მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები • •

თაგოს საბაგიროს პროექტი აჭარის ბიუჯეტში ისევ ჩასვეს, ამჯერად გოდერძისთან ერთად

11.11.2026
თაგოს საბაგიროს პროექტი აჭარის ბიუჯეტში ისევ ჩასვეს, ამჯერად გოდერძისთან ერთად

აჭარის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში საჰაერო-საბაგირო ხაზების განვითარების ხელშესაწყობად 37 მილიონ 860 000 ლარი გაითვალისწინეს.

პროექტის განმარტებით ბარათში მოცემული ინფორმაციით, ამ თანხით მთავრობა სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის და  ხულო-თაგოს საბაგირო ხაზის მშენებლობის დაფინანსებას გეგმავს.

მესამე წელია ხულო-თაგოს საბაგირო გზა გაჩერებულია და მოსახლეობას ერთადერთი საავტომობილო, შემოვლითი გზით უწევს სარგებლობა. არსებული საბაგიროს მოწყობას აჭარის მთავრობა უკვე 3 წელზე მეტია გეგმავს და თავი ვერ მოაბა, შედეგად კი სოფელი იცლება და წელს თაგოს სკოლაში ერთი მოსწავლეც კი არ ჰყავთ. ადგილობრივები სოფლიდან ოჯახების წასვლას სწორედ საბაგიროს გაჩერებას და შემოვლითი გზის გაუმართაობას ასახელებენ.

პროექტის მიხედვით, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის ტერიტორიაზე ახალი საბაგირო ხაზის მშენებლობისთვის 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ხოლო დარჩენილი თანხა – 14 მილიონ 860 000 ლარი – ხულო თაგოს საბაგიროს უნდა მოხმარდეს.

გასული წლის ბოლოს აჭარის მთავრობა ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერდა, რომ წინასაპროექტო კვლევისათვის საჭირო დოკუმენტაცია შეიმუშავა და უახლოეს მომავალში ბაზრის კვლევას დაიწყებდა, შემდეგ კი ტენდერს გამოაცხადებდა პროექტის შედგენასა და შესაბამისი სამუშაოების შესრულების მიზნით.

რა ბედი ეწია პროექტს, ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის 2026 წლის ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიშში ვერ ვიპოვეთ.  შესაბამისი კვლევის მომზადების მიზნით კი აჭარის 2026 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი იყო გათვალისწინებული.
2027 წლის ბიუჯეტის კვლევის მიხედვით ეს კვლევა უკვე მზად არის.

ხულოს საბაგირო 1985 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მუშაობა არ შეუწყვეტია 2024 წლამდე. ეს საბაგირო წლების განმავლობაში დაბა ხულოსა და სოფელ თაგოს აკავშირებდა ერთმანეთთან. საბაგირო გზის სიგრძე 1720 მეტრია, სიმაღლე კი – 280 მეტრი. საბაგიროთი მგზავრობისას ხულოს ხედების დათვალიერებაა შესაძლებელი, რის გამოც ის ტურისტების დიდ ინტერესს იწვევდა.

საბაგიროს განახლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობითი და სივრცითი მოწყობის პროგრამის ფარგლებში იგეგმებოდა. თავდაპირველი ვერსიით ქვეპროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 368 000 ლარი იყო.

ამავე თემაზე:

ხულო-თაგოს საბაგირო მესამე წელია გაჩერებულია, უგზოობის გამო კი სოფელი იცლება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: