მთავარი,სიახლეები • •

55 ათასი სასკოლო ფორმა დამატებით შეიკერება, მიწოდების ვადა კი თებერვლამდე გადაიწევს

12.11.2026
55 ათასი სასკოლო ფორმა დამატებით შეიკერება, მიწოდების ვადა კი თებერვლამდე გადაიწევს

სახელმწიფო შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ დამატებით 55 ათას ცალ სასკოლო ფორმას შეისყიდის. მიმწოდებელი იგივე კომპანია იქნება, ვისგანაც ფორმებს ყიდულობენ.

შესყიდვა ამჯერადაც  უტენდეროდ განხორციელდება, თუმცა საერთო ფასი დოკუმენტებში დაკონკრეტებული არ არის. სახელმწიფო კომპანია წერს, რომ კონტრაქტორი ფასს არ შეცვლის და დამატებით ფორმებს იმავე ფასად მიაწვდის, როგორც ამ დრომდე აწვდიდა.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული განაცხადისა და დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ შპს „საგანმანათლებლო რესურსებსა“ და შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“ შორის 2026 წლის 19 ივნისს გაფორმდა N21 ხელშეკრულება 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვაზე, ჯამური ღირებულებით 45 658 840 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განისაზღვრა სამ ეტაპად: I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე.

ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე საჭირო გახდა დამატებით 55 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის საჭიროება, საიდანაც 15 000 ცალი [გადანაწილებულია M, L, XL ზომებზე] სასკოლო ფორმის მოწოდება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, 2026 წლის წლის 30 ნოემბრამდე, ხოლო 40 000 ცალი XL ზომის [გოგოს პიჯაკი 18 000 ცალი, ბიჭის პიჯაკი 17 000 ცალი, ქვედაკაბა მუხლამდე – 5000 ცალი] სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრის“’ ესაჭიროება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდი.

ამდენად, ცვლილების შედეგად, 40 000 ცალი XL ზომის სასკოლო ფორმის მოწოდებისთვის საჭირო ვადის გათვალისწინებით, ხელშეკრულებას დაემატება სასკოლო ფორმების მოწოდების მე-4 ეტაპი, რომლის მოწოდების ვადა განისაზღვრება 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

„რეალიზაციის მიმდინარეობის პარალელურად, გაანალიზდა გაყიდვების სტატისტიკა, ტენდენციები და გამოიკვეთა დაბალ კლასებშიც კი XL ზომებზე მოთხოვნა, რაც ბუნებრივია მაღალი კლასების ფორმების რეალიზაციის პერიოდში პროპორციულად გაიზრდება. შესაბამისად, დიდი ზომების დეფიციტის პრევენციის მიზნით, იკვეთება საჭიროება დამატებით შეძენილ იქნას სასკოლო ფორმები, რაზეც კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოხატულია მზაობა, მოწოდება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთეულის ფასის უცვლელად“ – წერს „საგანმანათლებლო რესურსები“.

სახელმწიფო კომპანია შესყიდვების სააგენტოს ასევე წერს, რომ „საჯარო სკოლების პირველკლასელებისთვის საჭირო სასკოლო ფორმების ძირითადი რაოდენობის რეალიზაცია განხორციელდა 2026 წლის 01 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო 2026 წლის 02 ნოემბრიდან დაიწყო II-VI კლასის მოსწავლეებისთვის საჭირო სასკოლო ფორმების რეალიზების პროცესი…

სასკოლო ფორმების ცალკეულ ზომებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინება, თავდაპირველი მომართვისას ობიექტურად შეუძლებელი იყო“.

ამავე თემაზე:

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: