„ბათუმიდან ხულომდე მაგისტრალი, გარდა იმისა, რომ გზა ბევრ ადგილზე ავარიულია, განათებაც არ არის. აქ ღამით ხილვადობა ძალიან ცუდია და გარეგანათებაა საჭირო“, – ამბობენ „ბათუმელებთან“ მძღოლები, რომლებიც ამ გზით ხშირად სარგებლობენ. საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ გარეგანათება „სავალდებულო არ არის“.
ბათუმიდან ხულომდე გზის მონაკვეთი, ბათუმი-ახალციხის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის აღნიშნული დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. ამ მონაკვეთზე გარეგანათების სისტემა, დაბებს თუ არ ჩავთვლით, არ არსებობს.
„ბათუმელები“ გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, იგეგმება თუ არა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე გარეგანათების სისტემის მოწყობა.
„საავტომობილო ტრანსპორტის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტრანს-ევროპული ავტომაგისტრალის სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის (TEM) 4.10.3.3. პუნქტის შესაბამისად, განათება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სატრანსპორტო კვანძებზე სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით, რომელიც ასევე შესაძლებელია ეფექტური იყოს ხშირი ნისლის ზონებში.
შესაბამისად, მოქმედი ნორმის დანაწესების გათვალისწინებით, თქვენს წერილში მითითებული მონაკვეთის განათების სავალდებულო მოთხოვნა არ არის გათვალისწინებული [ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე არ არის განთავსებული სატრანსპორტო კვანძი]“, – გვიპასუხეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი არ ითვლება ტრანს-ევროპულ ავტომაგისტრალად.
რაც შეეხება „სატრანსპორტო კვანძებს“, დეპარტამენტში განმარტავენ, რომ „სატრანსპორტო კვანძი“ გზების კვეთა, შეერთება ან განშტოებაა კვეთით, შეერთებით, ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. სატრანსპორტო კვანძად კი არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალზე გარეგანათების გაკეთება აუცილებელია.
„მით უფრო, რომ ეს გზა რთულრელიეფურია და მისი არაერთი მონაკვეთი „შავი წერტილის“ დეფინიციაში ხვდება. მართლა ვერ გეტყვით, რით ხელმძღვანელობენ, ან რატომ არ უნდა გაანათონ ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალი“, – ამბობს დავით მესხიშვილი.
გარეგანათების მოწყობას არ ითვალისწინებს ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის კიდევ ერთი შემადგენელი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის პროექტიც, სადაც სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. დეპარტამენტის განმარტებით: „მოქმედი ნორმების გათვალისწინებით აღნიშნული მონაკვეთის განათების ვალდებულება არ არსებობს“.
დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე განთავსებულია გარეგანათების ქსელი, რომელიც დეპარტამენტის ბალანსზე არ ირიცხება.
დეპარტამენტს ასევე ვკითხეთ, არის თუ არა უსაფრთხო ტრანსპორტის გადაადგილებისთვის გზის გაუნათებელი მონაკვეთები, თუმცა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.
ამავე თემაზე: