სიახლეები

თაღლითობის რისკის შემცველი სახელფასო გადარიცხვები აჭარის გზების დეპარტამენტში – აუდიტი

29.10.2022 • 1903
თაღლითობის რისკის შემცველი სახელფასო გადარიცხვები აჭარის გზების დეპარტამენტში – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტი აჭარის გზების დეპარტამენტში თაღლითობის რისკის შემცველ გადარიცხვებზე საუბრობს. ამასთან, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან 12,2 მილიონი ლარი დარჩა აუთვისებელი.

სახელმწიფო აუდიტის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი.

„დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5 680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე,“ – აცხადებს სახელმწიფო აუდიტი, რომელმაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობა შეისწავლა.

„შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2020 წელს შრომის ანაზღაურება გაცემულია ფიზიკურ პირზე, რომელიც არ იყო დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები არ არის ავთენტური. აღნიშნულ ჩარიცხვებს ახორციელებდა გადარიცხვებზე პასუხისმგებელი პირი, საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი საკუთარ ანგარიშზე. ჯამში ჩარიცხულ იქნა 4 800 ლარი, რომელიც ზედმეტად გადახდილი თანხაა და შეიცავს თაღლითობის რისკებს.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში პირთან არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირის ანაზღაურება გაცემულია ორჯერ, ჯამში − 880 ლარი და რომელიც ჩარიცხულია ზემოთ აღნიშნული პირის ანგარიშზე. ამრიგად, ჯამში განხორციელებულია 13 საეჭვო ტრანზაქცია, რომელთა საფუძველზე გადარიცხულია 5 680 ლარი.“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმების დროს გამოვლინდა 24 ანგარიშის ნომერი, რომელიც „აუდიტის მიმდინარეობის დროისათვის უკვე გაუქმებული იყო, ასევე დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი აღარ მუშაობს დეპარტამენტში; შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაფერისი რწმუნება აღნიშნული ანგარიშების მფლობელების შესახებ“.

აღნიშნულ ანგარიშებზე კი, 2019-2020 წლებში ჯამურად ჩარიცხულია 140 699 ლარი.

აუდიტის მონაცემებით:

  • „დეპარტამენტში 2020 წელს დასაქმებული იყო 63 საჯარო მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გადახდილია 987 257 ლარი, ხოლო 2021 წელს დასაქმებული იყო 60 საჯარო მოსამსახურე და მათმა ანაზღაურებამ შეადგინა 953 693 ლარი.
  • გარდა აპარატში დასაქმებული პირებისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2020- 2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მერყეობდა 442-458 ადამიანს შორის, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2020 წელს შეადგინა 2 470 640 ლარი, ხოლო 2021 წელს − 2 665 563 ლარი.“

აუდიტის რეკომენდაცია: „გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული ყველა ეკონომიკური მოვლენის ბუღალტრულ ანგარიშებზე ასახვის სისრულე და შიდა კონტროლი.

ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისათვის, აგრეთვე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დროული და ხარისხიანი შედგენისათვის პასუხს აგებენ ამ დოკუმენტების შემდგენი და მათზე ხელისმომწერი პირ(ებ)ი“.

აუდიტის მიხედვით, აჭარის გზების დეპარტამენტს 2020-2021 წლებში, ჯამურად, ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12 231 675 ლარი:

„ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროული დაზუსტება და თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე“.

მაგალითად, „გზების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამაში 2020-2021 წლებში, ჯამში, აუთვისებელი დარჩა 5 584 148 ლარი.

აუდიტის დასკვნით, ეს „ძირითადად განპირობებულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში შეუსრულებლობით [სამუშაოების შესრულების დაყოვნება მნიშვნელოვნად გამოწვეულია კორონავირუსის [COVID-19] პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით], ასევე, რიგი შესყიდვების პროცედურების დაგვიანებით დაწყებით და შესყიდვების უარყოფითი შედეგით დასრულებით“.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამაში კი, 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 4 730 908 ლარი.

„მოპოვებული ინფორმაციით, აუთვისებლობის მთავარი მიზეზი იყო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრულად გამოუყენებლობით, ასევე შემსრულებლების მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობით და უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერით.“ – აცხადებს აუდიტი.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, 2020 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისამდე, აჭარის სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი, ზაზა შავაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მუხრან კაკაბაძე შეცვალა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: