მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ

01.02.2023 • 18630
რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია – ინტერვიუ

მენსტრუაციულ ციკლში გარკვეული ცვლილებები შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიგვანიშნებდეს. „ბათუმელები“ ამ თემაზე ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგს, რეპროდუქტოლოგ ზეინაბ ბერიძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ზეინაბ, რა არის მენსტრუალური ციკლი, რა მიიჩნევა ნორმად?

მენსტრუალური ციკლი არის საკვერცხესა და საშვილოსნოში მიმდინარე ციკლური ცვლილებები, რომელიც რეგულირდება თავის ტვინში არსებული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის რეგიონების მიერ.

ნორმალური მენსტრუალური ციკლი გრძელდება დაახლოებით 21-დან 38 დღემდე, საშუალოდ კი – 28-29 დღეს. 21 დღეზე ნაკლები და 35 დღეზე მეტი ითვლება პათოლოგიურ მენსტრუალურ ციკლად. სისხლიანი გამონადენი გრძელდება 3-7 დღის განმავლობაში.

  • რამდენად საყურადღებოა მენსტრუაციის ციკლის ჩავარდნა?

როცა საკითხი ეხება მოზარდობის, ანუ პუბერტატულ პერიოდს, რომელიც არის დაახლოებით 13-15 წლის ასაკში, მაშინ პირველი მენსტრუაციის მოსვლიდან ერთი ან ორი წელი შესაძლოა ციკლი იყოს არარეგულარული, მაგალითად, მენსტრუაცია იყოს 6 თვეში, ან 3-4 თვეში ერთხელ; ან მოვიდეს და მერე კიდევ ერთი წელი არ მოვიდეს – ეს აბსოლუტურად ნორმალურია, რადგან [ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხის რეგულირების] სისტემა,  ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ უმწიფარია.

რეპროდუქციულ პერიოდში ციკლის დარღვევა, მენსტრუაციის გამოტოვება, დაგვიანებული ანუ იშვიათი მენსტრუაციის შემთხვევაში საყურადღებოა. ასეთ დროს, თუ, რა თქმა უნდა, ორსულობა გამოირიცხა, უპირველესად უნდა გამოვიკვლიოთ საკვერცხეები, ხომ არ არის საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი, ან საკვერცხის რომელიმე კისტა, რომელიც ასევე შეიძლება იწვევდეს მენსტრუალური ციკლის გადავადებას.  

პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებში ციკლის შემცირება, მენსტრუაციის ორ-სამ თვეში ერთხელ, ნახევარ წელიწადში ერთხელ ქონა,  ფიზიოლოგიური ნორმაა და პათოლოგიურ ცვლილებად არ მიიჩნევა.

ძალიან ყურადსაღები ცვლილებაა, თუ კი ქალი არის პოსტმენოპაუზაში, ანუ მას უკვე შეუწყდა მენსტრუაცია, დავუშვათ 50 წლის ასაკში და სადღაც 1-2 ან მეტი წლის შემდეგ ისევ დაეწყო.

ეს ყოველთვის საყურადღებოა და შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ პათოლოგიაზე მიანიშნებდეს, ამიტომ აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი.

  • მენსტრუაციის დაწყების 3-4-დღიანი, სისტემატური დაგვიანებები საყურადღებოა?

ეს ნორმალურია. თუ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა არ აღემატება 35 დღეს, ეს არის ნორმალური, შეიძლება ერთ თვეში ციკლი იყოს 27 დღე, მეორეში – 32, მაგრამ პათოლოგიად არ მიიჩნევა, რადგან მაინც ნორმის ფარგლებშია.

  • თუ შეინიშნება ცვლილებები მენსტრუალური სისხლის ნაკადში,  მაგალითად, თუ პერიოდულად შეინიშნება სისხლის უფრო ძლიერი, ინტენსიური ნაკადი, ვიდრე სხვა დროს, რაზე მიანიშნებს ეს?

პირველ რიგში განვსაზღვროთ, რა მიიჩნევა სიჭარბედ. მენსტრუაციის პერიოდში ქალი კარგავს დაახლოებით 100-150 მლ სისხლს, თუ სისხლი გამოიყოფა ამაზე ჭარბად, ახლავს დიდი კოლტები – ესეც საყურადღებოა. ამასთანავე, თუ ამას ემატება საერთო სისუსტე, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს  ჰემოგლობინის ნაკლებობაზე ანუ ანემიაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ანომალიურად ძლიერ სისხლდენას მენსტრუაციის დროს მენორაგია ჰქვია.

CDC: მენორაგიის სხვა ნიშნებია: სისხლდენა მენსტრუაციისას, რომელიც გრძელდება 7 დღეზე მეტხანს ან იმდენად ინტენსიურია, რომ გიწევთ საფენის ან ტამპონის გამოცვლა ყოველ ერთ საათში, რამდენიმე საათის განმავლობაში შეინიშნება მენსტრუალური ნაკადი 25 მმ და მეტი ზომის სისხლის კოლტებით. 

ჭარბი მენსტრუალური გამონადენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს საშვილოსნოს ფიბრომიომა [ფიბროზული კვანძები], ადენომიოზი, ანუ ენდომეტრიოზი, პოლიპის არსებობა საშვილოსნოს ღრუში ან საშვილოსნოს ყელის პოლიპი.

ჭარბი მენსტრუალური გამონადენი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიამ, ანუ საშვილოსნოს ლორწოვანის გასქელებამ.

ჭარბი მენსტრუაციის დროს აუცილებლად უნდა ჩატარდეს ამ ნოზოლოგიებზე გამოკვლევა.

  • რამდენად საყურადღებოა, როცა მენსტრუაციული სისხლდენა ძალიან შემცირებულია, ან როცა მენსტრუაციის განმავლობაში ერთ დღეს საერთოდ არ აღენიშნება სისხლდენა?

მენსტრუაცია ერთი-ორი დღის განმავლობაში და რამდენიმე წვეთით – არ არის ნორმა, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს საკვერცხეების დისფუნქცია, ანუ ჰიპოფუნქცია, საშვილოსნოს ლორწოვანი ვერ იზრდება შესაბამის ზომამდე, რომ მერე მენსტრუაციასთან ერთად ჩამოიშალოს.

ეს ასევე შეიძლება იყოს ე.წ. აშერმანის სინდრომი, ანუ საშვილოსნოს ღრუში შეხორცებების არსებობა [მაგალითად, აბორტის ან ნებისმიერი სხვა ჩარევის დროს].

  • თუ ასეთი ცვლილებები ერთჯერადია, არ აქვს სისტემატური სახე, რამდენად უსაფრთხოა?

ერთჯერადად შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთი შემთხვევების დროს ქალმა მიმართოს გინეკოლოგს, რათა დადგინდეს რასთან გვაქვს საქმე, თუნდაც ერთხელ იყოს ეს.

  • ნორმალურია სფოთინგი, იგივე მსუბუქი/წვეთოვანი სისხლდენა მენსტრუაციის მიღმა?

ე.წ. სფოთინგი ნორმალური არის ციკლის შუა პერიოდში, როდესაც საკვერცხეში ოვულაცია ხდება, ამ დროს შესაძლებელია იყოს ოვულატორული სისხლიანი გამონადენი, რომელსაც სფოთინგი ეწოდება. თუ 28-29- დღიანი ციკლია, ოვულაციის პერიოდია დაახლოებით მე-14, მე-15 დღე.

სფოთინგი მენსტრუაციამდე რამდენიმე დღით ადრე და მენსტრუაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ მაინც მიანიშნებს ადენომიოზის არსებობაზე. 

  • რაზე შეიძლება მიანიშნებდეს, როცა ტკივილი გრძელდება მენსტრუაციის პირველი ორი დღის შემდეგ?

ტკივილი ყოველთვის არ მიუთითებს პათოლოგიურ პროცესზე. საქმე ის არის, რომ ამ დროს ქალის ორგანიზმში მომატებულია ნივთიერებები, რომლებიც კუმშავს საშვილოსნოს და ეს შეიძლება იყოს მტკივნეული.

თუმცა, თუ ტკივილი ორ დღეზე მეტ ხანს ან მთელი მენსტრუაცია გრძელდება, მაინც სჯობს გამოირიცხოს ადენომიოზის, ფიბრომიომის არსებობა და როცა გამოირიცხება ორგანული პათოლოგიები, არსებობს ასეთი დიაგნოზი – ალგოდისმენორეა, რა დროსაც პროსტაგლანდინების [წინამდებარე ჯირკვლიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება] მომატებული რაოდენობა იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და ეს არის მტკივნეული.

ამ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდია პროსტაგლანდინების სინთეზის შემბოჭველი ნივთიერებების გამოყენება. ეს არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები,  ტაბლეტირებული, ან ადგილობრივი  რექტალური სანთლების სახით.

თუ პირველი მენსტრუაცია 12-13 წლის ასაკში ძალიან გახანგრძლივდა [გაგრძელდა 7 დღეზე მეტ ხანს და ჭარბი რაოდენობით], შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის დაავადებების გამორიცხვა, რადგან ამ ასაკში ჭარბი, გახანგრძლივებული მენსტრუაცია შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის შემადედებელი ფაქტორების დეფიციტმა. ამიტომ პუბერტატულ პერიოდში ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/305792/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: