ნეტგაზეთი • RU

„ეკონომიკა დუღს, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა” – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენისას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში “ეკონომიკა დუღს”.

“ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა  – ჩვენ ვიცოდით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ბევრმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარებები არ იყო საკმარისი ჩვენი მხრიდან. ამიტომ საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა.

ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი, სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება.

ასე, რომ ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს  უპრეცედენტო ზრდა მსოფლიოში. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, დაიწყო ახალი დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი. ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა ქვეყანაში. მთელი ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები რომ იტყვიან. ეს ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით მთავრობას შემუშავებული აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობაში 7 მილიარდის დახარჯვა იგეგმება.

„ჩვენს გუნდთან ერთად, მთავრობამ შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ხედვა, ყველა სექტორის მიმართულებით. იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარების, ადგილობრივი წარმოების განვითარება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაიხარჯება დაახლოებით 7 მილიარდი ლარი იმისთვის, რომ სოფელი ერთხელ და სამუდამოდ, ძლიერად დავაყენოთ ფეხზე.

აქ გვესწრება ვიცე-პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი. სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. დაწყებული ჯერ კიდევ ჩვენი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დროს, მის მიერ ინიცირებული პროექტები და პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგიც იყო და არის ის, რომ ათობით და ასობით რეალური საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ათასობით ბენეფიციარი გვყავს დღეს ქვეყანაში, რომელიც სარგებლობენ იაფი აგროკრედიტის, „აწარმოე საქართვლოსი“ პროგრამით, „დანერგე მომავლის“ პროგრამით, რომელიც არის ჩვენი მხრიდან ძალიან ხელშესახები დახმარებაა ჩვენი მოსახლეობისთვის. ახლა  მოვდიოდი და ვუყურებდი, მთელი ნაკვეთები დამუშავებულია აქ. ჩანს, როგორი მშრომელი ხალხი ცხოვრობს ამ მუნიციპალიტეტში. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ხალხს. ამიტომ, ამ მშრომელ ხალხს სჭირდება მხარდაჭერა მთავრობისგან,  მუნიციპალიტეტისგან, მერისგან და ჩვენი საზრუნავი სწორედ ეს უნდა იყოს,” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი