„ხუთივეს დაკავება უკანონოა, მოსამართლის განჩინების გარეშე დააკავეს,“ – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ საქმეზე, რომელიც ბათუმში მომხდარ ძარცვას ეხება, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის ეს განცხადება არ შეიმჩნია.
ეს ამბავი 2026 წლის 8 ივლისს, საღამოს რვის ნახევარზე მოხდა. პროკურატურის ვერსიით, ჯავახიშვილის და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ფეხით მიმავალ კაცს 5 პირი თავს დაესხა, სცემა და ჩანთა წაართვა. ჩანთაში კაცს 3 მობილური ტელეფონი, 500 ლარი, 8 მეხსიერების ბარათი და სხვა პირადი ნივთები ჰქონია. დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. დაზარალებულს მსუბუქი ხასიათის დაზიანებები დაუდასტურდა.
დღეს, 2 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ძარცვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ხუთივე ბრალდებული მოსამართლე ლევან ყოლბაიმ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დღესვე მოსამართლემ მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად, მაგრამ სადავოდ მიიჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ამ საქმეზე მოწმეთა ჩვენებებს მოუსმენს.
საქმეში მთავარი მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერია, თუმცა ადვოკატების მტკიცებით, ჩანაწერი არ ასახავს ძარცვის ფაქტს და ჩანაწერში ძარცვის ფაქტის შემდეგი ეპიზოდია.
„ვიდეოში ჩანს, რომ მან ჩაიდინა ის ქმედება, რასაც ჩვენ პროკურატურა გვედავება? რა ჩანს იქ?“ – სხდომაზე მოსამართლეს მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.
„არაფერიც არ ჩანს იქ, მე საუკეთესო პროგრამაში ვნახე ეს ვიდეო, სქესსაც ვერ გაიგებთ, ისეთი ჩანაწერია,“ – პროკურორს გადახედა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ. მისი ვერსიით, ბრალდებულები შესაძლოა შემთხვევით გამოჩნდნენ კადრში იმ დროს, როცა ისინი რეალურ დამნაშავეებს მისდევდნენ.
ხუთი ბრალდებულიდან სამი ჯავახიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს – ძარცვის ადგილთან ახლოს. ისინი ერთმანეთის მეზობლები და მეგობრები არიან.
„დუმილის უფლებას ვიყენებ“, – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი ქ.-მ.-მ, მანამდე მას მოსამართლემ ბრალდება გააცნო და უთხრა ისიც, რომ მისთვის წარდგენილი მუხლი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ანალოგიურია ჩვენი პოზიცია, დუმილის უფლებას ვიყენებთ,“ – გაიმეორეს სხვა ბრალდებულებმაც, როცა მოსამართლე ბრალდებასთან დაკავშირებით მათი პოზიციით დაინტერესდა.
„ბოლომდე ვიბრძოლებთ ევროსასამართლოში, გაიგეთ ახლა ჩემი პოზიცია?“ – პროკურორს მიუბრუნდა ადვოკატი დავით ჯაფარიძე.
„იქნებ შენიშვნა მისცეთ,“ – პროკურორმა დავით აკოპიანმა მოსამართლეს მიმართა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ადვოკატის ეს პოზიცია ბრალდებულთან შეთანხმებული არ იყო: საპროცესო შეთანხმება მიღწეული არ არის, მაგრამ დაწყებულია მოლაპარაკება. საპროცესო კი ბრალდების აღიარების გარეშე არ ფორმდება.
„გთხოვთ, მშვიდად,“ – ადვოკატს მიმართა მოსამართლემ.
„ზარალი 1300 ლარია და დაზარალებული ითხოვს 30 ათას დოლარს“, – აღნიშნა ადვოკატმა ადილარ წირღვავამ. საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი პირობაა, დაზარალებული იყოს თანახმა, ბრალდებულებს საპროცესო გაუფორმდეთ.
„მატყუარა ნარკორეალიზატორია, ამოიღეთ მიმოწერები და ნახეთ,“ – ხმამაღლა წამოიძახა ისევ ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ დაზარალებულად მიჩნეული კაცის შესახებ. სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა „ბათუმელებთან“ გასაუბრების დროს დაადასტურა, რომ ამ კუთხით მოკვლევა მართლაც მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე, მათ შორის იმაზე, თუ რატომ დააკავეს ბრალდებულები, მაგალითად, მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორმა ამ ეტაპზე კომენტარი არ მოგვცა: არსებითი განხილვის ეტაპზე გამოჩნდება, რაც არის სიმართლეო.
„სხვა პირდაპირი მტკიცებულება, სად აქვს პროკურორს?“ – მოსამართლეს მიმართა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მისი შეფასებით, სადავო ვიდეო ჩანაწერის გარდა, პირდაპირი მტკიცებულება პროკურატურას ამ საქმეში არ წარმოუდგენია.
„პრაქტიკა დაადგინა, მათ შორის, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, არ იკვეთება განზრახვა და სახეზე გვაქვს თვითნებობა… მას დღეს ნიშნავენ უზენაეს სასამართლოში,“ – აღნიშნა დავით ჯაფარიძემ.
„განსხვავებულია პრაქტიკა,“ – ჩაილაპარაკა პროკურორმა.
„მიწვევს პროკურორი“, – ბრალდებულების ახლობლებით გადავსებულ დარბაზს გამოხედა ადვოკატმა და დასძინა: „დაზარალებული ამბობს, მე არ მაქვს პრეტენზია, ჩემს ცოლს აქვსო, რა გავიგო ახლა?“
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიცია როგორც კი დაუკავშირდა, ტაქსი გამოიძახა და მივიდა პირველ განყოფილებაში, შემდეგ 3 საათი ელოდა, როდის გამოკითხავდნენ… პოლიციელების ჩვენებები უკვე საქმეშია, მეტი რა უნდა გაანადგურონ? ამ ახალგაზრდებს მთელი ცხოვრება წინ აქვთ, დაეკარგებათ სამართლიანობის განცდა,“ – ბრალდებულის მიმალვის საფრთხე გამორიცხა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ, როცა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი განიხილა.
ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ ვიდეოჩანაწერზე ექსპერტიზა ჩატარდა. ამ გზით დადასტურდებოდა, ნამდვილად ჩანან თუ არა კადრში ის პირები, რომლებიც ახლა ბრალდებულები არიან.

ბათუმის საქალაქო სასამართლო






