მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები • • •

გოდერძიზე სეზონს ორდღიანი ფესტივალით გახსნიან – ბიუჯეტიდან ₾109 ათასი დაიხარჯება

10.11.2026
გოდერძიზე სეზონს ორდღიანი ფესტივალით გახსნიან – ბიუჯეტიდან ₾109 ათასი დაიხარჯება

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ხულოში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნას ორდღიანი ფესტივალით გეგმავს.

ფესტივალის ორგანიზებისთვის 109 ათასი ლარი დაიხარჯება. ამ ხარჯს კი შემდგომში იმ ჰონორარის თანხაც დაემატება, რასაც ფესტივალზე მოწვეულ DJ-ეებსა და მუსიკოსებს გადაუხდიან.

ამ ეტაპზე უცნობია სეზონის გახსნის, ანუ ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი.

„ფესტივალის ჩატარება იგეგმება დეკემბრის თვეში, რომელიმე შაბათს/კვირას. ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღი დამოკიდებულია ამინდსა და თოვლის სიმაღლეზე.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში, რომელიც დეპარტამენტმა გამოაცხადა.

ფესტივალის წინასწარი პროგრამა [ტენდერიდან]:

დღე 1

ფესტივალის გახსნა [ოფიციალური ნაწილი]
საბავშვო აქტივობები
მუსიკალური პროგრამა – მოწვეული ბენდი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 2
კოცონი
DJ 1, DJ 2, DJ3

დღე 2

ელექტრონული მუსიკა [DJ 1], [DJ2]
საბავშვო აქტივობები
კოცონი
მუსიკალური პროგრამა – ადგილობრივი ბენდი 1
ელექტრონული მუსიკა [DJ 3]

ფესტივალის წინასწარი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

ფესტივალის დეკორაციის, ფოტოზონების, ინსტალაციების საორიენტაციო ვიზუალები მაგალითისთვის კი ნახეთ ამ ბმულზე.

„სამთო – სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონის გახსნის, კურორტ გოდერძის პოპულარიზაციისა და კურორტზე სათხილამურო სეზონის დაწყების შესახებ შიდა და საერთაშორისო ვიზიტორების ინფორმირების მიზნით ორდღიანი ფესტივალის ორგანიზებაზე“ ტენდერი 109 ათას 900 ლარითაა გამოცხადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 15 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება.

„ფესტივალის ჩატარების ზუსტი თარიღები ეცნობება მიმწოდებელს, ფესტივალის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე“ – წერია სატენდერო პირობაში.

________________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: