მთავარი,სიახლეები

როგორ ეხმარება „ხსნის არმია” ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს

01.02.2023 • 1428
როგორ ეხმარება „ხსნის არმია” ბათუმში უკრაინელ ლტოლვილებს

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში უკრაინის ასი ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. მათგან 27-28 ათასამდე მოქალაქე ქვეყანაში დარჩა.

ბათუმში უკრაინის საკონსულოს ბოლო მონაცემებით, ახლა ბათუმში უკრაინის ათი ათასამდე მოქალაქეა – ძირითადად ქალები და ბავშვები. მათ სხვადასხვაგვარი საჭიროება აქვთ. ბევრმა დაბომბვების დროს ისე დატოვა უკრაინა, რომ ტანსაცმელი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც კი ვერ წამოიღო, ზოგიერთმა დაგეგმა წამოსვლის დღე და მცირე დანაზოგიც გამოიყოლა.

ბათუმში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობას დახმარება სჭირდება: საკვებით, ტანსაცმლით, ყოველთვიური ბინის ქირით თუ სამედიცინო სერვისებით.

ბათუმში ლტოლვილებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი უკრაინელთა დახმარების ცენტრი – „ლელოს“ ოფისში, ფონდი „ალილო“, საერთაშორისო ორგანიზაციები: „ვორლდ ვიჟენი“ და „ქეა კავკასია“. ბათუმში უკრაინელი ლტოლვილების ერთ ნაწილს აჭარის მთავრობამ თვეში 300-ლარიანი დახმარება გამოუყო.

„ხსნის არმიაც“ იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსით ეხმარებიან ლტოლვილებს უკრაინიდან – ომის დაწყების პირველივე თვეებიდან.

ეს 1865 წელს პროტესტანტების მიერ დაარსებული 150 ქვეყანაში მოქმედი ორგანიზაციაა და სოციალური დახმარების გაცემა, ომის პირობებში, მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

ორგანიზაციის ბათუმის ოფისში გვითხრეს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის დახმარების გაცემა მათ 2022 წლის მაისიდან დაიწყეს. სექტემბრის ჩათვლით ოფისში პროდუქტებს აგროვებდნენ და ადგილზე სადილს ამზადებდნენ, ადამიანებს დღეში ერთხელ კვება გარანტირებული რომ ჰქონოდათ. პარალელურად ოფისში ტანსაცმელიც გროვდებოდა.

„თავიდან ამაზე ვფიქრობდით: დღეში ერთხელ მაინც ეჭამათ ადამიანებს და სამოსი ჰქონოდათ. პირველი ინსტინქტი ეს არის: არ მოშივდეს, არ შესცივდეს…

მერე გამოჩნდა სხვადასხვა საჭიროება“, – ამბობს ვლადიმერ ბუდაევი, „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი ბათუმში.

„ხსნის არმიის“ ოფისში

ორგანიზაციის ბაზაში ახლა უკრაინელების 2500-ზე მეტი ოჯახია დარეგისტრირებული, ვინც მათგან დახმარება მიიღო.

აქ კვირაში საშუალოდ 150 ყუთ საკვებს გასცემენ – 150 ოჯახზე. ყუთებში მაკარონი, შაქარი, ხორცის კონსერვი, ბრინჯი, შესქელებული რძე, მარცვლოვნები, ზეთი და პირველადი მოხმარების სხვა პროდუქტებია.

ორგანიზაცია უკრაინელ ლტოლვილებს ამარაგებს ჰიგიენური საშუალებებითაც.

„ახლა პროდუქტებს ვარიგებთ, მაგრამ აღარ არის ადგილზე სადილის მომზადების შესაძლებლობა: პატარა ოფისი გვაქვს, ბევრ ხალხს აქ ვერ დავიტევთ, გვინდოდა შედარებით დიდი ოფისი დაგვექირავებინა, მაგრამ ბათუმში ძალიან გაძვირდა საოფისე ფართობის ქირა და ამის შესაძლებლობა არ გვაქვს.

ხშირად მოგვმართავენ ჩვენი ბენეფიციარები, კარგი იქნებოდა, ცხელი სადილი დღეში ერთხელ ხელმისაწვდომი იყოსო. ბევრს არ აქვს სახლში გაზი და მშრალ კვებაზეა, ვერ ამზადებს ვერაფერს – ბათუმის ირგვლივ მცხოვრებლები, მაგალითად.

ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, მაგრამ აუცილებლად მოვამზადებთ  სადილს ადგილზეც და დავპატიჟებთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენამდე მოსულ ადამიანს უკან არ ვუშვებთ დახმარების გარეშე“, – ამბობს ვლადიმერ ბუდაევი.

„ხსნის არმიის“ ოფისში

ორგანიზაციამ უკრაინულ ოჯახებს დაურიგა ასევე ტანსაცმლის მაღაზია „ვაიკიკისა“ და ჰიპერმარკეტ „კარფურის“ 50-50-ლარიანი 700 ვაუჩერი. „კარფურის“ ვაუჩერებს ორგანიზაცია ახლაც არიგებს.

ორგანიზაციის წევრები გვეუბნებიან, რომ ბათუმის ოფისში ყოველდღიურად იზრდება უკრაინელი ლტოლვილების სია, რადგან ქვეყანაში შემომსვლელი ლტოლვილების ნაკადი არ წყდება.

„ხსნის არმიის“ ოფისთან

„ხსნის არმიის“ წევრები ძირითადად პროექტებს წერენ ლტოლვილთა დასახმარებლად დაფინანსების მისაღებად და მთელ მსოფლიოში ეძებენ სპონსორებს. ასე გროვდება ზემოთ ხსენებული დახმარება. ვლადიმერ ბუდანოვმა გვითხრა, რომ ბათუმის ოფისში ადგილობრივ მოქალაქეებს და თავად უკრაინელებსაც მიაქვთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

2022 წლის აგვისტოში „ხსნის არმიის“ ორგანიზებით ექვსიდან თოთხმეტ წლამდე 89 უკრაინელმა ბავშვმა დაისვენა ურეკის სარეაბილიტაციო ბანაკში – „მეგობრობა“. ბავშვები 18 დღით უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებითა და სამკურნალო მასაჟით.

დახმარების მიღების მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 598 24 74 98

„ხსნის არმიის“ ბათუმის ოფისის მისამართია: დემეტრე თავდადებულის ქუჩა №76. 

________________________________

ფოტოები მოგვაწოდა „ხსნის არმიამ”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: