მთავარი,სიახლეები

რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

23.09.2022 • 2665
რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

უკრაინის უმაღლესი რადაში ადამიანის უფლებათა კომისარმა, დმიტრო ლუბინეცმა ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინის დამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი განთავსების პირობებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ტელემარათონის ეთერში დასმულ კითხვებს უპასუხა.

დმიტრო ლუბინეცის თქმით, ბევრ გათავისუფლებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„ბიჭებმა თქვეს, რომ საშინელ პირობებში იმყოფებოდნენ. ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. წყალი იყო შეზღუდულად. არ გასცემდნენ პირადად ჰიგიენის საშუალებებს“, – აღნიშნა ლუბინეცმა.

მან დასძინა, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები და ცნობილი მებრძოლები სამარტოო საკნებში ჰყავდათ მოთავსებული.

„გუშინ ველაპარაკე ბიჭებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინი 120 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ „სამარტოოში“. ერთმა კომუნიკაცია ვერც კი შეძლო. მან ზუსტად ასე თქვა, „დრო მჭირდება – გავიხსენო ეს როგორ ხდება – ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან მე ვიყავი მარტოო“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მან დაადასტურა, რომ მებრძოლებს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება.

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერეშნინი ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ

მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი მიხაილო ვერეშნინი ტყვეობამდე და ტყვეობის შემდეგ

„რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მე შემიძლია ვთქვა: რუსეთის ფედერაციას არაფერი გამოუვიდა – ვერ გატეხეს… არც ერთი ჩვენი სამხედრო მოსამსახურე არ მინახავს, რომელიც გატეხეს. როგორც ნახეთ, ისინი უკვე სახლებში არიან. ყველა იღიმის, ყველა მადლიერია“, – თქვა ლუბინეცმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვე მებრძოლებს აწამებდნენ.

აზოვის პოლკის მებრძოლების მხარდასაჭერად უკრაინაში სპონტანურად დაიგეგმა საინფორმაციო კამპანია. ორგანიზაცია „აზოვის ანგელოზებმა“ თანხის შეგროვების შესახებ გუშინ, საღამოს ექვსის ნახევარზე გამოაცხადეს.

„ჩვენი გმირები წამების, შიმშილისა და დაზიანებების შემდეგ მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაში არიან! ახლა მთავარია მათი სათანადო მოვლა და მკურნალობა. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ! ჩვენი მიზანია ჩვენი მებრძოლებისთვის 10 მილიონი შევაგროვოთ“, – ეწერა შეტყობინებაში. – „მნიშვნელოვანია გათავისუფლებული დამცველების უზრუნველყოფა ყველა საჭირო ნივთით, რადგან მათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც კი არ აქვთ“.

უკრაინამ 10 მილიონი გრივნა რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული „აზოვის პოლკის“ მებრძოლების რეაბილიტაციისთვის წუხელვე შეაგროვა.

___

უკრაინის 215 დამცველი რუსეთის ტყვეობიდან 21 სექტემბერს დაბრუნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ 200 მებრძოლი გაცვალეს რადას მილიარდერ დეპუტატ [სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ნათლია], ვიქტორ მედვედჩუკში, რომელმაც გამოძიებას ყველა შესაძლო ჩვენება უკვე მისცა.

უკრაინამ რუსეთს დამატებით 55 რუსი ტყვე გადასცა.

პატიმრები ოთხ ქვეყანაში გაცვალეს. რუსეთის ტყვეობიდან გაათავისუფლეს 10 უცხოელი ჯარისკაცი, რომლებიც იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და „დნრ“-ში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.

გაათავისუფლეს ხუთი მეთაური: „აზოვის“ მეთაური დენის [რედისი] პროკოპენკო, „აზოვის“ მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ [კალინა] პონომარი, „აზოვის“ უფროსი ოფიცერი ოლეგ ხომენკო; საზღვაო ქვეითი ჯარის 36-ე ცალკეული ბრიგადის მეთაური სერგეი [ვოლინა] ვოლინსკი და მე-12 ნაციონალური გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის შლეგა. ისინი ომის დასრულებამდე თურქეთში იქნებიან პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის პირადი დაცვის ქვეშ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, გაცვლილ ტყვეებს შორის არიან ისეთებიც, ვინც გადაურჩა რუსების მიერ მოწყობილ ტერორისტულ თავდასხმას დონბასში, ოლენევკას კოლონიაში.

გენერალური პროკურორის ანდრეი კოსტინის თქმით, უკრაინა მუშაობს „ყველა ყველასთვის“ გაცვლაზე, გაეროსა და თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: