მთავარი,სიახლეები

ბათუმი ავტობუსის მოსაცდელების გარეშე – რას ამბობენ მერიაში

23.09.2022 • 1678
ბათუმი ავტობუსის მოსაცდელების გარეშე – რას ამბობენ მერიაში

„ფიროსმანის ქუჩაზე იალჩინის მაღაზიის წინ და უკან ორივე მხარეს აიღეს მოსაცდელი და ვისი დავალებით ნეტავ? ზამთარი წინაა, საჭიროა მოსაცდელი“;

„გთხოვთ, აღმაშენებლის და ტაბიძის კვეთაში დაგვიმონტაჟოთ მოსაცდელი. მხოლოდ ცალ მხარესაა და ზამთარში ძალიან გვიჭირს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს“;

„აეროპორტისკენ სულ არაა, რომ კითხო სამთავრობო ტრასაა და არცერთი მოსაცდელი არაა დადგმული. წვიმაში ბავშვები სველი მიდიან სკოლაში, ესა ჩვენი ქალაქი“

ეს არის მოქალაქეების რამდენიმე კომენტარი, 150-ზე მეტი კომენტარიდან, იმ ფოტოზე, რომელიც „ბათუმელებმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

ლერმონტოვის ქუჩაზე გადაღებულ ფოტოზე ჩანს მუნიციპალური ავტობუსების ერთ-ერთი გაჩერება წვიმიან ამინდში, მოსაცდელის გარეშე:

ბათუმი, 13 სექტემბერი, 2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

მოსაცდელი ჯიხურების პრობლემა ბათუმისთვის ახალი არაა, თუმცა, წლებია, არც ახალი მოსაცდელები ემატება ქალაქს.

მოსაცდელების დადგმის მოთხოვნით მოქალაქეები მერიასაც რომ მიმართავენ განცხადებებით, ამას მერიაშიც არ მალავენ.

„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, რამდენი გაჩერებაა ბათუმში დღეს, რამდენ გაჩერებაზე დგას მოსაცდელი ჯიხური, ვის ევალება ახალი მოსაცდელების დადგმა, რამდენი დაამონტაჟეს თუნდაც მიმდინარე წელს, იგეგმება თუ არა დადგმა და რა მისამართებზე.

კონკრეტული სტატისტიკის მიღება ვერ მოხერხდა, ვერც ბათუმის მერიიდან და ვერც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტისგან“. „ბათუმელები“ ამჯერად ვერც კერძო კომპანია „ალმას“ დაუკავშირდა, რომელზეც რამდენიმე მოსაცდელი ბათუმის მერიას იჯარით აქვს გადაცემული.

რამდენი გაჩერება და რამდენი მოსაცდელია ბათუმში?

მუნიციპალური ავტობუსების გაჩერება ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც ადრე მოსაცდელიც იდგა / მერიაში ამბობენ, რომ „ბევრ ადგილზე, სადაც ავიღეთ მოსაცდელი, იყო მოქალაქეების მოთხოვნა, რომ იმ ადგილზე არ უნდოდათ და სხვა ადგილზე გადავიტანეთ.“ კონკრეტულად რომელი გაჩერებებიდან მოითხოვა მოქალაქეებმა მოსაცდელის აღება – ეს ინფორმაცია მერიიდან ვერ მივიღეთ.

ტრანსპორტის 450 გაჩერებიდან მოსაცდელი მხოლოდ 180 ადგილზეა განთავსებული. – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ 2018 წელს მოგვაწოდეს.

ოთხი წლის შემდეგ, 2022 წელსაც, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გვწერს, რომ „ბათუმის ტერიტორიაზე 450 გაჩერებაა“. „ავტოტრანსპორტმა“ ასევე მოგვწერა, რომ 2022 წელს 35 ახალი გაჩერება დაემატა. მიუხედავად ამისა, ქალაქში გაჩერებების საერთო რიცხვი, არ გაზრდილა.

„ავტობუსის გაჩერების დადგმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება მერიასთან შესაბამისი სამსახურების შეთანხმების საფუძველზე, არსებული სტანდარტისა და მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისად. გაჩერებებს შორის სტანდარტით დადგენილი მანძილი 300 მეტრია“, – მოგვწერეს „ავტოტრანსპორტიდან“.

რაც შეეხება მოსაცდელ ჯიხურებს – თუ 2018 წელს 180 მოსაცდელი იყო, 2022 წელს „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით, ორით ნაკლები, 178 მოსაცდელია.

მერიის ინფორმაციით, ქალაქში 120 მოსაცდელია, რომლებიც „ალმაზეა“ გადაცემული; „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით კი, „ორგანიზაციის ბალანსზე სულ 36 აგურის და 40 მინის მოსაცდელია. მინის მოსაცდელებიდან 16 ერთეულია ქალაქის ტერიტორიაზე გატანილი. რაც შეეხება აგურის მოსაცდელებს, განლაგებულია ძირითადად ქალაქის საგარეუბნო ნაწილში არსებულ გაჩერებებზე“. ანუ, ქალაქში დღეს სულ არის 120+36+16=172 მოსაცდელი.

„ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე მოსაცდელების მონტაჟი და მათი მოვლა-პატრონობის ვალდებულება აღებული აქვს ტენდერში გამარჯვებულ შპს „ალმას“ – მოგვწერეს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

ქალაქის მერიაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხელშეკრულებით „ალმას“ ახალი მოსაცდელების დამონტაჟების ვალდებულება აღარ აქვს: „კომპანიას მხოლოდ არსებული მოსაცდელების მოვლა-პატრონობა ევალება“.

„სადაც არის მოსაცდელები ყველა მხრიდან გაწვიმს“, „მოსაცდელებიც არაა ნორმალურად, რომ წვიმს შიგნითაც გაწვიმს“, „მოსაცდელიც ვარგისიანია? აწვიმს და სკამები ხომ ჩამონგრეულია. მოსაცდელიანი-არამოსაცდელიანი, აზრი?“, „მთავარია სტოლბები დგას მოსაცდელის ადგილას“ – ესეც მოქალაქეების კომენტარებია „ბათუმელების“ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე.

„120 მოსაცდელის მოვლაზე „ალმა“ თავადაა პასუხისმგებელი. ჩვენ მონიტორინგს ვუკეთებთ და დაზიანების შემთხვევაში კომპანია აღადგენს“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

იგეგმება თუ არა მოსაცდელების დადგმა იმ გაჩერებებზე, სადაც არ დგას

აპირებს თუ არა ქალაქის მერია მოსაცდელების დადგმას მუნიციპალური ავტობუსების გაჩერებებზე? – ამ კითხვაზე მერიაში გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ.

„შესწავლილი გვაქვს და ვგეგმავთ სამომავლოდ მოსაცდელების რაოდენობის თუნდაც გაორმაგებას ქალაქში. ზუსტად არ ვიცი რამდენის, თუმცა გვინდა, რომ დავამატოთ მოსაცდელები და ვმუშაობთ ამ საკითხზე. არის ტექნიკური საკითხები, განცხადებებიც შემოსულია მოქალაქეებისგან და რამდენიმე ადგილზე არის მოთხოვნა დავდგათ მოსაცდელები. მაგრამ, ზოგან ტექნიკურად შეუძლებელია დადგმა, რადგან საფეხმავლო ბილიკი იმდენად ვიწროა, რომ არ იძლევა საშუალებას… ავტობუსების გაჩერებებს შორისაც გარკვეული მანძილია განსაზღვრული“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში დავით კოპინაძემ, ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

დავით კოპინაძის ინფორმაციით, მოსაცდელების დადგმა შესაძლოა მერიამ ვინმეს რაიმე წესით დაავალდებულოს, ან იჯარით გასცენ ადგილები – მოსაცდელის დადგმის ვალდებულებითა და მსგავსი პირობებით, როგორც „ალმაზეა“ გადაცემული.

გაითვალისწინებს თუ არა ბათუმის მერია ახალი მოსაცდელების მონტაჟის საკითხს, ეს ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების დროს გახდება ცნობილი.

ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან კი, შპს „ავტოტრანსპორტისთვის“ წელს 15 მილიონ 702 ათას 700 ლარია გამოყოფილი, თუმცა მოსაცდელების დადგმისთვის მერიას ბიუჯეტში თანხა არ აქვს გამოყოფილი; ახალი მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად კი, 7 მილიონი ლარი.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/168181/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: