მთავარი,სიახლეები

ხანდახან ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისთვის მოკვდეს – ბათუმში მცხოვრები ირანელი

25.09.2022 • 926
ხანდახან ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისთვის მოკვდეს – ბათუმში მცხოვრები ირანელი

ორი დღეა ბათუმში ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია იმართება. 24 სექტემბერს, ევროპის მოედანზე აქციას ფარზინ ვალიპური მეგობრებთან ერთად მართავდა. ფარზინი 11 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა მისი ოჯახი ირანშია.

მშობლიურ ქვეყანაზე საუბრისას ფარზინი ამბობს, რომ ირანს დიდი ისტორია აქვს, ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციაა, მაგრამ ახლა „სამწუხაროდ, თავისუფალი ქვეყანა არაა“ – პირველ რიგში ქალებისთვის.

ფარზინ ვალიპური:

ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ირანელებისთვის, რთულია ჩუმად ვისხდეთ და არაფერი გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ ახლა შორს ვართ, არ შეგვიძლია წავიდეთ და ამ ბრძოლაში გვერდით მათ დავუდგეთ. მაგრამ შეგვიძლია მსგავსი პატარა აქცია გავაკეთოთ და აქედან გავაგონოთ ჩვენი ხმა. მათ უნდა იცოდნენ – არ აქვს მნიშვნელობა სად ვართ. ჩვენი გული მათთანაა.

სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე

  • კონტაქტი თუ გაქვთ თქვენს ახლობლებთან რომლებიც ახლა ირანში ცხოვრობენ?

დედაჩემი იქაა. ჩემი რძალი. სამწუხაროდ, ინტერნეტი გათიშულია ირანში. Whatsapp, მესენჯერი – არაფერი არ მუშაობს. ინტერნეტის გათიშვის გამო ძალიან ვნერვიულობ, რადგან ზუსტად არ ვიცი რა ხდება. ღმერთს მადლობა საქართველოში თავისუფლებაა და ინსტაგრამზე ვნახულობ ფრაგმენტებს რა ხდება ირანში. რას აკეთებენ, როგორ მიდის პროტესტი. ძალიან ვდარდობ ამ ყველაფერზე.

  • ირანში ახლა მიმდინარე მოვლენები ერთგვარად ქალების რევოლუციაა. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს?

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ძლიერი ქალები არიან ირანში. იციან რა უნდათ. დიდი ხანია ეს ბრძოლა მიდის. თითქმის 43 წელია ცუდ სიტუაციაში არიან ქალები ირანში.

ბედნიერი ვარ, რომ ეს პროცესი დაიწყო.

მაგრამ მე ამას არ დავარქმევდი რევოლუციას. ჩემთვის ზუსტი სიტყვა იქნება „პრეტენზია“. პრეტენზია იმის გამო, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის კანონები, რომელიც არის ქვეყანაში. ქალები და კაცები არ არიან თანასწორები ირანში. ეს ძალიან ცუდ სიტუაციაში აგდებს ქალებს.

კარგია, რომ გარეთ გამოვიდნენ და ხმამაღლა ამბობენ, რა უნდათ.

აქედან დაიწყება და იმედია მალე შეიცვლება რაღაც ირანში არსებულ კანონებში. ქალები იქნებიან თავისუფლები. როგორც კაცები არიან ახლა, ქალებიც ეგრე იქნებიან.

ჩვენს ენაში სიტყვა ქალი არის „ზან“ და მოდის სიტყვა ცხოვრებიდან „ზენდეგი“. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ქალები თავისუფლები იქნებიან, ჩვენი ქვეყანა უფრო უკეთესი იქნება. ჩვენი კაცები უფრო თავდაჯერებულები და ძლიერები იქნებიან. ირანში, ყველა ძლიერი კაცის გვერდით, რომლებიც რამე მნიშვნელოვანს აკეთებენ, დგანან კარგი და ძლიერი ქალები. ეს არის ფაქტი. ქალი უნდა იყოს თავისუფალი. არავის აქვს უფლება გითხრას რამეზე – აი, ეს არ შეიძლება. მინდა ვუთხრა ქალებს – ჩემი ქვეყნის ძლიერო და ძვირფასო ქალებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვარ. შორს ვარ, მაგრამ თქვენს გვერდით ვართ. ჩვენი ფიქრები თქვენთანაა.

  • რას ფიქრობენ აქ მცხოვრები ირანელები ირანში მიმდინარე მოვლენებზე?

არავინ არაა ბედნიერი. ჩვენ ამ დღეებში ძალიან ცუდად ვართ. მოწყენილები ვართ. ირანიდან ძალიან ცუდი ამბები მოდის. ბევრი ხალხი მოკვდა ამ დღეებში. პროტესტის მონაწილეებს კლავენ და ეს ცუდია.

მეორეს მხრივ ეს მნიშვნელოვანი პროცესებია ჩვენს ისტორიაში. ვფიქრობ, რაღაც შეიცვლება ჩვენს ისტორიაში და ეს ცვლილებები ქალებიდან დაიწყება.

  • მახსოვს ირანში სხვადასხვა დროს იყო მცირე პროტესტები. რა განასხვავებს ამ პროტესტს სხვა პროტესტებისგან?

ეს სხვაა. კი, ერთი პერიოდი იყო პროტესტები, მაგრამ ხალხი არასდროს ყოფილა ასე ერთად. ადრე დიდი ქალაქები ცალ-ცალკე გამოდიოდნენ. იყო გამოსვლები თეირანში, იყო – შირაზში, ისპაანში, მაგრამ ერთად არა. ახლა პატარ-პატარა სოფლებშიც კი, ხალხი გარეთ გამოვიდა და თავისუფლებას ითხოვს ქალებისთვის. ეს ძალიან დიდი ნაბიჯია. ჩემი აზრით, ეს არის შეჯახების წერტილი.

  • ფიქრობთ, რომ იმ სისხლის ფასად, რაც ახლა ირანში იღვრება, თავისუფლებას მოიპოვებთ?

რა თქმა უნდა. უაზროდ და უსამართლოდ მოკვდა მაჰსა ამინი. ძალიან ცუდი რამ მოხდა. რა თქმა უნდა, არ არის კარგი, როდესაც ვუყურებთ, როგორ კვდებიან ირანელები. მაგრამ ამხელა მსხვერპლის მიუხედავად, მაინც ძლიერები არიან და კიდევ წინ მიდიან.

როცა გინდა შენი უფლებები მოიპოვო, არასდროს არ არის ეს ადვილი. თავისუფლების მოპოვების გზა, არასდროსაა უფასო. ხანდახან არის მომენტი, რომ ხალხი მზადაა საკუთარი უფლებებისათვის მოკვდეს, ოღონდ მისი შვილები და შვილიშვილები მაინც იყვნენ თავისუფლები. ახლა ასე ფიქრობენ ირანელები. ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავისუფლები.

თავისუფლება და მშვიდობა არის ყველაზე ძვირფასი რამ. ვიცი საქართველოში პირველ სადღეგრძელოს სვამენ მშვიდობას. მშვიდობა მოდის თავისუფლებისგან. როცა თავისუფალი ხარ, მშვიდი ხარ. სახლში რომ მიდიხარ და ფიქრობ – ჩემს სახლში ვარ, თავისუფალი და მშვიდი. არასდროს არ შეიძლება არ გქონდეს მშვიდობა, თავისუფლება და ამ დროს ბედნიერი იყო. ბედნიერება თავისუფლებისა და მშვიდობისგან მოდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: