მთავარი,სიახლეები

რას ჰყვებიან ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის კაფეტერიაზე

28.10.2022 • 6035
რას ჰყვებიან ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის კაფეტერიაზე

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები უნივერსიტეტის კაფეტერიაში არსებულ მაღალ ფასებსა და ჰიგიენის შეუსაბამო ნორმებზე საუბრობენ. კაფეტერიას რუსთაველის უნივერსიტეტში კერძო კომპანია UNI FOOD hub-ი მართავს.

სტუდენტ ლინდა ცინცაძის თქმით, ბსუ-ს სტუდენტებს შესვენებების დროს სხვაგან წახემსების არჩევანი არ აქვთ. მათთვის შეუძლებელია უნივერსიტეტიდან საკვებისთვის სხვაგან წავიდნენ, განსაკუთრებით ავდარში. „წვიმაში ვერც გარეთ გადიხარ, ვერც უნივერსიტეტში იკვებები. რა აზრი აქვს უნივერსიტეტში კაფეტერიის არსებობას, სტუდენტების მოთხოვნებს თუ ვერ დააკმაყოფილებს?“ – ასე აყალიბებს თავის პრეტენზიებს ლინდა.

ლინდა 3 დღის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რომელსაც კაფეტერიაში შეესწრო: „მომხმარებელი შემოვიდა, ლობიანი აიღო, გადაიხადა და შემთხვევით, ძირს დაუვარდა. ისე გაბრუნდა უკან, ახალიც აღარ აუღია. დავარდნილი ლობიანი კი იქ დადო, სადაც გამოყენებულ ჭურჭელს ვალაგებთ მომხმარებლები.

ძირს დავარდნილი ლობიანი კაფეტერიის თანამშრომელმა აიღო და გვერდით მდგომ ახალგაზრდა კაცს [სავარაუდოდ კოლეგას] ჰკითხა, სად წავიღოო. ისიც თქვა, სტუდენტს ძირს დაუვარდაო და პასუხად მიიღო – უკან დააბრუნე. ასე ჩვეულებრივად, ძალიან მარტივად დააბრუნეს ძირს დავარდნილი ლობიანი გასაყიდ დახლზე“.

ლინდას თქმით, კაფეს თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ის უყურებდა და ისმენდა მათ საუბარს, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ, რამაც კიდევ უფრო გააკვირვა. ამიტომ გადაწყვიტა, ნანახი სტუდენტებისთვის გაეზიარებინა: ამ თემაზე დაწერა უნივერსიტეტის ფეისბუქჯგუფშიც და მისი თქმით, ძალიან ბევრი სტუდენტი გამოეხმაურა.

 „მომწერეს პირად ჩატში, ჩვენც ბევრჯერ შეგვინიშნავს მსგავსი რამო, წერდნენ კომენტარებშიც. ბევრი წერდა, თმა შემხვდა კაფეტერიის საკვებშიო. ყავას ისე ამზადებენ, არ არის სანიტარული ნორმები დაცულიო. რა თქმა უნდა, არ არის, ეს ისედაც ცხადია. ყველა წუხს კაფეტერიის ცუდ მდგომარეობაზე. მართლაც ანტისანიტარიაა. ხელთათმანს არ იკეთებენ, ყველაფერს ეხებიან ხელებით. კვების ობიექტია და ელემენტარული წესები ხომ უნდა გაითვალისწინონ. მეც ბევრჯერ შემხვედრია საკვებში თმა“, – იხსენებს ლინდა.

ლინდას თქმით, საკვების ფასიც ძვირია კაფეტერიაში.

„უნივერსიტეტისთვის ჯერ არ მიგვიმართავს და ვერ ვიტყვი არ რეაგირებენ ან რაღაც, თუმცა ეცოდინებათ რა მდგომარეობაცაა, იმიტომ, რომ კაფეტერიას პროფესორები და ლექტორებიც იყენებენ. დღეს საღამოს ვაპირებ ლექტორის სახელზე განაცხადების დაწერას და ხელმოწერების შეგროვებას“, – ამბობს ლინდა, რომელსაც ამ საკითხში უკვე ჰყავს თანამოაზრეები.

„სტუდენტები აღარ ვაპირებთ ამის მოთმენას და მალე რექტორის სახელზე განცხადებასაც დაწერენ. ვიმედოვნებ, რამეს მოიმოქმედებენ. გააკონტროლებენ და ექნებათ რეაგირება კაფეტერიაში არსებულ სიტუაციაზე. სხვა კომპანია მოიყვანონ, ან როგორმე გააკონტროლონ იქ მდგომარეობა, თუნდაც, დაარეგულირონ ფასები საკვებზე“, – ამბობს ლინდა.

ბსუ-ს ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში ამ თემაზე რამდენიმე პოსტია გამოქვეყნებული. კომენტარების ველში სტუდენტები და კაფეტერიის სხვა მომხმარებლები მათ გამოცდილებაზე ჰყვებიან: „მანდ ვჭამე ერთხელ ლობიანი და მოვიწამლე“, „ძალიან მიკვირს, როგორ შედიხართ და ჭამთ ამ ყველაფრის მერე. რამდენჯერაც მანდ ვჭამე, იმდენჯერ მოვიწამლე“, „რამდენიმე დღის წინ ჩემთვის უცნობ გოგონებს ბურგერში ჭამის დროს თმა შეხვდათ, უკან რომ მიუბრუნეს და აჩვენეს, თანხის დაბრუნების ან უბრალოდ ბოდიშის მოხდის მაგივრად, აქეთ გადმოვიდნენ აგრესიაზე…“; „რამდენი მწერი და თმა მაქვს ნაპოვნი ჭამის დროს საჭმელში“, „ამჟავებულია ლობიო-თქო, რომ ვუთხარი, აზრი?“

ბსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, შოთა როდინაძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის კაფეტერიით სარგებლობა ხშირად უწევს, ხანდახან დღეში რამდენჯერმეც კი. ლექტორი ამბობს, რომ კაფეტერიას ნამდვილად აქვს რამდენიმე ხარვეზი, რომელთა გამოსწორებაცაა საჭირო.

„დასახვეწია სერვისი [კაფეტერიის თანამშრომლების] – დამოკიდებულება მომხმარებლებისადმი. შევსწრებივარ მომხმარებლებთან მათ უხეშად საუბრის ფაქტებს.

ხაზი მინდა გავუსვა ფასებს, რაც აბსოლუტურად არაგონივრულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმე გვაქვს სტუდენტებთან. ვფიქრობ, არასაუნივერსიტეტო გარემოში, ნებისმიერ სხვა კაფეში თუ კვების დაწესებულებაში, გაცილებით დაბალი ფასებია, ვიდრე აქ. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა უნივერსიტეტის კაფეტერიაზე საკმაოდ მაღალია. ძალიან ხშირად რიგში დგომაც კი უწევს მომხმარებელს, რაც იმითაა განპირობებული, რომ მას არ აქვს სხვა არჩევანი.

არა მხოლოდ ჩემთან, სხვებთანაც დაგროვდა გამოცდილება კაფეტერიაში სისუფთავის პრობლემებზე. ვფიქრობ, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო კაფეტერიის მხრიდან, რათა მომხმარებელს სუფთა სერვისი შესთავაზოს. მეც მქონია შემთხვევა, როცა ჩემთან მოტანილი საკვები ჰიგიენურ ნორმებს არ შეესაბამებოდა“, – გვითხრა შოთა როდინაძემ.

„ბათუმელები“ UNI FOOD hub-ის დირექტორს დაუკავშირდა და ჰკითხა იმ პრეტენზიების შესახებ, რაც სტუდენტებს აქვთ. შაკო მუკბანიანს ვკითხეთ კაფეტერიაში დაცული ჰიგიენის ნორმებსა და ფასებზეც.

„კაფეში არსებული ფასები იმაზე დაბალია, ვიდრე გარე საცხობებში და ხარისხი ორჯერ მაღალია. კაფეტერია დღეში მინიმუმ ორჯერ იწმინდება, იქლორება და ყველანაირი ნორმა დაცულია.

ვიღაც ბავშვები რაღაცებს ტლიკინებენ, ეგენი არიან უზრდელი ბავშვები და რაღაცები გავარკვიე მე კიდევ, რაღაც ცილისწამებებს აქვს იქ ადგილი. ლობიანი დავარდა და დაგდებული ლობიანი შემოიტანესო, ფაქტი მაჩვენეთ. ლობიანი თუ დააგდო ვინმემ და ის გაყიდეს, რატომ მაშინ არ თქვა, ერთი კვირის წინანდელ ამბავს რომ მოდის და რაღაცებს აგორებს. ეგენი არიან ყველა წინა მეპატრონის ბოტები და მაგენს საკადრისი პასუხი გაეცემათ“.

შაკო მუკბანიანმა შემოგვთავაზა ადგილზე მისვლა და გადამოწმება: „ყველაფერი არის გამჭვირვალე და ღია. მით უმეტეს, ბავშვები არიან და მეც  პატარა ბავშვები მყავს და ხარისხზე ვაკეთებთ ყოველთვის აქცენტს. არავის არ უნდა დაწყევლილი და რაღაც ისეთი გაკეთებული, რომ დამალული იყოს რაღაც და მით უმეტეს, რასაც ეგენი წერენ“, – გვითხრა შაკო მუკბანიანმა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ სწავლობდა UNI FOOD hub- სტუდენტების განწყობებს.

„სტუდენტებთან სულ გვაქვს კომუნიკაცია. ვეკითხებით, როგორ და რა ურჩევნიათ. ტელევიზორი უნდოდათ, დავკიდეთ, მუსიკის ჩართვაზე, არაფერზე პრობლემა არ აქვთ. სრულიად კომფორტულად არიან. შემოდიან, ვისაც როგორც უნდა, ისე რთავს მუსიკას. მაგალითად, ლეპტოპი დავუდგით, მისი გამოყენება შეუძლიათ. ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ აქვთ“, – გვითხრა UNI FOOD hub-ის დირექტორმა.

ბსუ-ს კაფეტერია

შაკო მუკბანიანის თქმით, უნივერსიტეტმა UNI FOOD hub-თან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

უნივერსიტეტის კაფეტერია კომპანია UNI FOOD hub-ზე უნივერსიტეტმა ელექტრონული აუქციონით გასცა. აუქციონი სამჯერ გამოცხადდა.

უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, ჯამში 6 კომპანია მონაწილეობდა. ბსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულ კომპანია UNI FOOD hub-ს უპირატესობა სახელმწიფო სატენდერო კომისიამ წარდგენილი დოკუმენტაციისა და პირობების საფუძველზე მიანიჭა.

უნივერსიტეტის კაფეტერიის საიჯარო თანხა ყოველწლიურად 6600 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: