ოთხგზის საქართველოს ჩემპიონი სათხილამურო სპორტში, 18 წლის მარი ჩოგაძე ხულოს სოფელ ქედლებიდანაა. სათხილამურო სპორტში საქართველოს ჩემპიონობისთვის მარიმ ბოლოს 2022 წელს იასპარეზა. მარი გვიყვება, რომ 6 წლის იყო, როცა თხილამურებზე პირველად დადგა. ის ამ სპორტით მამამ დააინტერესა, რომელიც მაშინ სათხილამურო სპორტის ტრენერი იყო.
მარიმ თხილამურებზე სრიალი სოფლის მცირე სათხილამურო ტრასაზე ისწავლა მამის და სხვა ტრენერების დახმარებით. როგორც მარი გვიყვება, სათხილამურო ბილიკი ქედლებში ერთადერთი გასართობია სოფლის ახალგაზრდებისთვის. ქედლების სათხილამურო ტრასას სტუმრობენ დაბასა და ქედლების მეზობელ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებიც.
„ჩემს სოფელში სხვა გასართობი არ არის. რით უნდა დაკავდე ზამთარში ახალგაზრდა? არაფერი არ მეგულება. სათხილამურო ბაზა გვაქვს სოფელში, ყველა ამით კავდება“, – გვეუბნება მარი.
როგორც მარი გვიყვება, სათხილამურო ტრასა, რომელიც ქედლებშია, პროფესიონალების ვარჯიშისთვის შეუფერებელია და კურორტ „გოდერძიზე“ უწევთ ასვლა. მარის თქმით, გოდერძიზე კურორტის მოწყობამ ხელი შეუწყო მას და ხულოში მცხოვრებ სათხილამურო სპორტით დაინტერესებულ სხვა ახალგაზრდებს სათანადოდ მოემზადონ შეჯიბრებებისთვის.
„როცა საქართველოს ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, კურორტ გოდერძიზე ასვლა კვირაში 3-4 დღით გვიწევდა. ხანდახან ვრჩებოდით იქ, ხანდახან უკან მოვდიოდით. დაახლოებით 2 საათის სავალია ჩვენი სოფლიდან გოდერძიმდე, მეტიც. ცუდი გზების გამო ზოგჯერ ასვლას ვერც ვახერხებდით.
სწორედ ამიტომ, კარგი იქნება ჩვენი სოფლის სათხილამურო ტრასა გაფართოვდეს. უფრო მეტი ბავშვი შეძლებს სრიალს. არ შეიქმნება პრობლემა, რომ ტრასაზე ვერ დავეტევით და ა.შ. გაფართოებული ტრასები სპორტსმენებს საშუალებას მოგვცემს შეჯიბრებებისთვის ადგილზე მოვემზადოთ და არ მოგვიწიოს, მაგალითად, გოდერძიზე ასვლა.
იმ ბავშვებს, ვისაც არ აქვთ თხილამურები, ქედლების სასრიალო ბილიკთან არის მარაგი, უფასოდ შეუძლიათ წაიღონ და დღის ბოლომდე ისრიალონ. ჩვენც გვაქვს თხილამურები, არ ვყიდულობთ, ტრენერები გვაძლევენ.
ვფიქრობ, ისეთი პატარა სათხილამურო ბილიკი, როგორიც ჩემს სოფელშია, სხვა სოფლებშიც უნდა იყოს. სხვა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ვერ ახერხებენ ჩვენთან, ან გოდერძიზე ასვლას, ამიტომაც ვერ ვარჯიშობენ. არადა ბევრს სურს ამ სპორტით დაკავდეს, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს“, – გვეუბნება მარი.
მარის თქმით, სათხილამურო სპორტში აჭარის ნაკრებს 10-15 წევრი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი მარია. მისი თქმით, გუნდის წევრები, ძირითადად, ხულოს სოფლებიდან არიან.
მარიმ წელს ბათუმის საზღვაო აკადემიაში ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა. მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებს მიუხედავად იმის, რომ ახლა შედარებით ნაკლები დრო რჩება სათხილამურო სპორტისთვის.
„თხილამურებზე სრიალი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საერთოდ არ მაქვს სიმაღლიდან დაშვების შიში. ეს ჩემი სპორტია, თხილამურებთან განუყრელი კავშირი მაქვს. როცა თხილამურებზე ვდგავარ, თავისუფლებას ვგრძნობ“, – გვითხრა მარიმ.
ხულოს სასპორტო სკოლას სათხილამურო სპორტში 2 ბაზა აქვს – დანისპარაულსა და ქედლებში. ეს ბაზები ჯამში 90-მდე მოსწავლეს აერთიანებს. სასპორტო სკოლის დირექტორის, ავთანდილ აბულაძის თქმით, სათხილამურო სპორტი განსაკუთრებით აინტერესებთ ადგილობრივ ახალგაზრდებს და საჭიროებებზე საუბრობს.
სასპორტო სკოლის დირექტორის თქმით, სოფელ ქედლებში მცირე სათხილამურო ბილიკი თითქმის 15 წელია ფუნქციონირებს და შესაძლებლობას აძლევს ქედლებსა და ასევე მის მეზობელ სოფლებსა თუ დაბა ხულოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სათხილამურო სპორტით დაკავდნენ. თუმცა, მოძველებულია და შეცვლას საჭიროებს ინვენტარი.
„ძალიან ძვირადღირებული სპორტია. სატრასე თხილამურები 1000 და 2000 ლარი ღირს. გჭირდება აღჭურვილობაც – კოსტიუმი, ჩაფხუტი… რაც ძალიან ძვირი ღირს. ასევე, საჭიროა სათხილამურო ტრასის მომზადება, ბორანები და ა.შ.
მომავალი თაობა ძალიან დაინტერესებულია ამ სპორტით. მეც ვხედავ პოტენციალს, თუ მიეცემათ განვითარების შესაძლებლობები. კარგი იქნება ქედლების სათხილამურო ბილიკის სიგრძე გაიზარდოს. სწავლებისთვის მოსახერხებელი ბილიკია, მაგრამ სავარჯიშოდ არ გამოდგება. ბილიკზე დაშვება ისეთი უნდა იყოს, რომ სრიალისას სისწრაფე იმატებდეს და სპორტსმენმა თავისი შედეგების გაუმჯობესება შეძლოს. საჭიროა ბორანების ჩართვაც.
სპორტსმენები შეჯიბრებამდე 1-2 კვირით ადრე კურორტ გოდერძიზე აგვყავს მოსამზადებლად. მუნიციპალიტეტი გვეხმარება ტრანსპორტირებაში“, – გვითხრა ავთანდილ აბულაძემ.

ავთანდილ აბულაძე
ავთანდილ აბულაძის თქმით, საუკეთესო შემთხვევაში საჭიროა ხულოს სასპორტო სკოლის სათხილამურო ბაზები სამ ტიპის იყოს: საწყისი ეტაპის, მოსამზადებელი და დაოსტატების.
ავთანდილ აბულაძე კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითებს: ამ ბაზებიდან მოშორებით სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სადაც ასევე ზამთრობით დიდი თოვლი მოდის, პრაქტიკულად არ აქვთ შესაძლებლობა სპორტის ამ სახეობით დაკავდნენ. ავთანდილ აბულაძის აზრით, უფრო კარგი შედეგები ექნებათ, ვიდრე ახლა, თუ სპორტის ამ სახეობაზე თანაბრად ექნებათ ხელმისაწვდომობა ხულოს სხვადასხვა სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებსაც.
„[სათხილამურო ბილიკებს] ძალიანაა მოწყვეტილია ხიხაძირის ხეობის სოფლები, აქ კიდევ ერთი ბაზის გაკეთებაა შესაძლებელი. აქეთა ხეობებში სოფელი ბეღლეთი და მისი მეზობელი სოფლებია ქედლებისა და კურორტის შუაში. ქედლების სათხილამურო ბილიკსაა მოწყვეტილი ჩაო, ვაშლოვანი და კიდევ ბევრი სხვა სოფელი“, – გვეუბნება ავთანდილ აბულაძე.
ხულოს სასპორტო სკოლის დირექტორის თქმით, მნიშვნელოვანია, ხულოს იმ სოფლებში, რომლებიც 1500 მეტრზე მდებარეობენ და ზამთარში მაღალი თოვლის საფარია, სათხილამურო ბილიკები მოეწყოს.
ავთანდილი აბულაძის თქმით, აჭარის სათხილამურო სპორტის ნაკრები, ძირითადად, ხულოს სასპორტო სკოლის წევრებისგან კომპლექტდება.






