ნეტგაზეთი • RU

შეიარაღებული რუსი ჯარისკაცი სამხედრო ნაწილიდან კამაზით გაიქცა – მედია

შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც ჯარში კონტრაქტით მსახურობდა, კამაზის ტიპის სატვირთო მანქანა გაიტაცა და სამხედრო ნაწილიდან ისე გაიქცა. შემთხვევა ბელგოროდის რაიონში მოხდა.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება, რომელიც ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეზერტირი უკვე დააკავეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.

მედიის ინფორმაციით, ჯარიდან გაქცეული კაცი 43 წლისაა. კაცმა თან გაიტაცა მასზე რიცხული ავტომატი, სამხედრო ნაწილიდან გასაღწევად კი სამსახურებრივი კამაზი გამოიყენა, შემდეგ კი ეს მანქანაც მიატოვა და ისე მიიმალა.

მედიის თანახმად, ვიქტორის ცოლი და ქალიშვილი მოსკოვის მახლობლად ცხოვრობენ. კაცის ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, სად იმყოფებოდა გაქცეული. მათ განგაში სწორედ იმის გამო ატეხეს, რომ დაახლოებით სამი დღის განმავლობაში მასთან კავშირზე გასვლას ვერ ახერხებდნენ.

კაცზე გამოცხადდა ძებნა, რომელშიც ჩართული იყო როსგვარდიის სამძებრო სამსახური. კაცი დააკავეს. ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი სისხლის სამართლის კოდექსში სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტს. დეზერტირობა რუსეთში 10 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება – კანონი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გამკაცრდა.

___

მთავარი ფოტო: 24 არხი, კოლაჟი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.