„ოცნებამ“ პლასტმასის კონტეინერების და ჭიქების გამოყენების აკრძალვაც გადაავადა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენების აკრძალვა გადაავადეს.

„ოცნების“ მთავრობის დადგენილებით, პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია 2027 წლის 1-ელ იანვრამდე, ხოლო პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი ჭიქების საშუალებით – 2027 წლის 1-ელ ივლისამდე.

დადგენილება, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, 2026 წლის 6 ივლისს მიიღეს და 7 ივლისს გამოაქვეყნეს, თუმცა ის 1-ლი ივლისიდან შევიდა ძალაში. საქმე ისაა, რომ აღნიშნული კონტეინერებისა და ჭიქების გამოყენება კვების ობიექტებს სწორედ 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ჰქონდათ აკრძალული წინა დადგენილებით.

2026 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდებაც უნდა აკრძალულიყო, თუმცა, „ოცნების“ მთავრობამ ეს თარიღიც გადაავადა.

ამ თემაზე:

რესტორნებში აიკრძალება პლასტმასის ბოთლებით სასმელის მიწოდება

335 ათასი ლარი შუახევის მერიაში კომფორტის შესაქმნელად

შუახევის მუნიციპალიტეტმა 335 ათას 770 ლარით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა დაბა შუახევში მდებარე ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზის და სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე.

ტენდერში აღნიშნულია, რომ სამუშაოები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტზე გადასაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში დაფინანსდება.

„პროექტი ითვალისწინებს შუახევის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სააქტო დარბაზის სარემონტო სამუშაოებს.

აღნიშნული სივრცე გამოიყენება სხვადასხვა სახის ოფიციალური შეხვედრების, საკრებულოსა და მერიის ღონისძიებების, კონფერენციების, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებისა და მოქალაქეებთან შეხვედრების ჩასატარებლად.

პროექტის მიზანია სააქტო დარბაზის ფუნქციური და ესთეტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, კომფორტული და მოწესრიგებული გარემოს შექმნა.

არსებული მდგომარეობის შეფასების შედეგად გამოიკვეთა შიდა ინტერიერის განახლების, დაზიანებული კონსტრუქციული და მოსაპირკეთებელი ელემენტების აღდგენის, საინჟინრო სისტემების მოწესრიგებისა და დარბაზის ვიზუალური მხარის გაუმჯობესების აუცილებლობა“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.

სააქტო დარბაზი შუახევის მერიის შენობაში – არსებული სიტუაცია და რენდერი / ფოტოები პროექტიდან

რაც შეეხება სამუშაო ოთახებს, „პროექტის მიზანია არსებული სამუშაო სივრცეების ფუნქციური, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი გარემოს შექმნა, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შენობის შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

არსებული სამუშაო ოთახები საჭიროებს განახლებას, რადგან დროთა განმავლობაში დაზიანებულია კედლების, იატაკისა და ჭერის მოსაპირკეთებელი მასალები, რაც უარყოფითად აისახება, როგორც შენობის ესთეტიკურ იერ-სახეზე, ასევე სამუშაო გარემოს ხარისხზე.

პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი სამუშაოების შესრულება: არსებული დაზიანებული მოპირკეთების დემონტაჟი; კედლების გასწორება და შიდა მოპირკეთების მოწყობა; კედლების შეღებვა მაღალი ხარისხის წყალემულსიური საღებავით; იატაკის საფარის განახლება [ლამინატი, კერამოგრანიტი ან სხვა საპროექტო მასალა];

კარებისა და ფანჯრების დაზიანებული ელემენტების შეკეთება ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლა; ელექტროგაყვანილობის, ჩამრთველებისა და სანათების მოწესრიგება“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სამუშაო ოთახები შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში / ფოტოები პროექტიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 23 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება.

პირობაში აღნიშნულია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო დღიდან და დაასრულოს 90 დღის ვადაში“.

და ბოლოს, დააკვირდით ქვემოთ ფოტო/რენდერს, რომელსაც პროექტში აწერია – „ინტერვიუს კუთხის მოწყობა მერის კაბინეტთან“

მართალია აქ არც „მუნიციპალიტეტის“ წერია სწორად და არც „შუახევი“ – გერბზე, თუმცა, შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ეს მხოლოდ კორექტურაა რენდერში და რეალობაში იგივეს არ მივიღებთ.

პროექტი, რომლის მიხედვითაც შუახევის მერიის შენობაში სააქტო დარბაზი და სამუშაო ოთახები უნდა გაარემონტონ, მუნიციპალიტეტმა შპს „ლეველ აპისგან“ შეისყიდა. ამ კომპანიასთან მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება 2026 წლის მარტში აქვს გაფორმებული 62 000 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით, შესყიდვის ობიექტია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი (საპროექტო სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენა) – შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების/ ეზოების/სკვერების/ პარკების/ სპორტული-სათამაშო მოედნების, ფერდსამაგრი კედლების, სასმელი წყლების, საკანალიზაციო სისტემების, სარწყავი არხების, გარე განათებების, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების, გზების, საპიკნიკე ადგილების, სოფლის ცენტრების და სხვადასხვა ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე შენობა/ნაგებობის მშენებლობის/რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციის რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა“.

„მობილურის აკრძალვით მოსწავლეს ვერ გააჩერებ, თუ მას საგანი არ აინტერესებს“ – მასწავლებელი

ცოტნე გვაჯაია ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლაში კომპიუტერულ ტექნოლოგიებს ასწავლის. ის წელს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში დაასახელეს.

„ბათუმელები“ მასწავლებელს სკოლებში მობილურების აკრძალვაზე და სკოლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ესაუბრა.

  • ბატონო ცოტნე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აპირებს სექტემბრიდან სკოლებში მობილური ტელეფონებით სარგებლობა აკრძალოს. თქვენ როგორც კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი, რა აზრის ხართ ამ შეზღუდვაზე? სმარტფონების კარადებში ჩაკეტვით გაიზრდება მოსწავლის ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ?

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაა, თუმცა მგონია, რომ ტელეფონის სრული აკრძალვა ყველა საგნის შემთხვევაში, ერთნაირად ეფექტური არ იქნება.

აი, მაგალითად, ჩემს საგანში, მობილური მოწყობილობა არის ერთ-ერთი სასწავლო რესურსი. მაგალითად, მოსწავლეები ტექნოლოგიების, ტელეფონების გამოყენებით სწავლობენ QR კოდით ინფორმაციის მიღებას და გაზიარებას, დასკანერებას.

არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს ორმაგი უსაფრთხოების სისტემა აქვთ მობილურ მოწყობილობაზე დაყენებული, Google ავთენტიფიკატორი ან თუნდაც Microsoft-მა დაამატა ახლა ჩვენს სტუდენტურ მეილებზე იგივე და თუ მოსწავლეს ეს სისტემები დამატებული აქვს ტელეფონზე, ამ შემთხვევაში ვერ შევა ვერც თავის გვერდზე – student.gov.ge-ს მეილებს ვგულისხმობ და შეექმნება პრობლემა.

რიგ შემთხვევებში ტელეფონი ყურადღების გამფანტველი ნამდვილად არ არის, ერთ-ერთი რესურსია და სასწავლო პროცესის ნაწილია. ამიტომ ვფიქრობ, რომ პრობლემა მობილურ ტელეფონში კი არ არის, არამედ მის არასწორ გამოყენებაში.

  • ხშირად მსმენია მასწავლებლებისგან, რომ რა უნდა ასწავლო ბავშვს, როცა „ტელეფონში აქვს თავი ჩარგული“ და მსგავსი პრეტენზიები. ვისი პრობლემა ეს, თუკი მოსწავლე არ ინტერესდება გაკვეთილით, მხოლოდ მოსწავლის თუ სასწავლო პროცესისაც?

ტელეფონები კი არ უნდა ავკრძალოთ, არამედ ვასწავლოთ მოსწავლეებს ციფრული პასუხისმგებლობა. უფრო ამ ნაწილზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და არა ტექნოლოგიების აკრძალვაზე. ეს არ არის ნამდვილად გამოსავალი, მით უმეტეს, ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და რაღაც სიახლეებს გვთავაზობენ სულ.

მე, მაგალითად, ტელეფონს ვიყენებ როგორც რესურსს. თუ კომპიუტერი არ არის მწყობრში, თავისუფლად შესაძლებელია გამოვიყენო მობილური მოწყობილობა. ამიტომ, ტელეფონიც სასწავლო რესურსია და არა რაღაც „ცუდი მოწყობილობა“, რომელიც მოსწავლეს ხელს უშლის კონცენტრაციაში.

  • AI-ს ეპოქაში ვცხოვრობთ და ვამბობთ კიდეც, რომ მომავალი არის ტექნოლოგიების. გამოწვევები მესმის, მაგრამ ამ ტექნოლოგიების სასწავლო პროცესიდან ამოღება რატომ უნდა იყოს სისტემის მიზანი?

რთული კითხვაა. არ ვიცი ვინ დააყენა ასე საკითხი და ვისი იდეა იყო ეს. ან საერთოდ რატომ დადგა ასე საკითხი დღის წესრიგში. მე, პირიქით, მომხრე ვარ სწავლა-სწავლებაში ტექნოლოგიების მეტი გამოყენების და ასევე სხვა მასწავლებლებიც, რომლებიც კონკრეტულად ჩემს საგანთან კოლაბორაციაში შემოდიან. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს.

AI ვახსენეთ და ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენება მობილურით უფრო მარტივია, ვიდრე კომპიუტერით, რადგან მობილურში ყველა მონაცემი შეყვანილი მაქვს და არ მჭირდება თავიდან შეყვანა და ამაზე დროის კარგვა.

  • სახელმწიფოს ხომ აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ციფრული კომპეტენციები განუვითაროს მოსწავლეებს. ეს გადაწყვეტილება ამ მიზნებს არ ეწინააღმდეგება?

ვფიქრობ, ეს იქნება შემაფერხებელი პროცესი და არა რაღაც დადებითი. უბრალოდ ვერ შევაფასებ დადებითად მობილურების აკრძალვას. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ ტექნოლოგების გამოყენების კულტურა.

არაერთი პროექტი არსებობს მედიაწიგნიერებაზე, სადაც ჩვენც მიგვიღია მონაწილეობა და გვისაუბრია ყალბ ინფორმაციასთან გამკლავებაზე, რომელიც დღესდღეობით ინტერნეტით ვრცელდება. ამ ცრუ ინფორმაციასთან ბრძოლის წყაროებზე გვქონდა საუბარი და ბავშვებს განუვითარდათ უნარ-ჩვევები, თუ როგორ უნდა განარჩიონ რეალური და ყალბი ამბავი.

მოსწავლეები უნდა აღვზარდოთ ციფრული პასუხისმგებლობით და სამოქალაქო განათლებას ენიჭება უფრო მეტი როლი. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებსაც.

  • ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მეტი კონტროლი დამყარდეს სკოლაზე, მოსწავლეზე?

ვფიქრობ მასწავლებელთა გარკვეული კატეგორიის მოთხოვნაც იყო ალბათ, რომ აეკრძალათ ტელეფონები, რადგანაც გაკვეთილზე, შესაძლოა, არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ბავშვები. მაგალითად, შეიძლება შემაჯამებლის წერის დროს AI-ის დააწერინოს მოსწავლემ დავალება და ეს ვერ შეამჩნიოს მასწავლებელმა.

  • შემაჯამებლის წერისას ან სხვა გამოცდის შემთხვევაში შეეძლოთ შეეზღუდათ.

რა თქმა უნდა.

სწორედ ამის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად და რა დროს უნდა შევზღუდოთ მობილურის გამოყენება და არა მთლიანად სკოლაში ტელეფონის გარეშე მივიღოთ მოსწავლეები. ტელეფონი არ იქნება, სხვა ფაქტორები იქნება, რომელიც ხელს შეგვიშლის გაკვეთილზე.

თუ მოსწავლეს კონკრეტული საგანი არ აინტერესებს და ტელეფონში თამაშობს, თუ ტელეფონს აუკრძალავ, სხვა რამით გაერთობა. ვერ გააჩერებ ასეთ მოსწავლეს.

ეს ვერ შეცვლის პროცესს, ამიტომ მოსწავლის დაინტერესება უნდა მოხდეს სხვა კუთხით.

  • ბევრი თქვენი კოლეგა, რომელსაც უნახავს არაერთი სკოლა დასავლეთში, ევროპაში, საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად გამართულია იქ სასკოლო ინფრასტრუქტურა, როგორ არის აღჭურვილი კლასები ციფრული დაფებით, ინტერნეტით, კომპიუტერებით და როგორ იყენებენ ციფრულ ტექნოლოგიებს მოსწავლეები განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე საკლასო ოთახი და ჩვენ რა გვაქვს რეალურად?

თანამედროვე კლასში პროექტორის ნაცვლად ციფრული, ჭკვიანი დაფები უნდა იყოს, თუმცა დღეს პროექტორიც ძალიან დიდი ფუფუნებაა ბევრი სკოლისთვის. თანამედროვე კლასში, ცხადია, უნდა იყოს კარგი კომპიუტერები და ინტერნეტი, რაც დღემდე ასევე პრობლემაა საქართველოს ბევრი სკოლისთვის.

  • სამინისტრო აპირებს ფორმები ჩააცვას ბავშვებს სკოლაში, 45 მილიონი ლარი დაიხარჯება ამაში მხოლოდ ერთ წელიწადში. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეიძენდით ამ თანხით სკოლებისთვის?

ეს ფორმებიც ალბათ ექსპერიმენტის ნაწილია, რომელიც არა მგონია რომ გამართლებული იყოს. ამ თანხად ძალიან ბევრი სკოლის გარემონტება შეიძლებოდა, თუნდაც ჩემს რეგიონში, სადაც ბევრი ავარიული სკოლაა.

შევხვედრივარ, მისაუბრია მასწავლებლებთან, რომლებსაც კლასში 5 კომპიუტერი აქვთ და ჰყავთ 20 მოსწავლე. ასეთ დროს ჩვენ ვკრძალავთ ტელეფონებს და არ ვზრუნავთ იმაზე, რომ სკოლა აღვჭურვოთ საკმარისი ტექნოლოგიებით.

დაახლოებით 10 000 ლარი ღირს დიდი ზომის ჭკვიანი დაფა, ამ თანხით ასეთ დაფას ძალიან ბევრ ისეთ სკოლას შევუძენდით, რომლებსაც რესურსების დეფიციტი აქვთ.

ჭკვიან დაფას თუ ვერ ვუყიდით, კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია მაინც ხომ ექნებოდათ. როცა კლასში 28 მოსწავლეა და 5 კომპიუტერი გაქვს, როგორ უნდა გაანაწილო, რამდენი უნდა დასვა ერთ კომპიუტერთან?!

  • ისიც კი მსმენია, რომ ზოგიერთ სკოლას საერთოდ ჩაკეტილი აქვს კომპიუტერული კლასი, რომ არ დაზიანდეს ტექნიკა, ალბათ. 

იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც შეფუთული იყო კომპიუტერი და არ ხსნიდნენ. ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოდგებოდა ეს თანხები.

თანაც, როგორც ვიცი, ეს ფორმები ისევ მშობლებმა უნდა შეიძინონ და რა გამოდის?!

  • როგორც თქვეს, სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო მისცემს ფორმებს.

გასაგებია, მაგრამ ისეთი ოჯახებიც არსებობს, რომლებსაც შესაძლოა არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ მაინც რთული იყოს მათთვის ამ ფორმების შეძენა. სადღაც 150 ლარი გამოდის ერთი ბავშვის ფორმა, როგორ ვიცი და როგორ შესწვდებიან ასეთი ოჯახები ამხელა ხარჯს, მით უმეტეს, თუ ორი ან მეტი ბავშვი ჰყავთ სკოლაში. ისეთი ოჯახებიც მინახავს, როცა სხვისი ტანსაცმლით უშვებენ ბავშვებს სკოლაში, რადგან ახალს ვერ ყიდულობენ და ასეთმა ოჯახმა როგორ უნდა შეიძინოს ფორმა.

ახლა ვიმყოფები ერთ-ერთ ტექნოლოგიურ ბანაკში, სადაც მასწავლებლები გავდივართ ტრენინგს, თუ როგორ შიძლება დავნერგოთ სკოლებში რობოტიკა. ამ ბანაკში 2025 წლიდან ვიღებ მონაწილეობას და მსგავსი ტექნოლოგიური სწავლება ხშირად იმართება, რაც კარგია მასწავლებლების პროფესიული განვითარებისთვის. მასწავლებლებს გადაეცემათ სხვადასხვა სახის პროგრამირებადი მოწყობილობები, რომელიც უნდა შეიტანონ არაფორმალურ განათლებაში და გაგრძელდეს ეს პროცესი.

მაგრამ არის ერთი დიდი პრობლემა. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ სკოლების უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ აქვთ კომპიუტერები და სად ჩაწერონ ეს კოდები? ისევ მივდივართ ტექნოლოგიურ სიმწირესთან, რაც უკვე დიდი დაბრკოლებაა.

ერთი მიმართულებით ძლიერდება მასწავლებელი, მაგრამ საჭიროა მეორე მიმართულების გაძლიერებაც. სკოლაში მისულ მასწავლებელს შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა დახვდეს, ხომ?! – ადგილი, სადაც შექმნის კლუბს და გააგრძელებს ამ პროცესს. ამის შესაძლებლობას ამჟამინდელი ტექნოლოგიები და კომპიუტერული ლაბორატორიები უმეტეს სკოლაში არ იძლევა.

არის სკოლები, სადაც ცუდი ხარისხის ინტერნეტი მიეწოდებათ. მე, მაგალითად, ქალაქის სკოლაში ვასწავლი და ჩემთანაც იყო ხოლმე პრობლემები ამ მხრივ და თვეში ერთხელ მაინც მიწევს IT სამსახურთან დარეკვა და ამ პრობლემაზე საუბარი.

  • როგორც ამბობენ, ციფრული ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება და ჩვენ სად ვართ ციფრული ცოდნის, უნარების თვალსაზრისით დღეს?

სადღაც შუაში ვართ, ალბათ.

ჩემი სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, მივაღწიე იმას, რომ რამდენიმე სახის დაფინანსება მოვიპოვე, მაქვს ახალი ტექნოლოგიები, რამდენიმე 3D პრინტერი ჩემს სკოლაში და ამ ტიპის პრობლემები თითქმის მოგვარებული მაქვს, მაგრამ სხვა სკოლებს თუ შევხედავთ, ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება განვითარებისთვის.

  • რა აინტერესებთ ბავშვებს დღეს ყველაზე მეტად

ბუნებრივია მასწავლებელზეა ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენს შემთხვევაში, ჩვენმა წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ მოსწავლეები, განსაკუთრებით გოგონები, საკმაოდ კარგად არიან ჩართული ტექნოლოგიების სწავლის პროცესში.

თუ არ ვიქნებით ციფრული მოქალაქეები AI ინსტრუმენტებთან დაკავშირებით, ტექნოლოგიები მართლა ჩაგვანაცვლებს წლების შემდეგ.

  • მასწავლებლებსაც?

მასწავლებელს ვერ ჩაანაცვლებს, საბედნიეროდ.

მართალია, შესაძლებელია მასწავლებლის გარეშეც განვითარდე რაღაც კუთხით, თუმცა მასწავლებლის სრულად ჩანაცვლება ვერ მოხდება, რადგან ადამიანური ფაქტორი უფრო მაღლა დგას და ადამიანის ხედვა უფრო მეტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტი.

ვიტყვი იმასაც, რომ აუცილებელია ყველა მოსწავლემ გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები, როგორც რესურსი. ამიტომ არ მგონია, რომ გაამართლოს სმარტფონების სრულად აკრძალვამ სკოლაში. მე პირადად ხელს შემიშლის მობილურების აკრძალვა, შემაფერხებელი ფაქტორი იქნება ჩემთვის, ვიდრე პირიქით.

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია? – ინტერვიუ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან

„მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აყოლილან…“ – ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ახალი პოლიტიკური პარტიის – „ჯერ საქართველო“.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს ახალ პოლიტიკურ პარტიაზე ვესაუბრეთ, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ გაუჩნდა ნდობა პარტიის ლიდერის – ვიქტორ ყიფიანის მიმართ. ვიქტორ ყიფიანი წლების წინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო.

„ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ… ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის,“ – გვითხრა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.

ვისთან ერთად განიხილავს ერთობას ახალი პოლიტიკური პარტია და რას გვთავაზობს? – „ბათუმელებმა“ ყოფილ ტელეწამყვან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ჯერ საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია:

  • ბატონო ვასილ, მოგვიყევით ახალი პოლიტიკური პარტიის „ჯერ საქართველოს“ შესახებ: როგორ და რატომ მიიღეთ მისი შექმნის გადაწყვეტილება, თქვენ როგორ აღმოჩნდით პარტიულ პოლიტიკაში? 

იმ მოვლენების შემდეგ, რაც განვითარდა საქართველოში, აქტიურად ჩავერთე პროტესტში რუსთაველზე. ვფიქრობ, რუსთაველზე დაიბადა და ახლაც იბადება სამოქალაქო საზოგადოება. იქ მართლაც ძალიან ბევრ თემაზეა საქმიანი საუბარი. იქ არიან პროფესიონალები, საჯარო მოხელეები, რომლებიც გათავისუფლეს სამსახურებიდან – ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გამოადგნენ სახელმწიფოს. მე 2013 წლიდან სულ ახალ ამბებთან მქონდა საქმე, საზოგადოებას ვაცნობდი ახალ ამბებს და თან მიმყავდა ინტერვიუები პოლიტიკოსებთან.

პოლიტიკის სფერო ჩემს ცხოვრებაში ბავშვობიდან შემოვიდა: 90-იანებში მამაჩემი აქტიურად უყურებდა პარლამენტს იმისთვის, რომ საქმის კურსში ყოფილიყო. ის იყო კინოდრამატურგი და მის შემოქმედებაშიც მუდმივად ეს ხაზი იყო: რა ხდება, სად ვართ, რატომ ვართ იქ, სადაც ვართ? დედაჩემი ტელე-რადიო ჟურნალისტი იყო და ის ყოველთვის მიმდინარე პროცესებს აშუქებდა.

მერე მეც ამ პროცესებს ვაშუქებდი და ეს ყველაფერი დატრიალდა ჩემს თავს. აქტიური სამოქალაქო პოზიციების გამო აღმოვჩნდი პროტესტში, ამ პროტესტში გავიცანი ამდენი საინტერესო ადამიანი და ქვეყანაში გვაქვს საერთო სურათი: პოლიტიკური კრიზისი და საზოგადოება ითხოვს ახალ პოლიტიკურ ძალებს.

რომ გითხრათ, რომ სადმე წარმომედგინა ჩემი თავი პოლიტიკურ გაერთიანებაში-თქო, არასდროს ასეთი აზრი არ მქონია. „ჯერ საქართველო“ – როდესაც ეს იდეა გაჩნდა, მე შემხვდა ვიქტორ ყიფიანი. მანამდე რამდენჯერმე ქალაქში გადავიკვეთეთ შემთხვევით, სადღაც გასვენებაში შევხვდით ერთმანეთს, შემდეგ რაღაც ღონისძიებაზე და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. ამ ლაპარაკს მოჰყვა ვიქტორის შემოთავაზება: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივის შექმნა და შემდეგ უკვე გამოჩნდება, პროცესი საითკენ წაგვიყვანსო.

ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ ბირთვი, არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები. მათი გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან: ხედავენ პრობლემებს და აქვთ რესურსი, ჩაუღრმავდნენ თითოეულ პრობლემას.

ეს იძლევა საშუალებას, თითოეული საკითხის ე.წ. ჩონჩხის ანატომია განვიხილოთ, დიაგნოზი დავსვათ და შემდეგ მოვსინჯოთ მსოფლიოში აპრობირებული გამოცდილებები. ჩვენი რეალობა რა არის, ამ რეალობაზე დავფიქრდეთ, შესაძლებლობები განვიხილოთ და უკვე დოკუმენტზე დაყრდნობილი პოლიტიკა ვაწარმოოთ, სადაც ეს ყველაფერი იქნება არა უბრალოდ პოპულისტური განცხადებები, არამედ ამას საფუძვლად ექნება კონკრეტული, აკადემიური კვლევა, ცოდნა, გამოცდილება და გვეცოდინება: სად ვართ, რა არის გასაკეთებელი, ვინ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი, როდის?

  • ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნდობაა. როგორ გაგიჩნდათ ნდობა, მაგალითად, ვიქტორ ყიფიანის მიმართ, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერია და მანამდე იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი? იქნებ ვიქტორ ყიფიანის ეს წამოწყებაც ივანიშვილის მორიგი ტრიუკია? 

მე მქონია თავად ვიქტორთან ინტერვიუ ამ საკითხზე, მისი პუბლიკაციაც წამიკითხავს და ვიცოდი მისი წარმოდგენები. ეს არასდროს არ ყოფილა ისეთი წარმოდგენა, რომ „ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი მზე.“ ვიქტორი არის საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი იურისტი, იგი თავისი საქმის პროფესიონალია.

მე ვიცნობ რამდენიმე ისეთ ადამიანს, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ახლოს იყო, მაგრამ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არასდროს არ გასცდნენ საკუთარ პროფესიას. ასეთ ადამიანთან [ივანიშვილი] ურთიერთობას შეიძლება ახლდეს ცდუნება, მაგრამ ისინი ამას არასდროს არ აჰყოლილან. არ გადაუდგამთ ნაბიჯი იქითკენ, საითკენაც ბევრი მიდის ხოლმე: შენი საქმის გარდა, მაგალითად, რაღაცაში კიდევ გაერიო, სხვის თამაშს აჰყვე, უკეთესად იცხოვრო, დივიდენდები მიიღო და ასე შემდეგ.

რამდენიმე ადამიანი ვიცი ასეთი, რომლებიც არ აყოლიან ამ ცდუნებას. ვიქტორ ყიფიანზეც შემიძლია იგივე ვთქვა.

  • ფიქრობთ, ივანიშვილი დაუშვებს იმას, რომ თავისი გარემოცვის ყოფილმა წევრმა წაართვას პოლიტიკური ძალაუფლება? ვიცით, როგორ იღებს ივანიშვილი ადამიანებს მის გარემოცვაში და როგორ უშვებს, გვახსოვს ბაჩიაშვილის შემთხვევაც: როგორ ჩამოაფარეს ტომარა თავზე და  გაიტაცეს თანამდებობის პირებმა ივანიშვილის დაკვეთით… 

ასეთი შიში შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, ღირს თუ არა პოლიტიკაში შესვლა? თუ მან რეალურად ძალაუფლების მპყრობელს გაუწია იმხელა კონკურენცია, რომ ხალხი მას უპირატესობას ანიჭებს, მსგავსი რისკი შეიძლება ყველას ჰქონდეს.

„ჯერ საქართველო“ არ არის ტრადიციული, ქართული, პოლიტიკური პარტია, რომ, მაგალითად, ჯერ ფული იშოვო, ბიზნესმენები გყავდეს, რომლებიც გაფინანსებენ და ვიღაცას რაღაც ინტერესი აქვს. აქ არის მაღალი კვალიფიკაციის გუნდი შეკრებილი, პატრიოტული განწყობების მქონე. ეს გუნდი როგორც ოპერირებს, მსჯელობს და პრიორიტეტებს აყენებს – მე ეს ყველაფერი მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას და უფლებას, რომ დიახ, აქ არ არის რაღაც ფარული ჩანაფიქრი.

ეს არის გუნდი, რომელიც ფიქრობს, როგორ გამოადგეს ქვეყანას და როგორ უზრუნველყოს ის, რომ ეს ქვეყანა ტრანსფორმირდეს კარგ სახელმწიფოდ.

  • გაგვაცანით თქვენი პოლიტიკური ძალის რამდენიმე ხედვა, მაგალითად, სასამართლოს კლანს რას უპირებთ: სად წავლენ ის მოსამართლეები, რომლებმაც ადამიანები უსამართლოდ გამოკეტეს ციხეებში? 

„ჯერ საქართველოს“ ხედვები ჩვენ განვიხილეთ მხარდამჭერებთან ერთად და ამ ხედვის გაცნობა შესაძლებელია „ჯერ საქართველოს“ ფეისბუქგვერდზე. სასამართლოსთან დაკავშირებითაც კონცეპტუალური დოკუმენტია გამოქვეყნებული.

მართლმსაჯულების დოკუმენტში საუბარია რეფორმის მონახაზზე, იმაზე, თუ როგორ უნდა განიტვირთოს, მაგალითად, სასამართლო, გათავისუფლდეს სასამართლო, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება როგორ უნდა მოხდეს.

  • ანუ ემხრობით ე.წ. ვეტინგის ჩატარებას, მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას? ევროკავშირის ამ პირობის შესრულებაზე „ოცნების“ მთავრობამ უარი თქვა. 

სრულად არა, მაგრამ ამ დოკუმენტში ესეც გარკვეულწილად არის მიმოხილული, რა ნაწილი გვინდა, რომ გამოვიყენოთ… არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არავინ არ რჩება, არავინ არ უნდა დარჩეს. შეთავაზებულია სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, ანუ ეს არ უნდა მოხდეს პოლიტიკური შურისძიებით.

„ჯერ საქართველო“ არ უყურებს საკითხს ისე, რომ პირობითად უმრავლესობით მოვიდა და ერთპიროვნულად რაღაცები გააკეთოს. პოლიტიკურ შურისძიებას კი არ უნდა მივმართოთ მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით, არამედ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც თავად გამორიცხავს იმას, რომ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე არ დარჩეს სისტემაში და უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის ისეთ ხარისხს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ვერავინ შეძლოს გავლენა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

  • ასეთი მექანიზმი არსებობს? ეს მაინც პოლიტიკურ ნებაზე და კულტურაზეა დამოკიდებული, ასევე ვეტინგზე, რაც არის ევროპული გამოცდილება. 

სრულად ვეტინგზე არ არის ლაპარაკი. კეთილსინდისიერების შემოწმება შეიძლება იყოს, მაგალითად, აუდიტი: ადამიანი თუ გამდიდრდა, დაუსაბუთებელი ქონება ხომ არ აქვს მას. მეორეა საქმეები, რაზეც მას გადაწყვეტილება აქვს მიღებული და არსებობს იგივე საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება.

მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე, უზენაესი სასამართლო.

  • როგორც ცნობილია, არჩევნების გზით აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას. რა რესურსია დღევანდელ მოცემულობაში ამისთვის, რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? პარტიების დიდი ნაწილი განაგრძობს ბოიკოტის რეჟიმშია და პროევროპული აქციები ქვეყანაში 2024 წლის არჩევნების შემდეგ დღემდე გრძელდება. 

დიახ, „ჯერ საქართველო“ ასე უყურებს პროცესს, რომ საქართველოში უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მოქალაქეს მაქსიმალურად უნდა უადვილდებოდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვით ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით. ეს არის დემოკრატიული პროცესი.

ჩვენ დეკლარირებული გვაქვს, რომ თუ არ მოხდა სიტუაციის ნორმალიზება, მათ შორის, ამკრძალავი კანონების გაუქმება, ტყვეების გათავისუფლება, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ნორმალური, სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა, ასეთ შემთხვევაში რა აზრი აქვს არჩევნებში მონაწილეობას?

  • თუ თქვენი მოთხოვნები არ შესრულდა, არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას? 

მეორე საკითხია, წინასაარჩევნოდ საერთო კონტექსტი როგორი იქნება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა პოლიტიკური პარტია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შეიტანა საკუთარი განაცხადი რეგისტრაციაზე და ველოდებით იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას.

შემდეგ იწყება გზა და ასპარეზობა პოლიტიკურ ველზე.

ჩვენ ისიც გვაქვს დეკლარირებული, რომ ერთ რომელიმე პარტიას ცალკე, დამოუკიდებლად არ ექნება ცვლილებების შესაძლებლობა. აუცილებელია გარკვეული ერთობა.

  • რომელ პოლიტიკურ ძალებთან წარმოგიდგენიათ ეს ერთობა და ვისთან არა? 

ერთობა წარმოგვიდგენია უფრო მეტად იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან, რომლებიც წარსულით არ არიან დამძიმებულები. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ დაკვეთა ახალ პოლიტიკურ ძალებზე. ველზე უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები და ინიციატივები, რომლებიც შეიძლება ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. ეს არის, მაგალითად, „თავისუფლების მოედანი“, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“, „სართული“, ინიციატივა „ქართული რესპუბლიკა“.

ჩვენ ერთი შეხვედრა გვქონდა კიდევაც და განხილვის საკითხი იყო ურთიერთობის სტილი: სად ვხედავთ ჩვენ თავს, როგორ წარმოგვიდგენია პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ურთიერთობა ცივილურად, როგორ გავანორმალუროთ და გავაადამიანუროთ პოლიტიკა.

ფაქტია, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს საქართველოში კეთდება, საქართველოს მოქალაქეებს არ მოსწონთ. მე საქართველოს მოქალაქეებს არ ვყოფ პოზიციად და ოპოზიციად. საქართველოს მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე და როდესაც ვწერთ გადაცემას „სახალხო მოამბეს“, გვხვდება სხვადასხვა მოსაზრების რესპონდენტი. ყველას აქვს ერთი აზრი, რომ მათ უნდათ უკეთესობა, ცვლილებები. მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ პოლარიზაციით და დაპირისპირებით საქმე არ გამოდის.

ჩვენ რამდენიმე საფეხურით უკეთესი პოლიტიკა უნდა შევთავაზოთ საქართველოს მოქალაქეს. ეს არის „ჯერ საქართველოს“ სურვილი, სწრაფვა და აქეთკენ მივდივართ. ვინც იმავეს გაიზიარებს, მგონი, პრობლემა არ იქნება მათთან ურთიერთობის.

  • ბოლოს საზმაუს შესახებ მინდა გკითხოთ, რომლის დატოვებაც მოგიხდათ თქვენი კრიტიკული პოზიციების გამო: ხედავთ რესურსს, რომ ამ ქვეყანაში საზმაუმ მართლაც იმუშაოს საზოგადოებისთვის? გუშინ უნგრეთის საზმაუმ ბოდიში მოუხადა მაყურებელს, გატყუებდითო… 

რესურსი საქართველოში ძალიან დიდია არამარტო საზმაუსთვის, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს მოაზროვნე სახელმწიფო და ყველა ინსტიტუტი ჰქონდეს ძლიერი და გამართული. ამის რესურსი, როგორც ადამიანური, ასევე ცოდნის მიმართულებით, არსებობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემი შეხედულებით საჭიროებს რეფორმას, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე. დღევანდელი კანონმდებლობით ის, რაც დავალებული აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს და ის დაფინანსება, რომელსაც იგი იღებს, არ არის ერთმანეთთან კორელაციაში.

პირველ რიგში, სამეურვეო საბჭოა გასაძლიერებელი, შესაცვლელია მისი დაკომპლექტების წესი, რომ თავიდან ავირიდოთ აუცილებლად ის გარემოება, რაც ახლა გვაქვს. დღეს შესაძლებელია, უმრავლესობა ხელში ჩაიგდოს ერთმა გუნდმა და შემდეგ უკვე მის ხელთ არის ბერკეტები: მას შეუძლია ბიუჯეტი არ დაუმტკიცოს გენერალურ დირექტორს, გენერალურ დირექტორს უნდობლობა გამოუცხადოს და ისეთი კანდიდატი მოიყვანოს, რომელიც მის ინტერესებს გაატარებს.

საკანონმდებლო რეფორმა გასატარებელია აუცილებლად და ეს შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მან ის ფუნქცია უნდა შეასრულოს, რომელიც ჩვენ გვჭირდება – მეოთხე ხელისუფლების ფლაგმანი იყოს საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ძალიან ბევრი კარგი მაგალითი არსებობს საზღვარგარეთ, როგორ მუშაობენ საზოგადოებრივი მაუწყებლები. მაგალითად, შეიძლება გაგვიკვირდეთ, მაგრამ შეერთებულ შტატებში დიდ შტატებს აქვთ საზოგადოებრივი მაუწყებლები და ისინი კონცენტრირებულები არიან საგამოძიებო მედიაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს პირველი მომთხოვნი მოქალაქეების ინტერესების დამცველი და პოლიტიკოსები ვალდებულები უნდა იყვნენ, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამის უზრუნველყოფაც კი, შეიძლება საკანონმდებლო დონეზე.

შესაძლებლობები ძალიან ბევრია და დამიჯერეთ, საქართველოში ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებსაც შეუძლიათ გამართული რეფორმის დაწერა და მისი განხორციელება…

უნგრეთში რომ ბოდიში მოიხადეს, საქმე იმაში კი არ არის, მაუწყებელი ბოდიშს მოიხდის თუ არა, კონკრეტულად უნდა მოხდეს იმის განხილვა: რამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ – პრაქტიკულად სულს ღაფავს დამოუკიდებელი მედია, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიტაცებულია. იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც პროპაგანდისტული არხები, მაგრამ იგი არ მაუწყებლობს ისე, როგორც უნდა მაუწყებლობდეს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.

ბათუმში, 10 ივლისს, ორ ფილმს ნახავთ უფასოდ „ევროპის დღის“ ფარგლებში

ბათუმში, 10 ივლისს, „ევროპის დღის“ ფარგლებში, კინოთეატრ „კავეაში“, 17:00 საათზე, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის – FLOW-ს ჩვენება გაიმართება.

ეს ანიმაციური ფილმი ლატვიის, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა კანის 2024 წლის ფესტივალზე გაიმართა, ლატვიაში კი იმავე წლის შემოდგომაზე აჩვენეს – ანიმაციურმა ნამუშევარმა ლატვიის კინოთეატრებში ბოლო წლების რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა.

ამავე დღეს, 10 ივლისს, 19 საათზე, „კავეში“ კიდევ ერთ ფილმს ნახავთ – ნაჩვენები იქნება რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დოკუმენტური ფილმი – „დედა-შვილი ანუ ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი“.

ჩვენებას დაესწრება თავად რეჟისორიც.

კინოსურათი მოგვითხრობს პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ხუციშვილ-ღოღობერიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ეს არის ემოციური მონოლოგი, სადაც რეჟისორი საკუთარი დედის ტრაგიკულ ბედს შვილის თვალით აცოცხლებს.

ორივე ფილმის ჩვენებაზე დასწრება უფასოა.

ღონისძიება ბათუმში „ევროპის დღის” ფარგლებში იმართება.

მისამართი: „კავეა“, ხიმშიაშვილის ქ. 15, Grand Mall.

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

თიბისი კულტურული ინიციატივების მხარდაჭერას აგრძელებს და უკვე რამდენიმე წელია, ლაგოდეხის საერთაშორისო ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.

წელს ფესტივალი საიუბილეო, მეათე სეზონს აღნიშნავს და 11 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ლაგოდეხში, Blues Village-ის სივრცეში გაიმართება. ოთხი მუსიკალური საღამოს განმავლობაში ქართველ მსმენელს ბლუზის მსოფლიო სცენის გამორჩეული არტისტები შეხვდებიან:

11 ივლისი | Crystal Thomas და Sobo Blues Band;

18 ივლისი | JJ Thames;

25 ივლისი | Lakeetra Knowles;

1 აგვისტო | Leon Beal.

წლევანდელი პროგრამა ბლუზის საერთაშორისო სცენის ერთერთ ყველაზე გამორჩეულ შემადგენლობას აერთიანებს, რაც ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალს მსოფლიო ბლუზის რუკაზეც განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.

ფესტივალის სტუმრებს, მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებასაც შესთავაზებენ ბრენდ შეფი მიშა ავსაჯანიშვილი და აღმასრულებელი შეფი ლუკა კერვალიშვილი.

თიბისისთვის კულტურისა და თანამედროვე მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი წლების განმავლობაში ქმნის სივრცეს მაღალი ხარისხის მუსიკის, საერთაშორისო კულტურული დიალოგისა და ახალი გამოცდილებების გასაზიარებლად, ხოლო თიბისის მხარდაჭერით ფესტივალი ყოველწლიურად კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას მასპინძლობს და ინარჩუნებს იმ ხარისხს, რომელმაც ის საქართველოს ერთერთ გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებად აქცია.

დააკავეს „კანონიერი ქურდ“ ბესიკ ჯაფარიძესთან კავშირში მყოფი 29 პირი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 ადამიანი. 3 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, „მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ბესიკ ჯაფარიძეა“, – წერს შსს.

„სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.

აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე. ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.

დისტანციური კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს, ბესიკ ჯაფარიძე კრიმინალური სამყაროს წესებისა და ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს, რომელთა საფუძველზეც ერთ-ერთ მხარეს მეორის სასარგებლოდ სოლიდური თანხის გადახდა ეკისრებოდა.

გამოძიებით ასევე, დგინდება რომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ბრალდებულები მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს ფიზიკური ანგარიშსწორებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ.

ასევე, პოლიციის მიერ, ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა“.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

___

პოლიცია რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების დაკავებაზე. მაგალითად, 17 მარტს 72 პირი დააკავეს ხელვაჩაურში „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან კავშირის ბრალდებით. საქმეს უკვე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც პროკურატურა ცდილობს დაკავებულ პირებთან საპროცესო გარიგებას აფორმებს.

13 მაისს ასევე გაავრცელა შს სამინისტრომ განცხადება ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირის დაკავების შესახებ.  მათ „კანონიერ ქურდებთან“ ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძესთან კავშირი ედებათ ბრალად.

„ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მზია ამაღლობელის, როგორც პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს. ორგანიზაცია მზია ამაღლობელის ფოტოსა და მხარდამჭერ ტექსტს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს.

ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი წერს: „ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მზია ამაღლობელი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ფარგლებში იხდის სასჯელს საქართველოში.

ჟურნალისტის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დირექტორის დაკავება ხელისუფლების მიერ კრიტიკული ხმების წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი რეპრესიების ნაწილი იყო.

პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა მისი სიმამაცე გვახსენებს, რომ დემოკრატია არასდროს გვეძლევა საჩუქრად.

მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. დაცული უნდა იყოს მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება. პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება კი სრულად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ“.

სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი უკვე 18 თვეა უკანონო პატიმრობაშია. ბელორუსმა გაათავისუფლა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი მას შემდეგ, რაც მას 2025 წლის ოქტომბერში მზიასთან ერთად გადაეცა ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია.

როდის დაიწყება ორმხრივი მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე [ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში] ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება. ეს დრო საგზაო ნიშნების მონტაჟს და შესაბამის მონიშვნებს სჭირდება, რაც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ უნდა გააკეთოს.

„ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენისთვის საჭირო საგზაო ნიშნებისა და გზის მონიშვნის სამუშაოები მიმდინარე კვირიდან უკვე დაწყებულია. სამუშაოები 15 სამუშაო დღეში დასრულდება“, – მოგვწერეს 7 ივლისს „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

სამუშაოს დაწყებას და „15 სამუშაო დღეს“ თუ გავითვალისწინებთ, გზა ორმხრივი მოძრაობისთვის მზად 25 ივლისს უნდა იყოს.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შესაბამისი ნიშნების მონტაჟის დასრულებისთანავე აღდგება. მძღოლების ახალ წესთან შეგუების მიზნით კი, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ მეთვალყურეობას.

პუშკინის ქუჩაზე, პარმენ ლორიას ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, ავტომანქანების ორმხრივი მოძრაობის აღდგენაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 ივნისს მიიღო.

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, მათ შორის პუშკინის ქუჩაზე, მოძრაობის წესები, მერიის წინადადებით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 დეკემბრიდან შეიცვალა.

ამ თემაზე:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

ბათუმში იპოვეს ზღვაში დაკარგული ახალგაზრდა კაცის ცხედარი

ბათუმში, ზღვაში იპოვეს ახალგაზრდა კაცის ცხედარი.

ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

23 წლის ახალგაზრდა ზღვაში 5 ივლისს შევიდა და გამოსვლა ვერ შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში მეგობართან ერთად შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

 

უკრაინის დრონებმა იერიში მიიტანეს „როსნეფტის“ ქარხანაზე სარატოვში

8 ივლისის ღამეს, დრონებმა შეუტიეს რუსეთის ქალაქებს – სარატოვსა და ბორისოგლებსკს.შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ნაწილია და ვოლგის რეგიონში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც საწვავით ამარაგებს რუსეთის არმიას. რუსული მედიის ცნობით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინის დრონები 31 მაისსაც დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი იყო.

ქალაქ ბორისოგლებსკში, დრონების შეტევის შედეგად, პირველადი ცნობების თანახმად, ხანძარი გაჩნდა სამხედრო აეროდრომზე.

ადგილობრივმა ტელეარხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აეროპორტში თვითმფრინავების დაშვებასა და გაფრენაზე შეზღუდვები დაწესდა.

_____________

ფოტო: telegram/Exilenova+

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 413 510 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 100 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 24 903 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 45 569 ერთეული [+61]
  • MLRS – 1 918 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 478 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 396 920 ერთეული [+2 074]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 853 ერთეული [+5]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 117 547 ერთეული [+462]
  • სპეცტექნიკა – 4 398 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინულმა დრონებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს – რობერტ ბროვდი

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ნიშნავს, როცა საქართველო არ მიიწვიეს ანკარაში ნატოს სამიტზე – „ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება“

„ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია ამ ეტაპზე. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება,“ – ამბობს მეგი ბენია.

იგი წლებია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და მისთვის მტკივნეულია „ოცნების“ მიერ შექმნილ რეალობაზე საუბარი, როცა წარსულში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე წარმატებები ჰქონდა.

საქართველო მიწვეული არაა ნატოს სამიტზე, რომელიც 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. პროგრამის მიხედვით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე მიწვეული არიან ალიანსის შემდევი პარტნიორი ქვეყნებიდან: ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, კორეის რესპუბლიკა, ბაჰრეინი, ქუვეითი, ყატარი, გაერთიანებულ არაბთა საამიროები.

სამიტის სტუმრებს შორისაა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„ბათუმელებმა“ ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტთან, ყოფილ დიპლომატთან, მეგი ბენიასთან. იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალურ დირექტორატში მუშაობდა.

  • ქალბატონო მეგი, დღეს, 7 ივლისს, ანკარაში ნატოს სამიტი ტარდება, რომელსაც საქართველო არ ესწრება, როგორც პარტნიორი. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? 

ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართულმა დიპლომატიამ, საჯარო სამსახურმა, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯეს იმისთვის, რომ საქართველოს თავისი ადგილი ჰქონოდა ნატოს დღის წესრიგში. ბუნებრივია, ნატოს სამიტი იყო ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, სადაც ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ყოფილიყო მიღებული.

ბოლო ორი წლის ტენდენციაა – ჰააგის სამიტიდან მოყოლებული – საქართველო საერთოდ არ არის წარმოდგენილი, ან არის წარმოდგენილი იმ ფორმატში, რაც წელს არის შემოთავაზებული. ჩვენს აუდიტორიას კარგად რომ ავუხსნათ, ამ ფორმატს ე.წ. „საიდ ივენთი“ [side event] ჰქვია. ნატოს სამიტის ფარგლებში „საიდ ივენთები“, ანუ პარალელური ღონისძიება, არ არის ჩვეული მოვლენა. მაგრამ ანკარის სამიტი არის შანსი თურქული მხარისთვის – როდესაც მას აქვს ასეთი ღიაობა, ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, უფრო მეტად კი, კვლევითი ორგანიზაციები ატარებენ სხვადასხვა ტიპის პარალელურ ღონისძიებას სამიტის მიმდინარეობის დროს.

ეს არ არის არავითარ შემთხვევაში ოფიციალური დღის წესრიგის ნაწილი. უბრალოდ, ერთ-ერთი თურქული კვლევითი ორგანიზაციის მიერ არის მიწვეული ქართული მხარე პარალელურ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად.

მეგი ბენია, უსაფრთხოების ექსპერტი
  • თუმცა ამ ღონისძიების – „მოკავშირეები ანკარაში“ – ერთ-ერთი ორგანიზატორია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (MSC). 

თუ შევხედავთ ამ ღონისძიების ვებგვერდს, ვნახავთ, რომ მთავარი მაინც არის თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ფონდი (SETA). ეს თურქეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკიდან უფრო აიხსნება, ვიდრე ნატოს მხრიდან.

მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს არ არის ნატოს მიერ ქართული მხარის ოფიციალური მიწვევა. ნატოს მხრიდან ოფიციალური მიწვევა იქნებოდა ის, რაც გასულ წლებში ხდებოდა – საქართველო მიწვეული ყოფილიყო უშუალოდ ნატოს სამიტის ფარგლებში მოკავშირეებთან ერთად ჩატარებულ ღონისძიებებზე.

  • მიეწვიათ, როგორც პარტნიორი, მაგალითად, უკრაინა? 

დღეს უკრაინის მდგომარეობა ცალსახად განსხვავებულია და არ უნდა ველოდოთ, რომ საქართველო იყოს იმავე დონეზე წარმოდგენილი, როგორც უკრაინაა. ანკარის სამიტი მთლიანად ეხება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ გვქონდა სხვადასხვა: პარტნიორებთან შეხვედრის ფორმატი, იყო ცალკე ფორმატი ნატო-საქართველოს კომისიის, რომელიც, სხვათა შორის არამხოლოდ ნატოს სამიტების ფარგლებში, არამედ ზოგადად იმართებოდა სხვადასხვა თემაზე და დონეზე.

იყო სამუშაო, მაღალი დონე, რაც, როგორც ვიცი, აღარ ჩატარებულა 2025 წლიდან. 2026 წელზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. საფეხბურთო კალკულაციას რომ შევადაროთ, „ათით ნულია“ იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა 2025 წლამდე.

  • სხვადასხვა ქვეყანას შორის, ნატოს სამიტს ესწრება აზერბაიჯანიც. ეს რის ხაზგასმაა? 

აზერბაიჯანის საკითხი არ უნდა მივიჩნიოთ, რომ მაინცა და მაინც ნატოს მხარის ინიციატივაა. სამიტი ტარდება თურქეთში და თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები მოგეხსენებათ როგორია. ეს უფრო თურქული მხარის ინიციატივაა, ვიდრე ნატოს.

თუმცა, როდესაც გვეუბნებიან, რომ ნატოს სამიტი მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა, ეს ასე არ არის და ამას გვიჩვენებს საქართველოს გამოცდილებაც: ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა სამიტებიდან წამოღებული. სამიტის დასრულების შემდეგ ქვეყნდება კომუნიკე, ან დეკლარაცია. ამ დოკუმენტში საქართველოს შესახებ მნიშვნელოვანი ჩანაწერი რომ მოხვედრილიყო, ამისთვის თვეებით ადრე ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

მესმის, რომ დღეს უსაფრთხოების გარემო განსხვავებულია, საერთაშორისო ურთიერთობებიც განსხვავებულია, იგივე ტრამპის ადმინისტრაციიდან გამომდინარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ძალისხმევა ჩავდეთ და ამან არ იმუშავა. პირიქით, ის შედეგი, რაც დღეს დაგვიდგა, არის იმის შედეგი, რომ ჩვენ ძალისხმევას საერთოდ არ ვხარჯავთ ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით.

ბოლოს, 2024 წელს ვაშინგტონის სამიტზე იყო საქართველო წარმოდგენილი, ეს იყო საიუბილეო სამიტი და მას  ნატოსთვის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. იქ უკვე გაჩნდა მინიშნებები დემოკრატიულ რეფორმებზე. ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, რაც პირდაპირი ასახვა იყო იმ ცვლილებებისა, რაც თბილისში ხდებოდა.

მას შემდეგ ჩვენ უკვე აღარ ვიღებთ მონაწილეობას სამიტებში.

სხვათა შორის, 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია ახსენეთ და მსგავსი ფორმატები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გქონდეს მოკავშირეებთან. ჩვენ 2025 წელს იქ აღარ მიგვიწვიეს. 2026 წელს საერთოდ პარალელურ ღონისძიებაში აღმოვჩნდით.

  • ანუ სად ვართ საქართველო „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, რა გამოდის? 

ეს მოცემულობა ერთი შეხედვით მარტივად დასანახია, მაგრამ ეს ძალიან მძიმე მისაღებია – განსაკუთრებით ჩვენთვის, ვინც ამ მიმართულებაზე ვმუშაობდით. ჩანს, რომ დასტურდება და ძლიერდება საქართველოს იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა. ნატოში გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. სახეზე გვაქვს არა პროგრესი, არამედ მნიშვნელოვანი რეგრესი. ამის გამოსწორებას თაობები დასჭირდება.

საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გაზრდილია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უკრაინის ომის გამო, შეცვლილია რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისოც, მაგრამ საქართველოს აღარ აქვს ის პოლიტიკური ნება, რაც ჰქონდა აქამდე, აღარ აქვს ძალისხმევა, რასაც ის დებდა ევროპული და ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში.

ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა და მზაობა გადაზრდილიყო ხელშესახებ შედეგში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს გამო, პირიქით, ჩვენ ვკარგავთ, ხელიდან ვუშვებთ შესაძლებლობას, დავუახლოვდეთ დასავლელ პარტნიორებს, რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტად ინტეგრირება ევროატლანტიკურ უსაფრთხოების არქიტექტურაში.

  • ივანიშვილის გათვლა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველო და ამიტომ უნდა გამიწიოს დასავლეთმა ანგარიში, აღმოჩნდა, რომ არ ჭრის არც ნატოსთან? 

ხშირად ავიწყდებათ, რომ ნატო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციაა და არ არის მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია. ნატოსა თუ ევროკავშირში მოსახვედრად კრიტერიუმებია დასაკმაყოფილებელი, რადგან ეს ერთგვარია კლუბია. როდესაც ჩვენ ამ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, როგორი გეოგრაფიული მდებარეობაც არ უნდა გვქონდეს, თავისთავად ვერ მოხდება, რომ ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობა პარტნიორებმა გამოიყენონ სათანადოდ.

სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღეს საქართველოს გასაძლიერებლად, თბილისში მუდმივად თავს ესხმიან და აკრიტიკებენ. კატასტროფულად გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, რთულია გვქონდეს მოლოდინი, რომ მივიღებთ მნიშვნელოვან შედეგებს მხოლოდ იმის გამო, რომ გვაქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა.

გვყავს მეზობელი სომხეთი, რომლისკენაც შეიძლება გადაკონვერტირდეს მდებარეობის საკითხი საქართველოს გვერდის ავლით. ამის ნიშნები უკვე სახეზეა.

  • ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ თავისივე პროპაგანდისტულ გზავნილს „მშვიდობა გვინდა“ უპირისპირდება? კიდევ უფრო დიდი რისკის წინაშე რჩება საქართველო აგრესორი რუსეთის პირისპირ? 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ძლიერი პარტნიორები – ისეთი თავდაცვის ქოლგის ქვეშ ყოფნა, როგორიც არის ნატო, ანუ კოლექტიური თავდაცვა. როდესაც ჩვენ ვშორდებით დასავლეთს, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ვრჩებით პირისპირ რუსეთთან – მთავარ მტერთან. შესაბამისად, ვხდებით უფრო მოწყვლადი, როგორც სამხედრო, ისე ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, რასაც რუსეთი ყოველდღიურად იყენებს უშუალო სამეზობლოში.

  • რა გზავნილები აქვს დღევანდელ სამიტს – მარკ რუტემ თქვა, რომ საჭიროა ეკონომიკური სიძლიერე ითარგმნოს სამხედრო შესაძლებლობებში. რა იცვლება ნატოში, განსაკუთრებით ევროპასთან ტრამპის ერთგვარი უთანხმოების შემდეგ? 

ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა გაუარესებული ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია – იგულისხმება ნატოს ევროპელ წევრებსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა. ეს გამომდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურიდან. მარკ რუტეს აქვს რთული მისია – შეინარჩუნოს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, რაც ნატოს სიძლიერის საფუძველია.

მეორე მხრივ, იმის გამო, რომ აშშ ათწლეულების განმავლობაში იყო ნატოს და ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გარანტორი, შეკავების უზრუნველყოფა მასზე იყო დამოკიდებული, ევროპელი მოკავშირეები უკვე ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანია, მეტი რესურსი ჩაიდოს სამხედრო დანახარჯებში, თავდაცვით შესაძლებლობებში. შესაბამისად, ამ სამიტზე ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებული იქნება სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაზე.

მნიშვნელოვანია, რომ სამიტის პირველი დღე [სამიტი იმართება 7-8 ივლისს] თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური და სამხედრო კომპონენტი წინ წამოვიდა.

  • ცენტრალური საკითხი გახდა სამხედრო ინდუსტრია?

რა თქმა უნდა. ხვალ გამოქვეყდნება დეკლარაცია ან კომუნიკე. იმედი მაქვს, რომ გარდა სამხედრო ინდუსტრიისა, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს ნატო, როგორ გაუმკლავდეს რუსეთიდან მომავალ ჰიბრიდულ საფრთხეებს.

ცხადია, უკრაინაა ამ სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი.

  • კონკრეტულად რა იცვლება? შეიძლება ველოდოთ უკრაინის მიმართ იმ მასშტაბის მხარდაჭერას, რომ ეს გადამწყვეტი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის ომში? 

არ ვფიქრობ, რომ რამე გარდამტეხი იქნება, მაგრამ უკრაინა იქნება ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი. ეს ნატოს პროგრამიდანაც ჩანს. უკრაინასთან არის ცალკე შეხვედრები, უკვე იყო ზელენსკის გამოსვლა.

იქნება პოლიტიკური მესიჯი, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება უკრაინის დახმარება. შეეცდება ნატო, უფრო ევროპელი მოკავშირეები, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაუარესების ფონზე, შეინარჩუნონ დახმარება, რასაც უწევენ უკრაინას.

  • რას აჩვენებს ამ დროს „ოცნების“ რეაქცია, როცა საქართველოს ნატოს სამიტზე აღარ იწვევენ? მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ თქვა: ორგანიზატორებს ჰკითხეთ, რატომ არ ვართ წარმოდგენილიო. 

ეს განცხადებები გათვლილია საკუთარ ამომრჩეველზე.

ის პროგრესი, რასაც საქართველო წლების განმავლობაში აჩვენებდა ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროსაც – 2014, 2016, 2018, 2021, 2022 წლების სამიტები – ამის შემდეგ საქართველო არათუ დოკუმენტებიდან არის გამქრალი, საერთოდ არ არის წარმოდგენილი ოფიციალურ შეხვედრებში.

„ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია თავის ამომრჩეველს უთხრას, რატომ ხდება ეს. მსგავსი ტაქტიკა ვნახეთ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიასთან დაკავშირებითაც – თითქოს ეს ქარტია არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ არის – მაშინ, როცა ქარტია იყო საფუძველი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის.

ნატოს სამიტი არის ადგილი, სადაც მიიღება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან.

  • „ოცნება“ განზრახ უპირისპირდება ეროვნულ ინტერესს და კონსტიტუციას – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას? 

ძალიან რთულია საუბარი იმაზე, მოქმედ ძალას რა ტიპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა აქვს. ეს ხან არაპროგნოზირებადი, ხან – პროგნოზირებადი. ისინი საუბრობენ „მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკაზე“ და ამ გზით დასავლეთსა და აღმოსავლეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, რასაც საქართველოს მოცემულობის ქვეყანა მიჰყავს თვითიზოლაციამდე.

ჩვენ ვშორდებით ისტორიულ პარტნიორებს და ვუახლოვდებით აღმოსავლეთს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს.

ჩვენ არ გვაქვს ისეთი თავდაცვის შესაძლებლობები, რომ მარტომ დავიცვათ თავი აგრესორისგან – ეს იქნება პროვოკაციული ქმედებები, თუ პირდაპირი მოქმედება.

ამიტომ ყოველთვის გვჭირდება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტორი და ამას ჩვენ ყოველთვის, ისტორიულადაც ვეძებდით დასავლეთში, დასავლეთის ცივილურ სახელმწიფოებში. სამწუხაროდ,  ბოლო რამდენიმე წელია ეს შეიცვალა. დღეს ეს პოლიტიკა კანონდება – ამ ყველაფრის კოდიფიცირება ხდება.

გონიოში დანგრევას უპირებენ საბავშვო ბაღს, რომელსაც 3 წელია არემონტებენ – აქ შესაძლოა კორპუსი აშენდეს

გონიოში, პეტრე იბერის პირველში, #29-ე საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოების დასრულებას მოსახლეობა მეოთხე წელია უშედეგოდ ელოდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ამ ბაღთან ერთად კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები დაუკვეთეს, 1 მილიონ 523 373 ლარი მიიღო, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია.

კომპანიას, შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, მუშაობის მცდელობა ჰქონდა, თუმცა თავიდანვე ჩამორჩა გეგმა-გრაფიკს, შემდეგ კი, ფაქტობრივად, გაჩერდა და არ უმუშავია.

ამ ფოტოზე ჩანს, თუ რა ეტაპზე გააჩერა კომპანიამ სამუშაოები

2025 წელს კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს.

ახლა კი მერიაში ამბობენ, რომ შენობა უსაფრთხო არ არის და ახალი უნდა ააშენონ, ოღონდ ამ ადგილზე – არა.

ბათუმის საკრებულოს წევრმა მამუკა კაკაბაძემ, რომელსაც სამშენებლო სფეროში უკვე დიდი გამოცდილება აქვს, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა: აღნიშნული ლოკაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფართომასშტაბიანი ბაღი აშენდეს, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღისთვის ადგილს არჩევსო.

მან დასძინა, რომ უკვე შერჩეულია ასეთი ადგილი, თუმცა არ დაუსახელებია, კონკრეტულად სად.

ბაღს რომ ადგილს უცვლიან, ეს ინფორმაცია მერიაში დაგვიდასტურეს.

მერიის ინფორმაციით, „2023 წელს ბათუმის №29 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო, თუმცა პროექტის განხორციელების პროცესში კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამუშაოები ვერ დასრულდა.

შემდგომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა ახალი ექსპერტიზა, დადგინდა, რომ არსებული შენობის რეაბილიტაცია არარენტაბელური იყო, მიზანშეწონილი იყო მისი დემონტაჟი და ახალი შენობის აშენება.

ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, არსებული ტერიტორიის ფართობი აღარ აკმაყოფილებს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის საჭირო სტანდარტებს. ამ ეტაპისათვის გონიოს დასახლებაში ახალი ბაღის მშენებლობისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოყოფის პროცედურები“, – მოგვწერეს ბათუმის მერიიდან.

გონიოში პეტრე იბერის პირველში მდებარე #29-ე საბავშვო ბაღის შენობა და მისი დამხმარე ნაგებობა 1058 კვ.მეტრზეა განთავსებული. ბათუმის საკრებულოს წევრს სხდომაზე არ უთქვამს, ხომ არ იგეგმება ამ ადგილის გაყიდვა მრავალბინიანი კორპუსის ან სასტუმროს ტიპის აპარტოტელის ასაშენებლად.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, #29-ე ბაღის ადგილის გამოსყიდვა კონკრეტულ ბიზნესმენს სამშენებლოდ სურს და ბაღის გვერდით მდებარე დაურეგისტრირებელ ფართობზეც უჭირავს თვალი. გაასხვისებს თუ არა მერია ამ ფართობს, მომავალში გამოჩნდება.

გონიოში #29-ე ბაღის ტერიტორია, მისი მდებარეობის მიხედვით, მშენებლობისთვის სარფიან ადგილად შეიძლება იქცეს. ეს ზღვის პირველი ზოლი არ არის, თუმცა მომაღლო ადგილზეა, ზღვისა და მთის ხედებით და პლაჟიდან ერთი კილომეტრის დაშორებით.

აქ აშენებულ კორპუსს მესამე ან მეოთხე სართულიდან ზღვის ხედი ექნება, ზღვის ხედით ბინას კი მშენებელი ბევრად ძვირად გაყიდის – შეიძლება ითქვას, რომ ეს დიდი ფულის მოგების ბათუმში უკვე კარგად აპრობირებული შესაძლებლობაა.

წითელი ფერით მონიშნულია ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ბათუმის 29-ე საბავშვო ბაღი მდებარეობს

ბათუმის 29-ე და კიდევ ორი საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებზე ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წელს გააფორმა შპს „ლაგი კაპიტალთან“. ხელშეკრულების ღირებულება 12 მილიონ 190 000 ლარი იყო, პრეისკურანტი – 1 მილიონ 775 269 ლარი, დღგ-ს გარეშე.

კომპანიას #29-ე, #23-ე და #18-ე ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულება ევალებოდა. ტენდერი მაშინ შპს „ლაგი კაპიტალმა“ მოიგო, დღეს ამ კომპანიის მფლობელები პატიმრობაში არიან.

ბათუმში ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის მომსახურებაზე ხელშეკრულების დადებისა და სამუშაოების დაწყების შემდეგ კომპანიას სამუშაოები ეტაპობრივად უნდა ჩაებარებინა, თუმცა მიღება ჩაბარების არცერთი დოკუმენტი შესყიდვების პორტალზე ატვირთული არ არის. 2025 წელს ატვირთული დოკუმენტებით მხოლოდ იმის დადასტურება შეიძლება, რომ კომპანიამ „ფული გააკეთა“ და სხვა მნიშვნელოვანი – არაფერი.

გონიოს 29-ე ბაღი სამუშაოების დაწყებამდე
ბაღის შენობა სამუშაოების შეწყვეტის შემდეგ – ფოტო გადაღებულია 2025 წელს

დაწყებული და დაუსრულებელი დარჩა #18 საბავშვო ბაღიც. სხვათა შორის, ეს ბაღიც ზღვასთან ახლოს მდებარეობს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას 4 204 კვ.მეტრს აერთიანებს, ამ ტერიტორიაზე არის საბავშვო სტადიონიც.

ამ ბაღის ადგილმონაცვლეობას მერია არ გეგმავს: „მიმდინარეა და დასრულდება“. ასეთივე ინფორმაცია მოგვაწოდეს მერიიდან #23-ე ბაღთან დაკავშირებითაც – ჯერ არც ამ ბაღის სამუშაოები დასრულებულა. ამ ბაღებს, ახალი ტენდერის ფარგლებში, კვლავ მუნიციპალური განვითარების ფონდი არემონტებს.

რაც შეეხება „ლაგი კაპიტალს“ – მისი მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, მათ 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საუბარია საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებაზე. ამ საქმეზე დაკავებული არიან ალექსანდრე და ბესიკ ბერძენიშვილები.

ეს კომპანია „ოცნების“ პარლამენტარის, ირაკლი ზარქუას სიძეს, ყოფილ ფეხბურთელ ალექსანდრე ამისულაშვილს ეკუთვნოდა. საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და „ლაგი კაპიტალი“ ძმებ ალეკო და ბესო ბერძენიშვილებს მიჰყიდეს.

ამ თემაზე ვრცლად: საბავშვო ბაღების საქმეზე „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯათ

„5 წელია განათლების სისტემაში ვარ და უკვე 4 „რეფორმას“ მოვესწარი“ – მასწავლებელი

„მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში. მასწავლებელს მოუწევს გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარიამ კვაჭაძე.

ის წელს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში შეარჩიეს. მარიამს ვესაუბრეთ „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმაზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დგას დღეს ქართული სასკოლო სისტემა.

  • ქალბატონო მარიამ, როგორც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რეფორმის მიზეზი ყოფილა ის, რომ სკოლებში „აქამდე, არ ისწავლებოდა ეროვნული ღირებულებები“ – ახლა უნდა ვასწავლოთო. რა ისწავლებოდა აქამდე სკოლებში, რას ასწავლიდით?

შეუძლებელი მგონია ამის თქმა და რაღაც სარკასტული სიტუაცია შეიქმნა ამ განცხადების გაკეთებით. ჩემი საგნიდან ამოვალ ამჯერად, რადგან შეუძლებელია ასწავლო მოსწავლეს ქართული ენა და ლიტერატურა, ასწავლო ის ნაწარმოებები, რომლებსაც ვასწავლით ამდენი წელია და გვერდი აუარო ეროვნულ ღირებულებას.

ეროვნული ღირებულებების სწავლება ყოველთვის იყო პრიორიტეტი სწავლა-სწავლების პროცესში. უბრალოდ, გვერდს ვერ აუვლი ამას და ეს არც არავის უცდია.

  • თავად არ აკონკრეტებენ რას გულისხმობენ „ეროვნულ ღირებულებებში“, მაგრამ თქვენ რასაც გულისხმობთ, იქნებ ამაზე ვისაუბროთ. რა არის ჩვენი ეროვნული ღირებულება?

ჩემთვის ეროვნული ღირებულება, პირველ რიგში, თავისუფლება, თვითმყოფადობა და სამშობლოს სიყვარულია. „სამშობლოს სიყვარული“, ალბათ სხვადასხვანაირად გვესმის ჩვენ და ამ „რეფორმის“ მესვეურებს. პატრიოტიზმი ყოველთვის იყო მთავარი ღირებულება და  შეუძლებელია, პატრიოტიზმი თავისუფლების ცნების და თავისუფლების განცდის გარეშე ასწავლო, რადგან თავისუფლება და პატრიოტიზმი ერთმანეთზეა მიბმული და სწორედ ეს მიმაჩნია ეროვნულ ღირებულებად.

  • რაზე დაყრდნობით ასწავლით პატრიოტიზმს, თავისუფლების სიყვარულს, მის არსს?

მე მთის სკოლაში ვასწავლი. ამიტომ, პირველ რიგში, ვაჟა-ფშაველას დავასახელებ რა თქმა უნდა. ვაჟას ნაწარმოებებით ვაღრმავებთ, ვაყვარებთ თავისუფლებას, კოსმოპოლიტიზმს, პატრიოტიზმს და სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს განცდას და უნარს, რაც მოსწავლემ უნდა მიიღოს სკოლისგან.

ვაჟა იქნება ეს თუ ილია ჭავჭავაძე, სწორედ ამ მწერლების შემოქმედებით ვასწავლით თავისუფლებას და პატრიოტიზმს.

  • მაშინ, რატომ საუბრობს საპირისპიროზე „ოცნების“ ხელისუფლება. რას ნიშნავს ეს – პოპულიზმია, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ თუ რა მიზანი აქვთ?

ეს არის თვალში ნაცრის შეყრა, თვალის ახვევა და იმ სეგმენტზე აპელირება, ვისაც შეიძლება დააჯერონ, რომ თურმე აქამდე არ ისწავლებოდა სკოლაში ეს უნარები და აქამდე არ აქცევდა ამ ღირებულებებს მასწავლებელი ყურადღებას. თამაში მგონია იმ ამბების გადასაფარად, რა ამბებიც მოჰყვება ამ რეფორმას.

  • რა ამბები მოჰყვება, რა უნდა გადაფარონ?

მგონია, რომ პრიორიტეტები უკუღმაა დალაგებული ამ შემთხვევაში, რადგან არ შეიძლება ვსაუბრობდეთ სახელმძღვანელოს ყდაზე მაშინ, როდესაც არ გვაქვს სახელმძღვანელოს შინაარსი, არ გვაქვს სტანდარტი და არ ვიცით რა მიზნების ირგვლივ უნდა შეიქმნას ეს სახელმძღვანელო.

ამ დროს, როცა მეუბნები, რომ სახელმძღვანელოს ყდა იქნება მოხატული ამა და ამ გამოსახულებით, რა თქმა უნდა, ჩემი მოტყუების მცდელობა გაქვს, რომ აღარ დავსვა შეკითხვა, რას ემსახურება ერთ სახელმძღვანელოზე გადასვლა და ასე შემდეგ.

სტანდარტი აქამდეც ერთიანი იყო, აქამდეც ყველა საჯარო სკოლა ერთი და იგივე სტანდარტით ხელმძღვანელობდა ყველა საგანში. მაგრამ სხვადასხვა სახელმძღვანელოს არჩევის თავისუფლება და აკადემიური თავისუფლება არსებობდა. ახლა რას მოემსახურება ეს? არავის გაუკეთებია განმარტება. ყოველ შემთხვევაში, მე არ მომისმენია ვინმეს ჯეროვანი განმარტება ამაზე – რატომ გადავდივარ ერთ სახელმძღვანელოზე, რატომ იზღუდება აკადემიური თავისუფლება?

  • მასწავლებლების ნაწილი ამბობს, რომ „მე რაც მინდა, მაინც იმას ვასწავლი გაკვეთილზე“. თუ ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, მაშინ ღირს კი ამდენი შფოთვა და თუ ეს ასე არ არის, გამოდის, რაღაც კონფლიქტი მაინც განვითარდება მომავალში?

ვინც ამას ამბობს, არ ვიცი რამდენად დარჩებიან მომავალში თავიანთი ღირებულებების ერთგული, ამ შეზღუდული თავისუფლების პირობებში. სხვა ამბავია, თავად რა ღირებულებების მატარებელნი არიან და რამდენად შეძლებენ იმ რესურსების თავისუფლად გამოყენებას, რაც მათ უნდათ, რომ გამოიყენონ გაკვეთილზე.

ერთ-ერთი ძირითადი რესურსი, რომლის მიხედვითაც სტანდარტზე უნდა გავსულიყავით, ეს ნამდვილად იყო სახელმძღვანელო და ვიტყვი იმასაც, რომ ასეთ პირობებში უფრო აღმოჩნდებიან მოსწავლეები არათანაბარ პირობეში. არ მინდა ვინმეს კომპეტენციას შევეხო, მაგრამ მაინც სახელმძღვანელო იყო დასაყრდენი რესურსი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსა არ შეეძლოთ დამატებითი რესურსების მოძიება.

  • როგორც გვითხრეს, სახელმძღვანელოების ყდებზე ხუროთმოძღვრების ძეგლები, ილია მეორე და კიდევ სხვა ბევრი ილუსტრაცია იქნება დატანილი. ახლა რა ახატია მაგალითად ქართულის სახელმძღვანელოს და არსებითად თუ შეიცვლება რაიმე ილუსტრაციების შეცვლით?

როგორც მახსოვს, ძველ სახელმძღვანელოსაც ეკლესია ახატია ყდაზე, ბევრგან არის ქრისტიანული სიმბოლიკები, ზოგან გამოჩენილი ქართველები ახატია. ისედაც არის ეს ეროვნული სიმბოლიკები გამოსახული ყდებზე. ამიტომ, ვერაფრით მივხვდი, რას ემსახურება ეს ამბავი. ან ამდენი საუბარი რატომ არის საჭირო ყდასთან დაკავშირებით.

როდესაც რაღაც პროექტს ვაკეთებთ, აუცილებლად ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება და რას მოუტანს ეს მოსწავლეს, შეესაბამება თუ არა მიზნებს, ხომ არ არის აქტივობა აქტივობისთვის გაკეთებული და ტყუილად გაფლანგული დრო საგაკვეთილო პროცესში? სახელმძღვანელოს ყდაზე დახატული სიმბოლიკით ჩვენ ვერ გავალთ ვერანაირ მიზანზე. შეუძლებელია სახელმძღვანელოს ყდამ მოგცეს მიზანი.

  • როგორც ვიცი, გერბი, დროშა და ჰიმნიც არის განთავსებული პირველ გვერდზე.

რა თქმა უნდა, ყველა სახელმძღვანელოზეა ეს. ამიტომ, რატომ ქმნიან იმის განცდას, რომ თითქოს ახლა კეთდება ეს პირველად, არ ვიცი. უბრალოდ, პოპულიზმია და პრიორიტეტების უკუღმა შემოთავაზება საზოგადოებისთვის, რომ კითხვები არ დაისვას რეფორმაზე საზოგადოების მხრიდან. ამის გადაფარვა უნდათ ამ ყდებზე საუბრითაც.

  • თქვენ რა მოლოდინი გაქვთ, რა დაგხვდებათ სკოლაში სექტემბერში?

ძალიან მეშინია იმის, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, შეზღუდავს თავისუფლებას საკლასო ოთახში, რომ მასწავლებელს მოუწევს რაღაცებზე გაჩუმება შიშის გამო და ეს იქნება ყველაზე დიდი უკუსვლა განათლების სისტემაში.

თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დაგვაყენებს – შესაძლოა ვერ ვესაუბროთ იმ ღირებულებებზე მოსწავლეებს თავისუფლად, რაც მიგვაჩნია მნიშვნელოვნად და საჭიროდ. ეს იქნება ძალიან ცუდი, განათლების მიზნებისა და მოსწავლისთვის.

არ მინდა, როგორც მასწავლებელი რაღაც ბრძოლაში ვიყო სულ. მირჩევნია ჩემს საქმეს მივხედო. მაგრამ თუკი მომიწევს ბრძოლა, მანამდე ვემსახურები იმ ღირებულებებს, რაც მიმაჩნია მნიშვნელოვნად. შემდეგ რა იქნება ნამდვილად არ ვიცი.

  • როგორ ფიქრობთ, საიდან უნდა დაწყებულიყო სკოლაში პრობლემების მოგვარება, რომ ხარისხიც გაუმჯობესებულიყო და მოსწავლის და მასწავლებლის მოტივაციაც გაზრდილიყო?

ხუთი წელია, რაც განათლების სისტემაში ვარ და უკვე ოთხ „რეფორმას“ მოვესწარი. თუ შენ გინდა რეფორმის შედეგი და მდგრადობა განსაზღვრო, ერთი წელი მაინც ხომ უნდა დააკვირდე პროცესებს? ამაზე ნაკლებ დროში ვერც დაინახავ და ვერც განსაზღვრავ შედეგს.

მთავარი რეფორმა, რაც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი აზრით, და ის, რაც მოგვცემდა რეალურ შედეგს, სასკოლო კვების დანერგვაა: მოსწავლეების უმეტესობა მთელ დღეს მშიერია სკოლაში და ეს დიდი პრობლემაა. მშიერი მოსწავლის გონებრივი აქტივობა გაკვეთილზე ძალიან რთული ამბავია.

ინფრასტრუქტურა მოსაწესრიგებელია. ზოგიერთ სკოლაში ინტერნეტი არ იჭერს წესიერად და უკვე საუბარი ზედმეტია სხვა რესურსების ჩართვაზე. ინფრასტრუქტურა იქნება, მასწავლებლების მოტივაცია, ხელფასი თუ სხვა რამ, ეს უნდა ყოფილიყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნებოდა რეალური საქმის გაკეთება და არა ის, რომ სულ რაღაცას ცვლიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ვიღებთ შედეგს.

სქემის მუდმივი ცვლილებაც აშფოთებთ მასწავლებლებს. იყოს ეს გამოცდები, მაგრამ ნუ მიაწვდიან ისე, მასწავლებლებს ეგონოს, რომ თუ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ცხოვრება თავზე ჩამოენგრევათ. ან ის, რომ ბოლო წუთამდე არ ელოდოს, რომ რაღაც შეიცვლება და აღარ მოუწევთ ამ გამოცდის ჩაბარება.

პროფესიული განვითარების გარეშე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მასწავლებლის არსებობა სკოლაში, მაგრამ განვითარებისთვის სხვა მოტივაციაც შეიძლება არსებობდეს. ეს კი, რაღაც სადამსჯელო ფორმა. მაგალითად, ძალიან მტკივნეული იყო, როცა მასწავლებლებმა გამოცდაც ჩააბარეს, პორტფოლიოც დაიცვეს, მიენიჭათ სტატუსები, შემდეგ კი წაართვეს სტატუსების დანამატი და შეუმცირეს ხელფასები.

  • თქვენთვის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებლისთვის, რა არის მნიშვნელოვანი სწავლა-სწავლების პროცესში?

პირველი მთავარი ამბავი, რაც მოსწავლესთან მაქვს, ეს არის ნდობა. როდესაც გაკვეთილზე შევდივარ, მოსწავლე არ ელის ჩემგან, რომ მოვიდა ვიღაც, ვინც გააკრიტიკებს დავალების ან რაღაცის გამო. მთავარია, მოსწავლე გამოცდისთვის კი არ მოვამზადო, არამედ ჩემი გაკვეთილებით გაიზარდოს თავისუფალი და ჯანსაღი ღირებულებების მქონე მოქალაქე.

ზუსტად იმ ღირებულებებზე გაიზარდოს, რომელზეც თქვეს, რომ თურმე აქამდე არ ასწავლიდნენ სკოლაში. ამით დახუნძლული და შეიარაღებული გაუდგეს ცხოვრების გზას.

მე მცირეკონტინგენტიან სკოლაში ვასწავლი, სულ რვა ბავშვი გვყავს სკოლაში, კლასში მაქსიმუმ ორი მოსწავლე, ამიტომ ასეთი სკოლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შუაფხოს სკოლა ერთადერთი წერტილია, რაც ამ სოფელს ამაგრებს. რომ არა სკოლა, არ იქნებოდა სოფელი. სულ ორი ოჯახის ბავშვები დადიან ამ სკოლაში. როცა ესენიც დაამთავრებენ, სოფელი დაცარიელდება და გაუკაცრიელების საფრთხის წინაშე დადგება.

ერთადერთი, რაც შეიძლება მოსწავლისთვის, ახალგაზრდისთვის საინტერესო ხდებოდეს ამ სოფელში, სკოლაა. მეტი არაფერი არსებობს – არც წრეები, არც კლუბები. სკოლაა ერთადერთი მაცოცხლებელი წერტილი და ასეთი სკოლის მასწავლებელი კიდევ სხვა ვალდებულებებით არის აღჭურვილი. შენ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა გევალება, არამედ გევალება იმ მოსწავლის თავისუფალი დრო როგორმე დატვირთო საინტერესო აქტივობებით, რომ არ ჰქონდეს იმის დანაკლისი, რაც ვთქვათ, ქალაქთან ახლოს მცხოვრებ ბავშვებს აქვთ.

  • ფორმები შემოაქვთ წელს, უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათო. სჭირდება კი შუაფხოს სკოლის მოსწავლეს ეს ფორმა?

არ ვიცი, რატომ არის ფორმის ჩაცმა ასეთი მნიშვნელოვანი. ის, რა ფორმითაც აპირებენ შესყიდვას, საერთოდ კარიკატურული ამბავია. ეს 45 მილიონი ლარი, მთელი ხეობის სკოლების ცხოვრებას შეცვლიდა უკეთესობისკენ. სკოლებს ექნებოდათ გამართული ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები. ბევრი რამ აკლიათ ამ სკოლებს და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლებოდა 45 მილიონით, ვიდრე ვთქვათ პლასტმასის ფორმები, რომლებსაც რამდენიმე თვეში ისევ კარადებში ჩამოკიდებენ.

ჩემთვის მთავარი საზომი, თუ როგორ ჩაიარა ჩემმა გაკვეთილმა არის ის, დასვამს თუ არა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლე კრიტიკულ შეკითხვებს. აქვს თუ არა კრიტიკული დამოკიდებულება რაღაცის მიმართ, ცდილობს თუ არა იმის გადამოწმებას, რაშიც შეეპარა ეჭვი.  ჩემი აზრით, მაშინ გავდივართ მაღალ სააზროვნო ღირებულებებზე.

უპირობო მორჩილება და შეკითხვის არდასმა მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსმა ასე თქვა და უფროსი არ შეიძლება ცდებოდეს, არ შეიძლება შევუბრუნოთ შეკითხვა მასწავლებელს ან ვინმე სხვას – ჩემზე უფრო მაღლა მყოფს, ეს, რა თქმა უნდა, დააჩლუნგებს ღირებულებებს.

შეეჩვევა მოსწავლე იმას, რომ საკუთარი აზრი არ უნდა გამოთქვას, არ უნდა გადაამოწმოს, მაშინ როცა, მთავარი ამბავი ახლა, ამ საუკუნეში არის ის, შემიძლია თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, კრიტიკული აზროვნება და გავხდები თუ არა ამ ზღვა პროპაგანდის მსხვერპლი, რაც ამ საუკუნეს თან ახლავს.

თუკი ამ უნარებით არ აღვჭურვე მოსწავლე გაკვეთილზე, ესე იგი არ შემისრულებია ჩემი მიზნები, როგორც მასწავლებელს, მით უმეტეს, როგორც ქართულის მასწავლებელს.

კიდევ ერთი, მინდა შევეხო უნივერსიტეტების თემასაც, რადგან სასკოლო რეფორმის პარალელურად ჩემთვის ასევე მტკივნეულია საუნივერსიტეტო რეფორმა – მე სოხუმის უნივერსიტეტის ყველა საფეხური დავამთავრე – ბაკალავრიდან დაწყებული დოქტორანტურამდე და ახლა, როცა ამ უნივერსიტეტს და განსაკუთრებით ილიას უნივერსიტეტს ანგრევენ, სოხუმის უნივერსიტეტს კი გამოგლიჯეს პედაგოგიური ფაკულტეტი, ეს არის ტრაგედია.

სოხუმის უნივერსიტეტს მხოლოდ უნივერსიტეტის სტატუსი არ აქვს, სამშობლოს ერთიანობის სიმბოლოც იყო რაღაცნაირად. ამიტომ თუ „ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის“ იდეა არსებობს, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ აღარ გვაქვს იმედი, რომ სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი ოდესმე დაუბრუნდება თავის საწყის ლოკაციას და დაბინავდება აფხაზეთში.

28 მილიონი ლარი ფოთის დასაცავად – რიონზე წყალგამყოფის გამაგრებას 3 წელი დასჭირდება

ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული წყალგამანაწილებელი ნაგებობა, რომელზეც სენაკი-ფოთის საავტომობილო გზაც გადის, რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია. დაშლილია ნაპირდამცავი გაბიონებიც, რის გამოც ეს ჰიდროკვანძი და მიმდებარე ინფრასტრუქტურა რეაბილიტაცია-გამაგრებას საჭიროებს.

არსებული პროექტის მიხედვით, სამუშაოების ჩატარებას 28 მილიონი ლარი და თითქმის 3 წელი დასჭირდება.

სამუშაოების დაწყებამდე ნაგებობაზე ჯერ უნდა შეიზღუდოს, ხოლო ახალი საავტომობილო ხიდის დასრულების შემდეგ, საერთოდ უნდა აიკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნული ნაგებობის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე რიონის თხევადი და მყარი ჩამონადენის გადანაწილება ქალაქის არხსა და ნაბადას კალაპოტს შორის.

არსებული წყალგამყოფი კვანძის ნორმალურ, საიმედო ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ქალაქ ფოთის უსაფრთხოებისათვის, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარეცხვისაგან დასაცავად“ – წერია პროექტში, რომლის მიხედვითაც ნაგებობაზე და მის მიმდებარედ სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„ქ. ფოთთან მდინარე რიონზე არსებული წყალგამყოფი კვანძის ქვედა ბიეფის ფლუტბეტისა და მდინარე რიონზე მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გაბიონების ცალკეული მონაკვეთების აღდგენის“ სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო, ანუ სატენდერო ღირებულება 28 040 237 ლარია დღგ-ს ჩათვლით. სატენდერო განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გათვალისწინებულია 2026-2029 წლების ბიუჯეტით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილის მიხედვით, „2026 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე არსებული სახსრებიდან დაფარულ იქნება 10,2 მილიონი ლარი, 2027 წელს გათვალისწინებული იქნება 6 მილიონი, 2028 წელს – 6,3 მილიონი, ხოლო 2029 წელს – 6,5 მილიონი ლარი [შესყიდვის ჯამური ღირებულება – 29 111 415 ლარი]“.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 5 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

პირობის მიხედვით „სამუშაოების შესრულების ვადაა 1047 დღე შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან [აქ გათვალისწინებულია მხოლოდ მშენებლობის ვადა, მძიმე კლიმატური პირობების გაუთვალისწინებლად]“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არახელსაყრელი კლიმატური პირობების შემთხვევაში, სამუშაოების დასრულების ვადა კიდევ გადაიწევს.

ფოთთან, მდინარე რიონზე არსებული ნაგებობა/ხიდი // „ბათუმელების“ არქივიდან

რიონზე მდებარე წყალგამყოფი ჰიდრონაგებობის შესახებ [დეტალური საინჟინრო პროექტის განმარტებითი ბარათიდან]:

„მდინარე რიონზე, ფოთიდან მე-7 კილომეტრზე, განთავსებულია წყალგამყოფი სათავე ნაგებობა [დასაშლელი კაშხალი სეგმენტური საკეტებით], რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1959 წელს და მიეკუთვნებოდა IV კლასის ნაგებობას იმ დროს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით.

ბოლო წლებში [2000-2003 წწ] ჩატარებული ტოპო-გეოდეზიური და ექოლოტური კვლევების საფუძველზე დადგენილი იყო, კაშხლის ქვედა ბიეფის სერიოზული დაზიანება, მთლიანად იყო გამქრალი რისბერმა [7200 კვ.მ] და ჩანგრეულ-დეფორმირებული იყო წყალსაცემი ფილის დიდი ნაწილი [დაახლოებით 40%].

მომდევნო კვლევებმა, რომელიც ჩატარებული იყო მსოფლიო ბანკის თაოსნობით და ჩატარებული იყო ასოციაცია „ჰიდროსფეროს“ მიერ 2004 წლის იანვარ-თებერვალში, კაშხლის ქვედა ბიეფში გამოვლენილი იყო საკმაოდ მძიმე სურათი. კერძოდ:

კაშხლისა და წყალსაცემი ფილის წყალქვეშა ნაწილის დეტალური აგეგმვის საფუძველზე, რომელიც განხორციელდა გლობალური პოზიციონერების სისტემის და ექოლოტის მეშვეობით, კაშხლის ცენტრალური ნაწილის ქვეშ დადასტურდა წინა წლების კვლევების შედეგად პროგნოზირებული გამორეცხვები, რომელთა მასშტაბები წლების განმავლობაში საგრძნობლად იყო გაზრდილი.

მე-5 ბურჯის ქვეშ გამორეცხვა გავრცელებული იყო 5მ-მდე, ხოლო სიღრმე ფიქსირდებოდა 11 მეტრზე. წყალსაცემი ფილისა და ფლუტბეტის ქვეშ შექმნილი იყო სიცარიელეები, რომლის მოცულობაც 2000 კუბ.მეტრს აღწევდა.

არსებული მასალებიდან გამომდინარე [ტოპო-გეოდეზიური გაზომვები, ბათიმეტრიული აგეგმვები, გამოკვლევა მყვინთავების მეშვეობით, ჰიდრავლიკური და სტატიკური ანგარიშები] შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ კაშხლის მდგრადობის ხანგრძლივობა არაპროგნოზირებადია და საერთო აზრით მოიცავს საკმაოდ მცირე დროს.

ამიტომ აუცილებელია, სათავე ნაგებობის კაპიტალური-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე, მაქსიმალურად მოვაცილოთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას დატვირთვა, რაც შესაძლებელია განხორციელდეს სატრანსპორტო გადაადგილების ნაწილობრივი შეზღუდვით ხოლო ქვედა ბიეფში გამოცხადებული ახალი ხიდის მშენებლობის შემდეგ სრულად შეზღუდვით.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ფუძის გრუნტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ნაგებობა არამყარია და საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას.

მდგომარეობას, დროებითი სამშენებლო ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით ართულებს ის გარემოებაც, რომ მდინარე რიონის ჰიდროგრაფით, წყალმცირობის პერიოდი, როდესაც მდინარის მთელი ხარჯი [<400 მ3/წმ] შეიძლება გატარებული იქნას ქალაქის არხის საშუალებით და როდესაც შესაძლებელია სამუშაოების ჩატარება ნაწილობრივ დახურული ფარების ქვეშ, მოიცავს მხოლოდ 2-2.5 თვეს.

მაგრამ არც ეს პერიოდია გარანტირებული, ვინაიდან წლის ნებისმიერ თვეშია მოსალოდნელი პიკური წყალმოვარდნები [1-5 დღის ხანგრძლივობით], რომელიც აჭარბებს ქალაქის არხის გამტარუნარიანობას“ – წერია განმარტებით ბარათში.

წყალგამყოფი ნაგებობის მდებარეობა მდინარე რიონზე [აღნიშნულია წითელი წრით] / მწვანე წრით კი აღნიშნულია ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობის ადგილი
პროექტი, რომლის მიხედვითაც წყალგამყოფ ნაგებობაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ 2019 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენილ შპს „გროს ენერჯი ჯგუფისგან“ 133 ათას 829 ლარად შეისყიდა.

დოკუმენტების მიხედვით ხელშეკრულება „გროს ენერჯი ჯგუფთან“ 2019 წლის დეკემბერში იყო გაფორმებული, საბოლოო პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი კი 2023 წლის ოქტომბერშია გაფორმებული.

„მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ყველა პირობა, რადგანაც არსებობს საშიშროება, მშენებლობის პროცესში მოხდეს ნაგებობის რღვევა და განვითარდება მისგან გამოწვეული გაუთვალისწინებელი უარყოფითი მოვლენები.“ – წერია პროექტში.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონზე, ახალი, 8-მალიანი, 436 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდის მშენებლობის დაწყებაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია 2021 წელს გაავრცელა. ამავე ინფორმაციით აშენდებოდა მისასვლელი გზებიც და სამუშაოები მთლიანად 2 წელიწადში, ანუ 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. ხიდი ამ დრომდე არ გახსნილა.

ახალი საავტომობილო ხიდი აუცილებელია წყალგამყობი ნაგებობის განტვირთვის, გამაგრებისა და შემდგომ მისი მდგრადობის შენარჩუნებისთვის. უშუალოდ წყალგამყოფი ნაგებობის ფუნქციონირება კი, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ფოთის – წყალდიდობისგან, ხოლო ზღვის ნაპირის – წარეცხვისგან დასაცავად არის აუცილებელი.

ეს ხიდი მდინარე რიონზე წყალგამყოფი ნაგებობიდან დაახლოებით 700 მეტრში [სარკინიგზო ხიდის პარალელურად] შენდება.

5 თვის წინ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულება 2026 წლის მეორე ნახევარში არის დაგეგმილი.

ვრცლად ამ თემაზე:

როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

მთავარი ფოტო: წყალგამყოფი ჰიდრონაგებობა მდინარე რიონზე და საავტომობილო გზა ამავე ნაგებობაზე / ფოტო: „ბათუმელები“/2025 წ. 

 

რატომ გაძვირდა მშენებლობა – საქსტატის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის მაისის მონაცემებთან შედარებით – 4.1%-ით.

ეს ნიშნავს, რომ მშენებლობა გაძვირდა, რაც, როგორც წესი, პირდაპირ პროპორციულად შეიძლება აისახოს უძრავი ქონების ფასებზეც, როგორც საცხოვრებელ, ისე არასაცხოვრებელ სივრცეებზე.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეში მშენებლობის ფასის გაზრდის ძირითადი მიზეზი სამშენებლო მასალებზე ფასების 0,6%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება ბოლო ერთი წლის მაჩვენებელს, საქსტატის ცნობით, ამ შემთხვევაში ფასის ზრდა, მეტწილად სამშენებლო მასალების ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების გაზრდამ გამოიწვია [17,2%].

ამავე დროს, საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში სამშენებლო სფეროში დაქირავებული მუშახელის ანაზღაურება 1,1%-ით გაიზარდა და მშენებლობის ხარჯებზე გავლენა ამანაც იქონია.

წყარო: საქსტატი

უკრაინულმა დრონებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს – რობერტ ბროვდი

უკრაინულმა დრონებმა 7 ივლისის ღამეს, რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი დაბომბეს  – წერს უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურზე, რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით.

„რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 8 ტანკერი „მადიარის ჩიტების“ პილოტებმა დაბომბეს და ცეცხლი წაუკიდეს. აზოვის ზღვაში ყირიმისთვის ბენზინისთვის ბრძოლა გრძელდება“, – თქვა მან სატელეფონო კომენტარში ჟურნალისტებთან.

„მადიარის ჩიტებს“ უწოდებენ უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების სპეცდანაყოფს, რომელსაც თავად დროვდი ხელმძღვანელობს.

ბროვდის ცნობით, ყველა ტანკერი უკვე იდენტიფიცირებულია.

საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს ბოლო დღეებში – შსს

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ბოლო დღეებში საქართველოდან 180 უცხოელი გააძევეს.

2026 წლის ივლისში შსს-მ საემიგრაციო კონტროლის შესახებ სამი მოკლე ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2 ივლისს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნიდან გაძევებული 126 უცხო ქვეყნის მოქალაქის შესახებ, 4 ივლისს – უცხო ქვეყნის 50 დაკავებული მოქალაქის შესახებ, ხოლო დღეს, 7 ივლისს, შსს წერს, რომ ქვეყნიდან ბოლო დღეებში 54 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.

კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შსს აცხადებს, რომ უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა  პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და უახლესი სტატისტიკური მონაცემებსაც აქვეყნებს:

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2026 წელს,  ამ დრომდე ქვეყნიდან გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში – 232, თებერვალში – 312, მარტში – 360, აპრილში – 401, მაისში – 340 და ივნისში – 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.

შსს წერს, რომ საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, კონკრეტული ადგილებისა და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების გადამოწმების შედეგად ხდება.

 

ვინ იცავს ქართველ მეზღვაურებს? – რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტში მუშაობა

„გაბზარულ მილს, რომელსაც წესით შედუღება და სერიოზული რემონტი სჭირდებოდა, უბრალოდ სქელ საღებავს უსვამდნენ. მთავარი იყო, ინსპექტორს თვალი შეევლო და ეთქვა – კი, შეკეთებულია,“ – ასე იხსენებს ახალგაზრდა ქართველი მეზღვაური, სანდრო [სახელი შეცვლილია], თავისი ცხოვრების ყველაზე კოშმარულ რეისს ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტში“.

როდესაც გემზე ადიოდა, ეგონა, რომ ეს ერთი რიგითი, სტანდარტული კონტრაქტი იქნებოდა. ადგილობრივი სააგენტოს გავლით დასაქმებულმა მეზღვაურმა წინასწარ არც ხომალდის ტექნიკური ისტორია იცოდა და არც მისი რეალური მარშრუტი.

რეალობა კი პირველივე პორტში გამოაშკარავდა: ბელგიაში ჩასულ ეკიპაჟს ტანკერი დაპატიმრებული დახვდა.

„ორი თვის განმავლობაში ვიყავით გაჩერებულები და მერე პირდაპირ რუსეთში, უსტ-ლუგაში წავედით. გემი საერთოდ არ იყო მომზადებული, გზად ყველაფერი გაგვიფუჭდა… წინასწარ არავინ გეუბნება სად მიდიხარ. მხოლოდ გემზე გავიგეთ, თურმე უსტ-ლუგაში მივდიოდით. რატომ გეტყვის? იცის, რომ უკან ვეღარ წამოხვალ,“ – ჰყვება მეზღვაური.

პორტის დატოვებამდე, სრული ტექნიკური შეკეთებისთვის ტანკერი მშრალ დოკში უნდა შეეყვანათ. თუმცა, გემთმფლობელებმა ხარჯების დაზოგვა არჩიეს. სპეციფიკური საინჟინრო სამუშაოები პირდაპირ ეკიპაჟს დააკისრეს. „გზადაგზა, ღია ზღვაში უნდა გაგვეკეთებინა ის, რისი შესრულებაც მოძრავ გემზე ფიზიკურად შეუძლებელი იყო,“ – იხსენებს სანდრო.

რუსეთიდან სანქცირებული ნავთობით დატვირთულმა, დაშლის პირას მყოფმა გემმა ტვირთი საბერძნეთის სანაპიროებთან გადატვირთა და გაყიდა. ევროპისკენ ცარიელი კორპუსით დაძრული ხომალდისთვის ყველაზე დიდი კოშმარი სწორედ აქ, ბისკაის ყურეში დაიწყო. ჩრდილოეთის წყლებისთვის მოუმზადებელმა ტანკერმა შტორმს ვეღარ გაუძლო.

„ბისკაიში ისეთი შტორმებია, გემებს ამტვრევს და ჩვენც დაგვამტვრია. თან ცარიელი მივდიოდით და უფრო მეტად არყევდა. გემი გაგვებზარა და ფაქტობრივად, მთელი ხომალდი თავზე დაგვატყდა. არც საჭმელი გვქონდა… ხანდახან დღეები გვიწევდა მშიერი ყოფნა. პარალელურად, გემზე ხანძარიც გაჩნდა. ყველაფერი წვალებით მუშაობდა,“ – იხსენებს სანდრო. კომპანიას ნაპირიდან მხოლოდ ერთი დირექტივა ჰქონდა: „გვეუბნებოდნენ, როგორმე ესპანეთამდე ჩამოაღწიეთო“.

ესპანეთის პორტში შესულმა სრულად ქართულმა ეკიპაჟმა გადარჩენისთვის ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო – ბუნტი საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

„ჩამოვედით თუ არა, ვთქვით, რომ გემზე მუშაობა უკვე ძალიან სახიფათო იყო. ყველამ ერთად დავწერეთ განცხადება. კაპიტანიც ქართველი იყო და ბრძანება აღარ გასცა – გემი აღარ დავძარით,“ –  იხსენებს სანდრო. 

გემის მფლობელები იძულებული გახდნენ, ეკიპაჟი სახიფათო ხომალდიდან გაეშვათ.

რამ აიძულა ახალგაზრდა ადამიანს, რომელსაც ზღვაზე მეტად ხმელეთზე ცხოვრება, მეგობრები და მუსიკა უყვარს, ასეთ მახეში საკუთარი ნებით გაბმულიყო?

მაშინ, როცა რუსეთიდან სანქცირებული ნავთობი მოჰქონდა გაბზარული ხომალდით, სანდროს ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რეალურად რას ნიშნავდა „ჩრდილოვანი ფლოტი”.

ჩარტერულმა რეისებმა მისი ცხოვრება უწყვეტ, მექანიკურ ციკლად აქცია. დღე-ღამის ბუნებრივი აღქმა მკაცრმა, ექვსსაათიანმა გრაფიკმა ჩაანაცვლა: ექვსი საათი მუშაობა, ექვსი საათი ძილი.

სანდროს პასუხზე ბევრი არ უფიქრია: „ფული. მარტო ფული, სხვა არაფერი… მაგრამ ახლა იმ აზრზე ვარ, რომ არანაირი ფული არ ღირს იმ პირობებისა და სამუშაოს სანაცვლოდ“.

რა არის ჩრდილოვანი ფლოტი?

2022 წელს, უკრაინაში შეჭრისა და დასავლური სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“ შექმნა, რომელიც ნავთობით ფარული ვაჭრობის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ძირითადად მოძველებული ტანკერებისგან შემდგარი ეს ქსელი საერთაშორისო წესების მიღმა ოპერირებს: მათთვის ჩვეულებრივი პრაქტიკაა სანავიგაციო სიგნალების გათიშვა, დროშების მუდმივი ცვლა და უსაფრთხოების სტანდარტების უგულებელყოფა.

Razom We Stand-ის მონაცემებით, გასულ წელს ამ ფლოტის მოცულობამ 848 გემს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის დასავლეთმა (ევროკავშირმა, აშშ-მა, ბრიტანეთმა და მათმა მოკავშირეებმა) 621 უნიკალური ტანკერი დაასანქცირა, „შავ სიაში“ მოხვედრილი გემები რუსულ პორტებში კვლავ შეუფერხებლად იტვირთებიან და მათი რიცხვი სტაბილურად იზრდება.

დისტანციიდან „ჩრდილოვანი ფლოტი“ საერთაშორისო სანქციებისა და ანალიტიკური ანგარიშების თემაა, თუმცა ბათუმს თავისი საზღვაო ეკონომიკა აქვს, რომლის მთავარი საყრდენი მეზღვაურთა შრომაა. 

მიუხედავად ამისა, 2026 წლის ივნისის მონაცემებით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დასაქმების პორტალზე 7 000-ზე მეტი რეგისტრირებული მეზღვაურისთვის არცერთი თავისუფალი სამუშაო ადგილი არ იძებნება.

ამ კონკურენციის ფონზე, ქართველი მეზღვაურები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადები ხდებიან. 

სტატიაზე მუშაობისას 5 სხვადასხვა რანგისა და გამოცდილების მეზღვაურს ვესაუბრეთ. ჩრდილოვან ფლოტში ხელფასი სტანდარტულია. ქართველები ამ რისკზე ძირითადად სიდუხჭირის, უმუშევრობის, ინგლისური ენის არცოდნისა და სწრაფი დაწინაურების სურვილის გამო მიდიან.

ენის ბარიერი და და „დაუწერელი ხარკი“

მირზა ფუტკარაძე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწეა. 17 წლის წინ მისი პროფესიული გზა რიგითი მატროსობიდან დაიწყო, დღეს კი მსოფლიოს უდიდესი, 350 000-ტონიანი ნავთობმზიდავების (VLCC) ნავიგაციას მართავს. ის ახლა ორ საზღვაო სასწავლებელშიც ასწავლის და მიაჩნია, რომ ქართველი მეზღვაურებისთვის მთავარი ბარიერი ინგლისური ენის არასაკმარისი ცოდნა და სუსტი საბაზისო განათლებაა.

მირზა ფუტკარაძე

იგი მიიჩნევს, რომ ენის სათანადო ცოდნის გარეშე გაცემული დიპლომი მეზღვაურს საერთაშორისო ბაზარზე იზოლაციისთვის იმეტებს. ეს გამოწვევები სტუდენტებს სანდო, საერთაშორისო კომპანიებისკენ გზას უკეტავს, ისინი პირველივე გასაუბრებაზე იჭრებიან. შედეგად, ზოგი პროფესიას ტოვებს, სხვები კი გემზე მოსახვედრად ფულის გადახდას და საეჭვო გზებს თანხმდებიან. 

გლობალურ ფლოტში მოსახვედრად მეზღვაურებს, ძირითადად, ორი გზა აქვთ. 

პირველი უსაფრთხო და გამჭვირვალეა: დიდი საერთაშორისო კომპანიები (მაგალითად, „V.Ships“ ან „Columbia“) ბათუმში საკუთარ ფილიალებს ხსნიან და კადრებს პირდაპირ, ყოველგვარი შუამავლის გარეშე ასაქმებენ და ატრენინგებენ.

მეორე გზა ე.წ. საკრუინგო, ანუ შუამავალ სააგენტოებზე გადის. მირზას თქმით, სუსტი კონტროლისა და რეგულაციების ნაკლებობის გამო, ეს ბაზარი ხშირად მანკიერი წესებით თამაშობს. წესით, შუამავალმა სააგენტომ კადრის მოძიებისთვის ფული უცხოელი დამსაქმებლისგან ისედაც უნდა აიღოს, თუმცა რეალობაში, დასაქმების სანაცვლოდ ისინი თანხას თავად მეზღვაურებსაც სძალავენ.

„ყოველთვის, როცა გემზე მიდიხარ, 80-90%-ში ფულს იხდი. შეიძლება გადაიხადო ერთი თვის ხელფასი ან მესამედი“, – დასძენს მეზღვაური სანდრო, რომელიც დაპატიმრებულ გემზე სწორედ ადგილობრივი საკრუინგო სააგენტოს „დახმარებით“ აღმოჩნდა.

არადა, ეს „დაუწერელი ხარკი“ მხოლოდ უსამართლო ტრადიცია არ არის. საქართველომ მოახდინა საზღვაო შრომის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც 2025 წლის თებერვალში შევიდა ძალაში. კონვენცია ცალსახად კრძალავს მეზღვაურისგან სამსახურის შოვნისთვის საკომისიოს აღებას, თუმცა, ქაღალდზე აღებული ეს ვალდებულება ბათუმის საკრუინგო ოფისების ყოველდღიურობას ჯერ არ შეხებია.

სტატიაზე მუშაობისას, საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს მივმართეთ კითხვით: კონვენციის ამოქმედების შემდეგ, რა მექანიზმით ამოწმებს უწყება მის შესრულებას და რამდენი შუამავალი კომპანია დაჯარიმდა ან გაფრთხილდა ამ უკანონო პრაქტიკის გამო? – ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. 

დაწინაურების ილუზია და რეპუტაციული რისკი

ჩრდილოვან ფლოტში მოხვედრა მარტივია, რადგან იქ არ მუშაობს საერთაშორისო წესები და არ ტარდება ინსპექციები. ეს გარემო მეზღვაურებს სწრაფი დაწინაურების ილუზიას უქმნის – მათ შეუძლიათ რეზიუმეში ოფიცრის სტატუსი მარტივად ჩაიწერონ, სტანდარტული ინტერვიუებისა და შემოწმებების გარეშე.

„ბევრი საქმე არ გაქვს… დახურული ავზივითაა, არავინ ამოწმებს, შიგნით რა გაქვს. მთავარია, გემი დაიტვირთოს და გადაადგილდეს. დანარჩენი არავის აინტერესებს“, – ჰყვება მირზა ფუტკარაძე.

თუმცა, ასეთი გემების სტატუსი სერიოზულ რისკებს შეიცავს:

„იქ, სადაც საერთაშორისო წესები არ მუშაობს, ვერავინ მოგცემს გარანტიას, რეისის ბოლოს სახლში დაბრუნდები, თუ რომელიმე უცხო ქვეყნის ციხეში აღმოჩნდები“, – ამბობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელმაც მსგავსი საეჭვო შეთავაზება სწორედ ამ მიზეზით უარყო.

უფრო მეტიც, „იზოლირებული ავზიდან“ ლეგალურ ბაზარზე დაბრუნება რთულია. საერთაშორისო სანდო კომპანიები კადრის წარსულს ამოწმებენ. ვინაიდან ჩრდილოვან ფლოტში არც ინსპექციები არსებობს და არც ტვირთის მკაცრი კონტროლი, იქ ხშირია ნავთობისა და საწვავის მოპარვის შემთხვევები.

მირზა ფუტკარაძე დამსაქმებლების ამ შიშს ასე განმარტავს: „შენ რომ ჩრდილოვან ფლოტზე მუშაობდი… შეიძლება ლეგალურად დაგასაქმო, მაგრამ მიჩვეული ხელი მაინც თავისას შვრება. პერსპექტივაში მეზღვაურმა შეიძლება ლიცენზიაც დაკარგოს.“

თუ ქართველების ჩრდილოვან ფლოტზე დასაქმება მასობრივ ხასიათს მიიღებს, ეს მხოლოდ ცალკეული მეზღვაურების სანდოობას კი არა, მთლიანად ქვეყნის საზღვაო რეპუტაციას დააზიანებს. 

საქართველოს უკვე აქვს რეპუტაციული კოლაფსის მწარე გამოცდილება – 2010-2014 წლებში, ყალბი დიპლომების სკანდალის გამო, ევროკავშირმა ქართული საზღვაო სერტიფიკატების აღიარება შეაჩერა, რამაც ათასობით ქართველი მეზღვაური წლების განმავლობაში ევროპული ბაზრის მიღმა, „შავ სიაში“ დატოვა.

2026 წლის 20 მარტს საფრანგეთის საზღვაო ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში ნავთობტანკერი Deyna დააკავეს – გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში იყო ეჭვმიტანილი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/GUILLAUME HORCAJUELO

ილუზიური ფარი: რატომ დუმან პროფკავშირები?

რა ხდება მაშინ, როცა ხომალდზე პრობლემები იწყება და მეზღვაურს ინსტიტუციური დაცვა სჭირდება? წესით, ასეთ დროს მათ ზურგს პროფკავშირი უნდა უმაგრებდეს. თუმცა, ჩვენი რესპონდენტები ჰყვებიან, რომ ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს უნდა იცავდეს, რეალობაში თითქმის უხილავია.

ყველაფერი საინფორმაციო ვაკუუმიდან იწყება – პროფკავშირს ჩრდილოვან ფლოტზე მეზღვაურები საჯაროდ არასდროს გაუფრთხილებია.

შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწის, მირზა ფუტკარაძის შეფასებით, განსხვავებით ინდოელი ან ფილიპინელი კოლეგებისგან, რომლებმაც იციან, რომ ზურგს ძლიერი პროფკავშირი უმაგრებთ, ქართველი მეზღვაურები კრიზისის დროს მარტო რჩებიან. „მე ვერ ვხედავ იმ ბერკეტს, რომ პროფკავშირი რაღაცით დაგვეხმარება,“ – აღნიშნავს ის.

თუ როგორი უნდა იყოს ეს ბერკეტი პრაქტიკაში, ამას კონტეინერმზიდის ოფიცერი, ლუკა კოღოშვილი ფილიპინების მაგალითზე ხსნის. იქ პროფკავშირი საეჭვო კომპანიებს მკაცრად ფილტრავს და კაპიტანს მეზღვაურის თვითნებურად გაშვებას უზღუდავს. „ჩვენ ზუსტად ასეთი დამცველობითი ფუნქცია გვჭირდება, რომ ქართველი მეზღვაური არ დაიჩაგროს,“ – დასძენს ის.

მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვი გერმანულ კომპანიაში 2021 წლიდან მუშაობს.  ITF-თან აფილირებული ქართული ორგანიზაციის არსებობის შესახებ არ სმენია. „არასდროს მქონია შეხება მეზღვაურთა პროფკავშირებთან. შეიძლება სადღაც რეგისტრირებული არიან, მაგრამ ასრულებენ თუ არა თავის მოვალეობებს – ეს მეორე საკითხია“ – გვითხრა მან. 

სულო ჩებინოვი

არადა, საქართველოს პროფკავშირს საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მანდატი ოფიციალურად აქვს. როგორც მეორე რიგის ოფიცერი, იაკობ ხალვაში აღნიშნავს, ეკიპაჟებმა ორგანიზაციის წარმომადგენლების სახელები და მისამართიც კი არ იციან. მისი თქმით, ეს კომუნიკაციის ნაკლებობის ბრალია:

„დღეს თუ სოციალურ ქსელში აქტიური არ ხარ, ჩათვალე, საზოგადოებას არ ელაპარაკები“ – ამბობს იაკობ ხალვაში.

სტატიაზე მუშაობისას მერაბ ჩიჯავაძეს, ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის, ITF-ის წარმომადგენელს საქართველოში, ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ჩრდილოვან ფლოტში ქართველი მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შესახებ კითხვებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსაც მივმართეთ. სააგენტოს პასუხის შემთხვევაში სტატია განახლდება.

რისკის რეალური ფასი: მიტოვება, ციხე და დრონები

ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერმა ლუკასაც ახლოს ჩაუარა – პორტში შესვლისას ის უშუალოდ შეესწრო ასეთი გემის  დაპატიმრებას.

„ჩვენთან ახლოს ტანკერი დააკავეს, რადგან ყალბი დოკუმენტებით ირანული სანქცირებული ნავთობი გადაჰქონდა,“ — იხსენებს გერმანული კომპანიის კაპიტნის უფროსი თანაშემწე, რომელიც თავად მკაცრად გაწერილ, ლეგალურ სისტემაში მუშაობს.

სწორედ ამ დაცული სტრუქტურიდან დანახულმა სურათმა დაარწმუნა ის, რომ ფარულ ფლოტში დასაქმება უკიდურესად სარისკოა. ლუკას შეფასებით, მთავარი საფრთხე პასუხისმგებლობის არარსებობაა:

„ჩემი აზრით, ეს ხალხი ნელი მოქმედების ბომბზე ზის. არავინაა დაზღვეული, რა მოხდება, სად დააკავებენ და როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება გემი დააკავონ და დამხმარე არავინ ეყოლებათ. ის საკრუინგოები და ფირმები, რომლებიც ჩრდილოვან ფლოტს ემსახურებიან, უმეტესად არალიცენზირებულები არიან. შესაბამისად, პასუხს ვერავის მოსთხოვ და ამ ქართველ მეზღვაურებზე პასუხისმგებელი არავინ იქნება“.

საერთაშორისო სატრანსპორტო ფედერაციის (ITF) მონაცემებით, 2025 წელს გემებზე მიტოვებულ მეზღვაურთა რაოდენობამ ანტირეკორდულ ნიშნულს მიაღწია: 410 ხომალდზე 6,223 ადამიანი დარჩა ბედის ანაბარად. ეს მაჩვენებელი ზედიზედ მეექვსე წელია იზრდება. ეკიპაჟებს ჯამში 25.8 მილიონი დოლარის ხელფასი გაეყინათ, საიდანაც პროფკავშირებმა მხოლოდ 16.5 მილიონის დაბრუნება შეძლეს.

ყველაზე საგანგაშო კი პროპორციაა: Lloyd’s List-ის 2026 წლის იანვრის კვლევით, მიტოვებული ტანკერების 66% სწორედ ჩრდილოვან ფლოტზე მოდის, მაშინ როცა თავად ეს ფლოტი მსოფლიო სატანკერო ბაზრის მხოლოდ 20%-ს შეადგენს.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩრდილოვან ხომალდზე მოხვედრისას ეკიპაჟის გემზე მიტოვების რისკი სამჯერ უფრო მაღალია.

ფინანსური რისკების მიღმა, მეზღვაურები რეალური იურიდიული საფრთხის წინაშეც დგანან.

ამის ნათელი მაგალითია 47 წლის ქართველი კაპიტნის, ავთანდილ კალანდაძის საქმე. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოვანი ფლოტის კაპიტანმა, რომელსაც ირანული და ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა, ამერიკის საოლქო სასამართლოში ბრალი ოფიციალურად აღიარა. კალანდაძეს კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნისას აშშ-ის სანაპირო დაცვისადმი დაუმორჩილებლობა ედებოდა ბრალად, რის გამოც ახლა ის ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს.

თუმცა, ხელფასის დაკარგვასა და დაპატიმრებაზე უარესი მაინც ფიზიკური განადგურების რისკია. ფარული მარშრუტებით მოძრავი სანქცირებული გემები ღია ზღვაში ხშირად პირდაპირ სამიზნეებად იქცევიან.

მხოლოდ 2025 წლის ბოლოს რამდენიმე ინციდენტი მოხდა: 27 ნოემბერს სენეგალის სანაპიროსთან ტანკერი Mersin ააფეთქეს; მეორე დღეს, 28 ნოემბერს, უკრაინულმა საზღვაო დრონებმა („Sea Baby“) თურქეთის სანაპიროსთან ორი სანქცირებული ხომალდი დააზიანეს; 2 დეკემბერს კი ტანკერ Midvolga 2-ს, რომელსაც რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთი მოჰქონდა, თურქეთის სანაპიროდან 129 კილომეტრში დაარტყეს.

60 წუთი გადასარჩენად: ინდივიდუალური პასუხისმგებლობა

იაკობ ხალვაში ქიმმზიდებისა და ტანკერების მეორე ოფიცერია. მისთვის ზღვა ბავშვობის ოცნება არ ყოფილა – 19 წლის ასაკში, პირველი რეისის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გემის მკაცრად გაწერილ რუტინაში გონებრივად ისვენებს და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სივრცეს პოულობს.

გემზე ასვლისას გეოპოლიტიკა ნაპირზე რჩება. ამიტომ, იაკობი ჩრდილოვან ფლოტსაც არა მორალური, არამედ წმინდად პრაგმატული პოზიციიდან აფასებს:

„არავინ კითხულობს, საიდან მოაქვს და სად მიაქვს გემს ტვირთი. მეზღვაურისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია სიტუაცია გემზე, ხელფასი და კონტრაქტის პირობები“ – ამბობს ის. 

სწორედ ამ პრაგმატიზმის გამო, მისთვის „საინფორმაციო ვაკუუმი“ მოგონილი კონცეფციაა. იაკობი ვინმესთვის რაიმეს აკრძალვის წინააღმდეგია – მთავარია, მეზღვაურმა გადაწყვეტილება სრული სურათის დანახვის შემდეგ, გააზრებულად მიიღოს. დღეს, როცა სისტემური დაცვა არ არსებობს, ეს უსაფრთხოება მხოლოდ ციფრულ ძიებაზე გადის.

მართალია, მონაცემები ერთ, გამარტივებულ ეკრანზე არავის დაუხვდება და ძიება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ, იაკობის თქმით, რეალური სურვილის შემთხვევაში გადასამოწმებლად ერთი საათიც საკმარისია. ეს ზუსტად ის 60 წუთია, რომელიც შენს მომავალს წყვეტს – სანდო კომპანიის ხიდურზე აღმოჩნდები, თუ ჩრდილოვანი ფლოტის უხილავ ნაწილად იქცევი.

ამ უხილავობის მისაღწევად „ჩრდილოვანი ფლოტი“ სწორედ ციფრული კვალის წაშლით მუშაობს.

მესამე რანგის ოფიცერი სულო ჩებინოვი ხსნის მექანიზმს, თუ როგორ მუშაობს ეს საინფორმაციო ვაკუუმი პრაქტიკაში:

„სანამ გემი ტერიტორიულ წყლებში შევა, რთავენ AIS-ს [ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა]. იშლება აბსოლუტურად ყველაფერი: გემის სახელი, დროშა, გემთმფლობელი. შეგნებულად უმალავენ ეკიპაჟს რეალურ სურათს. მეზღვაური აწერს ხელს კონტრაქტს, ჩადის გემზე და მხოლოდ ადგილზე, შუა ოკეანეში აღმოაჩენს ხშირ შემთხვევაში, რომ სანქცირებულ ტვირთზე უწევს მუშაობა. ამის შემდეგ უკანდასახევი გზა აღარ არის – შუა ოკეანეში უკან ვერავინ დაგაბრუნებს“.  

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობით ვერ მოგვარდება. იაკობი ხედავს, რომ ბაზარს ღია, დინამიური რეესტრი აკლია. მისი შეფასებით, მეზღვაურებს სჭირდებათ არა სააგენტოების მშრალი ჩამონათვალი, არამედ პლატფორმა, სადაც პირდაპირ გამოჩნდება: რამდენი ადამიანი დასაქმდა კონკრეტული შუამავლის მეშვეობით, როგორია რეალური საშუალო ანაზღაურება და იძებნება თუ არა ისტორიაში კომპანიების მიმართ საჩივრები.

სულიკო მიიჩნევს, რომ ერთიანი რეესტრის შექმნამდე სახელმწიფოს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებაც შეუძლია: „სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. როცა არსებობს მეზღვაურთა ბაზა ჩვენი პირადი მონაცემებით, ელემენტარული შეტყობინების [SMS] სახითაც შეგვიძლია ვაცნობოთ მათ რისკების შესახებ. კარგი იქნება, რომ ყველა მეზღვაურმა წინასწარ გადახედოს, რა რისკებს აწერს ხელს. ძალიან დიდი საშიშროება არსებობს კარიერის დასრულების და ‘შავ სიაში’ მოხვედრის“.

სანამ ბაზარს გამჭვირვალე რეესტრი, ხოლო მეზღვაურს ინსტიტუციური ფარი აკლია, ზღვაში გადარჩენა მხოლოდ ინდივიდუალურ ალღოზე გადის. ამ სისტემური დაუცველობის ფასი ყველაზე მძაფრად სწორედ სანდრომ იგრძნო.

ბისკაის ყურეში გადატანილი შტორმის შემდეგ, მან ზღვაში ბედი კიდევ ერთხელ სცადა. ისრაელში, ხაიფას პორტში ჩასულმა მეზღვაურმა აღმოაჩინა, რომ ზუსტად იმ კაიუტაში უნდა ეცხოვრა, სადაც წინა დღეს მისი წინამორბედი – გემის ტანკში გაგუდული ქართველი ესვენა. ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა მაშინ, როცა გემთმფლობელთა მოთხოვნით იმ სამუშაოს ასრულებდა, რაც მის პროფესიულ მოვალეობებში არ შედიოდა.

„ერთი თვე გავძელი იმ კაიუტაში და წამოვედი,“ – იხსენებს სანდრო. მისთვის ეს რეისი საერთაშორისო წყლებში ჯერჯერობით ბოლო გასვლა აღმოჩნდა.

_________________

მთავარ ფოტოზე: სამხრეთ შვედეთის სანაპირო, სირიის დროში ქვეშ მცურავი გემი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის. 2026 წლის  მაისი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Johan Nilsson

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 7 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 7 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 412 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 097 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 24 899 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 45 508 ერთეული [+57]
  • MLRS – 1 917 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 478 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 394 846 ერთეული [+2 129]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 848 ერთეული [+15]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 117 085 ერთეული [+399]
  • სპეცტექნიკა – 4 394 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 887 ერთეული [+37]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ომისთვის ადაპტირება – „უკრაინელი ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს“

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ვინ იხეირა „ტყუპების“ დანგრევით – მერიის კორუფციული გარიგებები ბათუმის ბულვარში

ბულვარში, იქ, სადაც კაფე „ტყუპები“ დაანგრიეს, ბათუმის მერია მუნიციპალურ სკვერს აწყობს ისე, რომ არც ტენდერი გამოუცხადებია და არც ბიუჯეტშია საამისოდ ფული გათვალისწინებული.

რა ხდება?

საქმე ისაა, რომ მერიამ მშენებელ კომპანიებთან გარიგება დადო, რომლის მიხედვითაც ისინი ბათუმის ძველ ბულვარში სკვერის მოწყობას დააფინანსებენ, მერია კი ამ კომპანიებს სამშენებლო პროექტების კოეფიციენტებს გაუზრდის, ან მშენებლობის ნებართვებს მისცემს გაზრდილი კოეფიციენტით ქალაქის სხვადასხვა უბანში.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კონკრეტულ უბანში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მხოლოდ 7 სართულის აშენება შეეძლო სამშენებლო კომპანიას, გაზრდილი კოეფიციენტით 10 ან მეტი სართულის აშენებას და მეტი ბინის გაყიდვას შეძლებს. შესაბამისად, მოგებაც მეტი ექნება. მაგრამ, როცა მერია K2 კოეფიციენტს უზრდის კომპანიას, ის ბიუჯეტში ამისთვის დაწესებულ გადასახადს იხდის, ისე როგორც აშენებული ფართობის 10%-ს.

მსგავს გარიგებაზე წასვლას კანონი მხოლოდ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში ითვალისწინებს, ამიტომაც, ბევრი არ უფიქრიათ და კაფე „ტყუპების“ ადგილზე დაგეგმილ სარეკრეაციო სკვერს ბათუმის მერის სათათბირო საბჭომ „მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის“ სტატუსი მიანიჭა.

სკვერის მოსაწყობად 5 მილიონ 435 199 ლარია საჭირო – მერიის განმარტებით, ხარჯთაღრიცხვა დადასტურებულია შპს „გოუ თუ ექსპერტის“ 2026 წლის 28 მაისის ინსპექტირების ანგარიშით.

ბათუმის მერია გვარწმუნებს, რომ ამ პროექტის განხორციელებაში თანამონაწილეობის სურვილი კომპანიებმა თავად გამოთქვეს – შესაბამისი განცხადებით მიმართეს მერიას და სანაცვლოდ „დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენება“, ანუ თავიანთი კომპანიების პროექტებისთვის კოეფიციენტების გაზრდა მოითხოვეს.

ბათუმის მერიის განკარგულების პროექტისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, გარიგებაში მონაწილე კომპანიები ბულვარში სკვერის მოსაწყობად იხდიან მხოლოდ იმდენს, რამდენიც კოეფიციენტის გაზრდისთვის ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარიგებაში „ალიანს ჯგუფიც“ მონაწილეობს, მთავრობის წინაშე აქამდე აღებული სხვა ვალდებულების ფარგლებში. თუმცა, ამის შესახებ არც სხდომაზე უთქვამთ და არც დოკუმენტშია ნახსენები. საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, კომპანიამ უკვე ჩარიცხა 1 მილიონ ნახევარი ლარი, წინასწარ ცნობილი შემსრულებლის „ანაგის“ ანგარიშზე [სკვერის  მშენებელი კომპანია].

ფოტო გადაღებულია 2 ივნისს, როცა „ბათუმელები“ ადგილზე ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდა

გარდა „ალიანს ჯგუფისა“, ამ ეტაპზე გარიგებაში კიდევ 6 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მათი წილი სკვერის მშენებლობის საქმეში, პროექტების გაზრდილი კოეფიციენტების მიხედვით, 2 მილიონ 620 000 ლარი იქნება.

საქმე ისააა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში.

მაგალითად, გარიგების მონაწილეა შპს „გორგ თაუერი“, რომელიც გონიოში ანდრია პირველწოდებულის IV ჩიხში, №23-ში მდებარე 1056 კვ.მეტრზე სასტუმროს აშენებს.

კომპანიამ მერიას შეატყობინა, რომ მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტში ჩართვის სანაცვლოდ ამ ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული 443 კვ.მეტრის სამშენებლო ფართობისთვის მიერთება და საპროექტო ობიექტზე სამი სართულის დამატება სურს.

„გორგ თაუერი“ მერიას ასევე ატყობინებს, რომ ავტოსადგომს დაემატება გაზრდილი ფართობის შესაბამისი რაოდენობა. ნამატი K2 კოეფიციენტის 10% ფართობი, საცხოვრებელი ბინების სახით, გადაეცემა ბათუმის მერიას. ამ კომპანიის მონაწილეობა თანადაფინანსებაში 80 000 ლარია. შპს „გორგ თაუერის“ წილებს ლევან გორგოშაძე [60%] და ვანო დოლაბერიძე [ 40%] ინაწილებენ.

მზევინარ აბაშიძეს ელიავას 22-ში დაგეგმილი აქვს 20-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა – ის სკვერის მოსაწყობად 400 000 ლარს გადაიხდის.

კიდევ ერთ კომპანიას, შპს „ბიჩ ჰაუსს“, ბათუმში, რეჯებ ნიჟარაძის #17-ში 3 343 კვ.მეტრზე მრავალბინიანი სახლის შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანა სურს: კერძოდ, მიმდებარე ნაკვეთების გაერთიანება, პროექტის კიდევ ერთი ბლოკის მშენებლობის ნებართვა და კოეფიციენტის გაზრდა – ეს მას 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესაძლებლობას მისცემს.

კომპანია მერიას ჰპირდება, რომ ავტოსადგომების ოდენობას კანონის შესაბამისად გაზრდის და ნამატი K2 კოეფიციენტის 10%-ს, საცხოვრებელი ბინების სახით, მერიას გადასცემს. ეს კომპანია 310 000 ლარს გადაიხდის. „ბიჩ ჰაუსის“ 100 პროცენტი ოფიციალურად გვანცა ბერიძის საკუთრებაა.

შპს „სილვერგეითი“ მშენებლობას ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარედ გეგმავს, კომპანიამ აქ მერიას 27-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მოსთხოვა. ისიც დაჰპირდა მერიას, რომ პარკინგს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწყობს და ნამატი ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემს.

ეს კომპანია 340 000 ლარს გადაიხდის ბულვარის სკვერისთვის. ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვას 2023 წელსაც ითხოვდნენ, თუმცა მაშინდელმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა უარი უთხრა. შპს „სილვერგეითის“ ასი პროცენტი ზურაბ ბაკურიძის საკუთრებაა.

შპს „ნიუ ჰოუმ რეზიდენსმა“ თაყაიშვილის ქუჩაზე 15-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა, ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე. კომპანიის მფლობელები არიან მაია მსხალაძე და თინათინ ჩიხლაძე, კომპანიამ 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

შპს „მეიქერს გრუფმა“ ჩაიკოვსკის ქუჩაზე 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. კორპუსის მშენებლობა ამ კომპანიასაც ორსართულიანი სახლების ათვისების ხარჯზე სურს. კომპანიის მფლობელია თამაზ გოგიტიძე, 450 000 ლარს გადაიხდის.

შპს „გრინ ლაიფ პროჯექთმა“ თბილისის მოედანზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. 520 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

 

მიმდინარე სამუშაოები – 2026 წლის 2 ივნისი

როგორ შეარჩიეს „ანაგი“ შემსრულებლად არ ვიცით, თუმცა ფაქტია, რომ ადგილზე „ანაგი“ მუშაობს. ერთი თვის წინ, 2 ივნისს „ანაგის“ წარმომადგენლად გაგვეცნო „ბათუმელებს“ ერთ-ერთი პირი ადგილზე, როცა იქ მკითხველის შეტყობინების შემდეგ ფოტოების გადასაღებად გავედით. მკითხველს ეჭვი ჰქონდა, რომ ბულვარში ეს ტერიტორია გასხვისებული იყო.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ვაჟა დარჩია ამბობს, რომ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გააპროტესტა საკითხის პროცედურის დარღვევით გავლა, როცა „ტყუპები“ ჯერ დაანგრიეს და შემდეგ მიმართეს საკრებულოს გენგეგმაში შესაბამისი ცვლილების შესატანად. ამჯერად განმარტეს თითქოს ეს იყო ინვესტიცია და საჭირო იყო მაქსიმალური მხარდაჭერა, ამიტომაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიეღოთ.

„სწრაფად უნდა დავამტკიცოთ ეს საკითხი, რადგან ინვესტიციააო, „ალიანსს“ თავისი წილი უკვე ჩარიცხული აქვს „ანაგისთვის“ და ამას დაემატება ამ კომპანიების თანხაც, რომლებსაც კოეფიციენტებს უზრდიანო. ვიკითხე, დანარჩენს რას ვიზამთ-მეთქი და მიპასუხეს – ვიშოვითო“, – ამბობს ვაჟა დარჩია. 

როგორც თავად გვიამბო, მას ასევე უთხრეს, რომ „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს უკვე აქვს დადებული.

„ბათუმელებისთვის“ ჯერ უცნობია, არსებობს თუ არა მსგავსი ხელშეკრულება. საზოგადოებას ბულვარში კაფე „ტყუპების“ ადგილზე მშენებარე სკვერის არც პროექტი უნახავს და არც ესკიზი. არც ის ვიცით, რა პროექტის მიხედვით გამოთვალა კომპანიამ ხარჯი. 

4 ივლისის მდგომარეობით იქ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

მიმდინარე სამუშაოები – 4 ივლისი

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა მერიისა და შესაბამისი სამმართველოს შესყიდვებიც, თუმცა მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. თავად  ბათუმის მერია ინფორმაციას არ ასაჯაროებს, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს. ამ საკითხით სხდომაზე არც საკრებულოს წევრები დაინტერესებულან „ოცნებიდან“.

კითხვები კი ნამდვილად ჩნდება.

საქმე ისაა, რომ 2 მილიონ 620 000 ლარი მშენებელ კომპანიებს, კოეფიციენტების გაზრდისთვის, ისედაც უნდა გადაეხადათ ბიუჯეტში, ისინი ზედმეტს არაფერს იხდიან და სად არის აქ ინვესტიციაო – იკითხა ვაჟა დარჩიამ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 30 ივნისს.

მას მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა, არჩილ გირკელიძემ უპასუხა, რომ ნებისმიერმა კომპანიამ კოეფიციენტით ნამატი ფართობის 10 პროცენტი მერიას უნდა გადასცეს.

სხვათა შორის, უკვე დამტკიცებული განკარგულების მიხედვით, კოეფიციენტის საფუძველზე გაზრდილი ფართობის არანაკლებ 10%-ი მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს და ეს ინვესტიცია არ არის. ეს ფართობები მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 6 თვის ვადაში მუნიციპალიტეტის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს – ბინები ბათუმის მერიამ ავარიული სახლების ჩანაცვლებისთვის უნდა გამოიყენოს.

ჩნდება სხვა კითხვებიც:

  • რატომ არ დაიწყეს სკვერის მოწყობა ბიუჯეტის გავლით და რატომ დადეს საზოგადოებისთვის უცნობი ხელშეკრულება „ანაგთან“, თუ ასეთი ხელშეკრულება, ან  თუნდაც ზეპირი შეთანხმება მხარეებს შორის მართლა არსებობს?
  • რატომ არ აწყობდა მერიას 4 120 000 ლარით [„ალიანსისა“ და კომპანიების ფული] ტენდერის გამოცხადება და კონკურენტული გარემოს შექმნა ბიუჯეტის გავლით?
  • რატომ არ შეატანინეს K2-ის გაცემის შემდეგ სავალდებულო მოსაკრებელი კომპანიებს ბიუჯეტში, როგორც ამას კანონი ითხოვს, ვის არ აწყობდა, რომ მილიონები, რაც ბიუჯეტს უნდა მიეღო, ბიუჯეტში არ შევიდა და გამოცხადდა ინვესტიციად, რომელიც ბულვარში სკვერის მოწყობაში უნდა დაიხარჯოს. 
  • ვის არ აწყობს პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს, რატომ წავიდა ამაზე ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან?

ვაჟა დარჩიას ინფორმაციით, „ანაგთან“ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტს აქვს დადებული, თუმცა ხელშეკრულება არც მას უნახავს და ეს ამბავი გადმოცემით იცის. მისი თქმით, „ანაგი“ სწორედ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს ბულვარში, „ალიანსისი“ მიერ ჩარიცხული ფულით. როგორც სხდომაზე ითქვა, ამ ფულს 6 კომპანიისგან და ერთი ფიზიკური პირისგან 6 თვეში უნდა დაემატოს თანხა – კოეფიციენტების გაზრდის სანაცვლოდ.

თუმცა, სკვერის მოსაწყობად საჭირო ბიუჯეტი სრულად მაინც არ გროვდება, რაზეც საკრებულოს წევრს, ვაჟა დარჩიას მერიაში განუმარტეს, რომ „ეს ფულიც უნდა იშოვონ“.

სკვერის მშენებლობის დასრულება დადასტურებული უნდა იყოს აკრედიტებული ექსპერტიზის ორგანოს დასკვნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული ღირებულებების შესაბამისად.

სკვერის მოწყობის ვადა განისაზღვრეს არაუმეტეს 6 თვე ხელშეკრულების გაფორმებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში მინიჭებული შეღავათები ჩაითვლება გაუქმებულად.

განკარგულების დასკვნით ნაწილში მერია კომპანიებისთვის, რომლებიც გარიგებაში მონაწილეობენ, ასევე განმარტავს:

„განკარგულების გაცემიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში გაფორმდეს ხელშეკრულება რეკრეაციული სივრცის მოწყობის ვალდებულების თაობაზე, სკვერის მოწყობის ვადა კი განისაზღვროს არაუმეტეს 6 თვე [ხელშეკრულების გაფორმებიდან].

ხელშეკრულებითვე განისაზღვროს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშემწყობ ღონისძიებას მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე/მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმების შემდეგ ეტაპებზე ნებართვის მაძიებელი ვერ დააკმაყოფილებს, შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ გაიცემა სამშენებლო ნებართვა, განმცხადებელს ეზღუდება უფლება მოითხოვოს ვალდებულებებისგან გათავისუფლება, გაწეული ხარჯის ან/და ზიანის ანაზღაურება.“

ეს ჩანაწერი თითქოს ერთგვარი დაზღვევა იმ შემთხვევისთვის, თუ გარიგებაში მონაწილე კომპანიები ვალდებულებას არ შეასრულებენ. ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ კომპანიებმა ვერ მიიღონ შესაბამისი ნებართვები, რადგან საბჭომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

შემოღობილია უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე „ტყუპებს“ ჰქონდა დაკავებული. ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება.
კაფე „ტყუპების“ ნგრევის პროცესი
შემოღობილის უფრო დიდი ტერიტორია, ვიდრე კაფე ტყუპებს ჰქონდა დაკავებული, ადგილზე გვითხრეს, რომ სკვერი ბულვარის ნაწილი იქნება და გამწვანებას არაფერი ემუქრება

რაც შეეხება კიდევ ერთი პროცედურის დარღვევას.

საქმე ისაა, რომ ბათუმის მერიამ ბულვარში კაფე „ტყუპები“ ჯერ დაანგრია, შემდეგ კი საკრებულოს მიმართა ბულვარში განაშენიანების გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით. ცვლილებების პროექტი, რომლითაც მერიამ საკრებულოს მიმართა, კაფე „ტყუპები“ გენგეგმაში დემონტაჟს დაქვემდებარებულ ობიექტად ჩაწერეს, ნაცვლად რეკონსტრუქციას დაქვემდებარებული არსებული ობიექტისა.

მაშინ თქვეს ისიც, რომ ამ ადგილზე შადრევანის მოწყობა იგეგმებოდა, ამაზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა. 

ამ თემაზე: შადრევანი კაფე „ტყუპების“ ნაცვლად – ბათუმის საკრებულომ ბულვარის გენგეგმა ისევ შეცვალა

 

მანქანაში ძალით ჩასვეს და 1000 ლარი წაართვეს პისტოლეტების მუქარით – ყაჩაღობა ბათუმში

4 კაცს ბათუმში ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

პროკურატურის ვერსიით, 2026 წლის 10 თებერვალს, ბრალდებულებმა ბათუმში მყოფი ინდოელი სტუდენტი დააყაჩაღეს: ღამის საათებში, კობალაძის ქუჩაზე, ძალის გამოყენებით ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, შემდეგ კი, სასიგნალო და ხმოვანი პისტოლეტებით შუბლზე მიადეს და დაემუქრნენ, ფული უნდა მოგვცეო.

„დაზარალებულს ჰქონდა აღქმა, რომ ეს პისტოლეტები ნამდვილი იყო. ორივე პისტოლეტი ამოღებულია,“ – ამბობს საქმის პროკურორი ბაჩო ბათმანაშვილი.

დაზარალებულად ცნობილ სტუდენტს გამომძიებლებისთვის ასევე უთქვამს: ეს ბიჭები ბათუმის მაფიის წევრებად გამეცნენო.

საქმის მასალების მიხედვით, ავტომანქანაში მყოფმა დაზარალებულმა თავის მეგობარ ინდოელს სთხოვა 1000 ლარის ჩარიცხვა, შემდეგ ბრალდებულებმა დაზარალებული ბანკომატთან გადმოსვეს, თანხის მიღების შემდეგ კი, ინდოელი სტუდენტი გაუშვეს.

პროკურორის თქმით, 4 ბრალდებულიდან ორმა გამოძიების ეტაპზე დანაშაულის ჩადენა აღიარა. ამ ეტაპზე კი, ოთხივე მათგანი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ამ საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. დღეს, 6 ივლისს, არსებითი განხილვის სხდომაზე უკვე მოწმეთა გამოკითხვა უნდა დაწყებულიყო, თუმცა სხდომა გადაიდო. სხდომის გადადების მიზეზი ის გახდა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულების წარმოდგენა ვერ შეძლო.

„ბოლო დროს ხშირად ხდება ასე, როცა პენიტენციურ სამსახურს ვერ მოჰყავს სასამართლოში პატიმრები. არგუმენტად ასახელებენ გადატვირთულობას. იმდენი პატიმარია და იმდენი სხდომა, ვერ ასწრებენ.

წარმოიდგინეთ, ისედაც გადატვირთულია სასამართლო, ინიშნება სხდომა და პატიმრები ვერ ჩამოჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

8 წელი მიუსაჯეს მამას, რომელიც სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე – საფარი

ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას.

დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გაიქცა და უკვე სრულწლოვანმა „საფარს“ მიმართა.

საქმეში „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას.

მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა. მოძალადე მამა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს“, – „საფარი“.

მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად გაიზიარა და საკუთარ შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება – დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

„ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე. აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით“ – წერს დეპარტამენტი.

ამავე დეპარტამენტის ინფორმაციით, „სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება“.

დეპარტამენტი ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით.

ეს მონაკვეთი 4 და 5 ივნისსაც იყო ჩაკეტილი.

ავტობანის ეს მონაკვეთი [მონიშნულია წითელი ხაზით] 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე ჩაიკეტება / გზების დეპარტამენტი
ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 4 ლოტად შენდებოდა და რომელიც მთლიანად დღემდე არ არის დასრულებული.

აღნიშნული მაგისტრალის ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთი 2020 წელს, ხოლო ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 2025 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ვრცლად: ლანჩხუთში ავტობანის 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს – მაგისტრალი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

დეპარტამენტის ინფორმაციით „მალე უნდა გაიხსნას“ ამავე ავტომაგისტრალის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი.

ვრცლად:

ლანჩხუთში ავტობანის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი მალე გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

 

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა 60 მილიონი აშშ დოლარის მულტისავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ემისია ორ ტრანშად განხორციელდა – 15 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 2-წლიანი და 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის 6-თვიანი ობლიგაციები.

6-თვიანი ტრანში ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციაა, რაც ადგილობრივი სავალო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

2-წლიანი ობლიგაციის კუპონი 7.00%-ს შეადგენს, ხოლო 6-თვიანი ტრანშის განაკვეთი 5.75%-ია. ხაზგასასმელია, რომ 2-წლიანი ობლიგაციების განაკვეთი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის.

მოზიდული სახსრები თეგეტა მოტორსის არსებული ობლიგაციების რეფინანსირებას მოხმარდა, რითიც კომპანიამ დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვანად გაიუმჯობესა.

თეგეტა მოტორსი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ერთერთი ყველაზე აქტიური და ინოვაციური ემიტენტია. კომპანიასთან ერთად ბაზარზე განვათავსეთ პირველი ლარში დენომინირებული მწვანე ობლიგაციები, პირველი ლარში დენომინირებული მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები, პირველი ამორტიზებადი სტრუქტურის მქონე ობლიგაციები. მოხარული ვარ, რომ ამჯერადაც სწორედ ჩვენს პარტნიორობას უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლექართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაციები.

ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი კაპიტალის შესაძლებლობას, წარმატებით განახორციელოს ბაზრისთვის ინოვაციური ტრანზაქციები და მხარი დაუჭიროს წამყვან ქართულ კომპანიებს დაფინანსების სტრუქტურის ოპტიმიზაციაში, მათ საჭიროებებზე მორგებული კაპიტალის ბაზრის გადაწყვეტილებებით. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალი უკვე ხუთ კომპანიას დაეხმარა ფინანსური რესურსების მოზიდვაში. ჯამში, 8 ტრანზაქციის ფარგლებში 365 მილიონი ლარის კორპორაციული ობლიგაციები განვათავსეთ. შედეგად, ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციასადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზარზე ჩვენი წილი 73%-ია“, – ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

მოხარულები ვართ, რომთეგეტა მოტორსისობლიგაციების მორიგმა ემისიამ ინვესტორთა მაღალი ინტერესის ფონზე წარმატებით ჩაიარა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6-თვიანი ტრანშის განთავსებით ქართული კაპიტალის ბაზრის ისტორიაში პირველი 1 წლამდე ვადის მქონე კორპორაციული ობლიგაცია გამოვუშვით, ხოლო 2-წლიანი ტრანშის კუპონი ყველაზე დაბალია ადგილობრივ ბაზარზე არასაბანკო ინსტიტუტების მიერ აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შორის. ეს შედეგი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინვესტორთა მაღალ ნდობასთეგეტა მოტორსისმიმართ. მოზიდული სახსრებით არსებული ობლიგაციების რეფინანსირება მოვახდინეთ და დაფინანსების ხარჯები მნიშვნელოვნად გავიუმჯობესეთ. თიბისი კაპიტალთან მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული და ინოვაციური ტრანზაქცია განვახორციელეთ, რითიცთეგეტამქართული კაპიტალის ბაზრის ერთერთი ყველაზე აქტიური ემიტენტის სტატუსი კიდევ უფრო განიმტკიცა“, – ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგისმთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.

ომისთვის ადაპტირება – „უკრაინელი ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს“

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

__

როგორ შეცვალა უკრაინის ომმა თანამედროვე ბრძოლის მეთოდები? რა სამხედრო გამოცდილება და ტექნოლოგიური ცოდნა გადასცა რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მათ შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში?

დისკუსიის მოდერატორია ვიქტორ ჩა. პოდკასტის „შეუძლებელი სახელმწიფო“ ამ ეპიზოდში მონაწილეობენ კატერინა ბონდარი (CSIS) და ბრიუს კლინგნერი (მენსფილდის ფონდი). ისინი განიხილავენ, თუ როგორ ცვლის უკრაინის ომი სამხედრო სტრატეგიას, რისი სწავლა შეუძლია ჩრდილოეთ კორეას რუსეთისგან და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი უსაფრთხოებაზე. ამ მიგნებებზე ბონდარმა ცოტა ხნის წინ NYTimes პუბლიკაციაში ისაუბრა.

კონტექსტური ჩანართი: ეს ანალიზი კიდევ უფრო აქტუალური ხდება ფრონტზე მიმდინარე რეალური მოვლენების ფონზე, რასაც მოწმობს კიევზე განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების ბოლო მასშტაბური იერიში 2 ივლისს. აღნიშნული დარტყმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დისკუსიის მთავარ თემას: რუსეთის უნარს, აწარმოოს უწყვეტი, მაღალადაპტური და მასშტაბური ავტონომიური სამხედრო ოპერაციები.

  • თანამედროვე უპილოტო ომის საწყისები და საოჯახო მობილიზაცია

უკრაინაში მიმდინარე ომმა ფუნდამენტურად შეცვალა თანამედროვე კონფლიქტების ხასიათი. ეს ტრანსფორმაცია არ დაწყებულა 2022 წელს; მისი საფუძვლები ჯერ კიდევ 2014 წელს, ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის დროს ჩაიყარა. როგორც კატერინა ბონდარმა აღნიშნა:

„მინდა შევახსენო ჩვენს აუდიტორიას, რომ ომი დაიწყო 2014 წელს და არა 2022 წელს… დრონებით ომის განვითარება ფაქტობრივად 2014 წლის ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის დროს ჩაიყარა… დრონი არის კომერციული ტექნოლოგია, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოში ნებისმიერი სამხედროსთვის და ნებისმიერი სამოქალაქო პირისთვის“.

როდესაც 2022 წელს უკრაინა იარაღის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა, ქვეყანამ პასუხად სრული სოციალური მობილიზაცია მოახდინა. `სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, როდესაც არ გვქონდა საკმარისი საბრძოლო მასალა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა? შეგვეძლო გამოგვეყენებინა ის, რაც უკვე ხელმისაწვდომი იყო – ეს იყო დრონები… ყოველი უკრაინელი ცდილობდა დრონის აწყობას. დიახ, დიასახლისები და ქალები სამზარეულოებში აწყობდნენ დრონებს, რაც ამტკიცებს ფაქტს, რომ ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია“.

რუსული დარტყმებისგან თავდაცვის მიზნით, უკრაინამ წარმოების დეცენტრალიზაცია მოახდინა და საწარმოო ხაზები პირდაპირ მოქალაქეების ოჯახებში გადაიტანა, რამაც წარმოება წელიწადში არნახულ 7-8 მილიონ მცირე დრონამდე გაზარდა.

  • რუსული ადაპტაცია და ტაქტიკური საპასუხო რეაგირება

დასავლური წარმოდგენა რუსეთის სამხედრო სიხისტეზე მოძველებულია. მოსკოვმა შექმნა პრაგმატული მიდგომა, სადაც პრიორიტეტი ენიჭება იმას, რაც მუშაობს ბრძოლის ველზე და არა იმას, რაც ქაღალდზე ლამაზად გამოიყურება:

„რატომღაც ვფიქრობთ, რომ რუსული სამხედრო ძალა არის ძალიან ხისტი, ძველი სკოლის, საბჭოთა სტილის… მაგრამ იქ ასევე არის ახალი ტიპის სამხედრო ფრთა – ახალი ლიდერები, ახალი გენერლები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზროვნება და მხარს უჭერენ ამ ადაპტაციას… რუსეთის შემთხვევაში, ისინი მთელ რესურსებს მიმართავენ ამ კომპანიებისა და ინოვატორების ზურგს უკან… სწორედ აქ მუშაობს ეს ხისტი, დიქტატორული სტილის სამხედრო სისტემა ძალიან კარგად“.

მოსკოვმა უპილოტო სისტემები და ხელოვნური ინტელექტი (AI) ეროვნულ პრიორიტეტად აქცია და შექმნა მაღალადაპტური სამხედრო მანქანა, რომელიც სწრაფ შედეგებს ტექნოლოგიურ სრულყოფილებაზე მაღლა აყენებს. პროექტ „სახალხო თავდაცვის“ მეშვეობით კრემლი იყენებს კერძო ინიციატივებსა და მოხალისეთა ქსელებს (მაგ. Project Archangel), ხოლო ელაბუგას ქარხანაში სტუდენტური მუშახელი ჩართო ირანული „შაჰედის“ დიზაინში 30-ზე მეტი სწრაფი მოდიფიკაციის შესატანად.

ამასთან, რუსეთი გვერდს უვლის დასავლურ რადიოელექტრონულ ბლოკირებას სრულად ავტონომიური V2U დრონების დანერგვით და იყენებს პრაგმატულ პროგრამულ უზრუნველყოფას Glaz/Groza, რომელიც სამიზნის აღმოჩენიდან არტილერიის დარტყმამდე დროს საათებიდან წუთებამდე ამცირებს.

უზარმაზარი გეოგრაფიის გამო მოსკოვმა უჩვეულო შიდა ზომებსაც მიმართა:

„რუსებისთვის ეს კიდევ უფრო რთულია, რადგან მათი ტერიტორია დიდია. წარმოიდგინეთ ამდენი თავდაცვის ბადის შექმნა ან ამდენი მობილური ჯგუფის განლაგება ასეთ უზარმაზარ ტერიტორიაზე… ჩვენ ვნახეთ რამდენიმე არც თუ ისე ჩვეულებრივი ზომა, რომლის მიღებასაც რუსები ცდილობენ. მაგალითად, სახელმწიფო ბანკებისა და ფოსტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ თავიანთი ფილიალების სახურავებზე ელექტრონული ბრძოლის სისტემები დაამონტაჟონ… და ასწავლონ ამ ფილიალების პერსონალს დრონების ჩამოგდება და აღჭურვონ ისინი თოფებით“.

კორეის ნახევარკუნძულის პერსპექტივები და ჩრდილოეთ კორეის კვალი

ბრიუს კლინგნერმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროების უგულებელყოფა შეცდომა იყო, რადგან ისინი სწრაფად იცვლებიან:

„თავიდან ყველას ჰქონდა უგულებელყოფის მომენტი ჩრდილოეთ კორეის შესაძლებლობების მიმართ. მაგრამ მათ განიცადეს ევოლუცია… ისინი სწავლობენ არა მხოლოდ თავიანთი რუსი კეთილმოსურნეებისგან, არამედ უკრაინელების თავდასხმების ქვეშ ყოფნითაც… ვფიქრობ, ისინი ბევრს სწავლობენ როგორც თავდასხმაში, ისე თავდაცვაში ცეცხლის ქვეშ“.

ბონდარმა დაამატა, რომ ფხენიანისთვის მთავარი ღირებულება რეალური საბრძოლო გამოცდილებაა:

„უფრო მეტად ვერ დავეთანხმებოდი საბრძოლო გამოცდილების მნიშვნელობას… რაც შეუძლებელია ადვილად ტირაჟირდეს ან ფულით იყიდოს კაცმა, არის სწორედ ეს საბრძოლო გამოცდილება… ეს არის ძალიან ძვირფასი გამოცდილება, რომელიც ვერ იქნება უბრალოდ შეძენილი ან რომელიმე კომპანიის მიერ განვითარებული“.

ეს გეოპოლიტიკური ძვრები მოიცავს:

  • ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება: 12,000-დან 15,000-მდე ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი განლაგდა რუსეთის დასახმარებლად კურსკის რეგიონში.
  • დანაკარგების შეფასება: ინტენსიურმა ბრძოლებმა მძიმე დარტყმა მიაყენა მათ, ჯამური დანაკარგები (დაღუპულები და დაჭრილები) 7,000-ს აჭარბებს.
  • სამრეწველო ეფექტი და ესკალაციის რისკები: ათასობით მუშა ელაბუგას ქარხნებში სწავლობს წარმოებას ფხენიანისთვის. ჩინური ჩიპების დახმარებით ჩრდილოეთ კორეა სწრაფად აფართოებს საკუთარ დრონების პორტფოლიოს. კლინგნერმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ საზღვარზე თუნდაც ერთი დრონის გამოჩენამ კრიზისული კომუნიკაციის არარსებობის პირობებში შესაძლოა გამოიწვიოს მყისიერი სამხედრო პასუხი: „თქვენ შეიძლება ძალიან სწრაფად მიიღოთ ესკალაცია, უნებლიე ან ერთგვარი სამაგიეროს გადახდის ტიპის ესკალაცია, რომელიც გადაიზრდება უფრო სტრატეგიულ კონფლიქტში“.

ტაბლო გამორთულია, ავტობუსი კი მოძრაობს – რომელ საათამდე მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო დრო გაიზარდა, თუმცა მოსაცდელებთან, სადაც ელექტროტაბლოებია, საღამოს 11:00 საათის შემდეგ ავტობუსების განრიგი ტაბლოზე ქრება და მხოლოდ საათს აჩვენებს.  წესით ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსები აღარ მოძრაობენ, თუმცა ასე არ არის.

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ივლისიდან „საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ყოველდღიურად 07:00 საათიდან 01:00 საათამდე მოემსახურება“.

მოქალაქეები გვწერენ, რომ ხშირად ღამის 12 საათის შემდეგ ტრანსპორტი არ არის, ან ტაბლო, რომელიც ტრანსპორტის გადაადგილებას აჩვენებს, გამორთულია, ავტობუსები კი ამ დროს დადის.

ბათუმი, გორგილაძის ქუჩა / 5.07.2026

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ღამის პირველი საათი არის დრო, როცა ავტობუსები მუშაობას უკვე ასრულებენ და არა ბოლო რეისის შესრულების დრო.

„შესაბამისად, ესა თუ ის ნომერი ავტობუსი ბოლო რეისს უკუმიმართულებით [ანუ, ასე ვთქვათ, ბოლო გაჩერებიდან] იწყებს ღამის 22:26 საათზე [N6 ავტობუსი], 23:57 საათზე [N4] ან 00:17 საათზე [N1] და ა.შ. შესაბამისად, სხვადასხვა გაჩერებაზე ეს ავტობუსები ბუნებრივია სხვადასხვა დროს იქნებიან“ – გვითხრეს ცხელ ხაზზე.

„საინფორმაციო ტაბლოებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ფიქსირდება ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული პრობლემა მიმდინარე კვირის ბოლომდე სრულად აღმოიფხვრება“ – მოგვწერეს დღეს, 6 ივლისს, „ბათუმის ავტოტრანსპორტიდან“.

„რაც შეეხება სამარშრუტო მიმართულებების ბოლო ბრუნებს, ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილში, სადაც მითითებულია თითოეული სამარშრუტო მიმართულების ფარგლებში ა წერტილიდან ბოლო გასვლისა და ბ წერტილიდან ბოლო დაბრუნების დროები“.

ქვემოთ ცხრილში მოცემულია როგორც ბათუმის მუნიციპალური ავტობუსების, ასევე მიკროავტობუსების ჩამონათვალი ნომრების მიხედვით და ბოლო გასვლის დროები.

ბათუმის მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ბოლო გასვლის დროები / წყარო: „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

რაც შეეხება ა და ბ წერტილებს:

მაგალითად, N4 ავტობუსი აღმაშენებლის ქუჩიდან [ა წერტილიდან] ბოლოს გამოდის 22:52 საათზე და გოროდოკიდან [ანუ ბ წერტილიდან] უკან ბრუნდება 23:57 საათზე;

N16 ავტობუსი კი ბათუმიდან ბოლოს გადის 22:32 საათზე და სარფიდან უკან გამოსვლის დრო არის 23:40 საათი;

N7 ავტობუსის შემთხვევაში, ვინაიდან ის წრიულ მარშრუტს ასრულებს, ა და ბ წერტილები იგივეა. ამიტომ  უკუმიმართულების ბოლო დრო არის ა წერტილიდან [აღმაშენებლის ბოლოდან] ბოლო გასვლის დრო, გაივლის სრულ წრეს და ბრუნდება ისევ ა წერტილში.

1 სექტემბრიდან შსს ტრანსპორტის ხმაურის დონეს შეამოწმებს – ნორმის დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარია

2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონეს შეამოწმებენ – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატის მეშვეობით შემოწმების წესი და პირობები.

უწყების ცნობით, ხმაურის დონის გაკონტროლება საერთაშორისო –  ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით მოხდება.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე არ შეესაბამება ხმაურის დასაშვებ ნორმას, შსს-ს შეუძლია შემოწმების მიზნით გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება. 

ამავე დროს, მძღოლი ვალდებულია დაემორჩილოს მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების თაობაზე; წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და ხელი არ შეუშალოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვის პროცესს. 

„სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი  დადგენილებით არის რეგულირებული.

დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში  – 23:00 საათიდან 08:00 საათამდე,  სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური არ უნდა აღემატებოდეს 80 დეციბალს.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.

იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა  300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას“ – წერს შსს.

რაც შეეხება ხმაურის გაზომვის პირობებს:

ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, ვიზუალური დათვალიერებით უნდა გამოირიცხოს ხმაურის მზომი პორტატული აპარატის მექანიკური დაზიანების კვალი, ხოლო გაზომვამდე და გაზომვის შემდეგ ხმაურის მზომი აპარატი უნდა დაკალიბრდეს;

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვამდე, უნდა გაიზომოს ფონური ხმაური. თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილ ხმაურსა და ფონურ ხმაურს შორის სხვაობა 10 დეციბალზე ნაკლებია, გაზომვის შედეგები სარწმუნო არ არის.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვა უნდა განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა მერყეობს -10°C-დან +50°C-მდე.

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის გაზომვისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ძლიერი ქარი, ნალექი, ხმაურის ამრეკლი ზედაპირები ან/და სხვა ისეთი გარემოება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს გაზომვის შედეგების სიზუსტესა და სანდოობაზე.

 

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ

ბათუმში მაშველები ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოები წუხელ დაიწყო და არ შეწყვეტილა.

ზღვაში გაუჩინარებული კაცი საქართველოს მოქალაქეა.

კაცი ზღვაში გუშინ, 5 ივლისს საღამოს შევიდა. 5 ივლისს ზღვაზე შტორმი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლის შესაბამისად.

თურქეთსა და საქართველოს შორის ამოქმედდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო სისტემა

თურქეთთან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ციფრული სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და გაცვლის პროცედურა ამოქმედდა.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ახალი მექანიზმის ამოქმედების შედეგად, საქართველოსა და თურქეთს შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ გადამზიდველებს შესაძლებლობა ექნებათ, სანებართვო დოკუმენტებით სრულად ციფრულ ფორმატში ისარგებლონ.

„აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს, შეამცირებს ქაღალდზე დოკუმენტების დამუშავების საჭიროებას, დააჩქარებს სანებართვო დოკუმენტების გაცემისა და კონტროლის პროცესს და გაზრდის საერთაშორისო გადაზიდვების ეფექტიანობას“ – აცხადებს სააგენტო.

ციფრული სანებართვო სისტემა ორმხრივ პრინციპზეა დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას იყენებს სანებართვო დოკუმენტების გაცვლისა და აღრიცხვისთვის.

სააგენტო განმარტავს, რომ ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი და სააგენტოს სამომავლო გეგმის მიხედვით, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მოქმედი სანებართვო სისტემების გადასვლა ციფრულ ფორმატზე ეტაპობრივად განხორციელდება.

ურეკში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

დააკავეს პირი, თურქეთის მოქალაქე, რომელიც, შსს-ს ცნობით,  თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 411 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 420. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 088 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 24 894 ერთეული [+16]
  • საარტილერიო სისტემა – 45 451 ერთეული [+63]
  • MLRS – 1 917 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 473 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 392 717 ერთეული [+1 979]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 833 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 116 686 ერთეული [+580]
  • სპეცტექნიკა – 4 389 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 850 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 11 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომს და ხიდებს დაარტყა

ზელენსკი ოდესაში სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემიის დაარსებას აანონსებს

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგს შეუტიეს

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რუსეთის თავდასხმა კიევზე – დაიღუპა მინიმუმ 11 მშვიდობიანი მოქალაქე

უკრაინაში, კიევში, 6 ივლისის ღამეს რუსული თავდასხმის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაიღუპა, 46 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი – იუწყება უკრაინული მედია ოფიციალურ ცნობებზე დაყრდნობით.

თავდასხმის შედეგად მინიმუმ 15 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო რაოდენობა ჯერ ისევ ზუსტდება.

უკრაინის სამაშველო სამსახურის ცნობით, პოდოლსკის რაიონში ცხრასართულიან შენობაში გაჩენილი ხანძრის ადგილზე სამუშაოები გრძელდება, მაშველები გადარჩენილებს ეძებენ, ადგილზე კი ფსიქოლოგები მუშაობენ.

____________

უკრაინის ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური

 

ძლიერი ხანძარი საბერძნეთში, თესალონიკთან – პოლიციამ 76 წლის კაცი დააკავა

4 ივლისს, ღამით, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკთან. ცეცხლი საცხოვრებელ ადგილებთან და ინფრასტრუქტურულ ზონაში გავრცელდა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ევაკუირებული იქნა დაწესებულება, სადაც 157 სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი იყო განთავსებული.

ბერძნული მედიის ცნობით, გამოძიების ფარგლებში, ხანძრის გაჩენის ბრალდებით 76 წლის საბერძნეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც სახანძრო სამსახურის ცნობით, „შესაძლოა ფხიზელი არ იყო“. 

საბერძნეთში ამ დღეებში ხანძრის ძალიან მაღალი რისკია გამოცხადებული. მედიაგამოცემა „ტო ვიმა“ წერს, რომ 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სულ 60 ტყის ხანძარი გაჩნდა, მათგან 17 თითქმის ერთდროულად – ცენტრალური მაკედონიის რეგიონში.

_______________________

ფოტოზე: 4 ივლისი, ხანძარი თესალონიკთან. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/ACHILLEAS CHIRAS

 

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომს და ხიდებს დაარტყა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, 5 ივლისის ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყირიმში გვარდეისკოეს აეროდრომს დაარტყა.

გენშტაბის ინფორმაციით, ეს ყირიმში რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო აეროდრომია, რომელიც გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური და საზღვაო ავიაციის თვითმფრინავების განსათავსებლად, საბრძოლო გაფრენების მხარდასაჭერად, ლოჯისტიკისა და თვითმფრინავების მოვლა-პატრონობისთვის.

გარდა ამისა, ასევე გენშტაბის ცნობით, უკრაინამ შეტევა მიიტანა დონეცკის ოლქში მდებარე საავტომობილო ხიდებზე და დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქებში – საბრძოლო მასალის საწყობებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების უფროსმა, რობერტ ბროვდიმ  ასევე დაადასტურა ყირიმში ელექტროსადგურებზე უკრაინის სამხედრო დარტყმების შესახებ ინფორმაცია.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ანექსირებულ ნახევარკუნძულზე 16 ელექტროქსელი დაზიანდა უკრაინის დრონების შეტევის შედეგად.

ამავე დროს, გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე სამასამდე შეტაკება დაფიქსირდა, შეტევების უმეტესობა გულიაიპოლეს მიმართულებით მოხდა.

ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ყირიმი საწვავის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დადგა, ყირიმში დაიწყეს საწვავის ლიმიტირებულად გაყიდვა, საწვავის დეფიციტი აისახა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც – მედიის ცნობით გაჩერდა დაახლოებით 400 ავტობუსი. კრიზისი აისახა საკვებ პროდუქტზეც და ტურისტულ სეზონზე.

ფოტო: უკრაინის თავდაცვის ძალები 

ამავე თემაზე: 

„ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

Exit mobile version