მთავარი,სიახლეები

„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

24.09.2022 • 1372
„როგორ მოვიტეხოთ ხელი უმტკივნეულოდ“ – რას ეძებენ რუსები გუგლში მობილიზაციის შემდეგ

მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავრობამ ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლის საძიებო სისტემაში პოპულარული გახდა ისეთი ფრაზების ძიება, როგორიცაა „როგორ წავიდე რუსეთიდან“, „როგორ ავირიდო თავიდან გაწვევა“.

თუ უფრო დეტალურად ჩავეძიებით გუგლის ძიებებს, აღმოვაჩენთ, რომ 21 სექტემბერს, მობილიზაციის გამოცხადების დღეს, რუსეთიდან გუგლში ხელის მოტეხის გზებიც იძებნებოდა, რისი მიზანიც ნაწილობრივი მობილიზაციისგან თავის არიდება იყო:

ამავე თემას რუსული მედიაც გამოეხმაურა, მაგალითად lenta.ru-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ, სადაც ორგანიზაცია “წვევამდელების სკოლის” ხელმძღვანელმა, გააფრთხილა მოსახლეობა, რომ გაწვევისგან თავის არიდების მიზნით მოტეხილობების და თვითდაზიანებების განზრახ მიყენება კანონით ისჯება.

21 სექტემბერს, რუსეთის ტერიტორიიდან გუგლში +100 000-მა ადამიანმა იკითხა „ვის ამობილიზებენ“, +50 000-მა მოძებნა მობილიზაციისთვის ვარგისიანობის კატეგორიები, +20 000-ჯერ მოიძებნა „როგორ ავირიდოთ თავიდან გაწვევა“, კიდევ +20 000 ძიება ჰქონდა „ვ კატეგორიას“ –  წვევამდელები, რომლებსაც სამხედრო ბარათზე აქვთ ასეთი კატეგორია, არ აჰყავთ სამხედრო სამსახურში, მათ აგზავნიან რეზერვში, თუმცა ასეთი ადამიანები მაინც შეიძლება გამოიძახონ ომში.

„ვ“ ენიჭება, მაგალითად მათ, ვისაც სმენადაქვეითებულის სტატუსი აქვს ან ბრონქული ასთმა აწუხებს.

თუ უშუალოდ სიტყვა „თავის არიდებას“ [Уклонение] მოვძებნით, დავინახავთ რომ 21 სექტემბრიდან დღემდე ამ სიტყვის ძიება ძალიან მატულობს და ის მხოლოდ მობილიზაციის კონტექსტში იძებნება. მასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული ძიებებია „დეზერტირობა“, „მობილიზაციისგან თავის არიდებისთვის პატიმრობის ვადა“ +80%, „მობილიზაციისგან თავის არიდება სისხლის სამართლის კოდექსი“ +60%, ასევე თუ სიტყვა სამხედრო სამსახურის „გადავადებას“ მოვძებნით, ყველაზე პოპულარულია შემდეგი ძიებები: ჯარის მობილიზაციიდან გათავისუფლება +450%; ჯარში გაწვევის გადავადება ჯანმრთელობის მიზეზების გამო +300%; ჯარიდან გათავისუფლება მობილიზაციის დროს +300%; თიაქარი ჯარში გაწვევის გადავადება +250%; ჯარში გაწვევის გადავადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო +150%.

მობილიზაციის გამოცხადებიდან დღემდე, რუსეთიდან პოპულარული საძიებო ფრაზაა “როგორ წავიდეთ რუსეთიდან“:
უფრო დეტალურად საძიებო ფრაზები მოიცავს: როგორ დავტოვოთ რუსეთი მობილიზაციის დროს; როგორ დავტოვოთ რუსეთი პასპორტის გარეშე; სად წავიდეთ პასპორტის გარეშე; როგორ დავტოვოთ რუსეთი ლტოლვილად; პოლიტიკური თავშესაფარი; სად გავიქცე რუსეთიდან და ა.შ.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც რუსეთიდან წასასვლელად არჩევენ, ბოლო ოთხი დღეა ყველაზე პოპულარული ყაზახეთი. ასევე პოპულარულია გერმანია, საქართველო და ისრაელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: