მთავარი,სიახლეები

ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა

23.09.2022 • 2777
ინგლისურში მოსამზადებელი პირველი სასწავლო ცენტრი ხულოში – ესმა ანანიძის იდეა

27 წლის ესმა ანანიძემ ხულოდან დაახლოებით 10 000 ლარის თანადაფინანსება მოიპოვა „აწარმოე საქართველოსგან“ და ნოემბრის ბოლოს, მუნიციპალიტეტში ინგლისური ენის მოსამზადებელ პირველ სასწავლო ცენტრს გახსნის. ესმას ცენტრს „ABC ROOM“ ჰქვია.

როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი გვიყვება, ცენტრის გახსნას მასთან ერთად ამ იდეის ბევრი გულშემატკივარი ელის, განსაკუთრებით კი მოსწავლეები.

ესმა მოსწავლეებს სასწავლო ცენტრში გასაუბრების და ტესტირების შემდეგ მიიღებს მათზე მორგებული სასწავლო პროგრამების დასაგეგმად, რომლის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგ სასწავლო გრაფიკი, ხანგრძლივობა და სწავლის საფასური.

„სამწუხაროდ. ცენტრში სწავლა არ არის უფასო, რადგან ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შეღავათებია დაგეგმილი მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. რა თქმა უნდა, ბევრ რამეს თვითონ რეგიონს ვარგებ. რეგიონსაა მორგებული ფასებიც – ABC ROOM-ში სწავლის საფასური 30-დან 80 ლარამდე იქნება“.

ესმა ბოლო 5 წელია ასწავლის ინგლისურ ენას, მიუხედავად იმისა, რომ ბაკალავრსა და მაგისტრზე ბიზნეს ადმინისტრირებას სწავლობდა ფინანსების მიმართულებით.

ესმა პირველ კურსზე იყო, როცა პოლონეთში მოხალისედ წავიდა, სადაც სხვადასხვა სოფლისა და ქალაქის სკოლებში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა. „მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას აკლდა ბავშვების ჩახუტება, მათი ემოციები, რომელსაც გიბრუნებდნენ გაკვეთილების შემდეგ. ამას ჰქონდა ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ამით უნდა დავკავებულიყავი“, – გვიხსნის ესმა.

ესმა ABC ROOM -ზე გვიყვება: „ინოვაციურობა იმაშია, რომ ჭკვიან ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ. გვექნება არატრადიციული დაფა, რომელზეც შეგიძლია წერა ცარცის, კალმის ან ფლომასტერი გამოყენების გარეშე. ასევე, პრეზენტაციის გაკეთება. სასწავლო ცენტრი სრულიად ეკომეგობრული იქნება, არ მოვიხმართ ფურცლებს და ა.შ.

მექნება პატარა პლანშეტები, რომლებიც დამეხმარება ტესტირებისა და მსგავსი საკითხების მოგვარებაში, რაც ინგლისურ ენაში ოთხივე უნარის განვითარებისთვის ძალიან ეფექტურია. მექნება აქტივობები, რომელიც ყველა დონის მსმენელს იქნება მორგებული და აქ მოსული ადამიანი თავს ნამდვილად კომფორტულად იგრძნობს“.

ესმამ 2019 წელს ხულოში, კოლეჯ „ახალი ტალღაში“ ინგლისური ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად ამეცადინებდა სკოლის მოსწავლეებს და კიდევ უფრო კარგად დაინახა ხულოში ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის საჭიროება, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა ინგლისური ენა ესწავლა თანამედროვე მეთოდებით.

„ხშირ შემთხვევაში უჭირთ ხოლმე ბავშვებს, მით უფრო ტრადიციული სწავლების მეთოდით თუ სწავლობენ, მაგრამ თამაშებით, სიმღერებით, ბევრი საინტერესო აქტივობით და მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებით თუ ვასწავლით, სულ სხვანაირად იქნება. ეს, სამწუხაროდ, სკოლებს აკლია.

ხულოს მუნიციპალიტეტის ბევრ სკოლას ინტერნეტიც კი არ აქვს, არც კომპიუტერები და ტრადიციული გაკვეთილები ტარდება. ეს მოსწავლეებისთვის ძალიან უინტერესოა. მოტივაცია მომეცა, რომ შემეძლო რაღაც საინტერესო სივრცე გამეკეთებინა მათთვის, სადაც შეისწავლიდნენ ინგლისურ ენას“, – გვიყვება ესმა.

გვიყვება, რომ აქამდე სხვა ორგანიზაციების გამოცხადებულ კონკურსებშიც მიუღია მონაწილეობა, სადაც უარი უთხრეს დაფინანსებაზე და ჩაიქნია ხელი. თუმცა მეუღლის, ნათესავების, მოსწავლეების მხარდაჭერამ საბოლოოდ გადააწყვეტინა „აწარმოე საქართველოში“ მიეღო მონაწილეობა.

ესმამ ჩააბარა ინგლისური ენის სერტიფიცირების გამოცდა და მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამაც გაიარა.

„დამიფინანსებენ არ დამიფინანსებენ – აი, ამაზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ჯობს სცადო… მინდა რაღაც კარგის გაკეთება ჩემი მუნიციპალიტეტისთვის, ხალხისთვის“.

ამ ეტაპზე, ესმას სასწავლო ცენტრი „ABC ROOM“ 10 ჯგუფზეა გათვლილი, თითოეულში 5 მოსწავლით. ცენტრს ჯერ მხოლოდ ერთი მასწავლებელი ჰყავს და ისიც თავად ესმაა. თუმცა თანდათან გაფართოებასაც აპირებს.

მისი თქმით, ბევრი ეკითხება, თუ როგორ შეძლო დაფინანსების მოპოვება. ამბობს, რომ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე რისი გაკეთება გინდა. მნიშვნელოვანია პროექტის წერის ცოდნაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: