„რუსეთმა შესაძლოა უკრაინელი სამხედრო ტყვეების მობილიზება მოახდინოს“ – ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები.
ომის შემსწავლელ ინსტიტუტს ამის თქმის საფუძველს აძლევს, გუშინ, 24 სექტემბერს, რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები, რომლებიც ყოფილ ოლენოვკას კოლონიაში იმყოფებოდნენ, სიტყვიერად „სთხოვენ“ ეგრეთ წოდებულ „დნრ“-ის ხელისუფლებას, რომ იბრძოლებენ „ბოგდან ხმელნიცკის“ სახელობის კაზაკ მოხალისეთა ბატალიონში.
უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ აგრესორ ქვეყანას ამის გაკეთება შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ეს უხეში დარღვევაა ჟენევის კონვენციისა, რომლის თანახმად, დაუშვებელია სამხედრო ტყვე გააგზავნო ან დააყოვნო საომარი მოქმედებების ზონაში.
უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთი სისხლიან პროვოკაციას ამზადებს.
უკრაინელი სამხედრო-ანალიტიკოსის, ალექსანდრე კოვალენკოს თქმით, რუსული ჯარები ამზადებენ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ ოპერაციას, რასაც მოჰყვება სისხლიანი პროვოკაცია.
„რუსეთის ფედერაცია აპირებს გამოაცხადოს, რომ ოლენოვკაში მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეები, სავარაუდოდ, მზად არიან იბრძოლონ რუსების მხარეს. ამის შემდეგ კი მოხდება ტყვეების ლიკვიდაცია.
პირველ შემთხვევაში, უბრალოდ, იყო მცდელობა, ტყვეების დახოცვა დაებრალებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის. ახლა ემზადებიან რამდენიმე ეტაპიანი გააზრებული პროვოკაციისთვის“, – აცხადებს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი გამოცემა „უნიანთან“.
29 ივლისის ღამეს, ოლენოვკას ყოფილ გამოსასწორებელი კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა.
___
თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.
თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამ დრომდე უცნობია, მისცემს თუ არა რუსეთი საგამოძიებო მისიებს კოლონიაში შესვლის ნებართვას.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა. დაზვერვამ თავდასხმის ავტორად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაასახელა.
საერთაშორისო ორგანიზაციები, უწყებები და მედიასაშუალებები, რომლებმაც ოლენოვკიდან ვიდეომასალები შეისწავლეს, აცხადებდნენ რომ რუსეთის თავდაცვის მტკიცების მიუხედავად, რომ კოლონიას უკრაინამ შორსმოქმედი ამერიკული შეიარაღებით დაარტყა, კადრებში ასახული ზიანი „ჰაიმარსის“ დარტყმას არ შეესაბამებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.