მთავარი,სიახლეები • • • •

ორდღიან ფესტივალ „განდაგანაში“ ბიუჯეტიდან 731 ათასი ლარი დაიხარჯება – ვის ამღერებენ ფესტივალზე

11.11.2026
ორდღიან ფესტივალ „განდაგანაში“ ბიუჯეტიდან 731 ათასი ლარი დაიხარჯება – ვის ამღერებენ ფესტივალზე

ფესტივალი „განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს წელს 731 ათას 367 ლარი დაუჯდება. აქედან 151 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებში, დანარჩენი კი – ფესტივალის ორგანიზებაში დაიხარჯება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფესტივალი „განდაგანა“ 2026 წლის 14 და 15 ნოემბერს ჩატარდება ბათუმში, ევროპის მოედანზე.

ფესტივალში მონაწილე მუსიკალური ჯგუფები და ჰონორარის ოდენობა, რომელსაც მათ აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტენდერის გარეშე გადაუხდის:

  • ჯგუფი „ურსა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 25 000 ლარი
  • „კახაბერი და ხანუმები“ – საკონცერტო შესრულება [1 სთ.] – 24 000 ლარი
  • ანსამბლი „აფხაზეთი“ – ცეკვებისა და სიმღერების ერთსაათიანი პროგრამა – 20 000 ლარი
  • ანსამბლი „შვიდკაცა“ – ღონისძიების მუსიკალური გაფორმება – 16 000 ლარი
  • ანსამბლი „ქართული ხმები“ – 15 000 ლარი
  • ჯგუფი „გორდელა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 15 000 ლარი
  • ჯგუფი „თეატრალური კვარტეტი“ – 30-40 წუთიანი საკონცერტო პროგრამა – 13 000 ლარი
  • ჯგუფი „ოდა“ – საკონცერტო შესრულება [60 წთ.] – 10 000 ლარი
  • ტრიო „მასპინძელი“ – საკონცერტო შესრულება [45 წთ.] – 4 000 ლარი
  • ანსამბლი „რასა“ – საკონცერტო შესრულება  – 4 000 ლარი
  • ტრიო „გოგლაურა“ – საკონცერტო შესრულება 2 დღე [45 წთ.] – 4 000 ლარი
  • ბენდი „ნართი“ – საკონცერტო შესრულება [30 წთ.] – 1 000 ლარი

მონაცემები აღებულია იმ ინვოისებიდან, რაც აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მიაწოდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

„ფესტივალი „განდაგანა“ ითვალისწინებს როგორც ქალაქური, ისე ეთნომუსიკის შემსრულებლების მონაწილეობას.

ღონისძიების კონცეფციიდან გამომდინარე, მხოლოდ გარკვეული ბენდების რეპერტუარი შეესაბამება ღონისძიებას და შესაბამისად მიზანშეწონილია წინასწარ შერჩეული, მაღალი პოპულარობითა და ფართო მსმენელთა აუდიტორიით გამორჩეული ბენდებისა და შემსრულებლების მოწვევა.

ორდღიანი მუსიკალური ფესტივალის პროგრამა შეირჩა ისე, რომ მორგებული ყოფილიყო სხვადასხვა სეგმენტის, ასაკისა და მუსიკალური გემოვნების აუდიტორიას.“ – წერს ტურისტული პროდუქტების სააგენტო განაცხადში.

სააგენტო ასევე წერს, რომ „მუსიკალური მომსახურება გათვალისწინებულია ერთჯერადად, მხოლოდ 2026 წლის 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე პერიოდში – 2 დღე. დაგეგმილი ღონისძიების მაღალ დონეზე, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, რეპერტუარი ჩამოყალიბებულია ერთიან პროგრამად. შესაბამისად, ვთვლით, რომ მიზანშეწონილი ალტერნატივით ჩანაცვლება შეუძლებელია“.

რაც შეეხება ფესტივალის ორგანიზებას, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ამ კუთხით 4 ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერში გამარჯვებულებთან კი ხელშეკრულებები ჯამში 580 ათას 367 ლარზე აქვს გაფორმებული.

მათ შორის:

შპს „მარკა“ – 124 900 ლარი – „ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებისა და წარმოდგენების ორგანიზება, რომელიც მოიცავს კულინარიის სივრცეში – თიხის, ნაქარგობებისა და კულინარიის მასტერკლასებს, საბავშვო სივრცეში – თითების, თოჯინების თეატრის, სახეზე მოხატვისა და საპნის ბუშტების აქტივობების, ხოლო ღოსნიძიების სივრცეში – გიგანტური თოჯინების, ოჩოფეხების, თემატური კოსტიუმებისა და პერსონაჟების წარმოდგენების ორგანიზებას“.

შპს „ჯეოვოისი“ – 123 000 ლარი – „ბათუმში, ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანსა და აბაშიძის ქუჩაზე ორი სცენისა და პროექციის მოწყობა: ერთი – მასშტაბური საკონცერტო-მუსიკალური სცენა, მასშტაბური ლედ ეკრანებით, განათებებით, ეფექტებით, გახმოვანებით, ლაივ ჩართვებით, ბექ სთეიჯებით, მასშტაბურობა გათვლილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებისთვის. მეორე – კულინარიული მასტერკლასებისა და სხვადასხვა აქტივობებისთვის განკუთვნილი სცენა, ასევე ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, სატელევიზიო სადგურის მომსახურებით, პროექციითა და თემატური ინსტალაციებით“.

შპს „ბეტა ივენთი“ – 152 567 ლარი – „კულინარიული სივრცის მოწყობისთვის საჭირო მომსახურების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მასიური ხის ჯიხურებისა და კერძების მომზადებისთვის საჭირო სრული ინვენტარის უზრუნველყოფას, კულინარიული მასტერკლასებისთვის სადემონსტრაციო სივრცის მოწყობას, ინგრედიენტებისა და ინვენტარის სრული უზრუნველყოფით ორი დღის განმავლობაში კულინარიული მასტერკლასების ორგანიზებით“.

შპს „კრეატივ-ჯგუფი“ – 179 900 ლარი – „დეკორაციულ-კონსტრუქციული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიების ტერიტორიის მოწყობას სივრცითი დეკორაციებით: თემატური ინსტალაციებით, კვების ზონებით, კვების ჯიხურებით, ეთნოკუთხეებით, ნალიით, ლაუნჯებით, მასშტაბური თაღებით, დროშებით და მათი მოწყობა-განთავსება-განათებით ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩაზე.“

ამ ტენდერების მიხედვით ფესტივალის ჩატარება ოქტომბრის თვეში იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ ნოემბრის თვეში გადმოიტანეს.

_____________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: