მთავარი,სიახლეები • • •

„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-11 დღე

12.11.2026
„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-11 დღე

საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა. პროცესი კითხვა-პასუხის ეტაპზეა. 12 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მე-11 პროცესი გაიმართა. 

12 ნოემბერს სასამართლო სხდომა მოსამართლე ევა გოცირიძის კითხვით გაიხსნა.

ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, „ოცნებას“, რომელსაც 12 ნოემბერს პროცესზე თორნიკე ჭეიშვილი, გიორგი კახიანი და არჩილ გორდულაძე წარმოადგენდნენ, ჰკითხა, ხომ არ გამოიწვევდა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მათ გაძლიერებას.

„[აკრძალვა] ხომ არ გახდება პირიქით, მათი პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერებისთვის ბიძგის მიმცემი და იქნებ არ იყოს თქვენთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის – სასარგებლო. თქვენ მოგეხსენებათ, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე რომაა და ეს მსხვერპლის სტატუსი, რომელსაც ისინი მიიღებენ, ამას როგორ უყურებთ და საბოლოო ჯამში, რაში გვჭირდება ეს ყოველივე?“

ევა გოცირიძეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ უპასუხა.

„აქ ჩვენ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან კი არ შემოგვაქვს სარჩელი, არამედ იმ ვალდებულებებიდან, რომელსაც კონსტიტუცია გვავალდებულებს და ვართ კონსტიტუციის ერთგულნი.

მათი ქმედებები არის არაკონსტიტუციური. ჩვენი მიზანია, რომ კონსტიტუცია განუხრელად იყოს დაცული და დაცული იყოს ამ ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ფუძემდებლური საწყისები და ზოგადად კონსტიტუციური წყობილება“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები მაშინ ერთიანდებიან, როცა „საქმე ეხება კონსტიტუციის დარღვევას“.

ამის შემდეგ მოსამართლეების კითხვებს მოპასუხე მხარე ანუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პასუხობდნენ.

მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ჰკითხა, თუ როგორ ხედავენ ისინი გამიჯვნას მმართველ ძალასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას შორის.

„შევეცდები, რომ თეორიული ასპექტები გავიარო ამ საკითხის, იმიტომ, რომ მოსარჩელეების დაკითხვის პროცედურამაც აჩვენა, რომ სამწუხაროდ, მეორე მხარეს არ აქვს კარგად გაცნობიერებული ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის და საკითხებს, რომელიც მიესადაგება მმართველი პარტიის მიმართ ოპოზიციის, საზოგადოების პრეტენზიებს, პროტესტს და ასე შემდეგ, ისინი რატომღაც აღიქვამენ როგორც სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს,“ – თქვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან ბეჟაშვილმა სასამართლოს შეახსენა 2003-2012 წლებში თუ რა ტიპის კონსტიტუციური წყობა იყო ქვეყანაში, რომ საქართველო იყო საპრეზიდენტო რესპუბლიკა, ხოლო პარლამენტს უფლებამოსილებები ჰქონდა მთავრობის დაკომპლექტებისას. შესაბამისად, მაშინ მთავრობას არ ჰქონდა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღების საშუალება მთავრობის ცალკეულ წევრებთან მიმართებაში. პრეზიდენტი წარადგენდა მთავრობას, რომელსაც პარლამენტი ან დაამტკიცებდა, ან თუ არ დაამტკიცებდა, რიგგარეშე [არჩევნების] საჭიროება დგებოდა.

„პრეზიდენტი როდესაც ირჩევა, ის არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ხალხის მანდატიდან გამომდინარე, თვითონ განსაზღვრავს მთავრობის ფორმირებას, აღმსრულებელ ხელისუფლებაში პოლიტიკის წარმართვას და ასე შემდეგ. პარლამენტი მთავრობის წევრების საქმიანობაზე პასუხისმგებელია თავის მანდატში.

საჯარო უწყებებში საჯარო თანამდებობის, სახელმწიფო თანამდებობის პირები რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რა პასუხისმგებლობებს ატარებენ – ეს მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხია, რა თქმა უნდა, მათი ხელმძღვანელების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილშიც.

მაგრამ ეს მანდატი, ხალხის მანდატზეა საუბარი, სახელმწიფოს ფლობის უფლებას არ ანიჭებს პოლიტიკურ პარტიებს. ხელისუფლებაში ყოფნა არ ნიშნავს სახელმწიფოსთან იდენტიფიცირებას. ისევე, როგორც ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას.

თუ პარტიის აკრძალვისთვის საკმარისი იქნება იმის დადგენა, რომ პარტიის წევრები ხელისუფლებაში ყოფნისას სახელმწიფო ორგანოებში გადაწყვეტილებებს იღებენ, მაშინ პარტიის აკრძალვის საფუძველი აღარ იქნება მისი არაკონსტიტუციური მიზანი ან საქმიანობა,

საფუძველი რომელიც გახდება, იქნება თავად ხელისუფლებაში ყოფნა.

ანუ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გაუქმდეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იყო – ეს ბუნებრივია არამართებული განმარტება იქნება შესაბამისი საკონსტიტუციო ნორმისა,“ – თქვა ლევან ბეჟაშვილმა თავის ვრცელ გამოსვლაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

„კი, ჩვენი მთავარი კითხვა მომჩივანთან, მათ შორის არსებითი განხილვის დროს, სწორედ ეს იყო – რას გვედავებიან? ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 2003-დან 2012 წლამდე, ხომ?! რეალობა ეს არის.

და რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია? იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მისი მოქმედებებიდან“, – ლევან ბეჟაშვილის გამოსვლა გააგრძელა ანი წითლიძემ, რომელიც ასევე ენმ-ს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსამართლემ მას დამაზუსტებელი კითხვაც დაუსვა და ჩამოუთვალა, რა შეიძლება ყოფილიყო მის კითხვაზე შესაძლო პასუხები:

„2003-დან 2012 წლამდე, აი, რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას? და რამდენი მათგანი იყო პარტიული. მე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, რომ უმრავლესობა – არა. თქვენც ბრძანდებოდით, ბატონო ვასილ, მათ შორის პროკურორის მოადგილე, პარტიული იყავით?“

„არა, არასდროს არ ვიყავი არცერთი პარტიის წევრი“, – უპასუხა ანი წითლიძეს მოსამართლე ვასილ როინიშვილმა.

„გახარია-საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ ვრცელი განმარტება გააკეთა იმის შესახებ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამიჯნულია, თუ რა არის სახელმწიფო და რა – პარტია.

„ჩვენი კონსტიტუციაც გვეუბნება, რომ სახელმწიფო არის მუდმივი სუვერენული ერთობა და პარტია არის დროებითი მოვლენა ხელისუფლებაში“ – თქვა ბერდია სიჭინავამ.

დღევანდელ სხდომაზე კითხვების უმეტესობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიემართებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემ პროცესზე ჩამოთვალა საქმეები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მოხდა.

მისი თქმით, ამ საქმეებს რამდენიმე გარემოება აერთიანებს – მასში მონაწილეობდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლები, არც ერთი საქმის განხილვა, გირგვლიანის საქმის გარდა, არ მომხდარა ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, განაჩენები 2012 წლის შემდეგ დადგა, საქმეებში მსჯავრდებულები დაჯილდოვდნენ პრეზიდენტის მიერ.

გოცირიძის კითხვა იყო – „ამ ყველაფერში ვინ არის დამნაშავე, მმართველი პარტია არ არის ამაში დამნაშავე საერთოდ?“ და უნდა „შეერაცხოს“ თუ არა ენმ-ს ეს ფაქტები.

მოგვიანებით ევა გოცირიძემ ცალკე გამოყო გირგვლიანის საქმე.

საპასუხოდ ანი წითლიძემ თქვა:

„გირგვლიანის აქციების დროს მე მაგ აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, რადგან ვთვლიდი, რომ არ იყო სწორი. მაგრამ გირგვლიანის საქმის გადაწყვეტილების მიმღები, რასაც მე დღესაც ვაპროტესტებ, რომელიც იყო ლევან მურუსიძე, რომელიც დღესაც არის სასამართლო სისტემაში…

თქვენი კითხვის პასუხად არის ეს, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ იმ დროს მომხდარი თუნდაც შეცდომები, გადაცდომები, კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც მათ შორის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, ქალბატონო ევა, განაზოგადოთ მთელ ნაციონალურ მოძრაობაზე, მათ შორის ისეთ ადამიანებზე რომლებიც საერთოდ 2012 წლიდან ვართ ნაციონალურ მოძრაობაში… ჩემთვის მაშინაც იყო, ქალბატონო ევა, მაგრამ ლევან მურუსიძისთვის არც მაშინ იყო, არც ახლა არის“.

აღნიშნულ საკითხზე განმარტება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ, რომლის აზრითაც, გირგვლიანის საქმის განხილვისას საქმის შინაარსია მთავარი და არა კონკრეტული მოსამართლე [მურუსიძე]:

„კონკრეტულ მოსამართლეს ახსენებთ და იმ მოსამართლემ, მე როგორც მახსოვს, წარდგენილი ბრალი, რაც სახელმწიფომ იმ დროს პროკურატურის სახით წარადგინა, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და განსაზღვრა სასჯელი.

გირგვლიანის საქმის განხილვისას საქმის შინაარსია მთავარი და არა კონკრეტული მოსამართლე. მუდმივად თუ აპელირება მოხდება კონკრეტულ მოსამართლეზე… ტრაგიკული უწოდეთ, თქვენი ახსნა-განმარტება რომ დაიწყეთ, გირგვლიანის საქმეს, მართლაც, აი, იმ საქმის ტრაგიკულობა. და რა ამოხდა იმ საქმეში, ეს უფრო მნიშვნელოვანია თუ იმ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და განსაზღვრა სასჯელი? საქმის შინაარსზე ისაუბრეთ“, – თქვა ნადარაიამ.

ანი წითლიძის თქმით, თუ ენმ-ის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს გირგვლიანის საქმე, მაშინ ლევან მურუსიძე არ უნდა იყოს სასამართლო სისტემაში.

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა ხვალ, 13 ნოემბერსაც გაგრძელდება.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს დაიწყო.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].

ამავე თემაზე: 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: