მთავარი,სიახლეები

შეგხვდებით გაშლილი ხელებით – მონღოლეთის ექსპრეზიდენტის მიმართვა ბურიატებსა და ტუველებს

24.09.2022 • 3546
შეგხვდებით გაშლილი ხელებით – მონღოლეთის ექსპრეზიდენტის მიმართვა ბურიატებსა და ტუველებს

„ბურიატები, ტუველები და ყალმუხები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული. ჩვენ მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით,“ – ეს მიმართვა მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა წახიაგიინ ელბეგდორჯმა იუთუბზე გაავრცელა.

მონღოლეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მიმართავს და მოუწოდებს არ ესროლონ უკრაინელებს.

„მე მწყემსის რვა ვაჟიდან ერთ-ერთი ვარ. მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი, ვისაც უყვარს თავისუფლება და მშვიდობა. მე ვარ ამაყი მოქალაქე თავისუფალი და დამოუკიდებელი მონღოლეთის.

მარტივი გზავნილი მაქვს პუტინისადმი: ბატონო პრეზიდენტო, შეწყვიტეთ ომი. ჩვენ შევხვედრივართ ბევრჯერ. თქვენ გაქვთ ძალა, შეაჩეროთ ეს ომი ახლა. ახლა დროა მშვიდობის.

გული მწყდება, როცა ასეთ დღეში ვხედავ რუსეთს. ამ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ჩაიძირა შიშში და სავსეა ცრემლებით. თქვენს მობილიზაციას მოაქვს ტანჯვის ოკეანეები. ბატონო პრეზიდენტო, შეწყვიტეთ უაზრო მკვლელობები და დესტრუქცია.

მე მაქვს შეტყობინება მათთვის, ვინც ცდილობს გაქცევას რუსეთიდან. მსოფლიო შეგხვდებათ გაშლილი ხელებით და გულით. დღეს თქვენ გარბიხართ სასტიკი, დაუნდობელი და მოსალოდნელი სიკვდილისგან. ხვალ თქვენ დაიწყებთ თქვენი ქვეყნის გათავისუფლებას დიქტატურისგან.

ვიცი, რომ ამ სისხლიანი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე მეტად ის ეთნიკური უმცირესობები დაზარალდნენ, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. ბურიატი მონღოლები, ტუვა მონღოლები და ყალმუხი მონღოლები ძალიან დაზარალდნენ. ისინი გამოიყენეს როგორც საზარბაზნე ხორცი – ასობით დაჭრილია, ათასობით მოკლული. ჩვენ მონღოლები, შეგხვდებით გაშლილი ხელებითა და გულით.

მე ასევე მაქვს შეტყობინება მათთვის, ვინც იძულებულია იბრძოლოს პუტინის ომში უკრაინაში. არ ესროლოთ უკრაინელებს. არ ესროლოთ თქვენს დებსა და ძმებს, ბავშვებსა და მოხუცებს. არ მოკლათ ქვეყანა. არ მოკლათ მათი თავისუფლება. უკრაინას აქვს არსებობის სრული უფლება.

და ბოლოს, მე მაქვს შეტყობინება მამაცი უკრაინელი ხალხისა და პრეზიდენტ ზელენსკისადმი. მადლობა თქვენი სიმამაცისა და ლიდერობისთვის. მსოფლიოს საუკეთესო ნაწილი თქვენს მხარესაა. თქვენ ხართ შთამაგონებლები. როდესაც თქვენ გაიმარჯვებთ, ყველა გავიმარჯვებთ.

დიქტატურა სამუდამო არ არის. ხალხის გაერთიანება თავისუფლებისთვის, ყოველთვის იმარჯვებს. დიდება გმირებს“, – მიმართა მონღოლეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რუსეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: