მთავარი,სიახლეები

შეიცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება – სოვლაბი ბათუმის თეატრს

23.09.2022
შეიცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება – სოვლაბი ბათუმის თეატრს

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება.

1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა – „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა.

20 სექტემბერს, ბათუმის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“. ეს სტალინის სახოტბო პიესაა.

სოვლაბის შეფასებით ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა:

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა. სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვების თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ.

მართალია, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს“, – წერია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოვლაბის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა.

„სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი“, – აცხადებენ მკვლევარები.

___

ბათუმის თეატრში „ოცნებიდან“ გადმოსული სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს სტალინზე დგამს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: