განათლება,მთავარი,სიახლეები

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

28.10.2022 • 3950
განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

  • ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს.

ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება სისტემის მიმართ, რადგან მასწავლებლები საკუთარ თავს ვერ ხედავენ შემოქმედ სუბიექტებად, არამედ უფრო აღმსრულებლებად იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც სადღაც ზემოთ იგეგმება.

განათლების პოლიტიკა ისე ხორციელდება დღეს სკოლებში, რომ მასწავლებლებს არაფერს ეკითხებიან.

მასწავლებლების ყველაზე მასშტაბური ჩართულობა, რაც მე მახსოვს, იყო 2004 წელს, როცა ტარდებოდა გამოკითხვები, პედაგოგები იღებდნენ უკუკავშირს სამინისტროსგან და ამის მიხედვით ხორციელდებოდა გარკვეული რეფორმები. შესაძლოა, მაშინაც ფასადური ხასიათი ჰქონდა ამას, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, განცდის დონეზე ფიქრობდნენ მასწავლებლები, რომ ჩართულები იყვნენ პროცესში.

დღეს კი, როგორც დირექტივა, ასე მოდის ყველაფერი სამინისტროდან.

ამას ემატება ისიც, რომ მასწავლებლების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც სამინისტრო უყენებს სკოლებს.

თუ ჩვენ მასშტაბური რეფორმები გვინდა, მაშინ მასწავლებლებს ამისთვის დროც უნდა ჰქონდეთ. დღეს კი მასწავლებლებს დრო არ აქვთ, რადგან რამდენიმე სკოლაში მუშაობენ და დამატებით კიდევ რეპეტიტორობენ. ეს, ბუნებრივია, აზარალებს განათლების ხარისხს.

  • როგორც ვიცით, საკმაოდ ბევრი მასწავლებელი მუშაობს სამინისტროს ექსპერტადაც, ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ სკოლის ხმას, არ მიაქვთ ის სათქმელი, რაზეც ახლა საუბრობთ?

კი, რაღაც დონეზე ჩართულნი არიან, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სასკოლო ბაზაზე შეიძლება შეიქმნას რგოლები, სადაც თავად განსაზღვრავენ სკოლები რა მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს. რეალური დეცენტრალიზაცია და ავტონომიის მიცემაა აქ გამოსავალი.

ამის ნაცვლად კი დავინახეთ ის, რომ სამინისტრო ახლა თავად ჩაერთვება ახალი კადრების შერჩევის პროცესშიც, ანუ სკოლის სივრცეშიც შემოვიდა. ეს, პირადად მე, სკოლების პოლიტიკური კონტროლის ბერკეტი მგონია.

  • ერთ-ერთი პედაგოგი ჩვენთან ინტერვიუს დროს ამბობდა, რომ მე სამინისტრო არ უნდა მთხოვდეს დავწერო სახელმძღვანელო, ვიფიქრო ახალ მეთოდებზე, რადგან ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ, მე კი გამოვიყენებო. რას ეთანხმებით აქედან და რას – არა?

ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ მასწავლებელს ძალიან ბევრი ვალდებულება დაეკისრა გაკვეთილის იქითაც. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს რაღაც ვალდებულებები მოუხსნეს, საბოლოოდ, მაინც ბევრი ქაღალდომანიაა.

გადამზადების პროგრამები ვერ პასუხობს საჭიროებებს, სამინისტრო კი მუდმივად იმეორებს, რომ რესურსებს ხარჯავს და მასწავლებლები გამოცდებს მაინც ვერ აბარებენ.

პრობლემების დადგენასა და აღმოფხვრაზე კი სამინისტრო არ ზრუნავს.

ვფიქრობ, მასწავლებლის კვალიფიკაციის შეფასებისას მოსწავლეებისა და მშობლების  შეფასებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან ესენი არიან მასწავლებლის საუკეთესო შემფასებელი და არა – გარე გამოცდა.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ პედაგოგი, რომელიც საგნის გამოცდას ვერ აბარებს, შეიძლება მოსწონდეს მშობელს ან მოსწავლეს?

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვენდობი გამოცდის შედეგებს და უფრო ვალიდურად მივიჩნევდი, მაგრამ აქ მარტო მასწავლებლის პრობლემა ხომ არ არის, სკოლები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, არ არის საკმარისი რესურსები. სკოლების ავტორიზაცია 2023 წლისთვის გადადეს, რადგან კარგად იცის სამინისტრომ, რომ ვერ დააკმაყოფილებენ ავტორიზაციის მოთხოვნებს. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ გადადონ.

  • თქვენ ამბობთ, რომ მასწავლებელი გადატვირთულია ბიუროკრატიით. მაშინ რაში გამოიხატება ეს თვითგანვითარება, თუ მასწავლებელი არც კვლევას დაწერს, არც გამოცდას ჩააბარებს და არც მეთოდებზე იმუშავებს?

მე იმას ვამბობ, რომ სწორედ ამ ყველაფრისთვის არ რჩება მასწავლებელს სათანადო დრო, რადგან ის დაბალი შემოსავლის გამო მუშაობს რამდენიმე სკოლაში, არის რეპეტიტორი და ასე შემდეგ. თუ სოფელში ცხოვრობს, იქ სოფლის მეურნეობაშია ჩართული ან სხვადასხვა სეზონურ სამუშაოში და ასე შემდეგ.

მასწავლებლობა არ უნდა იყოს დამატებითი პროფესია. რეალურად კი ასეა დღეს საქართველოში, რადგან ხელფასი არ არის საკმარისი. პედაგოგს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს, რომ მთელი დღე დაუთმოს მის პროფესიას.

ბატიაშვილის დროს ხელფასების ეტაპობრივად ზრდის ჩანაფიქრი ეს იყო, რომ მასწავლებლობა უნდა გამხდარიყო სრულგანაკვეთიანი სამსახური, რომ სახელმწიფოს ჰქონოდა საფუძველი, მოეთხოვა მისთვის განვითარება. განვითარებას ვერ მოსთხოვ 900-ლარიანი ხელფასის შემთხვევაში.

  • სამინისტრო ამბობს, რომ დღეს ათასზე მეტი ლარია მასწავლებლის ხელფასი.

კი, არიან მასწავლებლები, რომლებსაც 1700 ლარიც აქვთ და შეიძლება მეტიც, მაგრამ ისეთებიც არიან, ვისაც 700 ლარი აქვს. სტატუსის, მოსწავლეთა კონტინგენტის, დატვირთვის მიხედვით განსხვავდება ანაზღაურება. საშუალო ხელფასი 1000 ლარს არ აღემატება. ამიტომ ვალდებულებები იზრდება, მოტივაცია – იკლებს.

10 ათასიდან 8 ათასმა ვერ გადალახა გამოცდაზე ბარიერი. არავის აინტერესებს, რა მოუვიდა ამ პედაგოგების მოტივაციას. მასწავლებლისთვის ძალიან სევდიანი მომენტია, როცა ვერ ლახავს გამოცდის ბარიერს.

  • მაგრამ სამინისტრო ამბობს, ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ კარგი გაკვეთილი ჩაატაროს მასწავლებელმა. ეს ასე არ არის?

ასე არ არის, რადგან თუ პროცესს შიგნიდან შევხედავთ, დავინახავთ, რამდენად ფორმალურია ეს ყველაფერი. მასწავლებლები ძირითადად დაკოპირებულ რესურსებს იყენებენ, რადგან არ ჰყოფნით კომპეტენცია, რომ ინდივიდუალურად და განსხვავებულად შეავსონ.

პირადად მეც 150 მოსწავლესთან მაქვს კვირის განმავლობაში შეხება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამდენ ბავშვს ინდივიდუალურად მივუდგე. მაშინ მე უნდა მქონდეს იმხელა შემოსავალი, რომ მთელი დღე სკოლაში ვიმუშაო და არ მქონდეს სხვა დამატებითი ვალდებულებები.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ არ ზრდის მთავრობა მასწავლებლის ხელფასს?

არ არის განათლება პრიორიტეტული და იმიტომ. დაფინანსების უდიდესი ნაწილიც გარედან შემოდის, დონორების დახმარებით ხორციელდება ეს რეფორმებიც.

მეორე მხრივ, ასეთი ტიპის სკოლა და მასწავლებელი პოლიტიკურადაც მარტივი სამართავი და არჩევნებზე გამოსაყენებელი რესურსია.

  • „ჩვენ არ გვეკითხებიან“ და „ჩვენი ხმა არ ისმის“ გვესმის 20-ზე მეტი წელია. რატომ ვერ შეძლეს მასწავლებლებმა ანგარიშგასაწევი ძალა გამხდარიყვნენ ამ ხნის მანძილზე. 60 ათასი მასწავლებელი ხომ არ არის ცოტა?

პროფკავშირები, რომელიც, წესით, უნდა იყოს მასწავლებლების ხმის გამჟღერებელი, ფაქტობრივად, არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ესეც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშაა.

მეორე მიზეზია მასწავლებლის სოციალური მდგომარეობა, როცა მნიშვნელოვანია სტაბილური და თუნდაც მცირე შემოსავალი. ბევრისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ ვერ იღებს ხმას და, შესაბამისად, არც სიტუაცია იცვლება.

  • გამოდის, რომ სკოლა თვითონ იყენებს თავს ასეთ მდგომარეობაში, რადგან სტაბილურობის გამო კომპრომისზე მიდის?  

გეთანხმებით. მეც ვისურვებდი, რომ მასწავლებლების ხმა იყოს უფრო მკაცრი და ხმამაღალი. გათავისუფლდეს სკოლა პოლიტიკური მარწუხებისგან, გაეზარდოს დაფინანსება სკოლებს, სისტემაში სფეროს მცოდნე ადამიანები იყვნენ დასაქმებული და ამის შემდეგ პროცესებიც სწორად განვითარდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: