მთავარი,სიახლეები •

ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

13.11.2026
ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, დღეს, 13 ნოემბერს, დავით ფეიქრიშვილის მიმართ, განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარედგინა.

აღნიშნული პირები არიან: სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი რამაზ ფირცხალავა, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები – ვატო ყიფიანი (იგივე ვახტანგ ჟვანია), შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, პავლე გოცირიძე და დავით კაჭარავა.

როგორც საზოგადოებისთვისს ცნობილია, 2026 წლის ოქტომბერში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ხოლო 2026 წლის 25 ოქტომბერს, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 16 ოქტომბერს, ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები – ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.

მათი საკანში განაწილებამდე, ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის – რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონის – „პენიტენციური კოდექსის“ და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების“ დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ზემოაღნიშნული პირები და ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს.

იმავე დღეს, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა, დავით კაჭარავამ და პავლე გოცირიძემ ჯგუფურად განახორციელეს ფიზიკური ძალადობა დავით ფეიქრიშვილის მიმართ, რაც გაგრძელდა 2026 წლის 20 ოქტომბრამდე.

განხორციელებული ძალადობის შედეგად, დავით ფეიქრიშვილმა მიიღო მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა, რაც მიეკუთვნება ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს – გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს – რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ.

აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- აცხადებს პროკურატურა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: