ნეტგაზეთი • RU

აქცია ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად

ბათუმში ირანელი ქალების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი ბათუმში, ირანის საკონსულოსთან გადაინაცვლეს.

„აქ შეკრებილი ადამიანები მხარს ვუჭერთ ირანელ ქალებს და მათ პროტესტს. ჰიჯაბი არის არჩევანი – თუ სურვილი აქვთ, რა თქმა უნდა, უნდა ატარონ. ჩვენ აქ არ შევკრებილვართ იმიტომ, რომ ჰიჯაბს ვეწინააღმდეგებით. უბრალოდ, ვისაც სურს განთავისუფლდეს ჰიჯაბისგან, მას რელიგია არ უნდა ზღუდავდეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აქტივისტმა ანი თენიეშვილმა.

ირანელი ქალებისადმი მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ირანში გასული კვირიდან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა. ეს კი ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი გახდა.

„ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი ირანელი ქალებისთვის, მათ თმენას აღმოაჩნდა საზღვარი და ისინი გამოვიდნენ ქუჩაში. დაიწყეს ჰიჯაბების დაწვა, თმების შეჭრა. დემონსტრაციები არ წყდება დღემდე. ძალიან დიდი სიმამაცეა მათი მხრიდან, რადგან ეს, ფაქტობრივად, სიკვდილის ტოლფასია მათ ქვეყანაში, რადგან იქ ჰიჯაბის არასწორად ტარება არ აპატიეს ქალს და სასიკვდილოდ გაიმეტეს. ის, ვინც ამხელა რისკზე მიდის, ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თანადგომას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აქციის კიდევ ერთი მონაწილე სალომე გორგილაძე.

ჰიჯაბი უნდა იყოს არჩევანი, არა ვალდებულება – აქტივისტებმა საპროტესტო პლაკატები ირანის საკონსულოს კედელზე მიაკრეს

სალომეს თქმით, ახლა როცა ირანში ინტერნეტკავშირს ახშობენ, მნიშვნელოვანია ყველა გაერთიანდეს და თავად გახდნენ „ირანელი ქალების ხმები“.

„სოციალურ მედიაში გვხვდება ქალების მიერ გავრცელებული ვიდეოები, რომლებიც ამბობენ, რომ ირანში მასობრივად თიშავენ კომუნიკაციებს. ისინი სთხოვენ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას მათ ნაცვლად ილაპარაკონ და გახდნენ მათი ხმა. ბათუმშიც ძალიან ბევრი ადამიანი თანაუგრძნობს მათ. ჩვენ გვინდა გავხდეთ მათი ხმა, ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ თავისუფლები.

ჰიჯაბის ტარება უფლებაა, ისევე როგორც მისი არ ტარება. შესაბამისად, არავინ თავს არ უნდა მოახვიოს არავის დრესკოდები და წესები ცხოვრებაში, მაშინ, როდესაც სხვა სქესის წარმომადგენლებისთვის არ არის იგივე შეზღუდვები დაწესებული“, – ამბობს სალომე გორგილაძე.

არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.

პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი „გულის უეცარი უკმარისობის“ შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.

გარდაცვლილის მამის თქმით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

___

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი