2,2 მილიონს დახარჯავს ცესკო სხდომათა დარბაზის მოსაწყობად

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] სხდომათა დარბაზის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 252 600 ლარია.

ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც სხდომათა დარბაზი ცესკოს შენობის იმ ღია ფლიგელში მოეწყობა, რომელსაც დღეს ავტოსადგომად იყენებენ.

ცესკოს სხდომათა დარბაზი – არსებული სიტუაცია და რენდერი / ფოტოები პროექტიდან

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:

  • „საპროექტო ობიექტი მდებარეობს თბილისში, დ.აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • დამკვეთის სურვილისამებრ იგეგმება არსებული შენობის მარცხენა ნაწილის რეკონსტრუქცია, საარჩევნო ადმინისტრაციის სხდომის დარბაზის მოწყობის მიზნით.
  • არსებული ფლიგელი არის ბეტონის ანაკრები კონსტრუქცია ორქანობიანი გადახურვით. მას არ გააჩნია შემავსებელი კედლები და ტიხრები. დღეის მდგომარეობით გამოიყენება დროებით ავტოსადგომად.
  • საპროექტო დავალების მიხედვით უნდა განხორციელდეს აღნიშნული სივრცის რეკონსტრუქცია და როგორც უკვე აღინიშნა უნდა მოეწყოს სხდომის დარბაზი.
  • დაგეგმარებისას მოხდა სივრცის ფუნქციური ზონირება: სივრცე გაიყო პირობითად სამ ზონად: ფოიე/რესეფშენი, სველი წერტილების ზონა და უშუალოდ დარბაზი.
  • რესეფშენის ზონა მოიცავს მომსვლელთა და სტუმართა მიღებას, მათ დროებით განთავსებას. სველი წერტილების დაპროექტებისას მოეწყო ქალთა და მამაკაცთა ცალ-ცალკე ზონები და აგრეთვე შშმ პირთათვის ადაპტირებული საპირფარეშო.
  • დარბაზი პირობითად დაყოფილია ოთხ ნაწილად: სცენა, სადაც განთავსებულია საარჩევნო საბჭოს თავმჯდომარისა და წევრების ადგილი, პირველი რიგი ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, მესამე ნაწილში მოწყობილია სკამები დამსწრე საზოგადოებისათვის, ხოლო მეოთხე ზონა განეკუთვნება ჟურნალისტებს, მართვის ოთახსა და სინქრონული თარგმანის კაბინებს.
  • დავალება მოიცავდა ექსტერიერის რეკონსტრუქციასა და ინტერიერის დაპროექტებას. მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე, გამწვანებით და დეკორატიული ელემენტებით…
  • სკამები და სხვა ფურნიტურე წარმოდგენილია ვიზუალურ ნაწილში. დეტალები და რიგი საკითხები დაზუსტდეს დამკვეთთან.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 16 ნოემბერს დაიწყება და 21 ნოემბერს დასრულდება. ახალი სხდომათა დარბაზი 2023 წლის დეკემბრამდე უნდა მოეწყოს.

ტენდერის პირობის მიხედვით:

  • „შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს.
  • მიმწოდებელი ვალდებულია მოწყობილობებზე/დანადგარებზე წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული საგარანტიო პირობები/ვადები.
  • სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული რაიმე წუნის/ნაკლოვანებების/დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“

 

 

 

 

 

ავარია ბათუმში – ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა

ბათუმში, დღეს 30 ოქტომბერს, პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით 2 დაშავებული [აქედან ერთი 16 წლამდე ასაკის] ზედაპირული ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, „ერთმა პირმა კი, დახმარებაზე უარი განაცხადა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, დაწყებულია გამოძიება.

ავარია ბათუმში

აჭარის მთავრობის უსარგებლო პროექტი, რაშიც ნახევარი მილიონია გადახდილი – რას ამბობს აუდიტი

აუდიტის მიხედვით, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგენს 1 677 277 604 ლარს, საიდანაც 96% ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის აქტივებია.

სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში კი, „დაუმთავრებელი მშენებლობის“ ანგარიშზე ასახულია 542 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების დაუმთავრებელი აქტივი, რომელზეც 2018 წლიდან ბრუნვა არ ყოფილა – აცხადებს აუდიტი და განმარტავს, რომ აღნიშნული აქტივი წარმოადგენს 2018 წელს შესრულებული საპროექტო სამუშაოს ღირებულებას, რომლის სამომავლო გამოყენების გეგმა სამინისტროს არ აქვს.

აღნიშნული პროექტის სარგებელი აუდიტმა ეჭვქვეშ დააყენა 2019 წელშიც, ამჯერად კი აცხადებს, რომ „აღნიშნული არაფინანსური აქტივიდან მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღების ალბათობა კვლავ არ არის განსაზღვრული.“

აქედან გამომდინარე, აუდიტი ასკვნის, რომ „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ასახული „სხვა არაფინანსური აქტივების“ ნაშთი, შესაძლოა მოიცავდეს ისეთ დაუმთავრებელ აქტივებს, საიდანაც მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ნაკლებად სავარაუდოა და რაც საჭიროებს დამატებით კვლევას. შესაბამისად, ისინი შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.“

აუდიტის ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, ასევე აღნიშნულია, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არ იყო ასახული საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, სარგებლობაში პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა და არ არის შეფასებული.

აუდიტის მიხედვით:

  • „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ ირიცხება 1 000 ერთეულზე მეტი მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, წარმოადგენს აჭარის საკუთრებას და არ არის შეფასებული.
  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ არის დაცული სტანდარტის მოთხოვნები იჯარის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით. კერძოდ,
    საოპერაციო იჯარით გაცემული ქონება „საინვესტიციო ქონებად“ არ არის აღრიცხული ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგებაში, ხოლო ფინანსურ იჯარასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არის მოცემული განმარტებით შენიშვნებში.“

აუდიტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას – „ფინანსური ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის მიზნით, სამინისტროს აპარატმა ჩაატაროს გაუფასურების ტესტი და განსაზღვროს აქტივის ბალანსზე აღრიცხვის მიზანშეწონილობა. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებებთან დაკავშირებით გააკეთოს შესაბამისი შეფასებები, დააკლასიფიციროს და აღრიცხოს სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიზნით შესყიდულ პროექტთან დაკავშირებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან 2022 წლის თებერვალში „ბათუმელებს“ მოგვწერეს, რომ „ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება“.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

აჭარის მთავრობა ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენებას გეგმავს

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან შესაძლებელია
წვიმა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა + 18 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში და მთელ აჭარაში სამშაბათს, 1-ელ ნოემბერს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, მომდევნო 2 დღეს [2-3 ნოემბერს] კი, უმეტესად უნალექო ამინდი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 ოქტომბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 71 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950]
  • ტანკი – 2 672 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 5 453 ერთეული [+52]
  • საარტილერიო სისტემა – 1 724 ერთეული [+16]
  • MLRS – 383 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 197 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 274 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 252 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 412 ერთეული [+6]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 352 ერთეული [1]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 120 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 154 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 328 თვითმფრინავი
  • 167 ვერტმფრენი
  • 2 380 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 192 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 879 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 537 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 898 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონთან „ღრიჭოები“ ამოავსეს რუსებმა, ამიტომ შენელდა უკრაინელთა წინსვლა – ინტერვიუ

აჭარის ნაკრებში ძირითადად ხულოელი მოთხილამურეები ვართ – ახალი ინვეტარი გვჭირდება 

ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო.

მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. როგორც მარი გვიყვება, სათხილამურო ბილიკი ქედლებში ერთადერთი გასართობია სოფლის ახალგაზრდებისთვის. ქედლების სათხილამურო ტრასას სტუმრობენ დაბასა და ქედლების მეზობელ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც.

„ჩემს სოფელში სხვა გასართობი არ არის. რით უნდა დაკავდე ზამთარში ახალგაზრდა? არაფერი არ მეგულება. სათხილამურო ბაზა გვაქვს სოფელში, ყველა ამით კავდება“, – გვეუბნება  მარი.

როგორც მარი გვიყვება, სათხილამურო ტრასა, რომელიც ქედლებშია, პროფესიონალების ვარჯიშისთვის შეუფერებელია და კურორტ „გოდერძიზე“ უწევთ ასვლა. მარის თქმით, გოდერძიზე კურორტის მოწყობამ ხელი შეუწყო მას და ხულოში მცხოვრებ სათხილამურო სპორტით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს სათანადოდ მოემზადონ შეჯიბრებებისთვის.

„როცა საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, კურორტ გოდერძიზე ასვლა კვირაში 3-4 დღით გვიწევდა. ხანდახან ვრჩებოდით იქ, ხანდახან უკან მოვდიოდით. დაახლოებით 2 საათის სავალია ჩვენი სოფლიდან გოდერძიმდე, მეტიც. ცუდი გზების გამო ზოგჯერ ასვლას ვერც ვახერხებდით.

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება ჩვენი სოფლის სათხილამურო ტრასა გაფართოვდეს. უფრო მეტი ბავშვი შეძლებს სრიალს. არ შეიქმნება პრობლემა, რომ ტრასაზე ვერ დავეტევით და ა.შ. გაფართოებული ტრასები სპორტსმენებს საშუალებას მოგვცემს შეჯიბრებებისთვის ადგილზე მოვემზადოთ და არ მოგვიწიოს, მაგალითად, გოდერძიზე ასვლა.

იმ ბავშვებს, ვისაც არ აქვთ თხილამურები, ქედლების სასრიალო ბილიკთან არის მარაგი, უფასოდ შეუძლიათ წაიღონ და დღის ბოლომდე ისრიალონ. ჩვენც გვაქვს თხილამურები, არ ვყიდულობთ, ტრენერები გვაძლევენ.

ვფიქრობ, ისეთი პატარა სათხილამურო ბილიკი, როგორიც ჩემს სოფელშია, სხვა სოფლებშიც უნდა იყოს. სხვა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ვერ ახერხებენ ჩვენთან, ან გოდერძიზე ასვლას, ამიტომაც ვერ ვარჯიშობენ. არადა ბევრს სურს ამ სპორტით დაკავდეს, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს“, – გვეუბნება მარი.

მარის თქმით, სათხილამურო სპორტში აჭარის ნაკრებს 10-15 წევრი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი მარია. მისი თქმით, გუნდის წევრები, ძირითადად, ხულოს სოფლებიდან არიან.

მარიმ წელს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნეს ადმინისტრირებაზე  ჩააბარა. მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებს მიუხედავად იმის, რომ ახლა შედარებით ნაკლები დრო რჩება სათხილამურო სპორტისთვის.

„თხილამურებზე სრიალი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ არ მაქვს სიმაღლიდან დაშვების შიში. ეს ჩემი სპორტია, თხილამურებთან განუყრელი კავშირი მაქვს. როცა თხილამურებზე ვდგავარ, თავისუფლებას ვგრძნობ“, – გვითხრა მარიმ.

ხულოს სასპორტო სკოლას სათხილამურო სპორტში 2 ბაზა აქვს – დანისპარაულსა და ქედლებში. ეს ბაზები ჯამში 90-მდე მოსწავლეს აერთიანებს. სასპორტო სკოლის დირექტორის, ავთანდილ აბულაძის თქმით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივ ახალგაზრდებს და საჭიროებებზე საუბრობს.

სასპორტო სკოლის დირექტორის თქმით, სოფელ ქედლებში მცირე სათხილამურო ბილიკი თითქმის 15 წელია ფუნქციონირებს და შესაძლებლობას აძლევს ქედლებსა და ასევე მის მეზობელ სოფლებსა თუ დაბა ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სათხილამურო სპორტით დაკავდნენ. თუმცა, მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს ინვენტარი.

„ძალიან ძვირადღირებული სპორტია. სატრასე თხილამურები 1000 და 2000 ლარი ღირს. გჭირდება აღჭურვილობაც – კოსტიუმი, ჩაფხუტი… რაც ძალიან ძვირი ღირს. ასევე, საჭიროა სათხილამურო ტრასის მომზადება, ბორანები და ა.შ.

მომავალი თაობა ძალიან დაინტერესებულია ამ სპორტით. მეც ვხედავ პოტენციალს, თუ მიეცემათ განვითარების შესაძლებლობები. კარგი იქნება ქედლების სათხილამურო ბილიკის სიგრძე გაიზარდოს. სწავლებისთვის მოსახერხებელი ბილიკია, მაგრამ სავარჯიშოდ არ გამოდგება. ბილიკზე დაშვება ისეთი უნდა იყოს, რომ სრიალისას სისწრაფე იმატებდეს და სპორტსმენმა თავისი შედეგების გაუმჯობესება შეძლოს. საჭიროა ბორანების ჩართვაც.

სპორტსმენები შეჯიბრებამდე 1-2 კვირით ადრე კურორტ გოდერძიზე აგვყავს მოსამზადებლად. მუნიციპალიტეტი გვეხმარება ტრანსპორტირებაში“, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

ავთანდილ აბულაძე

ავთანდილ აბულაძის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში საჭიროა ხულოს სასპორტო სკოლის სათხილამურო ბაზები სამ ტიპის იყოს: საწყისი ეტაპის, მოსამზადებელი და დაოსტატების.

ავთანდილ აბულაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: ამ ბაზებიდან მოშორებით სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სადაც ასევე ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, პრაქტიკულად არ აქვთ შესაძლებლობა სპორტის ამ სახეობით დაკავდნენ. ავთანდილ აბულაძის აზრით, უფრო კარგი შედეგები ექნებათ, ვიდრე ახლა, თუ სპორტის ამ სახეობაზე თანაბრად ექნებათ ხელმისაწვდომობა ხულოს სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც.

„[სათხილამურო ბილიკებს] ძალიანაა მოწყვეტილია ხიხაძირის ხეობის სოფლები, აქ კიდევ ერთი ბაზის გაკეთებაა შესაძლებელი. აქეთა ხეობებში სოფელი ბეღლეთი და მისი მეზობელი სოფლებია ქედლებისა და კურორტის შუაში. ქედლების სათხილამურო ბილიკსაა მოწყვეტილი ჩაო, ვაშლოვანი და კიდევ ბევრი სხვა სოფელი“, – გვეუბნება ავთანდილ აბულაძე.

ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ხულოს იმ სოფლებში, რომლებიც 1500 მეტრზე მდებარეობენ და ზამთარში მაღალი თოვლის საფარია, სათხილამურო ბილიკები მოეწყოს.

ავთანდილი აბულაძის თქმით, აჭარის სათხილამურო სპორტის ნაკრები, ძირითადად, ხულოს სასპორტო სკოლის წევრებისგან კომპლექტდება.

ბულვართან მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავენ, ბათუმის საკრებულო გდგ-ს ამტკიცებს 

ბათუმის საკრებულოს მომავალ სხდომაზე რუსთაველის #20-ში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის გდგ-ს [განაშენიანების დეტალური გეგმა] დამტკიცებას გეგმავენ. 31 ოქტომბერს დაანონსებულ სხდომაზე ამ საკითხის შესაძლო დამტკიცების შესახებ „ბათუმელებმა“ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, როცა ბათუმის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომის გამართვის შესახებ გამოაქვეყნეს.

თუმცა, სხდომის დღის წესრიგში, რომლის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულებაც საკრებულოს აქვს, მხოლოდ ექვსი საკითხია და ამ საკითხებს შორის რუსთაველის ქუჩაზე, #20-ში გდგ-ს შესაძლო დამტკიცების შესახებ არაფერი წერია.

მართალია, საკრებულოს აქვს შესაძლებლობა რამდენიმე საკითხი ეგრეთ წოდებულ „სხვადასხვა“-ში გააერთიანოს, თუმცა პირველად არ ხდება, როცა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კონკრეტულ სხდომაზე შესაძლო განხილვის შესახებ დაგვიანებით ვიგებთ.

უფრო მეტიც, საკრებულოს დღის წესრიგში არ იძებნება ინფომაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რაც მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდას გულისხმობს. ეს ყველაფერი საკრებულოს წევრებს დამატებითი საკითხების სახით მიწოდეს.

  • რას ითვალისწინებს დასამტკიცებელი განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ], რუსთაველის #20-ში?

საკრებულოს განკარგულების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რუსთაველის #20-ში რვასართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება და ამისთვის მშენებელი k2 კოეფიციენტის გაზრდასაც ითხოვს.

განმარტებით ბარათში მერია წერს, რომ პროექტი მისი არქიტექტურული ვიზუალიდან და ქალაქგეგმარებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე მოცემული ადგილის განვითარებას უზრუნველყოფს.

„დაინტერესებული პირი განმარტავს, რომ პროექტირების განხორციელების მთავარი მიზანი არის აღნიშნული კვარტლის არქიტექტურული იერ-სახის სრულყოფა და არსებული ამორტიზებული შენობის ნაცვლად ახალი ესთეტიკური ვიზუალის მქონე სასტუმროს მშენებლობა“, – წერს მერია განმარტებით ბარათში.

სამშენებლოდ მოაზრებული ტერიტორია სასტუმრო „ინტურისტს“ ესაზღვრება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. პროექტის რენდერის მიხედვით, რომელიც ზონალური საბჭოს სხდომაზე იყო წარდგენილი განსახილველად, მშენებლობას  რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი შენობის ადგილას იგეგმება, სადაც 1840-1921 წლებში ბრიტანეთის საკონსულო ფუნქციონირებდა.

ბათუმი, რუსთაველის #20 – გასულ წელს მერიას ამ შენობის დემონტაჟის მოთხოვნითაც მიმართეს, თუმცა მაშინ არჩილ ჩიქოვანმა განმცხადებელი უარით გაისტუმრა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. როგორც ჩანს, ჯერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილება არ მიუღია, დათანხმდება თუ არა რუსთაველის #20-ში მშენებლობას არსებულის ისტორიული შენობის დემონტაჟის ხარჯზე.

განკარგულების პროექტში, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს ნათქვამია: „წინამდებარე განკარგულება ძალაში შევიდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ.“

წესით, ჯერ სააგენტოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა მერია რატომღაც ჩქარობს.

ვნახოთ, რას გადაწყვეტს საკრებულო – ეს 31 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე გამოჩნდება.

რუსთაველის #20 ში მდებარე შენობები და მიწის ნაკვეთი – 1043 კვ.მეტრი შპს „ორაქსის“ საკუთრებაა. ამ  კომპანიის 100 პროცენტს შპს „ანურია“ ფლობს.

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს – „სახის გამოჩენა არ მინდა“

მარი 20 წლისაა.

4 თვის ფეხმძიმეა.

ღარიბია და ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს.

გზა ქოხამდე, სადაც მარი ცხოვრობს, ძაღლების ჯგროსთან ერთად უნდა გაიარო. ბათუმის ნაგავსაყარზე ადამიანები და ძაღლები ერთად თანაცხოვრობენ.

მარი ნაგავსაყარზე წელიწად-ნახევრის წინ აღმოჩნდა. ბავშვობა სოფელში გაატარა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა შეუყვარდა. ექვს თვეში იქორწინეს. მარი იხსენებს იმ დილას, როცა ახალდაქორწინებულმა თვალი ნაგავსაყარზე გაახილა.

„დაახლოებით ვიცოდი, რომ აქ სოფლის სტილში ცხოვრობდნენ, რომ ყველაფრისგან მოშორებით იყო აქაურობა. ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა.

როცა მანქანიდან გადმოვედი არ მოველოდი ასეთ სიტუაციას. საღამო იყო, არაფერი ჩანდა თითქმის. მეორე დილას როცა ავდექი და თვალები გავახილე, ისეთი წარმოუდგენელი იყო აქაურობა, ისეთი წარმოუდგენელი…

ვერაფრით ვერ ვეგუებოდი თავიდან. განსაკუთრებით პირველი ერთი კვირა. ახალნაწვიმარი იყო. მზე რომ გამოვიდა, საშინელი, სასტიკი სუნი დადგა. ყველაფერს თავს ვარიდებდი. ყველას. ვერავის ვერ ვეგუებოდი. ძალიან უჩვეულო იყო აქაურობა. განსხვავდებოდა ყველაფრისგან. იმ გარემოსგან განსხვავდებოდა, სადაც მიცხოვრია, ვყოფილვარ, გამივლია.  დაქორწინებამდე ბათუმში ძალიან ხშირად დავდიოდი, მაგრამ ასეთი პირობები თუ იყო აქ და ასეთ პირობებში ცხოვრობდა ხალხი, ვერ წარმომედგინა. მაგრამ ხომ ხედავთ როგორც არის სახლები…სახლს ვერც უწოდებ, უფრო „ბუტკებში“ ცხოვრობს ყველა“.

20 წლის ფეხმძიმე გოგო ბათუმის ნაგავსაყარზე ცხოვრობს

მარის მეუღლე ბათუმის ნაგავსაყარზე 6 წლის წინ მივიდა, ნარჩენების შეგროვება დაიწყო და იქვე დასახლდა. სიღარიბე, უსახლკარობა და უმუშევრობა იყო ის, რამაც ეს გადაწყვეტილება მიაღებინა.

ცოლიც ნაგავსაყარზე მოიყვანა.

თავისი ცხოვრების პირობებზე საუბარი არ სურს. მარი ინტერვიუზე იმ პირობით გვთანხმდება, თუკი მის ფოტოს, სადაც სახე უჩანს, არ გამოვაქვეყნებთ.

„სახის გამოჩენა არ მინდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს. არ მგონია ბევრმა იცოდეს ასეთ პირობებში რომ ვცხოვრობ. შეიძლება ისედაც მიცნოს ვინმემ, მაგრამ ყველამ ხომ არ უნდა იცოდეს, სად ვცხოვრობ და რა პირობებში,“ – გვიხსნის მარი მიზეზს, რატომ სურს მისი ისტორიის გაზიარება სახის გამოჩენის გარეშე.

ხედი მარის ფანჯრიდან

მარი დაქორწინებამდე გურიის ერთ-ერთ სოფელში მშობლებთან და 3 და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია. ისინი დღემდე იღებენ სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას, საიდანაც მარის მის წილს, 30 ლარს ყოველთვიურად აძლევენ. ეს მარის ერთადერთი პირადი შემოსავალია. არ მუშაობს. ქმარი ნაგავსაყარზე ჯართს, მინასა და პლასტმასს აგროვებს, ყიდის და ამით ირჩენენ თავს.

წელიწადზე მეტი იკავებდა თავს დაორსულებისგან. არ უნდოდა შვილი ასეთ პირობებში გაეჩინა. თუმცა როცა 2 თვის წინ ორსულობის შესახებ შეიტყო, გადაწყვეტილების მიღებაზე ბევრი არ უფიქრია.

„პირველი შვილი რომ იყო, არ მინდოდა რამე მევნო მისთვის. არ ველოდი ორსულობას, როცა გავიგე უკვე ორი თვის ვიყავი და ვერაფერს ვერ შევცვლიდი.

ძალიან გამიხარდა, ძალიან მინდოდა ბავშვი. მაგრამ ჩემი პირობების გამო სიხარულთან ერთად იყო რაღაცნაირი წყენაც – რომ გაჩნდება, როგორ უნდა გავზარდოთ? აქ, ამ პირობებში, როგორ უნდა ვაცხოვროთ? დანარჩენ ბავშვებზე აღარც ვფიქრობ ასე თუ გაგრძელდა ჩემი ცხოვრება,“ – ამბობს მარი.

ბათუმის ნაგავსაყარი ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე ბოლო საცხოვრებელი კორპუსიდან 1,8კმ-ითაა დაშორებული. ნაგავსაყარი ღიაა და იქ ყოველდღიურად ათობით მანქანა ნაგავი შეაქვთ ბათუმიდან და მიმდებარე დასახლებებიდან. ნაგავსაყარზე დღეისათვის დაახლოებით 20 მოსახლე ცხოვრობს. ადამიანებს აქ შეჭედილი აქვთ პატარა ქოხები, სადაც ღამეს ათევენ. ყველა მათგანი ნაგავსაყარზე მუშაობს. ნივთებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომელსაც ბათუმელები ყოველდღიურად ნაგვის ურნებში ისვრიან, ეს ადამიანები თავიდან ახარისხებენ.

ყველა ნივთი, რომელიც მარის სახლში აქვს, ნაგავსაყარიდანაა. ტაფა, რომელზეც პურს აცხობს, ტოლჩა, რომლიდანაც წყალს სვამს, დივანი, რომელზეც ზის – ყველაფერი ნაგავსაყარზე აქვს მის ქმარს ნაპოვნი.

რამდენადაც ახლოსაა ბათუმთან ნაგავსაყარი, იმდენად შორია მარისთვის აუცილებელი სავაჭრო ობიექტები – აფთიაქი ან მაღაზია.

„ყველაფერი სირთულეა აქ ცხოვრებაში. სასტიკი სუნია. წყალსაც სასტიკი სუნი აქვს. თუ დენი არ არის, არც წყალი არაა. ვერც სარეცხ მანქანას ამუშავებ. ტელევიზორსაც ძლივს ამუშავებს დენი. არანაირ ემოციას არ აღძრავს ეს ადგილი. შეუგუებელი ადგილია. რასაც უყურებთ, ყველაფერი ნაგავსაყართანაა კავშირში. მეზობლები გაივლიან და ნაგავსაყარიდან მოაქვთ ყველაფერი. ნივთები, რომელიც აქაა, ყველაფერი ნაგავსაყარზეა შეგროვებული,“ – ამბობს მარი.

„რა აიძულებს ადამიანს ამ ყველაფერს გაუძლოს“, – ვკითხეთ მას.

„მე ალბათ ის, რომ ტკბილად ვცხოვრობთ. ერთმანეთი ძაან მაგრად გვიყვარს. დანარჩენებს ის, რომ არ აქვთ სხვაგან წასასვლელი. არ აქვთ იმის საშუალება, ადგნენ და სხვაგან იცხოვრონ. სხვამ რამ უნდა გაიძულოს აქ ყოფნა, თუ არა უქონლობამ. მეტი ვერაფერი გაიძულებს აქ ყოფნას. ძალიან დიდი სურვილი მაქვს აქედან წავიდეთ, ისე, რომ აღარ დავბრუნდეთ უკან.

ბავშვი დაიბადება. ახლა იმ ბავშვს თავისი აღზრდა უნდა, ყურადღება სჭირდება. ძალიან ბევრი რამ სჭირდება პატარას. მაგრამ კარგზე ვერ იფიქრებ, როდესაც აქ ცხოვრობ. ცოტა გიჭირს ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება.

ახლა ყველაზე მეტად საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა მჭირდება. სხვა რამეს აზრი არ აქვს, რადგან აქ გქონია თუ არ გქონია, სულერთია.

ბავშვი რომ გაჩნდება… ასეთი სიტუაცია გვაქვს, ვერსად ვერ გადავალთ. ვერც ნაქირავებში წავალთ. სხვასთან რამდენ ხანს დავრჩები?

კი, შეიძლება ის 40 დღე ავდგე და ჩემებთან წავიდე, ან ჩემი ქმრის მხარეს, მაგრამ დანარჩენი პერიოდი იმ ბავშვს ხომ სჭირდება თავისი ადგილი და სხვასთან რამდენ ხანს უნდა ვიყოთ? ვერ ვიქნებით ვერანაირად. ამიტომ მოგვიწევს აქ გვყავდეს ისევ.

და პირველი ბავშვი იქნება, რომელიც ნაგავსაყარზე გაიზრდება,“ – გვიყვება მარი და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდის.

რადგან მარი ორსულადაა, რეგულარული კონსულტაციები და ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება. თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი კონსულტაცია გაიარა, რადგან უფასო იყო.

მარი ისევ გურიაშია რეგისტრირებული, აღრიცხვაზე კი ბათუმში ჩაეწერა. ამბობს, რომ ამის გამო ვერანაირი შეღავათით ვერ სარგებლობს და ახლა ანალიზებისა და ექოსკოპიისთვის 170 ლარი უნდა მოაგროვოს.

უნდოდა ბათუმში დარეგისტრირება, თუმცა არც მას და არც მის მეუღლეს აქ ახლობელი არ ჰყავთ. მათი ბათუმელი ნაცნობებიც ნაგავსაყარზე ცხოვრობენ და უსახლკაროები არიან.

„ჯერჯერობით ვერ ვხედავ ვინმეს სიღარიბიდან თავი დაეღწიოს ამ ქვეყანაში,“ – ამბობს მარი საკუთარი მდგომარეობის აღწერისას.

მალე ბათუმის ნაგავსაყარი უნდა დაიხუროს. მარი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი შეიძლება მისი ცხოვრებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს.

როცა დაიხურება, ერთის მხრივ გამიხარდება ის, რომ აქედან წავალ, მეორეს მხრივ  მწყინს – აქედან რომ წავალთ, სად ვიცხოვრებთ, როგორ მოვიქცევით, რას გავაკეთებთ.

ფინანსები გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან რაღაცა გჭირდება რომ იცხოვრო. აქაურობას თუ აიღებენ და გადაიტანენ, ძალიან ბევრი დარჩება გარეთ, ისე, რომ ყურადღების მიმქცევი არავინ ეყოლება“.

თუ არის რამე, რაც გენატრება – ვკითხეთ მას.

„თითქმის არაფერი. მენატრება უფრო ნორმალური ცხოვრება. სად ორსული რომ ადგები, სარეცხს ხელით გარეცხავ და სად ის, რომ სარეცხი მანქანა გარეცხავს. სად ის რომ ნორმალურ პირობებში ცხოვრობ და ის რომ აქ გიწევს ცხოვრება. სად ის, ნორმალურ გარემოში რომ იქნები და სად რომ გაივლი და ნაგავსაყრელს შეხედავ“.

 

 

ამავე თემაზე:

„ჩემი ადგილი არსად იყო“ – როგორია, როცა ნაგავსაყარზე ცხოვრობ

128 ადამიანიდან დარჩა მხოლოდ 12 – მობილიზებულის ცოლი გენერალ ლაპინს უჩივის

რუსი გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ლაპინი ბოლო დროს მედიის ყურადღების ცენტრში იმით მოექცა, რომ ის პისტოლეტით დაემუქრა ერთ-ერთი „მობილიზებული“ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელმაც ფრონტის ხაზიდან ბრძანების გარეშე დაიხია უკან – ლუგანსკის რეგიონში.

ამჯერად გენერალს საჯაროდ აკრიტიკებს ერთ-ერთი მობილიზებულის ცოლი, ტატიანა ნაზარენკო. ქალი წერს, რომ მისი ქმარი, რომელიც 91711 სამხედრო ნაწილში იმყოფებოდა, საჭიროებს დახმარებას, თუმცა მას ჯერჯერობით არავინ ეხმარება.

„128 ადამიანიდან დარჩა მხოლოდ 12!!! მეთაურებმა და ოფიცრებმა ისინი მაშინვე მიატოვეს. ისინი ორი დღეა ცდილობენ ჩვენს სამხედროებთან დაკავშირებას“, – წერს რუსი ქალი, ტატიანა ნაზარენკო.

ის წერს, რომ გადარჩენილმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს ქალაქ მაკეევკამდე, მაგრამ იქ მობილიზებულები დეზერტირებად მიიჩნიეს. რუსეთში, სამხედრო კომისარიატში კი არაფრით ეხმარებიან.

ქალი შიშობს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მეორდება, რაც ლიმანში მოხდა და კითხულობს, სად არის გენერალი ლაპინი, რომელიც ფრონტის ამ ხაზის მეთაურია.

___

საქმე იმაშია, რომ გასული კვირას მობილიზებული რუსების ჯგუფი, რომლებიც სვატოვოს რაიონში გააგზავნეს, უკრაინის არმიის ინტენსიური დაბომბვის ქვეშ მოხვდნენ. შეტაკება დღე-ნახევარი გაგრძელდა. საბოლოოდ, „მობილიზებულებმა“ სვატოვოში უკან დახევა გადაწყვიტეს, რადგან მათთან ერთად არ იყვნენ ოფიცრები და სხვა მეთაურები.

ერთ-ერთი მობილიზებულის თქმით, ისინი ბენზინგასამართ სადგურთან იდგნენ, როდესაც მათთან მივიდა გენერალ-პოლკოვნიკი ლაპინი პირადი მცველების თანხლებით. მას შემდეგ, რაც შეიტყო უკანდახევის შესახებ, ლაპინმა პისტოლეტი დაუმიზნა მეხუთე ასეულის მეთაურს, ლეიტენანტ ვ.-ს და უკან მოითხოვა უკან დაბრუნებულიყვნენ. მან ისინი სიტყვიერადაც შეურაცხყო.

___

მთავარი ფოტო: გენერალი ლაპინი

 ბათუმის მერია თითოეულ უკრაინელ ბავშვს 235 ლარს გაუნაწილებს – თანხა UNICEF-მა გამოყო

ბათუმის მერია გაეროს ბავშვთა ფონდისგან [ UNICEF] გრანტის სახით 868 560 ლარს მიიღებს, ამ თანხას ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ  და მათთან ერთად იმ ბავშვებს გაუნაწილებენ, რომლებიც მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ.

მერიის ინფორმაციით, ამ გრანტის ფარგლებში თანხას სულ 3 696 ბავშვი მიიღებს, თითოეულს 235 ლარი შეხვდება.

მერია განმარტავს, რომ UNICEF-ი და ბათუმის მერია ამ დახმარების გაცემას უახლოეს მომავალში გეგმავენ იმისათვის, რომ „ოჯახებმა ზამთრის სეზონზე გაზრდილი საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლონ.“

გრანტის მიღებასთან დაკავშირებით ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მიმართა და გაეროს ბავშვთა ფონდისგან [UNICEF] გრანტის მიღებაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა ითხოვა:

„საქართველოს მთავრობისთვის შუამდგომლობის წარდგენასა და საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებაზე თანხმობის გაცემის შესახებ“ – განკარგულების პროექტი საკრებულოს უკვე მზად აქვს და მას 31 ოქტომბერს დაგეგმილ სხდომაზე უყრის კენჭს.

მერიის ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში გრანტი ბავშვებისთვის თავად ორგანიზაციამ შესთავაზა.

ქარტიამ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წევრობა შეიჩერა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წევრობა შეიჩერა.

წევრობის შეჩერება გამოიწვია ალიანსის გადაწყვეტილებამ არ დაეჭირათ მხარი უკრაინის პრესის საბჭოს მოთხოვნისთვის – გაერიცხათ AIPCE-დან რუსეთის პრესის საბჭო. მას შემდეგ რაც რუსეთი ალიანსში დარჩა, AIPCE დატოვა უკრაინის პრესის საბჭომ.

ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსიდან (AIPCE) რუსეთის პრესის საბჭოს გარიცხვის საკითხი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე დააყენა უკრაინის პრესის საბჭომ.

ეს საკითხი იყო ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის წლიური შეხვედრის განსახილველი მთავარი თემა, რომელიც 20-21 ოქტომბერს კვიპროსში გაიმართა. მასში  სხვადასხვა ქვეყნის პრესის საბჭოებთან ერთად საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც მონაწილეობდა.

„უკრაინის ამ მოთხოვნას მხარს უჭერდა ალიანსის რამდენიმე წევრი, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის, მედიის თავისუფლების უკიდურესი შეზღუდვის და ფართომასშტაბიანი პროპაგანდის ფონზე რუსეთის პრესის საბჭო ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და, შესაბამისად, ვერ იქნებოდა დამოუკიდებელ პრესის საბჭოთა ალიანსის წევრი.

უკრაინის ინიციატივაზე გამართული დებატები და კენჭისყრა, ჩვენი შეფასებით, არ იყო დემოკრატიული. კენჭისყრაზე გასულ საკითხს, უნდა დაეტოვებინა თუ არა რუსეთის პრესის საბჭოს ალიანსი, კონფერენციის მონაწილეთა ორმა მესამედმა  მხარი არ დაუჭირა  და რუსეთი ალიანსის წევრად დარჩა, თუმცა  ის დაქვეითდა ასოცირებულ წევრად. პროტესტის ნიშნად, უკრაინის პრესის საბჭომ დატოვა AIPCE,“ – ნათქვამია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის პრესის საბჭოს პროტესტი სამართლიანად მიიჩნია და მხარი დაუჭირა 9 ქვეყანის   საქართველოს, სომხეთის, მოლდოვას, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ესტონეთის, დანიისა და ირლანდიის ეთიკის საბჭოებმა. ამ ქვეყნებმა ალიანსის წევრობა შეიჩერეს.

„ის ფაქტი, რომ ალიანსის წევრი აღარ არის უკრაინა და არის რუსეთი, შეუძლებელს ხდის ჩვენს დარჩენას AIPCE-ში. დღეს რუსეთში პრესის თავისუფლება პრაქტიკულად არ არსებობს, მთელი მედია სექტორი კი პუტინის საშინელ პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ AIPCE-ს მიზნებს და დამოუკიდებელი პრესისა და პრესის საბჭოების განვითარებას ევროპაში. ჩვენ გავაგრძელებთ ნებისმიერი ინიციატივის მხარდაჭერას მდგრადი თვითრეგულირების ორგანოების შექმნის მიმართულებით და განვიხილავთ დაბრუნებას ისეთ ალიანსში, სადაც იქნება უკრაინა და შესაძლებლობა გვექნება გავიზიაროთ საუკეთესო პრაქტიკა, იდეები და ღირებულებები,” – ნათქვამია პრესის საბჭოების მიერ მომზადებულ საერთო წერილში, რომელიც გუშინ AIPCE-ს მმართველ კომიტეტს გაეგზავნა. ამ წერილის ქართულ თარგმანს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მხარდაჭერას უკრაინის პრესის საბჭოსა და უკრაინელი ჟურნალისტების მიმართ და დასძენს, რომ ჩვენთვის მიუღებელია ისეთი ორგანიზაციის წევრობა, რომელიც დღეს ვერ პასუხობს და ვერ იცავს იმ ღირებულებებს, რომელთა გამოც ქარტია მას შეუერთდა,“ – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

მერის კაბინეტიდან 15 მეტრში განათების ბოძებია ჩამქრალი… ის კი ხელფასებს ზრდის – რეზო ხარაზი

„ბათუმის დატბორვიდან მეორე დღეს, ბათუმის საკრებულომ და მერიამ, იმის ნაცვლად, რომ ამ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, ამ ქალაქში [მცხოვრებთა] სოციალურ მდგომარეობაზე ეზრუნათ, გადაწყვიტეს მყისიერად ხელფასების გაზრდა. რაც მორჩათ სანიაღვრე არხების მოვლა პატრონობიდან გადმოიტანეს და თავიანთი ვიცე მერის ხელფასს ზრდიან,“ – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი.

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე უკვე მიმართა. განკარგულების პროექტზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, თავად მერის ხელფასი არ იზრდება, ვიცე-მერისა და მისი ორი მოადგილის ხელფასი კი მოიმატებს.

მერიის პარალელურად ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც გაიზრდიან, მათ შორის იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისათვის ხელფასების ზრდას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს.

პარტიაში თვლიან, რომ მაშინ როდესაც ბათუმი ყოველ გაწვიმებაზე იტბორება, ხალხს წყალი საცხოვრებელ სახლებში შედის, ხოლო ქალაქის ინფრასტრუქტურა მოშლილია, დაუშვებელია საკრებულომ და მერიამ ხელფასები გაზარდოს.

„წლიურად 600 ათასი ლარით იზრდება საკრებულოს წევრების ხელფასები. ჩემთვის გაუგებარია რატომ გადაწყვიტა საკრებულომ ხელფასების გაზრდა მაშინ, როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს.

ამ ქალაქში ახალგაზრდებს პერსპექტივას უკლავენ. ვხედავთ როგორ ტოვებენ ახალგაზრდები ქვეყანას. ამ დროს თანამდებობის პირები არ იკლებენ არაფერს თავისი ოჯახებისთვის და ცდილობენ ყოველი შანსი გამოიყენონ ხელფასის მოსამატებლად,“- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბათუმის საკრებულოს წევრმა ენმ-იდან ალექსანდრე ვარშალომიძემ.

ალექსანდრე ვარშალომიძე

„ბაღის მასწავლებლებს და მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულებს უნდა გაეზარდოს ხელფასი და ვემხრობით ამას. მაგრამ იმ ადამიანებს, ვინც თანამდებობებზე ზიან, მათ არ უნდა გაეზარდოთ. ამ ადამიანებს უნდა ვაიძულოთ, რომ ორშაბათს ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

მოვუწოდებ საკრებულოს ამოიღონ დღის წესრიგიდან ეს საკითხი. დღეს არ არის დრო ინფრასტრუქტურას მოვაკლოთ ფული, გაჭირვებულ ხალხს და თქვენი კეთილდღეობისთვის გავზარდოთ ხელფასები. ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულისთვის პოლიტიკურ სასჯელს იმსახურებს „ქართული ოცნება“.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მაშინ როცა როცა ქალაქი დაიტბორა, ყველა ფეხის ნაბიჯზე ინფრასტრუქტურა მორყეულია, არ არის დრო ქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხელფასები გაზარდონ. კაბინეტის მიღმა რა ხდება ამ ადამიანებს არ აინტერესებთ. მერის კაბინეტიდან 15 მეტრში განათების ბოძებია ჩამქრალი,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების ხელფასების გაზრდაზე ბათუმის საკრებულომ ორშაბათს, 31 ოქტომბერს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე უნდა იმსჯელოს.

ამავე თემაზე:

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

 

თაღლითობის რისკის შემცველი სახელფასო გადარიცხვები აჭარის გზების დეპარტამენტში – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტი აჭარის გზების დეპარტამენტში თაღლითობის რისკის შემცველ გადარიცხვებზე საუბრობს. ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან 12,2 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი.

„დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5 680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე,“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი, რომელმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა.

„შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2020 წელს შრომის ანაზღაურება გაცემულია ფიზიკურ პირზე, რომელიც არ იყო დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები არ არის ავთენტური. აღნიშნულ ჩარიცხვებს ახორციელებდა გადარიცხვებზე პასუხისმგებელი პირი, საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი საკუთარ ანგარიშზე. ჯამში ჩარიცხულ იქნა 4 800 ლარი, რომელიც ზედმეტად გადახდილი თანხაა და შეიცავს თაღლითობის რისკებს.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში პირთან არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირის ანაზღაურება გაცემულია ორჯერ, ჯამში − 880 ლარი და რომელიც ჩარიცხულია ზემოთ აღნიშნული პირის ანგარიშზე. ამრიგად, ჯამში განხორციელებულია 13 საეჭვო ტრანზაქცია, რომელთა საფუძველზე გადარიცხულია 5 680 ლარი.“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების დროს გამოვლინდა 24 ანგარიშის ნომერი, რომელიც „აუდიტის მიმდინარეობის დროისათვის უკვე გაუქმებული იყო, ასევე დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი აღარ მუშაობს დეპარტამენტში; შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაფერისი რწმუნება აღნიშნული ანგარიშების მფლობელების შესახებ“.

აღნიშნულ ანგარიშებზე კი, 2019-2020 წლებში ჯამურად ჩარიცხულია 140 699 ლარი.

აუდიტის მონაცემებით:

  • „დეპარტამენტში 2020 წელს დასაქმებული იყო 63 საჯარო მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გადახდილია 987 257 ლარი, ხოლო 2021 წელს დასაქმებული იყო 60 საჯარო მოსამსახურე და მათმა ანაზღაურებამ შეადგინა 953 693 ლარი.
  • გარდა აპარატში დასაქმებული პირებისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2020- 2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მერყეობდა 442-458 ადამიანს შორის, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2020 წელს შეადგინა 2 470 640 ლარი, ხოლო 2021 წელს − 2 665 563 ლარი.“

აუდიტის რეკომენდაცია: „გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულე და შიდა კონტროლი.

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და მათზე ხელისმომწერი პირ(ებ)ი“.

აუდიტის მიხედვით, აჭარის გზების დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12 231 675 ლარი:

„ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე“.

მაგალითად, „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში 2020-2021 წლებში, ჯამში, აუთვისებელი დარჩა 5 584 148 ლარი.

აუდიტის დასკვნით, ეს „ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით [სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის [COVID-19] პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით], ასევე, რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და შესყიდვების უარყოფითი შედეგით დასრულებით“.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამაში კი, 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 4 730 908 ლარი.

„მოპოვებული ინფორმაციით, აუთვისებლობის მთავარი მიზეზი იყო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გამოუყენებლობით, ასევე შემსრულებლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერით.“ – აცხადებს აუდიტი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისამდე, აჭარის სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი, ზაზა შავაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მუხრან კაკაბაძე შეცვალა.

 

 

 

რუსებს არანაირი პროგრესი არ აქვთ ბახმუტთან და წარმატებაზე ცნობებს აყალბებენ – ISW

რუსეთის ძალებს არანაირი სერიოზული წინსვლა არ აქვთ არც ბახმუტში და არც ფრონტის ხაზის რომელიმე სხვა მონაკვეთზე, სამხედრო წარმატებაზე ინფორმაციას ისინი უბრალოდ აყალბებენ – ასეთია ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასება.

როგორც ინსტიტუტის ანალიტიკოსები უახლეს ანგარიშში მიუთითებენ, რუსეთის საინფორმაციო სივრცეში აქტიურად ვრცელდება ცნობები ბახმუტში რუსეთის ძალების წინსვლაზე. ISW-ის დასკვნით, ამ ნარატივის მიზანი, სავარაუდოდ, არმიაში საბრძოლო განწყობის ამაღლება და „ვაგნერის“ დამფინანსებლის ევგენი პრიგოჟინის პირადი რეპუტაციის გაზრდაა, რადგან სწორედ მისი ძალები ხელმძღვანელობენ ბახმუტის ოპერაციას.

„რუსეთის ძალებმა მინიმალურად წაიწიეს წინ ბახმუტში უკრაინელთა თავდაცვითი პოზიციებისკენ, თუმცა ძალიან ნელა და უდიდესი დანაკარგის ფასად. 23 ოქტომბერს პრიგოჟინმა აღიარა, რომ „ვაგნერი“ ნელა მიიწევს ბახმუტთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღეში 100-200 მეტრით წინსვლა თანამედროვე ომში სრულიად ნორმალური შედეგია,“ – წერს ISW.

ინსტიტუტი იქვე აღნიშნავს, რომ უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, უკრაინის არმიას მყარად უჭირავს პოზიციები ფრონტის ამ მონაკვეთზე და რუსებმა იცრუეს, როდესაც განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე დღეში ბახმუტის გარშემო რამდენიმე ქალაქი დაიკავეს.

„სავარაუდოდ, რუსეთის ძალები აყალბებენ ინფორმაციას ბახმუტში სამხედრო პროგრესის შესახებ, რათა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთში მზარდი დანაკარგების ფონზე, წარმოაჩინონ თითქოს ფრონტის ერთ სექტორში მაინც აღწევენ წარმატებას. წინსვლის ასეთი მონაცემი (პრიგოჟინის მიერ დასახელებული) მექანიზებულ ომშიც კი მარცხი იქნებოდა, არათუ დღეს, თუმცა სინამდვილეში ეს მონაცემიც გადაჭარბებულია,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ექსპერტები.

ISW იქვე დასძენს, რომ პრიგოჟინისა და სხვა „სილოვიკების“ მზარდი გავლენის დასაბალანსებლად, სავარაუდოდ, პუტინმა გარკვეული უფლებამოსილებები დაუბრუნა სერგეი შოიგუს, რადგან ბოლო პერიოდში თავდაცვის მინისტრი მედიაში ძალიან ხშირად ჩნდება.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსეთის ძალებს არანაირი პროგრესი არ აქვთ არც ბახმუტში და არც ფრონტის რომელიმე სხვა მონაკვეთზე;
  • პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ „ნაწილობრივი მობილიზაცია“ დასრულებულად გამოაცხადეს;
  • სავარაუდოდ, პუტინი საინფორმაციო სივრცეში სერგეი შოიგუს რეაბილიტაციას ცდილობს, რათა ამით ომის მომხრე „სილოვიკების“ მზარდი გავლენა დააბალანსოს;
  • „სილოვიკების“ გავლენის ზრდა ბზარს აჩენს რუსეთის ომის მომხრე საზოგადოებაში;
  • რუსული წყაროების ცნობით, უკრაინულმა არმიამ რამდენიმე შეტევა მიიტანა კრემენაია-სვატოვოს მიმართულებაზე;
  • რუსეთის ძალები განაგრძობდნენ მობილიზებული სამხედროების განლაგებას და თავდაცვითი პოზიციების გამაგრებას ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე;
  • რუსული წყაროების მტკიცებით, უკრაინელებმა შეტევა მიიტანეს ხერსონის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით;
  • რუსეთის არმია განაგრძობდა სახმელეთო შეტევებს დონეცკის ოლქში;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ხერსონის ოლქის რაიონებიდან „ევაკუაცია“ დაასრულეს;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში უკრაინის მოქალაქეების გაწვევა გაამართლონ;
  • რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ მცდელობას, წაშალონ უკრაინული ისტორია, კულტურა და ეროვნული იდენტობა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 29 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 70 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +550]
  • ტანკი – 2 659 ერთეული [+19]
  • ჯავშანტექნიკა – 5 401 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 1 708 ერთეული [+9]
  • MLRS – 380 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 195 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 273 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 252 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 406 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 351 ერთეული [0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 107 ერთეული [+19]
  • სპეცტექნიკა – 152 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 327 თვითმფრინავი
  • 164 ვერტმფრენი
  • 2 370 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 384 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 878 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 536 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 863 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ხერსონთან „ღრიჭოები“ ამოავსეს რუსებმა, ამიტომ შენელდა უკრაინელთა წინსვლა – ინტერვიუ

რუსეთი სავარაუდოდ ცდილობს ხერსონიდან უკან დახევა დააჩქაროს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ხერსონიდან „ევაკუაციას” და მე-18 საუკუნის რუსი მხედარმთავრის, გრიგორი პოტიომკინის ნეშტის წაღებას ეხმაურება.

27 ოქტომბერს რუსეთის დანიშნულმა გუბერნატორმა ოკუპირებულ ხერსონში, ვლადიმირ სალდომ, თქვა, რომ უკვე 70 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქალაქი ხერსონი.

მანამდე, 26 ოქტომბერს სალდომ განაცხადა, რომ რუსეთმა ხერსონის კათედრალიდან გაიტანა მე-18 საუკუნის ცნობილი რუსი სამხედრო მეთაურისა და იმპერატორ ეკატერინე მეორის საყვარლის, კნიაზ გრიგორი პოტიომკინის ნეშტი.

„რუსულ ეროვნულ იდენტობაში პოტიომკინი მჭიდროდაა დაკავშირებული მე-18 საუკუნეში რუსეთის მიერ უკრაინული მიწების დაპყრობასთან  და ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რომელსაც პუტინი ომის მის მიერ წარმოდგენილ ისტორიულ გამართლებას ანიჭებს,“ – წერს დაზვერვა 29 ოქტომბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, პოტიომკინის ძვლების სიმბოლური გატანა და მოქალაქეების მასობრივი გასვლა, სავარაუდოდ, მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე, რეგიონიდან უკან დახევა დააჩქაროს.

ხერსონის ეკატერინეს სახელობის ტაძრიდან გრიგორი პოტიომკინის ნეშტის გატანაზე ვრცელი სტატია გუშინ The New York Times-მა გამოაქვეყნა.

„მე-19 საუკუნის დამპყრობლის ხსოვნა ახლაც ცოცხალია კრემლში მათთვის, ვინც რუსეთის იმპერიის აღდგენას ცდილობს,“ – წერდა გამოცემა და დასძენდა, რომ პუტინი პოტიომკინის ხედვას მიჰყვება, რადგან სწორედ პოტიომკინმა დაარწმუნა ეკატერინე, 1783 წელს ყირიმი დაეპყრო და სწორედ ის იყო „ნოვოროსიის“ (ახალი რუსეთი), უკრაინის სამხრეთში შექმნილი ხელოვნური ადმინისტრაციული ერთეულის ავტორი.

The New York Time-ს ასევე აღნიშნავდა, რომ რუსებმა ხერსონიდან მოხსნეს და გაიტანეს პოტიომკინისა და სხვა რუსი მხედართმთავრების ძეგლებიც.

რატომ მოიპარეს რუსებმა პოტიომკინის ძვლები უკრაინიდან – NYT

ხერსონთან „ღრიჭოები“ ამოავსეს რუსებმა, ამიტომ შენელდა უკრაინელთა წინსვლა – ინტერვიუ

„ძალიან მნიშვნელოვანია ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინას. გერმანულ „აირისთან“ ერთად შეიძლება ერთმანეთის გადაფარვა, მაგრამ მთავარია ახლა რაოდენობა – რა რაოდენობას მიაწვდიან ამ NASAMS – ებს უკრაინას?“ – კითხულობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

მისი დაკვირვებით, ისევ თანამედროვე და ნატო-ს სტანდარტის აღჭურვილობის რაოდენობასა და მის დროულად მიწოდებაზეა დამოკიდებული უკრაინის ბედი, თუმცა გადამდგარ გენერალს აღარ აქვს იმედი, რომ გაზაფხულამდე გარდამტეხი ეტაპი შეიძლება დადგეს.

„მე რასაც ვუყურებ, ორივე მხარე ემზადება უკვე ზამთრის კამპანიისთვის,“ – მიიჩნევს იგი და თავის დაკვირვებას გვიზიარებს: „ღრიჭოების“ ამოვსება შეძლეს რუსებმა ხერსონთან ახალმობილიზებულებით და იმიტომაც შენელდა უკრაინელების წინსვლაო.

ინტერვიუს დროს „ოპერა“ რამდენჯერმე უწოდა გადამდგარმა გენერალმა რუსეთში გავრცელებულ ინფორმაციას „ბინძური ბომბის“, ასევე სატელიტების განადგურების შესახებ. „მე ეს ამბავიც მგონია იმ ოპერიდან, რომ აი, თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს  ამუშავებენ…“ – გვიყვება ვახტანგ კაპანაძე და შემდეგ პუტინის ბირთვულ სწავლებასაც ახსენებს, რამდენიმე დღის წინ რომ შედგა:

„ეს იყო გეგმური სწავლება, თუმცა არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს უფრო იყო კუნთების ჩვენება რუსეთის მხრიდან, რომ აი, ჩვენ რაღაც შეგვიძლია,“ – დასძინა გადამდგარმა გენერალმა.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • თქვენი დაკვირვებით, რუსები მთლიანად გადავიდნენ დაკავებული ტერიტორიების თავდაცვაზე უკრაინაში, თუ მოახერხებენ ინიციატივის დაბრუნებას, რაც უკრაინელების ხელშია? ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქსა და დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი ძალები რუსეთმა მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა, თუმცა ეს დანაყოფები ცუდადაა მომზადებული და დაუკომპლექტებელია.

ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ბრიტანეთის დაზვერვას, რადგანაც ფაქტია, რომ რუსეთმა გააძლიერა ხერსონის მიმართულება და ამ მიმართულებაზე განახორციელა როტაცია – გამოიყვანა ეროვნული გვარდიის დანაყოფები და შეიყვანა რეგულარული ჯარები. ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალები, მათ შორის
სადესანტო დანაყოფები, ახლა ხერსონშია მობილიზებული, მათ მიღებული აქვთ ბრძანება, რომ ბოლო ჯარისკაცამდე დაიცვან უშუალოდ ქალაქი ხერსონი.

სხვა საკითხია, რამდენად სწორია ეს გეგმა რუსეთის მხრიდან სამხედრო თვალსაზრისით. სუფთა სამხედრო და ოპერატიული თვალსაზრისით, სწორი იქნებოდა დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავება, მაგრამ ეს ექვემდებარება პოლიტიკურ საკითხებს. ზელენსკიმაც ისაუბრა ამის შესახებ, რუსები ცდილობენ შეგვიტყუონ ხერსონში და შემდეგ განახორციელონ კონტრდარტყმა, დიდი ზარალი რომ მოგვაყენონო.

როგორც ვხედავთ, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებაზე იყო უკრაინელების მხრიდან კონტრ შეტევის დიდი სამზადისი, მაგრამ ეს შეფერხდა, სამწუხაროდ, ისე არ ხდება, როგორც ყველა ჩვენგანს უნდა. ამ შემთხვევაში ის „ღრიჭოები,“ რაც ჰქონდათ რუსებს 1000 კილომეტრიან ფრონტზე, მობილიზებულებით შეავსეს და იმ მეთოდს ვეღარ იყენებენ უკრაინელები, როგორც ეს ხარკოვში გამოიყენეს – პოზიციებშორის სიცარიელეებსი შეიჟონენ, გავიდნენ თავდაცითი პოზიციების ზურგში, შექმნეს ქაოსი და გაათავისუფლეს ტერიტორია.

ამასობაში კი, რუსებმა მოუმატეს აქტიურობას ბახმუტის და სოლედარის მიმართულებაზე. რუსები ბახმუტში ნახევრად შესულები არიან, ბრძოლები მიდის აქტიურად, სოლედართანაც ახლოს არიან. რუსებს ამ მიმართულებაზე აქვთ ამ ეტაპზე ტაქტიკური ინიციატივა, სხვა მიმართულებებზე კი, უკრაინას აქვს ინიციატივა, განსაკუთრებით კი, კუპიანსკი-სვიატოვოს მიმართულებით. რუსებმა მოახერხეს და გადავიდნენ მდინარე ჟერებეცზეც, სადაც უკრაინელებს ჰქონდათ ერთგვარი პლაცდარმი შექმნილი და მოაწყვეს თავდაცვა მის მარცხენა ნაპირზე. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას.

მე ვსაუბრობ იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც ჩანს ბრძოლის ველზე: ზოგი ელოდა იმას, რომ ხერსონი ოქტომბერში გათავისუფლდებოდა, ნოემბერში – ყირიმი, ასევე ჩემი განსაკუთრებული პატივისცემის მიუხედავად, ბენ ჰოჯესსაც ვერ დავეთანხმები, რომ ახალ წლამდე ზაპოროჟიე და ხერსონი თავისუფალი იქნება. ამ ეტაპზე მე რასაც ვუყურებ, ორივე მხარე ემზადება ზამთრის კამპანიისთვის.

  • რა იქნება ზამთრის კამპანია? 

ზამთარში ორივე მხარე შეეცდება მოემზადოს გაზაფხულისთვის. ზამთარში იქნება ნაკლებ მანევრული, პოზიციური დაპირისპირებები ცალკეული შეტევით და კონტრშეტევებით, მაგრამ ძირითადად ეს იქნება მომზადების ეტაპი.

  • ვის უფრო აწყობს ახლა დროის გაჭიანურება? რამდენად შეიძლება გაიზარდოს ზამთარში მოლაპარაკების პირობა იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას უკვე შეექმნა ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა? 

მოლაპარაკების რესურსი ამ ეტაპზე არ ჩანს. როგორც ხედავთ, მხოლოდ თურქეთი აჟღერებს მოლაპარაკების მოწოდებას.

რუსეთის მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ დრო გაეწელა. რუსეთს ეს სჭირდება „ომით გადაღლის“ სინდრომის შესაქმნელად. უკრაინის ელექტროსტრატეგიული ობიექტების 40 % ფაქტობრივად განადგურებულია, ასევე თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. უკრაინაც მოუწოდებს მოსახლეობას, ვინც გასულია ქვეყნიდან, ზამთარში ნუ დაუბრუნდებიან უკრაინას.

ცხადია, რუსეთსაც არ ულხინს: ციხეებიდან გამოჰყავთ ხალხი, რომ მობილიზაცია შეძლოს. დიდი პრეტენზია არსებობს ასევე აღკაზმულობის, მომარაგების და სამხედრო მომზადების კუთხით.

რუსეთისთვის ომის გაჭიანურებას აქვს კიდევ ერთი მომენტი: ამ დროს ძალების გათანაბრება ხდება, ვგულისხმობ იმას, რომ უკრაინელების საკმარისი გამოცდილების და მაღალი ხარისხის მომზადების დანაყოფები დანაკარგს ავსებენ ნაკლებად გამოცდილი რესურსით, ხოლო რუსები, გაჭიანურებულ ომში, ვინც გადარჩა, იძენს გამოცდილებას, შესაბამისად მისი ხარისხი იზრდება. ეს თვისება გააჩნია ომში ხანგრძლივ დაპირისპირებას.

  • ამასობაში რამდენად გაძლიერდა უკრაინა აღჭურვილობით? რეალურად რა აღჭურვილობა სჭირდება უკრაინას დიდი ქალაქების, ასევე ატომური სადგურების და ჰიდროელექტროსადგურების დასაცავად? ცნობილია, რომ უკრაინა მალე მიიღებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რამდენიმე ახალ სისტემას – მათ შორის ორ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS, რომლებმაც უკრაინის ქალაქები რუსული თვითმფრინავების, რაკეტებისა და კამიკაძე დრონებისგან უნდა დაიცვას.

უკრაინა ამ ეტაპზე დიდი ქალაქების სრულად დაცვას ვერ მოახერხებს, ის დაიცავს სტრატეგიულ ობიექტებს. უკრაინა ძალიან დიდი ტერიტორიაა და საჰაერო თავდაცვის ორგანიზებას დიდი რესურსი დასჭირდება. სრული დაცვა ვერსად ვერ ხერხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, რასაც ამერიკა გადასცემს უკრაინას, გერმანულ „აირისთან“ ერთად შეიძლება ერთმანეთის გადაფარვა, მაგრამ მთავარია ახლა რაოდენობა – რა რაოდენობას მიაწვდიან NASAMS – ებს უკრაინას? იგივე „აირისი“ ვიცით, რომ არის ძალიან ეფექტური, მაგრამ 4 ერთეული არ არის საკმარისი. ერთ და ორ სტრატეგიულ ობიექტს დაიცავს, მაგრამ… ეს რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა უნდა იყოს შრეებრივი, ყველაფერს უნდა მოიცავდეს, „მკვდარი ზონა“ არ უნდა გრჩებოდეს, ამას უნდა მიაღწიოს უკრაინამ.

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსებმა იციან, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიბრუნებენ კონტროლს კახოვკის ჰესზე, რომელზეც ახლა ერთადერთი სრულფასოვანი სატრანსპორტო არტერია გადის, „მათ ძალიან სწრაფად მოუწევთ გადაწყვეტილებების მიღება“ ან „ძალიან სწრაფად მოუწევთ ქალაქის დატოვება“, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთივე ვითარებაში აღმოჩნდებიან, როგორშიც გაზაფხულზე უკრაინელები აღმოჩნდნენ მარიუპოლში. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ბუდანოვის ეს ანალიზი?

კახოვკის ჰესზე გამავალი ხიდი არის რუსების მომარაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი… ძირითადი მომარაგება რუსული დანაყოფებისა აქედან ხდება ხერსონში. რომ არა ეს ხიდი, ხერსონი იქნება მთლიანად დნეპრზე მოწყობილი საპონტოვნე გადასასვლელებზე, რაც სრულიად არასაკმარისია.

ამიტომაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის კახოვკის დაკავება.

  • რატომ არის ქალაქ ხერსონის დაცვა პუტინისთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი? 

ეს იკითხება ინფორმაციებში, რაც ვრცელდება რუსეთში, რომ ხერსონი სჭირდებათ პოლიტიკური ამოცანის მისაღწევად. არსებობს ინფორმაცია, რომ პუტინს ხერსონი სჭირდება სავაჭროდ, ანუ ხერსონს დავთმობთ, მაგრამ აღიარეთ ყირიმი და დონეცკი-ლუგანსკში რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიები.

  • რის იმედი აქვს პუტინს, რატომ შეიძლება ამას დათანხმდნენ უკრაინელები? 

ძირითადად ეს არის ომის სიდუხჭირე, ომით გადაღლის სინდრომის გაძლიერება. მესმის მოსაზრებებიც, რომ უკრაინელების გამწარება ზამთარში უფრო გააძლიერებს უკრაინელებში საბრძოლო განწყობას, მაგრამ როცა ხანგრძლივად ხდება ეს, როცა მთელი ზამთარი გრძელდება ეს სირთულეები, ეს იწვევს მოსახლეობაში ომით გადაღლის სინდრომს. ამ დროს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევა სჭირდება, შეინარჩუნოს მოსახლეობაში ბრძოლის გაგრძელების მუხტი.

პუტინს იმედი აქვს ასევე, რომ ენერგოდეფიციტის პირობებში გაააქტიურებს ლობისტებს ევროპაში, რომელსაც აამუშავებს საკუთარი ფინანსური საშუალებებით. ამას დავინახავთ კიდეც: თუ აქტიურად წავა ზეწოლა დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინაზე, რომ ის დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

  • რამდენად შეიძლება შეცვალოს მოცემულობა ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდოს კორპუსის ყოფილი წევრების ჩართვამ? Foreign Policy – ის ინფორმაციით, მათ რუსი სამხედროებისგან მიიღეს შეთავაზება. შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ეს ელიტური ქვეითი ჯარი ავღანეთში 20 წლის განმავლობაში აშშ-ისა და მოკავშირეების გვერდით იბრძოდა

რა თქმა უნდა, რუსები გამოიყენებენ მათ კვალიფიკაციას, მაგრამ ესენი არ არიან სპეციალისტები, მეზენიტეები, ან მერაკეტეები, ისინი მხოლოდ სპეციალურ საბრძოლო მოქმედებაში ითამაშებენ გარკვეულ როლს, ამას რამე გარდამტეხი ეფექტი ვერ ექნება.

  • აშშ საპასუხო რეაქციით აფრთხილებს რუსეთს, თუ ის მიზანში ამოიღებს კომერციულ სატელიტურ საშუალებებს. „უბრალოდ ვიტყოდი, რომ აშშ-ის ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება პასუხი და ეს პასუხი იქნება იმ საფრთხის შესაბამისი, რომელიც ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემუქრება”, – ამბობს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების დირექტორი ჯონ კირბი.

არა მგონია, მაგის თავი და შნო ჰქონდეთ რუსებს, სატელიტები ჩამოყაროს. თანაც, იმდენი სატელიტია კოსმოსში. მეორეც: რუსებმა იციან, რომ ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ეს უფრო იმ ოპერიდან არის, რომ აი, უკრაინელები „ბინძურ ბომბს“ ამზადებენ, ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ამუშავებენ და ასე შემდეგ.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი „ბინძურ ბომბზე“ საუბრით NATO-ს ქვეყნების დაშინებას და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეფერხებას ცდილობს, რადგან რუსეთი მუდმივად განიცდის მარცხს ბრძოლის ველზე. ამავდროულად, რუსეთმა უკვე გამართა ბირთვული სწავლება, რომლის დროსაც ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები პრაქტიკულად გაუშვეს. 

ეს იყო გეგმური სწავლება, თუმცა არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, ეს უფრო იყო კუნთების ჩვენება რუსეთის მხრიდან, რომ აი, ჩვენ რაღაც შეგვიძლია. ფაქტია, რუსეთმა იცის, რომ ტაქტიკური-ბირთვული იარაღის გამოყენებას მოჰყვება საპასუხო დარტყმა.

ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ტაქტიკური-ბირთვული იარაღი ინახება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-12 მთავარი სამმართველოს საწყობებში და არ არის მუდმივად თავის გამშვებებზე, როგორც სტრატეგიული იარაღი. მას სჭირდება ტრანსპორტირება, ხოლო ამას დაზვერვა ყურადღებით აკვირდება და დიდი ალბათობით შესაძლებელია დაფიქსირება. ასევე, არსებობს დაზვერვისთვის სხვა ინდიკატორებიც, მაგ. ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების დროს საკუთარი ძალებიც გარკვეული რადიუსიდან უნდა გამოიყვანო და სხვა
სპეციალური ზომები მიიღო.

რაც შეეხება „ბინძურ ბომბს“ – ეს ასაფეთქებელი მოწყობილობაა, რომელიც დატვირთულია მაღალაქტიური იზოტოპებით და მასში შეიძლება გამოყენებული იყოს გადამუშავებული საწვავი ატომური ელექტროსადგურიდან. ეს რადიაქტიული ნაწილაკები აფეთქების შემდგომ გაიტყორცნება მხოლოდ
რამოდენიმე ასეულ მეტრამდე, როგორც ჩვეულებრივი ფუგასის ნამსხვრევები და დიდ ტერიტორიას ვერ მოიცავს (მაგალითად,ბირთვული იარაღის აფეთქებისას ნიადაგიდან წარმოშობილი რადიაქტიული მტვერი შეიძლება გავრცელდეს ძალიან შორ მანძილზე). ასევე „ბინძური ბომბის“ სახეა რადიოაქტიური კონტეინერის
ჩადგმა სადმე, დასახლებულ ადგილას ფარულად და აქედან მოხდება ხალხის დასნებოვნება ისე, რომ შესაძლოა, ადამიანებმა ვერც გაიგონ ამის შესახებ, თუმცა მას არ ექნება მყისეული ეფექტი.

ამ სახის „ბინძური ბომბის“ მომზადებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი და შესაბამისი ლაბორატორიები. მე ეს ამბავიც მგონია იმ ოპერიდან, რომ აი, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამუშავებენ. ეს არის რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის მიმართული დეზინფორმაციის მეთოდი, რისაც არავის სჯერა რუსეთის ფარგლებს გარეთ.

  • დაზამთრებამდე რამდენად შეიძლება გაჩნდეს იმის პირობა, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევები გააქტიუროს უკრაინამ? 

ომში შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ვფიქრობ, რომ ეს ზამთარი გვაჩვენებს, რა იქნება გაზაფხულზე. ეს იქნება მომზადების პერიოდი და გაზაფხულის დადგომისთანავე ორივე მხარე ეცდება კონტრდარტყმის განხორციელებას. რუსებმა შესაძლოა სცადონ მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის შენარჩუნება, ან კიევსა და ლვოვზე ახალი მიმართულება გაააქტიურონ, უკრაინელებმა კი, ოპერატიული კონტრდარტყმა უნდა განახორციელონ.

რას ჰყვებიან ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის კაფეტერიაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები უნივერსიტეტის კაფეტერიაში არსებულ მაღალ ფასებსა და ჰიგიენის შეუსაბამო ნორმებზე საუბრობენ. კაფეტერიას რუსთაველის უნივერსიტეტში კერძო კომპანია UNI FOOD hub-ი მართავს.

სტუდენტ ლინდა ცინცაძის თქმით, ბსუ-ს სტუდენტებს შესვენებების დროს სხვაგან წახემსების არჩევანი არ აქვთ. მათთვის შეუძლებელია უნივერსიტეტიდან საკვებისთვის სხვაგან წავიდნენ, განსაკუთრებით ავდარში. „წვიმაში ვერც გარეთ გადიხარ, ვერც უნივერსიტეტში იკვებები. რა აზრი აქვს უნივერსიტეტში კაფეტერიის არსებობას, სტუდენტების მოთხოვნებს თუ ვერ დააკმაყოფილებს?“ – ასე აყალიბებს თავის პრეტენზიებს ლინდა.

ლინდა 3 დღის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელსაც კაფეტერიაში შეესწრო: „მომხმარებელი შემოვიდა, ლობიანი აიღო, გადაიხადა და შემთხვევით, ძირს დაუვარდა. ისე გაბრუნდა უკან, ახალიც აღარ აუღია. დავარდნილი ლობიანი კი იქ დადო, სადაც გამოყენებულ ჭურჭელს ვალაგებთ მომხმარებლები.

ძირს დავარდნილი ლობიანი კაფეტერიის თანამშრომელმა აიღო და გვერდით მდგომ ახალგაზრდა კაცს [სავარაუდოდ კოლეგას] ჰკითხა, სად წავიღოო. ისიც თქვა, სტუდენტს ძირს დაუვარდაო და პასუხად მიიღო – უკან დააბრუნე. ასე ჩვეულებრივად, ძალიან მარტივად დააბრუნეს ძირს დავარდნილი ლობიანი გასაყიდ დახლზე“.

ლინდას თქმით, კაფეს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ის უყურებდა და ისმენდა მათ საუბარს, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ, რამაც კიდევ უფრო გააკვირვა. ამიტომ გადაწყვიტა, ნანახი სტუდენტებისთვის გაეზიარებინა: ამ თემაზე დაწერა უნივერსიტეტის ფეისბუქჯგუფშიც და მისი თქმით, ძალიან ბევრი სტუდენტი გამოეხმაურა.

 „მომწერეს პირად ჩატში, ჩვენც ბევრჯერ შეგვინიშნავს მსგავსი რამო, წერდნენ კომენტარებშიც. ბევრი წერდა, თმა შემხვდა კაფეტერიის საკვებშიო. ყავას ისე ამზადებენ, არ არის სანიტარული ნორმები დაცულიო. რა თქმა უნდა, არ არის, ეს ისედაც ცხადია. ყველა წუხს კაფეტერიის ცუდ მდგომარეობაზე. მართლაც ანტისანიტარიაა. ხელთათმანს არ იკეთებენ, ყველაფერს ეხებიან ხელებით. კვების ობიექტია და ელემენტარული წესები ხომ უნდა გაითვალისწინონ. მეც ბევრჯერ შემხვედრია საკვებში თმა“, – იხსენებს ლინდა.

ლინდას თქმით, საკვების ფასიც ძვირია კაფეტერიაში.

„უნივერსიტეტისთვის ჯერ არ მიგვიმართავს და ვერ ვიტყვი არ რეაგირებენ ან რაღაც, თუმცა ეცოდინებათ რა მდგომარეობაცაა, იმიტომ, რომ კაფეტერიას პროფესორები და ლექტორებიც იყენებენ. დღეს საღამოს ვაპირებ ლექტორის სახელზე განაცხადების დაწერას და ხელმოწერების შეგროვებას“, – ამბობს ლინდა, რომელსაც ამ საკითხში უკვე ჰყავს თანამოაზრეები.

„სტუდენტები აღარ ვაპირებთ ამის მოთმენას და მალე რექტორის სახელზე განცხადებასაც დაწერენ. ვიმედოვნებ, რამეს მოიმოქმედებენ. გააკონტროლებენ და ექნებათ რეაგირება კაფეტერიაში არსებულ სიტუაციაზე. სხვა კომპანია მოიყვანონ, ან როგორმე გააკონტროლონ იქ მდგომარეობა, თუნდაც, დაარეგულირონ ფასები საკვებზე“, – ამბობს ლინდა.

ბსუ-ს ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში ამ თემაზე რამდენიმე პოსტია გამოქვეყნებული. კომენტარების ველში სტუდენტები და კაფეტერიის სხვა მომხმარებლები მათ გამოცდილებაზე ჰყვებიან: „მანდ ვჭამე ერთხელ ლობიანი და მოვიწამლე“, „ძალიან მიკვირს, როგორ შედიხართ და ჭამთ ამ ყველაფრის მერე. რამდენჯერაც მანდ ვჭამე, იმდენჯერ მოვიწამლე“, „რამდენიმე დღის წინ ჩემთვის უცნობ გოგონებს ბურგერში ჭამის დროს თმა შეხვდათ, უკან რომ მიუბრუნეს და აჩვენეს, თანხის დაბრუნების ან უბრალოდ ბოდიშის მოხდის მაგივრად, აქეთ გადმოვიდნენ აგრესიაზე…“; „რამდენი მწერი და თმა მაქვს ნაპოვნი ჭამის დროს საჭმელში“, „ამჟავებულია ლობიო-თქო, რომ ვუთხარი, აზრი?“

ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, შოთა როდინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის კაფეტერიით სარგებლობა ხშირად უწევს, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც კი. ლექტორი ამბობს, რომ კაფეტერიას ნამდვილად აქვს რამდენიმე ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაცაა საჭირო.

„დასახვეწია სერვისი [კაფეტერიის თანამშრომლების] – დამოკიდებულება მომხმარებლებისადმი. შევსწრებივარ მომხმარებლებთან მათ უხეშად საუბრის ფაქტებს.

ხაზი მინდა გავუსვა ფასებს, რაც აბსოლუტურად არაგონივრულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმე გვაქვს სტუდენტებთან. ვფიქრობ, არასაუნივერსიტეტო გარემოში, ნებისმიერ სხვა კაფეში თუ კვების დაწესებულებაში, გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე აქ. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა უნივერსიტეტის კაფეტერიაზე საკმაოდ მაღალია. ძალიან ხშირად რიგში დგომაც კი უწევს მომხმარებელს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მას არ აქვს სხვა არჩევანი.

არა მხოლოდ ჩემთან, სხვებთანაც დაგროვდა გამოცდილება კაფეტერიაში სისუფთავის პრობლემებზე. ვფიქრობ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო კაფეტერიის მხრიდან, რათა მომხმარებელს სუფთა სერვისი შესთავაზოს. მეც მქონია შემთხვევა, როცა ჩემთან მოტანილი საკვები ჰიგიენურ ნორმებს არ შეესაბამებოდა“, – გვითხრა შოთა როდინაძემ.

„ბათუმელები“ UNI FOOD hub-ის დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა იმ პრეტენზიების შესახებ, რაც სტუდენტებს აქვთ. შაკო მუკბანიანს ვკითხეთ კაფეტერიაში დაცული ჰიგიენის ნორმებსა და ფასებზეც.

„კაფეში არსებული ფასები იმაზე დაბალია, ვიდრე გარე საცხობებში და ხარისხი ორჯერ მაღალია. კაფეტერია დღეში მინიმუმ ორჯერ იწმინდება, იქლორება და ყველანაირი ნორმა დაცულია.

ვიღაც ბავშვები რაღაცებს ტლიკინებენ, ეგენი არიან უზრდელი ბავშვები და რაღაცები გავარკვიე მე კიდევ, რაღაც ცილისწამებებს აქვს იქ ადგილი. ლობიანი დავარდა და დაგდებული ლობიანი შემოიტანესო, ფაქტი მაჩვენეთ. ლობიანი თუ დააგდო ვინმემ და ის გაყიდეს, რატომ მაშინ არ თქვა, ერთი კვირის წინანდელ ამბავს რომ მოდის და რაღაცებს აგორებს. ეგენი არიან ყველა წინა მეპატრონის ბოტები და მაგენს საკადრისი პასუხი გაეცემათ“.

შაკო მუკბანიანმა შემოგვთავაზა ადგილზე მისვლა და გადამოწმება: „ყველაფერი არის გამჭვირვალე და ღია. მით უმეტეს, ბავშვები არიან და მეც  პატარა ბავშვები მყავს და ხარისხზე ვაკეთებთ ყოველთვის აქცენტს. არავის არ უნდა დაწყევლილი და რაღაც ისეთი გაკეთებული, რომ დამალული იყოს რაღაც და მით უმეტეს, რასაც ეგენი წერენ“, – გვითხრა შაკო მუკბანიანმა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ სწავლობდა UNI FOOD hub- სტუდენტების განწყობებს.

„სტუდენტებთან სულ გვაქვს კომუნიკაცია. ვეკითხებით, როგორ და რა ურჩევნიათ. ტელევიზორი უნდოდათ, დავკიდეთ, მუსიკის ჩართვაზე, არაფერზე პრობლემა არ აქვთ. სრულიად კომფორტულად არიან. შემოდიან, ვისაც როგორც უნდა, ისე რთავს მუსიკას. მაგალითად, ლეპტოპი დავუდგით, მისი გამოყენება შეუძლიათ. ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ აქვთ“, – გვითხრა UNI FOOD hub-ის დირექტორმა.

ბსუ-ს კაფეტერია

შაკო მუკბანიანის თქმით, უნივერსიტეტმა UNI FOOD hub-თან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

უნივერსიტეტის კაფეტერია კომპანია UNI FOOD hub-ზე უნივერსიტეტმა ელექტრონული აუქციონით გასცა. აუქციონი სამჯერ გამოცხადდა.

უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ჯამში 6 კომპანია მონაწილეობდა. ბსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულ კომპანია UNI FOOD hub-ს უპირატესობა სახელმწიფო სატენდერო კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაციისა და პირობების საფუძველზე მიანიჭა.

უნივერსიტეტის კაფეტერიის საიჯარო თანხა ყოველწლიურად 6600 ლარია.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი იზრდება და 5 500 ლარი იქნება

მერიის პარალელურად ხელფასებს ბათუმის საკრებულოშიც გაიზრდიან. იზრდება საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც, 2021 წლის ნოემბერში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 5060 ლარი იყო. დაგეგმილი ცვლილების დამტკიცების შემდეგ კი 5500 ლარი იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 4100 ლარი იქნება, კიდევ ორი მოადგილე კი ხელფასის სახით 3800 ლარს მიიღებს.

საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება ამ დრომდე 2900 ლარი იყო, ცვლილების შემდეგ 3520 ლარი იქნება. ფრაქციების მოადგილეებს კი ხელფასის სახით 2500 ლარი დაერიცხებათ.

ამ დროისთვის საკრებულოში ორი ფრაქციაა დარეგისტრირებული, „ოცნების“ ფრაქცია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია. „ოცნების“ფრაქციის თავმჯდომარეს ხუთი მოადგილე ჰყავს, ხოლო ენმ-ის ფრაქციას 4. საკრებულოში ხუთი კომისია მუშაობს.

რაც შეეხება საკრებულოს აპარატს, აპარატის  უფროსის ხელფასი, ცვლილების შემდეგ, 3520 ლარი ინება[ ამ დრომდე 3190 ლარი იყო]. საკრებულოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი 1760 ლარი იქნება, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ხელფასი კი 1650 ლარი. განყოფილების უფროსები 2750 ლარს მიიღებენ.

820 ლარამდე იზრდება საკრებულოს რიგითი წევრის უფლებამოსილების ხარჯიც. [ ამ დრომდე 750 ლარი იყო]

თანამდებობრივი სარგოების განაწილების შესახებ დადგენილებაში ცვლილების დამტკიცებას საკრებულო 31 ოქტომბერს სხდომაზე გეგმავს.

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

პუტინი იმპერიალისტური სიგიჟითაა შეპყრობილი – გერმანიის პრეზიდენტი

რუსეთი და გერმანია პარტნიორები აღარ არიან, რუსეთის „სასტიკმა დამპყრობლურმა ომმა“ უკრაინის წინააღმდეგ ფეხქვეშ გათელა უსაფრთხოების ევროპული არქიტექტურა – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანელი ხალხისადმი თავის საპროგრამო სიტყვაში.

შტაინმაიერის თქმით, „თავისი იმპერიალისტური სიგიჟით რუსეთის პრეზიდენტმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საზღვრები, დაიწყო ტერიტორიების დაპყრობა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უსარგებლოდ აქცია ყველა ის გაკვეთილი, რომელიც კი მსოფლიომ ორი მსოფლიო ომიდან გამოიტანა.  

ახლა სამყარო, გერმანიის პრეზიდენტის სიტყვებით, „კონფრონტაციის ფაზაში“ იმყოფება, რადგან „მშვიდობის დივიდენდები ამოიწურა“.

„პუტინის თავდასხმა სამართალზე, ძალადობისგან უარის თქმის პრინციპებსა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე – ეს არის თავდასხმა ყველაფერზე, რის დაცვასაც გერმანელები ცდილობენ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

პრეზიდენტის თქმით, გერმანია ყველაფერს აკეთებს დიპლომატიური გზების მოსაძებნად, თუმცა „ბოროტების პირისპირ მხოლოდ კეთილი ნება საკმარისი არაა“. შტაინმაიერი დასძენს, რომ რუსეთის „სულმდაბლური და კაცთმოძულეობრივი თავდასხმებისთვის“ სხვაგვარი სახელის დარქმევა შეუძლებელია.

როგორც გერმანიის პრეზიდენტი მიიჩნევს, მშვიდობის დამყარება ტერიტორიებზე უარის თქმის ხარჯზე გამორიცხულია.

„გამოსასყიდის სახით მათი რუსი ოკუპანტებისთვის გადაცემა ბევრი ადამიანისთვის უკრაინაში ბოროტების გამარჯვებას ნიშნავს“, – ამბობს შტაინმაიერი, რომელიც უკრაინაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა.

გერმანიის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის მოსახლეობასაც მიმართა, ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრებლებს, რომლებიც მისი თქმით „გარკვეულ კავშირს გრძნობენ რუსეთთან და რუსული მუსიკა და ლიტერატურა უყვართ“.

„ახლა, როდესაც რუსეთს ვუყურებთ, რომანტიკისთვის არანაირი ადგილი არ რჩება. დღეს ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მოწინააღმდეგეები არიან.

ორი წლის შემდეგ ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ გადავლახეთ ეკონომიკური კრიზისი. ხუთი წლის შემდეგ გვენდომება ვთქვათ, რომ მხოლოდ უკრაინა არ იბრძოდა საკუთარი სუვერენიტეტისთვის, ჩვენც არ უნდა გვეშინოდეს ახალი ომების ევროპაში. ათი წლის მერე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ გადავარჩინეთ საზოგადოება გახლეჩისგან და უმრავლესობამ შეინარჩუნა დემოკრატიის რწმენა. გვინდა 15 წლის შემდეგ ვთქვათ, რომ ომისა და კრიზისის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენს პლანეტაზე მომავალი თაობებისთვის კარგი ცხოვრების უზრუნველყოფა,“ – განაცხადა შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში 25 ოქტომბერს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ომის დაწყების შემდეგ. მანამდე, ჯერ კიდევ აპრილში, უკრაინის ხელისუფლებამ გერმანიის პრეზიდენტს კიევში ჩასვლაზე უარი უთხრა რუსეთთან მისი ახლო კავშირების გამო, თუმცა როგორც მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, შტაინმაიერმა და ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს და უთახმოება ამოწურეს.

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე მიმართა. განკარგულების პროექტზე თანდართული დოკუმენტის მიხედვით, თავად მერის ხელფასი არ იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით ვიცე-მერსა და კიდევ ორ მოადგილეზე.

მერის ხელფასი გასულ წელს 5500 ლარამდე გაიზარდა.

თანამდებობრივი სარგოების განაწილების დადგენილებაში ცვლილების შემდეგ, ბათუმის ვიცე-მერის ხელფასი 300 ლარით იზრდება და 4700 ლარი იქნება. მერის კიდევ ორი მოადგილის ხელფასი კი 4150 ლარი იქნება.

პროექტის მიხედვით, მერიის ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 3520 ლარი იქნება [ამ დროისთვის იყო 3190].

მერიის სამსახურის უფროსების ხელფასი 3520 ლარით განისაზღვრება, განყოფილების უფროსების ხელფასი 2750 ლარი იქნება. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის ხელფასი კი 3080 ლარი იქნება.

მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერიაში 1760 ლარს, მეამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კი 1650 ლარს მიიღებს.

მერის განმარტებით: „საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონით განსაზღვრული თანამდებობისთვის დადგენილი მე-9 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გაიზრდება.“

ცვლილების შემდეგ მერიის ერთი თვის სახელფასო ფონდი 48 915 ლარით გაიზრდება, რაც ერთ წელში ნახევარ მილიონზე მეტია [586 980 ლარი].

საჯარო სამსახურებში 2022 წლიდან ხელფასების გაზრდას საჯარო მოხელეებს პრემიერი ღარიბაშვილი დაჰპირდა. 

2022 წლის 30 სექტემბერს კი, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის აუცილებლობაზე ისევ ისაუბრა. პრემიერის ინფორმაციით, 2023 წლიდან თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება, ჯამში, 490 მილიონი ლარით გაიზრდება. შედეგად, 20 პროცენტით გაიზრდება ამ უწყებებში დასაქმებულთა ხელფასები.

რა არის ვარიკოცელე – მამაკაცთა უშვილობის მიზეზი

სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება, იგივე ვარიკოცელე ჩვეულებრივ მოზარდობის ასაკში ყალიბდება და დროთა განმავლობაში ვითარდება. მას შეუძლია გამოიწვიოს გარკვეული დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნება, მაგრამ ხშირად იგი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვარიკოცელემ შეიძლება ხელი შეუშალოს სათესლე ჯირკვლის ნორმალურ განვითარებას, ხელი შეუწყოს სპერმის დაბალ წარმოებას ან სხვა პრობლემებს, რაც „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ უროლოგის, გელა ლომაძის განმარტებით, მამაკაცთა უნაყოფობის ხშირი მიზეზია.

  • ბატონო გელა, რა არის ვარიკოცელე?

ვარიკოცელე არის სათესლე პარკის ვენების ვარიკოზული გაფართოება. ეს არის ძალიან გავრცელებული დაავადება, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობს იმ მხრივ, რომ იწვევს სათესლე ჯირკვლის ატროფიას საბოლოო ჯამში და მამაკაცთა უშვილობის 30% გამოწვეულია სწორედ ამ დაავადებით. ეს თანდაყოლილი დაავადებაა, ამიტომ ბავშვთა ასაკში აუცილებელია ამ პრობლემაზე გასინჯვა, თუმცა ძირითადად მისი გამოვლინება ხდება სქესობრივი მომწიფების შემდეგ.

ახლაც, როცა ჯარში წაყვანამდე სამედიცინო შემოწმებას გადიან ახალგაზრდები, ისინჯებიან ვარიკოცელეს არსებობაზე იმის გამო, რომ დატვირთვამ არ  გამოიწვიოს გარკვეული პრობლემები,  ცუდი შეგრძნებები სათესლე ჯირკვალში და ასე შემდეგ.

mayoclinic: სათესლე პარკის ვენების გავლით სისხლი გულისკენ მიედინება. ვენების გაფართოებისას სისხლის მიმოქცევა ირღვევა, შედეგად მისი დინება მკვეთრად ნელდება. ზიანდება საკვერცხეები – ქსოვილები ჟანგბადით ღარიბდება, სათესლე ჯირკვლების ტემპერატურა ნორმაში სხეულისაზე დაბალია.

ვარიკოცელეს მკურნალობის საჭიროება განისაზღვრება სათესლე ჯირკვლის ვარიკოზული ვენის სიფართით. ეს სიფართე როდესაც არის 1-2 მმ, საერთოდ არ არის ლაპარაკი ამ დაავადებაზე, როცა არის 2-3 მილიმეტრამდე, მაშინ ჩივილების ან სპერმოგრამაში ცვლილებების მიხედვით გადაწყვეტილება მიიღება ოპერაციული ჩარევაზე.

როდესაც 3.5 მილიმეტრზე მეტია ჯირკვლის ვარიკოზული ვენის სიფართე, მაშინ ოპერაცია აუცილებლად არის გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, როგორია სპერმოგრამის მაჩვენებელი და აპირებს თუ არა წყვილი შვილის გაჩენას. საქმე ის არის, რომ ამ დროს იმდენად არის დარღვეული სისხლის მიმოქცევა სათესლე ჯირკვალში, რომ ეს ყველაფერი სათესლე ჯირკვლის ატროფიით მთავრდება.

  • რა ფაქტორები იწვევს ამ დაავადების გამოვლენას?

ვარიკოცელე თანდაყოლილი დაავადებაა, გენეტიკური წინასწარგანწყობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როცა მშობლებს ან უახლოეს ნათესავებს აქვთ ვენების ვარიკოზული პრობლემა, არის რისკი, რომ მათ შვილებსაც შეიძლება ჰქონდეთ იგივე პრობლემა.

მართალია, ეს თანდაყოლილი პრობლემაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ამა თუ იმ ასაკში გამოავლენს ხოლმე ამ დაავადებას. ეს ფაქტორები შეიძლება გახდეს: მძიმე ფიზიკური შრომა, დიდი ხნით ფეხზე დგომა, ეს შეიძლება იყოს ჭარბი წონაც, ზოგჯერ ბავშვის ძალიან სწრაფად ზრდა სიმაღლეში შეიძლება გახდეს ხელშემწყობი პირობა.

პრობლემა შეიძლება განვითარდეს ვენების შერწყმის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს არის სათესლე ვენისა და თირკმლის ვენის შეერთების მართი კუთხით ჩავარდნა, როცა მახვილი უნდა იყოს.

  • რა კონკრეტული სიმპტომატიკა ახასიათებს ვარიკოცელეს?

უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნოთ, რომ ექიმს უნდა მიმართოთ მაშინვე, როგორც კი რაღაც სიმპტომს შენიშნავთ სათესლე ჯირკვლებში, არა მარტო ვარიკოცელეს გამო, არამედ სხვა უფრო აგრესიული დაავადებების გამორიცხვის მიზნით.

ვარიკოცელეს კარდინალური ჩივილი არის, როცა დიდ ხანს ფეხზე დგომისას და ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება ტკივილი ან/და სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება სათესლე ჯირკვალში მარცხნივ, მაგრამ როდესაც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში წვება პაციენტი, ეს ჩივილი უმეტეს შემთხვევაში გაივლის ხოლმე. ტკივილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ინტენსივობის. ექიმი სინჯავს სათესლე ჯირკვლებს.

ყველაზე ხშირად ვარიკოცელე ვლინდება სქესობრივი მომწიფების დროს, 16 წლიდან 25 წლამდე ასაკში, უფრო შემდეგ – როცა უშვილობის გამო მიდიან ექითან. ხშირად უნაყოფობის დროს მიმართავენ ხოლმე გინეკოლოგებს, ის კი ამისამართებს მამაკაცს უროლოგთან კონსულტაციაზე.

  • როგორ მკურნალობენ?

როდესაც ვარიკოცელეს გამო არის გამოწვეული სპერმოგრამის [სპერმის ანალიზი] ცვლილებები, მკურნალობა, რა თქმა უნდა, ოპერაციულია.

ვარიკოცელეს ოპერაციისას ხდება იმ ვენის, რომელიც პრობლემას იწვევს, გადაკვანძვა ან ამოკვეთა.

ოპერაცია ტარდება როგორც ღია წესით ანუ ქსოვილების გაკვეთით, ისე ენდოსკოპიურად, ქსოვილების გაკვეთის გარეშე, თანამედროვე აპარატურისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 

შესაძლებელია სხვა მეთოდებით მკურნალობაც. მაგალითად, შეიძლება გაკეთდეს შუნტირება. მეთოდი ფიზიოლოგიურია, კეთდება მიკროქირურგიული ტექნოლოგიით, მაგრამ ცოტა ძვირადღირებულია და შედარებით ხანგრძლივი პროცედურაა.

ხშირად მიმართავენ  ვენის გადაკვანძვას ე.წ. სუბინგუინალურად, რაც მოიცავს ჭრილობას გარე საზარდულის რგოლთან. ამ მეთოდით მკურნალობისას რეციდივის ანუ პრობლემის ხელახლა განვითარების რისკი, სხვადასხვა მიზეზის გამო, დაახლოებით 3%-ია. მერწმუნეთ, ეს ძალიან დაბალი პროცენტია. 

არის კიდევ სხვა მეთოდები, რომელთა გამოყენებისას რეციდივი უფრო ხშირია და ამიტომ იმ მეთოდებს თითქმის აღარ იყენებენ. 

  • როგორია რეაბილიტაციის პროცესი?

ოპერაცია არ არის ძნელი, მაგრამ რეაბილიტაციის დროს უნდა დავიცვათ გარკვეული წესები. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა, იმიტომ, რომ გადაკვანძვის შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება ვენური უკმარისობის გაღრმავება, რაც იმას ნიშნავს, რომ სათესლე ჯირკვალი იქნება შეშუპებული, იქნება მაღალი წნევა ჯირკვლის არტერიებში, შესაბამისად სისხლის მოდინება იქნება ჩვეულებრივი, ხოლო გადინება – შეზღუდული და ამ პერიოდში, ვიდრე ახალი ვენები არ აიღებენ სრულად თავის თავზე ფუნქციას, რა თქმა უნდა, ვენური უკმარისობა არის, ამიტომ არ არის რეკომენდებული ფიზიკური შრომა, სიცივეში ყოფნა (გაციება), რაც გარკვეულად ხელს უშლის რეაბილიტაციას.

ამავე პერიოდში ხდება მედიკამენტური მკურნალობა სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატებით. რეაბილიტაციას სჭირდება ერთი თვე. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 6 თვის შემდეგ ჯირკვალში სრულად აღდგება მიკროცირკულაცია.

 ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როცა დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ გაუმჯობესდა სპერმოგრამა მკურნალობის ფონზე, თუ, რა თქმა უნდა, შორს წასული არ არის ცვლილებები სათესლე ჯირკვალში.

___________

MayoClinic: ვარიკოცელე შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ ან შემდეგი ნიშნებით:

  • ტკივილი – ყრუ ტკივილი ან დისკომფორტი, რომელიც უფრო ვითარდება უმეტესად დგომისას ან დღის ბოლოს. დაწოლა ხშირად ხსნის ტკივილს.
  • სხვადასხვა ზომის სათესლე ჯირკვლები – დაზიანებული სათესლე ჯირკვალი შეიძლება შესამჩნევად უფრო მცირე იყოს, ვიდრე სხვა სათესლე ჯირკვალი.
  • უნაყოფობა – ვარიკოცელემ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის მამობის გაძნელება, მაგრამ ვარიკოცელე ყოველთვის არ იწვევს უნაყოფობას.

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

  • ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს.

ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება სისტემის მიმართ, რადგან მასწავლებლები საკუთარ თავს ვერ ხედავენ შემოქმედ სუბიექტებად, არამედ უფრო აღმსრულებლებად იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სადღაც ზემოთ იგეგმება.

განათლების პოლიტიკა ისე ხორციელდება დღეს სკოლებში, რომ მასწავლებლებს არაფერს ეკითხებიან.

მასწავლებლების ყველაზე მასშტაბური ჩართულობა, რაც მე მახსოვს, იყო 2004 წელს, როცა ტარდებოდა გამოკითხვები, პედაგოგები იღებდნენ უკუკავშირს სამინისტროსგან და ამის მიხედვით ხორციელდებოდა გარკვეული რეფორმები. შესაძლოა, მაშინაც ფასადური ხასიათი ჰქონდა ამას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, განცდის დონეზე ფიქრობდნენ მასწავლებლები, რომ ჩართულები იყვნენ პროცესში.

დღეს კი, როგორც დირექტივა, ასე მოდის ყველაფერი სამინისტროდან.

ამას ემატება ისიც, რომ მასწავლებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც სამინისტრო უყენებს სკოლებს.

თუ ჩვენ მასშტაბური რეფორმები გვინდა, მაშინ მასწავლებლებს ამისთვის დროც უნდა ჰქონდეთ. დღეს კი მასწავლებლებს დრო არ აქვთ, რადგან რამდენიმე სკოლაში მუშაობენ და დამატებით კიდევ რეპეტიტორობენ. ეს, ბუნებრივია, აზარალებს განათლების ხარისხს.

  • როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრი მასწავლებელი მუშაობს სამინისტროს ექსპერტადაც, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ სკოლის ხმას, არ მიაქვთ ის სათქმელი, რაზეც ახლა საუბრობთ?

კი, რაღაც დონეზე ჩართულნი არიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სასკოლო ბაზაზე შეიძლება შეიქმნას რგოლები, სადაც თავად განსაზღვრავენ სკოლები რა მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს. რეალური დეცენტრალიზაცია და ავტონომიის მიცემაა აქ გამოსავალი.

ამის ნაცვლად კი დავინახეთ ის, რომ სამინისტრო ახლა თავად ჩაერთვება ახალი კადრების შერჩევის პროცესშიც, ანუ სკოლის სივრცეშიც შემოვიდა. ეს, პირადად მე, სკოლების პოლიტიკური კონტროლის ბერკეტი მგონია.

  • ერთ-ერთი პედაგოგი ჩვენთან ინტერვიუს დროს ამბობდა, რომ მე სამინისტრო არ უნდა მთხოვდეს დავწერო სახელმძღვანელო, ვიფიქრო ახალ მეთოდებზე, რადგან ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, მე კი გამოვიყენებო. რას ეთანხმებით აქედან და რას – არა?

ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მასწავლებელს ძალიან ბევრი ვალდებულება დაეკისრა გაკვეთილის იქითაც. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც ვალდებულებები მოუხსნეს, საბოლოოდ, მაინც ბევრი ქაღალდომანიაა.

გადამზადების პროგრამები ვერ პასუხობს საჭიროებებს, სამინისტრო კი მუდმივად იმეორებს, რომ რესურსებს ხარჯავს და მასწავლებლები გამოცდებს მაინც ვერ აბარებენ.

პრობლემების დადგენასა და აღმოფხვრაზე კი სამინისტრო არ ზრუნავს.

ვფიქრობ, მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასებისას მოსწავლეებისა და მშობლების  შეფასებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ესენი არიან მასწავლებლის საუკეთესო შემფასებელი და არა – გარე გამოცდა.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ პედაგოგი, რომელიც საგნის გამოცდას ვერ აბარებს, შეიძლება მოსწონდეს მშობელს ან მოსწავლეს?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვენდობი გამოცდის შედეგებს და უფრო ვალიდურად მივიჩნევდი, მაგრამ აქ მარტო მასწავლებლის პრობლემა ხომ არ არის, სკოლები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, არ არის საკმარისი რესურსები. სკოლების ავტორიზაცია 2023 წლისთვის გადადეს, რადგან კარგად იცის სამინისტრომ, რომ ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის მოთხოვნებს. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გადადონ.

  • თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებელი გადატვირთულია ბიუროკრატიით. მაშინ რაში გამოიხატება ეს თვითგანვითარება, თუ მასწავლებელი არც კვლევას დაწერს, არც გამოცდას ჩააბარებს და არც მეთოდებზე იმუშავებს?

მე იმას ვამბობ, რომ სწორედ ამ ყველაფრისთვის არ რჩება მასწავლებელს სათანადო დრო, რადგან ის დაბალი შემოსავლის გამო მუშაობს რამდენიმე სკოლაში, არის რეპეტიტორი და ასე შემდეგ. თუ სოფელში ცხოვრობს, იქ სოფლის მეურნეობაშია ჩართული ან სხვადასხვა სეზონურ სამუშაოში და ასე შემდეგ.

მასწავლებლობა არ უნდა იყოს დამატებითი პროფესია. რეალურად კი ასეა დღეს საქართველოში, რადგან ხელფასი არ არის საკმარისი. პედაგოგს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ მთელი დღე დაუთმოს მის პროფესიას.

ბატიაშვილის დროს ხელფასების ეტაპობრივად ზრდის ჩანაფიქრი ეს იყო, რომ მასწავლებლობა უნდა გამხდარიყო სრულგანაკვეთიანი სამსახური, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა საფუძველი, მოეთხოვა მისთვის განვითარება. განვითარებას ვერ მოსთხოვ 900-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში.

  • სამინისტრო ამბობს, რომ დღეს ათასზე მეტი ლარია მასწავლებლის ხელფასი.

კი, არიან მასწავლებლები, რომლებსაც 1700 ლარიც აქვთ და შეიძლება მეტიც, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც 700 ლარი აქვს. სტატუსის, მოსწავლეთა კონტინგენტის, დატვირთვის მიხედვით განსხვავდება ანაზღაურება. საშუალო ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება. ამიტომ ვალდებულებები იზრდება, მოტივაცია – იკლებს.

10 ათასიდან 8 ათასმა ვერ გადალახა გამოცდაზე ბარიერი. არავის აინტერესებს, რა მოუვიდა ამ პედაგოგების მოტივაციას. მასწავლებლისთვის ძალიან სევდიანი მომენტია, როცა ვერ ლახავს გამოცდის ბარიერს.

  • მაგრამ სამინისტრო ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ კარგი გაკვეთილი ჩაატაროს მასწავლებელმა. ეს ასე არ არის?

ასე არ არის, რადგან თუ პროცესს შიგნიდან შევხედავთ, დავინახავთ, რამდენად ფორმალურია ეს ყველაფერი. მასწავლებლები ძირითადად დაკოპირებულ რესურსებს იყენებენ, რადგან არ ჰყოფნით კომპეტენცია, რომ ინდივიდუალურად და განსხვავებულად შეავსონ.

პირადად მეც 150 მოსწავლესთან მაქვს კვირის განმავლობაში შეხება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამდენ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგე. მაშინ მე უნდა მქონდეს იმხელა შემოსავალი, რომ მთელი დღე სკოლაში ვიმუშაო და არ მქონდეს სხვა დამატებითი ვალდებულებები.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ ზრდის მთავრობა მასწავლებლის ხელფასს?

არ არის განათლება პრიორიტეტული და იმიტომ. დაფინანსების უდიდესი ნაწილიც გარედან შემოდის, დონორების დახმარებით ხორციელდება ეს რეფორმებიც.

მეორე მხრივ, ასეთი ტიპის სკოლა და მასწავლებელი პოლიტიკურადაც მარტივი სამართავი და არჩევნებზე გამოსაყენებელი რესურსია.

  • „ჩვენ არ გვეკითხებიან“ და „ჩვენი ხმა არ ისმის“ გვესმის 20-ზე მეტი წელია. რატომ ვერ შეძლეს მასწავლებლებმა ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყვნენ ამ ხნის მანძილზე. 60 ათასი მასწავლებელი ხომ არ არის ცოტა?

პროფკავშირები, რომელიც, წესით, უნდა იყოს მასწავლებლების ხმის გამჟღერებელი, ფაქტობრივად, არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ესეც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.

მეორე მიზეზია მასწავლებლის სოციალური მდგომარეობა, როცა მნიშვნელოვანია სტაბილური და თუნდაც მცირე შემოსავალი. ბევრისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ვერ იღებს ხმას და, შესაბამისად, არც სიტუაცია იცვლება.

  • გამოდის, რომ სკოლა თვითონ იყენებს თავს ასეთ მდგომარეობაში, რადგან სტაბილურობის გამო კომპრომისზე მიდის?  

გეთანხმებით. მეც ვისურვებდი, რომ მასწავლებლების ხმა იყოს უფრო მკაცრი და ხმამაღალი. გათავისუფლდეს სკოლა პოლიტიკური მარწუხებისგან, გაეზარდოს დაფინანსება სკოლებს, სისტემაში სფეროს მცოდნე ადამიანები იყვნენ დასაქმებული და ამის შემდეგ პროცესებიც სწორად განვითარდება.

რატომ მოიპარეს რუსებმა პოტიომკინის ძვლები უკრაინიდან – NYT

„იმ დროს, როდესაც უკრაინის ძალები ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ხერსონს უახლოვდებოდნენ, კრემლის დანიშნული ადგილობრივი ხელისუფლება თავის ხალხს მე-18 საუკუნის ტაძარში სპეციალური მისიით გზავნიდა – ამ ჯგუფს ეკატერინეს ტაძრიდან დიდი კნიაზის გრიგორი პოტიომკინის ძვლები უნდა მოეპარათ,“ – ასე იწყება ამერიკული The New York Times-ის სტატია, რომელშიც მოთხრობილია, თუ რატომ და როგორ გაიტანეს ხერსონიდან რუსი სამხედრო მეთაურისა და ეკატერინე მეორის საყვარლის, გრიგორი პოტიომკინის ნეშტი.

30 სექტემბერს, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადებისას, პოტიომკინი ვლადიმერ პუტინმაც ახსენა, როგორც „უკრაინელი და რუსი ხალხის ერთიანობის“ დასტური და უკრაინის ქალაქების დამაარსებელი.

„მე-18 საუკუნის მხედართმთავარი და ეკატერინე მეორის საყვარელი რუსეთს უკრაინის დაპყრობაში დაეხმარა და ამიტომაც მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ისტორიის იმ ვერსიაში, რომელსაც კრემლი თავისი ომის გასამართლებლად იყენებს,“ – წერს გამოცემა.

რუსებსა და საოკუპაციო ხელისუფლებას პოტიომკინის თავის ქალისა და ძვლების აკლდამიდან მოპარვა არც დაუმალავთ, პირიქით, კრემლის მიერ დანიშულმა ხერსონის ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმირ სალდომ განაცხადა, რომ პოტიომკინის ნეშტი ხერსონიდან გაიტანეს.

„ჩვენ ეკატერინეს ტაძრიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიტანეთ დიდებული კნიაზის ნეშტი, ჩვენ ასევე მარცხენა სანაპიროზე გადავიტანეთ თვითონ პოტიომკინი, სუვოროვი და მარგელოვი (იგულისხმება ძეგლები, რომლებიც რუსებმა ასევე მოხსნეს და გაიტანეს ხერსონიდან). ეს ის სიწმინდეებია, რომლებიც, ჩემი აზრით, უნდა შევინახოთ“, – თქვა სალდოც.

როგორც The New York Times-ს ბრიტანელი ისტორიკოსი და პოტიომკინის შესახებ წიგნის ავტორი, საიმონ სებაგ-მონტეფიორე უყვება, რუსი სამხედრო მეთაურის აკლდამა უკვე მეცხრედ გახსნეს. მანამდე ეკატერინე მეორის საყვარლის საფლავი რამდენჯერმე ამოთხარეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის იმ მიზნით, რომ მისი ნეშტის იდენტიფიცირება მოეხდინათ.

„მე-19 საუკუნის დამპყრობლის ხსოვნა ახლაც ცოცხალია კრემლში მათთვის, ვინც რუსეთის იმპერიის აღდგენას ცდილობს,“ – წერს The New York Times და დასძენს, რომ პუტინი პოტიომკინის ხედვას მიჰყვება, რადგან სწორედ პოტიომკინმა დაარწმუნა ეკატერინე, 1783 წელს ყირიმი დაეპყრო და სწორედ ის იყო „ნოვოროსიის“ (ახალი რუსეთი), უკრაინის სამხრეთში შექმნილი ხელოვნური ადმინისტრაციული ერთეულის ავტორი.

გრიგორი პოტიომკინი 1791 წელს რუმინეთიდან ნიკოლაევისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. მას ხერსონში გრანდიოზული დაკრძალვა მოუწყვეს.

სად არის ახლა პოტიომკინის თავის ქალა და ძვლები და რას უპირებს კრემლი მათ, უცნობია. ბრიტანელი ისტორიკოსი მონტეფიორე არ გამორიცხავს, რომ პოტიომკინის ნეშტი რუსეთში აღმოჩნდება და „ულტრანაციონალისტების სპექტაკლში“ თავის როლსაც შეასრულებს.

იუნესკოს 24 ოქტომბრის მონაცემებით, უკრაინაში ომის განმავლობაშ უკვე 200-ზე მეტი კულტურული ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.

მთავარ ფოტოზე: კოლაჟი – გრიგორი პოტიომკინი და მისი საფლავის ქვა ეკატერინეს ტაძარში

თიბისი საზღვარგარეთ დასაქმებულ ადამიანებს მათზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს

თიბისი საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გამარტივებაზე ზრუნავს და სესხებზე, ანაბრებსა და სხვა საბანკო პროდუქტებზე მოქნილ პირობებს სთავაზობს.

სწორედ ასეთი სიახლეა თიბისის სწრაფი სამომხმარებლო სესხი საზღვარგარეთ დასაქმებული ადამიანებისთვის. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ყოველდღიური და გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად დაიმტკიცონ სესხი ვებგვერდზე – tbccredit.ge/onlineloan.

სესხზე განაცხადის შევსება შეუძლია თიბისის მომხმარებელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში განხორციელებული აქვს მინიმუმ 5 გზავნილი საქართველოში. სესხის ლიმიტი განისაზღვრება 100-დან 3000 ლარამდე.

„საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერა თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროდუქტებისა თუ სერვისების გაუმჯობესებაზე, რომელიც  მომხმარებლებს გაუმარტივებს ყოველდღიურობას“ – გვიზიარებენ თიბისის გუნდის წევრები.

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

არხანგელსკში სამხედრომ ახალწვეულებს „კამაზით“ გადაუარა, დაიღუპა 2 ჯარისკაცი – მედია

ინციდენტი მოხდა რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, პლესეცკის რაიონის სამხედრო პოლიგონზე. კონტრაქტით მომუშავე სამხედრო „კამაზით“ დაეჯახა ახალწვეულების კოლონას. ორი ჯარისკაცი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

შემთხვევა გუშინ, 27 ოქტომბერს, საღამოს სამხედრო ნაწილის დახურულ პოლიგონზე მოხდა.

გამოცემა ASTRA-ს ცნობით, კონტრაქტით მომუშავე 22 წლის სამხედრო ისრაფილ აბჰერდილაევი „კამაზის“ საჭესთან დაჯდა და პოლიგონის ტერიტორიაზე მოძრაობისას ახალწვეულების 20-კაციან კოლონაში შევარდა. ერთ-ერთი ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი – ჰოსპიტალში.

ინციდენტის დროს მსუბუქად დაშავდა 11 სამხედრო, ყველა მათგანი ამჟამად ქალაქ მირნის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

მომხდარის მიზეზებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. კომენტარზე მედიას უარი უთხრეს მირნის სამხედრო პროკურატურაშიც.

___

ფოტო: მედუზა

გაიაქტიურე სილქფესტი უქმეებზე და ისარგებლე მთელი თვე არჩეული პაკეტებით

29 და 30 ოქტომბერს, სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს, დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეთავაზებს  სილქნეტის მომხმარებელებს. 

ფიზიკური და იურიდიული პირები შეძლებენ ჩაირთონ სასურველი პირობა და ასევე, გაუაქტიურონ   სილქნეტის ქსელის ნებისმიერი სხვა ნომერს სილქფესტის შეთავაზებები:

  • ულიმიტო სასაუბრო დრო + ულიმიტო ინტერნეტი – 33 ₾
  • 200 ადგილობრივი წუთი – 5₾
  • 15 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 12₾

ერთი ან რამდენიმე პაკეტის შეძენა შესაძლებელია  კოდით *202#, აპლიკაციით My Silknet ან პირდაპირ სილქნეტის ვებ გვერდიდან. 

ვინ აპროტესტებს შშმ დედებისა და ორსულებისთვის აჭარაში ერთჯერადად 2000 ლარის მიცემას

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინიციატივით, აჭარაში ახალი პროგრამა შემუშავადა, რომლის ფარგლებშიც შშმ ორსული ქალები და 1 წლამდე ასაკის ბავშვის დედები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას – 2 ათას ლარს მიიღებენ.

საპილოტე პროგრამა უკვე გათვალისწინებულია აჭარის ბიუჯეტში და ამ ეტაპზე მხოლოდ 20 ბენეფიციარისთვის არის გათვლილი.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი დეა ერემაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამას სხვა შშმ პირები უარყოფითად გამოეხმაურნენ, რაც დეა ერემაშვილის თქმით, საფრთხეს უქმნის შშმ დედებისა და ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის საბოლოოდ დანერგვას.

„შშმ კაცები მიიჩნევენ, რომ ასეთი პროგრამა დისკრიმინაციულია, რადგან მხოლოდ ქალებს ეხება, პროტესტი გამოხატეს შშმ ბავშვების მშობლებმაც. გვწერენ – ჩვენმა ბავშვებმა რა დააშავეს, მათაც სჭირდებათ დახმარებაო ,“ – გვითხრა დეამ.

მისი თქმით, შშმ დედებისა და ორსული ქალების დახმარების პროგრამა ვერანაირად ვერ იქნება დისკრიმინაციული, რადგან ორსულ შშმ ქალებს სპეციფიკური საჭიროებები აქვთ და ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„შშმ კაცებისთვის, ასევე შშმ ბავშვებისთვის, არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და დავნერგეთ. იქნება ეს პედიატრიული სამედიცინო ეტლების გადაცემა, სამედიცინო ამწე, ადაპტირებული ტრანსპორტი, ადაპტირებული პლაჟი თუ სხვა, შშმ ქალებისთვის კი, ფაქტობრივად, არ იყო აქამდე არანაირი პროგრამა და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ძლივს მოვახერხეთ, რომ ეს საპილოტე პროგრამა ბიუჯეტში ჩაესვა აჭარას.

არა მარტო საქართველოში, ზოგადად, მსოფლიოში, შშმ ქალები უფრო მოწყვლად ჯგუფად მიიჩნევიან, ვიდრე კაცები, რადგან შშმ ქალებს განსაკუთრებული საჭიროება აქვთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც შშმ ქალები ორმაგი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.

არ აქვთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და უამრავი წინაღობა ხვდებათ ორსულობის პერიოდში. მინიმალური სერვისი რომ მიიღონ, ამისთვის გაკეთდა ეს პროგრამა“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, შშმ ორსული ქალის მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ქალის, რადგან შშმ ქალს ბევრი თანმდევი დაავადება აქვს, სჭირდება დამატებითი მედიკამენტები, ვიტამინი და ასე შემდეგ.

„შშმ დედას მინიმუმ სჭირდება დამხმარე, რომლის დაქირავების რესურსი ფიზიკურად შეიძლება არ ჰქონდეს. ამიტომ ასეთი მიდგომა, რომ რატომ ქალებს და კაცებს ან ბავშვებს არა, არ არის სწორი.

ბავშვების ეტლების პროგრამა რომ დავანერგინეთ, არ უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ზრდასრულებს არ გვეხება? ის შშმ ბავშვი არ გაიზრდება და ზრდასრული ქალი არ გახდება? მაშინ არ დასჭირდება მხარდაჭერა? რადგან მე არ მეხება – ამ ლოგიკით არ უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს კეთდება გათანაბრებისთვის და ყველა პროგრამა ყველა შშმ კატეგორიას ვერ მოერგება ყოველთვის. ეს შეუძლებელია,“ – ამბობს დეა.

საპილოტე პროგრამის ფარგლებში შშმ ქალი ფინანსურ დახმარებას იღებს ორჯერ – ორსულობის პერიოდში და ბავშვის გაჩენის შემდეგ.

„შშმ კაცები მსოფლიო მოსახლეობის 12 პროცენტია, ქალები კი – 19.2 პროცენტი. საქართველოში, ერთ მილიონ ქალში 47 ათასი შშმ ქალია, რაღაც ნაწილს კი სტატუსიც არ აქვს, რადგან სტიგმატიზებულია შშმ პირობა ქალისთვის და ზოგჯერ ოჯახებიც კი არ მიმართავენ რეგისტრაციას.

მესმის, რომ შშმ პირების ხელშემწყობი პროგრამები არ არის საკმარისი, მაგრამ სხვა რეგიონებთან შედარებით, აჭარაში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა და ვცდილობთ, ამ მდგომარეობის გაუმჯობესებას“.

საპილოტე პროგრამა დამტკიცებულია და მისი მთლიანი ბიუჯეტი წლიურად 40 ათასი ლარია.

„ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“- თიბისი კონცეპტის სივრცეში

„ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ გამოფენის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება აქვთ დაესწრონ როგორც გამოფენის, ისე არქიტექტურულ ტურებს.

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 31 ოქტომბერს, 14 და 25 ნოემბერს. ტურებს ჩაატარებენ გამოფენის თანაკურატორი ნინი ფალავანდიშვილი, გამოფენის კურატორები დიმიტრი ერისთავი და ლადო შონია და არქიტექტორი გიგი შუკაკიძე.

არქიტექტურული ტურები გაიმართება 30 ოქტომბერსა და 5 ნოემბერს. ტურს გაუძღვებიან არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი და კურატორი და მკვლევარი ნინი ფალავანდიშვილი.

არქიტექტორ ლევან კალანდარიშვილთან ერთად ტურის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაათვალიერონ გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილისა და მისი თანაავტორების მიერ შექმნილი პროექტების მიხედვით აშენებული თბილისის ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორებიცაა სპორტის სასახლე, ალპური კლუბი და ჭადრაკის სასახლე, ტელეგრაფი, ორი საცხოვრებელი სახლი და ხელოვნების მუშაკთა სახლი. ყურადღება გამახვილდება იმ გამოწვევებზე რომელიც იდგა XX საუკუნის 50-70 წლებში ქართველი არქიტექტორების წინაშე და ნაჩვენები იქნება რამდენად წარმატებული იყო მათ გადალახვაში ბატონი ლადო თავის კოლეგებთან ერთად. კონკრეტულ მაგალითებზე განიხილება არქიტექტორის საინტერესო მიგნებები და ის პროცესები რომელიც თან ახლდა მის შემოქმედებით ძიებას. საუბარი ასევე შეეხება მისი არქიტექტურული მემკვიდრეობის დღევანდელ მდგომარეობას და შენარჩუნების აუცილებლობას.

გამოფენის თანა-კურატორთან, ნინი ფალავანდიშვილთან  ერთად მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შერჩეული  შენობები – სპორტის სასახლე, ცენტრალური ტელეგრაფი, ჭადრაკის სასახლე, ორი საცხოვრებელი სახლი, ასევე  საშუალება ექნებათ კურატორთან ერთად ადგილზე შეიგრძნონ ამ შენობების გამორჩეულობა, სილამაზე, არქიტექტურული თუ საინჟინრო მიგნებები.

გამოფენა „ლადო ალექსი-მესხიშვილი არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე“ , თიბისის ორგანიზებით 20 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში გაიხსნა და გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართველი არქიტექტორის ლადო ალექსი-მესხიშვილის (1915-1978) ნამუშევრების ფართო კოლექცია. იგი გვაჩვენებს არქიტექტორის განვითარების გზას ადრეული საკონკურსო პროექტებიდან დასრულებულ შენობამდე. ორმოცწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობა ასახავს როგორც პიროვნულ შემოქმედებით ტრანსფორმაციას, ასევე ცვლილებებს მისი ნამუშევრების სოციალურ-პოლიტიკურ კონტექსტში. გამოფენილი მასალა მოიცავს ჩანახატებისა და ნახაზების კოლექციას, ფოტოებს, ფილმებს, საარქივო მასალას და მაკეტებს.

კადიროვმა აღიარა, რომ ხერსონში 23 კადიროველი მოკლეს და 58 დაჭრეს

ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა აღიარა, რომ 24 ოქტომბერს ხერსონში კადიროველთა ბაზაზე დარტყმის შედეგად მისი რაზმის 23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა.

„ბევრმა იცის, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური დაჯგუფება საარტილერიო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ხერსონის ოლქში მოხდა. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია და გვაქვს დაღუპულთა და დაჭრილთა საბოლოო სია.

23 მებრძოლი დაიღუპა და 58 დაიჭრა. ოთხ მათგანს მძიმე ტრავმები აქვს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – დაწერა კადიროვმა თავის ტელეგრამარხზე.

ჩეჩნეთის მეთაურმა დასძინა, რომ იმ დღეს „დამპყრობელთა დანაკარგი უფრო დიდი იყო“ და რომ „ჩეჩნები მონაწილეობენ ჯიჰადში და იბლისის ძალების წინააღმდეგ იბრძვიან“.

მისი თქმით, „ამ წმინდა ომში სიკვდილი უდიდესი პატივი და ბედნიერებაა ნებისმიერი ჭეშმარიტი მუსლიმისთვის“.

25 ოქტომბერს უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტ კაირიში 30 ოკუპანტი გაანადგურეს.

წინა დღეს კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო (სავარაუდოდ, სწორედ სოფელ კაირიდან), რომელშიც გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლები ჩანან. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დამცველებმა ოკუპირებულ ხერსონი ოლქში კადიროველთა ბაზას დაარტყეს.

კადიროველებზე თავდასხმის შემდეგ, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჩეჩნებს მოუწოდა შეუერთდნენ „სატანიზმთან“ ბრძოლას და უკრაინასთან ომს ჯიჰადი უწოდა.

___

კადიროვს სურს ლიმანის დაკარგვისთვის რუსი გენერალი ჯარისკაცად ჩამოაქვეითოს და ომში გაუშვას

კაცს სხეულზე დამაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა, ის სარფის საბაჟოზე დააკავეს

თურქმა სამართალდამცავებმა სარფში, საზღვრის კვეთისას, დააკავეს საქართველოდან თურქეთში შესული კაცი, რომელსაც 1100 ფუტკარი გადაჰყავდა სხეულზე დამაგრებული ხის ყუთებით.

მედიის ცნობით, კაცმა სარფის საზღვარზე სკანირება უპრობლემოდ გაიარა, მაგრამ იგი მებაჟეებმა საეჭვო ქცევის გამო შეაჩერეს და გაჩხრიკეს.

სვიტერის აწევის დროს გაირკვა, რომ მას სხეულზე ხის პატარა ყუთები ჰქონდა დამაგრებული, სულ 110 ყუთი. თითო ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.

ეჭვმიტანილი დააკავეს. უცნობია, იგი საქართველოს მოქალაქეა თუ თურქეთის.

ფუტკრით სავსე ყუთები

ასევე, სარფის საზღვარზე, თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს. საბაჟოს თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ავტომანქანა მუშაობდა დამატებით საწვავის ავზზე, რომელიც დამაგრებული იყო თაფლით სავსე ორიგინალური ავზის გვერდით.

+1% — ტერაბანკმა ვადიანი ტიპის ანაბრებზე აქცია დაიწყო

ტერაბანკმა მომხმარებლებისთვის ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალი აქცია დაიწყო. აქციის პირობების მიხედვით, ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც ვადიანი ტიპის ანაბარს 31 დეკემბრამდე გახსნის, პროდუქტით სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გაზრდილ სარგებელს — დამატებით 1%-ს მიიღებს.

აქცია ვრცელდება ლარის, დოლარისა და ევროს ყველა ვადიანი ტიპის დეპოზიტზე, ნებისმიერ პირობასა და ვადაზე. მასში ჩართვის მსურველებისთვის ერთადერთ აუცილებელ პირობას ანაბრის 31 დეკემბრამდე გახსნა წარმოადგენს.

„დეპოზიტები განსაკუთრებით მიმზიდველ პროდუქტს წარმოადგენს, ამიტომ მათზე სხვადასხვა ტიპის აქციები ტერაბანკში უკვე გარკვეულ ტრადიციად გვექცა. ამჯერად  გაზრდილი სარგებლით გვსურს, ჩვენი მომხმარებლები კიდევ უფრო წავახალისოთ და ვფიქრობთ, ახალი აქციის მომგებიანი პირობებით ბევრი მათგანი ისარგებლებს“, – აცხადებენ ტერაბანკში.

შეგახსენებთ, ამჟამად ტერაბანკი ბაზარზე საბავშვო, ვადიანი, კონვერტირებადი, ზრდადი და flex ანაბრებით, ასევე, დისკონტური და საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატებითაა წარმოდგენილი.  აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ პირებს ვადიანი ანაბრის გახსნა ბანკის ვებგვერდზე www.terabank.ge , ინტერნეტ ან მობაილბანკითა და ფილიალებში სტუმრობით შეუძლიათ.

რუსეთი ხერსონში ძალებს მობილიზებულებით აძლიერებს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში, დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე მყოფი საკუთარი ძალები რუსეთმა სავარაუდოდ მობილიზებული რეზერვისტებით გააძლიერა, თუმცა უწყების შეფასებით, ეს დანაყოფები ცუდადაა მომზადებული და დაუკომპლექტებელია.

„2022 წლის სექტემბერში რუსი ოფიცრები ასეულებს ხერსონის მიმართულებაზე აღწერდნენ, როგორც 6-8 ადამიანისგან შემდგარ დანაყოფებს, მაშინ, როდესაც ასეულში დაახლოებით 100 ადამიანი მაინც უნდა იყოს,“ – წერს ბრიტანეთის დაზვერვა 28 ოქტომბრის რელიზში.

უწყების შეფასებით, ბოლო ექვს კვირაში ცხადად გამოჩნდა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზის უმეტეს მონაკვეთებზე რუსეთის სახმელეთო ძალები თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ.

„სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია სიტუაციის უფრო რეალისტურ შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, დაუკომპლექტებელ და ცუდად გაწვრთნილ რუსულ ძალებს უკრაინაში დღეს მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების უნარი აქვთ,“ – მიუთითებს უწყება და დასძენს, რომ მაშინაც კი თუ რუსეთი უკრაინაში გრძელვადიანი თავდაცვითი ზღუდეების შექმნას შეძლებს, მისი ოპერატიული სქემა დაუცველი დარჩება.

„იმისთვის, რომ ინიციატივა დაიბრუნოს, რუსეთს დასჭირდება უფრო ხარისხიანი, მობილური ძალები, რომლებსაც შეეძლებათ წინააღმდეგობა გაუწიონ უკრაინელთა კონტრშეტევებს და ამავე დროს, თავადაც აწარმოონ მსხვილმასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები.“

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონში 1000 მობილიზებული ჯარისკაცი შეიყვანა.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ რელიზში დაზვერვა აღნიშნავდა, რომ კრემლი ცენტრალური ხელისუფლებიდან საზოგადოების ყურადღების რეგიონულ ჩინოვნიკებზე გადატანას ცდილობს.

როდის გამოიდარებს ბათუმში – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 ოქტომბრის 21 საათიდან 29 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ყველგან, დღისით კი ზოგან წვიმა.

აჭარის მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი 

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში და მთელ აჭარაში კვირას, 30 ოქტომბერს გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

მობილურიდან შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე და 100 ათასი ლარი მოიპარეს – შსს

კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ფაქტზე შსს-მ 4 პირი დააკავა.

„…მოქალაქეების მოტყუების გზით, მათივე მობილური ტელეფონების საშუალებით, უნებართვოდ შეაღწიეს საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც დიდი ოდენობით თანხა საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხეს. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაზარალებულებისთვის მიყენებულმა ზარალმა 100 000 ლარს გადააჭარბა,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 28 ოქტომბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალდებულებს გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ 6-დან 10-წლამდე ვადით დააპატიმრებენ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 28 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 69 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +480]
  • ტანკი – 2 640 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 5 378 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 1 698 ერთეული [+8]
  • MLRS – 379 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 192 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 272 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 251 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 401 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 351 ერთეული [0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 088 ერთეული [+10]
  • სპეცტექნიკა – 151 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 28 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 326 თვითმფრინავი
  • 164 ვერტმფრენი
  • 2 356 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 383 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 130 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 876 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 532 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 6 823 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ISW: „ის, რომ პუტინი ჯიუტად განაგრძობს ნარატივს, თითქოს უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია სხვადასხვა სახელმწიფოში, კიდევ ერთხელ მიუთითებს მის მიზანზე – გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და უკრაინელი ერის ცნება მთლიანად წაშალოს“: პუტინის მიზანი უკრაინის სახელმწიფოს და უკრაინელი ერის განადგურებაა

ამავე თემაზე:

ფრონტზე მათ დასაცავად წავედი – ჯარისკაცი, რომელმაც კიევის დაბომბვისას მშობლები დაკარგა

Exit mobile version