მთავარი,სიახლეები

უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს

24.09.2022
უკრაინელებმა დიანოვის სამკურნალოდ 5 მილიონ გრივნა ერთ დღეში შეაგროვეს

აზოვსტალის დამცველი, საზღვაო ქვეითი მიხაილო დიანოვი 21 სექტემბერს დაბრუნდა რუსეთის ტყვეობიდან. მდგომარეობა, რომელშიც უკრაინის დამცველები დაბრუნდნენ, ხშირ შემთხვევაში შემზარავია. ასეა საზღვაო ქვეით მიხაილო დიანოვის შემთხვევაშიც, ის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაბრუნდა.

მებრძოლის დის თქმით, დიანოვს ხელზე 4 სანტიმეტრი ძვალი აქვს მოტეხილი – ის უბრალოდ აღარ არსეობობს. წინასწარ ცნობით, ხელის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა მკურნალობას და რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდება.

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა საზოგადოებამ დიანოვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო, დაიწყო თანხის შეგროვების კამპანია. უკრაინული მედიის ცნობით, საზღვაო ქვეითის სამკურნალოდ 5 მილიონი გრივნა 1 დღეში შეგროვდა [თითქმის 140 ათასი დოლარი].

მიხაილო დიანოვის შესახებ 2022 წლის გაზაფხულზე გაიგო მთელმა მსოფლიომ. აზოვსტალში მყოფმა ფოტოგრაფმა, დმიტრო კოზაცკიმ, მეტსახელად „ორესტი“, მიხაილო დიანოვის მოტეხილი ხელით გადაუღო ფოტოები, რომელიც მსოფლიო მედიაში ვირუსულად გავრცელდა.

მებრძოლს ასევე ტყვიებისგან მიყენებული ჭრილობები ჰქონდა ორივე ფეხში.

მიხაილო დიანოვი ტყვეობიდან დაბრუნების დღეს

2022 წლის მაისში, აზოვსტალში მყოფი მიხაილო დიანოვი სხვა მებრძოლებთან ერთად რუსეთს ტყვედ ჩაჰბარდა.

საზღვაო ქვეითი და 200-ზე მეტი მისი თანამებრძოლი 21 სექტემბერს გვიან საღამოს გაათავისუფლეს რუსეთის ტყვეობიდან. უკრაინულმა მედიამ გაავრცელა დიანოვის ფოტოები, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა ხელი და მკვეთრად არის წონაში დაკლებული.

უკრაინაში გრძელდება ტყვეობიდან დაბრუნებული მებრძოლების სამკურნალოდ თანხის შეგროვების კამპანია.

___

უკრაინის რადაში ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის თქმით, აზოვსტალიდან გაყვანილ ტყვეებს ძალიან მცირე რაოდენობით აძლევდნენ საკვებს. „მათ ერთხელაც არ უნახავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები. წყალი იყო შეზღუდულად. არ გასცემდნენ პირადად ჰიგიენის საშუალებებს“.

მან დასძინა, რომ „აზოვის“ პოლკის მეთაურები და ცნობილი მებრძოლები სამარტოო საკნებში ჰყავდათ მოთავსებული.

წაიკითხე ვრცლად სტატია:

რა უთხრეს ომბუდსმენს „აზოვის“ მეთაურებმა – დრო მჭირდება გავიხსენო, როგორ ხდება ადამიანებთან ურთიერთობა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: