მთავარი,სიახლეები

მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით

23.09.2022 • 1644
მართლაც „დუღს ეკონომიკა“ მთავრობის წევრების ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით

მთავრობის წევრების ქონებრივ დეკლარაციებს თუ გადავხედავთ, მართლაც დუღს საქართველოს ეკონომიკა, როგორც ამას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამტკიცებს. მთავრობის წევრების უძრავი ქონება წლიდან წლამდე იზრდება. ძვირადღირებული მანქანების შემდეგ, თანამდებობის პირების  ბოლო დროის გატაცება, როგორც მათივე ქონებრივი დეკლარაციებიდან ჩანს, ძვირადღირებული სახლებია.

სახლს ან იშენებენ ან ყიდულობენ ძირითადად სტრატეგიულად შერჩეულ ადგილებზე, ქალაქიდან მოშორებით, ტყესთან ახლოს, თბილისის ხედით, საკურორტო ზონაში ან ყიდულობენ უძრავ ქონებას ქალაქის ცენტრში კომერციულად მომგებიან არეალში.  ამ ქონების ღირებულება ხშირად, არც მეტი არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ლარიდან იწყება.

  •  როგორ დუღს მთავრობის „პირადი ეკონომიკა“

მიწის ნაკვეთი მშენებლობისთვის ბაკურიანში, ცეკავშირის მიმდებარედ, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ 2017 – 2919 წელებში ორ ნაწილად შეისყიდა. ნაკვეთი, საერთო ჯამში, 1530 კვ. მეტრია. ამ ქონებაში ნუნუ თამაზაშვილმა 76 500 დოლარი გადაიხადა. ამავე წელს მან შეძენილ ნაკვეთზე მშენებლობის დასაწყებად „ქართუ“ ბაკიდან [ ბიძინა ივანიშვილის ბანკი] 137 120 ლარი აიღო სესხის სახით.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2018-2019 წლებში პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბაკურიანში მშენებლობისთვის 161 343 ლარი დახარჯეს. 2021 წელს მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის შესახებ არ ვიცით, რადგან პრემიერს წელს დეკლარაცია ჯერ არ შეუვსია,  თუმცა, თვითმხილველების ინფორმაციით, პრემიერ სახლს ძვირადღირებული მასალებით აშენებენ.

2021 წელს ნუნუ თამაზაშვილი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების, სახელმწიფო ტყის [5958 კვ.მეტრი] მოიჯარედ დაფიქსირდა, მის ხელშეკრულებას 49 წლიანი ვადა აქვს. ეს ტყე მის მშენებარე სახლს ესაზღვრება.

  • შს მინისტრის აგარაკი

ძვირადღირებული სახლი შინაგან საქმეთა მინისტრმაც აიშენა, თბილისთან ახლოს სოფელ ტაბახმელაში, პრესტიჟულ უბანში. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, სახლი სამ შენობას აერთიანებს და ჯამში 650.6 კვ.მეტრია [მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 420.7 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი 43.2 კვ.მეტრი, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი 96.7 კვ.მეტრი, დამხმარე ფართობი 23 კვ.მეტრი და ავტოსადგომის ფართობი 67.0 კვ.მეტრი]

მინისტრ ვახტანგ გომელაურის მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში გომელაურის მიერ 2016 წელს შევსებულ დეკლარაციაში გამოჩნდა [1143  კვ.მეტრი]. 2017 წლის დეკლარაციით კი, ამ მიწაზე მინისტრის მეუღლემ აგარაკის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის ხარჯის სახით მინისტრმა დეკლარაციაში 107 000 დოლარი მიუთითა, მიწის ნაკვეთში კი 22 000 დოლარი გადაუხდიათ.

შემდეგი წლის დეკლარაციაში კი მინისტრმა ჩაწერა, რომ მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში შვილმა, ანა გომელაურმაც იყიდა. 858 კვ.მეტრი 85 216 ლარად. შემდეგ ეს ორი ნაკვეთი ერთ საკადასტრო კოდზე გააერთიანეს.

ამ დროს ანა გომელაური შს აკადემიის განვითარებისა და  საგარეო ურთიერთობების განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობდა და მისი წლიური ხელფასი 15 375 ლარი იყო, ახლა კი გერმანიაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია და მისი წლიური შემოსავალი 37 308 ევროა.

2018-2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში გომელაურმა აგარაკის მშენებლობისთვის გაწეული ხარჯის სახით ჯამში კიდევ 66 000 ლარი მიუთითა.

ვახტანგ გომელაურის სახლი – რენდერი; ფასადი მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით და ხის ეფექტის მქონე ცეცხლგამძლე მასალით

მინისტრის ახალი სახლი და ნაკვეთი

  • თავადაცვის მინისტრის სახლი

თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება წლიდან წლამდე იზრდებოდა. ყველაზე შთამბეჭდავი კი მინისტრის მეუღლის შენაძენია წყნეთში, ნუშის ბაღების #13-ში, ე.წ. ამერიკულ დასახლებაში „სან სიტი“. ეს არის დაბალსართულიანი დასახლება გამწვანებულ სივრცეში – ფეშენებელური, ენერგოეფექტური სახლებითა და თბილისის პანორამული ხედებით. ყველა სახლს აქვს ტერასა, რომლის ზედაპირიც ნანოტექნოლოგიებით არის დამუშავებული და არაეროზიულია. დასახლება ერთ საკადასტრო ერთეულზეა გაშენებული, ის გალავნითაა შემოსაზღვრული და ორივე შესასვლელს დაცვის სამსახური იცავს.

დასახლება ნუშის ბაღების #13

ნუშის ბაღების ქუჩა #13 რენდერი

2016 წელს მინისტრის მეუღლემ 500 000 ლარად წყნეთში, ნუშის ბაღების #13 -ში 336, 6 კვ.მეტრი საცხოვრებელი სახლი და 115,6 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართობი შეისყიდა. ამავე მისამართზე მან 15 000 ლარი გადაიხადა ავტოფარეხში. ამ დროს ჯუანშერ ბურჭულაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

2020 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში, სოფელ ართანაში 4152 კვ.მ შეისყიდა 20 000 ლარად, ამავე სოფელში მინისტრმა კიდევ ერთი ნაკვეთი [2522 კვ.მ] თანამესაკუთრესთან ერთად შეისყიდა.

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი

ფეშენებელური სახლი თავდაცვის მინისტრის მოადგილემაც აიშენა, 1500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი სამშენებლოდ დავით სუჯაშვილმა 50 000 დოლარად 2018 წელს იყიდა. მინისტრის მოადგილის ახალაშენებული სახლი თბილისის ზღვის მესამე შესახვევში რამდენიმე შენობას აერთიანებს. [საერთო ფართობი – 930,94კვ.მეტრია, აქედან საცხოვრებელი ფართობი – 415 კვ.მეტრი, საზაფხულო ფართობი – 232 კვ.მეტრი, სარდაფის ფართობი – 209 კვ.მეტრი; კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი – 40 კვ.მეტრია, დამხმარე ფართობი – 32 კვ.მეტრი.]

2019 წელს შევსებულ დეკლარაციაში დავით სუჯაშვილი წერს, რომ შეისყიდა მშენებარე ფართობი მიწის ნაკვეთთან ერთად. ამავე დეკლარაციაში მან სარემონტო, ავეჯისა და ტექნიკის ხარჯის სახით 37 000 ლარი მიუთითა, 2020-2021 წლის დეკლარაციებში კი მშენებლობისა და რემონტის შესახებ ჩანაწერი აღარ იძებნება.

2019 წლის დეკლარაციაში არსებული ჩანაწერით, რომ 2018 წელს მხოლოდ მიწის ნაკვეთი კი არა, მშენებარე ფართობიც იყიდა, დავით სუჯაშვილი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი და სახლი თბილისის ზღვასთან მხოლოდ 50 000 დოლარი [ნაკვეთი] და 37 000 ლარი [რემონტი] დაუჯდა. თუმცა „გუგლ ერსისა“ და საჯარო რეესტრის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მინისტრის მოადგილემ ამ ტერიტორიაზე ბევრად ძვირადღირებული სამუშაოები განახორციელა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ნაკვეთი 2015 წელს ნათელა სუჯაშვილმა [სავარაუდოდ მინისტრის მოადგილის და] დაირეგისტრირა, ამ დროს ნაკვეთზე მშენებლობა დაწყებული არ ყოფილა. შემდეგ ამონაწერი 2017 წელს განაახლეს, ახალ ამონაწერში დაფიქსირდა მშენებარე ფართობი #1 და იპოთეკარი – დავით სუჯაშვილი.

2018 წელს რეესტრის ამონაწერში ჯერ იპოთეკური ვალდებულება მოიხსნა, რამდენიმე თვეში კი ქონების მფლობელად დავით სუჯაშვილი დარეგისტრირდა, ამ დროს ამონაწერში ისევ მხოლოდ მშენებარე ფართობი #1 ფიქსირდებოდა. ახლა კი აქ 930 კვ.მეტრი ფიქსირდება დეტალური ჩანაწერით, მთავარი და დამხმარე ნაგებობებით.

დავით სუჯაშვილის მშენებარე სახლი

დავით სუჯაშვილის სახლის რენდერი

2018 -2019 წლებში დავით სუჯაშვილმა დაირეგისტრირა ასევე რამდენიმე ნაკვეთი ყაზბეგში, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, რამდენიმე შემთხვევაში მასთან ერთად რეესტრში თანამესაკუთრეც ფიქსირდება. 

  • თავდაცვის მინისტრის მოადგილის სახლი

550 000 აშშ დოლარი დაუჯდა სახლი და ანტრესოლი საქართველოს თავდაცვის მინისტრის კიდევ ერთ  მოადგილეს, დავით ჭიჭინაძეს. 2020 წელს მან თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე 129 კვ.მეტრი ბინა და 91 კვ.მ ანტრესოლი იყიდა.

მონიშნული დავით ჭიჭინაძის ანტრესოლი

მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2021 წელს დავით ჭიჭინაძეს მიწის ნაკვეთი შეუძენია ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში. მინისტრის მოადგილე წერს, რომ ნაკვეთი საჯარო აუქციონის წესით 851 კვ. მეტრ მიწის ფართობი 3500 ლარად შეიძინა.

  • სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მილიონიანი სახლი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი წერს, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი თბილისში მარგიანის ქუჩაზე მილიონ 10 080 ლარად შეიძინა 2019 წელს. რეესტრის მონაცემებით ირკვევა ისიც, რომ ეს სახლი მან თიბისი ბანკიდან გამოისყიდა. გიორგი ხანიშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს 2017 წლიდან, 2019 წლიდან კი ის პირველი მოადგილეა. მარგიანის ქუჩაზე მინისტრის მოადგილის ნაკვეთი 690 კვ.მეტრია ხოლო სახლი 537.68 კვ.მეტრი. ამასთან მინისტრის მოადგილემ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების დანაზოგის შეგროვებაც მოახერხა.

ორი მიწის ნაკვეთი და ორსართულიანი სახლი მანსარდი საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ  2017 წელს 100 000 დოლარად იყიდა.

მონიშნულია ირაკლი ქარსელაძის სახლი

მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 2018 წლის მაისში 180 000 აშშ დოლარად იყიდა. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე მან ამ ნაკვეთზე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

  • სემეკის თავმჯდომარის სახლი

2020 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რომელიც წინა წლის მონაცემებს ასახავს, დავით ნარმანიამ შეძენილ მიწის ნაკვეთზე 249 000 ლარის ღირებულების სამუშაოები განახორციელა. ამ დროისთვის მას აქ უკვე ჰქონდა აშენებული 647,9 კვ.მ ფართობი. 2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში [2020 წლის მონაცემები] ნარმანიამ სარემონტო ხარჯის სახით 350 000 ლარი მიუთითა. 2020 წლის დეკლარაციით კი, წინა წლის სარემონტო ხარჯი 75 000 იყო. ნარმანიას ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების მიხედვით, სემეკის თავმჯდომარემ სახლის მშენებლობისა და რემონტისთვის უკვე დახარჯა 671 000 ლარი.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: