აჭარის მთავრობისგან 5 000 ლარად გონიოში ნაყიდი მიწა მყიდველმა 138 000 დოლარად გაყიდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა, ასევე, ამგვარ გარემოში ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც ეჭვებს აჩენს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში აჭარის მთავრობამ ქონების გასასხვისებლად 39 ელექტრონული აუქციონი გამართა, რომლის 84% არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მათში მონაწილეობდა თითო პრეტენდენტი და აუქციონზე გატანილი ქონებები გაიყიდა თითო ბიჯში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • „აუქციონებში გამარჯვებული 8 და პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული  1 ნასყიდობის  ხელშეკრულების ხელისმომწერი კომპანიის მეწილეებმა, მეწილეების ბიზნესპარტნიორებმა და დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, გასულ წლებში 966 000 ლარი შესწირეს;
  • პოლიტიკური შემოწირულების გამცემმა 7 სუბიექტმა აუქციონები უკონკურენტოდ, მინიმალური ფასნამატით მოიგო;
  • აუქციონების გამოცხადების და მოცემულ აუქციონებში გამარჯვებული 4 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის დრო ემთხვევა ერთმანეთს.
  • პირდაპირი მიყიდვის გზით შესყიდული ობიექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქის, ბურაქ ბაშლილარის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. აჭარის მთავრობამ მას 5 226 ლარად მიყიდა 613 130 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, ბუნდოვანი პირობებით, ბაშლილარმა კი ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138 300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020“-ს;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კვლავ აგრძელებს ავტონომიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების 1 ლარად გაყიდვის პრაქტიკას. შპს „გონიო 2020“-ს მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ვალდებულებებით გადაეცა, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე 2 ლარად შეძენილი ქონების დემონტაჟის ადგილას ძალოსნობის ახალი სავარჯიშო ბაზა უნდა ააშენოს და საამისოდ კომპანიამ დამატებით უკონკურენტოდ გაიმარჯვა აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერში“.

კვლევის თანახმად, უძრავი ქონებების გასასხვისებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მყიდველებმა ჯამში გააფორმეს 48 ნასყიდობის ხელშეკრულება, მათ შორის: 9 პირდაპირი მიყიდვის წესის, 6 უპირობო ელექტრონული აუქციონის და 33 პირობებიანი ელექტრონული აუქციონის საფუძველზე.

„გამჭვირვალობა“ კვლევაში ცალკე გამოყოფს პუნქტს, თუ ვინ არიან ის პირები/კომპანიები, ვინც 1 ლარად მიიღეს ქონება აჭარის მთავრობისგან.

მაგალითად:

„პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე, შპს „საბა კონსტრაქშენზე“ გასხვისდა 5 შენობა-ნაგებობა, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარებოდა. ამ გარიგებისთვის გაფორმდა ნასყიდობის 2 ხელშეკრულება და თითოეულის ღირებულება შეადგენდა 1 ლარს. მოცემული ხელშეკრულებებით შპს „საბა კონსტრაქშენმა“ იკისრა შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების/ნარჩენების გატანის ვალდებულება.

ამ შენობებიდან 1 შენობა-ნაგებობა მდებარეობდა დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე, სადაც შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 4 მილიონზე მეტი ლარის ზღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მასში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „საბა კონსტრაქშენმა“. ამ დრომდე ხელშეკრულებაში ცვლილებები 6-ჯერ შევიდა: კომპანიას სავარჯიშო ბაზა, ხელშეკრულების პირველი რედაქციით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ ვადამ ჯერ 2022 წლის აპრილამდე, ბოლოს კი 2022 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ასევე, შპს „გონიო 2020“-ს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაეცა ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 373 800 ლარს. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა აიღო ვალდებულება, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, გაამწვანოს მიწის ნაკვეთსა და ბათუმის ბულვარს შორის ტერიტორია, მაგრამ გაურკვეველია, რა იგულისხმება ტერიტორიის გამწვანებაში, რამდენი კვადრატული მეტრის გამწვანება უნდა მოხდეს და რა თანხა უნდა დახარჯოს აღნიშნულ სამუშაოებში.

ფიზიკურ პირს, ბურაქ ბაშლილარს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 5 226 ლარად საკუთრებაში გადაეცა 922 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, რომლის საბაზრო ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეადგენდა 613 130 ლარს. ბურაქ ბაშლილარმა ეს უძრავი ქონება საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138 300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020“-ს.

„აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დოკუმენტში „ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად“ არის მოხსენიებული: მყიდველმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სადავოდ მიჩნეულ, გადაფარვაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით 05.36.24.608) დაკავშირებით მომავალში არ ექნება პრეტენზია. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა დავაზე ან რისკებზეა საუბარი.

მწირი აღწერილობიდან გამომდინარე შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე საკუთრების პრეტენზია კომპანია tustas industrial plants co.incorporation-ს ჰქონდა და ბაშლილარმა ხელშეკრულების გაფორმებით იკისრა ვალდებულება, ყველა შესაძლო ქონებრივი დავა სწორედ ამ კომპანიასთან და არა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აწარმოოს“ – წერს „გამჭვირვალობა“.

„გამჭვირვალობა“ კვლევაში წერს, რომ პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ერთი ხელმომწერი და ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები, მათი ბიზნესპარტნიორები ან/და დირექტორები, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 966 000 ლარი შესწირეს.

ამავე დროს, მათგან 7 სუბიექტს ელექტრონულ აუქციონებში კონკურენტები არ ჰყოლიათ და მათ აუქციონებში გაიმარჯვეს 1 ბიჯის შედეგად, საწყის საპრივატიზაციო საფასურზე მინიმალური ფასნამატით.

„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ფიზიკურ პირთან, ბურაქ ბაშლილართან, შპს „გონიო 2020“-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით და  შეისწავლონ იმ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც აუქციონამდე რამდენიმე კვირით ადრე დააფუძნეს.

ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს აჭარის მთავრობას, ელექტრონული აუქციონების გამოცხადებამდე უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პირობების შესახებ და უზრუნველყოს გამჭვირვალე კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც რეგიონულ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მსგავსი კვლევა ორგანიზაციამ ბოლოს 2020 წელს გამოაქვეყნა, სადაც 2019 წლის პრივატიზაციის პროცესი იყო შეფასებული.

რუსეთი, სავარაუდოდ, აღარ ეყრდნობა „ვაგნერის“ მსჯავრდებულ მებრძოლებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 3 თებერვლის ანგარიშში „ვაგნერის“ დაჯგუფებაში რეკრუტირების პროცესს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მსჯავრდებულების რეკრუტირების პროგრამა „ვაგნერში“, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაფიქსირებული პიკის შემდეგ.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის [ФСИН] მონაცემებით, რომლებიც 2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყანაში სულ 433 000 მსჯავრდებულია, რაც 2022 წლის ნოემბრის მონაცემს 6000-ით ჩამორჩება.

შედარებისთვის, ФСИН-ის იგივე მონაცემი 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე 23000-იან კლებას აჩვენებდა. ამ კლებიდან კი დიდი ნაწილი სავარაუდოდ სწორედ „ვაგნერში“ რეკრუტირებულებზე მოდიოდა.

გარდა ამისა, როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, უკრაინელი მებრძოლებისგან გავრცელებული გადაუმოწმებელი მტკიცებულებები ბოლო ათ დღეში მიუთითებს, რომ რუსეთი იმდენად აღარ ეყრდნობა „ვაგნერის“ მსჯავრდებული მებრძოლების თავდასხმებს ძირითად სექტორებში.

„ვაგნერსა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის მნიშვნელოვანი დაძაბულობა საჯაროდაა გამოხატული; რუსეთის ელიტის ფრაქციებს შორის კონკურენცია, სავარაუდოდ, ნაწილობრივ პასუხისმგებელია მსჯავრდებულთა მიწოდების შემცირებაზე“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 3 თებერვლის ანგარიშში.

რუსეთის შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ეფექტური არ იქნება – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] 2 თებერვლის ანგარიშში წერს, რომ რუსეთის დიდი შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში ადრე გაზაფხულზე, სავარაუდოდ, ეფექტური არ იქნება.

ანგარიშში მოყვანილია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ანდრეი ჩერნიაკის განცხადება, რომელმაც უკრაინულ მედიასთან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუს სამხედროებს უბრძანა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთლიანად დაპყრობა 2023 წლის მარტამდე. ჩერნიაკმა ასევე განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს აღმოსავლეთ უკრაინაში გადაჰყავთ დამატებით თავდასხმის ჯგუფები და დანაყოფები, გადააქვთ იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა.

„პუტინმა შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაჭარბებით შეაფასა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები.

ISW-მა ვერ შენიშნა იმის ვერანაირი მტკიცებულება, რომ რუსულმა ძალებმა დაიბრუნეს საკმარისი საბრძოლო ძალა აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ძალების დასამარცხებლად და დონეცკის არაოკუპირებული რეგიონის 11300 კვ.კმ-ზე მეტის დასაპყრობად [ეს რეგიონის მთლიანი ტერიტორიის 42 პროცენტია] მარტამდე, პუტინის ბრძანების შესაბამისად“, – წერენ ISW-ის ანალიტიკოსები.

ISW-ის წინასწარი შეფასებით, რუსეთის მთავარი შეტევა, სავარაუდოდ, ნაადრევად დასრულდება 2023 წლის აპრილისთვის, ოპერატიულად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის გარეშე.

„რუსული ძალების კულმინაციამ შეიძლება შექმნას ხელსაყრელი პირობები უკრაინული ძალებისთვის, რომელიც მათ შეიძლება გამოიყენონ კონტრშეტევისთვის 2023 წლის ბოლოს გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში, დასავლური ტანკების მიღების შემდეგ“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 თებერვლის 21 საათიდან 4 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 5 – 103 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 5 და 6 თებერვალს ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

მთავარი ფოტო: ბათუმი/ 31.01.2023 წ. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 3 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 129 870 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +840]
  • ტანკი – 3 215 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 6 388 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 215 ერთეული [+3]
  • MLRS – 460 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 222 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 294 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 952 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 068 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 202 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 3 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 382 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 008 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 723 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 004 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 988 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 255 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა შეცვალა ამ ომმა ჩემში – კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

„ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – რა უამბო ოზთურქის დამლაგებელმა მოსამართლეს

„ლიფტი გაიღო და იქიდან სამი ადამიანი გამოვიდა, ერთი იყო სპეცრაზმის ფორმაში, ორს ჩვეულებრივად ეცვა, მე დერეფნის ბოლოში ვიყავი… ამ დროს ბატონ გალიფს ეძინა“ – სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა ნანული ბოლქვაძემ ასე დაიწყო იმ დღის გახსენება, როცა მილიონერი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს ბათუმში.

ნანული ბოლქვაძე ოზთურქის აპარტამენტში დამლაგებლად მუშაობდა.

ბრალდებული გალიფ ოზთურქი დღესაც არ დასწრებია სასამართლო სხდომას, თუმცა მის ჩვენებას მალე მოისმენს მოსამართლე ლევან ყოლბაია, ვიდრე ის განაჩენს გამოიტანს დაახლოებით თებერვლის ბოლოს. დღეს, 2 თებერვალს კი, პროკურორმა ლევან მურვანიძემ რამდენიმე მოწმის ჩვენება უდავოდ მიიჩნია. შესაბამისად, მათი გამოკითხვა აღარ იქნება საჭირო.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

„მე არ ვიცოდი, ვინ იყო ეს სამი კაცი, ვინც ლიფტიდან გამოვიდა. ვკითხე, რა უნდოდათ, მაგრამ არაფერი მიპასუხეს,“- განაგრძო ჩვენების მიცემა მოწმემ:

„მკითხეს, სად ეძინა ბატონ გალიფს… მერე იქ შევიდნენ და უთხრეს, გაიღვიძე, ადექი ფეხზეო.

ბატონი გალიფი მეკითხებოდა, ვინ არიან, რა უნდოდათ. მე არაფერი ვიცოდი. მერე ერთ-ერთმა კაცმა მითხრა, რომ ფინანსური პოლიციიდან იყო და ჩხრეკა უნდა ჩაეტარებიათ.

ბატონი გალიფი საწოლზე იჯდა. მე მითხრეს, სკამზე დაჯექი და არ გაექანოთო.

ლიფტიდან ამოდიოდა ისევ ხალხი, ემატებოდნენ… ქაოტურად ირეოდნენ, მერე ბატონი გალიფი გაჩხრიკეს. ადვოკატი მერე მოვიდა.

დაახლოებით საათ-ნახევარი იყო გასული, ვიდრე ადვოკატი მოვიდოდა, მერე ყველაფერი დალაგდა, ვიდეოს გადაღებაც მერე დაიწყეს,“ – აღნიშნა მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

გალიფ ოზთუქრის სასამართლო პროცესი, მოწმის ჩვენება. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე

დამლაგებლის თქმით, ადვოკატის შემთხვევის ადგილზე მისვლამდე, ზოგიერთი გამომძიებელი აპარტამენტის მეორე სართულზეც (შენობის მე-19 სართული) ავიდა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა.

„იქ [მე-19 სართულზე] რას აკეთებდნენ, მე არ ვიცი, გადაადგილების უფლება არ მქონდა, მაგრამ დავინახე, რომ ავიდნენ…

ვერანდაზეც იყვნენ გასულები,“- თქვა მოწმემ.

პროკურატურის ვერსიით, სწორედ მე-19 სართულზე იპოვეს გამომძიებლებმა კოკაინი.

დამლაგებლის თქმით, ოზთურქი მე-19 სართულით ბოლო 2 წელი აღარ სარგებლობდა:

„ოზთურქი 2 წელია მე-19 სართულით არ სარგებლოდა. მას შემდეგ, რაც მან ოპერაცია გაიკეთა, მე-18 სართულზე იყო… იქ იდგა მისი ორთოპედიული საწოლი და იქ ეძინა. ხერხემალზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

იმ დღესაც, როცა მოვიდნენ, მე-18 სართულზე ეძინა ბატონ გალიფს“, – უთხრა მოსამართლე ლევან ყოლბაიას მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

მნიშვნელოვანია, რომ მე-18 სართულიდან მე-19 სართულზე ასვლა მხოლოდ კიბით, ან ვერანდის გავლით შეიძლება.

„რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ვერ ავიდოდა მე-19 სართულზე მაშინ, როცა თქვენ იქ არ იყავით?“- მოწმეს ჰკითხა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„ვერ შეძლებდა ასვლას,“ – მოკლედ მიუგო პროკურორს დამლაგებელმა.

„ეს თქვენი აზრია?“- ჩაეძია პროკურორი მოწმეს.

„ჩემი გადასახედიდან არ შეეძლო საფეხურების ავლა,“- აღნიშნა ნანული ბოლქვაძემ და შემდეგ აღწერა, რომ მე-19 სართულს ყოველდღიურად მხოლოდ გალიფ ოზთურქის მეუღლე იყენებდა, თუმცა მისი საძინებელიც მე-18 სართულზე იყო, სადაც გალიფ ოზთურქი ცხოვრობდა ოპერაციის შემდეგ.

„აბა, რას ალაგებდით მე-19 სართულზე?“ – მოწმის გამოჭერა სცადა პროკურორმა ლევან მურვანიძემ.

„მაინც ვალაგებდით,“ – თქვა ნანული ბოლქვაძემ.

ადვოკატები მინიშნებას აკეთებენ იმაზე, რომ ოზთურქის აპარტამენტში გადაადგილება სხვა პირებსაც შეეძლოთ ჩხრეკის დროს. ადვოკატები არ ამბობენ, რომ ვინმემ ნარკოტიკი ჩაუდო ოზთურქს საძინებელში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოზთურქის აპარტამენტში მისი ახლო ნათესავებიც ჩერდებოდნენ.

„მანამდე, მაგალითად, სტუმრად იყო ბატონი გალიფის მამიდა… “ – დასძინა მოწმე ნანული ბოლქვაძემ.

„ბოლოს 29 და 30 მაისს დავალაგე მე-19 სართული. იქ საეჭვო, ფხვნილისებრი მასა არ შემხვედრია,“ – წაიკითხა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა  გამოძიების ეტაპზე მიცემული დამლაგებლის წერილობითი ჩვენება მას შემდეგ, როცა პროკურორმა გააპროტესტა ადვოკატის შეკითხვა: „რამე რომ შეგხვედროდათ, უცხო ნივთი, როგორ მოიქცეოდით?“

ეს შეკითხვა პროკურორმა ლევან მურვანიძემ მიმანიშნებლად მიიჩნია.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. ამ ეტაპზე გამოსაკითხი რჩება ექსპერტიც, რომელმაც უნდა თქვას, რამდენად დაირღვა ნარკოტიკის ამოღების პირობა და დაზიანდა თუ არა გენეტიკური მასალა, როცა კოკაინი გამომძიებლებმა ხელთათმანების და სხვა აღჭურვილობის გარეშე ამოიღეს.

გამოძიების ვერსიით, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა.

____________________________________

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა.

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

რა შეცვალა ამ ომმა ჩემში – კობა ხაბაზი ბახმუტის ფრონტიდან

კობა ხაბაზი, ყოფილი პარლამენტარი და აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი უკრაინაში, ბახმუტში იბრძვის. იგი უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში წავიდა მოხალისედ. კობა ხაბაზი „ბათუმელებს“ ფრონტის ხაზიდან ესაუბრა.

  • ბატონო კობა, რა ვითარებაა ახლა ბახმუტში, რამდენი ხანია, რაც მანდ იმყოფებით და კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებთ?

ომის დაწყებიდან მალევე ჩამოვედი, თებერვლის ბოლოს უკვე აქ ვიყავი. აგვისტოში ჩამოვედი საქართველოში და შემდეგ ისევ დავბრუნდი უკრაინაში.

ზაპოროჟიეში ვიყავი თითქმის მთელი ამ ხნის განმავლობაში, ახლა კი გადმოგვიყვანეს ბახმუტში. როცა წამოვედი, ვთქვი, რომ მე ვიქნები ჯარისკაცი და ის ვიცი, რომ უკან არ დავიხევ- მეთქი.

  • ალბათ არ არის მარტივი, მიიღო ომში წასვლის გადაწყვეტილება. თქვენი მოტივი რა იყო?

როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის ყველაფერი იყო ცალსახა, მარტივი და ცხადი და რატომ?! აქ არ არის ლაპარაკი ორი ნეიტრალური სახელმწიფოს ომზე ერთმანეთს შორის, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ, ვთქვათ, შენი მეგობარი სახელმწიფო ეომება იმ ქვეყანას, ვისთანაც, შენ, ვთქვათ, ნეიტრალური დამოკიდებულება გაქვს, არამედ საუბარია იმაზე, რომ შენი მეგობარი სახელმწიფო ეომება მტერს, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის ტერიტორია, ანწუხელიძის მკვლელებს ეომება.

მეორე მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ მე დაჯილდოებული ვარ ორი ქვეყნის – საქართველოს და უკრაინის ღირსების ორდენით. მაიდანზე განვითარებული მოვლენების გამო მე დამაჯილდოვა უკრაინის პატრიარქმა და ამიტომ უნდა ვიყო აქ.

გარდა ამისა, აქ ჩემი ბევრი ახლობელი და მეგობარი იბრძვის და მინდოდა, მათთან ერთად ვყოფილიყავი.

  • როგორც ვიცით, სამხედრო გამოცდილება არ გქონდათ ომამდე, უკრაინაში კი არტილერისტი გახდით. როგორ ისწავლეთ, რამდენად რთული იყო ეს გზა?

აქ რომ ჩამოვედი, სხვადასხვა მიმართულებით აყალიბებდნენ ჯგუფებს, იყვნენ მოიერიშეები, სნაიპერების, ტანკისტების ჯგუფი და ასე შემდეგ. ჩემი თავი დავინახე საარტილერიო ჯგუფში, რადგან მოწინააღმდეგის კოორდინატების გამოთვლა გიწევს და უნდა განსაზღვრო სროლის მანძილი.

ეს ხელსაწყო ძალიან ჰგავს სამშენებლო ნიველირს და რადგან მე სამშენებლოზე საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, უფრო გამიადვილდა ამ საქმის ათვისება. არ მიწევდა მექანიკური დაზეპირება, არამედ შინაარსობრივად მესმის, რატომ შემყავს ეს მონაცემები, როგორ ვიღებ ამ კუთხეს და ასე შემდეგ.

მაინც ვერ ვიტყვი, რომ პროფესიონალი არტილერისტი ვარ, რადგან ჩვენ გვყავს საოცარი ხელმძღვანელი, მიხეილ ქამხაძე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო არტილერისტად მიიჩნევა.

ეს ადამიანი შეეცადა ყველაფერი ესწავლებინა ჩვენთვის, ანიდან ჰოემდე, ძალიან მოკლე დროში. უსაფრთხოების წესები ლამის დაგვაზეპირებინა, შემდეგ გადაგვიყვანა გამოთვლებზე, შემდეგ ნაღმების შერჩევაზე და ასე შემდეგ.

მაგრამ მაინც გვხვდება სირთულეები. მაგალითად, სატყორცნის სასროლი მექანიზმი თუ დაზიანდა, ასეთ დროს ვხვდებით, რომ მიშას გარეშე მაინც არაფერი არ ვართ.

კობა ხაბაზი
  • რა მდგომარეობაა ახლა ფრონტის იმ ნაწილში, სადაც იმყოფებით?

ამჟამად ვარ ბახმუტის მიმართულებით. ძალიან ძნელია იმ ჯოჯოხეთზე საუბარი, რომელიც აქ, ბახმუტში ტრიალებს. საშინელებაა. მიწასთან გასწორებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული, ცარიელი ქალაქები. ყოველ წუთს, ყოველ წამს ისმის სროლის ხმა, სულ რაკეტების მოფრენის, დაბომბვის, ნაღმების აფეთქების ხმები გვესმის.

საიდანღაც, ზომბებივით ამოძვრებიან ხოლმე ოკუპანტები, რომლებსაც ყოველგვარი ადამიანური აქვთ წაშლილი და მოიწევენ. 21-ე საუკუნის არმაგედონი – ეს არის ბახმუტის რეალობა.

ამ ყველაფერს თუ შეიძლება პოზიტიური კუთხით შეხედო ადამიანმა არის ის, რომ მეორე მხარეს დგას საოცარი ხალხი, თავისუფლებისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები. ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი სინათლე, ასე ვეძახი მე უკრაინელებს და იმ ქართველებს, რომლებიც აქ იბრძვიან, რომელთა გვერდითაც ვართ ჩვენ და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბოროტება დამარცხდეს.

  • როგორია შიშის გრძნობა ომში? რით განსხვავდება ეს შიში სხვა სიტუაციაში გაჩენილი შიშის გრძნობისგან?

როცა აქ მოვდიოდი, ბევრი მეკითხებოდა გაოცებული სად მიდიხარო. ეს ის პერიოდია, როცა კიევს ალყა აქვს შემორტყმული, ბუჩა, ირპენი აღებულია და ყველაფერი იბომბება. ზოგადად, არც უშიშარი ვარ და არც მშიშარა. თუმცა პირველად მაშინ დავფიქრდი შიშზე, როცა ჩემი მეგობრები დავალების შესასრულებლად გადიოდნენ.

არ მეძინა, სანამ დავალებიდან არ დაბრუნდებოდნენ. ამ დროს გეშინია, რაიმე არ მოუვიდეთ. საკუთარ თავზე არ გვეშინია, სხვებზე ვშიშობთ, სხვებზე ვნერვიულობთ და ასე ვარ მეც.

ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ზუსტად ვიცი, რომ თუ დასჭირდება ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას, ყველა მზად ვართ. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ უკრაინის ბრძოლა იგივე საქართველოს ბრძოლაა ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის.

ყველას, ვინც აქ არის, შეუძლია თავი გასწიროს სამშობლოსთვის.

  • საქართველოს მთავრობის განცხადებებს თუ ადევნებთ თვალს და რას ფიქრობთ მათ განცხადებებზე ქართველ მებრძოლებთან, უკრაინასთან დაკავშირებით?

საქართველოს ხელისუფლება რომ ჰყავდეს, მაშინ ვილაპარაკებდი ხელისუფლებაზე, მაგრამ ეს არის რუსეთის მიერ დასმული „ნამესტნიკები“ და სხვა რას ილაპარაკებენ.

ვინც მოიყვანა და დასვა, იმათ ინტერესებს იცავენ. დარწმუნებული ვარ, ღამის კოშმარში ესიზმრებათ რუსეთის დამარცხება, რადგან იციან, რომ ეს მათი პოლიტიკური მომავლის დასასრულია.

  • მესმის, რომ ომში ხართ და სხვა რამეზეა კონცენტრირებული თქვენი ყურადღება, თუმცა მაინც მინდა გკითხოთ ენმ-ში ჩატარებულ არჩევნებზე, რადგანაც ამ პარტიის ნაწილი ხართ. რატომ არ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, გაუცხოებას გრძნობთ მათთან?

ვერ მივაღწიე იმას, რასაც წლების განმავლობაში ვცდილობდი, რომ პარტია გამხდარიყო უფრო თანამედროვე, სცოდნოდა, როგორ ეპასუხა გამოწვევებისთვის, ყოფილიყო არჩევითი, დემოკრატიული, ციფრულ ტექნოლოგიებზე, პროგრამული მართვის პრინციპებზე ორიენტირებული და მობილური ჯგუფების პრინციპით შექმნილიყო პარტია, მაგრამ ვერ ვახერხებდი.

თუ ადრე ვცდილობდი, რომ ეს ყველაფერი პოლიტსაბჭოს სხდომებზე მეთქვა ან ინდივიდუალურ დონეზე მომეპოვებინა მხარდაჭერა, ახლა მინდა ღიად ვთქვა.

სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანია წარიმართა უმძიმესი ფორმით, ნამდვილად არ ველოდი, თუ ამ მასშტაბის დაპირისპირებაზე, ერთმანეთის ლანძღვაზე გადავიდოდნენ, რადგან როცა გამარჯვებაზე ფიქრობ, მაშინ პოზიტივს წარმოაჩენ, მაგრამ როცა ფიქრობ მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის განადგურებაზე, მაშინ ცუდზე ლაპარაკობ მხოლოდ.

ენმ-ს არჩევნები გადაიქცა არა გამარჯვებისკენ სწრაფვად, არამედ მოწინააღმდეგის განადგურების და დამარცხების საარჩევნო კამპანიად. ამიტომ არც კი დავრეგისტრირდი ხმის მისაცემად.

რაც შეეხება გაუცხოებას, ვერ გავუცხოვდები, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, იმ ადამიანებთან ერთად მომიხდება ისევ ყოფნა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.

უბრალოდ, ან ისინი უნდა შეიცვალონ, ან განწირული ვართ იმისთვის, რომ ყოველთვის ვიქნებით მეორე პარტია და ყველა არჩევნები ერთი და იმავე სცენარით წარიმართება.

თუ ჩვენ პრინციპულად არ შევიცვალეთ, საბოლოო ჯამში მოვერგებით რუსულ კალკს და ყველაზე უფრო ეს მაშინებს.

რა არის რუსული კალკი? – რომ ყოველთვის ილაპარაკო მოწინააღმდეგის ცუდზე. ის, რასაც აკეთებს რუსეთი, რომ აი, ამერიკა ცუდია, ევროპა ცუდია, იქ გარყვნილებაა და ასე შემდეგ. დაახლოებით, ასე წარიმართა ენმ-ს საარჩევნო კამპანიაც. თუ ეს გაგვიჯდა მენტალიტეტში და ვილაპარაკეთ მხოლოდ სხვის ცუდზე და არა იმაზე, რით ვართ კარგი, რას გავაკეთებთ და რას მოვუტანთ ამ ქვეყანას, მაშინ არ ვიცი, რა იქნება.

თუ არ მოხდა პრორუსული ხელისუფლების ჩანაცვლება, ჩვენს ქვეყანა არ აქვს მომავალი და მე ეს მაწუხებს.

ბოღმით, ზიზღით და სიძულვილით აღვსილი ადამიანები სამომავლოდ კარგს ვერ შექმნიან. კაცობრიობის პროგრესს განაპირობებს სიყვარული და წარმატებისკენ სწრაფვა.

  • სასამართლოდან სააკაშვილის კადრები გავრცელდა, ხომ არ გინახავთ ეს კადრები?

არ ვნახე, იმიტომ, რომ არ შემიძლია. არ შემიძლია, რადგან სააკაშვილის თითოეულ დაუძლურებულ ნაკვთში, თითოეულ სიტყვაში მე ვხედავ საქართველოს ძალიან მძიმე მომავალს და ეს მიკლავს გულს.

აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სააკაშვილი მიყვარს და ამიტომ. ასე იქნებოდა მაშინაც, ჩვენ რომ შევარდნაძე იგივე მდგომარეობამდე მიგვეყვანა.

გავიხსენოთ, რით დამთავრდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობა – დამთავრდა მხედრიონებით, უბედურებით. ქვეყანა განწირულია, თუ ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, რადგან საქართველოში მიხეილ სააკაშვილს სულ მცირე, ნახევარი მილიონი მომხრე ჰყავს და ეს ნიშნავს, რომ მისი სიკვდილით ამდენივე ადამიანს აბოროტებ და რა მომავალი აქვს იმ ქვეყანას, რომელშიც ამდენი ადამიანი გაბოროტებულია.

ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, რომ დაუძლურებულ სააკაშვილში მე საქართველოს მომავალ ტკივილს ვხედავ.

  • როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს ნახევარი მილიონი ადამიანი დაიცვას პატიმარი პრეზიდენტის უფლება. რატომ დუმან ადამიანები, რას ვერ გაართვა პარტიამ თავი?

ჩვენ დღეს ვიმკით იმას, რაც 2012 წლის შემდეგ უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მეორე მხრივ, რაც არასწორად ვაკეთეთ – იმის შედეგს.

პარტია ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი და მის წინააღმდეგ ბრძოლა. ვერ მოვახერხეთ თანამედროვე პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბება და დავრჩით კოორდინატორებისა და რაღაც ინსტიტუტების დონეზე, რომელიც წინა საუკუნეში იყო ალბათ პოპულარული.

  • სააკაშვილის კადრების შემდეგ, ზელენსკიმ გვკითხა – სად დგას საქართველო. აქვთ უკრაინელებს განცდა, რომ არ ვართ მათ გვერდით, მათგან ხშირად გესმით იგივე?

აი, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, შვიდი ქართველია ჩემთან ერთად. თითოეული ამ ბიჭის დამსახურებაა ის, თუ უკრაინა საქართველოზე კიდევ რაიმე დადებითს ამბობს.

ეს არის ხალხი, რომელიც ცხოვრობს, სუნთქავს გამარჯვებით, ღირსებით და შეუპოვრობით. ქუჩაში როცა გავდივართ, ყველა ვგრძნობთ საოცარ სითბოს, თუმცა ერთმა უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც ომში იბრძვის, ძალიან ჩუმად მკითხა, რატომ გყავთ ასეთი ხელისუფლება, თუ ასეთი კარგები ხართ ქართველებიო. გავშრი, ვერაფერი ვუპასუხე, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, სიმართლე მითხრა.

სადღაც მაინც ვუშვებთ დიდ შეცდომებს, რადგან ვერ ვახერხებთ იმას, რომ რუსებს კავკასიონის აქეთ ფეხი ამოვაკვეთინოთ ჩვენს ქვეყანაში. სხვა მხრივ, უკრაინელებისგან პატივისცემის და სითბოს გარდა არაფერი მოგვისმენია. ეს ბიჭები უკრაინაში საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ, ხელისუფლების ნაცვლად.

  • თქვენ თქვით, რომ ჯარისკაცი ხართ. ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში როდის არის ჯარისკაცი, თუკი ამას კომფორტი შეიძლება ვუწოდოთ?

სხვათა შორის, გუშინ ვლაპარაკობდით მე და ჩემი ერთი მეგობარი ამაზე, რომ შეიძლება მთელი ღამე პოზიციაზე იყო, ტალახში, თოვლში, ყინვაში, წვიმაში, ჭურვების ფრენის ხმაში გაატარო, მაგრამ თუ დავალება კარგად შეასრულე, აი, მაშინ ხარ კარგად.

კარგად ხარ მაშინ, როდესაც მეგობრები მიდიან დავალებაზე, ასრულებენ და ხედავ, რომ უკან ბრუნდებიან ჯანმრთელები. აქ ბედნიერებაა დავალების წარმატებით შესრულება.

  • საქართველოდან თუ მოდის დახმარება, უშუქობას როგორ უმკლავდებით?

ახლა ნაკლებად არის ტალახი, რადგან თოვს და მოყინულია. დაიბომბება რაღაც და ისეთი სისწრაფით აღადგენენ შუქს, გაოგნებული ვარ. მართალია, დენი გრაფიკითაა, მაგრამ ეს არ ხდება დაზიანების გამო, თანაბრად რომ მიეწოდოს მოსახლეობას, ამიტომ.

რაც შეეხება დახმარებას. ახლახან ფეხსაცმელები ჩამოგვივიდა ბათუმიდან და დამიჯერეთ, ეს არ არის მხოლოდ ფეხსაცმელი, გულიც გითბება, როცა იცი, რომ ვიღაცამ 5-10 ლარი გაიღო ამისთვის.

ბათუმელები ყველგანმავალი პიკაპის შეძენაშიც დაგვეხმარნენ, რომლითაც პოზიციებზე გავდივართ ხოლმე და ნაღმმტყორცნები გადაგვაქვს. ასე, რომ სითბოს და ყურადღების მეტს არაფერს ვგრძნობთ ადამიანებისგან.

  • ამ ერთმა წელმა, ომმა, რა შეცვალა თქვენში? რა გადააფასეთ, რა არის ის, რაც ყოველთვის გემახსოვრებათ ამ ომის შემდეგ?

თითქოს ველოდი ამ შეკითხვას, თუ რა შეცვალა ამ ომმა ჩემში.

ადამიანებს მინდა ვუთხრა – რომ ნახოთ, რა ხდება დღეს აქ, რომ ნახოთ დანგრეული სახლები, რომ ნახოთ დედა, რომელსაც ხელი, მის პატარა შვილს კი ფეხი როგორ მოაგლიჯა ყუმბარამ, ნახოთ ის საშინელებები, რაც აქ ტრიალებს, მიხვდებით, რა სასაცილოა ის პატარა ვნებათაღელვები, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ და ვკამათობთ დღეს.

რომ ნახოთ ეს ყველაფერი, მიხვდებით, რამდენად წვრილმანია ეს განცდები იმ ტრაგედიასთან შედარებით, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

ამიტომ, როცა რაღაც პრობლემას შევეჯახებით, მოდი რა, ნუ დავიწუწუნებთ, ვიფიქროთ იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ჩვენი პატარა პრობლემები და როგორ ვიბრძოლოთ უკეთესისთვის. რაღაცებზე მაღლა დგომა უნდა ვისწავლოთ, იმიტომ, რომ ჩვენი ადამიანური განცდები, – ტკივილი, წყენა და ასე შემდეგ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც აქ, უკრაინაში ხდება.

„მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ“ – სტუდენტი ბინის ძიებაში

ბათუმის უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, ისიც კი არ ვიცოდი, ავტობუსში ბარათი როგორ გამეტარებინა.

ჩემმა ნათესავმა უნივერსიტეტში ჩაბარება 50 ლარის ჩუქებით მომილოცა. იცით, რამდენი ხანი ვიჯექი საქართველოს ბანკის სტაფილოსფრად შეღებილ რკინის სკამებზე და ვაკვირდებოდი ადამიანებს, რომლებიც ბანკომატიდან ფულს ხსნიდნენ? მგონი, ვერ გამოიცნობთ.

ადამიანები სულ ზურგით დგებიან და რთულია კარგად დაინახო, რა თანმიმდევრობით ასრულებენ მოქმედებებს ანგარიშიდან თანხის მოსახსნელად.

ჩემს სოფელში ხშირად ამბობენ – „არვინ იცის შენ რა ცეცხლი ჩაგდის გულშიო“.

ბათუმში ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი. ალბათ მხოლოდ მაშინ, რომელიმე კონკურსში თუ გავიმარჯვებდი. დედაჩვენი თვალზომით გვამთხვევდა ტანსაცმელს. არასდროს მოვყავდით საყიდლებზე და როცა დამთხვევა გაუჭირდა, მაშინაც ძალიან უჭირდა წამოვეყვანეთ. ჩემი ოჯახი მრავალშვილიანია.

ყოველთვის ძალიან, ძალიან ვითხოვდი, რომ თუ რაიმე უნდა შეეძინათ ჩემთვის, მე შემერჩია და სანაცვლოდ თანახმა ვიყავი, ორის ნაცვლად მხოლოდ ერთი ნივთი ეყიდათ, მაგალითად, ან შარვალი, ან ფეხსაცმელი. საყიდლების სია იმაზე იყო დამოკიდებული, რა შემოგვრჩა წინა წლიდან.

დაჟინებით ვითხოვდი, მე ამერჩია. იმდენად აუტანელი ვხდებოდი, დედაჩემი პერიოდულად იძულებული იყო დავესვი და აეხსნა, რომ მე და ჩემს და- ძმას ვერ წაგვიყვანდა საყიდლებზე, რადგან, რაც არ უნდა ადრე წავსულიყავით ბათუმში, სოფლის „მარშუტკას“ უკანა გზაზე ვერ გამოვყვებოდით, ვერ მოვასწრებდით, დასარჩენი კი არსად გვქონდა.

მიხსნიდა, რომ ჩვენი ნათესავებიც ვიწროდ ცხოვრობდნენ და ოჯახის რამდენიმე წევრი ვერ მივადგებოდით. ცალ-ცალკე თუ წაგვიყვანდა საყიდლებზე, მგზავრობის ხარჯები გაიზრდებოდა და არც დრო ჰქონდა ამდენი. სექტემბერში სოფელში საქმე თავზე აყრია ხალხს.

მე მაინც არ მესმოდა დედაჩემის.

ოთახში ვიკეტებოდი, ოთხკუთხედების იქითა და აქეთა მხარეს მომცრო ოთხკუთხედების ჩახატვას ვიწყებდი და ყვითლად ვაფერადებდი – ეს ფანჯრები იყო. სახურავად წვეტიან სამკუთხედს ვადგამდი თავზე. ეს იყო სახლი და ეს სახლი ბათუმში იდგა. დაუსრულებლად ვავლებდი ხაზებს და დროთა განმავლობაში ვხვდებოდი, როგორ იქცა ჩემთვის ოთხკუთხედი თავზე სამკუთხედით თავისუფლების სიმბოლოდ.

ბევრს ვოცნებობდი. წარმოვიდგენდი, როგორ მიყიდა დედამ იმ ფერის ჯემპრი, რომელიც მომწონდა და როგორ ვამბობდი უარს ფეხსაცმელზე, რომელიც ძალიან არაკომფორტული იყო სიარულისას. ფეხს მტკენდა, წინა თითებზე მიჭერდა.

ჩემი სოფლიდან ბათუმამდე 98 კილომეტრია – ყოველი კილომეტრი 1 დაკეტილი კარია.

პირველი სემესტრი უნივერსიტეტში 16 სექტემბერს დამეწყო. 14 სექტემბერს ჩამოვედი, 15 სექტემბერს კი ერთ-ერთ სახელოსნოში თოჯინების ამწყობად დავიწყე მუშაობა. მინდოდა დამოუკიდებელი ვყოფილიყავი და უშემოსავლო მიწის შემოსავალზე დამოკიდებული ჩემი მშობლებისთვის ჯიბის ფული არ მეთხოვა.

იმ წელს 3 სტუდენტი ვიყავით ოჯახში. ყველა ცალ-ცალკე ვმუშაობდით და მუსლიმ გოგონათა პანსიონატში ვათევდით ღამეს.

მერე პანდემია იყო. სამსახურიდან წამოვედი. სოფელში ჩავიკეტე და ჭკნობის მარადიულ პროცესში შევედი. ყოველ დილას ვგრძნობდი, როგორ აკლდებოდა ჩემს ლარნაკს წყალი, როგორ უფერულდებოდნენ ყვავილები, როგორ ყრიდნენ ამ ყვავილებს, როგორ ცარიელდებოდა ლარნაკი სიახლეებისგან იზოლირებულ სოფელში.

წელიწად-ნახევრის წინ დავბრუნდი ბათუმში – იძულებული გავხდი, უნივერსიტეტი ოფლაინ დამეწყო. ჩამოსვლის დღიდან თავდაუზოგავად ვმუშაობ, რომ ჩემი ხარჯებით არავინ არასდროს შევაწუხო და საკუთარი თავი მე მეყუდნოდეს.

ერთი ოთახი ვიქირავე, სადაც მეზობელ გოგონებთან ვიყოფ სამზარეულოს და სააბაზანოს. გამიმართლა. ჩემამდე აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობდა, რომელიც თბილისში ზუსტად იმ დროს გადავიდა, როცა მე ჩამოვედი.

გასული წლის ზაფხულის მიწურულიდან ჩემი ძმაც ბათუმშია. ძალიან ვეცადეთ სადმე ერთად გადასვლა. საიტებზე ვეძებეთ, ვრეკეთ, ქუჩა-ქუჩა ვიარეთ, ყველა მეგობარს, ახლობელს თუ შორეულ ნაცნობს ვთხოვეთ ახალი საცხოვრებლის მოძებნაში დაგვხმარებოდნენ. ბოლოს დავნებდით. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ აქამდე. ის ხან სად და ხან სად რჩება. მე – ისევ იქ.

რამდენიმე კვირის წინ დიასახლისმა მითხრა, რომ მაისის ბოლომდე უნდა დავუცალო ოთახი. კარგი ადამიანია. მჯერა, ფინანსური პრობლემების გამო გახდა იძულებული გამოგვიშვას. არ მწყენია.

ვფიქრობდი, ძალამოკრებილი დავიწყებ ძებნას და ვიპოვი ბინას-მეთქი. „სანამ ბათუმში ქირით ბინის ფასები კიდევ უფრო არ გაიზრდება, ვიპოვი რამეს“, – ვიმშვიდებდი თავს.

თავი დამნაშავე მგონია, როცა ვფიქრობ – ნეტა, პირველი სართული არ იყოს, ნესტმა არ მოგვგუდოს; ნეტა, მზის სხივი შემოდიოდეს რომელიმე მხრიდან; ნეტა, ცოტა დიდი სივრცე იყოს; ნეტა, მაცივარი და სარეცხი მანქანა კარგად მუშაობდეს.

პირველივე მეპატრონემ, 50-55 წლის ქალმა, რომელსაც დავურეკე, გამოკითხვის შემდეგ, თუ საიდან ვარ, სად ვმუშაობ, ზოგადად, რა სტატუსი მაქვს და ვისთან ერთად ვეძებ ბინას, ძალიან თამამი ხმით მითხრა, „ახლა თავისუფალი მაქვს ბინა, მაგრამ ვერ მოგაქირავებთ“. რატომ-მეთქი, ვკითხე. გაეცინა, – „რუსები არ ხართო“.

განაცხადზე ქირის ფასი არ იყო მითითებული, „შეთანხმებით“ ეწერა.

პირველი სართული, გარეუბანი, 1 იზოლირებული ოთახი, სადაც ერთი საწოლის მეტი არაფერი ეტევა და მისაღებ ოთახშივე მოწყობილი სამზარეულო… ბინას, სადაც მხოლოდ აბაზანაში მოდის ცხელი წყალი და არც გაზია შეყვანილი, ჩემს ქვეყანაში ვერ ვქირაობ იმიტომ, რომ რუსად არ დავიბადე. ბინას ვერ ვქირაობ, რადგან არ შემიძლია 300, 400, 500 და მეტი დოლარი გადავიხადო, მიუხედავად იმისა, რომ თავდაუზოგავად ვშრომობ.

ძალიან ბევრგან დავრეკე. ბევრი სახლი შემოვიარე. ქუჩა-ქუჩა ვეძებე გასაქირავებელი ბინები, თუმცა ჯერ ისევ ჰაერში ვართ მე და ჩემი ძმა.

ისევ ოთხკუთხედებს და სამკუთხედებს ვხატავ და ისევ ვოცნებობ, მქონდეს უფლება ვიცხოვრო ჩემს ძმასთან ერთად ქირით, მომცრო სივრცეში და იძულებული არ გამხადოს ყველამ და ყველაფერმა საშინლად არაკომფორტული ფეხსაცმლის ამარა დავრჩე, შევეკედლო ნათესავებს.

ჯერ ისევ სტუდენტი ვარ.

და ჩემი ქვეყნიდან ჯერ ისევ არ გავქცეულვარ ემიგრანტად.

მადლობა სამშობლოვ, რომ მწიხლავ.

_______________________

 

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა კრამატორსკში: არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის სარაკეტო თავდასხმას კრამოტორსკში მინიმუმ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმა პირველ თებერვალს, ღამით მოხდა. რუსეთის ჯარებმა ქალაქის საცხოვრებელ ნაწილს ისკანდერის რაკეტები ესროლეს. დაზიანდა სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი, რომელთაგან ერთი მთლიანად განადგურდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დღეს, 2 თებერვალს, მაშველებმა აქ 3 გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს და ორი ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 18 ადამიანი, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესაძლოა ნანგრევების ქვეშ კვლავ იყვნენ ადამიანები.

ადგილზე მაშველები, ექსპერტები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საპატრულო პოლიცია და სხვა უწყების წარმომადგენლები მუშაობენ.

___________________

ფოტოზე: კრემატორსკი, დანგრეული საცხოვრებელი სახლი. ფოტო: ДСНС України/facebook

რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე – რას წერს ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 თებერვლის ანგარიშში მიმოხილულია რუსეთის, როგორც იარაღის ექსპორტიორის როლი და მისი ცვლილებები იარაღის საერთაშორისო ბაზარზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რუსეთის ეს როლი მისმა უკრაინაში შეჭრამ და საერთაშორისო სანქციებმა შეარყია.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, უკრაინაში შეჭრამდეც კი, რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ბაზარზე იკლებდა. ახლა კი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისთვის უფრო პრიორიტეტული იქნება თავისი ახალწარმოებული იარაღის უკრაინაში მყოფი სამხედროებისთვის გაგზავნა, ვიდრე ექსპორტი და პარტნიორებისთვის მიწოდება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური აფასებს, იარაღის ნაწილების დეფიციტი  შესაძლოა ახდენდეს გავლენას ისეთი აღჭურვილობის ექსპორტზე, როგორიცაა ჯავშანტრანსპორტიორები, მოიერიშე ვერტმფრენები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„გარდა ამისა, რუსეთის შესაძლებლობა არსებული საექსპორტო კონტრაქტებისთვის, შეინარჩუნოს მხარდაჭერის ისეთი სერვისები, როგორიცაა სათადარიგო ნაწილების მიწოდება და ტექნიკური მომსახურება, სავარაუდოდ, სერიოზულად შეფერხდება მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 2 თებერვლის ანგარიშში.

_____________

ფოტო: The Moscow Times

„ბათუმში ქირის ფასს ახლა რუსები განსაზღვრავენ“ – რამდენად გაძვირდა ბინები

„მაგალითად, 40 კვადრატულ მეტრ ბინას რომ ვაქირავებდი ომამდე 200 დოლარად, ახლა ის ბინა 400 დოლარი ღირს, 400-დოლარიან ბინებს კი, 800 დოლარად ან მეტადაც ვაქირავებთ. ქირის ფასი ბათუმში მინიმუმ გაორმაგდა,“ – ამბობს ნინო მხეიძე, უძრავი ქონების აგენტი ბათუმიდან.

უძრავი ქონების რამდენიმე აგენტს ვკითხეთ: მზარდია თუ არა ისევ ბათუმში საცხოვრებელი ბინის გაქირავების ფასი და რა ღირს საშუალოდ?

უძრავის ქონების აგენტების მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბათუმში ქირის ფასი დაახლოებით 100%-ით გაიზარდა და იგი ამ ეტაპზე საშუალოდ 300 აშშ დოლარიდან 1200 დოლარამდე მერყეობს. აგენტების დაკვირვებით, ეს პირველი ზამთარია ბოლო წლებში, როცა ქირის ოდენობა არ შემცირებულა, პირიქით – იზრდება.

„ბინების ყიდვის და ქირის ფასსაც ახლა რუსები განსაზღვრავენ“, „ადგილობრივები ვეღარ ქირაობენ ბინას…,“, „ომის დაწყების დროს თუ მესაკუთრეების ნაწილი ამბობდა, რუსზე არ მინდა ბინის გაქირავებაო, დღეს პირიქითაა – რუსები ურჩევნიათ, რადგან იციან, რომ კარგად იხდიან,“ – გვიყვებიან უძრავი ქონების აგენტები.

„ყველაზე იაფი ახლა რა მაქვს და ერთი ბინაა იმედაშვილის ქუჩაზე,“ – ამბობს ნინო მხეიძე, რომელსაც ვკითხეთ, ამ ეტაპზე ყველაზე იაფად რა ბინას აქირავებს ბათუმში: „ერთი ოთახია ცალკე და საერთო სამზარეულო აქვს, 600 ლარი ღირს, თუმცა იმ პირობით, რომ მაისის ბოლოს უნდა დაიცალოს… გათბობაც აქვს, კარადა, საწოლი, ტელევიზორი, მაცივარი და ინტერნეტი,“ – გვიყვება ნინო მხეიძე.

მისი დაკვირვებით, გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ბათუმში საცხოვრებლად ჩამოსული უცხოელები ძირითადად ზღვისპირა ზოლით ინტერესდებოდნენ, ზამთარში კი, მოთხოვნა შეიცვალა:

„ჭაობშიც კარგად ქირავდება უკვე. ერთმა რომ გააქირავა ბინა 500 დოლარად 40 კვადრატი, სხვებიც ითხოვენ იმავეს. საძინებელი თუ ცალკე აქვს, უკვე 600-700 დოლარს ითხოვენ,“ – ამბობს ნინო მხეიძე.

„500 დოლარად ახალი ბულვარის ტერიტორიაზე უკვე მხოლოდ სტუდიოს ტიპის ბინის დაქირავებაა შესაძლებელი, ომის დაწყებამდე იგივე ბინა 250 დოლარი ღირდა,“- გვითხრეს უძრავი ქონების სააგენტო Discover Batumi Realtor-ში. ამ სააგენტოს დაკვირვებით, ბინების ლიმიტიც იწურება, რამაც ბინის დაქირავება, შესაძლოა, კიდევ უფრო გააძვიროს.

„მე-8 წელია ამ ბაზარზე ვართ და ასეთი ფასები ჯერ არ მახსოვს, აბსურდული და ალოგიკური ფასებია. ადგილობრივი მოსახლეობა კი გვიკავშირდება, მაგრამ მათთვის შესათავაზებელი არაფერი გვაქვს, 30 კვადრატული მეტრი ბინა რომ 500 დოლარი ღირს, რა უნდა შესთავაზო?“ – ამბობს თამთა წურწუმია, უძრავი ქონების სააგენტო Discover Batumi Realtor-ის მენეჯერი.

„ომის დაწყების პერიოდში, აპრილ-მაისში, ბევრისგან გვესმოდა, რომ არ სურდათ რუსებზე ბინის მიქირავება. დღეს იგივე აღარ გვესმის, პირიქით უფროა: ხედავენ, რომ ძირითადად რუსები ქირაობენ ბინებს, კარგად იხდიან და ბინის მესაკუთრეებიც განაგრძობენ ბინების გაძვირებას.

რუსებმაც ისწავლეს, რომ ეს ქალაქი რეალურად პატარაა და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, პირველ ზოლში იცხოვრებ, თუ შუა ნაწილში, დაინახეს, რომ გადაადგილება მარტივად არის შესაძლებელია და ბევრი ცვლის ბინას, თუმცა უკვე გარეუბნებშიც მაღალი ფასია,“ – გვითხრა თამთა წურწუმიამ.

„ყველაზე ძვირად ახლა, რასაც ვაქირავებ ბინას ბათუმში, არის 1500 დოლარი, ყველაზე იაფი – 300 დოლარია, თუმცა ეს ქალაქის გარეუბანია, კახაბრის დასახლება,“ – ეს უძრავი ქონების სააგენტოში „ჩემი სახლი ბათუმში“ – გვითხრეს.

ამ სააგენტოს მონაცემებით, ბინის ქირის ზრდის ტენდენცია ზამთარში მხოლოდ ბათუმის გარეუბნებში შეჩერდა:

„გარეუბნებში შესაძლებელია ახლა 300 დოლარად კორპუსის ბინის ქირაობაც, ოღონდ იმ პირობით, რომ ზაფხულში ამ ბინას დაცლის, ან უფრო ძვირს გადაიხდის,“ – გვითხრეს სააგენტოში.

უძრავი ქონების აგენტებს ბათუმში ბინების გაძვირების მოლოდინი აქვთ, თუ რუსეთიდან მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის ტენდენცია გაგრძელდება. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს საზღვარი რუსეთის 1 მილიონ 274 006-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ 2022 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, თბილისში 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, გასაქირავებელ ბინებზე კვადრატული მეტრის ფასი 120%-ით გაიზარდა. 

ამ თემაზე:

„500 დოლარად აქირავებენ ბინას, რომელიც 500 ლარად ქირავდებოდა“ – მაკლერები ბათუმში  

 

„ეს არის ხმების ყიდვა ბიუჯეტის ხარჯზე“ – რატომ იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი

ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა საჯარო სექტორში, რომლის წილი მთლიან დასაქმებაში საშუალოდ 22.5%-ია.

„უმუშევრობა გრძელვადიანი პერიოდის მწვავე პრობლემაა, რომლის შემცირება მთავრობას ორი გზით ძალუძს – შექმნას სათანადო ეკონომიკური გარემო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას და შესაბამისად, დასაქმებას შეუწყობს ხელს, ან თავად იყოს დამსაქმებელი.

მთავრობა ამ უკანასკნელს ირჩევს, როგორც რენტის მაძიებელი, რადგან მთავრობა არა სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზატორი, არამედ გავლენიანი ჯგუფებისთვის პოლიტიკური კეთილგანწყობის მიმწოდებელია,“- ნათქვამია კვლევითი ინსტიტუტის – „გნომონ ვაიზის“ ახალ კვლევაში, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებას ეხება.

„ბათუმელები“ კვლევის ავტორს, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარს, ეგნატე შამუგიას ესაუბრა.

  • თქვენი კვლევის თანახმად, ბოლო ათ წელიწადში  საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. რამ განაპირობა ეს?

ბოლო ორ ათწლეულს რომ გადავხედოთ, საჯარო სექტორში დასაქმება 2007 წლიდან შემცირდა. მაშინ ამის მიზეზი გახდა ჯანდაცვის სექტორი, რომელიც იყო საჯარო მმართველობის ქვეშ. მოხდა საავადმყოფოებისა და კლინიკების პრივატიზება, შესაბამისად, იქ დასაქმებული ადამიანები ტექნიკურად გამოეყვნენ საჯარო სექტორს და კერძო სექტორში გადავიდნენ.

როდესაც 2012 წელს შეიცვალა ხელისუფლება, მათი მმართველობის პირველ წელს [2013 წელი] საჯარო სექტორში დასაქმებულთა ოდენობა შემცირდა.

2014 წელს თვითმმართველობის არჩევნები იყო. არჩევნების შემდეგ სტატისტიკა აჩვენებს, რომ განუხრელად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმება.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებასა და პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის საარჩევნო ხმების ყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. საჯარო ფინანსების, საერთო რესურსების ხარჯზე.

  • კვლევის თანახმად, საჯარო სექტორში ქვეყანაში დასაქმებულთა 22.5 % მუშაობს. რამდენად მაღალია ეს მონაცემი?  რასთან შედარებით არის მაღალი?

თუ შევხედავთ საქართველოს მსგავს რიგ ქვეყნებს, ისინი საჯარო სერვისების მიწოდებას შედარებით ნაკლები ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფენ.

ჩვენ არ ვადარებთ აშშ-ს, გერმანიას, ჰოლანდიას ან დიდ ბრიტანეთს. ვსაუბრობ ქვეყნებზე, რომლებსაც საერთო მახასიათებელი აქვთ  საქართველოსთან. არამარტო  ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალი, არამედ ე.წ. აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებიც, რომელთა ტრანზიციის პროცესიც თითქმის ჩვენი ქვეყნის ტრანზიციის პროცესს ემთხვევა.

სტატისტიკური ანალიზი, რომელიც გავაკეთეთ, მიუთითებს იმაზე, რომ საჯარო სექტორში სამუშაო ადგილის შექმნა პოლიტიკურ მიზნებზე დგას.

მთავრობები და პოლიტიკოსები ცდილობენ თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლების გამტკიცებას. ასევე, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, გარკვეული ჯგუფები დააკმაყოფილონ.

ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში დასაქმება პრობლემაა, პირადი სარგებლის მაძიებელი პოლიტიკოსებისათვის ეს კარგი საშუალებაა, რომ  შექმნან სამუშაო ადგილები, სადაც მათთვის სასურველი ადამიანები დასაქმდებიან. რომლებიც შემდგომ პოლიტიკური მიზნებისთვისაა გამოყენებული.

საქართველო ნაკლებად დემოკრატიული ქვეყანაა, სამართლის უზენაესობა ნაკლებადაა. იმ ქვეყანაში, სადაც სამართლის უზენაესობა მოშლილია და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის შემოწმებისა და ბალანსის საშუალება არ არის, სადაც მთავრობა შეზღუდული არაა, მთავრობას შეუძლია აი, ასე ჩაერიოს ეკონომიკაში.

ასეთ სისტემაში უფრო ადვილია,  მთავრობებმა შექმნან ისეთი გარემო, სადაც მათდამი ლოიალური პირები დასაქმდებიან.

ამაში იგულისხმება ე.წ. ელიტების დასაქმებაც. ვგულისხმობ მცირე ჯგუფში გავლენის მქონე ადამიანებს, რომლებიც ქართულ რეალობაში ძირითადად საქმდებიან სახელმწიფო საწარმოებში ან სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოებში.

საჯარო სექტორის სტრუქტურა
  • საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნის ფაქტორად დასახელებული გაქვთ პოლიტიკოსების მიერ რენტის ძიება – ეს ტერმინი გამოიყენება კორუფციული ბუნების საქციელის დასახასიათებლად. ხომ არ შეგიძლიათ უფრო მარტივ ენაზე აუხსნათ ჩვენს მკითხველს რას ნიშნავს ეს?

პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს გააჩნიათ კერძო, პრივატული ინტერესები და არა საზოგადო ინტერესები. პოლიტიკოსის კერძო, პრივატული ინტერესი შეიძლება იყოს მონეტარული სახით ან არამონეტარული სახით.

ამ შემთხვევაში „რენტის ძიებას“ ფართო გაგებით შეიძლება კორუფციაც ვუწოდოთ – პირადი სარგებლის მიზნით რაღაც გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში პირად სარგებელში მხოლოდ ის კი არ იგულისხმება, რომ რომელიღაცა მუნიციპალიტეტის მერმა, დავუშვათ, ბათუმის, გადაწყვიტა აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობა და ამ ტენდერში მისთვის სასურველ კომპანიას გაამარჯვებინა ან ამ ტენდერიდან გარკვეული თანხა მიიღო. სარგებელში იგულისხმება პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაც.

ამ შემთხვევაში აქცენტი მაქვს სწორედ ასეთი სახის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაზე. პოლიტიკოსის პერსპექტივიდან რომ შევხედოთ – საჯარო სექტორში ასაქმებს ადამიანს,  რომელიც არჩევნებზე შეიძლება გამოადგეს. თავის საზოგადოებაში აზრის ფორმირება მოახდინოს ან სასარგებლო საარჩევნო ხმების მოგროვებაში დაეხმაროს.

ამასთან, პოლიტიკური მხარდაჭერა მხოლოდ არჩევნების დროს ხომ არაა საჭირო.

თან, როდესაც ქვეყანაში დასაქმების პრობლემა დგას, ტექნიკური თვალსაზრისით უმუშევრობის დონეს ამცირებ, ამით საერთო სარგებელსაც იღებ.

როდესაც ხელახალი არჩევნები მოვა, პოლიტიკოსს შეუძლია თქვას, „აი, ჩემი მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში უმუშევრობის დონე შემცირდა“.

  • რა დადებითი ეფექტი აქვს მოკლევადიან პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას და რა ეფექტი აქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის – გრძელვადიან პერიოდში?

მოკლევადიან პერიოდში ეფექტი ისაა, რომ უფრო მეტი ადამიანი გყავს  დასაქმებული და შესაბამისად შრომის ბაზარზე გაუმჯობესებული მაჩვენებელი გაქვს. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში პრობლემაა. ყველა ადამიანს გააჩნია რაღაცის უნარი – აწარმოოს საქონელი ან გაწიოს მომსახურება.

თუკი ჩვენ ადამიანებს გადავიყვანთ საჯარო სამსახურში, რომელიც თავისი არსით ნაკლებად პროდუქტიულია, ვიდრე კერძო სექტორი, ეს ყველაფერი იწვევს რესურსების უფრო მაღალპროდუქტიული კერძო სექტორიდან დაბალპროდუქტიულ საჯარო სექტორისკენ გადატანას ხელოვნური პროცესით.

მაგალითისთვის, რაღაც ტიპის რესურსი თუკი ერთ სექტორში დარჩებოდა და უფრო მეტი საქონლის წარმოება შეგვეძლო.

საჯარო სექტორში დასაქმების გზით გრძელვადიან პერიოდში ვიღებთ იმას, რომ ეს რესურსები გადაგვაქვს ისეთ სექტორში, სადაც უფრო ნაკლები წარმოება შეუძლია და უფრო ნაკლებად ხარისხიანის.

შესაბამისად რესურსები გადადის ისეთი ადამიანების ხელში და ისეთ სექტორში, სადაც მისი ისე მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება არ ხდება, ვიდრე სხვა სექტორში მოხდებოდა.

ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აისახება იმაზე, რომ დროთა განმავლობაში გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკაში უფრო ნაკლები რაოდენობის საქონელი და მომსახურება იქნება წარმოებული, რომელიც ადამიანის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

___________________

  •  სტატისტიკა

კვლევითი ინსტიტუტის, „გნომონ ვაიზის“ კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულის პერიოდში საჯარო სექტორი სამუშაო ძალის საშუალოდ 17.6%-ს ასაქმებდა, რაც მთლიანი დასაქმების საშუალოდ 22.5%-ია.

2021 წლის მდგომარეობით, საჯარო სექტორში 316.2 ათასი შრომისუნარიანი პირი იყო დასაქმებული, რაც წინა წლებთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია.

მაგალითად, 2020 წელს საჯარო სექტორი 281.9 ათას პირს ასაქმებდა – ეს მაჩვენებელი წინა წელს 5.0 ათასით ნაკლები იყო.

ამ პერიოდში საჯარო სექტორში დასაქმება არამხოლოდ აბსოლუტურ გამოხატულებაშია გაზრდილი, არამედ ფარდობითი მაჩვენებლებიც მეტია.

2021 წელს საჯარო სექტორის წილი მთლიან დასაქმებაში 24.8% იყო, რაც 2018-19 წლებში 23.1%-ს შეადგენდა. ბოლო ათწლეულის მანძილზე ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი 2014 წელს 20.6% იყო.

შესაბამისად, საჯარო სექტორის წილის ზრდასთან ერთად, კერძო სექტორის როლი შემცირდა. ამ უკანასკნელის კლება არამხოლოდ ფარდობით მაჩვენებლებში გამოიხატა, არამედ აბსოლუტურშიც.

2021 წელს კერძო სექტორი 916.0 ათას შრომისუნარიან პირს ასაქმებდა, რაც 2020 წელს 947.1 ათასი პირი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე კერძო სექტორში ყველაზე მეტი, 1 022.6 ათასი პირი 2016 წელის იყო დასაქმებული.

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ დაუშვან მიხეილის სიკვდილით დასჯა“ – ზელენსკი სააკაშვილზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს „შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი“.

„სწორედ ახლა, უკრაინის მოქალაქეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ნელა კლავენ. ის ფაქტი, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპაში კვლავ გვიწევს ვებრძოლოთ ადამიანის დე ფაქტო საჯარო სიკვდილით დასჯის მსგავს მცდელობას, სამარცხვინოა,“- წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მეორე ტვიტში ზელენსკი უშუალოდ საქართველოს მთავრობას და მსოფლიოს მიმართავს. საქართველოს მთავრობას უკრაინის პრეზიდენტი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრ ვალდებულებებს ახსენებს და მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობა, მსოფლიოს კი სთხოვს, გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე.

„იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაიხსენონ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ნორმებით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტონ ძალადობა და გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

მოვუწოდებ მსოფლიოს, გადაარჩინონ მიხეილის სიცოცხლე და არ დაუშვან მისი სიკვდილით დასჯა,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გუშინ, პირველ თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედის” პალატიდან დისტანციურად ჩაერთო. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და ერთადერთი, რასაც ითხოვს, ისაა, რომ ადეკვატური მკურნალობის საშუალება მიეცეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 129 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 3 211 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 6 382 ერთეული [+0]
  • საარტილერიო სისტემა – 2 212 ერთეული [+5]
  • MLRS – 458 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 222 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 951 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 064 ერთეული [+3]
  • სპეცტექნიკა – 200 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 3 001 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 719 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 003 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 981 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 249 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ ეხმარება „ხსნის არმია” ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს

როგორ ეხმარება „ხსნის არმია” ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის ასი ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. მათგან 27-28 ათასამდე მოქალაქე ქვეყანაში დარჩა.

ბათუმში უკრაინის საკონსულოს ბოლო მონაცემებით, ახლა ბათუმში უკრაინის ათი ათასამდე მოქალაქეა – ძირითადად ქალები და ბავშვები. მათ სხვადასხვაგვარი საჭიროება აქვთ. ბევრმა დაბომბვების დროს ისე დატოვა უკრაინა, რომ ტანსაცმელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი ვერ წამოიღო, ზოგიერთმა დაგეგმა წამოსვლის დღე და მცირე დანაზოგიც გამოიყოლა.

ბათუმში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობას დახმარება სჭირდება: საკვებით, ტანსაცმლით, ყოველთვიური ბინის ქირით თუ სამედიცინო სერვისებით.

ბათუმში ლტოლვილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი უკრაინელთა დახმარების ცენტრი – „ლელოს“ ოფისში, ფონდი „ალილო“, საერთაშორისო ორგანიზაციები: „ვორლდ ვიჟენი“ და „ქეა კავკასია“. ბათუმში უკრაინელი ლტოლვილების ერთ ნაწილს აჭარის მთავრობამ თვეში 300-ლარიანი დახმარება გამოუყო.

„ხსნის არმიაც“ იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსით ეხმარებიან ლტოლვილებს უკრაინიდან – ომის დაწყების პირველივე თვეებიდან.

ეს 1865 წელს პროტესტანტების მიერ დაარსებული 150 ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციაა და სოციალური დახმარების გაცემა, ომის პირობებში, მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

ორგანიზაციის ბათუმის ოფისში გვითხრეს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაცემა მათ 2022 წლის მაისიდან დაიწყეს. სექტემბრის ჩათვლით ოფისში პროდუქტებს აგროვებდნენ და ადგილზე სადილს ამზადებდნენ, ადამიანებს დღეში ერთხელ კვება გარანტირებული რომ ჰქონოდათ. პარალელურად ოფისში ტანსაცმელიც გროვდებოდა.

„თავიდან ამაზე ვფიქრობდით: დღეში ერთხელ მაინც ეჭამათ ადამიანებს და სამოსი ჰქონოდათ. პირველი ინსტინქტი ეს არის: არ მოშივდეს, არ შესცივდეს…

მერე გამოჩნდა სხვადასხვა საჭიროება“, – ამბობს ვლადიმერ ბუდაევი, „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი ბათუმში.

„ხსნის არმიის“ ოფისში

ორგანიზაციის ბაზაში ახლა უკრაინელების 2500-ზე მეტი ოჯახია დარეგისტრირებული, ვინც მათგან დახმარება მიიღო.

აქ კვირაში საშუალოდ 150 ყუთ საკვებს გასცემენ – 150 ოჯახზე. ყუთებში მაკარონი, შაქარი, ხორცის კონსერვი, ბრინჯი, შესქელებული რძე, მარცვლოვნები, ზეთი და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებია.

ორგანიზაცია უკრაინელ ლტოლვილებს ამარაგებს ჰიგიენური საშუალებებითაც.

„ახლა პროდუქტებს ვარიგებთ, მაგრამ აღარ არის ადგილზე სადილის მომზადების შესაძლებლობა: პატარა ოფისი გვაქვს, ბევრ ხალხს აქ ვერ დავიტევთ, გვინდოდა შედარებით დიდი ოფისი დაგვექირავებინა, მაგრამ ბათუმში ძალიან გაძვირდა საოფისე ფართობის ქირა და ამის შესაძლებლობა არ გვაქვს.

ხშირად მოგვმართავენ ჩვენი ბენეფიციარები, კარგი იქნებოდა, ცხელი სადილი დღეში ერთხელ ხელმისაწვდომი იყოსო. ბევრს არ აქვს სახლში გაზი და მშრალ კვებაზეა, ვერ ამზადებს ვერაფერს – ბათუმის ირგვლივ მცხოვრებლები, მაგალითად.

ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, მაგრამ აუცილებლად მოვამზადებთ  სადილს ადგილზეც და დავპატიჟებთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენამდე მოსულ ადამიანს უკან არ ვუშვებთ დახმარების გარეშე“, – ამბობს ვლადიმერ ბუდაევი.

„ხსნის არმიის“ ოფისში

ორგანიზაციამ უკრაინულ ოჯახებს დაურიგა ასევე ტანსაცმლის მაღაზია „ვაიკიკისა“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ 50-50-ლარიანი 700 ვაუჩერი. „კარფურის“ ვაუჩერებს ორგანიზაცია ახლაც არიგებს.

ორგანიზაციის წევრები გვეუბნებიან, რომ ბათუმის ოფისში ყოველდღიურად იზრდება უკრაინელი ლტოლვილების სია, რადგან ქვეყანაში შემომსვლელი ლტოლვილების ნაკადი არ წყდება.

„ხსნის არმიის“ ოფისთან

„ხსნის არმიის“ წევრები ძირითადად პროექტებს წერენ ლტოლვილთა დასახმარებლად დაფინანსების მისაღებად და მთელ მსოფლიოში ეძებენ სპონსორებს. ასე გროვდება ზემოთ ხსენებული დახმარება. ვლადიმერ ბუდანოვმა გვითხრა, რომ ბათუმის ოფისში ადგილობრივ მოქალაქეებს და თავად უკრაინელებსაც მიაქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2022 წლის აგვისტოში „ხსნის არმიის“ ორგანიზებით ექვსიდან თოთხმეტ წლამდე 89 უკრაინელმა ბავშვმა დაისვენა ურეკის სარეაბილიტაციო ბანაკში – „მეგობრობა“. ბავშვები 18 დღით უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და სამკურნალო მასაჟით.

დახმარების მიღების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 598 24 74 98

„ხსნის არმიის“ ბათუმის ოფისის მისამართია: დემეტრე თავდადებულის ქუჩა №76. 

________________________________

ფოტოები მოგვაწოდა „ხსნის არმიამ”.

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს 20-წლიანი მმართველობის შემდეგ

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება ოპოზიციის პროტესტის ფონზე.

თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალური ალიანსი“ აცხადებს, რომ 2023 წლის მაისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანს არ შეუძლია საკუთარი კანდიდატურის წამოყენება, რადგანაც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ერთსა და იმავე ადამიანს მხოლოდ ორჯერ აქვს პრეზიდენტობის უფლება. ერდოღანი კი პრეზიდენტად ორჯერ – 2014 და 2018 წლებში იქნა არჩეული.

თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პასუხად განაცხადა, რომ რამდენადაც თურქეთი მართვის ახალ – საპრეზიდენტო სისტემაზე გადავიდა 2017 წლის რეფერენდუმის შედეგად, ეს სისტემის გადატვირთვას ნიშნავს და შესაბამისად „პრეზიდენტი, რომელიც 2018 წელს იქნა არჩეული, არის პირველი პრეზიდენტი ამ ახალ სისტემაში“.

ერდოღანი ამბობს, რომ ოპოზიცია საკუთარ კანდიდატს ვერ პოულობს არჩევნებზე და ამიტომ მის კანდიდატურას ესხმის თავს.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2023 წლის 18 ივნისსაა ჩანიშნული, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები 14 მაისს გაიმართება და ამის შესახებ ოფიციალურად მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, თარიღი სიმბოლურია – 1950 წლის 14 მაისის არჩევნების შედეგებმა თანამედროვე თურქეთში ერთპარტიული მმართველობა დაასრულა. 2023 წელს კი, ოტომანთა იმპერიის დაშლის შემდეგ, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნება.

თურქეთის არჩევნებს ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ უკვე უწოდა „2023 წელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ არჩევნებზე თავისი 20-წლიანი მმართველობის გახანგრძლივებას შეეცდება.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც თურქეთის პრეზიდენტმა ოპოზიციას მიუთითა, 2017 წელს გატარდა. მანამდე თურქეთში საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოქმედებდა და პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები პრეზიდენტისაზე მაღლა იდგა. ცვლილებების შემდეგ კი თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა და ძალაუფლება პრეზიდენტის მხარეს გადაიხარა.

თურქეთის მმართველი – „სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია“ (AKP) რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2001 წელს დააარსა. პარტიამ 2002 წლის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და  გაიმარჯვა.

ერდოღანი 2003 წელს. ფოტო: EPA/STR

მაშინ ერდოღანს 1999 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის სასამართლოს მიერ საჯარო თანამდებობის დაკავება აკრძალული ჰქონდა, რის გამოც არ შეეძლო პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, შესაბამისად, მაშინ თურქეთის პრემიერი AKP-ის თანადამფუძნებელი, აბდულა გიული გახდა. საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც 2003 წელს ახალმა მთავრობამ ერდოღანის „პოლიტიკური ბლოკი“ მოხსნა და არჩევნები დანიშნა, ერდოღანი პრემიერ-მინისტრი გახდა, 2003 წლის მარტში.

იგი 2003-2014 წლებში იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, პრეზიდენტად კი 2014 და 2018 წლების არჩევნებზე იქნა არჩეული. სწორედ ამაზე მიუთითებს ოპოზიცია, თუმცა როგორც ერდოღანი ამტკიცებს, საკონსტიტუციო ცვლილებებში ნათლადაა ხაზგასმული, რომ მას კიდევ ერთხელ აქვს უფლება, არჩეული იქნას პრეზიდენტად, რადგან ეს არა მესამე, არამედ მეორე ვადად ჩაეთვლება.

ერდოღანი ახლა „ხალხის ალიანსის“ კანდიდატია, რომელშიც AKP-ი და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ [MHP] არიან გაერთიანებული. ხოლო ოპოზიციურ „ერის ალიანსს“ საერთო კანდიდატი ჯერ არ ჰყავს დასახელებული.

ოპოზიციურ ალიანსში, რომელსაც „ექვსი მაგიდის“ სახელითაც იცნობენ, გაერთიანებულია თურქეთის 6, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია: თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია [CHP], კარგი პარტია, ბედნიერების პარტია, დემოკრატიული პარტია, დემოკრატიისა და პროგრესის პარტია, მომავლის პარტია.

30 იანვარს ოპოზიციურმა ალიანსმა ერდოღანის დასამარცხებელი ვრცელი, 2300-პუნქტიანი საარჩევნო გეგმა წარმოადგინა. ოპოზიციური პარტიების გეგმის მთავარ ნაწილს, გამარჯვების შემთხვევაში, თურქეთში საპარლამენტო მმართველობის აღდგენა წარმოადგენს.

„ჩვენ გადავალთ გაძლიერებულ საპარლამენტო სისტემაზე უფრო ძლიერი, ლიბერალური, დემოკრატიული და სამართლიანი სისტემისთვის, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება ძალაუფლების [ხელისუფლების] გადანაწილება“, – განაცხადა მთავარი ოპოზიციური პარტია CHP-ის თავმჯდომარის მოადგილემ ფაიქ ოზთრაქმა და აღნიშნა, რომ გეგმა მიზნად ისახავს პარლამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის როლის გაზრდას.

ოპოზიციის 2300-პუნქტიანი პროგრამა მიზნად ისახავს ერდოღანის მიერ პარლამენტისა და სამინისტროებისთვის ჩამორთმეული უფლებამოსილების უკან დაბრუნებას.

ერდოღანის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევა 2016 წელი იყო.

2016 წლის 15 ივნისს, გვიან ღამით, თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო. ერდოღანმა გადატრიალების აღკვეთა შეძლო და ქვეყანაში დაიწყო ყოვლისმომცველი წმენდა – განათლების სისტემიდან დაითხოვეს 15 ათასზე მეტი ადამიანი, გაათავისუფლეს და გაასამართლეს ათასობით სამხედრო, 3 ათასამდე მოსამართლე და პროკურორი, 337 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 80 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს, 200-მდე მედიასაშუალება დახურეს, 319 ჟურნალისტი დააპატიმრეს და ა.შ.

საერთაშორისო და თურქული მედიის ცნობით, ოპოზიციას, სავარაუდოდ, პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, რომლებიც CHP-ის წარმოადგენენ. ესენი არიან: სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ და პარტიის დიდი ხნის ლიდერი – ქემალ კილიჩდაროღლუ.

ექრემ იმამოღლუ 2022 წლის დეკემბერში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შეურაცხყოფის ბრალდებით გაასამართლეს და 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ერდოღანისთვის უფრო სახიფათო კონკურენტად სწორედ ექრემ იმამოღლუ აღიქმებოდა. თუმცა ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ამ დაპატიმრებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდა იმამოღლუს შანსები, რამდენადაც თურქული საკანონმდებლო სისტემა, შესაძლებლობას აძლევს მას, კენჭი იყაროს, სანამ მისი ადვოკატები განაჩენს ასაჩივრებენ.

ექრემ იმამოღლუ
აქცია სტამბოლში ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად, სადაც 10-ათასობით ადამიანი შეიკრიბა. 15.12.22 ფოტო: Facebook/Ekrem İmamoğlu

„ვაშინგტონ პოსტი“ შეფასებით, ოპოზიციის მეორე სავარაუდო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუ, „ქარიზმატულ“ იმამოღლუსთან შედარებით „უფერულია“ და შესაბამისად უფრო სასურველი ოპონენტი ერდოღანისთვის, რომელიც უკვე იყენებს ყველა რესურსს არჩევნების მოსაგებად.

თურქეთში ფინანსური კრიზისი ფონზე, რომლის პროვოცირების მიზეზიც, როგორც საერთაშორისო მედია და ექსპერტები წერენ, ერდოღანის „მაგიური ეკონომიკური ხედვაა“. ერდოღანი ბოლო თვის განმავლობაში ცდილობს ისეთი ცვლილებების გატარებას, როგორიცაა: საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა, ლირის კურსის ხელოვნური გამყარება და ა.შ.

თურქეთი, რომელიც მსოფლიოს ოც უდიდეს ეკონომიკაში შედის და ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ერდოღანი თითქოს ცდილობს ამ ომში შუამავლის როლის შესრულებას, თუმცა არც რუსეთისგან სარგებლის მიღებას ერიდება და პარალელურად ცდილობს რეგიონში თავისი გავლენების გაფართოებას.

როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი სელიმ კორუ „ვაშინგტონ პოსტთან“ აცხადებს, ერდოღანის მსოფლმხედველობა „ბევრად უფრო რადიკალურია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა ფიქრობს“.

„მისი ამბიცია თურქეთის უშუალო სამეზობლოსთან დაკავშირებით, სადაც ანკარა სულ უფრო გავლენიანია, არ არის ამერიკული და ევროპული გავლენის შევსება, არამედ ეს არის მათი ჩანაცვლება და მათთან შეწინააღმდეგება”, – ამბობს კორუ.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანი უკვე ორი ათწლეულია რაც ძალაუფლების სათავეშია, მის მიმართ მხარდაჭერა თურქეთში არც ისე დაბალია.

2022 წლის ოქტომბერში Metropoll-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ერდოღანის მხარდაჭერა 47.6%-ია, რაც გასული წლის 39%-იან მაჩვენებელთან შედარებით 8.6%-თაა გაზრდილი.

ერდოღანი ხშირად სპეკულირებს ნაციონალისტური და რელიგიური საკითხებითაც, როგორიცაა ქალთა და ქვიარ უფლებები. მაგალითად, თურქეთმა დატოვა საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთასა და მასთან ბრძოლას ისახავს მიზნად. შესაბამის განკარგულებას თავად რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოაწერა ხელი. აღნიშნულს წინ უძღოდა დოკუმენტის კრიტიკა თურქეთის მმართველი პარტიის წევრთა მხრიდან, რომელთა თანახმადაც ის არ შეესაბამება კონსერვატიულ, ისლამურ ნორმებს.

საერთაშორისო მედიისა და ექსპერტებისთვის რთულია ამ არჩევნების შედეგების პროგნოზი, მთავარ პრობლემას კი ძლიერი ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის არარსებობა წარმოადგენს. რამდენადაც, როგორც მედია წერს, „ისინი, ვინც ერდოღანით უკმაყოფილოა, ვერ ხედავენ, თუ ვინ შეიძლება იყოს ალტერნატიული ძალა“.

______________

მთავარი ფოტო: EPA-EFE/ERDEM SAHIN

ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა, ანუ როგორ დაადუმეს ბათუმი

ბათუმში სამშენებლო ღობეებზე აღარავინ აბრახუნებს, არავინ სვამს კითხვებს, სად და როდის იმართება იმ დიდი პროექტების საჯარო განხილვები, რომლებსაც მერია დასამტკიცებლად ამზადებს, შემდეგ კი საკრებულო ამტკიცებს.

არავინ ითხოვს საკრებულოს სხდომაზე ერთი, ორი ან მეტი საშვის დაშვებას. არავის სჭირდება სხდომათა დარბაზში მეტი ადგილი მოქალაქეებისთვის, აღარავინ ბრაზობს, აღარავინ ყვირის, აღარავინ სკანდირებს „ნუ ჩაგვაბეტონებთ“,  – ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც მთავრობას სურდა.

რატომ მოხდა ასე? რატომ ჩამოწვა სიჩუმე არასამთავრო სექტორში, რატომ აღარ ისმის ბათუმში სამოქალაქო აქტივისტების ხმა, რაც ასე მძლავრი იყო ყოველთვის? – ამაზე თამარ მამეიშვილს ვკითხეთ.

თამარი „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ [EECMD] ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტია. ის არასოდეს აკლდებოდა ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით გამოხატულ პროტესტს  ბათუმში და ხშირად ორგანიზატორებს შორისაც იყო.

  • ქალბატონო თამარ, სამოქალაქო სექტორი ბათუმში აღარ არის ისეთი აქტიური, როგორიც იყო. თქვენი ხმა მკაფიოდ აღარ ისმის, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

სამწუხაროდ კი. შიდა წრეებში ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ, რომ არ, ან ვეღარ ვართ ისეთი აქტიურები და, შესაბამისად, ძლიერებიც, როგორც რამდენიმე წლის წინ. ვფიქრობ, შესუსტება პანდემიასთან ერთად დაიწყო. იზოლაციამ თავისი გავლენა იქონია და პრიორიტეტები გადაალაგა მსოფლიო დონეზე და ლოკალურადაც ჩვენზეც იქონია გავლენა. ყველა ინსტიტუტზე და, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

ამას დაემატა ომი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში. თუმცა, ასევე გვაქვს ლოკალური გამოწვევებიც – შევხედოთ გულწრფელად.

ჩვენ, არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, გვაქვს ბევრი გამოწვევა. მგონია, რომ ერთნაირად ვდგავართ იმ გამოწვევების წინაშე, რაც ქვეყანაში შეეხეო ყველა ინსტიტუტს – არცერთი ინსტიტუტი არ დგას თავის სიმაღლეზე. სახალხო დამცველიც კი არ გვყავს უკვე რამდენიმე თვეა და ვერაფერს ვაკეთებთ.

მედია, სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები  – ეს ნიჰილიზმი და სკეპტიციზმი ამ სექტორშიც შემოიჭრა უფრო ღრმად. შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, ვიფიქროთ, კითხვები დავსვათ. რა ხდება, რა არის საჭირო და ჩვენ რა ვერ გავაკეთეთ ისე, როგორც საჭიროა.

ხშირად მიჩნდება კითხვა, რას მიაღწიეს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში, რაზე შეიძლება საუბარი.

  • და რა არის თქვენი პასუხი ამ კითხვაზე?

რა თქმა უნდა, არცერთი ორგანიზაციის, არც სამოქალაქო მოძრაობების როლს არ ვაკნინებ და ვერ ვიტყვი, რომ ვერაფერს მივაღწიეთ. გვაქვს ბევრ სფეროში წინსვლა, რაზეც იბრძოლა სამოქალაქო სექტორმა, თუმცა არ ვიცი, რამდენად დაეხმარა ეს ჩვენს საზოგადოებას. საზოგადოების გარდაქმნას, გაერთიანებას რამდენად შეუწყო ამ ყველაფერმა ხელი.

დიახ, მაქვს განცდა, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები ვერ ვიქეცით ხალხის ნაწილად. მაგალითად ხშირად ამბობენ, რომ ენჯეოშნიკების ენა რაღაცნაირად რთულია გასაგებად. სულ ვსაუბრობთ, რომ გამოწვევები გვაქვს.

ეს კითხვები ისმის არამხოლოდ ორგანიზაციების შიგნით, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთანაც. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ მიდგომები ხომ არ არის შესაცვლელი. მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები გვაქვს და ამ გამოწვევებზე პროგნოზებს ვაკეთებთ, მაინც გამოჩნდა, რომ მზად არ აღმოვჩნდით.

  • რას გულისხმობთ, რისთვის არ აღმოჩნდა მზად არასამთავრობო სექტორი?

თუნდაც ეს პოლიტიკური პროცესი, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც ვერ ვუწევთ სათანადო წინააღმდეგობას – ძალიან მნიშვნელოვანი ამბის წინაშე ვდგავართ, ევროკავშირის სტატუსის მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი ქვეყნისთვის.

გარდამტეხ ცვლილებებს ამ კუთხით ვერ ვახერხებთ, ვერ ვუწევთ სათანადო წინააღმდეგობას ანტიევროპულ პროპაგანდას, სამწუხაროდ. ამ იდეით იყო ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივიზმი – სწრაფვა ევროპისკენ და ევროპული ღირებულებები.

ამას ვაკეთებდით ყველა ორგანიზაცია ჩვენს დონეზე, გვქონდა მრავალპარტიული დიალოგი, ვმუშაობდით გენდერულ საკითხებზე, დაჩაგრული ჯგუფების უფლებების დაცვაზე, ყველაფერი მიდიოდა აქეთკენ, ყველა ორგანიზაციის მუშაობა, ყველა ამოცანა, ანგარიშიდან ანგარიშამდე მიდიოდა იმისკენ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას, გადაგვედგა ნაბიჯი ევროპისკენ, სტატუსი გვქონოდა უფრო მაღალი და მნიშვნელოვანი.

რა უნდა გააკეთოს ახლა სამოქალაქო სექტორმა? მგონია, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია სექტორში და საზოგადოების უფრო მეტად სამოქალაქო განათლება. სულ ასოციაცია მაქვს „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან“. როგორი გარდამტეხი, როგორი გამაერთიანებელი იყო ამ ორგანიზაციის მუშაობა, მოღვაწეობა, მაშინდელი არასამთავრობოს ტიპის ორგანიზაცია იყო. თან განმანათლებელი და თან გამაერთიანებელი.

დღესაც სამოქალაქო სექტორი უნდა იყოს განმანათლებელი და გამაერთიანებელი. ამით უფრო მივაღწევთ მიზნებს, ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის, ჩართულობის საკითხები, შრომითი უფლებები, თუ ადამიანის უფლებები სხვადასხვა მიმართულებით – ქალთა უფლებები, გენდერული მიმართულება, ვგულისხმობ ლგბტ თემს და ასევე შშმ პირებს.

პარტიებსაც იგივე ამოცანა აქვთ დღეს, მაგრამ ვხედავთ, რომ არ არის აქაც მთლად ჯანსაღად სიტუაცია. მარტო პარტიებს ვერ დავუტოვებთ ამ ტვირთს, მედიასაც აქვს პრობლემები. ახლა რაღაცნაირად ძალის მოკრების დროა, რომ ერთობლივად მოვახერხოთ რის მიღწევაც გვინდა.

საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს იმ მნიშვნელოვან ამბებზე, რაც არის ჩვენი სწრაფვა – უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ საზოგადოების განათლებასა და გაერთიანებაზე. მგონია, რომ ეს არის ახლა მნიშვნელოვანი.

  • როგორ უნდა მოხერხდეს, რომ არასამთავრობო სექტორმა საკუთარი გამოწვევების დაძლევაც მოახერხოს და საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც გააქტიურდეს? 

ის რესურსი, რაც არსებობს ახლა ორგანიზაციებში, ერთად უნდა შეიკრას. პირველ ეტაპზე დასხდომა და შეჯერება არის ალბათ მნიშვნელოვანი – უნდა შევჯერდეთ, რა არის გასაკეთებელი და შემდეგ ალბათ პატარ-პატარა მიღწევებით აქამდე მივალთ.

მგონი ამას არ სჭირდება ფორმალური გაერთიანება, დარეგისტრირება და ამის შემდეგ, ამას სჭირდება შეჯერება. იგრძნობა, რომ ორგანიზაციებს აქვთ კრიზისული პერიოდი და ამას გვერდს ვერ ავუვლით, ყველა დიდ ორგანიზაციაში არის ეს პრობლემა, თანამშრომლების შენარჩუნების საკითხიც დგას დღის წესრიგში. ამას ხელს უწყობს ხელისუფლების დამოკიდებულება ამ სექტორის მიმართ – საზოგადოების თვალში ნდობის დაკარგვა.

  •  ბოლო პერიოდში არასამთავრობო სექტორში ახალი ადამიანებიც არ ჩანან, რატომ?

ბათუმის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ თითქოს ხიბლი დაიკარგა, აღარ არის ის მუხტი, რაც ჰქონდა არასამთავრობო სექტორს, როცა სხვებსაც ავიყოლიებდით.

სამოქალაქო სექტორში ახალი ადამიანები იშვიათად მოდიან. ყველას უჭირს სწორება იმაზე, რა არის დღეს მთავარი. მგონი სექტორის შიგნით ვინც მუშაობს, ჩვენ ვართ დაბნეულები, ჩვენც გვიჭირს სწორება რა არის დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა.

მთავრობამ ისიც მოახერხა, რომ დაიცალა საბჭოები, კომისიები ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც ამბავი მაინც გამოჰქონდა.

რამდენ ჰექტარს დახნავს მთავრობა აჭარაში – მიწის დასამუშავებლად 1,2 მილიონია გამოყოფილი

აჭარაში მთავრობა ბიუჯეტის ფულით მიწის ნაკვეთებს წელსაც დახნავს, რისთვისაც ჯამში 1,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მიწის დამუშავებაზე [დახვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დაფრეზვა] ტენდერი „აგროსერვის ცენტრმა“ წელს 1 284 000 ლარით გამოაცხადა.

სამუშაოები 2023 წლის 31 მარტიდან უნდა დაიწყოს და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდეს.

ტენდერის პირობის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სამუშაოა დაგეგმილი. კერძოდ:

  • ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში – ჯამში 1 414 ჰექტარის დახვნა; 1 290 ჰექტარის დადისკვა; 1 290 ჰექტარის დაფარცხვა.
  • ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში – ჯამში 750 ჰექტარის დახვნა; 400 ჰექტარის დაფარცხვა; 350 ჰექტარის დაფრეზვა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 1-ელ მარტს დაიწყება და 3 მარტს დასრულდება.

„ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 01 იანვრის ჩათვლით შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 400 000 (მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური სამუშაოები“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ხვნის პროგრამას „აგროსერვის ცენტრი“ ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს. წინა წლებში გამოცხადებულ ტენდერებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ იმარჯვებდა, რომელიც სახელმწიფო კომპანიაა [ყოფილი შპს „მექანიზატორი“].

ამ კომპანიას აჭარაში მიწის დამუშავებაში, მაგალითად, 2021 წელს 570 975 ლარი გადაუხადეს, 2022 წელს კი – 687 552 ლარი.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პროგრამა მიმდინარე წელსაც იმ პრინციპით განხორციელდება, როგორც აქამდე. ფერმერები მიმართავენ აგროსერვისცენტრს, შედგება სიები და დაიწყება შესაბამისი სამუშაოები. მიწის დამუშავება ფერმერებისთვის უფასოა.

„ვინაიდან მიწის სამუშაოები აგროვადებში ჩატარდება, ფერმერებმაც ამ ვადების გათვალისწინებით უნდა მიმართონ აგროსერვისცენტრს,“ – გვითხრეს სამინისტროში.

აჭარა, ფაქტობრივად, ერთადერთი რეგიონია ქვეყანაში, სადაც მიწის რეფორმა არ გატარებულა.

სახელმწიფომ ქვეყანაში მიწის უფასო/სისტემური რეგისტრაცია 2022 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით 2024 წელს უნდა დასრულდეს.

სისტემური რეგისტრაცია ეხება აჭარის მუნიციპალიტეტებსაც, ბათუმის გარდა.

ამ თემაზე ვრცლად:

რა შემთხვევაში გადაიხდის გლეხი 600 ლარს დაკავებული მიწის რეგისტრაციაში?

ამოიღეთ კვების რაციონიდან ტრანს ცხიმები – ჯანმოს ახალი ანგარიში და გაფრთხილება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი ანგარიში მთავრობებს, კვების ინდუსტრიას და საზოგადოებას მოუწოდებს, კვების რაციონიდან ამოღებული იქნას ტრანს ცხიმები.

ანგარიშში განმარტებულია, რომ ტრანს ცხიმების მიღება უკავშირდება გულის კორონარული დაავადების გართულებებსა და სიკვდილიანობის გაზრდილ რისკს.

ტრანს ცხიმების საკვებად მოხმარების გამო მსოფლიოში ყოველწლიურად გულის კორონარული დაავადებით დაახლოებით 500 000 ადამიანი იღუპება ნაადრევად.

ჯანმოს ნუტრიციისა და კვების უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფრანჩესკო ბრანკა განმარტავს, რომ არსებობს ტრანს ცხიმების ორი სახეობა – ნატურალური და სამრეწველო ტრანს ცხიმები.

„ნატურალურ ტრანს ცხიმებს შეიცავს რძის პროდუქტები და მცოხნელი ცხოველების ხორცი, მაგალითად, ძროხის. ორივე სახის ტრანს ცხიმი ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის“ – განმარტავს ფრანჩესკო ბრანკა.

„უფრო დიდი წილი სამრეწველო ტრანს ცხიმებზე მოდის. ამ პროდუქტის ღირებულება მწარმოებლებისთვის არის ის, რომ მათ აქვთ შენახვის უფრო გრძელი ვადა და, ასევე – იაფია.

ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ზეთები გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა: მარგარინი, ვანასპატის ნაღები და ისინი გამოიყენება გამომცხვარ პროდუქტებში, როგორიცაა: დონატები, შემწვარი ან გამომცხვარი საკვები, რომელსაც ხშირად ნახავთ ქუჩის სწრაფი კვების ობიექტებში“ – ამბობს ფრანჩესკო ბრანკა.

„ტრანს ცხიმები ჩვენს სხეულში შეიწოვება გარკვეული ნაერთებით, რომლებიც გადააქვთ ცხიმებს სისხლის ნაკადში. რაც მეტია ტრანს ცხიმი, მით უფრო მეტი რაოდენობით წარმოიქმნება ცუდი ქოლესტერინი და მით უფრო დაბალია კარგი ქოლესტერინის მაჩვენებელი.

ცუდი ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი იწვევს არტერიების დახშობის მაღალ რისკს, შესაბამისად – შეიცავს გულის დაავადებისა და ინსულტის უფრო მაღალ რისკს“.

ჯანმოს მიერ შეფასებულია, რომ ტრანს ცხიმების მოხმარება ზრდის გულის დაავადების რისკს 21%-ით, რაც ნიშნავს, რომ რისკის ქვეშაა ყოველი ხუთიდან ერთი ადამიანი.

„ამ ტოქსიკური ნაერთის მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 300 000-500 000 ადამიანი იღუპება” – ამბობს ბრანკა.

ჯანმოს მიერ შემუშავებული პაკეტი მოიცავს ყოვლისმომცველ ტექნიკურ დოკუმენტს, ექვს მოდულთან და დამატებით ვებრესურსებთან ერთად, განხორციელების გასაადვილებლად.

ჯანმომ დაასახელა ყველაზე ეფექტური რეგულაციები, რაც გულისხმობს ტრანს ცხიმების რაოდენობის შეზღუდვას ან სამრეწველო ტრანს ცხიმების გაყიდვისა და წარმოების აკრძალვას.

„თქვენ [მოსახლეობა] ვერც კი მიხვდებით, რომ ტრანს ცხიმები ამოღებულია, რადგან არ შეიცვლება საკვების გემო და ღირებულება. შესაძლებელია ტრანს ცხიმის ამოღება და მისი სხვა ინგრედიენტებით ჩანაცვლება, მაგალითად, მცენარეული ზეთებით და მწარმოებლებმა იციან, როგორ გააკეთონ ეს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა აიძულონ მწარმოებლები ადეკვატური რეგულაციების მეშვეობით“ – ამბობს ფრანჩესკო ბრანკა.

რომელ ქუჩებზე დაამონტაჟებენ ახალ ელექტროტაბლოებს ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში მაისის ბოლომდე 85 ახალი ელეტროტაბლო უნდა დამონტაჟდეს.

ელექტროტაბლო ინასარიძის, კობალაძის, აღმაშენებლის, შარტავას, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის, ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, წერეთლისა და გოგებაშვილის ქუჩებზე განთავსდება.

ახალი ელექტროტაბლოებით ჩანაცვლდება რუსთაველის ქუჩაზე არსებული ელექტროტაბლოებიც.

პროექტის ბიუჯეტი 190 000 ევროა და დაფინანსებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მიერ.

„ელექტროტაბლოების მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ავტობუსის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას ტაბლო იღებს ტრანსპორტში განთავსებული GPS მოწყობილობის მეშვეობით, შესაბამისად, ავტობუსის გაჩერებაზე მისვლის დროს ტაბლო გამოითვლის იმ მანძილის საფუძველზე, რა ინფორმაციასაც GPS მოწყობილობა გადასცემს.

თუ ელექტროტაბლოზე მუნიციპალური ავტობუსის კონკრეტულ გაჩერებამდე მისვლის ზუსტი დროის ჩვენება ვერ ხერხდება, ეს განპირობებულია პიკის საათებში გადატვირთული საავტომობილო მოძრაობის შედეგად, რომლის პირობებშიც მუნიციპალურ ავტობუსს უწევს გადაადგილება.

ასეთ დროს ავტობუსის კონკრეტულ გაჩერებამდე მისვლის დრო დამოკიდებულია საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაზე და შესაბამისად, ხდება წუთობრივი ინფორმაციის ასახვა ტაბლოზე“- გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

ელექტროტაბლოები ჩინური წარმოებისაა.

როგორც აღნიშნულ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და მხარეებმა შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს.

სამუშაოებს შპს  „I GPS ოპერატორი“ შეასრულებს.

საქართველოსა და რუმინეთს შორის წელს საბორნე მიმოსვლა დაიწყება

2023 წლის ზაფხულში საქართველო – რუმინეთს შორის საბორნე ხაზი გაიხსნება და ამ საზღვაო გზით საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთ წევრ ქვეყანას დაუკავშირდება.

ინფორმაცია საბორნე გზით ტვირთების გადაზიდვის დაწყების შესახებ „ბათუმელებს“ კომპანია „პონტოს მერითაიმის“ ხელმძღვანელმა, პაატა დაიაურმა დაუდასტურა.

„ჩვენ გვაქვს პირდაპირი მარშრუტი ევროკავშირთან შავი ზღვის დახმარებით. ჩვენი ზღვა, საბორნე მიმოსვლის კუთხით, არის ერთადერთი ზღვა ევროპაში, რომელიც ჯერ კიდევ არაა განვითარებული. ვცდილობთ ხიდივით გავაკეთოთ კონსტანცასთან. არსებობს უკვე ბულგარეთთან ასეთი მარშრუტი: ბათუმი – ბურგასი და ბათუმი – ვარნა.

ჩვენი სურვილია, დამატებით გავხსნათ ფოთის ან ბათუმის საბორნე მარშრუტი“, – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დაიაურმა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის დაწყების იდეა 2017 წელს გაჩნდა. მოლაპარაკებები 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს უკვე პირველი ბორანი დაიწყებს ტვირთების გადაზიდვას.

„ბორანის დანიშვნის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ არ გვაქვს საკმარისი და ეფექტური კავშირი ევროკავშირთან. არსებული სახმელეთო მარშრუტები ვერ პასუხობენ გამოწვევებს, ძალიან დიდი ხანი სჭირდება ტვირთს ჩასვლა-ჩამოსვლისთვის, რაც, ცხადია, ერთი მხრივ, ძვირიცაა და მეორე მხრივ – სარისკოც.

ტვირთვის მეპატრონისთვის – იმპორტიორი იქნება ეს თუ ექსპორტიორი, ძალიან დიდი დისკომფორტია, როდესაც ორი კვირა ელოდები ტვირთის სახმელეთო მარშრუტით გადაზიდვას.

თუ სახმელეთო გზით, თურქეთის გავლით, ცენტრალური ევროპიდან ტვირთის ჩამოსატანად ახლა გჭირდებათ 14 დღე, საბორნე მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ დაგჭირდებათ 6-7 დღე,“- უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დაიაურმა, კომპანია „პონტოს მერითაიმის“ ხელმძღვანელმა.

რუმინეთში უკვე შერჩეულია კონსტანცას პორტი, ხოლო საქართველოში არჩევანი ბათუმისა და ფოთის პორტს შორის უნდა გაკეთდეს. პაატა დაიაური ბათუმის პორტიდან საბორნე მიმოსვლას სათუოდ მიიჩნევს, რადგან ამ ტიპის მარშრუტს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, პორტმა კი უნდა შეძლოს შესაბამისი სივრცე გამოუყოს საბორნე გემს.

„საბორნე ხაზს სჭირდება საკმაოდ დიდი სივრცე პარკინგისთვის პორტის ტერიტორიაზე, სატვირთო მანქანებმა ეფექტურად რომ შეძლონ დატვირთვა-გადმოტვირთვა,“- ამბობს პაატა დაიაური.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე და ეს არ ეხება სამგზავრო გადაყვანებს.

„ჩვენ ფართო სპექტრით ვმუშაობთ, მაგრამ პირველი ეტაპი ეხება სატვირთო მანქანების გადაზიდვას. ცხადია, თუ ვინმე მგზავრი იქნება, მასაც შეეძლება გამოიყენოს, მაგრამ ტურისტული დატვირთვა მას არ ექნება, ეს იქნება, ძირითადად, მაინც ტვირთების მომსახურებისთვის.

აქტიურად ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, საგარეო სამინისტროსთან და რუმინეთში – ჩვენს საელჩოსთან,“- ამბობს პაატა დაიაური.

გომისმთაზე სახელმწიფო მიწის მითვისებისთვის ბრალი კიდევ 7 პირს წარუდგინეს

დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოვლინდა.

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარედგინა.

„დადგინდა, რომ 2021 წელს ბრალდებულებმა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, რომ თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში თვითნებურად ფლობდნენ მიწის ნაკვეთებს. რის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე, ჯამში, 1 405 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს  301 530   ლარის  ზიანი მიაყენეს.

შვიდივე ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლეbიც დაუბრუნდა სახელმწიფოს“ – წერს პროკურატურა.

მათივე ინფორმაციით, „დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 58 პირის მიმართ. სახელმწიფოს 1 921 829 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა.“

 „მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

დღეისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი, ხარისხით, გემოვნური თვისებებითა თუ დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ბრენდი – „მარტვილის მარანი“ – საქართველოს ბაზარზე 2012 წელს, „ვინო მარტვილეს“ სახელწოდებით გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია ღვინის მოყვარულთა და მწარმოებელთა ყურადღება.

„მარტვილის მარნის“ დამფუძნებლის, ზაზა გაგუა დაინტერესება იმ დროისათვის გაიშვიათებული და, შესაბამისად, ძვირფასი მეგრული ჯიშით, „ოჯალეშით“, ერთი მხრივ მარტვილელი ბაბუის ხსოვნასა და სიყვარულს, მეორე მხრივ კი მეგრული ღვინის ტრადიციის აღდგენის სურვილს უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, ღვინო და მასთან დაკავშირებული ყველა წამოწყება „მარტვილის მარნის“ დამფუძნებლებისთვის უკომპრომისო, ახლა უკვე ცხოვრების მთავარი საქმეა, რომელშიც ფინანსური და ადამიანური რესურსის გარდა, დიდი ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარულია ჩადებული.

პირველი ღვინის, 2012 წელს მოსავალის  „ოჯალეშის“  2013 წლის „ახალი ღვინის ფესტივალზე“  წარდგენამ და ღვინის პროფესიონალების გამოხმაურებამ, კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ მეგრული ღვინის ტრადიციებთან დაბრუნება და ზოგადად, მეგრული ღვინის წარმოება-პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დროთა განმავლობაში „ოჯალეშს“ დასავლეთ საქართველოს სხვა ჯიშები, წარმატებული ექსპორტი და ვენახიც  დაემატა, კომპანიის გაფართოებამ კი საკუთარი მარნის აშენების საჭიროება გააჩინა.

2019 წელს კომპანიამ ოფიციალურად გააფორმა ბრენდული სახელწოდება „მარტვილის მარანი“.

2019 წელს „მარტვილის მარანმა“ თიბისის მხარდაჭერით მარტვილში, სოფელ თარგამეულში მიტოვებული სკოლის შენობა და რამდენიმე მიწის ნაკვეთი შეისყიდა და პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ახალი მარნის შენებას შეუდგა. 2020 წელს კი უკვე გამართულ მარანში 40 ქვევრი ჩაყარა და გრძელვადიანი პროექტის – სასტუმროს მშენებლობის გეგმაზე ფიქრიც დაიწყო.

„ოჯალეში“, „ორბელური ოჯალეში“, „ციცქა“, „ცოლიკაური“, „კრახუნა,“ „ალადასტური“, „კუნძა“, „კახური მწვანე“ ის ჯიშებია, რომლებისგანაც „მარტვილის მარანში“ 12 სახეობის ღვინოს ამზადებენ. წარმოებული ღვინის 80% ექსპორტზე გადის, დანარჩენი – ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებში, რესტორნებსა და რამდენიმე მაღაზიაში იყიდება.

„2016 წლიდან მთლიანად ქვევრის ღვინის წარმოებაზე გადავედით. ვმუშაობთ ძირითადად დასავლეთ საქართველოს ჯიშებზე. ჩვენი მთავარი პრინციპი სუფთა, ორგანული(ბუნებრივი) ღვინის წარმოებაა – ვენახში არ ვიყენებთ სისტემურ პრეპარატებს და ღვინოში – ქიმიურ დანამატებს, ჩვენი ღვინო მხოლოდ ყურძნის წვენია(გოგირდის მინიმალური დამატებით, 50 მგ/ლ). მინდობილნი ვართ ბუნებრივ პროცესებს, რაც ერთი მხრივ რისკებთანაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი ძალიან საინტერესოა – შენ მინიმალურად ერევი, მხოლოდ აკვირდები დაღვინების ბუნებრივ პროცესს, შედეგად კი ხშირად გაქვს საუკეთესო, სუფთა ღვინო. ეს არის ორგანული ღვინის ხიბლი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს და რომელზეც მოთხოვნა მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება,“ – ამბობს „მარტვილის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა გაგუა.

„მარტვილის მარნის“ ორგანული ღვინო, რომელიც უკვე 14 ქვეყანაში იყიდება, განსაკუთრებული სიყვარულით ამერიკის შეერთებულ შტატებსა (40%) და იაპონიაში (30%) სარგებლობს. ექსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანი“ წელიწადში 12 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. სამომავლოდ კომპანია მარნის გაფართოებას და 200 კვ.მ ღვინოს სარდაფის აშენებას გეგმავს, რაც წარმოების 40 000 ბოთლამდე გაზრდას შეუწყობს ხელს. იგეგმება, ასევე, ცქრიალა ღვინის, სიდრის, ჭაჭისა და ლუდის წარმოებაც.

სასტუმრო მეორე ძირითადი მიმართულებაა, რომელზეც „მარტვილის მარანი“ თიბისის მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებას, გეოგრაფიული მდებარეობისა და ხარისხიანი მომსახურების პირობებში, დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი მარნიდან ულამაზესი ხედები იშლება მდინარე ტეხურზე და ეგრისის ქედზე, აქვეა მარტვილისა და ოკაცეს კანიონები, ციხე-გოჯის უნიკალური კომპლექსი, ამას ემატება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხარისხიანი მომსახურება, ბიო პროდუქტი, ღვინის დეგუსტაცია, წარმოების პროცესში მონაწილეობა, სუფთა ჰაერი, მეგრული სტუმართმოყვარეობა და კომფორტული გარემო, რაც ძალიან იზიდავს ვიზიტორებს. ვგეგმავთ საცხენოსნო ტურიზმის განვითარებასაც, ასე რომ მალე სტუმრებს სხვადასხვა ხანგრძლივობისა და შინაარსის საცხენოსნო ტურებსაც შევთავაზებთ სამეგრელოს ტერიტორიაზე. სტუმრების მიღება არსებული რესურსით უკვე დავიწყეთ, სამომავლოდ კი სასტუმრო კომპლექსი საშუალო და მაღალი სეგმენტის 30-ამდე სტუმარზე იქნება გათვლილი,“ – ამბობს ზაზა გაგუა.

პროექტი თიბისის მხარდაჭერით, ეტაპობრივად 200 000 ლარიანი ინვესტიციით განხორციელდება.

დღეისათვის „მარტვილის მარანში“ სტაბილურად 5 ადამიანია დასაქმებული. სეზონურად მათი რიცხვი 15-ს აღწევს. სამომავლო პროექტი – სასტუმრო კომპლექსი – ადგილობრივების აქტიურ დასაქმებას ითვალისწინებს.

დააკავეს ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილი დირექტორი – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ ყოფილი დირექტორი დააკავეს.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს ,,ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოსა“ და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ყოველწლიურად ფორმდებოდა სუბსიდირების ხელშეკრულებები შესაბამისი ბიუჯეტით, ამბულატორიული მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით.

„ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ დირექტორმა ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და ამბულატორიული მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული თანხები უკანონოდ გადარიცხა თავის საბანკო ანგარიშზე, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 97 933 ლარი და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა“ – წერს პროკურატურა.

ყოფილი დირექტორი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისება) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

სასჯელი 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

___________________

ამ თემაზე:

ქედის მერიის შპს-ში „თვეში ორჯერ ხელფასის აღების“ საქმეზე გამოძიება დაიწყო

ჭადრაკის სწავლება II კლასშიც სავალდებულო გახდება

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჭადრაკის სწავლება მომავალი სასწავლო წლიდან მეორე კლასშიც დაემატება. აქამდე ჭადრაკი მხოლოდ პირველ კლასში იყო შეტანილი.

ბრძანების მიხედვით, I და II კლასებში ჭადრაკი იმ შემთხვევაში არის სავალდებულო, თუკი სკოლას ჰყავს შესაბამისად მომზადებული მასწავლებელი.

ამავე ბრძანებაში საუბარია დაწყებით კლასებში „კომპიუტერული ტექნოლოგიების“  გაკვეთილების შეტანაზეც.

„II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ ერთსაათიანი კვირეული დატვირთვით  2023-2024 სასწავლო წლიდან ხდება სავალდებულო.“-წერია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც 31 იანვარს გამოქვეყნდა.

ამ შემთხვევაშიც საგნის დამატება სავალდებულოა, თუ სკოლას კვალიფიციური კადრი ჰყავს.

საჯარო სკოლებში ჭადრაკის სწავლება 2022 წელს დაემატა, როგორც სავალდებულო საგანი.

ამავე წელს შევიდა ცვლილება „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ სწავლებაშიც. თუმცა აქამდე ნებაყოფლობითი იყო საგანი და სკოლას სურვილის შემთხვევაში შეეძლო დაემატებინა კვირაში ერთი საათი, 2023-2024 წლისთვის კი საგნის სწავლება სავალდებულო იქნება.

ხერსონი კვლავ რჩება რუსეთის დაბომბვების სამიზნედ – ბრიტანული დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა პირველი თებერვლის ანგარიშში სამხრეთ უკრაინაში, კონკრეტულად კი ხერსონში განვითარებულ მოვლენებს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ბოლო დღეებში ყველაზე მძიმე დაბომბვების სამიზნე სწორედ სამხრეთ უკრაინა, მდინარე დნიპროს გასწვრივ მდებარე ტერიტორია იყო. რუსეთის მიერ ქალაქი ხერსონი მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე განთავსებული არტილერიიდან იბომბება.

როგორც უწყება აღნიშნავს, ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა 2023 წლის 29 იანვარს ხერსონში კიდევ სამი სამოქალაქო პირის სიკვდილისა და მდინარეზე მდგომი ორი უცხოური გემის დაზიანების შესახებ განაცხადეს. დაზიანების შედეგად გემებიდან ნავთობი დაიღვარა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ცნობით, ხერსონი კვლავაც რჩება დონბასის გარეთ, ყველაზე მძიმე მუდმივი დაბომბვების სამიზნედ. დაზვერვის სპეციალისტების შეფასებით, გაურკვეველია, ზუსტად რა გათვლა აქვს რუსეთს შეიარაღების მისი, ისედაც კრიტიკული მარაგების ამ არეალზე დახარჯვით.

„თუმცა რუსი მეთაურები, სავარაუდოდ, ცდილობენ შეარყიონ სამოქალაქო სულისკვეთება და შეაკავონ ნებისმიერი შესაძლო უკრაინული კონტრშეტევა მდინარე დნიპროს გაღმა,“ – ვკითხულობთ ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.

_________________

ფოტო: უკრაინის ეროვნული გვარდია

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ

მენსტრუაციულ ციკლში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვანიშნებდეს. „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ზეინაბ, რა არის მენსტრუალური ციკლი, რა მიიჩნევა ნორმად?

მენსტრუალური ციკლი არის საკვერცხესა და საშვილოსნოში მიმდინარე ციკლური ცვლილებები, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში არსებული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის რეგიონების მიერ.

ნორმალური მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 21-დან 38 დღემდე, საშუალოდ კი – 28-29 დღეს. 21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი ითვლება პათოლოგიურ მენსტრუალურ ციკლად. სისხლიანი გამონადენი გრძელდება 3-7 დღის განმავლობაში.

  • რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის ციკლის ჩავარდნა?

როცა საკითხი ეხება მოზარდობის, ანუ პუბერტატულ პერიოდს, რომელიც არის დაახლოებით 13-15 წლის ასაკში, მაშინ პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან ერთი ან ორი წელი შესაძლოა ციკლი იყოს არარეგულარული, მაგალითად, მენსტრუაცია იყოს 6 თვეში, ან 3-4 თვეში ერთხელ; ან მოვიდეს და მერე კიდევ ერთი წელი არ მოვიდეს – ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან [ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხის რეგულირების] სისტემა,  ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ უმწიფარია.

რეპროდუქციულ პერიოდში ციკლის დარღვევა, მენსტრუაციის გამოტოვება, დაგვიანებული ანუ იშვიათი მენსტრუაციის შემთხვევაში საყურადღებოა. ასეთ დროს, თუ, რა თქმა უნდა, ორსულობა გამოირიცხა, უპირველესად უნდა გამოვიკვლიოთ საკვერცხეები, ხომ არ არის საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი, ან საკვერცხის რომელიმე კისტა, რომელიც ასევე შეიძლება იწვევდეს მენსტრუალური ციკლის გადავადებას.  

პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში ციკლის შემცირება, მენსტრუაციის ორ-სამ თვეში ერთხელ, ნახევარ წელიწადში ერთხელ ქონა,  ფიზიოლოგიური ნორმაა და პათოლოგიურ ცვლილებად არ მიიჩნევა.

ძალიან ყურადსაღები ცვლილებაა, თუ კი ქალი არის პოსტმენოპაუზაში, ანუ მას უკვე შეუწყდა მენსტრუაცია, დავუშვათ 50 წლის ასაკში და სადღაც 1-2 ან მეტი წლის შემდეგ ისევ დაეწყო.

ეს ყოველთვის საყურადღებოა და შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

  • მენსტრუაციის დაწყების 3-4-დღიანი, სისტემატური დაგვიანებები საყურადღებოა?

ეს ნორმალურია. თუ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა არ აღემატება 35 დღეს, ეს არის ნორმალური, შეიძლება ერთ თვეში ციკლი იყოს 27 დღე, მეორეში – 32, მაგრამ პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან მაინც ნორმის ფარგლებშია.

  • თუ შეინიშნება ცვლილებები მენსტრუალური სისხლის ნაკადში,  მაგალითად, თუ პერიოდულად შეინიშნება სისხლის უფრო ძლიერი, ინტენსიური ნაკადი, ვიდრე სხვა დროს, რაზე მიანიშნებს ეს?

პირველ რიგში განვსაზღვროთ, რა მიიჩნევა სიჭარბედ. მენსტრუაციის პერიოდში ქალი კარგავს დაახლოებით 100-150 მლ სისხლს, თუ სისხლი გამოიყოფა ამაზე ჭარბად, ახლავს დიდი კოლტები – ესეც საყურადღებოა. ამასთანავე, თუ ამას ემატება საერთო სისუსტე, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს  ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ანუ ანემიაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ანომალიურად ძლიერ სისხლდენას მენსტრუაციის დროს მენორაგია ჰქვია.

CDC: მენორაგიის სხვა ნიშნებია: სისხლდენა მენსტრუაციისას, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტხანს ან იმდენად ინტენსიურია, რომ გიწევთ საფენის ან ტამპონის გამოცვლა ყოველ ერთ საათში, რამდენიმე საათის განმავლობაში შეინიშნება მენსტრუალური ნაკადი 25 მმ და მეტი ზომის სისხლის კოლტებით. 

ჭარბი მენსტრუალური გამონადენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს ფიბრომიომა [ფიბროზული კვანძები], ადენომიოზი, ანუ ენდომეტრიოზი, პოლიპის არსებობა საშვილოსნოს ღრუში ან საშვილოსნოს ყელის პოლიპი.

ჭარბი მენსტრუალური გამონადენი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიამ, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებამ.

ჭარბი მენსტრუაციის დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ ნოზოლოგიებზე გამოკვლევა.

  • რამდენად საყურადღებოა, როცა მენსტრუაციული სისხლდენა ძალიან შემცირებულია, ან როცა მენსტრუაციის განმავლობაში ერთ დღეს საერთოდ არ აღენიშნება სისხლდენა?

მენსტრუაცია ერთი-ორი დღის განმავლობაში და რამდენიმე წვეთით – არ არის ნორმა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საკვერცხეების დისფუნქცია, ანუ ჰიპოფუნქცია, საშვილოსნოს ლორწოვანი ვერ იზრდება შესაბამის ზომამდე, რომ მერე მენსტრუაციასთან ერთად ჩამოიშალოს.

ეს ასევე შეიძლება იყოს ე.წ. აშერმანის სინდრომი, ანუ საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების არსებობა [მაგალითად, აბორტის ან ნებისმიერი სხვა ჩარევის დროს].

  • თუ ასეთი ცვლილებები ერთჯერადია, არ აქვს სისტემატური სახე, რამდენად უსაფრთხოა?

ერთჯერადად შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთი შემთხვევების დროს ქალმა მიმართოს გინეკოლოგს, რათა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, თუნდაც ერთხელ იყოს ეს.

  • ნორმალურია სფოთინგი, იგივე მსუბუქი/წვეთოვანი სისხლდენა მენსტრუაციის მიღმა?

ე.წ. სფოთინგი ნორმალური არის ციკლის შუა პერიოდში, როდესაც საკვერცხეში ოვულაცია ხდება, ამ დროს შესაძლებელია იყოს ოვულატორული სისხლიანი გამონადენი, რომელსაც სფოთინგი ეწოდება. თუ 28-29- დღიანი ციკლია, ოვულაციის პერიოდია დაახლოებით მე-14, მე-15 დღე.

სფოთინგი მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და მენსტრუაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაინც მიანიშნებს ადენომიოზის არსებობაზე. 

  • რაზე შეიძლება მიანიშნებდეს, როცა ტკივილი გრძელდება მენსტრუაციის პირველი ორი დღის შემდეგ?

ტკივილი ყოველთვის არ მიუთითებს პათოლოგიურ პროცესზე. საქმე ის არის, რომ ამ დროს ქალის ორგანიზმში მომატებულია ნივთიერებები, რომლებიც კუმშავს საშვილოსნოს და ეს შეიძლება იყოს მტკივნეული.

თუმცა, თუ ტკივილი ორ დღეზე მეტ ხანს ან მთელი მენსტრუაცია გრძელდება, მაინც სჯობს გამოირიცხოს ადენომიოზის, ფიბრომიომის არსებობა და როცა გამოირიცხება ორგანული პათოლოგიები, არსებობს ასეთი დიაგნოზი – ალგოდისმენორეა, რა დროსაც პროსტაგლანდინების [წინამდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება] მომატებული რაოდენობა იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და ეს არის მტკივნეული.

ამ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდია პროსტაგლანდინების სინთეზის შემბოჭველი ნივთიერებების გამოყენება. ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,  ტაბლეტირებული, ან ადგილობრივი  რექტალური სანთლების სახით.

თუ პირველი მენსტრუაცია 12-13 წლის ასაკში ძალიან გახანგრძლივდა [გაგრძელდა 7 დღეზე მეტ ხანს და ჭარბი რაოდენობით], შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დაავადებების გამორიცხვა, რადგან ამ ასაკში ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შემადედებელი ფაქტორების დეფიციტმა. ამიტომ პუბერტატულ პერიოდში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამავე თემაზე:

ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

მეეზოვის 18 ვაკანსია ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში

ბათუმის მერიის სანდასუფთავების სამსახურს მეეზოვის 18 ვაკანსია აქვს. მეეზოვეები შვიდ ლოკაციაზე იმუშავებენ.

როგორც სანდასუფთავების სამსახურში ამბობენ, ვაკანსიაზე შესარჩევად კონკრეტული კრიტერიუმი არ აქვთ, „მთავარია, ჰქონდეთ მუშაობის სურვილი და ფიზიკურადაც შეეძლოთ მუშაობა,“ – გვითხრეს სამსახურში.

მეეზოვის ხელფასი იმის მიხედვით განისაზღვრება, დღის განმავლობაში რა დროს სურს მუშაობა.

დილით, ანუ პირველ ცვლაში მეეზოვის ხელფასი (დარიცხვით) 700 ლარია, სამუშაო 06:00 საათზე იწყება და 10:00 -მდე გრძელდება. მეორე ცვლაში კი – 500 ლარი, 15:00 -18:00 საათამდე. ორივე ცვლაში მუშაობის შემთხვევაში ანაზღაურება 1200 ლარს შეადგენს.

„ერთ ადამიანს შეუძლია ორივე ცვლაში იმუშაოს, თუკი ამის სურვილი ექნება. ხშირად მოდიან ხოლმე სტუდენტებიც და მუშაობენ.

17 ლოკაციაა და გვინდა, რომ თავიანთ საცხოვრებელ უბანში იმუშაონ და გაუადვილდეთ გადაადგილება, თუმცა, შეზღუდვა არ არის ლოკაციაზე,“ – გვითხრეს  სანდასუფთავების სამსახურში.

ვაკანსიები, როგორც აღნიშნულ სამსახურში გვითხრეს, იმ შემთხვევაში ჩნდება, თუკი ვინმე სამსახურს დატოვებს ან ქუჩების რაოდენობა გაიზრდება.

„ქალაქი რადგან იზრდება, ემატება ქუჩები, პარკები, ახალი კორპუსები შენდება და და ეზოები გვემატება, ამიტომ ჩნდება მეეზოვეების საჭიროება“ – ამბობენ ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში.

ბათუმში დაახლოებით 400 მეეზოვე მუშაობს.

რუსეთის არმია თავდასხმას 4 მიმართულებით ცდილობს – უკრაინის გენშტაბი

რუსული ჯარები, დანაკარგების მიუხედავად, აგრძელებენ შეტევას ლიმანსკის, ბახმუტის, ავდეევსკისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს, პირველ თებერვალს  გაავრცელა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, 31 იანვარს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა 5 საჰაერო და 6 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და 65-ზე მეტჯერ დაბომბეს უკრაინის ტერიტორია. შედეგად დაზარალდა სუმის, ხარკოვის, ნიკოლაევისა და ხერსონის დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურა.

დაბომბვების სამიზნედ იქცა ზაპოროჟიეს 20 და ხერსონის 21 დასახლება.

ვოლინსკში, პოლესკიში, სევერსკსა და სლობოჟანსკში რუსული ჯარების შემტევი დანაყოფები ჯერ არ შეუნიშნავთ. დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის ჯარების პოზიციების დაბომბვას.

უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ დანაკარგების გამო, საოკუპაციო ძალებმა აღჭურვეს კიდევ ერთი საავადმყოფო ლუგანსკის ოლქში, კერძოდ, ნოვოივანოვკაში, სადაც 100-მდე ჯარისკაცია. გენშტაბის ინფორმაციით, ჯარისკაცების დაზიანებების სიმძიმეს რუსული მხარე ჩვეულებრივ  არ უთითებს ხოლმე სამედიცინო დოკუმენტებში, მინიმალური დახმარების შემდეგ კი ამ ჯარისკაცებს ფრონტის წინა ხაზზე გზავნიან.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის არმიის თავდასხმები დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტში, ხოლო უკრაინულმა ავიაციამ 9 დარტყმა მიაყენა პუნქტებს, სადაც ოკუპანტების ძალები იყო დისლოცირებული.

ასევე, უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელთა სარაკეტო დანაყოფებმა და არტილერიამ დააზიანა რუსული ჯარების დისლოკაციის 13 რაიონი, ერთი სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის საცავი.

____________

ფოტო: უკრაინის ეროვნული გვარდია

„პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაკავებულს შუბლში წყლის ჭიქა ჩაარტყეს“ – ბათუმელი ადვოკატი

ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, რომ ბათუმის პოლიციის მე-7 განყოფილებაში დაკავებულ მოქალაქეზე  იძალადეს. ადვოკატი ფეისბუქზე წერს, რომ დაკავებულს შუბლში ორჯერ ჩაარტყეს წყლის ჭიქა.

„…დაკავებულ ადამიანს პოლიციის განყოფილებაში ორჯერ შუბლში წყლის ჭიქას რომ ჩაარტყამ პოლიციელი/პოლიციელები, თავს გაუხეთქავ, ტვინის შერყევას მიაღებინებ, შემდეგ საავადმყოფოში მიყვანისას მთელი ღამე ბორკილებს რომ არ მოხსნი თავგახეთქილ და ტვინის შერყევამიღებულ ადამიანს, წამების ასეთი ფორმა საიდან მოიფიქრეთ?!“ – წერს ზაზა პაპიძე.

ზაზა პაპიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოქალაქე, ვისზეც პოლიციის განყოფილებაში იძალადეს, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მან გვითხრა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეს უკვე შეუფარდა აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, დოკუმენტაციით დასტურდება პოლიციელების მხრიდან ძალადობა, თუმცა ამის შესახებ მას ჯერ საუბარი არ სურს, რადგან დაკავებულთან მედიისთვის ინფორმაციის მიწოდება შეთანხმებული არ აქვს.

ამ ეტაპზე ადვოკატი აღნიშნავს იმას, რომ დაკავებული პირი პოლიციის განყოფილებიდან ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისთვის ბორკილები არ მოუხსნიათ.

„ეს არის წამება,“ – დასძენს ადვოკატი.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ პუნქტის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. ეს მუხლი ითვალისწინეს სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენებას, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ბათუმში დაკავებული ადამიანები ამბობენ, რომ პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა მათზე იძალადეს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მაგალითად, გამოძიება დაიწყო 2021 წლის 20 დეკემბრის ამ შემთხვევაზეც, თუმცა დაზარალებულების ინფორმაციით, ამ დრომდე არავინ დასჯილა.

ბათუმში ველობილიკებსა და შშმ პირების სადგომზე დარღვევით პარკირებისთვის ჯარიმები გაიზარდა

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში შშმ პირისთვის განკუთვნილ ადგილზე დარღვევით დგომისთვის საჯარიმო სანქცია 4-ჯერ გაიზარდა. არასწორი პარკირებისთვის მძღოლები 50 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაჯარიმდებიან.

საკანონმდებლო ცვლილება შეეხო ველობილიკზე არასწორი პარკირების მუხლსაც. ახლა სამართალდამრღვევს 50-ის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევს.

პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ ბოლო სამი თვის განმავლობაში 9 296 სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის იყო:

2 369 – ტროტუარზე დგომა; 3 808 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; 469 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა; 276 – ველობილიკზე არასწორი პარკირება; 46 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა, 2 328 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა.

ქობულეთის საკრებულომ ეკლესიას მიწის ნაკვეთი 99 წლით გადასცა

ქობულეთის საკრებულომ ეკლესიის მოთხოვნას კონკრეტული მიწის ნაკვეთის გადაცემაზე დადებითად უპასუხა. ეკლესიამ 99 წლის ვადით უსასყიდლოდ მიიღო მიწის ნაკვეთი ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე.

როგორც დოკუმენტებით, ირკვევა გადაცემულ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.

ეკლესიისთვის გადაცემული ნაკვეთი 330 კვ. მეტრია და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები ესაზღვრება.

ნაკვეთის მოთხოვნით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ  ქობულეთის მერს 2022 წლის მაისში მიმართა. მიტროპოლიტი მერიას სწერდა, რომ მოთხოვნილ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობას მოსახლეობა ითხოვს.

ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით ქობულეთის მერი, ლევან ზოიძე, საკრებულოს თავმჯდომარეს დავით მჭედლიშვილს სწერს, რომ ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის, განკარგვის ფორმებისა და პირობების განსაზღვრის კომისიამ საკითხი სხდომაზე განიხილა და  მოთხოვნილი ნაკვეთის ეკლესიისთვის გადაცემა მიზანშეწონილად მიიჩნია:

„იმ მოტივიდან გამომდინარე, რომ დღითი დღე იზრდება მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი და ეკლესიური ცხოვრება ბევრს სულიერ მოთხოვნილებად ექცა. ვინაიდან, მრევლი გამრავლდა და ქალაქში მოქმედი ეკლესიები ყველა მომლოცველს ვერ იტევს, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე არსებული 330 კვ. მეტრი აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით გადაცემა“.

ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან არაერთგვაროვან დამოკიდებულებას რელიგიური ინსტიტუტების მიმართ.  სახელმწიფოს ერთი სტრუქტურა, კონკრეტულად ქობულეთის მერია, უსასყიდლოდ გადასცემს მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწის ნაკვეთს იმ მოტივით, რომ მრევლს სალოცავი სჭირდება და ეკლესიის მშენებლობას ითხოვს. მეორე სტრუქტურა კი, ამ შემთხვევაში ბათუმის მერია, იმავე მოტივს არ იზიარებს და მუსლიმებს მეჩეთის მშენებლობის უფლებას არ აძლევს მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ თემის საკუთრებაა.

უკვე რამდენიმე წელია მუსლიმი მრევლი იმავე მოტივით ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვას ითხოვს, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა, სასამართლოს გადაწყვეტილება კი, რითაც მუსლიმების მიმართ დისკრიმინაცია დადგინდა, მერიამ ჯერ  სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 30 სექტემბერს დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უკანონოდ მიიჩნია ბათუმის მერიის გადაწყვეტილება, რომლითაც მუსლიმ თემს მეჩეთის აშენებაზე უარი უთხრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2021 წლის 13 აპრილს ძალაში დატოვა.

როგორ ააშენეს უკრაინელმა ბავშვებმა ქოხი გაკვეთილებზე დასასწრებად

უკრაინაში სკოლის მოსწავლეებმა ქოხი ააშენეს გაკვეთილებზე დასასწრებად – ამის შესახებ „ბიბისი“ აქვეყნებს მასალას.

მეხუთეკლასელი ნიკოლაი დზიუბა და მისი მეგობრები გონტაროვკაში ცხოვრობენ, ეს პატარა სოფელია უკრაინაში, რუსეთის საზღვრიდან ერთი საათის სავალზე. 2022 წლის მარტში გონტაროვკა რუს სამხედროებს ჰქონდათ ოკუპირებული და ბიჭების ოჯახებსაც საოკუპაციო რეჟიმში უწევდათ ცხოვრება რამდენიმე თვე.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ჯარებმა სოფელი გაათავისუფლეს, სასწავლო პროცესის აღდგენა კლასებში დღემდე ვერ ხერხდება რუსული აგრესიის გამო.

ინტერნეტი ძალიან ცუდად მუშაობს – მხოლოდ სოფლის შემაღლებულ ადგილებზე არის კავშირი. სწორედ ამიტომ ბავშვებმა ერთ-ერთ ასეთ შემაღლებულ ბორცვზე ქოხი „ააშენეს“.

ბიჭებმა მუშამბა სახლიდან მოიტანეს, ხეები მახლობელ ტყეში მოჭრეს ბოძების გამოსათლელად, ქვიშა კი – შეაგროვეს. მათ მუშამბა ხის ბოძებს შემოახვიეს და თოკებით დაამაგრეს. ასე „აშენდა“ ქოხი, საიდანაც ნიკოლაი და მისი მეგობრები ონლაინგაკვეთილებს ესწრებიან.

„მოვდივართ აქ და ორი-სამი საათი ვსხედვართ. ხანდახან მხოლოდ 1 საათით ვრჩებით, რადგან უკვე ცივა“ – ამბობს ნიკოლაი.

ბავშვები ქოხიდან, ერთი მობილური ტელეფონით ერთვებიან ონლაინგაკვეთილებზე. მასწავლებელი მათ დავალებებს აძლევს, გაკვეთილებს უხსნი. ბავშვებიც აქედან ჰყვებიან გაკვეთილს, გზავნიან ნამუშევრებს.

ერთ-ერთი საგნის მასწავლებელი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია საკუთარი მოსწავლეებით და არ ელოდა, რომ ისინი მსგავს რამეს მოიფიქრებდნენ:

„ბავშვებს გადავეცით სასწავლო მასალები, მაგრამ მათ კონტაქტი, ცოცხალი ურთიერთობები სჭირდებათ, თუნდაც დისტანციურად. ბავშვებს ყველაზე ძალიან ახლა ცოცხალი ურთიერთობები აკლიათ,“ – ამბობს მასწავლებელი.

_________________________

წყარო: BBC

ამოღებულია 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ბრალდებული პატიმრობაშია – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ქ. თბილისში, სატვირთო მანქანაში, ინახავდა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 241 639 ლარის ღირებულების 54 918 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.“ – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – პირველი თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან პირველ თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 128 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
  • ტანკი – 3 209 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 6 382 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 207 ერთეული [+10]
  • MLRS – 458 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 221 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 293 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 284 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 951 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 796 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 061 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 200 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან პირველ თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 381 თვითმფრინავი
  • 206 ვერტმფრენი
  • 2 996 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 402 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 706 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 998 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 978 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 243 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პირველი უკრაინელი ქალი, რომელმაც გმირის წოდება მიიღო ომში დაღუპვის შემდეგ

თუ პორტფოლიო ისევ უნდა წარვადგინოთ, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ? – მასწავლებლების ხედვები

ზოგიერთი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობის, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების დოკუმენტური ასახვაა, აღარ უნდა იყოს სავალდებულო, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ პორტფოლიო ყველაზე უკეთ აჩვენებს მასწავლებლის მიერ გაწეულ შრომას.

პედაგოგები, რომლებმაც 2022 წლის ზაფხულში ჩააბარეს გამოცდები, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, სტატუსის მინიჭების დროს სამინისტრო გამოცდების შედეგებთან ერთად მოითხოვს თუ არა პორტფოლიოს წარდგენასაც.

„ზაფხულში სკოლებში მოვიდა დოკუმენტი და გვითხრეს, გადახედეთ და მოგვწერეთ რას შეცვლიდითო. მაგრამ ვინ მისწერა, რა მისწერა და რა გადაწყდა საბოლოოდ, არ ვიცი.

შემდეგ გვითხრეს, რომ უკუკავშირი გვექნებოდა ნოემბრის ბოლოს და გავიგებდით რა ცვლილება შეიტანა სამინისტრომ დოკუმენტში. მერე გადადეს დეკემბრის ბოლოსთვის, თუმცა დღემდე არ არის ეს დოკუმენტი მოსული სკოლებში.

პედაგოგების ნაწილს გვინდოდა ცვლილება პორტფოლიოსთან დაკავშირებით – გამოცდა იმიტომ დაუშვეს, რომ ამ პორტფოლიოს წარდგენის ვალდებულება აღარ ყოფილიყო. თუმცა, გამოცდა რომ ჩავაბარეთ, შემდეგ გვითხრეს, პორტფოლიო მაინც იქნება საჭიროო. ძველი სქემიდან აღებული საკითხები იყო ჩადებული ისევ და არანაირი ცვლილება არ იყო.

თუ პორტფოლიოს თემა ისევ უნდა გავიაროთ მასწავლებლებმა, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ?“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დაწყებითი განათლების მასწავლებელი ბათუმიდან, მინდია ფუტკარაძე.

მისი თქმით, როცა ახალი სქემა დამტკიცდა, მაშინ საუბარი სწორედ იმაზე იყო, რომ მასწავლებელს სტატუსი გამოცდის საფუძველზე მიენიჭებოდა.

„პანდემიის გამო ორი წელი გაჩერდა სიტუაცია, შემდეგ კი ისევ მოიფიქრეს, რომ პორტფოლიო დაემატებინათ მოთხოვნებში. თუმცა ახალსა და ძველ სქემას შორის ცვლილება არ მომხდარა, დაემატა უბრალოდ გამოცდა და, ფაქტობრივად, უფრო გაართულეს სტატუსის მინიჭება, ვიდრე გაამარტივეს“, – ამბობს მინდია ფუტკარაძე.

პედაგოგები, რომლებმაც წამყვანისა და მენტორის სტატუსის მისაღებად გამოცდები გასული წლის ზაფხულში ჩააბარეს, სტატუსის ცვლილებას ამა წლის ზაფხულში ელიან. თუმცა, როგორც მინდია ფუტკარაძე ამბობს, თუ სამინისტრომ დროულად არ განმარტა რა მოეთხოვება პედაგოგს გამოცდების გარდა, სტატუსების მინიჭების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაიწელოს.

მასწავლებლებმა განათლების სამინისტროს პეტიციითაც მიმართეს – ისინი ითხოვენ, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლებს მენტორის ან წამყვანის სტატუსი მხოლოდ გამოცდის საფუძველზე მიენიჭოთ ან მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანის უფლება – როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე.

პეტიციას ამ დროისთვის 5443  პედაგოგი აწერს ხელს.

„ეს წესი გავრცელდეს იმ მასწავლებლებზეც, ვინც  მომდევნო წლებში ჩააბარებს ამ გამოცდას,“ – წერია პეტიციის ტექსტში.

პეტიციაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია.

„გამოცდის დაგვიანებამ საკმაოდ დიდი დრო დააკარგვინა და დააზარალა მასწავლებლები. გარდა ამისა, გამოცდა ჩატარდა მცირე დროში და მასწავლებლებს მოუწიათ დიდი მოცულობის მასალის მოკლე დროში დამუშავება-მომზადება. როგორც მოგეხსენებათ, საგამოცდო დრო და მასალა შემცირდა, რაც არათანაბარ პირობებში აყენებს მათ, ვინც უკვე ჩააბარა გამოცდა,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ხელმომწერი მასწავლებლების აზრით, გამოცდის ჩაბარების შემდეგ პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაც იგვიანებს, რაც კიდევ უფრო აზარალებს მასწავლებლებს.

„სამართლიანი იქნება, თუ წამყვან-მენტორის სტატუსი მასწავლებლებს გამოცდის საფუძველზე მიენიჭებათ.

თუმცა ეს არ გამორიცხავს მასწავლებელთა წინსვლას პორტფოლიოს შეფასებით, მასწავლებლებს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ ურჩევნიათ წინსვლა, გამოცდით თუ პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე,“ – წერია პეტიციაში.

პორტფოლიოს გაუქმების მომხრეა მინდია ფუტკარაძეც.

„მომხრე ვარ, რადგან როცა ახალი სქემა დადგინდა, მაშინ ითქვა, რომ მხოლოდ გამოცდით მოგვენიჭებოდა სტატუსები. ზღვა მასალა დავამუშავეთ საგამოცდოდ ხომ. რა სჯობს ბოლოსდაბოლოს, ყველაფერი ისწავლოს მასწავლებელმა და გამოცდით დაგიდასტუროს, რომ კომპეტენტურია, თუ პორტფოლიო აკეთოს და დრო ამაზე ხარჯოს?!

ამ პორტფოლიოში ხომ ის დევს, რასაც გაკვეთილზე ვაკეთებთ? ოღონდ დოკუმენტურად ავსახავთ და ისევ ქაღალდომანიაა. ფოტოები უნდა გადაიღო, ატვირთო სისტემაში და ისევ ძველ პროცესს ვუბრუნდებით, ამაზეა პრეტენზია, თორემ ამ ყველაფერს მე ისედაც ვაკეთებ საგაკვეთილო პროცესში,“ – გვეუბნება მინდია ფუტკარაძე.

„ბათუმელები“ ამ თემაზე თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს მფლობელ ხათუნა რაზმაძეს ესაუბრა.

ხათუნა რაზმაძის აზრით, გამოცდა საკმაოდ კარგი გამოცდილებაა მასწავლებლისთვის, რადგან პედაგოგს საფუძვლიანი მომზადება უწევს და შესაძლოა, უფრო ხელსაყრელი საშუალება იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა აჩვენოს თავისი ცოდნა და კარიერულად დაწინაურდეს.

„თუმცა მე, პირადად, ყოველთვის მედლის ორ მხარეს ვუყურებ ხოლმე და ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ პედაგოგებს არჩევანის საშუალება ექნებათ.

იმ ადამიანებს, რომლებმაც პორტფოლიო მოამზადეს, დიდი წვლილი ჩადეს ამ საქმეში და გაიღეს შრომა, დაეკარგებათ ეს შრომა, თუ ამის პარალელურად კიდევ მოუწევთ გამოცდაზე გასვლა? ამაზე არ მაქვს ინფორმაცია“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე. 

მისი თქმით, როცა ამ ყველაფრის შესახებ მასწავლებელს წლის დასაწყისში აქვს დაზუსტებული და სრული ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯი უნდა გადადგას კარიერული წინსვლისთვის, რა თქმა უნდა, იგი უფრო მობილიზებულია.

„ხან პორტფოლიო იყოს და ხან გამოცდა, ეს რთულია. მე მომხრე ვარ, რომ მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება და მისთვის რა უფრო მოსახერხებელია, იმ ფორმით მიენიჭოს სტატუსი“, – ამბობს ხათუნა რაზმაძე.

„ბათუმელები“ ამ თემაზე კიდევ ერთ პედაგოგს, თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესსის“ გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელს, ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს და მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულს, მარი ხარიტონაშვილსაც ესაუბრა.

მარი ხარიტონაშვილი ამბობს, რომ მასწავლებლისთვის პორტფოლიოს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პორტოფოლიო პედაგოგის შრომის მტკიცებულებაა.

„თუ გინდა, რომ მასწავლებლის ნაშრომი შეამოწმო, პორტფოლიო უფრო აქტუალურია, რადგან იქ ჩანს შენი სრული ნამუშევარი.

შეიძლება ვიღაცას კარგი დაზეპირების უნარი აქვს და თეორიული მასალა ისწავლოს და გამოცდაზეც გამოიყენოს, მაგრამ სულაც არ ჰქონდეს იმდენი გამოცდილება, რაც რეალურად სხვას აქვს წლების განმავლობაში დაგროვებული.

პორტფოლიო უფრო ნათლად აჩვენებს, რას აკეთებდა მასწავლებელი წლების განმავლობაში და თუნდაც რატომ ითხოვს ამ ყველაფერს [სტატუსს].

მეც გაგზავნილი მაქვს მენტორობაზე, სკოლამ წარმადგინა და მიუხედავად იმისა, რომ სამი წლის წინ სადოქტორო დისერტაცია დავიცავი და ამითაც შემეძლო მენტორის სტატუსი მიმეღო, არ ვისარგებლე ამით. გავაგზავნე ჩემი სრულყოფილი პორტფოლიო, სადაც 114-მდე აქტივობა მაქვს განხორციელებული, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რაც გამიკეთებია.

რაც უფრო მეტ აქტივობაში ჩართავ ბავშვებს, რა თქმა უნდა, პერსონალური უნარებიც ვითარდება, როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის და უფრო მეტად ჩანს მასწავლებლის შრომაც.

მგონია, ეს უფრო მისაღები იქნება და უფრო დასაფასებელი, რადგან კომისია დაინახავს, რა გაუკეთებია მასწავლებელს და ზუსტად ამ აქტივობების მიხედვით უნდა მიენიჭოს მასწავლებელს სტატუსი. ეს არის ჩემი პერსონალური აზრი და უფრო მისაღები ჩემთვის.

ეს არ არის ქაღალდომანია, ეს არის ზუსტად იმის დასაბუთება, რომ შენ მართლა რაღაცას აკეთებ, რომ ხარ აქტიური, გყავს მოსწავლეები ჩართული. თუ ეს სადღაც ბაზაში არ გაქვს, აბა რისთვის აკეთებ? დრო რომ გადის, ვის რით უმტკიცებ, რომ შენ მართლა გაგიკეთებია ეს?

პირიქით, პორტფოლიოთი ამ ყველაფრის დასაბუთება უფრო მარტივად შეგიძლია“, – გვითხრა მარი ხარიტონაშვიმა.

ის ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მასწავლებელს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია ან გამოცდით შეფასდეს, ან პორტფოლიო წარადგინოს.

„მე ასე ვიცი, რომ ეს არჩევანი არსებობს. ვინც გამოცდას ჩააბარებს და გამოცდით გადალახავს ბარიერს, მას აღარ მოეთხოვება პორტფოლიო.

მე ჩავაბარე პორტფოლიო და შემდეგი ეტაპი მექნება გასაუბრება სამინისტროსთან. თუ მე ეს ყველაფერი დავაკმაყოფილე და მომენიჭა სტატუსი, გამოცდის ჩაბარება აღარ მომიწევს. თუმცა მე არ ვემხრობი იმ ადამიანებს, ვინც პორტფოლიოს გაუქმებას ითხოვს“, – გვითხრა პედაგოგმა.

„ბათუმელები“ შეეცადა ამ საკითხზე განმარტება მიეღო განათლების სამინისტროსგან და ასევე, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

ამ უწყებებში კითხვებს არ უპასუხეს. 

ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ ბათუმის რესურსცენტრშიც, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„არ არის ჯერ ეს დოკუმენტი განათლების სამინისტროსგან მიღებული. უბრალოდ, განათლების სამინისტრომ ჰკითხა სკოლებს, მასწავლებლებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა იყოსო. სკოლის მასწავლებლების მოსაზრებები წაიღო სამინისტრომ, თუმცა საბოლოო დოკუმენტი დამტკიცებული არ არის და არც ვადები არ არის დამტკიცებული“, – გვითხრა ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა დავითაძემ.

Exit mobile version