რაღაც უპირატესობა მისცეს ამ მობილიზაციამ რუსებს, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მგონია, ამან რუსეთს რამე წარმატება მოუტანოს. ამას პროტესტის გარდა, ექნება სხვა გვერდითი მოვლენებიც: არავის უნდა რეალურად უკრაინაში სიკვდილი.

შესაძლოა რუსების ეს მობილიზაცია უკრაინას დაეხმაროს და დასავლეთმა უფრო სწრაფად, უფრო დიდი ოდენობით მიაწოდოს შესაბამისი აღჭურვილობა უკრაინელებს.

ახლა ამაზეა დამოკიდებული ომის შემდგომი განვითარება: ვინ როგორ მოახერხებს რესურსების მობილიზებას.

  • მერიკელი გენერალი მარკ ჰერტლინგი ამბობს, რომ ყბა ჩამოუვარდა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით. ის თავის აზრს ასე აყალიბებს: „აშშ-ის მოსახლეობა 344 მილიონია და ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 150 000 ჯარისკაცს ვწვრთნიდით წელიწადში. რუსეთის მოსახლეობა 144 მილიონია, რომელიც 11 სასაათო სარტყლის გარშემო ცხოვრობს. იქ ჯარისკაცები ბაზაზე 1-კვირიან საბაზისო წვრთნას გადიან“. თუ ეს მართლაც ასეა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს პუტინს?

მთლიანობაში რუსეთის სამობილიზაციო რესურსი არის 25 მილიონი და ამჯერად 300 ათასის მობილიზაციაზე საუბრობს შოიგუ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც არასდროს ასრულებენ იმას, რასაც ამბობენ, ან ცუდად აკეთებენ. იქ საქმეს აკეთებენ არა შედეგისთვის, არამედ მოხსენებისთვის. დღესაც ეს ჩანს კომისარიატებში: ბრძანებით განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიების და შესაბამისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს კი არ იწვევენ, არამედ მიჰყავთ ყველა, ვინც ხელში მოჰყვებათ. ეს აჩვენებს იმას, რომ ამჯერადაც ზრუნავენ გეგმის შესრულებაზე და არა ხარისხზე.

ამას ექნება სხვა გვერდითი ეფექტები: რეალურად მიდიან ომში ისინი, რომლებსაც არ აქვთ მოტივაცია, არ აქვთ უნარები, ფიზიკური მომზადება. ასე იქმნება დაზიანების მაღალი რისკიც. აღარ ვსაუბრობ სოციალურ უკმაყოფილებაზე, რაც უკვე ჩანს ამ პროცესში.

ერთი ძველი რუსი ფელდმარშალი [მინიხი] ამბობდა, რომ რუსეთს მართლაც მაღალი ღმერთი მართავს, თორემ სხვა შემთხვევაში რუსეთი დიდი ხნის წინ დაშლილი იქნებოდაო… ეს ფრაზა მახსენდება იმიტომ, რომ რუსეთი არ შეცვლილა, იქ ახლაც ყველაფერი ცუდად კეთდება, ან კეთდება მხოლოდ მოხსენებისთვის.

  • ფიქრობთ, რომ რუსებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დასაცავად სჭირდება ეს მობილიზაცია? 

კი, იკვეთება, რომ მას ეს რესურსი სჭირდება არსებული პოზიციების შენარჩუნებისთვის, შორს წასვლის რესურსი რუსებს აღარ აქვთ და არც უკან წამოსვლა უნდათ. რუსეთს სურს რეალურად ომის ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასვლა, დროებითი ზავი და მერე დაელოდებიან, რა მოხდება: პუტინი მოკვდება, ან რამე შეიცვლება…

  • რატომ განაგრძობენ რუსები შეტევას ბახმუტის სამხრეთით?  

აქ მიზანია დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, სადაც ახლა რეფერენდუმს ატარებენ. როგორც ცნობილია, რუსები თითქმის აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს, დონეცკის ნაწილი კი, დარჩენილი, ზაპოროჟიეს ოლქში ბევრი აკლიათ… ჩანს, რომ აქ დიდი ხანია ერთ ადგილზე „ბუქსაობენ“.

  • რა არის ამის ძირითადი ფაქტორი? 

აქ უკრაიანელები 2014 წლიდან არიან მომზადებულები ყოველმხრივ. დიდი როლი ითამაშა, როგორც დასავლეთიდან აღჭურვილობის მიწოდებამ, ასევე დანაკარგებმა რუსების ჯარში. რუსებს არც ის ენთუზიაზმი აქვთ, რაც თავიდან ჰქონდათ. განწყობის გარდა, დასავლეთიდან მოწოდებული შეიარაღების გამოყენებით რუსების არტილერია ისე დაუსჯელად ვეღარ მოქმედებს, უკრაინელების წარმატებული კონტრბატარეულ მოქმედებების გამო. ასევე ზუსტი საარტილერიო დარტყმებით კომუნიკაციების დაზიანების გამო რუსებს
შეექმნათ ლოჯისტიკური პრობლემები.

  • თქვენი აზრით, რა სარგებელს ელის რეფერენდუმისგან რუსეთი, როცა საუბარია პირიქით წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებაზე უკრაინისგან წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ?

წინააღმდეგობის მოძრაობის გარკვეული ნიშნები ჩანს, თუმცა არ ვიცი, რამდენად ძლიერდება ეს. დონეცკსა და ლუგანსკში 2014 წლიდან მუშაობდა რუსეთი, როგორც ცნობილია, ხოლო ხერსონსა და ზაპოროჟიეში წინააღმდეგობის მოძრაობა არ იქნება პატარა ფაქტორი. ფაქტია, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ რუსებს.

  • ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანიც ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. ვისთვისაა ეს გზავნილი, თქვენი დაკვირვებით? 

ეს დასაშინებლად სჭირდებათ, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხული არც არის. ალბათ სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მცირე ალბათობაა, თუმცა ტაქტიკური დონის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეიძლება გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

თუმცა ერთია, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, მეორეა მისი აღსრულება. სულ ცოტა 4 ადამიანი მაინც არის ჩართული ამ გადაწყვეტილებაში და თითოეულმა თავის ე.წ. ღილაკს უნდა დააჭიროს ხელი: ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელი პირის ვიზირება დასჭირდება ამას პუტინის შემდეგ, ასევე უმაღლესი სამხედრო პირი (მინისტრი და/ან გენშტაბის უფროსი) და შემსრულებელი დანაყოფის მეთაური.

თანაც, ეს ბირთვული შეიარაღება და მუხტები სხვადასხვა ადგილზეა, დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა უნდა მოხდეს და ეს არ იმალება, როგორც წესი, დაზვერვა მუშაობს. ვერ დაიმალება ეგ ამბავი.

აქცია ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად

ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ბათუმში, ირანის საკონსულოსთან გადაინაცვლეს.

„აქ შეკრებილი ადამიანები მხარს ვუჭერთ ირანელ ქალებს და მათ პროტესტს. ჰიჯაბი არის არჩევანი – თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა ატარონ. ჩვენ აქ არ შევკრებილვართ იმიტომ, რომ ჰიჯაბს ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, ვისაც სურს განთავისუფლდეს ჰიჯაბისგან, მას რელიგია არ უნდა ზღუდავდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქტივისტმა ანი თენიეშვილმა.

ირანელი ქალებისადმი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ირანში გასული კვირიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. ეს კი ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა.

„ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი ირანელი ქალებისთვის, მათ თმენას აღმოაჩნდა საზღვარი და ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. დაიწყეს ჰიჯაბების დაწვა, თმების შეჭრა. დემონსტრაციები არ წყდება დღემდე. ძალიან დიდი სიმამაცეა მათი მხრიდან, რადგან ეს, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასია მათ ქვეყანაში, რადგან იქ ჰიჯაბის არასწორად ტარება არ აპატიეს ქალს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ის, ვინც ამხელა რისკზე მიდის, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თანადგომას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის კიდევ ერთი მონაწილე სალომე გორგილაძე.

ჰიჯაბი უნდა იყოს არჩევანი, არა ვალდებულება – აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები ირანის საკონსულოს კედელზე მიაკრეს

სალომეს თქმით, ახლა როცა ირანში ინტერნეტკავშირს ახშობენ, მნიშვნელოვანია ყველა გაერთიანდეს და თავად გახდნენ „ირანელი ქალების ხმები“.

„სოციალურ მედიაში გვხვდება ქალების მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ამბობენ, რომ ირანში მასობრივად თიშავენ კომუნიკაციებს. ისინი სთხოვენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მათ ნაცვლად ილაპარაკონ და გახდნენ მათი ხმა. ბათუმშიც ძალიან ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს მათ. ჩვენ გვინდა გავხდეთ მათი ხმა, ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ თავისუფლები.

ჰიჯაბის ტარება უფლებაა, ისევე როგორც მისი არ ტარება. შესაბამისად, არავინ თავს არ უნდა მოახვიოს არავის დრესკოდები და წესები ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც სხვა სქესის წარმომადგენლებისთვის არ არის იგივე შეზღუდვები დაწესებული“, – ამბობს სალომე გორგილაძე.

არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.

პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი „გულის უეცარი უკმარისობის“ შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.

გარდაცვლილის მამის თქმით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

___

ბათუმი ავტობუსის მოსაცდელების გარეშე – რას ამბობენ მერიაში

„ფიროსმანის ქუჩაზე იალჩინის მაღაზიის წინ და უკან ორივე მხარეს აიღეს მოსაცდელი და ვისი დავალებით ნეტავ? ზამთარი წინაა, საჭიროა მოსაცდელი“;

„გთხოვთ, აღმაშენებლის და ტაბიძის კვეთაში დაგვიმონტაჟოთ მოსაცდელი. მხოლოდ ცალ მხარესაა და ზამთარში ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს“;

„აეროპორტისკენ სულ არაა, რომ კითხო სამთავრობო ტრასაა და არცერთი მოსაცდელი არაა დადგმული. წვიმაში ბავშვები სველი მიდიან სკოლაში, ესა ჩვენი ქალაქი“

ეს არის მოქალაქეების რამდენიმე კომენტარი, 150-ზე მეტი კომენტარიდან, იმ ფოტოზე, რომელიც „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ლერმონტოვის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს მუნიციპალური ავტობუსების ერთ-ერთი გაჩერება წვიმიან ამინდში, მოსაცდელის გარეშე:

ბათუმი, 13 სექტემბერი, 2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა ბათუმისთვის ახალი არაა, თუმცა, წლებია, არც ახალი მოსაცდელები ემატება ქალაქს.

მოსაცდელების დადგმის მოთხოვნით მოქალაქეები მერიასაც რომ მიმართავენ განცხადებებით, ამას მერიაშიც არ მალავენ.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რამდენი გაჩერებაა ბათუმში დღეს, რამდენ გაჩერებაზე დგას მოსაცდელი ჯიხური, ვის ევალება ახალი მოსაცდელების დადგმა, რამდენი დაამონტაჟეს თუნდაც მიმდინარე წელს, იგეგმება თუ არა დადგმა და რა მისამართებზე.

კონკრეტული სტატისტიკის მიღება ვერ მოხერხდა, ვერც ბათუმის მერიიდან და ვერც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“. „ბათუმელები“ ამჯერად ვერც კერძო კომპანია „ალმას“ დაუკავშირდა, რომელზეც რამდენიმე მოსაცდელი ბათუმის მერიას იჯარით აქვს გადაცემული.

რამდენი გაჩერება და რამდენი მოსაცდელია ბათუმში?
მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც ადრე მოსაცდელიც იდგა / მერიაში ამბობენ, რომ „ბევრ ადგილზე, სადაც ავიღეთ მოსაცდელი, იყო მოქალაქეების მოთხოვნა, რომ იმ ადგილზე არ უნდოდათ და სხვა ადგილზე გადავიტანეთ.“ კონკრეტულად რომელი გაჩერებებიდან მოითხოვა მოქალაქეებმა მოსაცდელის აღება – ეს ინფორმაცია მერიიდან ვერ მივიღეთ.

ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზეა განთავსებული. – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ 2018 წელს მოგვაწოდეს.

ოთხი წლის შემდეგ, 2022 წელსაც, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გვწერს, რომ „ბათუმის ტერიტორიაზე 450 გაჩერებაა“. „ავტოტრანსპორტმა“ ასევე მოგვწერა, რომ 2022 წელს 35 ახალი გაჩერება დაემატა. მიუხედავად ამისა, ქალაქში გაჩერებების საერთო რიცხვი, არ გაზრდილა.

„ავტობუსის გაჩერების დადგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მერიასთან შესაბამისი სამსახურების შეთანხმების საფუძველზე, არსებული სტანდარტისა და მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისად. გაჩერებებს შორის სტანდარტით დადგენილი მანძილი 300 მეტრია“, – მოგვწერეს „ავტოტრანსპორტიდან“.

რაც შეეხება მოსაცდელ ჯიხურებს – თუ 2018 წელს 180 მოსაცდელი იყო, 2022 წელს „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით, ორით ნაკლები, 178 მოსაცდელია.

მერიის ინფორმაციით, ქალაქში 120 მოსაცდელია, რომლებიც „ალმაზეა“ გადაცემული; „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით კი, „ორგანიზაციის ბალანსზე სულ 36 აგურის და 40 მინის მოსაცდელია. მინის მოსაცდელებიდან 16 ერთეულია ქალაქის ტერიტორიაზე გატანილი. რაც შეეხება აგურის მოსაცდელებს, განლაგებულია ძირითადად ქალაქის საგარეუბნო ნაწილში არსებულ გაჩერებებზე“. ანუ, ქალაქში დღეს სულ არის 120+36+16=172 მოსაცდელი.

„ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელების მონტაჟი და მათი მოვლა-პატრონობის ვალდებულება აღებული აქვს ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალმას“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

ქალაქის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულებით „ალმას“ ახალი მოსაცდელების დამონტაჟების ვალდებულება აღარ აქვს: „კომპანიას მხოლოდ არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობა ევალება“.

„სადაც არის მოსაცდელები ყველა მხრიდან გაწვიმს“, „მოსაცდელებიც არაა ნორმალურად, რომ წვიმს შიგნითაც გაწვიმს“, „მოსაცდელიც ვარგისიანია? აწვიმს და სკამები ხომ ჩამონგრეულია. მოსაცდელიანი-არამოსაცდელიანი, აზრი?“, „მთავარია სტოლბები დგას მოსაცდელის ადგილას“ – ესეც მოქალაქეების კომენტარებია „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.

„120 მოსაცდელის მოვლაზე „ალმა“ თავადაა პასუხისმგებელი. ჩვენ მონიტორინგს ვუკეთებთ და დაზიანების შემთხვევაში კომპანია აღადგენს“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

იგეგმება თუ არა მოსაცდელების დადგმა იმ გაჩერებებზე, სადაც არ დგას

აპირებს თუ არა ქალაქის მერია მოსაცდელების დადგმას მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე? – ამ კითხვაზე მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

„შესწავლილი გვაქვს და ვგეგმავთ სამომავლოდ მოსაცდელების რაოდენობის თუნდაც გაორმაგებას ქალაქში. ზუსტად არ ვიცი რამდენის, თუმცა გვინდა, რომ დავამატოთ მოსაცდელები და ვმუშაობთ ამ საკითხზე. არის ტექნიკური საკითხები, განცხადებებიც შემოსულია მოქალაქეებისგან და რამდენიმე ადგილზე არის მოთხოვნა დავდგათ მოსაცდელები. მაგრამ, ზოგან ტექნიკურად შეუძლებელია დადგმა, რადგან საფეხმავლო ბილიკი იმდენად ვიწროა, რომ არ იძლევა საშუალებას… ავტობუსების გაჩერებებს შორისაც გარკვეული მანძილია განსაზღვრული“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში დავით კოპინაძემ, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

დავით კოპინაძის ინფორმაციით, მოსაცდელების დადგმა შესაძლოა მერიამ ვინმეს რაიმე წესით დაავალდებულოს, ან იჯარით გასცენ ადგილები – მოსაცდელის დადგმის ვალდებულებითა და მსგავსი პირობებით, როგორც „ალმაზეა“ გადაცემული.

გაითვალისწინებს თუ არა ბათუმის მერია ახალი მოსაცდელების მონტაჟის საკითხს, ეს ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გახდება ცნობილი.

ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან კი, შპს „ავტოტრანსპორტისთვის“ წელს 15 მილიონ 702 ათას 700 ლარია გამოყოფილი, თუმცა მოსაცდელების დადგმისთვის მერიას ბიუჯეტში თანხა არ აქვს გამოყოფილი; ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად კი, 7 მილიონი ლარი.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით

მთავრობის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, მართლაც დუღს საქართველოს ეკონომიკა, როგორც ამას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამტკიცებს. მთავრობის წევრების უძრავი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძვირადღირებული მანქანების შემდეგ, თანამდებობის პირების  ბოლო დროის გატაცება, როგორც მათივე ქონებრივი დეკლარაციებიდან ჩანს, ძვირადღირებული სახლებია.

სახლს ან იშენებენ ან ყიდულობენ ძირითადად სტრატეგიულად შერჩეულ ადგილებზე, ქალაქიდან მოშორებით, ტყესთან ახლოს, თბილისის ხედით, საკურორტო ზონაში ან ყიდულობენ უძრავ ქონებას ქალაქის ცენტრში კომერციულად მომგებიან არეალში.  ამ ქონების ღირებულება ხშირად, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ლარიდან იწყება.

  •  როგორ დუღს მთავრობის „პირადი ეკონომიკა“

მიწის ნაკვეთი მშენებლობისთვის ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ 2017 – 2919 წელებში ორ ნაწილად შეისყიდა. ნაკვეთი, საერთო ჯამში, 1530 კვ. მეტრია. ამ ქონებაში ნუნუ თამაზაშვილმა 76 500 დოლარი გადაიხადა. ამავე წელს მან შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის დასაწყებად „ქართუ“ ბაკიდან [ ბიძინა ივანიშვილის ბანკი] 137 120 ლარი აიღო სესხის სახით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018-2019 წლებში პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბაკურიანში მშენებლობისთვის 161 343 ლარი დახარჯეს. 2021 წელს მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის შესახებ არ ვიცით, რადგან პრემიერს წელს დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია,  თუმცა, თვითმხილველების ინფორმაციით, პრემიერ სახლს ძვირადღირებული მასალებით აშენებენ.

2021 წელს ნუნუ თამაზაშვილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო ტყის [5958 კვ.მეტრი] მოიჯარედ დაფიქსირდა, მის ხელშეკრულებას 49 წლიანი ვადა აქვს. ეს ტყე მის მშენებარე სახლს ესაზღვრება.

  • შს მინისტრის აგარაკი

ძვირადღირებული სახლი შინაგან საქმეთა მინისტრმაც აიშენა, თბილისთან ახლოს სოფელ ტაბახმელაში, პრესტიჟულ უბანში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სახლი სამ შენობას აერთიანებს და ჯამში 650.6 კვ.მეტრია [მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 420.7 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი 43.2 კვ.მეტრი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი 96.7 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობი 23 კვ.მეტრი და ავტოსადგომის ფართობი 67.0 კვ.მეტრი]

მინისტრ ვახტანგ გომელაურის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში გომელაურის მიერ 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში გამოჩნდა [1143  კვ.მეტრი]. 2017 წლის დეკლარაციით კი, ამ მიწაზე მინისტრის მეუღლემ აგარაკის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ხარჯის სახით მინისტრმა დეკლარაციაში 107 000 დოლარი მიუთითა, მიწის ნაკვეთში კი 22 000 დოლარი გადაუხდიათ.

შემდეგი წლის დეკლარაციაში კი მინისტრმა ჩაწერა, რომ მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში შვილმა, ანა გომელაურმაც იყიდა. 858 კვ.მეტრი 85 216 ლარად. შემდეგ ეს ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანეს.

ამ დროს ანა გომელაური შს აკადემიის განვითარებისა და  საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 15 375 ლარი იყო, ახლა კი გერმანიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია და მისი წლიური შემოსავალი 37 308 ევროა.

2018-2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში გომელაურმა აგარაკის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის სახით ჯამში კიდევ 66 000 ლარი მიუთითა.

ვახტანგ გომელაურის სახლი – რენდერი; ფასადი მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით და ხის ეფექტის მქონე ცეცხლგამძლე მასალით
მინისტრის ახალი სახლი და ნაკვეთი
  • თავადაცვის მინისტრის სახლი

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება წლიდან წლამდე იზრდებოდა. ყველაზე შთამბეჭდავი კი მინისტრის მეუღლის შენაძენია წყნეთში, ნუშის ბაღების #13-ში, ე.წ. ამერიკულ დასახლებაში „სან სიტი“. ეს არის დაბალსართულიანი დასახლება გამწვანებულ სივრცეში – ფეშენებელური, ენერგოეფექტური სახლებითა და თბილისის პანორამული ხედებით. ყველა სახლს აქვს ტერასა, რომლის ზედაპირიც ნანოტექნოლოგიებით არის დამუშავებული და არაეროზიულია. დასახლება ერთ საკადასტრო ერთეულზეა გაშენებული, ის გალავნითაა შემოსაზღვრული და ორივე შესასვლელს დაცვის სამსახური იცავს.

დასახლება ნუშის ბაღების #13
ნუშის ბაღების ქუჩა #13 რენდერი

2016 წელს მინისტრის მეუღლემ 500 000 ლარად წყნეთში, ნუშის ბაღების #13 -ში 336, 6 კვ.მეტრი საცხოვრებელი სახლი და 115,6 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი შეისყიდა. ამავე მისამართზე მან 15 000 ლარი გადაიხადა ავტოფარეხში. ამ დროს ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2020 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში, სოფელ ართანაში 4152 კვ.მ შეისყიდა 20 000 ლარად, ამავე სოფელში მინისტრმა კიდევ ერთი ნაკვეთი [2522 კვ.მ] თანამესაკუთრესთან ერთად შეისყიდა.

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი

ფეშენებელური სახლი თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც აიშენა, 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ დავით სუჯაშვილმა 50 000 დოლარად 2018 წელს იყიდა. მინისტრის მოადგილის ახალაშენებული სახლი თბილისის ზღვის მესამე შესახვევში რამდენიმე შენობას აერთიანებს. [საერთო ფართობი – 930,94კვ.მეტრია, აქედან საცხოვრებელი ფართობი – 415 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი – 232 კვ.მეტრი, სარდაფის ფართობი – 209 კვ.მეტრი; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 40 კვ.მეტრია, დამხმარე ფართობი – 32 კვ.მეტრი.]

2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით სუჯაშვილი წერს, რომ შეისყიდა მშენებარე ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად. ამავე დეკლარაციაში მან სარემონტო, ავეჯისა და ტექნიკის ხარჯის სახით 37 000 ლარი მიუთითა, 2020-2021 წლის დეკლარაციებში კი მშენებლობისა და რემონტის შესახებ ჩანაწერი აღარ იძებნება.

2019 წლის დეკლარაციაში არსებული ჩანაწერით, რომ 2018 წელს მხოლოდ მიწის ნაკვეთი კი არა, მშენებარე ფართობიც იყიდა, დავით სუჯაშვილი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი და სახლი თბილისის ზღვასთან მხოლოდ 50 000 დოლარი [ნაკვეთი] და 37 000 ლარი [რემონტი] დაუჯდა. თუმცა „გუგლ ერსისა“ და საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მინისტრის მოადგილემ ამ ტერიტორიაზე ბევრად ძვირადღირებული სამუშაოები განახორციელა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთი 2015 წელს ნათელა სუჯაშვილმა [სავარაუდოდ მინისტრის მოადგილის და] დაირეგისტრირა, ამ დროს ნაკვეთზე მშენებლობა დაწყებული არ ყოფილა. შემდეგ ამონაწერი 2017 წელს განაახლეს, ახალ ამონაწერში დაფიქსირდა მშენებარე ფართობი #1 და იპოთეკარი – დავით სუჯაშვილი.

2018 წელს რეესტრის ამონაწერში ჯერ იპოთეკური ვალდებულება მოიხსნა, რამდენიმე თვეში კი ქონების მფლობელად დავით სუჯაშვილი დარეგისტრირდა, ამ დროს ამონაწერში ისევ მხოლოდ მშენებარე ფართობი #1 ფიქსირდებოდა. ახლა კი აქ 930 კვ.მეტრი ფიქსირდება დეტალური ჩანაწერით, მთავარი და დამხმარე ნაგებობებით.

დავით სუჯაშვილის მშენებარე სახლი
დავით სუჯაშვილის სახლის რენდერი

2018 -2019 წლებში დავით სუჯაშვილმა დაირეგისტრირა ასევე რამდენიმე ნაკვეთი ყაზბეგში, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, რამდენიმე შემთხვევაში მასთან ერთად რეესტრში თანამესაკუთრეც ფიქსირდება. 

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი

550 000 აშშ დოლარი დაუჯდა სახლი და ანტრესოლი საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ  მოადგილეს, დავით ჭიჭინაძეს. 2020 წელს მან თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 129 კვ.მეტრი ბინა და 91 კვ.მ ანტრესოლი იყიდა.

მონიშნული დავით ჭიჭინაძის ანტრესოლი

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს დავით ჭიჭინაძეს მიწის ნაკვეთი შეუძენია ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში. მინისტრის მოადგილე წერს, რომ ნაკვეთი საჯარო აუქციონის წესით 851 კვ. მეტრ მიწის ფართობი 3500 ლარად შეიძინა.

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მილიონიანი სახლი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი წერს, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი თბილისში მარგიანის ქუჩაზე მილიონ 10 080 ლარად შეიძინა 2019 წელს. რეესტრის მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ეს სახლი მან თიბისი ბანკიდან გამოისყიდა. გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს 2017 წლიდან, 2019 წლიდან კი ის პირველი მოადგილეა. მარგიანის ქუჩაზე მინისტრის მოადგილის ნაკვეთი 690 კვ.მეტრია ხოლო სახლი 537.68 კვ.მეტრი. ამასთან მინისტრის მოადგილემ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების დანაზოგის შეგროვებაც მოახერხა.

ორი მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი სახლი მანსარდი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ  2017 წელს 100 000 დოლარად იყიდა.

მონიშნულია ირაკლი ქარსელაძის სახლი

მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 2018 წლის მაისში 180 000 აშშ დოლარად იყიდა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე მან ამ ნაკვეთზე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

  • სემეკის თავმჯდომარის სახლი

2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რომელიც წინა წლის მონაცემებს ასახავს, დავით ნარმანიამ შეძენილ მიწის ნაკვეთზე 249 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა. ამ დროისთვის მას აქ უკვე ჰქონდა აშენებული 647,9 კვ.მ ფართობი. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში [2020 წლის მონაცემები] ნარმანიამ სარემონტო ხარჯის სახით 350 000 ლარი მიუთითა. 2020 წლის დეკლარაციით კი, წინა წლის სარემონტო ხარჯი 75 000 იყო. ნარმანიას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების მიხედვით, სემეკის თავმჯდომარემ სახლის მშენებლობისა და რემონტისთვის უკვე დახარჯა 671 000 ლარი.

 

 

 

პეტიცია აჭარის ხის მეჩეთების გადასარჩენად – სოლიდარობის თემი უმაღლეს საბჭოს მიმართავს

„სოლიდარობის თემმა“, ხის მეჩეთებთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში წარსადგენად პეტიცია მოამზადა. პეტიციის მოთხოვნაა, აღრიცხოს, შეისწავლოს და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ხის მეჩეთებსა და ჯამების, როგორც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

პეტიციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე აჭარაში არსებულ მუსლიმურ ნაგებობებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს, რაც მათ განადგურებას იწვევს, მაშინ, როცა ეს ნაგებობები არის „რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“.

საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობას ავალდებულებს. პეტიციაში კი აღნიშნულია, რომ არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და არც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, კონსტიტუციურ ვალდებულებას სათანადოდ არ ასრულებენ. ადამიანების თვითნებური ჩარევა კი ხშირად სრულიად დამახინჯებულ და არაავთენტურ საკულტო ნაგებობებს გვაძლევს.

პეტიციაში მოყვანილია, რომ უძრავი ძეგლის სტატუსი აჭარაში სულ 29 მუსლიმურ ნაგებობას აქვს მინიჭებული და 2017-2021 წლებში რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარდა. ეს აჩვენებს, რომ აჭარის ხის მეჩეთებისა და ჯამეების მოვლა-რეაბილიტაცია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს.

„პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები აჭარაში არსებულ, მათგან ზოგ გაქრობისა და განადგურების პირამდე მისულ ისლამური კულტურის ნაგებობებს განვიხილავთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ყოფისა და მეხსიერების უნიკალურ, განუმეორებელ ნაწილად, რომლის მოვლა სახელმწიფოსა და მოქალაქეების ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა რელიგიის საკულტო, სამოქალაქო თუ თავდაცვითი ისტორიული ნაგებობების აღრიცხვა, მოვლა, რეაბილიტაცია იქ, სადაც ეს შესაძლებელია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ამავე მიზნებით.

პეტიციის წარმდგენი მოქალაქეები მივმართავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, რათა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ისევე, როგორც მთელ მთავრობას, მოუწოდოს აჭარაში ისლამური კულტურის ძეგლების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და პოპულარიზაცია მთავრობის პრიორიტეტი გახდეს, კერძოდ, მომდევნო წლის ავტონომიური რესპუბლიკური ბიუჯეტი დაიგეგმოს იმგვარად, რომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრა გათვალისწინებულ იქნას, შესაბამისი ზომები მიიღონ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ასევე მუნიციპალიტეტებმა – შეიქმნას ისლამური კულტურის ძეგლთა ერთიანი რეესტრი, მომზადდეს მათი გადარჩენის, რეაბილიტაციის-მოვლა პატრონობისა და პოპულარიზაციის სტრატეგიული დოკუმენტი, ასევე მთავრობამ და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა, ძეგლების ნაგებობებში დაუგეგმავი და არაკვალიფიციური ჩარევის (მიშენების, დემონტაჟის, შეცვლის და ა.შ.) აღსაკვეთად“, – წერია პეტიციაში.

პეტიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს საიტზე 21 სექტემბრის საღამოს აიტვირთა და იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ განიხილოს, მინიმუმ 200 ხელმომწერი უნდა ჰყავდეს. „სოლიდარობის თემი“ აცხადებს, რომ პეტიციას გაცილებით მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

„სოლიდარობის თემის“ თანადამფუძნებლის, ნესტან ანანიძის თქმით, პეტიციის მომზადებისას საკონსულტაციო შეხვედრები ჰქონდათ საზოგადოებას სხვადასხვა ჯგუფთან და მეჩეთების დაცვა ყველასთვის მნიშვნელოვანია.

როგორც ნესტან ანანიძემ გვითხრა, „სოლიდარობის თემი“ დიდი ხანი ფიქრობდა რა მექანიზმებით ემუშავა მეჩეთების გადარჩენის საკითხზე, რადგან მეჩეთები ყოველდღე ნადგურდება სახურავის არ ქონისა და სხვა ბევრი მიზეზით. განსაკუთრებით კი უფუნქციო მეჩეთები, რომლებსაც, ძირითადად, ქედის მუნიციპალიტეტში ვხვდებით.

„აუცილებლად შევა პეტიცია განსახილველად აჭარის უმაღლეს საბჭოში. გვინდა თითოეული დეპუტატი დავაფიქროთ იმ საკითხზე, თუ რა ღირებულება და მნიშვნელობა აქვს მეჩეთებს, როგორც საუკუნოვან ნაგებობებს, ქართული კულტურის ნაწილს და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია უფრო მეტი მიტოვებული, დანგრეული და განადგურების პირას მყოფი მეჩეთი აღდგეს. უფრო მეტი ტურისტული პოტენციალი შეიძინოს ამ კუთხით აჭარამ“.

დავარქვათ ანგისის ქუჩას სახელი უკრაინაში მებრძოლი ქართველების პატივსაცემად – თხოვნა მერს

მარუხის ქუჩის მოსახლეობა ბათუმის მერიას წერს, რომ ახალრეაბილიტირებული ქუჩა ვიწროა, რაც უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. ამას ემატება ისიც, რომ ქუჩის ორივე მხარეს მძღოლები პარკინგისთვის იყენებენ:

„ასეთ პირობებში მძღოლები გადაადგილდებიან დიდი სისწრაფით, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს.“

მოსახლეობა ითხოვს მარუხის ქუჩა სოხუმის ქუჩის კვეთიდან შავშეთის ქუჩის კვეთამდე ცალმხრივი გახდეს.

იგივე მოთხოვნა აქვთ ანგისის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც. მოსახლეობამ მერიას ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით განცხადებით მიმართა და ხელმოწერებიც წარუდგინა.

ანგისის ქუჩის მოსახლეობა ასევე ითხოვს ქუჩას სახელი შეუცვალონ, „თავის დროზე ჩვენთვის არ შეუთანხმებიათო“, ისინი საკრებულოსგან ითხოვენ ანგისის ქუჩას უკრაინაში მებრძოლი ქართველების პატივსაცემად სახელი მოუფიქრონ.

მერიამ ორი ქუჩის შესაძლო გაცალმხრივებაზე  საპატრულო პოლიციას ჰკითხა, პოლიციამ მერიას უპასუხა, რომ წინააღმდეგი არ არის.

ამის შემდეგ მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს გადაუგზავნა:

„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობის თავიდან აცილების მიზნით, დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ანგისის ქუჩაზე“, – ნათქვამია განკარგულების პროექტში.

საკრებულოში გადაგზავნილი პროექტიც მიხედვით, ანგისის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება აღმაშენებლის წრიულიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში. გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა. გაცალმხრივდება მარუხის ქუჩაც.

საკრებულო ამ საკითხს 29 სექტემბერს დაგეგმილ სხდომაზე დაამტკიცებს.

მთავარი ფოტო: გურამ მურვანიძე

მენტორის გამოცდის ბარიერი მხოლოდ 182-მა პედაგოგმა გადალახა – გამოცდების შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა მასწავლებელთა ზაფხულის გამოცდების შედეგების შეჯამება.

წელს წამყვანი პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდაზე 8 102 მასწავლებელი გავიდა, თუმცა 5 646 მასწავლბელმა სტატუსის ცვლილებისთვის საჭირო ბარიერი ვერ გადალახა. სტატუსის ცვლილება ამ კატეგორიაში, მხოლოდ 2 456 მასწავლებელმა შეძლო.

მენტორის გამოცდაზე კი ბარიერი მხოლოდ 184-მა პედაგოგმა გადალახა. ამ გამოცდას სულ 2 744 წამყვანი მასწავლებელი აბარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 562 წამყვანმა მასწავლებელმა მენტორის სტატუსი წელს ვერ მოიპოვა.

რაც შეეხება მასწავლებლობის მსურველებს, წელს გამოცდაზე 16 595 პირი გავიდა, ბარიერი ვერ გადალახა 3 694 პირმა.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას 692 პირი აბარებდა, ბარიერი ვერ გადალახა 226-მა მასწავლებელმა.

ზაფხულის გამოცდაზე ის პრაქტიკოსი მასწავლებლებიც გავიდნენ, რომლებმაც დღემდე ვერ მოახერხეს სტატუსის ცვლილება და ვერ დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში 2 151 პრაქტიკოსი შეეცადა სტატუსის ამაღლებას, თუმცა რამდენმა შეძლო გამოცდის ჩაბარება, ამის მონაცემებს ცენტრი არ გვაწვდის.

____________________

ამავე თემაზე:

გამოჩნდა, რომ შეფასების სისტემა არ არის სანდო – მასწავლებელი გამოცდების შესახებ

რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

უკრაინის უმაღლესი რადაში ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინის დამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი განთავსების პირობებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა.

დმიტრო ლუბინეცის თქმით, ბევრ გათავისუფლებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„ბიჭებმა თქვეს, რომ საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. წყალი იყო შეზღუდულად. არ გასცემდნენ პირადად ჰიგიენის საშუალებებს“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

მან დასძინა, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები და ცნობილი მებრძოლები სამარტოო საკნებში ჰყავდათ მოთავსებული.

„გუშინ ველაპარაკე ბიჭებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი 120 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ „სამარტოოში“. ერთმა კომუნიკაცია ვერც კი შეძლო. მან ზუსტად ასე თქვა, „დრო მჭირდება – გავიხსენო ეს როგორ ხდება – ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან მე ვიყავი მარტოო“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მან დაადასტურა, რომ მებრძოლებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერეშნინი ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ
მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერეშნინი ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ

„რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მე შემიძლია ვთქვა: რუსეთის ფედერაციას არაფერი გამოუვიდა – ვერ გატეხეს… არც ერთი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე არ მინახავს, რომელიც გატეხეს. როგორც ნახეთ, ისინი უკვე სახლებში არიან. ყველა იღიმის, ყველა მადლიერია“, – თქვა ლუბინეცმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვე მებრძოლებს აწამებდნენ.

აზოვის პოლკის მებრძოლების მხარდასაჭერად უკრაინაში სპონტანურად დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია. ორგანიზაცია „აზოვის ანგელოზებმა“ თანხის შეგროვების შესახებ გუშინ, საღამოს ექვსის ნახევარზე გამოაცხადეს.

„ჩვენი გმირები წამების, შიმშილისა და დაზიანებების შემდეგ მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში არიან! ახლა მთავარია მათი სათანადო მოვლა და მკურნალობა. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ! ჩვენი მიზანია ჩვენი მებრძოლებისთვის 10 მილიონი შევაგროვოთ“, – ეწერა შეტყობინებაში. – „მნიშვნელოვანია გათავისუფლებული დამცველების უზრუნველყოფა ყველა საჭირო ნივთით, რადგან მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი არ აქვთ“.

უკრაინამ 10 მილიონი გრივნა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის პოლკის“ მებრძოლების რეაბილიტაციისთვის წუხელვე შეაგროვა.

___

უკრაინის 215 დამცველი რუსეთის ტყვეობიდან 21 სექტემბერს დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ 200 მებრძოლი გაცვალეს რადას მილიარდერ დეპუტატ [სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლია], ვიქტორ მედვედჩუკში, რომელმაც გამოძიებას ყველა შესაძლო ჩვენება უკვე მისცა.

უკრაინამ რუსეთს დამატებით 55 რუსი ტყვე გადასცა.

პატიმრები ოთხ ქვეყანაში გაცვალეს. რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 10 უცხოელი ჯარისკაცი, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და „დნრ“-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გაათავისუფლეს ხუთი მეთაური: „აზოვის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო, „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი, „აზოვის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო; საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი და მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა. ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის პირადი დაცვის ქვეშ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, გაცვლილ ტყვეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც გადაურჩა რუსების მიერ მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას დონბასში, ოლენევკას კოლონიაში.

გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, უკრაინა მუშაობს „ყველა ყველასთვის“ გაცვლაზე, გაეროსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად მუშაობს.

ბათუმში N6 და N14 მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები იცვლება

ბათუმში N6 და N14 მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები იცვლება. შესაბამისი განცხადებით ბათუმის მერს შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორმა მიმართა, ქალაქის მერმა კი, დასამტკიცებლად შესაბამისი ცვლილების პროექტი საკრებულოს წარუდგინა.

ქალაქის მერისადმი გაგზავნილ წერილში „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი წერს, რომ „ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ადმინისტრაციამ „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ მიმართა თხოვნით, სკოლის ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით [ბათუმი, ორბელიანისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთა] მოწყობილიყო მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამასთანავე დანიშნულიყო ავტობუსი.“

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ავტოტრანსპორტის“ დირექტორი ლევან ლაზარიაშვილი სთხოვს მერს, არჩილ ჩიქოვანს, ცვლილება შეიტანოს არსებულ, N6 და N14 მარშრუტებში.

 

N6 ავტობუსი:

დღეს არსებული მარშრუტი: ასათიანის ქუჩა, ხიმშიაშვილის ქუჩა, სულხან-ორბელიანის ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა, კომახიძის ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჩაქვი, ბუკნარი.

ახალი მარშრუტი იქნება: ასათიანის ქუჩა, შამილაძის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა, კომახიძის ქუჩა, გრიბოედოვის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ბაქოს ქუჩა, თამარ მეფის გამზირი, ჩაქვი, ბუკნარი.

 

N14 ავტობუსი:

დღეს არსებული მარშრუტი: ლადო ასათიანის ქუჩა, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა, ორბელიანის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ინასარიძის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, კაჩინსკების ქუჩა.

ახალი მარშრუტი იქნება: სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, შამილაძის ქუჩა, ასათიანის ქუჩა, მელიქიშვილის ქუჩა, ბაგრატიონის ქუჩა, ლერმონტოვის ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, ჯავახიშვილის ქუჩა, გორგილაძის ქუჩა, შარტავას ქუჩა, ფიროსმანის ქუჩა, ინასარიძის ქუჩა, შერიფ ხიმშიაშვილის გამზირი, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა.

ახალი მარშრუტი მას შემდეგ შევა ძალაში, როცა საკრებულო ცვლილებას დაამტკიცებს. საკრებულო საკითხს 29 სექტემბრის სხდომაზე განიხილავს.

ამავე თემაზე:

270 გაჩერება ბათუმში მოსაცდელის გარეშე

ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა

27 წლის ესმა ანანიძემ ხულოდან დაახლოებით 10 000 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა „აწარმოე საქართველოსგან“ და ნოემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის მოსამზადებელ პირველ სასწავლო ცენტრს გახსნის. ესმას ცენტრს „ABC ROOM“ ჰქვია.

როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი გვიყვება, ცენტრის გახსნას მასთან ერთად ამ იდეის ბევრი გულშემატკივარი ელის, განსაკუთრებით კი მოსწავლეები.

ესმა მოსწავლეებს სასწავლო ცენტრში გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მიიღებს მათზე მორგებული სასწავლო პროგრამების დასაგეგმად, რომლის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგ სასწავლო გრაფიკი, ხანგრძლივობა და სწავლის საფასური.

„სამწუხაროდ. ცენტრში სწავლა არ არის უფასო, რადგან ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეღავათებია დაგეგმილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს თვითონ რეგიონს ვარგებ. რეგიონსაა მორგებული ფასებიც – ABC ROOM-ში სწავლის საფასური 30-დან 80 ლარამდე იქნება“.

ესმა ბოლო 5 წელია ასწავლის ინგლისურ ენას, მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრსა და მაგისტრზე ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობდა ფინანსების მიმართულებით.

ესმა პირველ კურსზე იყო, როცა პოლონეთში მოხალისედ წავიდა, სადაც სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის სკოლებში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა. „მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას აკლდა ბავშვების ჩახუტება, მათი ემოციები, რომელსაც გიბრუნებდნენ გაკვეთილების შემდეგ. ამას ჰქონდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ამით უნდა დავკავებულიყავი“, – გვიხსნის ესმა.

ესმა ABC ROOM -ზე გვიყვება: „ინოვაციურობა იმაშია, რომ ჭკვიან ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. გვექნება არატრადიციული დაფა, რომელზეც შეგიძლია წერა ცარცის, კალმის ან ფლომასტერი გამოყენების გარეშე. ასევე, პრეზენტაციის გაკეთება. სასწავლო ცენტრი სრულიად ეკომეგობრული იქნება, არ მოვიხმართ ფურცლებს და ა.შ.

მექნება პატარა პლანშეტები, რომლებიც დამეხმარება ტესტირებისა და მსგავსი საკითხების მოგვარებაში, რაც ინგლისურ ენაში ოთხივე უნარის განვითარებისთვის ძალიან ეფექტურია. მექნება აქტივობები, რომელიც ყველა დონის მსმენელს იქნება მორგებული და აქ მოსული ადამიანი თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს“.

ესმამ 2019 წელს ხულოში, კოლეჯ „ახალი ტალღაში“ ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ამეცადინებდა სკოლის მოსწავლეებს და კიდევ უფრო კარგად დაინახა ხულოში ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის საჭიროება, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა ინგლისური ენა ესწავლა თანამედროვე მეთოდებით.

„ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე ბავშვებს, მით უფრო ტრადიციული სწავლების მეთოდით თუ სწავლობენ, მაგრამ თამაშებით, სიმღერებით, ბევრი საინტერესო აქტივობით და მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ ვასწავლით, სულ სხვანაირად იქნება. ეს, სამწუხაროდ, სკოლებს აკლია.

ხულოს მუნიციპალიტეტის ბევრ სკოლას ინტერნეტიც კი არ აქვს, არც კომპიუტერები და ტრადიციული გაკვეთილები ტარდება. ეს მოსწავლეებისთვის ძალიან უინტერესოა. მოტივაცია მომეცა, რომ შემეძლო რაღაც საინტერესო სივრცე გამეკეთებინა მათთვის, სადაც შეისწავლიდნენ ინგლისურ ენას“, – გვიყვება ესმა.

გვიყვება, რომ აქამდე სხვა ორგანიზაციების გამოცხადებულ კონკურსებშიც მიუღია მონაწილეობა, სადაც უარი უთხრეს დაფინანსებაზე და ჩაიქნია ხელი. თუმცა მეუღლის, ნათესავების, მოსწავლეების მხარდაჭერამ საბოლოოდ გადააწყვეტინა „აწარმოე საქართველოში“ მიეღო მონაწილეობა.

ესმამ ჩააბარა ინგლისური ენის სერტიფიცირების გამოცდა და მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამაც გაიარა.

„დამიფინანსებენ არ დამიფინანსებენ – აი, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ჯობს სცადო… მინდა რაღაც კარგის გაკეთება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ხალხისთვის“.

ამ ეტაპზე, ესმას სასწავლო ცენტრი „ABC ROOM“ 10 ჯგუფზეა გათვლილი, თითოეულში 5 მოსწავლით. ცენტრს ჯერ მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავს და ისიც თავად ესმაა. თუმცა თანდათან გაფართოებასაც აპირებს.

მისი თქმით, ბევრი ეკითხება, თუ როგორ შეძლო დაფინანსების მოპოვება. ამბობს, რომ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე რისი გაკეთება გინდა. მნიშვნელოვანია პროექტის წერის ცოდნაც.

შეიცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება – სოვლაბი ბათუმის თეატრს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება.

1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა – „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა.

20 სექტემბერს, ბათუმის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა.

სოვლაბის შეფასებით ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა:

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა. სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვების თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ.

მართალია, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს“, – წერია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოვლაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა.

„სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი“, – აცხადებენ მკვლევარები.

___

ბათუმის თეატრში „ოცნებიდან“ გადმოსული სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს სტალინზე დგამს

მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა

დღეს, 23 სექტემბერს, ცნობილი ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა.

ბერდია ინწკირველი გადაღებულია არაერთ მხატვრულ ფილმში.

მისი ყველაზე გამორჩეული როლებია: გაღმა ნაპირი, პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), ბასკან უჩარდ (ძახილი), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ჟანა დ’არკი), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა.

ბერდია ინწკირველი ასევე გადაღებულია სერიალებში და სხვა ფილმებშიც: „მიზანი“; „ლეონარდო“; „მერცხლები ბეღურები“; „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“; „ბანდიტი აგურის ქარხნიდან“; „ბათა ქექია“; „ებრაკალაბრა“; „წინამორბედი“; „მაისის თოვლი“; „იქ-ჩემთან“; „ღამის ცეკვა“ და სხვა.

მინიჭებული აქვს აჭარის დამსახურებული არტისტის წოდება.

უკრაინულ სექტორში მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით დასაქმდებიან

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვით, პირს, რომელსაც უკრაინულ სექტორში მასწავლებლად დასაქმება სურს, სკოლას უნდა მიმართოს. „მასწავლებლები სკოლის მიერ დადგენილი წესით შეირჩევიან“, – ნათქვამია განათლების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც გუშინ, 22 სექტემბერს გამოიცა.

ამ დროისთვის უკრაინული სექტორი თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებშია გახსნილი, სადაც 2 ათასამდე უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვი სწავლობს.

როგორც ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლამ შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება მოახერხა, თუმცა სექტორების დამატების გამო, კიდევ საჭიროა მაგალითად ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების აყვანა, რადგან უკრაინელი ბავშვები მშობლიურთან ერთად, ქართულ ენასაც შეისწავლიან.

ამ დროისთვის სამინისტრო არ გვაწვდის დაზუსტებულ ინფორმაციას, შეძლეს თუ არა უკრაინელი ბავშვებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების მიწოდება.

ქართულ საჯარო სკოლებში უკრაინული სექტორი მას შემდეგ გაიხსნა, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და უკრაინა 14 მლნ-ზე ლტოლვილმა დატოვა.

____________________________

მთავარი ფოტო: უკრაინული სექტორი, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში.

 

ხულო-გოდერძის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 7 ოქტომბრის ჩათვლით შეზღუდული იქნება

ხულო-გოდერძის სავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით შეიზღუდება.

მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდება გზის კმ86+440-კმ86+640 მონაკვეთზე დროის შემდეგ მონაკვეთებში: ყოველდღე, 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე და 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე.

„მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს დროებით მოწყობილი საავტომობილო გზის გავლით. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.“ აცხადებს გზების დეპარტამენტი.

შეზღუდვის მიზეზი, როგორც დეპარტამენტი აცხადებს, ხულო-გოდერძის გზის I ლოტის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარე კლდის ფერდის დამუშავება და ხელოვნურად მიწის ჩამოშლის სამუშაოებია.

 

მთავარი ფოტო: ხულო-გოდერძის გზა / ფოტო: დეპარტამენტი

 

ავარია ქედაში: დაიღუპა 2 ადამიანი, 3 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო ავტომანქანა და მიკროავტობუსი, რომელიც ტურისტების გადაყვანაზე მუშაობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე დაღუპული სრულწლოვანია და უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ორი ბრიგადა მუშაობდა – სამი დაშავებული ზედაპირული ტრამვით კლინიკებში BMC-ში და „მედალაფაში“ გადაიყვანეს, ხოლო კიდევ ორ დაშავებულ ექიმებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

Exit mobile version