სამთო კურორტებზე საბაგიროების ფასი გაიზარდა. მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციით, 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ახალი ტარიფები განისაზღვრა.
ახალი ტარიფების მიხედვით, მაგალითად, კურორტ გოდერძიზე 1 დღე საბაგიროთი სარგებლობა 50 ლარი დაგიჯდებათ, გასულ წელს – 30 ლარი იყო. მესტიაში საბაგიროს ფასი დღეში 50-დან 70 ლარამდე გაიზარდა, ბაკურიანში 55-დან 75 ლარამდე, გუდაურში კი, საბაგიროს ფასი 1 დღით 90 ლარია. გუდაურში გასულ წელს იგივე საბაგიროს აბონემენტი მოთხილამურეს 70 ლარი უჯდებოდა.
ოთხივე სამთო კურორტზე მულტიქარდის საფასური 650-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. მულტიქარდით ოთხივე სამთო კურორტზეა შესაძლებელი საბაგიროთი სარგებლობა მთლიანად სათხილამურო სეზონის განმავლობაში.
ეს ფასი განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეებისთვის. უცხოელებს გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ. ახალი ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ მთის ტრასების სააგენტოს გვერდზე. ეს სახელმწიფო სააგენტო 4 სამთო კურორტზე: ბაკურიანი, მესტია, გუდაური, გოდერძი – ადგენს საბაგიროების ტარიფებს.
რაც შეეხება კურორტ გოდერძის – აქ 7 დღით საბაგიროს აბონემენტის აღება 2026-2027 წლების სეზონზე 260 ლარი დაგიჯდებათ, 6 დღე – 230, 5 დღე – 195, 4 დღე – 160, 3 დღე – 130, 2 დღე – 90, 1 დღე – 50 [ბავშვები – 25 ლარი].
ამ ეტაპზე კურორტ გოდერძიზე საბაგიროები დაკეტილია. გოდერძიზე მცხოვრებმა მოქალაქემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ თოვლის საფარი ჯერ არაა ისეთი, რომ სათხილამურო ტრასა მოეწყოს. სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზე სავარაუდოდ 15-20 დეკემბრიდან გაიხსნება.
ამ თემაზე:
გოდერძიზე სეზონს ორდღიანი ფესტივალით გახსნიან – ბიუჯეტიდან ₾109 ათასი დაიხარჯება






