მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობისგან 5 000 ლარად გონიოში ნაყიდი მიწა მყიდველმა 138 000 დოლარად გაყიდა – კვლევა

03.02.2023 • 1766
აჭარის მთავრობისგან 5 000 ლარად გონიოში ნაყიდი მიწა მყიდველმა 138 000 დოლარად გაყიდა – კვლევა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ აჭარის მთავრობის მიერ 2020-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის პროცესი შეისწავლა.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან და საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და ჩატარებული აუქციონების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ქონების არაკონკურენტულ გარემოში გასხვისების 33 შემთხვევა, ასევე, ამგვარ გარემოში ქონების შემსყიდველთა 1 მილიონ ლარამდე პოლიტიკური შემოწირულებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რაც ეჭვებს აჩენს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

კვლევაში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში აჭარის მთავრობამ ქონების გასასხვისებლად 39 ელექტრონული აუქციონი გამართა, რომლის 84% არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა. მათში მონაწილეობდა თითო პრეტენდენტი და აუქციონზე გატანილი ქონებები გაიყიდა თითო ბიჯში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • „აუქციონებში გამარჯვებული 8 და პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული  1 ნასყიდობის  ხელშეკრულების ხელისმომწერი კომპანიის მეწილეებმა, მეწილეების ბიზნესპარტნიორებმა და დირექტორებმა „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, გასულ წლებში 966 000 ლარი შესწირეს;
  • პოლიტიკური შემოწირულების გამცემმა 7 სუბიექტმა აუქციონები უკონკურენტოდ, მინიმალური ფასნამატით მოიგო;
  • აუქციონების გამოცხადების და მოცემულ აუქციონებში გამარჯვებული 4 კომპანიის დაფუძნების/რეგისტრაციის დრო ემთხვევა ერთმანეთს.
  • პირდაპირი მიყიდვის გზით შესყიდული ობიექტებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოქალაქის, ბურაქ ბაშლილარის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთი. აჭარის მთავრობამ მას 5 226 ლარად მიყიდა 613 130 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, ბუნდოვანი პირობებით, ბაშლილარმა კი ნაკვეთი საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138 300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020“-ს;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა კვლავ აგრძელებს ავტონომიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების 1 ლარად გაყიდვის პრაქტიკას. შპს „გონიო 2020“-ს მიწის ნაკვეთი დაუზუსტებელი ვალდებულებებით გადაეცა, შპს „საბა კონსტრაქშენმა“ პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე 2 ლარად შეძენილი ქონების დემონტაჟის ადგილას ძალოსნობის ახალი სავარჯიშო ბაზა უნდა ააშენოს და საამისოდ კომპანიამ დამატებით უკონკურენტოდ გაიმარჯვა აჭარის ავტონომიის საკუთრებაში არსებული შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერში“.

კვლევის თანახმად, უძრავი ქონებების გასასხვისებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ და მყიდველებმა ჯამში გააფორმეს 48 ნასყიდობის ხელშეკრულება, მათ შორის: 9 პირდაპირი მიყიდვის წესის, 6 უპირობო ელექტრონული აუქციონის და 33 პირობებიანი ელექტრონული აუქციონის საფუძველზე.

„გამჭვირვალობა“ კვლევაში ცალკე გამოყოფს პუნქტს, თუ ვინ არიან ის პირები/კომპანიები, ვინც 1 ლარად მიიღეს ქონება აჭარის მთავრობისგან.

მაგალითად:

„პირდაპირი მიყიდვის წესის საფუძველზე, შპს „საბა კონსტრაქშენზე“ გასხვისდა 5 შენობა-ნაგებობა, რომლებიც დემონტაჟს ექვემდებარებოდა. ამ გარიგებისთვის გაფორმდა ნასყიდობის 2 ხელშეკრულება და თითოეულის ღირებულება შეადგენდა 1 ლარს. მოცემული ხელშეკრულებებით შპს „საბა კონსტრაქშენმა“ იკისრა შენობა-ნაგებობების დემონტაჟისა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მეორადი სამშენებლო მასალების/ნარჩენების გატანის ვალდებულება.

ამ შენობებიდან 1 შენობა-ნაგებობა მდებარეობდა დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქუჩაზე, სადაც შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში, ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 4 მილიონზე მეტი ლარის ზღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მასში უკონკურენტოდ გაიმარჯვა შპს „საბა კონსტრაქშენმა“. ამ დრომდე ხელშეკრულებაში ცვლილებები 6-ჯერ შევიდა: კომპანიას სავარჯიშო ბაზა, ხელშეკრულების პირველი რედაქციით, 2021 წლის დეკემბერში უნდა დაესრულებინა, თუმცა ამ ვადამ ჯერ 2022 წლის აპრილამდე, ბოლოს კი 2022 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია“ – წერს „გამჭვირვალობა“.

ასევე, შპს „გონიო 2020“-ს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად გადაეცა ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 373 800 ლარს. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა აიღო ვალდებულება, ბათუმის მერიასთან შეთანხმებით, გაამწვანოს მიწის ნაკვეთსა და ბათუმის ბულვარს შორის ტერიტორია, მაგრამ გაურკვეველია, რა იგულისხმება ტერიტორიის გამწვანებაში, რამდენი კვადრატული მეტრის გამწვანება უნდა მოხდეს და რა თანხა უნდა დახარჯოს აღნიშნულ სამუშაოებში.

ფიზიკურ პირს, ბურაქ ბაშლილარს, პირდაპირი მიყიდვის წესით, 5 226 ლარად საკუთრებაში გადაეცა 922 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში, გონიოს დასახლებაში, რომლის საბაზრო ღირებულება გამყიდველის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით შეადგენდა 613 130 ლარს. ბურაქ ბაშლილარმა ეს უძრავი ქონება საკუთრებაში დარეგისტრირებიდან 1 დღეში 138 300 აშშ დოლარად მიყიდა შპს „გონიო 2020“-ს.

„აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, რომელიც დოკუმენტში „ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობად“ არის მოხსენიებული: მყიდველმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სადავოდ მიჩნეულ, გადაფარვაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით 05.36.24.608) დაკავშირებით მომავალში არ ექნება პრეტენზია. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, რა დავაზე ან რისკებზეა საუბარი.

მწირი აღწერილობიდან გამომდინარე შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწაზე საკუთრების პრეტენზია კომპანია tustas industrial plants co.incorporation-ს ჰქონდა და ბაშლილარმა ხელშეკრულების გაფორმებით იკისრა ვალდებულება, ყველა შესაძლო ქონებრივი დავა სწორედ ამ კომპანიასთან და არა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან აწარმოოს“ – წერს „გამჭვირვალობა“.

„გამჭვირვალობა“ კვლევაში წერს, რომ პირდაპირი მიყიდვის საფუძველზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ერთი ხელმომწერი და ელექტრონულ აუქციონებში გამარჯვებული 8 კომპანიის წილის მფლობელები, მათი ბიზნესპარტნიორები ან/და დირექტორები, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ და პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემწირველები არიან – სხვადასხვა დროს მათ ჯამში 966 000 ლარი შესწირეს.

ამავე დროს, მათგან 7 სუბიექტს ელექტრონულ აუქციონებში კონკურენტები არ ჰყოლიათ და მათ აუქციონებში გაიმარჯვეს 1 ბიჯის შედეგად, საწყის საპრივატიზაციო საფასურზე მინიმალური ფასნამატით.

„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, შეისწავლონ ფიზიკურ პირთან, ბურაქ ბაშლილართან, შპს „გონიო 2020“-თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები სავარაუდო კორუფციული გარიგებების გამოვლენის მიზნით და  შეისწავლონ იმ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც აუქციონამდე რამდენიმე კვირით ადრე დააფუძნეს.

ასევე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს აჭარის მთავრობას, ელექტრონული აუქციონების გამოცხადებამდე უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და პირობების შესახებ და უზრუნველყოს გამჭვირვალე კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან, როგორც რეგიონულ და ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

მსგავსი კვლევა ორგანიზაციამ ბოლოს 2020 წელს გამოაქვეყნა, სადაც 2019 წლის პრივატიზაციის პროცესი იყო შეფასებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: