მთავარი,სიახლეები • • •

ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდულია

11.11.2026
ქობულეთის შემოვლით გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეზღუდულია

ქობულეთის შემოვლითი გზის ერთ მონაკვეთში [ჩაქვის ტერიტორიაზე] სავალი ნაწილის დაზიანების გამო სატვირთო მანქანების მოძრაობა ბათუმიდან ფოთის მიმართულებით ამ ეტაპზე აკრძალულია. რაც შეეხება საპირისპირო მიმართულებას [ფოთი-ბათუმი] ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. თავისუფალია მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობაც ნებისმიერი მიმართულებით.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით ქობულეთის შემოვლითი გზის ზემოთ აღნიშნულ მონაკვეთში, ბათუმი-ფოთის მიმართულებით დროებით აკრძალულია მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა წონა 3 500 კგ-ს აღემატება.

ბათუმიდან ფოთის მიმართულებით მოძრავი მძიმეწონიანი ავტომანქანები ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან ე.წ. ძველი გზით გააგრძელებენ მოძრაობას და ქობულეთთან არსებულ სატრანსპორტო კვანძით კვლავ დაუბრუნდებიან ქობულეთის შემოვლით გზას.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი [ასაქცევი] – სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, სარფი–ფოთის მიმართულებით, დროებით იკრძალება იმ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება.

შეზღუდვის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე განვითარებული მეწყრული პროცესი, რის შედეგადაც ჩამოიშალა გზის გამაგრებული გვერდულის ნაწილი და არსებობს სავალი ნაწილის დაზიანების საფრთხე.

შეზღუდვის მოქმედების პერიოდში 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ალტერნატიული მარშრუტით:

  • სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი აღნიშნული კატეგორიის ავტოტრანსპორტი გზის 89-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძიდან გადაერთვება გრიგოლეთი–შეკვეთილი–ქობულეთი–ჩაქვი–მახინჯაურის [გვირაბის შემოსავლელი] საავტომობილო გზაზე და 72-ე კმ-ზე მდებარე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუბრუნდება სენაკი–ფოთი [ასაქცევი]–სარფის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზას.

მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებენ შეუზღუდავად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს და შესაბამის ღონისძიებებს გეგმავს“ – აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა დამეწყრილი ადგილის მიმდებარე გზაზე 2026 წლის 10 ნოემბრიდან არის აკძალული. მეწყრული პროცესი კი აქ წინა დღით განვითარდა.

მთავარი ფოტო: ქობულეთის შემოვლითი გზა „ბათუმელების“ არქივიდან

„დაწყებულია წინასამობილიზაციო სამუშაოები გეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად“ – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან 9 ნოემბერს.

ამ თემაზე:

ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: