მთავარი,სიახლეები • • •

ზღვაში რეგისტრირებულ ნაკვეთს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს – აქ „არაბული ინვესტიციაა“ დაანონსებული

12.11.2026
ზღვაში რეგისტრირებულ ნაკვეთს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს – აქ „არაბული ინვესტიციაა“ დაანონსებული

ბათუმში, გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის მიმდებარედ ზღვაში 82 ჰექტარს, „ოცნების“ მთავრობამ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა. 2026 წლის აგვისტოში კი, ეს 82 ჰექტარი ზღვაში სახელმწიფომ არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთად დაარეგისტრირა.

2026 წლის მაისში განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა ყოფილი პოლიგონისა და მიმდებარე მიწის ნაკვეთებს – ჯამში 2,6 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს. 

ბათუმის გარდა იგივე სტატუსი მიენიჭა თბილისსა და გარდაბანში – „კრწანისის პარკსა“ და მიმდებარე ნაკვეთებსაც. „ოცნების“ მთავრობის განცხადებით, ამ ტერიტორიებზე არაბული ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

ზღვაში დარეგისტრირებული ტერიტორიაც „არაბულ ინვესტიციას“ უკავშირდება, ვინაიდან აქ „იგლ ჰილსის“ ესკიზის მიხედვით ნავმისადგომი და იახტების შესასვლელი უნდა მოეწყოს.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, ცვლილება შევიდა წინა, 29 მაისის დადგენილებაში, რითაც განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში გაერთიანდა, როგორც ყოფილი პოლიგონის, ასევე ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი. შესაბამისად, ამ სტატუსის ქვეშ მოექცა ჯამში 3 662 627 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია [ზღვა, პლაჟი, ყოფილი პოლიგონი].

ეს ცვლილება 12 ნოემბრიდან ამოქმედდა.

განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორია ბათუმში [მასში გაერთიანებულია ყოფილი პოლიგონი, პლაჟი და ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთი] / წყარო: მთავრობის 10 ნოემბრის დადგენილება

„ოცნების“ ხელისუფლებას კრწანისსა და გონიოში არაბული Eagle Hills-ის მიერ 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს დაანონსებული. „იგლ-ჰილსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებები კი გასაიდუმლოებულია.

გონიო-კრწანისის დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, რომ გასაიდუმლოებული ხელშეკრულების საფუძველზე კრწანისსა და გონიოში მიწის დიდი ფართობების არაბულ კომპანია Eagle Hills-ისთვის გადაცემა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის საგანია.

„საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, იცოდეს და შეაფასოს ფასეული სახალხო საკუთრების გასხვისების/სარგებლობაში გადაცემის დეტალები, ბევრად აღემატება კომპანიის კომერციულ ინტერესებს“ – აცხადებენ საორგანიზაციო ჯგუფში.

გონიოს ყოფილი პოლიგონისა და ზღვაში რეგისტრირებული ნაკვეთის ტერიტორია შედის ზურმუხტის ქსელის „ჭოროხის დელტას“ საიტის საზღვრებში და მას ბერნის კონვენცია იცავს.

საქართველოს ასოცირების შეთანხმებითაც აქვს ვალდებულება შექმნას და დაიცვას ზურმუხტის ტერიტორია. საინვესტიციო პროექტის გამო კი მთავრობა, „საჭიროების შემთხვევაში“, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის საზღვრის კორექტირებასაც განიხილავს.

ამ თემაზე ვრცლად:

რას ცვლიან არაბული ინვესტიციის გამო ჭოროხის დელტაში – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: