მთავარი,სიახლეები

„რუსების მობილიზაცია შესაძლოა პირიქით უკრაინას დაეხმაროს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

23.09.2022 • 1681
„რუსების მობილიზაცია შესაძლოა პირიქით უკრაინას დაეხმაროს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„გრძელვადიან პერსპექტივაში მობილიზაციამ არა მგონია რუსეთს რამე წარმატება მოუტანოს,“ – დარწმუნებულია გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა. მას უფრო მოლოდინი აქვს, რომ რუსები მობილიზაციით შეგროვებულ ახალწვეულებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვარზე ჩააყენებენ, რადგან მოკლე დროში ხანგრძლივი დროით მომზადება ვერ მოესწრება.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი, სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი უკრაინა რუსეთის დამარცხებას შეძლებს.

გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, ომის შემდგომი ბედი ახლა რესურსების მობილიზებაზეა დამოკიდებული: შეძლებენ რუსები ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას, თუ ვიდრე ისინი სანგრებში გამაგრდებიან, უკრაინელები წარმატებული კონტრშეტევით მოახერხებენ ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას?

ბათუმელებმა“ გადამდგარ გენერალთან, გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე იყო.

  • ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რას მიაღწევს რუსეთი „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებით?

დავიწყოთ იმით, თუ რატომ დასჭირდათ ნაწილობრივი მობილიზაცია. ფაქტია, რომ რუსებს გაუჭირდათ და სჭირდებათ ადამიანური რესურსი დანაკარგების გამო, რაც მიიღეს უკრაინაში.

რუსეთში „200-იანით“ აღნიშნავდნენ დაღუპულებს, „300-იანით“ – დაჭრილებს. ახლა მათ დაემატა ახალი კოდური ტერმინი „500-იანები“. ასე აღნიშნავენ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც უარს აცხადებენ ომში მონაწილეობაზე. როგორც ვიცი, პირადი შემადგენლობის დაახლოებით 10 – 15 პროცენტია „500-იანია“. მთლიანობაში, დიდი რაოდენობის გამო, ჯარებს დასჭირდა შევსება.

აქ კიდევ ერთი დეტალია: მობილიზაციამდე იყო კადიროვის ინიციატივა, რეგიონების ხელმძღვანელებმა გავაკეთოთ მობილიზაციაო, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, გაანალიზეს, რომ ეს იყო საფრთხის შემცველი თავად რუსეთისთვის. წარმოიდგინეთ, ყველა ტერიტორიულ ერთეულს ექნებოდა თავისი ჯარი. ახლა მხოლოდ კადიროვს აქვს ეს დანაყოფი და რუსები ამ უხერხულობას გრძნობენ. შესაძლოა, ამ ინიციატივის ჩასაშლელადაც არჩიეს ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება.

არის ვერსიაც, რომ მობილიზაციით სურდათ „აზოვსტალის“ დამცველთა გათავისუფლების საკითხი გადაეფარათ. მოგეხსენებათ, რუსეთში იძახდნენ, რომ ესენი არიან სისხლის მსმელები, არ გავცლით სხვა ტყვეებში და ასე შემდეგ.

  • თქვენი აზრით, რატომ გაათავისუფლეს „აზოვსტალის“ ტყვეები? 

ჩემი აზრით, „აზოვსტალელი“ ტყვეები გაათავისუფლეს უფრო მედვედჩუკის გამო [უკრაინელი სამხედროს ფორმაში ჩაცმული, ხელბორკილებიანი ვიქტორ მედვედჩუკის ფოტო 12 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა. მოგვიანებით მან თქვა, რომ მედვედჩუკი 48 დღის განმავლობაში იმალებოდა, შემდეგ კი ქვეყნიდან გაქცევას შეეცადა. ზელენსკი რუსეთს სთავაზობს მედვედჩუკის გაცვლას უკრაინელი ტყვეებში.]

მედვედჩუკი დაახლოებულია პუტინთან და შესაძლოა, იყო სხვა მიზეზებიც, რის გამოც ძალიან სურდათ რუსებს მედვედჩუკის მიღება. „აზოვსტალელებს“ შორის იყო ხუთი მეთაური, მათ შორის, 36-ე საზღვაო ქვეითთა და 12-ე ოპერატიული ბრიგადის მეთაური… ესენი და პოლკ „აზოვის“ მეთაურები ახლა ერდოღანის სტუმრები არიან და ომის დამთავრებამდე დარჩებიან თურქეთში, ისინი ომში ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას.

  • ადამიანები რუსეთიდან გარბიან, პოლიტიკური რისკები ექმნება პუტინს და პროტესტიც ჩასახშობი აქვს – თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით არჩია ამ ეტაპზე პუტინმა „ნაწილობრივი მობილიზაცია“? გამოუვა რუსეთს ძლიერი საომარი ძალის შექმნა?

აშკარაა, რომ რუსეთს აქვს პირადი შემადგენლობის დეფიციტი. დღეს დაიწყეს გამოკითხვები რეფერენდუმისთვის ოთხ ოლქში. გასაგებია, რომ შემდეგი ეტაპი იქნება მიერთება ამ ტერიტორიების და ეს კონფიგურაცია დაახლოებით 1400 კილომეტრამდე ზრდის საზღვარს, ახალი საზღვარი ჩნდება. ეს ახლად მობილიზებული ხალხი შესაძლოა გამოდგეს სწორედ ამ საზღვრის დაფიქსირებისთვის.

  • თუმცა ამას სჭირდება მომზადება, რა დრო დასჭირდება მინიმუმ საზღვრის დაცვისთვის მომზადებას? 

რამდენიმე ეტაპი იქნება. პირველ რიგში, მოხდება საბრძოლო დანაკარგების შევსება. მეორე რიგში, მოხდება ახალი ნაწილების შექმნა. ბრძოლაგამოვლილი დანაყოფების დაკომლექტება შედარებით მალე მოხდება, იქ გაიწვევენ დეფიციტური სამხედრო სპეციალობების და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანებს…

დანაკარგების შევსებას მინიმუმ ორი კვირიდან ერთ თვემდე დასჭირდება. ამ ხალხს მინიმუმ ჩაცმა უნდა, მინიმალური აღჭურვილობა. რუსებს აქვს იმის პრობლემაც, რომ შესაბამისი ფორმა ჩააცვან ჯარისკაცს და უზრუნველყონ ჯავშანჟილეტით, კავშირგაბმულობის საშუალებებით და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, ეს დონეცკი და ლუგანსკი თუ შეუერთეს რუსეთს, იქ ასე ნახევრად პარტიზანულ მდგომარეობაში ვერ იქნება ადგილობრივი ე.წ. სახალხო მილიცია, ისინიც ერთიან სტრუქტურაზე უნდა გადავიდნენ, ამასაც შესაბამისი რესურსი დასჭირდება.

ბევრად მეტი დრო დასჭირდება ამ ახალი ნაწილების ადგილზე გაშლას. ჯერ ერთი, უნდა შეკრიბონ ეს ადამიანები, ავარჯიშონ,  მოამზადონ, ჩაატარონ შერწყმა. ამას ორი-სამი თვე შესაძლოა დასჭირდეს.

  • ანუ რაზე აქვს გათვლა პუტინს? 

ფაქტია, რომ საჭიროება გაჩნდა ადამიანური რესურსების შევსების, განსაკუთრებით ხარკოვის მიმართულებაზე უკრაინელების კონტრშეტევის შემდეგ, იქ საკმაოდ წარმატებით ჩაატარეს ოპერაცია უკრაინელებმა და დღესაც განაგრძობენ ბრძოლას ლიმანის მიმართულებაზე.

  • თუმცა შეჩერდა ეს პროცესი. როდისთვის ელით მორიგ კონტრშეტევას უკრაინისგან? 

ხერსონის მიმართულებაზე პრობლემა შექმნა წყალსაცავზე დამბის ნაწილის ჩამოშლამ – წყლის დონემ მოიმატა მდინარე ენგულეცზე, გადასასვლელები წაიღო და უკრაინელების იმ დანაყოფებს, რომლებსაც შეტევის განვითარებისათვის დაკავებული ჰქონდათ პლაცდარმი მდინარის მარცხენა ნაპირზე, ლოჯისტიკური
პრობლემები შეექმნათ. იქ მხოლოდ გარკვეული ლოკალური ბრძოლები მიმდინარეობს.

ხარკოვის მიმართულებაზე გრძელდება უკრაინელთა კონტრშეტევითი ოპერაცია, თუმცა უფრო დაბალი ტემპებით. უკრაინელებს ახლა აქვთ ინიციატივა და გარკვეული შანსი კონტრშეტევისთვის მელიტოპოლის, ბერდიანსკის და მარიუპოლის მიმართულებით. თუ მათ მოახერხეს აზოვის ზღვაზე გასვლა, ყირიმის დაჯგუფება ფაქტიურად მოწყვეტილი იქნება ძირითადი ძალებისაგისაგან. გააჩნია, როგორ მოახერხებს უკრაინა რესურსების მობილიზებას.

  • რამდენად არის ამის შანსი, რომ ვიდრე რუსები მოახდენენ მობილიზაციას, მანამდე უკრაინელებს ჰქონდეთ კონტრშეტევა ხერსონის მიმართულებაზე, სადაც ერთგვარი პლაცდარმი უკვე არსებობს? 

არსებობს ეს მოლოდინი, მაგრამ მე ზუსტად ვერ გეტყვით: აქვთ კი ამის რესურსი უკრაინელებს? დნეპრამდეც რომ გავიდნენ, ესეც დიდი წარმატება იქნება.

ჩემი აზრით, შესაძლოა, მოკლევადიან პერსპექტივაში მხოლოდ რაღაც უპირატესობა მისცეს ამ მობილიზაციამ რუსებს, თორემ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მგონია, ამან რუსეთს რამე წარმატება მოუტანოს. ამას პროტესტის გარდა, ექნება სხვა გვერდითი მოვლენებიც: არავის უნდა რეალურად უკრაინაში სიკვდილი.

შესაძლოა რუსების ეს მობილიზაცია უკრაინას დაეხმაროს და დასავლეთმა უფრო სწრაფად, უფრო დიდი ოდენობით მიაწოდოს შესაბამისი აღჭურვილობა უკრაინელებს.

ახლა ამაზეა დამოკიდებული ომის შემდგომი განვითარება: ვინ როგორ მოახერხებს რესურსების მობილიზებას.

  • მერიკელი გენერალი მარკ ჰერტლინგი ამბობს, რომ ყბა ჩამოუვარდა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებით. ის თავის აზრს ასე აყალიბებს: „აშშ-ის მოსახლეობა 344 მილიონია და ჩვენ მხოლოდ დაახლოებით 150 000 ჯარისკაცს ვწვრთნიდით წელიწადში. რუსეთის მოსახლეობა 144 მილიონია, რომელიც 11 სასაათო სარტყლის გარშემო ცხოვრობს. იქ ჯარისკაცები ბაზაზე 1-კვირიან საბაზისო წვრთნას გადიან“. თუ ეს მართლაც ასეა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს პუტინს?

მთლიანობაში რუსეთის სამობილიზაციო რესურსი არის 25 მილიონი და ამჯერად 300 ათასის მობილიზაციაზე საუბრობს შოიგუ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც არასდროს ასრულებენ იმას, რასაც ამბობენ, ან ცუდად აკეთებენ. იქ საქმეს აკეთებენ არა შედეგისთვის, არამედ მოხსენებისთვის. დღესაც ეს ჩანს კომისარიატებში: ბრძანებით განსაზღვრული ასაკობრივი კატეგორიების და შესაბამისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს კი არ იწვევენ, არამედ მიჰყავთ ყველა, ვინც ხელში მოჰყვებათ. ეს აჩვენებს იმას, რომ ამჯერადაც ზრუნავენ გეგმის შესრულებაზე და არა ხარისხზე.

ამას ექნება სხვა გვერდითი ეფექტები: რეალურად მიდიან ომში ისინი, რომლებსაც არ აქვთ მოტივაცია, არ აქვთ უნარები, ფიზიკური მომზადება. ასე იქმნება დაზიანების მაღალი რისკიც. აღარ ვსაუბრობ სოციალურ უკმაყოფილებაზე, რაც უკვე ჩანს ამ პროცესში.

ერთი ძველი რუსი ფელდმარშალი [მინიხი] ამბობდა, რომ რუსეთს მართლაც მაღალი ღმერთი მართავს, თორემ სხვა შემთხვევაში რუსეთი დიდი ხნის წინ დაშლილი იქნებოდაო… ეს ფრაზა მახსენდება იმიტომ, რომ რუსეთი არ შეცვლილა, იქ ახლაც ყველაფერი ცუდად კეთდება, ან კეთდება მხოლოდ მოხსენებისთვის.

  • ფიქრობთ, რომ რუსებს მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დასაცავად სჭირდება ეს მობილიზაცია? 

კი, იკვეთება, რომ მას ეს რესურსი სჭირდება არსებული პოზიციების შენარჩუნებისთვის, შორს წასვლის რესურსი რუსებს აღარ აქვთ და არც უკან წამოსვლა უნდათ. რუსეთს სურს რეალურად ომის ცხელი ფაზიდან ცივ ფაზაში გადასვლა, დროებითი ზავი და მერე დაელოდებიან, რა მოხდება: პუტინი მოკვდება, ან რამე შეიცვლება…

  • რატომ განაგრძობენ რუსები შეტევას ბახმუტის სამხრეთით?  

აქ მიზანია დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა, სადაც ახლა რეფერენდუმს ატარებენ. როგორც ცნობილია, რუსები თითქმის აკონტროლებენ ლუგანსკის ოლქს, დონეცკის ნაწილი კი, დარჩენილი, ზაპოროჟიეს ოლქში ბევრი აკლიათ… ჩანს, რომ აქ დიდი ხანია ერთ ადგილზე „ბუქსაობენ“.

  • რა არის ამის ძირითადი ფაქტორი? 

აქ უკრაიანელები 2014 წლიდან არიან მომზადებულები ყოველმხრივ. დიდი როლი ითამაშა, როგორც დასავლეთიდან აღჭურვილობის მიწოდებამ, ასევე დანაკარგებმა რუსების ჯარში. რუსებს არც ის ენთუზიაზმი აქვთ, რაც თავიდან ჰქონდათ. განწყობის გარდა, დასავლეთიდან მოწოდებული შეიარაღების გამოყენებით რუსების არტილერია ისე დაუსჯელად ვეღარ მოქმედებს, უკრაინელების წარმატებული კონტრბატარეულ მოქმედებების გამო. ასევე ზუსტი საარტილერიო დარტყმებით კომუნიკაციების დაზიანების გამო რუსებს
შეექმნათ ლოჯისტიკური პრობლემები.

  • თქვენი აზრით, რა სარგებელს ელის რეფერენდუმისგან რუსეთი, როცა საუბარია პირიქით წინააღმდეგობის მოძრაობის გაძლიერებაზე უკრაინისგან წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ?

წინააღმდეგობის მოძრაობის გარკვეული ნიშნები ჩანს, თუმცა არ ვიცი, რამდენად ძლიერდება ეს. დონეცკსა და ლუგანსკში 2014 წლიდან მუშაობდა რუსეთი, როგორც ცნობილია, ხოლო ხერსონსა და ზაპოროჟიეში წინააღმდეგობის მოძრაობა არ იქნება პატარა ფაქტორი. ფაქტია, რომ რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, განსაკუთრებით ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში მშვიდი ცხოვრება არ ექნებათ რუსებს.

  • ეს ბლეფი არაა,“ – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანიც ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. ვისთვისაა ეს გზავნილი, თქვენი დაკვირვებით? 

ეს დასაშინებლად სჭირდებათ, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხული არც არის. ალბათ სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენების მცირე ალბათობაა, თუმცა ტაქტიკური დონის ბირთვული იარაღის გამოყენებაზე შეიძლება გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

თუმცა ერთია, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, მეორეა მისი აღსრულება. სულ ცოტა 4 ადამიანი მაინც არის ჩართული ამ გადაწყვეტილებაში და თითოეულმა თავის ე.წ. ღილაკს უნდა დააჭიროს ხელი: ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელი პირის ვიზირება დასჭირდება ამას პუტინის შემდეგ, ასევე უმაღლესი სამხედრო პირი (მინისტრი და/ან გენშტაბის უფროსი) და შემსრულებელი დანაყოფის მეთაური.

თანაც, ეს ბირთვული შეიარაღება და მუხტები სხვადასხვა ადგილზეა, დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა უნდა მოხდეს და ეს არ იმალება, როგორც წესი, დაზვერვა მუშაობს. ვერ დაიმალება ეგ ამბავი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: