მთავარი,სიახლეები • • • •

„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე

10.11.2026
„გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე

დღეს, 10 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში „პარტიების აკრძალვის საქმის“ არსებითი განხილვა გაგრძელდა. დღევანდელი დღე ისევ შუამდგომლობების განხილვას დასჭირდა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა არც ამჯერად შეუცვლია: „არ დაკმაყოფილდეს“.

თავდაპირველად „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ მოსამართლეებს სთხოვა, კითხვა-პასუხის ეტაპის დაწყებამდე იქნებ ჯერ მტკიცებულებები გამოვიკვლიოთო.

„ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას ძირითადად ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნის საფუძველზე ითხოვს. სარჩელში ასევე მითითებულია სხვადასხვა ბმული, რაც ასახავს ამა თუ იმ პოლიტიკოსის საჯარო გამოსვლას, განცხადებას.

„დავიწყოთ საქმეზე დართული ბმულების ყურება?“ – პოლიტიკოსს მიმართა რევაზ ნადარაიამ. პლენუმის თავმჯდომარემ ისე დასვა შეკითხვა, თითქოს შუამდგომლობა არასერიოზული იყო.

„დიახ“ – მიმართა პლენუმის თავმჯდომარეს ლევან სამუშიამ. მან ხაზი გაუსვა კანონის დათქმას, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება და გამოკვლევა უნდა მოხდეს, რაც „ოცნებამ“ სარჩელში მიუთითა.

სამუშიამ დასძინა ისიც, რომ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევა პროცესზე არ მოხდება, „სასამართლო ვეღარ დაეყრდნობა“.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სულ სხვა არის…“ – შეედავა ოპოზიციონერ ლევან სამუშიას რევაზ ნადარაია. მან თქვა, რომ საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივითაც მოიპოვოს, გამოიკვლიოს მტკიცებულებები.

„…შეჯიბრებითობა არავის არ გაუუქმებია ინკვიზიციურობის პარალელურად,“ – კატეგორიულობა დაეტყო ნიკა გვარამიას, როცა რევაზ ნადარაიამ ისაუბრა „ინკვიზიციურობის პრინციპზე“.

ინკვიზიციურობის პრინციპის მიხედვით – საერთო სასამართლოებისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მართლმსაჯულების განხორციელება და მტკიცებულებების მოპოვება, თუ გამოთხოვა მხოლოდ მხარეების უფლება-მოვალეობ არ არის. ამ დროს სასამართლოს, მოსამართლეს დომინანტური როლი აკისრია.

დისკუსიაში ბერდია სიჭინავა ჩაერთო, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი. მან ამ საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ ე.წ. წულუკიანის დასკვნაზე ისაუბრა, რომელშიც დასახელებულია, მაგალითად, „ნორა კვიციანის საქმეც“.

„მაინტერესებს, მომემართება თუ არა დადგენილება ნორა კვიციანის უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, როცა მე ვიყავი პროკურორი და ვმონაწილეობდი მისი გამართლების პროცესში?… მოსარჩელე იძახის, რომ ყველას ყველაფერი მიემართება…

როგორ მომემართება, მაგალითად, 7 ნოემბერი მე, როცა პირველკურსელი ვიყავი?“ – „ოცნების“ წარმომადგენლებს გახედა ბერდია სიჭინავამ.

„რა ვქნათ, განაჩენებიც წავიკითხოთ?“ – ბერდიას სიჭინავას მიმართა ამჯერად პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ და ის აღნიშნა, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაზე კონკრეტული განაჩენებიცაა მითითებული.

„დასკვნას [ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა] ვერ დაეყრდნობა სასამართლო, იქ მოყვანილ ფაქტებს შეიძლება დაეყრდნოს, რასაც გამოკვლევა სჭირდება,“ – ნიკა გვარამიამ პლენუმს შეახსენა, რომ ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია.

„გაუგებრობას აქვს ადგილი,“ – კამათში ჩაერთო მოსამართლე ევა გოცირიძე, რომლის აზრითაც, „მტკიცებულებათა გამოკვლევა ყველაზე უფრო სისხლ-ხორცეულად არის ჩაქსოვილი….“ კითხვა-პასუხის ეტაპში, განსაკუთრებით კი, მაშინ, როცა მხარეები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს.

სიტყვის თქმის უფლება მაია კოპალეიშვილმა ითხოვა – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ უთხრა, რომ სიტყვას არ აძლევს.

„ვგავარ იმ ადამიანს, რომელსაც შეაშინებთ?“ – არ გაჩერდა მაია კოპალეიშვილი. მან პლენუმის თავმჯდომარეს უთხრა, რომ რადგან სასამართლოში პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა, ფეისბუქპოსტს დაწერს.

„დაწერეთ მერე რა იყო, თქვენი ფეისბუქპოსტებით ვის აშინებთ“ – ყოფილ მოსამართლეს მიუბრუნდა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია.

მტკიცებულებებს ცალკე გამოიკვლევენ? – ამ საკითხის გადასაწყვეტად პლენუმი სათათბიროდ გავიდა, იქიდან დაბრუნებულმა მოსამართლეებმა კი თქვეს, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდება. „ნაწილობრივ დაკმაყოფილება“ გამოვიდა ის, რომ თუ რომელიმე მტკიცებულების რელევანტურობა, ანუ ამ საქმესთან შემხებლობა სადავო გახდება, სასამართლო ამ მტკიცებულებას გამოიკვლევს, ცალკე ეტაპი კი, მას არ დაეთმობა.

„ერთსულოვანი იყო პლენუმი,“ – კმაყოფილი სახით დაამატა ეს რევაზ ნადარაიამ და კითხვა-პასუხის ეტაპზე გადასასვლელად მოემზადა, მაგრამ აქ ნიკა გვარამიამ მიმართა პლენუმის თავმჯდომარეს: სამართლებრივი შედეგის დადგომის ვადის შესახებ გვაქვს შუამდგომლობაო.

თუ სარჩელი იქნება დაკმაყოფილებული, ამ გადაწყვეტილების ამოქმედების ვადა არ იყოს 1 თვეზე ნაკლები გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – ეს მოითხოვა ნიკა გვარამიამ იმ დასაბუთებით, რომ პარტიებს, მაგალითად, შეეძლოთ მიმართონ ევროსასამართლოს, ევროსასამართლომ კი, გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„ეს არის მოტივაცია ევროსასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენებას რომ არ დაეკარგოს ეფექტი…. რომ მას შეეძლოს საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად უბრძანოს, რომ არ აღასრულოს გადაწყვეტილება?“ – იკითხა მოსამართლე ევა გოცირიძემ.

„არა, რატომ უნდა უბრძანოს? გადაწყვეტილება მიიღოს,“ – სიტყვა „ბრძანება“ გამოკვეთილად თქვა ნიკა გვარამიამ და დასძინა:

„პარტიის გაუქმება ნიშნავს მისი რეგისტრაციის გაუქმებას… საჯარო წესრიგში არაფერი არ ირღვევა, თუ ერთთვიანი გარდამავალი ვადა იქნება,“ – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ „ოცნების“ მიერ უკვე შეცვლილი კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო კონკრეტულ პარტიებს აკრძალავს, პარტიის წევრებს ახალ პარტიას ვეღარ შექმნიან, პარტიის ქონება ხაზინას გადაეცემა. შესაბამისად, დგება გამოუსწორებელი ზიანი.

„ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ეს არასერიოზული იქნება, გამონაკლისი გაავრცელოს ასეთ შემთხვევაზე… სხვადასხვა თემა უნდა იყოს შესწავლილი, დღეს ეს საკითხი ვერ გადაწყდება,“ – თავისი პოზიცია სათათბიროდ გასვლამდე დააფიქსირა მოსამართლე ევა გოცირიძემ. მისი აზრით, ამ შუამდგომლობაზე სასამართლომ მაშინ უნდა იმსჯელოს, თუ ის რომელიმე პარტიის აკრძალვის შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამასობაში, გამოჩნდა, რომ სასამართლოს ეჩქარება „პარტიების აკრძალვის საქმის“ განხილვის დასრულება: დიალოგში მოსამართლე ევა გოცირიძემ ახსენა, დასკვნითი სიტყვები შესაძლოა შემდეგ კვირაშიც იყოსო… ეს იმის ხაზგასასმელად, რომ ასეთ მოკლე დროში სასამართლო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე.

„თქვენს ნებაზე არაა ეს საკითხი? ნუ იქნება შემდეგ კვირაში და იყოს, მაგალითად, 3 თვის შემდეგ დასკვნითი სიტყვები,“ – ევა გოცირიძეს მიმართა ნიკა გვარამიამ.

„სასამართლო თუ ამ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, გამოვა, რომ ის წინასწარ იტყვის, რა იქნება გადაწყვეტილებაში. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს,“ – ფეხზე წამოდგა არჩილ გორდულაძე, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი.

„ბუნებაში ის არ არსებობს, რომ 5 პარტია ერთად აეკრძალოთ, ყოფილა ბუნებაში სადმე?“ – „ოცნების“ დეპუტატებს მიუბრუნდა ნიკა გვარამია და პლენუმს იქვე ისიც უთხრა, თუ პარტიების აკრძალვაზე მიიღებთ გადაწყვეტილებას, შემდეგ, მაგალითად, პარლამენტში მყოფი ოპოზიციონერების მანდატების შეწყვეტაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მიმართვიდან 14 დღეში ექნება გადაწყვეტილება მისაღები.

„არ დაკმაყოფილდეს“ – სულ რამდენიმე წამი დასჭირდათ მოსამართლეებს ადგილზე სათათბიროდ, გადასაჩურჩულებლად და გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად.

„დაკმაყოფილება იქნებოდა სამართლებრივი ნონსენსი,“ – დასძინა პლენუმის თავმჯდომარემ.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლო კითხვა-პასუხის ეტაპზე გადავიდა. პლენუმის თავმჯდომარემ თავდაპირველად კითხვების დასმის უფლება ვასილ როინიშვილს მისცა. ის „პარტიების აკრძალვის საქმეზე“ მომხსენებელი მოსამართლეა.

კითხვა-პასუხის ეტაპზე ჯერ მოსამართლეები უსვამენ შეკითხვას მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატებს.

„რომ დაგვიკონკრეტოთ მმართველი პარტიის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა,“ – იკითხა ვასილ როინიშვილმა.

კითხვის პასუხად, არჩილ გორდულაძემ რუსული კანონები ჩამოთვალა – ასეთი კანონები მივიღეთ, მაგრამ ხალხმა მაინც ჩვენ აგვირჩია და მანდატი მოგვცაო.

„თუმცა სახელმწიფო არ უდრის რომელიმე პარტიას,“ – დასძინა არჩილ გორდულაძემ.

ვასილ როინიშვილმა „ოცნების“ დეპუტატს შეახსენა ის, რაც ახსნა-განმარტების ეტაპზე თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა: თუ დანაშაულთან გვქონდა საქმე, კონკრეტული თანამდებობის პირები აგებდნენ ამაზე პასუხს, ვიღაცამ მოიხადა სასჯელი, ვიღაცის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ პარტია რა შუაშიაო?

არჩილ გორდულაძემ თურქეთის და ესპანეთის შემთხვევები გაიხსენა, სადაც პარტიებს მოსთხოვეს ის, რომ ძალადობის ნაწილში ლიდერებს არ გაემიჯნონ.

გორდულაძემ ნიურნბერგის პროცესს გაუტოლა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილი დანაშაულები, ოღონდ „მცირე მასშტაბითო“.

ევა გოცირიძემ „ოცნების“ დეპუტატს დაკონკრეტება სთხოვა: თანამდებობაზე მყოფი პარტიის ლიდერის ქმედების გამო პასუხი პარტიამაც უნდა აგოს იმიტომ, რომ ლიდერს არ გაემიჯნა, თუ იმიტომ, რომ ლიდერი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ დაისაჯა?

„უმეტესობა დაისაჯა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,“ – თქვა ევა გოცირიძემ, რასაც ოპოზიციონერთა ფლანგიდან მოჰყვა წამოძახილი: „მიმანიშნებელ კითხვას უსვამთ“.

კითხვის პასუხად არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულზე რეაგირება არ ხდებოდა და დამნაშავეს პირიქით ახალისებდნენ, რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდაო.

აქ რევაზ ნადარაიამ თქვა, რომ ჯერ კითხვები ვასილ როინიშვილმა უნდა ამოწუროს, თუმცა ვასილ როინიშვილმა პლენუმის თავმჯდომარეს გადაულაპარაკა: მანდილოსანს დავუთმობო.

„რა მიგაჩნიათ კონსტიტუციური წყობილების ნაწილად?“ – ევა გოცირიძემ შეკითხვის ფორმულირების დროს ახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი [ევროინტეგრაცია].

„საქართველო გახდება ნატოს წევრი თუ არა, კონსტიტუციური წყობილების განუყოფელ ნაწილად მიგაჩნიათ თუ არა?“ – იკითხა ევა გოცირიძემ.

„პასუხს კარნახობთ უკვე მერამდენედ,“ – ლევან ბეჟაშვილმა გააპროტესტა მოსამართლის შეკითხვა.

„78-ე მუხლს დამოუკიდებლად ვერ განვიხილავთ, ეს უნდა იყოს განხილული სხვა მუხლებთან კონტექსტში,“ – უპასუხა მოსამართლეს გიორგი კახიანმა, „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა.

„კონსტიტუცია რამდენჯერმე შეიცვალა, ამით კონსტიტუციური წყობილება შეიცვალა?“ – ჩაეკითხა კახიანს მოსამართლე ევა გოცირიძე.

„არა, მმართველობის მოდელის ცვლილებით არ იცვლება კონსტიტუციური წყობილება,“ – თქვა კახიანმა და იქვე „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, თორნიკე ჭეიშვილმა მიმართა მოსამართლეს: 78-ე მუხლის გარდამავალი დებულებაა, „დროებითი ნორმა და დროებითი მიზნისკენ ორიენტირებულიო…“

„თუ ხელისუფლება არღვევს 78-ე მუხლს, ამით არღვევს კონსტიტუციურ წესრიგს და ემზადება, რომ აიკრძალოს?“ – ევა გოცირიძის მორიგ შეკითხვაზე ყველამ „ოცნების“ წარმომადგენლებს შეხედა და გაეცინათ.

გამოსავალი ისევ თორნიკე ჭეიშვილმა იპოვა, 78-ე მუხლში იგულისხმება „გონივრული ზომების“ მიღება ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად, თორემ თუ საუბარია არაგონივრული ზომების მიღებაზე, მაშინ პრიორიტეტი კონსტიტუციით განმტკიცებულ დემოკრატიულ და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპების დაცვას ენიჭებაო.

რა შემთხვევაში შეიძლება მოეთხოვოს პარტიას, გაემიჯნოს სხვა პარტიის ლიდერების ქმედებებს – ეს და კიდევ რამდენიმე შეკითხვა ევა გოცირიძემ გააჟღერა იმ პირობით, რომ ხვალ დილით მოისმენს „ოცნების“ პასუხებს.

„ხვალ, დილის 11-ზე ვიწყებთ,“ – სხდომა დასრულებულად გამოაცხადა პლენუმის თავმჯდომარემ.

„რთული შეკითხვებია, 12-ზე დავიწყოთ,“ – წამოიძახეს ისევ ოპოზიციის ფლანგიდან.

„კარგი, 12-ზე დავიწყოთ,“ – თქვა რევაზ ნადარაიამ.

ამავე თემაზე: 

რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში – რეპორტაჟი 

„ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს

„ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე 

„მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე

„ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა

მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“

ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე

რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: