მთავარი,სიახლეები

ბატალიონის 28 წლის მეთაური, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

24.09.2022 • 9426
ბატალიონის 28 წლის მეთაური, რომელსაც უკრაინის გმირის წოდება მიანიჭეს

ბოგდან დრონოვი 21 წლის ასაკში გახდა ასეულის მეთაური, 28 წლის დაბადების დღეს კი ცალკე ბატალიონს ხელმძღვანელობდა და ფრონტის ხაზზე მაიორის სამხედრო წოდება მიიღო სასტიკი საბრძოლო შეტაკებების შემდეგ.

ბოგდან დრონოვმა 2011 წელს დაამთავრა ლვოვის სახელმწიფო ლიცეუმი გაძლიერებული სამხედრო-ფიზიკური მომზადებით.

დრონოვის შესახებ მასალას უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური გამოცემა „Armyinform” აქვეყნებს.

სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში ქვეითთა ოფიცრის საქმე ისწავლა. მერე კი უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფში მიიღო საბრძოლო პრაქტიკა. მეთაურობდა მე-17 სატანკო ბრიგადის მექანიზებულ ოცეულს, 2016 წელს სამთო თავდამსხმელ ბრიგადაში იყო.

არაერთი საბრძოლო მისია შეასრულა ანტიტერორისტული ოპერაციებისას პოპასნაიაში, სვეტლოდარში, ავდეევკაში, ნოვოტოშკოვკაში, შიროკინოში, ზაიცევოსა და სვეტლოჩნოში.

კაპიტანი დრონოვი 57-ე მოტორიზებული ქვეითი ბატალიონის ხელმძღვანელია. რუსების უკრაინაში შეჭრის დღიდან მისი ბატალიონი თავდაცვის ხაზს ამაგრებდა ლუგანსკის რეგიონში.

25 თებერვალს, ბატალიონის მეთაურის ოსტატური მოქმედებების წყალობით, ასეულის ჯარისკაცებმა მტრის შემოტევის შეჩერება შეძლეს – გაანადგურეს მტრის ორი ტანკი და ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანა. იმავე დღეს დრონოვის ბატალიონმა ახალი პოზიციების დაკავება და კონტრშეტევა შეძლო.

ოფიცერს განსაკუთრებულად 8 მარტი დაამახსოვრდა, როცა მტრის ტანკი აღმოჩნდა შენობასთან, სადაც სამეთაურო-სადამკვირვებლო პუნქტი იყო მოწყობილი. ოფიცერი სწორედ ამ დროს გავიდა შენობიდან ჩაფხუტის გარეში, ჯარისკაცმა შენიშნა, რომ დრონოვს ჩაფხუტის გაკეთება დაავიწყდა და გარეთ გაუტანა. დაიხურა ოფიცერმა ჩაფხუტი და რამდენიმე წამში სწორედ ამ ჩაფხუტზე მოხვდა მყისიერი აფეთქებისას ნამსხვრევები. ოფიცერი არ დაზიანებულა, გადარჩა.

იმავე დღეს, ბატალიონის მეთაურმა მცირე ჯგუფთან ერთად მტრის ქვეითი ჯარის შემოტევის უეცარი მცდელობა აღკვეთა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარეს ზურგს უმაგრებდა ჯავშანტექნიკა და საარტილერიო ცეცხლი. თითქმის 12-საათიანი ბრძოლის შედეგად მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, დაკარგა ცოცხალი ძალა და ტექნიკა, შეჩერდა და იძულებული გახდა უკან დაეხია.

ამ შეტაკებიდან რამდენიმე დღეში თავდასხმა ისევ განმეორდა. 18 მარტს ოკუპანტებმა ისევ დააპირეს შტურმი არტილერიით, თუმცა დრონოვის ბატალიონმა გაანადგურა ოკუპანტების 40 ჯარისკაცი,  20 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, 7 ქვეითი სარაკეტო გამშვები, 5 PK ტყვიამფრქვევი, 30 ავტომატი AKM, ღამის ხედვის 8 მოწყობილობა და საბრძოლო მასალები.

ხუთი დღის შემდეგ მტერი ერთდროულად სამი მიმართულებით გადავიდა შეტევაზე ტაქტიკური ბატალიონებით. დაახლოებით 5 საათიანი ბრძოლის შემდეგ ოკუპანტები შეაჩერეს, თუმცა მათმა ორმა მოტომსროლელმა ოცეულმა ტანკებით შეაღწია დრონოვის ბატალიონის სიღრმეში თითქმის კილომეტრ-ნახევრამდე.

ბოგდან მცირე დროში კონტრშეტევის გეგმა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც თავდაცვის ხაზი უნდა აღედგინათ. შეიმუშავა მოქმედების 5 სხვადასხვა გეგმა მინიმალური რისკებისა და დანაკარგების გათვალისწინებით.

თავიდან დაზვერა ტერიტორია უპილოტო საფრენი აპარატებითა და მცირე ზომის დრონებით. ოპერაცია დაახლოებით დილის ხუთ საათზე დაიწყო.

პირველად მტრის არტილერიას დაესხნენ თავს, შემდეგ ნაღმმტყორცნი ტექნიკას, ბატალიონის მეთაურის მიერ შექმნილმა კონსოლიდირებულმა ქვედანაყოფმა კონტრშეტევა სამი მიმართულებით წამოიწყო. შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგის ქვეითთა ​​ორი საბრძოლო მანქანა და უამრავი ცოცხალი ძალა.

უკრაინელების კონტრშეტევისას რუსებმა სცადეს რთულ მდგომარეობაში აღმოჩენილი მათი მებრძოლებისთვის რეზერვი მიეშველებინათ, თუმცა უკრაინელებმა ეს მანევრი დროულად შენიშნეს დრონების წყალობით და რეზერვის წინსვლა საარტილერიო ცეცხლით შეაჩერეს.

უკრაინელების ბატალიონში შეჭრილი მტერი ალყაში აღმოჩნდა, უკანდახევა სცადეს და ჭყლეტაში აღმოჩნდნენ, რითაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგათ.

აპრილის განმავლობაში, მტერმა არაერთხელ სცადა მე-17 ბატალიონის პოზიციებზე შტურმით თავდასხმა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია – მუდმივი დაზვერვა, მტრის შესაძლო მოქმედებების ფრთხილად განჭვრეტა, ხელსაყრელი პოზიციების წინასწარ მომზადება, პერსონალის გონივრული განაწილება – ეს არის ამ ბატალიონის სიცოცხლისუნარიანობის გასაღები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: