ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გონიოს ყოფილ პოლიგონთან, ზღვაში, 82 ჰექტარი „ოცნებამ“ მიწად დაარეგისტრირა 

09.09.2026
გონიოს ყოფილ პოლიგონთან, ზღვაში, 82 ჰექტარი „ოცნებამ“ მიწად დაარეგისტრირა 

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ, „ოცნების“ მთავრობამ ზღვაში 82 ჰექტარი ტერიტორია არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად, ცალკე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირა.

ახალდარეგისტრირებული 822 638 კვადრატული მეტრი ფართობის წყლით დაფარული ტერიტორიის მიმდებარედ კი, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე „ოცნების“ მთავრობას „არაბული ინვესტიცია“ აქვს დაანონსებული.

ბათუმი, გონიო / წყლით დაფარული ტერიტორია ზღვაში, რომელიც ცალკე ნაკვეთად დაარეგისტრირეს [მონიშნულია წითელი ფერით]. ყვითელი ფერით კი მონიშნულია ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ადგილები, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზე“ უზუფრუქტითაა გადაცემული.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საჯარო რეესტრს ზღვაში ნაკვეთის დასარეგისტრირებლად 2026 წლის 6 აგვისტოს მიმართა. საჯარო რეესტრის იმავე დღის და ამ დროისთვის ერთადერთი ამონაწერით აღნიშნული ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ზღვაში დარეგისტრირებულ სხვა „ნაკვეთებზე“ ნახეთ ამ ბმულზე: ბათუმში კიდევ 43 ჰექტარი ზღვა მიწად დაარეგისტრირეს – ვისთვის ამზადებენ სანაპიროს

სახელმწიფოს საკუთრებაშია გონიოს დასახლებაში ყოფილი სამხედრო პოლიგონისა და მიმდებარე ტერიტორიებიც – სულ 258.8 ჰექტარი მიწა, რომელიც „იგლ ჰილს საქართველოზეა“ უზუფრუქტით გადაცემული.

ვრცლად: გაასაიდუმლოეს გონიოში 258,8 ჰექტარი მიწის არაბულ კომპანიაზე გადაცემის ხელშეკრულებაც

ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორია სავარაუდოდ „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.

„იგლ ჰილსის“ პროექტი გონიოში / ესკიზი

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვით პორტალზე უკვე გამოქვეყნებულია ბათუმის გენგეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტი, რომელსაც გენგეგმის პროექტიც ახლავს. ამ პროექტში კი „არაბული ინვესტიციის“ შესახებ – თუ რა გავლენას მოახდენს ქალაქის განვითარებაზე, გარემოზე და ა.შ. დეტალურად არაფერია გაწერილი.

სააგენტოს ამ დრომდე არ ჩაუნიშნია ამ პროექტის საჯარო განხილვაც, რასაც კანონმდებლობა ითხოვს.

ვრცლად: რა [არ] წერია „არაბულ ინვესტიციაზე“ ბათუმის გენგეგმის პროექტში

„არაბული ინვესტიცია“ უნდა განხორციელდეს თბილისშიც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებში უშუალოს „არაბული ქალაქის“ განაშენიანების გეგმაზეა მუშაობა დაწყებული.

რამდენიმე დღის წინ  სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის კონცეფცია, რომელიც კრწანისის პარკს [თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების ნაწილს] მოიცავს; ამ კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში და სხვა დოკუმენტაცია.

ამ თემაზე: 

კრწანისის ტყეპარკში „არაბული ქალაქის“ კონცეფცია ცნობილია – შენიშვნების წარდგენა დაიწყო

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: